გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წმინდა ორება - ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“ | თამარ მღებრიშვილი

Et lux perpetua Luceat eis!

წიგნის მუსიკით აღწერა რომ შეიძლებოდეს, ჯენი ერპენბეკის „კაიროსს“[1], პროლოგიდან-ეპილოგამდე, პირველი სიტყვიდან ბოლო წერტილამდე, ფონად მოცარტის „რეკვიემი“ გაჰყვებოდა, რადგან ეს ამბავიც მარცხისა და მოკვდინებისთვის განწირული სიყვარულის მოსახსენიებელი მესაა.

ისტორიის სიმძიმე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სოციალურ-პოლიტიკური გამოცდილებები და ის გზები, რომლებითაც კულტურული და სუბიექტური მეხსიერება ინდივიდუალურ იდენტობას აყალიბებს, თანამედროვე გერმანელი მწერლის, ჯენი ერპენბეკის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. „კაიროსი“ 2024 წელს ბუკერის პრემიით დაჯილდოვდა, ამავე წელს, ერპენბეკი ერთ-ერთ ინტერვიუში „კაიროსის“ შესახებ ამბობს:

„ეს დიდი სიყვარულისა და მისი ნგრევის ისტორიაა, მაგრამ, ამასთან ერთად, მთელი პოლიტიკური სისტემის დაშლის ამბავიც. მარტივად რომ ვთქვათ - როგორ შეიძლება ის, რაც დასაწყისში სწორად გვეჩვენება, დროთა განმავლობაში არასწორად გადაიქცეს?  სწორედ ეს გარდატეხა მაინტერესებდა. ამ ყველაფერს ბევრი საერთო აქვს ენასთან, რადგან ენა შექმნილია როგორც გრძნობებისა და ხედვების გამოსახატავად, ასევე მათი დამალვისა და ღალატისათვის. თუ დააკვირდებით დეტალებს - რა ითქმის და სად სიჩუმეა - შეძლებთ დაინახოთ უხილავი დინებები, თაობებს შორის ძალაუფლების ცვლა, მანიპულაციისა და ძალადობის ტექნიკები.“

ბერძნულ მითოლოგიაში კაიროსი (Καιρός) დროის ხელსაყრელ მომენტს განასახიერებს. ლისიპოსმა, მოქანდაკემ, გვიანი კლასიკის ერთ-ერთმა უკანასკნელმა წარმომადგენელმა, თავისი შემოქმედებითი ფანტაზია სრულად მიუძღვნა ასეთი აბსტრაქტული კონცეფციის გამოხატვას. მან კაიროსი ახალგაზრდა და ფრთოსან კაცად წარმოადგინა, რომელსაც ხელში სასწორი უჭირავს და შუბლზე გრძელი, კულულებად დაფენილი თმა აქვს, თუმცა თავის უკანა მხარეს მელოტია. ლისიპოსის ეს გადაწყვეტილება იმაზე მიანიშნებდა, რომ შესაძლელობა დროულად უნდა გამოიყენო, სანამ ის ჯერ კიდევ შენ წინაა, თუ გვერდით ჩაგივლის, ვეღარასდროს დაიჭერ. ბერძნებს ასეთი ფრაზეოლოგიზმიც კი აქვთ «άρπαξε την ευκαιρία από τα μαλλιά», რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: „შესაძლებლობას თმებში ჩაავლე ხელი“. ასეთი დრო და შესაძლებლობა იყო ის წამი, როდესაც ერპენბეკის პერსონაჟები - ჰანსი და კატარინა - 1986 წლის 11 ივლისს, ნომერ 57 ავტობუსში ერთმანეთს შეხვდნენ, „სულ ეს იყო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო“.

ჰანსი 50 წელს გადაცილებული, დაოჯახებული კაცია, მწერალი, მუსიკათმცოდნე და რადიოს თანამშრომელი, რომელსაც ერთი მოზარდი შვილი ჰყავს, ხოლო კატარინა თითქმის იმდენი წლისაა, რამდენისაც ჰანსის შვილი, ჯერ კიდევ დედასთან ცხოვრობს და აკციდენტური ბეჭდვის სპეციალისტის შეგირდია, „კაცის დაბადების წელს რომ გოგოსი მივუმატოთ, 100 გამოდის“.

ჰანსმა და კატარინამ პირველივე შეხვედრიდან ჩაავლეს ხელი შესაძლებლობას და დრო არ დაუკარგავთ, თუმცა მათი კაიროსი ოვიდიუსთან გვაბრუნებს, ეს ის ღმერთია, რომელიც გარდაქმნისთვის მაღალ ფასს მოითხოვს.

1989 წელს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) უეცარმა დაშლამ, აღმოსავლეთ ბერლინის კულტურული ელიტის ოჯახში დაბადებული ერპენბეკი ერთადერთი სამშობლოს გარეშე დატოვა, რომელსაც კი ოდესმე იცნობდა. გაერთიანების შესახებ მან მწერალ პიტერ ფრედერიკ მეთიუსთან ინტერვიუში თქვა: „ერთი წამის შუალედში მთელი ჩვენი დაგროვილი ცოდნა გაუფასურდა“, ხოლო Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნავს: „როდესაც საქმე აღმოსავლეთ გერმანიის ისტორიას ეხება, ყველას აქვს მკაფიო შეხედულებები, მაგრამ რეალურ გამოცდილებას ცოტა ადამიანი თუ ფლობს. ყველამ იცის, რომ იყო კედელი და შტაზი. მაგრამ გდრ ასევე იყო ქვეყანა ხალხით, სოციალური ურთიერთობებით, კულტურით და ყოველდღიური რეალობით.“

„კაიროსში“ ინტიმური ურთიერთობები არა მხოლოდ პერსონაჟების, არამედ მთელი საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას ასახავს. მაგალითად, როდესაც მკითხველი აკვირდება კატარინასა და ჰანსის ურთიერთობის დინამიკას - სექსს, უარყოფას, სიყვარულსა თუ ზიზღს - ერპენბეკი პარალელურად აღწერს აღმოსავლეთ გერმანიის, გდრ-ს აღზევებასა და დაცემას, სადაცაა ბერლინის კედლის ნანგრევებით თვალებსაც ამოგვივსებს და დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანებასაც გვამცნობს.

ჰანსსა და კატარინას ურთიერთობაში მხოლოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა არ ქმნის პრობლემას, ჰანსი ის ადამიანია, რომელმაც ომის ბოლოს კომუნისტური აღმოსავლეთის მხარეს გადასვლა გადაწყვიტა. კატარინა კი იმ რევოლუციური საზოგადოების შვილია, რომლის ნაცისტური წარსულის ფერფლიდან აღმოცენებაშიც ჰანსი მონაწილეობდა.

ჰანსი ცხოვრობს საზოგადოებაში, რომელიც საკუთარ ინტელექტუალებს აფასებს და პატივს სცემს, შესაბამისად, მანაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა სოციალისტური მგრძნობელობის შესაძლებლობას, იმ სივრცეს, სადაც კულტურული კლასიციზმი და თანამედროვეობა, ესთეტიკური ამაღლებისა და საზოგადოებრივი განათლებისკენ სწრაფვა, ბრეხტისეული თეატრალური კრიტიკულობა და გილდერლინის ლირიკული მეტაფიზიკა ერთ მთლიანობად იკვრება. მისთვის ეს არ არის უბრალოდ კულტურული გემოვნება, ეს ყველაფერი იდეოლოგიური და ეთიკური ვალდებულებაცაა. ის უსმენს და აფასებს მოცარტის, ბახისა და შოპენის შემოქმედებას, რომელიც მხოლოდ ელიტარული წრისთვის კი არ უნდა იყოს გასაგები, არამედ სოციალისტურ საზოგადოებაში უნდა განივრცოს და საერთო საკუთრებად იქცეს.

ჰანსისა და კატარინას პირველი საერთო მოგზაურობის დროს, მოსკოვში ყოფნისას, ჰანსი სიამაყით ივსება, მისთვის აღმაფრთოვანებელია, რომ ჩვეულებრივი რუსი ხალხი - გამყიდველები, მუშები, მშენებლები- პუშკინს, მაიაკოვსკისა და შესაძლოა მანდელშტამსაც ციტირებდნენ, აქ მაღალი კულტურა და ყოველდღიურობა ერთმანეთს აღარ უპირისპირდება. სწორედ ასეთ თანხვედრაში ხედავს ჰანსი სოციალიზმის ჭეშმარიტ გამარჯვებას. თავის რადიოგადაცემებს, სადაც რთულ კლასიკურ და თანამედროვე მუსიკალურ კომპოზიციებს ხსნის და განმარტავს, ჰანსი აღმოსავლეთ გერმანიის კულტურული რენესანსის არსებით წვლილად მიიჩნევს. ეს მისთვის განმანათლებლური მისიაა, დახვეწილი ესთეტიკის გადატანა საზოგადოებრივ ცნობიერებაში.

1988–89 წლების მღელვარება ჰანსისა და კატარინას ურთიერთობაში ჯერ ჩუმი რეზონანსივით იჩენს თავს, შემდეგ კი აუტანელ დისონანსად იქცევა. ეპოქის ნგრევა მათ ინტიმურ სივრცეში აღწევს, ჩნდება უხილავ ბზარად, რომელიც ნელ-ნელა მთელ კონსტრუქციას ასუსტებს. ორი ადამიანის პირადი ტრაგედია ისტორიული გარდატეხის მიკრომოდელი ხდება.

ერპენბეკი გამუდმებით უბრუნდება ისტორიას და არა როგორც ქრონოლოგიურ ფონს, არამედ როგორც დამანგრეველ და გარდამქმნელ ძალას. მის ტექსტებში ისტორია ადამიანებს გზაზე ხვდება, მათში იჭრება, აზრებსა და სურვილებს უმახინჯებს, თვითიდენტობას უცვლის. პერსონაჟები თითქოს საკუთარ არჩევანს აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში მათ ის დრო ცვლის და აყალიბებს, რომელშიც ცხოვრობენ.

„ადამიანი ჭურჭელია, რომელსაც დრო იმით ავსებს, რაც მოესურვება?“

რომანში ძალაუფლების დინამიკა თავიდანვე მკაფიოა, ჰანსი ევროპელი პრივილეგირებული კაცის პროტოტიპია (გდრ-ში პასპორტი აქვს). მას ერთდროულად ჰყავს ცოლი და საყვარელი, კულტურულ ავტორიტეტს კი ისე ატარებს, როგორც მემკვიდრეობით მიღებულ უფლებას.

ჰანსი სრულად აცნობიერებს იმ შურიან მზერასაც, რომელსაც ახალგაზრდა, მომხიბვლელ ქალთან ერთად ყოფნა იწვევს. ამ მზერაში ის საკუთარ ძალას კითხულობს - ასაკობრივს, გენდერულს, კულტურულს. ურთიერთობის სცენარსაც თავად ადგენს, მორჩილების ეროტიზებული ფანტაზიაც მისგან მოდის, თითქოს ინტიმურობაშიც რეჟისორის პოზიციის შენარჩუნება სურს.

კატარინას პირველი ბინა სწრაფად ივსება ჰანსის კულტურული კაპიტალით: თაროებზე ჩნდება ბახი, ბეთჰოვენი, გოია, თომას მანი და, რა თქმა უნდა, კარლ მარქსი. ამ ბიბლიოთეკაში ძალაუფლების ესთეტიკა იგრძნობა, ერთგვარი თვითდამკვიდრების ფორმაა. და მაინც, სივრცე, რომელსაც ჰანსი თითქოს საკუთარ იდეოლოგიურ-ესთეტიკურ ანაბეჭდს ატყობს, ნელ-ნელა იცვლება. ახალი ბინა კატარინასთვის გარდამავალ ტერიტორიად იქცევა, სადაც ის ჯერ ფრთხილად, შემდეგ უფრო გამოკვეთილად იბრუნებს ხმას. სწორედ აქ ირღვევა პირველადი ასიმეტრია: გავლენა, რომელიც თავდაპირველად ცალმხრივი ჩანდა, ნაპრალებს იჩენს, და ურთიერთობა შეუმჩნევლად გადადის ძალაუფლების რთულ, მოძრავ, უკვე ნაკლებად პროგნოზირებად ფაზაში.

„გრძნობა დუღაბია - მას, ვინც გაფაციცებული არ იქნება, თვალებს აუხვევს და აზროვნების უნარს ართმევს. გრძნობა უნდა ჩამოიშორო და მიკროსკოპის ქვეშ დადო, სინამდვილეში სწორედ ესაა ამ დაწყევლილი მეოცე საუკუნის მთელი ხელოვნება.“

ფრანკფურტში ყოფნის დროს, კატარინა ჰანსს ახალგაზრდა ვადიმთან ღალატობს, ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ ხდება და ჩვენც პირველი ყუთიდან მეორეში გადასვლისას, აბსტრაქტული, თუმცა დამანგრეველი ომის მოწმეები ვხდებით. წმინდა ორება ირღვევა - ვნება, აღფრთოვანება, წერილები, სასიყვარულო თამაშები, ფიქტიური ქორწინება და ფიქტიური ბედნიერება ძალადობისა და მანიპულაციის იარაღი ხდება, „იდეალური სიყვარული იდეალურ ტყუილად იქცა“.

ღალატის გაგების შემდეგ, ჰანსი ფსიქოლოგიურ ტერორს იწყებს. კატარინას კასეტებს უგზავნის - ჩაწერილ მონოლოგებს, სადაც ხმა განუწყვეტლივ ადანაშაულებს, ამხელს, აზრებს ურევს და მისგან წერილობით პასუხს მოითხოვს. ყოველი კასეტა ზუსტად სამოცი წუთი გრძელდება, სამოცი გაწელილი, დამთრგუნველი წუთი, რომელსაც კატარინა თითქოს გარდაუვალ განაჩენად იღებს. ეს ერთი საათი არა სიყვარულს, არამედ დაკითხვის აქტს ეთმობა.

ამ შემთხვევაში ხმა განსაკუთრებულ სიმბოლურობას იძენს. ჰანსი, რომელიც მწერალია, თან რადიოში მუშაობს და ფაქტობრივად პროფესიონალი ორატორია, ახლა ინტიმურ სივრცეშიც იმავე ტექნიკით ამყარებს ძალაუფლებას. მიუხედავად ყველაფრისა, არც ჰანსი ტოვებს კატარინას და არც კატარინა - ჰანსს. ამ ეტაპზე ჰანსის ფიგურა ორ ნაწილად იშლება: ჰანსი 1 - ის, ვინც ინტელექტუალური, კულტურული იდეალებითა და ესთეტიკური მაქსიმებით ცხოვრობს და ჰანსი 2 - დამსჯელი, კონტროლზე ორიენტირებული, დაუნდობელი მოძალადე.

ამ ყველაფრის ფონზე რომანი თითქოს დრამატული უნდა ხდებოდეს - ვხედავთ ბრაზს, დაშორებას, შერიგებას, დანაშაულის გრძნობას, კვლავ დაშორებას, კვლავ შერიგებას, ეს განმეორებები ძალადობრივი სიყვარულის შინაგან ლოგიკას ამხელს, როგორ იქცევა ვნება ჩვევად, ჩვევა - კონტროლად, კონტროლი - დამანგრეველ წრედ, მაგრამ ერპენბეკი ამ წრეს მოულოდნელი სიუჟეტური გადახვევებით არღვევს. მოვლენები ვითარდება ისე, რომ მათი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია - მოგზაურობა მოსკოვში, აბორტი, კატარინას ურთიერთობა როზასთან და ა.შ.

საინტერესოა, რომ ერპენბეკი თანდათან საკმაოდ თამამი ნარატიული მოთამაშე ხდება და ამას პროვოკაციისთვის არ აკეთებს, როზასა და კატარინას ურთიერთობა მხოლოდ ალტერნატიული ინტიმურობის შესაძლებლობაა იმ დროს, როდესაც ჰანსი სიყვარულს დამსჯელ იარაღად იყენებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რომანში ყველაზე ინტიმურ სცენებშიც კი ისტორია არ ქრება. პირადი სივრცე და პოლიტიკური რეალობა ერთმანეთში ირევა და მორიგი ინტიმური სცენის აღწერის შემდეგ ვიგებთ, რომ „ორი კვარტლის იქით, მთელი ღამის განმავლობაში გახსნილია სასაზღვრო პუნქტი ბორნჰოლმერშტრასე“.

დგება 1989 წელი.

ბერლინის კედელი ინგრევა.

ეს ნამდვილი ამბავია.

ამ ამბავს სტუდენტებიც იჯერებენ.

დრო რკინის კორსეტად იქცა.

„საკუთარი ქალაქის უცხო სხეული, სახელი იგივე, ენაც იგივე, შენობებიც მსგავსი, მაგრამ მაინც უცხო ქალაქი, მეორე გული, ორმაგი გულისცემა, ერთით ზედმეტი.“

ბერლინის კედლის დანგრევისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ, არავინ იცის, რა ბედი ეწევა აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ათასობით მუსიკოსს, მასწავლებელს, პროფესორსა და აკადემიკოსს, რადიოსა და ტელევიზიის ტექნიკოსებსა და მაუწყებლებს, თეატრისა და საკონცერტო დარბაზების თანამშრომლებს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ინტელექტუალებსა და მწერლებს, პოეტებსა და დრამატურგებს, მოქანდაკეებსა და მხატვრებს, გლეხებსა და მუშებს, რა ბედი ეწევა ჰანსს. ამ უკანასკნელს ესმის, რომ ისიც სხვების ბედს გაიზიარებს, სამსახურს დაკარგავს, დაკარგავს კატარინას, დადგება სამუდამოდ დაშორების დრო, ბერლინის კედელთან ერთად დაინგრევა მის მიერ აღმართული კედლებიც.

ჰანსის მოლოდინი მართლდება.

მესამედ შორდებიან.

კატარინა ჰანსისგან თავისუფლდება.

„ხედავს თავის თავს, როგორ იხსნის პირველად ჰანსის ნაჩუქარ ბეჭდებს და როგორ მსუბუქდება ამისგან, ისე აუტანლად მსუბუქდება, რომ ეშინია, არ აფრინდეს და ჰაერში არ გაუჩინარდეს.“

რომანის ეპილოგში ვკითხულობთ, რომ მათი ურთიერთობის დასრულებიდან წლების გასვლის შემდეგ, კატარინა აღმოაჩენს ჰანსის ჩანაწერებს, ის ოთხმოციანი წლების დასაწყისში შტაზის თანამშრომელი იყო, რომელსაც საქმიანობა ოფიციალურად 1988 წლის 13 მაისს შეუჩერეს და მკითხველისთვის თითქოს გასაგები ხდება, საიდან ფლობდა ჰანსი კატარინას დაკითხვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. როგორც ჩანს, ნგრევა სინამდვილე ყოფილა. 

______________________________

[1] გამომცემლობა „ინტელექტი“, 21-ე საუკუნის პრემირებული წიგნები, მთარგმნელი - მაია ფანჯიკიძე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა