სკაფანდრის გასაღები | გიორგი შარაშენიძე
ცოტა ხნის წინათ სკოლის ფორმები შემოიღეს, რამაც უნებლიედ გამახსენა სულ ახლახან გამომცემლობა „ინტელექტისთვის“ დასაბეჭდად გამზადებული წიგნი: ელიზა კონცკას „გუშინ მწვანედ ბრაზობდი“. არ გეცნობათ? ეს ის სიახლეა, რომელიც ორიოდე წლის წინ გამოქვეყნდა და მალევე, ერთი წლის შემდეგ, ცხელ-ცხელი ჯილდოთიც აღინიშნა: პრემია „ნიკეთი“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ალბათ, ჩვენს „საბას“ გაუტოლდება, პოლონელმა პროზაიკოსმა კი ზედიზედ ორი ნომინაციით დაიმსახურა – ჟიურისა და მკითხველის მოწონებით.
უცნაურია, მაგრამ პირველი, რაც მკითხველს თვალში ხვდება, თავისი გოგონას დიაგნოზის მიმართ ავტორის თითქოსდა სენსიტიური და, იმავე დროს, დაჟინებული თავშეკავებაა, რომლის გამოც სიტყვა „აუტიზმის“ ხსენებას იგი თხრობის ბოლომდე გაურბის. როცა ეს თავისებურება წიგნის მთარგმნელთან, კატია ვოლტერსთან, აღვნიშნე, მან პასუხის მაგივრად უარეს საგონებელში ჩამაგდო, რადგან მითხრა, რომ წიგნის შესახებ საუბრისას ელიზა კონცკა ყოველთვის პირდაპირ ასახელებდა შვილის მდგომარეობას. მაშ, რა გამოდიოდა? ავტორის ეს, ერთი შეხედვით, ევფემისტური თავდაჭერა, რომელიც თხრობის ენის სხვა დონეებსაც ეხებოდა და ტექსტს ხშირად ბუნდოვანებას მატებდა, მხოლოდ ტექსტის კუთვნილებად რჩებოდა და არამც და არამც არ უნდა შერაცხილიყო პოლიტკორექტულობად? წიგნის გახსენება მჭირდებოდა.
Speak, memory! – წიგნსაც ვლადიმირ ნაბოკოვის სწორედ ეს სიტყვები უძღვის ეპიგრაფად. Memory-მ საქმეს თავი იოლად გაართვა და ტექსტის შინაარსობრივი ნაწილი ადვილად გამახსენებინა:
„გუშინ მწვანედ ბრაზობდი“ ხომ იმ უამრავ, ხშირად ყოფით ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთი ადგილის ძიებისას თავს ელიზასა და მის გოგოს გადახდათ – ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა, გზად უბრალო შემხვედრთა ცრურწმენების ატანა, ახალგაჩენილი მეზობლების შიშნარევი გაუცხოება თუ უძლურების განცდა იმ ადგილებშიც, სადაც მათ, წესით, თავი უსაფრთხოდ უნდა ეგრძნოთ. ეს ყველაფერი მტკივნეული, თუმცა კი, ალბათ, ყველა მკითხველისთვის ახლო და ნაცნობი იყო.
აი, speak-ს რაც შეეხება, ავტორის ენის შეფასება თავიდან გამიჭირდა. არადა, მომდევნო კვირას, „ლიტერატურული ფესტივალის“ დასკვნით დღეს, ელიზა კონცკას წიგნის პრეზენტაციაც უნდა გაიმართოს, სპიკერად მთარგმნელიც საგანგებოდ ჩამოდის და გამომცემელმაც, ზვიად კვარაცხელიამ, ტექსტის შესახებ მოკლე რეცენზიის დაწერა მთხოვა. რა მექნა?
საქმის გადაუდებლობისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის გამო თავი ხელფეხგახსნილად მივიჩნიე, რათა შეკითხვებით ისევ კატია მომეხმო, ოღონდ – უკვე მეტი სიცხადის მომფენი პასუხების მოლოდინით. მანამდე შემემჩნია, რომ გასარჩევი ტექსტის ნარაცია ერთი უჩვეულო თავისებურებით ხასიათდებოდა: თხრობა ხშირად მეორე პირში მიმდინარეობდა და მკითხველს შთაბეჭდილებას გიტოვებდა, თითქოს პანი ელიზა საკუთარ შვილს ესაუბრება – უკვე გაზრდილს, შინაგანად უფრო გახსნილსა და სიტყვებთანაც უკეთ გაშინაურებულს. სათაურადაც ხომ ავტორს დიალოგის ნაწყვეტი შეერჩია „გუშინ მწვანედ ბრაზობდი“. კატიას ეს დაკვირვება მოეწონა, რაც წინსვლად შევაფასე და ტექსტის ენისთვის გასაღების მორგების შემდგომი ცდები განვაგრძე.
„გასაღები“ – აი, კიდევ ერთი ნიშანი. გამახსენდა ისევ კატიასთან განხილული ერთი სახე-სიმბოლო – გასაღები – რომელიც ტექსტის მეტაფორებით, ჰიპერბოლებითა და ალეგორიებით უხვ სტილსაც ხსნიდა და მწერლის, ერთი შეხედვით, ხელისცეცებით გასაკვალი ენის კარსაც აღებდა. მის შესახებ ავტორის ბაბუა იხსენებს:
ფსევდონიმად „გასაღები“ მქონდა, ხომ იცი, რატომაც? ლონდონის მთავრობას დაშიფრულ შეტყობინებებს რომ ვაწვდიდი – იმიტომ. მაგრამ გასაღები ისედაც ძალიან მომწონდა. ხომ მარტივი საგანია, მაგრამ ამავდროულად საიდუმლოს მატარებელიც – როგორც ნებისმიერი კარის გაღება.
ბაბუის პერსონაჟისთვის ეს ზედწოდება იმ უნარსაც უკავშირდებოდა, რომლითაც შეეძლო, ნებისმიერ გულჩათხრობილ ადამიანთან მისასვლელი კარი გაეხსნა. მაგრამ გასაღების სიმბოლო ხომ დაგმანვის მნიშვნელობასაც აირეკლავს?
შენი გასაღები კარს ხსნის თუ კეტავს?
– ავტორის ჟღალთმიანი გოგონას ეს სიტყვები, მისი მეტსახელის – „წითურის“ – არ იყოს, შეგვახსენებს, რომ ხშირად ის, რაც ადამიანებთან გვაახლოებს, მათგან განრიდების პირობაც შეიძლება გახდეს – ისე, როგორც ეს წითურის დიდ ბაბუას შეემთხვა, რომელიც ვერ შეეწყო „მუნდირიანებს, წვრთნისა და მარშის ხალხს“, რადგან „ყველა მუნდირი სკაფანდრია“.
ძალაუნებურად ის გარემოც გაგონდება, რომლის სიმკაცრესაც მთხრობელი ძალზე მოხერხებულად გვიხატავს ორიოდე სიტყვით და რომელიც მისგან და წითურისგან გამუდმებით „მუნდირთან“, „სკაფანდრთან“ მორგებას მოითხოვდა:
დედობისას გაგონილი
„გისმენდით, ბავშვის განსაკუთრებულ შინაგან სამყაროზე რომ ლაპარაკობდით. თქვენმა ლექციამ საკმაო დრო დაგვაკარგვინა. თუ თქვენი შვილი ასეთი განსაკუთრებულია, იქნებ სადმე განსაკუთრებული ადგილიც გამოუნახოთ?“
(ვარშავა)
ენობრივად კი ეს ყველაფერი იმ „გასაღები-სიტყვებით“ გამოიხატება, რომლებსაც ავტორი თითქოს მსუსხავი სინამდვილისგან თავს აფარებს. რა გამოდის – ტექსტის ენობრივი ბურუსით შემოსვის შედეგად იგი წიგნსაც თანაუგრძნობი ხალხის დაჯღაბნისგან იცავს? მე სხვაგვარად ვიტყოდი: იმ ენიგმებით, რომლებიც თხრობას ხშირად სუმბურში ახვევს, რეალურად კი ყველაფერს – მათ შორის წითურის დიაგნოზსაც – ნაცნობისგან განსხვავებულ სახელს არქმევს და სამყაროს ახალი თვალით გვანახვებს, წიგნი მკითხველს, პირიქით, მეტადაც იახლოებს, ავტორის გამოვლილ ქარტეხილებსაც უკეთ შეაგრძნობინებს და როცა ცხოვრებისადმი წითურის დამოკიდებულებას ჩვენც გვაცნობს, გოგონას მსოფლხედვაში საკუთარ თავს აღმოგვაჩენინებს:
მისთვის გასაღებისა და საკეტის თანხვედრა, ბეჭდისა და ანაბეჭდის დამთხვევა, აგურისა და კედელში დარჩენილი სიცარიელის ზუსტად შევსება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ვითარების დინამიკა, გრძნობების დინამიკა.
მეხსიერებაც სწორედ ასე მეტყველებს – წინააღმდეგობას უწევს მკაცრ სინამდვილეს და მათ, ვისაც განსხვავებული ადამიანის მიღება არ შეუძლიათ.
ელიზა კონცკას შეხვდებით თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალზე 24-27 სექტემბერს
თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის → სრული პროგრამა
ავტორი: გიორგი შარაშენიძე