არსაიდან არსვლა არსაით | ტ.ს. ელიოტის „ოთხი კვარტეტი“
და ყველაფრის ყველაფერი იქნება კარგად.“
ვენდე მთარგმნელს, ზვიად რატიანს, და ელიოტის „ოთხი კვარტეტი“ რამდენჯერმე სრულად წავიკითხე - თითოეული ნაწილი და ამ ნაწილების კიდევ სხვა ნაწილები კიდევ უფრო ბევრჯერ. ვკითხულობდი ჩუმად და ხმამაღლა, ხმამაღლა და ჩუმად, მონაცვლეობით. ბოლოს იმაშიც დავრწმუნდი, რასაც ზვიად რატიანი შესავალი სიტყვის პირველივე გვერდზე წერს: „უნაყოფო მიწისა“ და კიდევ არაერთი ურთულესი ლექსის ავტორისგან იოლ საკითხავს რომ არავინ ელოდა, მაგრამ მათ ფონზეც კი „ოთხი კვარტეტი“ განსაკუთრებული სირთულის ტექსტიაო.
ამ წიგნის ქართულ თარგმანს წინასიტყვაობაც ერთვის და ბოლოსიტყვაობაც, პოემის ეპიგრაფების განმარტებითი წერილიც და ბოლოს დანართიც, ორიგინალი ტექსტის სახით, ყველაფერი სრულად და სრულფასოვნად, მთარგმნელისეული სუბიექტური თუ ობიექტური ახსნებით, მიგნებებით, სიმბოლოებისა და კონტექსტების გაშლით, სიცხადით, ტექსტების დაწერის ისტორიითა და ავტორის ბიოგრაფიული ჩანართებით, მოკლედ, თითქოს ყველაფერი აქვს მკითხველს, რომ დაჯდეს, წაიკითხოს, ისიამოვნოს...
მაგრამ ეს მსგავს ტექსტთან არ გამოდის, ამ ბრწყინვალე თარგმანის კითხვის დროსაც კი არ გრჩება დრო სიამოვნებისთვის, რადგან ელიოტი არ წერს ამისთვის, და შენც, მკითხველი, მალევე რწმუნდები, რომ „არაფრის გქონდეს იმედი, რადგან იმედობ არასწორად“.
ოთხი კვარტეტის კითხვასა თუ გაგებაში მეცადინეობის შემდეგ, ელიოტის წიგნს - The Use of Poetry and the Use of Criticism - ჩავხედე, სადაც პოეზიის შესახებ საუბარს არც ლექსის ფორმით, არც პოეტის შთაგონებით და არც მისი პირადი განცდის მნიშვნელობით არ იწყებს, არამედ კულტურული მემკვიდრეობის საკითხით. ელიოტისთვის პოეზიასთან დაახლოება თუ ვერ, მიახლოებაც შეუძლებელია მანამ, სანამ არ გავიგებთ, საიდან მოდის პოეტის ხმა და რა ემართება ამ ხმას მაშინ, როდესაც ლექსად იქცევა. პოეზია მისთვის არც მხოლოდ ინდივიდუალური გამოცდილების ჩანაწერია და არც აბსტრაქტული ესთეტიკური ობიექტი. ის უპირველესად პროცესია, რომელიც მკითხველთან ახალ, დამოუკიდებელ ცნობიერებას იძენს. დიდი პოეტის სახე არსებითად განსხვავდება რომანტიკული „გენიოსის“ იდეისგან. დიდი პოეტი, ელიოტის მიხედვით, მხოლოდ ის არ არის, ვინც რაღაც სრულიად ახალს ქმნის. მისი სიდიადე ხშირად იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია წარსულისა და ერთმანეთისგან მოწყვეტილი გამოცდილებების კვლავ დაკავშირება, ეს ის ადამიანია, ვინც გაფანტულ ძაფებს ხელახლა ქსოვს. მაგრამ აქ ელიოტის პოეტიკის უფრო რთულ მხარეს ვაწყდებით. თუ პოეტი ტრადიციით არის განსაზღვრული, სად არის ინდივიდუალური გამოცდილების ადგილი? ელიოტი მას არ უარყოფს. პირიქით, მისი დაკვირვება პოეტის მეხსიერებაზე გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია პიროვნული მგრძნობელობა. პოეტის ცნობიერება განსაკუთრებული ტიპის მაგნიტია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იკრავს და აგროვებს იმას, რაც მომავალში შეიძლება პოეტურ ტექსტად იქცეს. და კიდევ, მისთვის რთული ლექსი ავტომატურად არც უკეთესს გულისხმობს და არც უარესს. სირთულე შეიძლება თავად გამოცდილების, ახალი ფორმის ან ახალი ენის შედეგი იყოს. მაგრამ ელიოტი ამჩნევს მკითხველის ფსიქოლოგიურ პრობლემასაც:
თუ მას წინასწარ უთხრეს, რომ ლექსი „რთულია“, ტექსტთან უკვე თავდაცვითი პოზიციით მიდის. ის აღარ კითხულობს მგრძნობელობით და იწყებს რაღაცის ძალით „ამოხსნას“, ამის გახსენებაზე, მეც, როგორც მკითხველი, უფრო თავისუფალი გავხდი და, მგონი, დროა, დავიწყო „არსაიდან არსვლა არსაით“.
ჩვენ ყველას გვაქვს ადგილები, რომლებთანაც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია დაკავშირებული და რომელთა მონახულებამაც, ხშირად სრულიად მოულოდნელად, ჩვენზე ღრმა და ხანგრძლივი გავლენა მოახდინა. შესაძლოა, ამ ადგილებს მოვლენათა უფრო ფართო ისტორიულ თუ კულტურულ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა არც ჰქონდეთ, თუმცა ისინი შეიძლება იქცნენ იმ წერტილებად, სადაც გამოღვიძების, აღმოჩენისა და ეპიფანიის გამოცდილება გვქონია. ამ ადგილებში შექმნილი მოგონებები კი შემდგომში ჩვენი შინაგანი ცხოვრების, შთაგონებისა და, ზოგჯერ, არსებითი ცვლილებების წყაროდ ქცეულა. სწორედ ამგვარი ადგილები და მათთან დაკავშირებული გამოცდილებები დგას „ოთხი კვარტეტის“ პოეტური სამყაროს საფუძველში. ოთხივე ლექსი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რის გამოც რომელიმე ერთის სიღრმისეული წაკითხვა დანარჩენი სამის უკეთ გააზრებისთვისაც მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის.
ოთხივე ლექსი უკავშირდება ელიოტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილებს: Burnt Norton-ს, East Coker-ს, The Dry Salvages-სა და Little Gidding-ს. ისინი აერთიანებენ სილამაზის, მისტიკური გამოცდილებისა და სულიერი ძიების თემებს, წარმოგვიდგენენ სიცარიელის გავლით მიმავალ შინაგან მოგზაურობას და, ამავდროულად, გვთავაზობენ მშრალი პესიმიზმის დაძლევის შესაძლებლობას, ამგვარი გამოცდილება კი მაშინ ჩნდება, როდესაც მარადისობა დროში იჭრება.
ყველაფერი დაიწყო 1935 წელს, როდესაც ელიოტი Murder in the Cathedral-ზე მუშაობდა. დრამატული კომპოზიციის რიტმისა და სცენური ეფექტის გათვალისწინებით, რეჟისორ ე. მარტინ ბრაუნის რეკომენდაციით, პიესიდან მეორე მღვდლის მონოლოგი ამოიღეს. ეს მონოლოგი დროის ბუნებას, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურთიერთმიმართებას ეხებოდა. თეატრალური ტექსტიდან მისი ამოღება პოეტური ტექსტის დაბადების ერთ-ერთ წინაპირობად იქცა. ელიოტმა ამ ფრაგმენტში ჩამოყალიბებული იდეები სხვა კონტექსტში გადაიტანა და მათი განვითარება Burnt Norton-ში განაგრძო.
1938 წელს Burnt Norton-ის გამოქვეყნებისას ელიოტი მას ჯერ კიდევ არ განიხილავდა ოთხნაწილიანი ციკლის პირველ ნაწილად. თუმცა ტექსტში უკვე არსებობდა ის კონცეპტუალური ბირთვი, რომელიც მოგვიანებით „ოთხი კვარტეტის“ მთლიანობას განსაზღვრავდა.
პოემის ოთხივე ნაწილს ერთმანეთთან სტიქიებიც აკავშირებს და სეზონური ციკლიც, თუმცა უფრო ღრმა ერთიანობას მათი საერთო მეტაფიზიკური მოძრაობა ქმნის. „ოთხი კვარტეტი“ პასუხია თანამედროვეობის იმ კრიზისზე, რომელიც ელიოტმა უფრო ადრეულ პოემებში წარმოაჩინა. სევდიანი ირონიითა და მისტიკური პარადოქსით სავსე ელიოტის პოეზია ასახავს თანამედროვე სამყაროში ადამიანის შინაგანი ორიენტირების დაკარგვასა და არსებობისგან გაუცხოებას, თუმცა მიგვანიშნებს იმ მისტიკური დანიშნულების ადგილზეც, რომლისკენ მიმავალი გზა, ყოველგვარი წინააღმდეგობისა და დაბრკოლების მიუხედავად, მაინც არსებობს და მაინც მიღწევადია.
ლინდალ გორდონის სიტყვებით, თითოეული კვარტეტი იკვლევს იმ წერტილს, სადაც დრო და მარადისობა ერთმანეთს კვეთს. ეს გადაკვეთა ელიოტისთვის საკუთარი ცხოვრების გამოცდილებიდან ამოდის და შემდეგ პირად გამოცდილებას უფრო ფართო, უნივერსალურ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს დროში და მაინც იგრძნოს მარადისობა?
ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას ელიოტი თავს არიდებს როგორც უშუალო გამოცდილების აბსოლუტიზაციას, ისე ცივი, აბსტრაქტული აზროვნების ცდუნებას. მისთვის არც განცდაა საკმარისი და არც იდეა. თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ განცდებში იკეტება, სამყარო ფრაგმენტებად იშლება, თუ მხოლოდ აბსტრაქციას ეყრდნობა, ცოცხალ გამოცდილებას კარგავს.
სწორედ ამ წინააღმდეგობის დაძლევას უკავშირდება ის, რასაც ელიოტი „მგრძნობელობის დისოციაციას“ უწოდებს, ანუ გრძნობისა და აზრის ერთმანეთისგან დაშორებას.
ელიოტის ცხოვრება და შემოქმედება ორი მსოფლიო ომის მიერ განადგურებული ევროპული სამყაროს ჩრდილში ვითარდება. 1939 წელს, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ცივილიზაციური კრიზისი, რომელიც ელიოტის ადრეულ პოეზიაში ძირითადად კულტურული და სულიერი დეზინტეგრაციის ნიშნებით იყო წარმოდგენილი, ახლა ისტორიულ რეალობად იქცა. ომებმა დაანგრია არა მხოლოდ ქალაქები და სახელმწიფოები, არამედ ადამიანის რწმენა პროგრესის, გონების ძალისა და ისტორიის აზრიანობის მიმართ. ცივილიზაციამ, რომელსაც საკუთარი თავი რაციონალური და პროგრესული ეგონა, საკუთარ თავშივე აღმოაჩინა განადგურების შესაძლებლობა.
ისტორიული გამოცდილების დავიწყება შესაძლოა დროებით გვათავისუფლებდეს ტკივილისგან და წარსულის გახსენება ადამიანს უბედურს ხდიდეს, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, დავიწყება კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს. მეხსიერება ტვირთია, თუმცა ზოგჯერ ეს ტვირთი გვიცავს ისტორიული ტრაგედიების განმეორებისგან.
როგორც ჩანს, ელიოტისთვის ისტორია არც ნიცშესეულ დავიწყებას გულისხმობს და არც წარსულის თაყვანისცემას. მისი ისტორიული ცნობიერება უფრო რთულია, წარსული აუცილებელია, მაგრამ მასში სამუდამოდ ჩარჩენა შეუძლებელი. ადამიანს სჭირდება მეხსიერება, რათა იცოდეს, საიდან მოდის, „ისტორიის გარეშე ხალხი თავს ვერ დაიხსნის დროისაგან, ისტორია არის საზომი დროის მიღმა გაბნეული წამებისა“, თუმცა მეხსიერებასთან ერთად გვჭირდება ტრანსცენდენციაც, რათა საკუთარი წარსულის ტყვეებად არ ვიქცეთ.
„აწმყო და წარსული,
შესაძლოა, ხდება მომავალში
და მომავალი მოხდა წარსულში.
თუკი ყველა დრო უწყვეტი აწმყოა,
ყველა დრო არის გამოუსყიდველი.“
ელიოტი იწყებს დროის პარადოქსით და ადამიანის თავისუფლების პრობლემასაც ეხება. თუ ყველაფერი, რასაც შეეძლო მომხდარიყო და რაც მოხდა, ერთ წერტილში იკვეთებიან და ეს წერტილი უწყვეტი აწმყოა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის არჩევანს? რა აზრი აქვს ძიებას, სინანულს, მოქმედებას?
აქ, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა „თუკი-ს“ არსებობა, რადგან ეს დაშვება მტკიცებით ფორმას აუქმებს. ელიოტი შესაძლებლობების ღია ველს ტოვებს, ეს არის კითხვა და არა საბოლოო პასუხი, ეს არის ადამიანის არჩევანისა და თავისუფლების სივრცეც.
„არც წარსული, არც მომავალი
გაგებას თითქმის არ გულისხმობს -
თუკი გესმის, დროში აღარ ხარ.“
ელიოტის სამყაროში დროის გამოსყიდვა ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანი ვერ მიაღწევს ხსნას მხოლოდ იმიტომ, რომ მარადისობა არსებობს. მან თავად უნდა გაიაროს ძიების გზა. დრო მხოლოდ დროით დაიძლევა და ადამიანმა უნდა მოკლას ის „მე“, რომელიც საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევს.
ელიოტისთვის თავმდაბლობა უმნიშვნელოვანესი სულიერი მდგომარეობაა. მარადისობას ვერ მიაღწევს ის, ვინც საკუთარ თავს აბსოლუტურ არსებად თვლის. ამ თვალსაზრისით, ელიოტის იდეა პირდაპირ უკავშირდება განკაცების ქრისტიანულ დოქტრინას. განკაცება არის ის ისტორიული წამი, როდესაც მარადიული იჭრება დროში, ღმერთი ხდება ადამიანი და შეუძლებელი ერთობა შესაძლებელი.
ადამიანი თავმდაბლობით გადარჩება და არა განღმრთობით.
დროის გამოსყიდვა ისტორიის გამოსყიდვასაც ნიშნავს.
მაგრამ როგორ შეიძლება დროის გამოსყიდვა?
პასუხი ისევ იმ უცნაურ წრეშია, რომელიც „ოთხი კვარტეტის“ სტრუქტურას განსაზღვრავს.
„ჩემს დასაწყისშია ჩემი დასასრული.“
და შემდეგ:
„ჩემს დასასრულშია ჩემი დასაწყისი.“
დროის ხაზოვანი მოძრაობა წყდება. თუ დასაწყისი უკვე დასასრულშია და დასასრული - დასაწყისში, მაშინ დრო აღარ არის სწორხაზოვანი და იგი წრედ იქცევა.
ეს ელიოტის დიდი წრეა.
ამ წრეში ყოველი დასასრული ახალი დასაწყისის შესაძლებლობას გულისხმობს, მაგრამ არ გულისხმობს განმეორებითობას.
„მე უკვე მითქვამს, რომ წარსულის გამოცდილება, ახლებურად გააზრებული,
აღარაა გამოცდილება რომელიმე ერთი ცხოვრების,
არამედ მთელი თაობების - არდავიწყება
იმ რაღაცის, რაც, როგორც ჩანს, ვერ იქნება გამოხატული.“
Little Gidding პოემის დასკვნითი ლექსია და მთელი მისი შინაგანი მოძრაობის კულმინაციაც. ეს საბოლოო გზაა, რომელსაც შეუძლია დროიდან მარადისობისკენ, ისტორიული ნგრევიდან განწმენდის შესაძლებლობამდე მიგვიყვანოს და ამავე დროს ის უძრავი წერტილიცაა, სადაც აღმოვაჩენთ გარდაქმნასა და იმედს.
ამ ლექსში ცეცხლი და ვარდი, ორი ერთმანეთისგან დაშორებული სახე-სიმბოლო, საბოლოოდ ერთიანდება. ცეცხლი, რომელიც მანამდე ტკივილისა და წარმავლობის ნიშნად გვევლინებოდა, მარადიული სიცოცხლისა და ნეტარების სიმბოლოდ იქცევა, ვარდი კი სულიერ სისავსედ. Little Gidding სიცოცხლის მიზნის შესახებ დაწერილი ლექსიცაა. ადამიანის ყოველი მოქმედება გარკვეული მიზნისკენ არის მიმართული, თუმცა გზის დასაწყისში შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ საბოლოოდ რა მნიშვნელობას შეიძენს ეს მიზანი. ხშირად მხოლოდ დასასრულს მიღწეულები ვხვდებით, რას ვემსახურებოდით სინამდვილეში. რეალობა მუდმივი ქმნადობის პროცესია და ყოველი ახალი მომენტი წინამორბედი გამოცდილებისგან იძენს შინაარსს.
„რაც გვეგონა დასაწყისი, ბევრჯერ გამოდგა დასასრული,
და რომ გვეგონა ვასრულებდით, თურმე ვიწყებდით.“
და მერე ჩნდება იმედი...
იმედი და ისევ მცდელობები...
გზის დასაწყისი და დასასრული...
დიდი მდინარის სათავეები...
და ჩვენ
„მხოლოდ იმიტომ არ ვმარცხდებით,
რომ არასდროს ვწყვეტდით მცდელობებს“
უსასრულოა არსაიდან არსვლა არსაით, უსასრულოა ადამიანიც, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ დროს, ან თუნდაც დროში, ან თუნდაც დროით და კაცობრიობა გამოივლის ტანჯვის გზასაც, განსაწმენდელსაც, განმეორდება შეცდომებიც, ტრაგედიებიც, მაგრამ სამოთხე, მარადიულობა, მარადისობა არსებობს მხოლოდ უძრავ წერტილში და უსასრულო ძიებაში, რადგანაც ელიოტისთვის ადამიანი მხოლოდ ესაა, მხოლოდ ეს ვართ, მხოლოდ მცდელობა - სხვა არაფერი.