გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მაქს პორტერი ლენი პოლინომიალი

სამყაროს არ სჭირდება ლენი | ლაშა მილორავა

მეხსიერება არასანდო მთხრობელია და წარსულიც თავდაპირველ სახეს ვერ ინარჩუნებს: დრო გადის და მოგონებები ნაწევრდება,, ერთმანეთში ირევი, აწმყოს გამოწვევებს ერგება. წლებს შეუძლია, რაც ერთხელ აუტანელი იყო, დროთა განმავლობაში შეამსუბუქოს, ადამიანს ტკივილი შეუსუსტოს.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ისეთი მოგონებებიც არსებობს, დრო რომ ვერაფერს აკლებს.

წარსულის ასეთი ფრაგმენტია ჩემთვის მათეს (სახელი შეცვლილია), ჩემი უმცროსი ძმის კლასელის ამბავი. 

მაშინ მეოთხე კლასში იყვნენ. გაკვეთილზე მათეს მუცელი ასტკივდა და სკოლის ექიმთან გაუშვეს. იქ გაირკვა, რომ ბიჭმა მთლიანი საშლელი გადაყლაპა. კითხვაზე, რატომ გააკეთა ეს, მათე გამოტყდა, რომ მუცელი დილიდან სტკიოდა და ეგონა, საშლელი ტკივილს წაუშლიდა. 

ეს ფრაზა მთელი კვირა ტრიალებდა სამასწავლებლოში და ჩვენი, უფროსკლასელების ყურამდეც მოვიდა. მათეზე ლაპარაკის დროს ყოველთვის ერთ სიტყვას უსვამდნენ ხაზს – უცნაური. როცა ამ სიტყვას წარმოთქვამდნენ, თან უხერხულადაც ჩაიღიმებდნენ. ეს უცნაური მერე სკოლის ზარის მძიმე ექოსავით მოედო დერეფნებს, მეოთხეკლასელ ბიჭს ერთგვარი დამცინავი განაჩენივით ჩამოეკიდა კისერზე.

მათე ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, ლეიკემიით გარდაიცვალა. კუბო სკოლის ეზოში დასამშვიდობებლად მოასვენეს და როცა ცრემლმომდგარ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ვუყურებდი, თავში სულ ეს უცნაური მიტრიალებდა, რომელმაც მათეს სიკვდილთან ერთად უეცრად დაკარგა მნიშვნელობა. ტრაგედიამ განაჩენი, რომელიც ამ სიტყვაში იგულისხმებოდა, ერთი ხელის მოსმით წაშალა.

ბევრი წლის შემდეგ, როცა მაქს პორტერის „ლენი” გადავშალე და სანამ არ მოვრჩი, ვეღარ დავხურე, კითხვის პროცესში ხშირად მახსენდებოდა მათე. მოგონება თავისით ამოტივტივდა და ვერაფრით მოვიშორე.

„ლენი” ექსპერიმენტალური ტექსტია, მოზაიკური სტრუქტურითა და პოლიფონიური თხრობის სტილით, რომელიც ერთი შეხედვით ქაოსურად და შემზარავად გვიხატავს კარგად ნაცნობ სურათს – თუ როგორ შეიძლება განსხვავებულობა განაჩენად იქცეს, როდესაც მას საზოგადოება საკუთარი შიშების გასამართლებლად იყენებს.

ლენი, მშობლებთან ერთად, დედაქალაქიდან პატარა სოფელში გადადის საცხოვრებლად. თითქმის ყველა, მშობლების ჩათვლით, ფიქრობს, რომ ლენი უცნაურია. ერთადერთი, ვინც ბავშვის წარმოსახვის კორექციას და მის „განორმალურებას” არ ცდილობს, ასევე უცნაური და სოფელში გიჟად შერაცხული მხატვარი პიტია, რომელსაც მშობლები ლენის მიაბარებენ, ხატვა რომ ასწავლოს.

პარალელურად კი, სოფლის კანქვეშ უძველესი არსება – მკვდარი მამა ნეშომპალა იღვიძებს. ეს ფოლკლორულ-მითოლოგიური ქმნილება, რომელიც დიდი ხნით ადრე არსებობდა იქამდე, ვიდრე აქაურობას ხალხი აითვისებდა, სოფლის ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა და მოსახლეობის ხმებს, საიდუმლოებს, შიშებს აგროვებს. ის არ არის წარმოჩენილი, როგორც სწორხაზოვნად კარგი, ან ცუდი პერსონაჟი, რადგან მკვდარი მამა ნეშომპალა სხვა წესებით მოქმედებს და მისი ბუნება ჩვენთვის ნაცნობ მორალურ კატეგორიებში არ ექცევა. თუ სოფლის მაცხოვრებლები, თავიანთი ცრურწმენებითა და ინტერესებით აწმყოში ცხოვრობენ, ნეშომპალა სხვა დროითი განზომილების ნაწილია და ყველასგან შეუმჩნევლად, ყოველდღიურად ისრუტავს იმას, რასაც ადამიანები ივიწყებენ ან ერთმანეთისგან მალულად ინახავენ.

წიგნში სოფელი, როგორც ფიზიკური სივრცე, თავისი მაცხოვრებლებით, ერთ ორგანიზმადაა წარმოჩენილი, სადაც მეზობელზე ყველამ ყოველთვის ყველაფერი იცის და ერთმანეთს მუდმივად განსჯიან. ამ ორგანიზმში ნორმალურობა თანდათან კარგავს შინაარსს და მხოლოდ კოლექტიური თანხმობის შედეგად არსებულ კატეგორიად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არავინ იცის, რას ნიშნავს, იყო ნორმალური, ყველა დარწმუნებულია, თუ ვინ არ ჯდება ამ კატეგორიაში.

ერთ დღესაც ლენი გაუჩინარდება და სოფლის კოლექტიურ ცნობიერში პანიკა ღვივდება. მოსახლეობა საკუთარი შიშების გამართლებას იწყებს და ეჭვი ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გიჟ პიტზე მიაქვს. ჩვენც, მკითხველები, სოფლის ფარული სურვილებისა და განზრახვების დამანგრეველი ძალის მომსწრენი ვხდებით.

მაქს პორტერი მიუკერძოებლად, რომელიმე მხარის არჩევის გარეშე გვაჩვენებს, რომ ძალადობას ყოველთვის არ სჭირდება კონკრეტული მოძალადე. ხანდახან ისეთი საზოგადოებაც საკმარისია, თავის თავს ცრურწმენებით რომ კვებავს და შემდეგ მათ საერთო ჭეშმარიტებად აქცევს.

რომანი სწორედ ამ სოფლის ხმებისგან შედგება: ლენის მშობლების, პიტის, სოფლის მაცხოვრებლების, მკვდარი მამა ნეშომპალის. ეს ხმები კოლექტიურ ცნობიერებად ერთიანდებიან და ლენის ამბავსაც ყოველთვის სხვისი თვალით ვხედავთ: მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ყოველთვის ეპიცენტრშია, თვითონ არასდროს ხდება მთხრობელი. უცნაური ლენი მთელი ამ ამბის ბირთვად, ერთგვარ არყოფნად იქცევა, – პერსონაჟად, რომელსაც ხედავენ, მაგრამ ვერ ცნობენ. მკითხველს არასდროს ეძლევა შესაძლებლობა, ბავშვი საკუთარი თვალით დაინახოს და მისი შინაგანი სამყარო გაიცნოს. ლენიზე მხოლოდ სხვების წარმოდგენებით ვიგებთ და ხშირად ეს წარმოდგენები ამ ადამიანებზე უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე თავად ბავშვზე.

ტექსტიც ამ ხმებივით მოძრაობს: ხან პოეტურია, ხან სადა, მომენტებში შემზარავი, ქაოსური და ყოველთვის ცოცხალი, განსაკუთრებით მკვდარი მამა ნეშომპალას პასაჟებში. აქ პორტერი წინადადების სტრუქტურას არღვევს, სიტყვებს შლის, ერთმანეთში ხლართავს და ვერბალურ-ვიზუალურ ქაოსად გარდაქმნის. 

ვკითხულობდი ლენიზე და მათე მახსენდებოდა. რამდენად მარტივია ადამიანმა უცნაურობა ლანგარზე მირთმეულ პასუხად მიიღოს. თითქოს, ეს სიტყვა მზა ახსნაა ყველაფრისთვის, რისი გაგებაც არ გვინდა, ან არ შეგვიძლია. იარლიყები ხომ ვალდებულებებისგან გვათავისუფლებს? როდის იქცა სიმარტივე ნორმად?

მათეს არ გაუმართლა. არ დასცალდა, რომ საკუთარი უცნაურობისთვის უფრო ფართო გასაქანი მიეცა. თუმცა კი, ვინ იცის? იქნებ წლებთან ერთად მისი ეს განსხვავებულობაც მოეთვინიერებინათ? სკოლას, მშობლებს, მეგობრებს, ყველას.

არ ვიცი, რამდენად ვსწავლობთ ასეთ ამბებზე დაკვირვებით. იქნებ, ჩვენი არსებობის ტრაგიკული ნაკლიც სწორედ ისაა, რომ ადამიანებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვცნობთ, როცა უკვე გვიანია და მათი გაცნობა აღარაფერს ცვლის.

კი, საბოლოოდ, ტკივილს ყველაფრის წაშლა შეუძლია. მაგრამ რამის წაშლამდე, იქნებ ჯერ იმის წაკითხვა შევძლოთ, რაც ასე გვიჭირს?

ავტორი: ლაშა მილორავა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა