გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი | ჩემი ამბავი

დავიბადე და მალევე გავიზარდე თელავში. თბილისში გავატარე სტუდენტობის ოთხი წელი. პანდემიის პერიოდში მშობლიურ თელავს დავუბრუნდი. ახლა უკვე მესამე წელია თბილისში ვარ გამაგრებული. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ქუთაისში ვცხოვრობ.

ბოლო ექვსი წელია, სექტემბერი და ოქტომბერი ჩემს ცხოვრებაში თითქმის მთლიანად ქუთაისს ეკუთვნის. სად უნდა დარჩეს სტუმარი, მიიღო თუ არა დავით დავითიანმა DCP, გაიხსნა თუ არა სუბტიტრი, ვინ ჩამოდის, ვინ ვეღარ ჩამოდის, რომელ დარბაზშია კონკრეტული ჩვენება და რატომ არ გვახსოვს ხოლმე თავად ორგანიზატორებს, რომელ დარბაზშია კონკრეტული ჩვენება.

16-22 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მე-6 გამოშვებას ვუმასპინძლებთ. ამ ექვსმა წელმა ქალაქი, სადაც შორეული ნათესავიც კი არ მყავს, ჩემი იდენტობის ნაწილად აქცია. მგონია, მეტ-ნაკლებად იგივე დაემართათ ჩვენი გუნდის სხვა წევრებსაც.

ამიტომ წლევანდელ ფესტივალზე ფიქრისას ერთი სიტყვა სულ თავში მიტრიალებს: იდენტობა. რა არის ჩემი იდენტობა ამ ფესტივალზე? რა არის თვითონ ფესტივალის იდენტობა? რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ქუთაისთან? და ბოლოს, რას გვპასუხობს ამ კითხვებზე 2026 წლის პროგრამა?

ჩემი ამბავი

ფესტივალზე რამდენიმე სხვადასხვა საქმის კეთება მიწევს. ერთ დღეს შეიძლება საკონკურსო ფილმებზე ვფიქრობდე, მეორე დღეს კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეს ვწერდე, მესამე დღეს ვინმეს ვუხსნიდე, რა ფორმატში გვჭირდება ფილმის ფაილი, ხოლო მეოთხე დღეს დისტრიბუტორს ვევაჭრებოდე ფილმის ფასზე. რაღაც მომენტში იმდენად ინტენსიური ხდება ყველაფერი, რომ საერთოდ აღარ იცი, ვარგა თუ არა პროგრამა თუ განრიგი რომელზეც თვეები იმუშავე.

ამიტომ მიყვარს, როცა მეგობრები ძალიან პრაქტიკულ კითხვებს მისვამენ: „როგორ ჩავიდეთ ქუთაისში?“, „სად დავრჩეთ?“, „სად ვჭამოთ?“ ან „რომელ დღეს ჩამოვიდე, რომ ყველაზე კარგი ფილმები ვნახო?“ ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომელსაც კინოსთან მისი სიყვარულის გარდა საერთოდ არაფერი აკავშირებს, ბოლო წლებში სამსახურში შვებულებას სპეციალურად ფესტივალისთვის იღებს. ვიცი, რომ ამას მხოლოდ ჩემი მეგობრები არ აკეთებენ.

წლის დასაწყისში ტრიესტის კინოფესტივალზე ერთ-ერთი ევროპული ფესტივალის პროგრამერს შევხვდი. საუბრის დროს უცებ თვითონ მკითხა ქუთაისის ფესტივალზე და სასიამოვნოდ გამიკვირდა. ბოლო წლებში მსგავსი ფრაზებიც სულ უფრო ხშირად მესმის: „ქუთაისის ფესტივალზე მინდა ჩამოსვლა“, „ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენია“, „თქვენთან ადრე ვიყავი და დაბრუნება მინდა“.

როცა ყოველდღიურად რაღაცის ორგანიზებაში ხარ, მისი მასშტაბის ცვლილებას ხშირად გვიან ამჩნევ. ალბათ ამიტომ არის განსაკუთრებით უცნაური, როცა შენგან ძალიან შორს, სხვა ფესტივალზე, ვიღაც იმ ღონისძიების შესახებ გეკითხება, რომლის პროგრამის ცხრილიც რამდენიმე საათის წინ ლეპტოპში გქონდა გახსნილი.

ფესტივალის იდენტობა

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი კინოფესტივალის შექმნის იდეა 2018 წელს გაჩნდა. ჩვენი ფესტივალის დირექტორი, კინოკრიტიკოსი ნინო მხეიძე მაშინ ქუთაისში ქართული კინოფორუმის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელსაც მეც და ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც ვესწრებოდით. სხვა ბევრი ქართული ქალაქისგან განსხვავებით, აქ იყო კინოთეატრი, ინტერესი, განცდა და მზაობა რომ ქალაქს ასეთი ღონისძიება ჭირდებოდა.

ეს იდეა ნინო მხეიძემ რეჟისორ ნინო ახვლედიანს გაანდო, რომელმაც აიტაცა ქუთაისის კინოფესტივალის კონცეფცია და სრულიად ახვლედიანების ოჯახიც ჩაერთო პროცესში.  ჩვენი ფესტივალის საღამოების ერთ-ერთი მთავარი მოვლენაც ნინო ახვლედიანის დედის, მუსიკოსი და პიანისტი ნანა ავალიშვილის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებები გახდა.

პირველი გამოშვება მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2021 წელს ჩავატარეთ. პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებდა და ბევრი დიდი კინოფესტივალი ონლაინ ფორმატზე იყო გადასული. ჩვენ კი ფიზიკური ფესტივალი დავიწყეთ სოციალური დისტანციით, ნიღბებით, შეზღუდული რაოდენობის ადგილებითა და მხოლოდ რამდენიმე ათეული სტუმრით.

გასულ წელს კი ექვსი დღის განმავლობაში დაახლოებით 8,000 დასწრება დაფიქსირდა (ეს ნიშნავს რომ 8,000 შესვლა დაფიქსირდა დარბაზში და არა 8,000 ადამიანს). წელს უკვე შვიდდღიანი პროგრამა გვაქვს. თუმცა მგონია, დღეებისა და სტუმრების რაოდენობა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ფესტივალი გაიზარდა და არა იმას, თუ რა არის მისი იდენტობა.

ამ ექვსი წლის განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ როგორი ფესტივალი გვინდა ვიყოთ. პირველ რიგში, ეს არის მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალი და ჩვენი მთავარი პრიორიტეტიც ამ ფორმის განვითარება და პოპულარიზაციაა. წლევანდელ საკონკურსო პროგრამაზე თვეების განმავლობაში ვმუშაობდით, ვწერდით დისტრიბუტორებსა და მეგობარ პროგრამერებს, დავდიოდით ფესტივალებზე და იქიდან მოგვქონდა ზოგიერთი ნამუშევარი.

ხოდა, საკონკურსო პროგრამა უეჭველად სანახავია.

მოკლემეტრაჟიანი კინო ჩვენთვის სრულმეტრაჟიანი კინოს პატარა ან დამწყები ვერსია არ არის. მას თავისი ფორმა, რიტმი და თავისუფლება აქვს. ხშირად სწორედ მოკლემეტრაჟიან ფილმებში ხვდები რეჟისორებს იმ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ თავისუფლად ცდიან იმას, რასაც რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა ვეღარც გაბედონ.

2026 წლის საკონკურსო პროგრამას შეაფასებს ჟიური, რომლის თავმჯდომარე რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილია. ჟიურის წევრები არიან რეჟისორი ანა ურუშაძე, მსახიობი და რეჟისორი ჯასტინ ვედელი, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, კინოკრიტიკოსი პაულო პორტუგალი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი და პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე. ისინი ოქროს დინოზავრს გადასცემენ საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორსა და საუკეთესო ოპერატორს, საკუთარ ფავორიტს კი ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურიც გამოავლენს.

კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, მარტივია: ჩვენს კინოჩვენებებზე, ლექციებსა და მასტერკლასებზე დასწრება უფასოა. ჩემთვის ეს ფესტივალის იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ქუთაისი და ფესტივალი

ექვსი წლის განმავლობაში ქუთაისში ბევრი მეგობარი შევიძინე და ქალაქს უკვე მხოლოდ ფესტივალის ერთი კვირით აღარ ვიცნობ. ვიცი ისიც, რომ ქუთაისი სამოთხე არ არის. საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, აქაც არსებობს ეკონომიკური სირთულეები, სიღარიბე, ახალგაზრდებისთვის შეზღუდული შესაძლებლობები, კულტურული ღონისძიებების ნაკლებობა თუ პოლიტიკური პრობლემები.

არც მინდა ისე დავწერო, თითქოს წელიწადში ერთი კვირით ჩავდივართ და ქალაქში კულტურა შეგვაქვს. ქუთაისს ჩვენამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა საკუთარი კულტურული ცხოვრება და ჩვენ შემდეგაც ექნება. ჩემთვის ბევრად საინტერესოა ის, რომ ამ ექვს წელიწადში ფესტივალმა ქალაქის ცხოვრებაში თავისი პატარა, მაგრამ უკვე საკმაოდ მკაფიო ადგილი იპოვა.

ამას ყველაზე უკეთ მაყურებელი აჩვენებს. ჩვენებებზე მოდიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, კინოს პროფესიონალები, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, ჩვენი მეგობრები, მათი მეგობრები და ადამიანები, რომელთა სახელებიც საერთოდ არ ვიცით, თუმცა ზოგს უკვე სახეზეც ვიცნობთ. ზოგიერთი მათგანი პროგრამას ჩვენზე უკეთაც იცნობს.

ამ ურთიერთობის მნიშვნელობა განსაკუთრებით ერთ-ერთ ყველაზე რთულ წელს გამოჩნდა, როცა ფესტივალის ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა და თანხების მოსაგროვებლად საჯარო კამპანია დავიწყეთ. დაახლოებით, ორ კვირაში სრულიად სხვადასხვა ადამიანმა გადმორიცხა თანხა და ფესტივალი საბოლოოდ ჩატარდა.

ამიტომ როცა ვამბობთ, რომ ეს ხალხის ფესტივალია, ამ ფრაზას საკმაოდ პირდაპირი მნიშვნელობაც აქვს. ერთ მომენტში ხალხმა ეს ფესტივალი ნამდვილად გადაარჩინა, დღეს კი იგივე ადამიანები და მათი მსგავსი ათასობით მაყურებელი ყოველწლიურად ავსებენ დარბაზებს.

ფესტივალის დღეებში უკვე იმდენი რამ ხდება, რომ შეიძლება ორგანიზატორს ჰკითხოთ: „ფაუსტი რომელ დარბაზშია?“ და სრულიად გულწრფელი პასუხი მიიღოთ: „არ ვიცი.“ შემდეგ ორივე ერთად პროგრამას გადავხედავთ. ესეც ფესტივალის ყოველდღიურობის ნაწილია.

მეექვსე გამოშვების იდენტობა

ყოველ წელს ფესტივალს თავისი ხასიათი აქვს. 2026 წლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ევროპა და ევროპული კინოა. ეს საკმაოდ ფართო ფორმულირებაა და ჩვენც საკმაოდ ფართოდ მივუდექით.

იქნება უნგრული ახალი ტალღის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, იტალიური კინოკლასიკის პროგრამა „შრომა, დრო და მეხსიერება“, გოეთეს ინსტიტუტის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სელექცია და ფრანგული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი კრის მარკერის რეტროსპექტივა. ფესტივალის ფარგლებში დასრულდება ევროპული კინოტური საქართველოში, სადაც ვაჩვენებთ უნგრულ ფილმ საცავსა და ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სელექციას.

პროგრამაში ასევე იქნება „უკრაინა ბავშვების ობიექტივში“, სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმები, სტუდენტური კინო, სომხური მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს პანორამა და უახლესი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

წლევანდელი პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება. რეზო გაბრიაძის 90 წლის იუბილეს ეძღვნება ფესტივალის გახსნის ფილმი, ლევან გაბრიაძის „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, ასევე ვაჩვენებთ რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით გადაღებულ „ფეოლასა“ და „ქვევრს“.

ნანა მჭედლიძის ასი წლის იუბილეს „პირველი მერცხლით“ აღვნიშნავთ, კინოოპერატორ ლევან პაატაშვილის ასი წლის იუბილეს თენგიზ აბულაძის „სხვისი შვილებით“, სესილია თაყაიშვილის საიუბილეო თარიღს კი ლანა ღოღობერიძის „ფერისცვალებით“.

ფესტივალის იდენტობას სწორედ ძველი და ახალი კინოს გვერდიგვერდ ჰარმონიული არსებობაც ქმნის. შეიძლება ასი წლის ფაუსტიდან (1926) გამოხვიდე, შემდეგ კრის მარკერის ვიდეო-ესსეს შეავლო თვალი და ცოტა ხანში სრულიად ახალ ქართულ პრემიერაზე აღმოჩნდე.

კი, დასწრება უფასოა!

რა ვნახოთ?

განვმეორდები: ნახეთ საკონკურსო ფილმები.

არა იმიტომ, რომ ყველაფერი აუცილებლად მოგეწონებათ, არამედ იმიტომ რომ აქ გაიგებთ ვინ არიან მომავლის კინოს ავტორები, თავისი ხშირად ბავშვური გულწრფელობით, ზოგჯერ ინოვაციურობით, შეცდომებით, იმედით და უიმედობით. ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სელექციაში მაინც ერთი რჩება: მათ არ ატყვიათ პროდიუსერის ხელი და შეუბღალავი რჩებიან სამომხმარებლო ლოგიკისგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის კარგია ეს ფილმები.

კონკურსის გარდა, წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული პრემიერა თუ რეტროსპექტივაც გვაქვს. ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს უტა ბერიას „ცრემლსადენ გაზს“, ანა ურუშაძის „მეორეხარისხოვან როლს“ და ნანა ჯანელიძის „ქმნილების ხელოსანს“, რომლითაც 22 ოქტომბერს ფესტივალი დაიხურება.

ქუთაისში პირველად იქნება ნაჩვენები თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის „ქართლის ცხოვრება“, მაკა გოგალაძის „შენზე ვფიქრობდი ახლა“ და „რაც თავი მახსოვს“, ინეკე სმიტსის „პუტინის დედა“, ივან სულუეტას „აღტაცება“ და მარლენ ედოიანის „ცეცხლი იქ“. პროგრამაშია კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმი „არავინ არ ჩანს“ და პაპუნა მოსიძის მხატვრული ფილმი „ქალაქის ხმაური“.

აქედან ბევრი მეც არ მაქვს ნანახი და ერთი სული მაქვს მოვიდეს 16 ოქტომბერი.

რას მოვუსმინოთ?

დიახ, ისევ კინოფესტივალზე ვსაუბრობთ, უბრალოდ მუსიკაც ძალიან გვიყვარს.

2026 წელს ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს „ფაუსტს“ ასი წელი უსრულდება. ფილმს ცოცხალი მუსიკალური გაფორმებით ვაჩვენებთ, ჩვენებას კი გიგი ცინცაძე და ბენდი გააფორმებენ. გერმანული ექსპრესიონიზმი, მეფისტოფელი, ასი წლის მუნჯი კინო და ცოცხალი ჯაზი ქუთაისში. ზოგჯერ პროგრამის შედგენისას არსებობს ძალიან მარტივი არგუმენტი: ამის ნახვა თვითონაც გვინდა.

მუსიკითვე დაიწყება ფესტივალის ღამის ცხოვრებაც. გახსნის საღამოს, ღამის კლუბ Reflector-ში, ფესტივალთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე დაუკრავენ Skazz, Izmir და Louie Baratashvili. თუ წინა წლების გამოცდილება რამეს გვასწავლის, სადღაც აუცილებლად მივალთ კარაოკემდეც.

მაგრამ მოსასმენი მხოლოდ მუსიკა არ იქნება. რეჟისორი დიმიტრი მამულია საჯარო ლექციას წაიკითხავს ნელ კინოზე, გაიმართება შეხვედრა მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კი ჩატარდება დისკუსია „რეგიონის ახალი ხედვა: ქალთა ხმები და რეპრეზენტაცია“.

იქნება Q&A-ები, მასტერკლასები და შეხვედრები, ასევე ის საუბრები, რომლებიც ოფიციალურ პროგრამაში საერთოდ არ წერია. კინოთეატრის წინ, კაფეში, ჩვენებებს შორის ან ღამის ორ საათზე დაწყებული საუბრები ხშირად ფესტივალის ყველაზე ხანგრძლივი ნაწილია.

ადამიანები

თუ ამ ექვსი წლის განმავლობაში ფესტივალის იდენტობა შეიცვალა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კინოჩვენება არ არის მისი ერთადერთი ცენტრი.

წლევანდელ რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნოს რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი გაუძღვებიან. სახელოსნო იმ მოკლემეტრაჟიან პროექტებზე იმუშავებს, რომლებიც უკვე მონტაჟის ეტაპზეა.

კინოკრიტიკის სახელოსნოს კი მკვლევარი, ჟურნალისტი და პროგრამერი ლაურა ვან ჟაულენი გაუძღვება. წელს სახელოსნოს მონაწილეები ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურისაც შექმნიან და საკონკურსო პროგრამიდან საკუთარ ფავორიტს აირჩევენ.

ეს ჩემთვის ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, რადგან წლების განმავლობაში ადამიანები სხვადასხვანაირად გვიბრუნდებიან. ვიღაც პირველად სახელოსნოს მონაწილეა და შემდეგ უკვე ფილმით ჩამოდის. ზოგი პროექტი, რომელიც აქ პირველად განიხილეს ან წარადგინეს, მოგვიანებით მართლაც ფილმად იქცა. ზოგი სტუმარი მეგობარი გახდა, ზოგი ნაცნობობა კი თანამშრომლობად გაგრძელდა.

ამიტომ ფესტივალი საბოლოოდ მხოლოდ ფილმების სია არ არის. მისი იდენტობა იმ ადამიანებითაც იქმნება, რომლებიც ყოველ წელს ამ ფილმების გარშემო იკრიბებიან და შემდეგ რაღაც ნაწილი თან მიაქვთ.

Frequently Asked Questions (FAQ)

- ბილეთები რა ღირს?
- არაფერი. ჩვენს კინოჩვენებებზე, ლექციებსა და მასტერკლასებზე დასწრება უფასოა.

- თუ კინოს სფეროში არ ვმუშაობ, მოვიდე?
- აუცილებლად. სინამდვილეში ეს ფესტივალი მხოლოდ კინოს პროფესიონალებისთვის რომ ყოფილიყო, საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა.

- რომელ ჩვენებაზე წავიდე?
- კონკურსზე და უნგრულ ახალ ტალღაზე. დანარჩენებზე მე წავალ.

- რომელ დარბაზშია ჩეჩილია მანჯინის “ქალად ყოფნა”?
- მესამე.

რომელ საათზეა?
- 5-ზე.

- დღისით თუ დილით?
- დღისით.

- რომელ დღეს?
- შემეშვი!

...

16 ოქტომბრიდან შვიდი დღის განმავლობაში ქუთაისში იქნება ახალი და ძველი კინო, მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმები, კრის მარკერი, მურნაუ, უნგრული ახალი ტალღა, ქართული პრემიერები, დინოზავრები, მასტერკლასები, ჯაზი, პოსტპანკი და ძალიან ბევრი ადამიანი.

22 ოქტომბერს გამარჯვებულებს გამოვავლენთ და ფესტივალი კიდევ ერთხელ დასრულდება. მე კი ისევ დაწყევლილ თბილისში დავბრუნდები.

და როცა რამდენიმე კვირის შემდეგ ვინმე ისევ მკითხავს, „შენ ქუთაისში არ ცხოვრობ?“, ცრემლმორეული ვეტყვი, რომ არა.

ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

______________________________

ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის → სრული პროგრამა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა