გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დიმიტრის დიმიტრიადისი ვკვდები როგორც ქვეყანა

როცა ქვეყანა კვდება | ანი დიდიშვილი

„ბიბლიოთეკის თაროებიდან ერთიანად გაქრა პლატონის დიალოგები, (...) ვეღარცერთი კომპოზიცია ვერ აჟღერებდა ვიოლინოს ხმას და ვერცერთი პროექტორი სინათლეს ვეღარ აშუქებდა, (...) რომანებიდან დარჩა მხოლოდ დიალოგები, თეატრალური პიესებიდან კი - სასცენო მითითებები, (...) ექიმთა მიერ დადგენილი დიაგნოზები სულ ცრუვდებოდა, (...)“

1967 წელს სამხედროებმა დაამხეს საბერძნეთის ხელისუფლება და დაამყარეს დიქტატურა, ცნობილი, როგორც „კოლონელთა რეჟიმი“, რომელიც 1974 წლის ივლისში დაინგრა; 1963 წელს ქვეყნიდან წასული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კონსტანტინე კარამანლისი დაბრუნდა პარიზიდან, შექმნა ეროვნული ერთობის მთავრობა და სათავეში ჩაუდგა დემოკრატიულ გარდაქმნას. 

ამგვარად, 1978 წლის საბერძნეთი იყო სამხედრო დიქტატურისგან ახლად გათავისუფლებული, ფორმალურად კონსოლიდირებული, თუმცა კვლავ პოლიტიკური, ეროვნული და იდენტობის კრიზისებით დატვირთული დემოკრატია. ვინაიდან ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან ახლოს იყო სამხედრო დიქტატურის გამოცდილებასთან, საზოგადოებაში კვლავ არსებობდა ეროვნული ტრავმა, დაკარგული ტერიტორიების საკითხი და სამხედრო კონფლიქტის შიში. სწორედ 1978 წლის საბერძნეთში დამკვიდრებული დემოკრატიული ეიფორიის პარალელურ, გარდამავალ და წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში მყოფი ერის ნარატივია დიმიტრის დიმიტრიადისის „ვკვდები, როგორც ქვეყანა“, მაშინაც კი, თუკი არსადაა ნახსენები, რომ ამ ისტორიულ, პოლიტიკურ და ამავდროულად ბიბლიური ალუზიებით დატვირთულ ტექსტში მოქმედება საბერძნეთში ვითარდება. მიუხედავად ამ მოკლე ისტორიული კონტექსტისა, ეს ტექსტი მტკივნეულად ნაცნობი და რელევანტურია ყველა იმ მკითხველისთვის, რომლის ქვეყანაც კვდება.

მთლიანი ტექსტი ერთი დიდი ემოციური მონოლოგია, სადაც ერის მენტალური მდგომარეობის ექსპრესია ხდება ელიფსისებით - ელიფსისის შედეგად მიიღება არასრული წინადადებები, ნაკლული კონსტრუქციები, მაგრამ ინფორმაციის სიზუსტე დაცულია.

ტექსტი იწყება ერის ფიზიკური სიკვდილით:

„(...) და იმ წელიწადს ვერ დაორსულდა ვერცერთი ქალი. ასე გაგრძელდა მომდევნო წლებშიც - მანამ, სანამ მთელი თაობა არ აღესრულა იმგვარად, რომ ამ სამყაროს ერთი ახალი თაობაც კი არ მოვლენია (...)“ - თუმცა, ცხადია აქამდე საზოგადოება ნელ-ნელა მიდის და დროთა განმავლობაში აღარაფერი რჩება გარკვეული: არც ერი, არც იდენტობა, არც სიმბოლო და არც ენა. ქვეყნის კრიზისი აღწევს იმ დონემდე, რომ ის საფუძვლებიც კი ირყევა, რომლითაც საზოგადოება საკუთარ არსებობასა და იდენტობას განსაზღვრავს.

ერის იდენტობის განსაზღვრისთვის კი აუცილებელია წარსული, რომელიც დაუკავშირდება საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის თვითცნობიერებას, მაგალითად იმ ფუნდამენტურ მოვლენებზე არსებული მეხსიერება, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა სოციუმზე. ასეთი მოვლენა საბერძნეთისთვის შესაძლოა ყოფილიყო დიქტატურა და შემდეგ მისი დამხობა; ცხადია, ეს არ არის უნიკალური გამოცდილება და განსაკუთრებით რელევანტური და ნაცნობია დღევანდელი საქართველოსთვის - ქვეყნისთვის, რომელშიც ადამიანებს იჭერენ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებისთვისა და ტროტუარზე დგომისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც არათუ უვლის, მეტიც - ასხვისებს ისტორიულ ძეგლებს, ქვეყნისთვის, რომელშიც სიცილის გამო კლავენ:

„ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს, როგორ იხოცებიან უხილავი ხელით მოცელილი ადამიანები პირდაპირ ქუჩებში, ვერ შეძლებს გაიგოს, თუ რა არის და რას ნიშნავს ქვეყნის სიკვდილი…“

და ბოლოს - „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ განსაკუთრებით ნაცნობია ერისთვის, რომელიც აქ და ახლა უყურებს როგორ გადადიან მაღალჩინოსნები საპარლამენტო თანამდებობებიდან ხან სხვა ქვეყნებში, ხანაც კი - ციხის საკნებში:

„უცებ იფეთქა პრემიერის და მინისტრების ეპიდემიამ, რომლებიც ძილსაც კი ვერ ბედავდნენ, თუ მათ ლაქიებს ხელზე ხელი არ ეკიდათ და მინისტრთა კაბინეტის შეკრებების დროს შიშით იფსამდნენ, რადგან ხედავდნენ მათ წინ, ოვალურ მაგიდაზე დასვენებულ, საკუთარ გვამებს…“

დიმიტრიადისის ტექსტში გამოხატული მაღალჩინოსნების და მათი ინსტიტუციის ნგრევა ქართულ სცენაზე მიშა ჩარკვიანის სპექტაკლში, რომელიც ამავე ტექსტზე დაყრდნობით  2023 წელს, ახალი თეატრის სცენაზე დაიდგა ალბათ ყველაზე რეზონანსული სცენა იყო - ძველ ტელევიზორში  აჩვენებენ ცნობილი ინტერვიუს ფრაგმენტს ირაკლი ღარიბაშვილთან, 2023 წელს კატარის ფორუმზე და ამ გამოსახულებას კახა კინწურაშვილის პერსონაჟი ჩაქუჩს ურტყამს და ანადგურებს მანამ, სანამ ირაკლი ღარიბაშვილის ხმა არ გაქრება და დარბაზი ჩაბნელდება.

სპექტაკლის მთლიან სცენას წარმოადგენდა უზარმაზარი დახრილი დაფა, რომელზეც პერსონაჟები რუტინულად მოძრაობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა სიზიფეს მითის მსგავსად არა აღმართზე ასვლა არამედ პირიქით - ნელი, მტკივნეული და შრომატევადი ჩამოსვლა იყო - მაინც შეიმჩნეოდა ეს არქეტიპი.

სასოწარკვეთილი პერსონაჟების მონოლოგები და მათი მოძრაობები მძაფრ, უსიამოვნო შეგრძნებას აჩენდა მაყურებელში, რომელიც მსახიობების შესანიშნავი შესრულების ფონზე იმ რეალობას ხედავს, რომელიც თეატრის შენობის გარეთ, სპექტაკლზე მოსვლამდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც გრძელდება.

სპექტაკლის ბოლოს, სცენაზე მაღლიდან ცვივა ნივთები, რომლებიც ქვეყნის უახლესი წარსულისა და იმ მოვლენების რეტროსპექტივაა, რომლებიც დღეს ქართველი ერის იდენტობას განსაზღვრავს. ფინალში კი მთლიან სცენაზე გამოისახება გელათის ღვთისმშობლის მოზაიკის ინსტალაცია, რომელიც სინესტისგან ნელ-ნელა ნადგურდება, როგორც ქვეყნის პორტრეტი.

„ქართველ მკითხველს

ამ ბრძოლაში მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, რამდენადაც ამის უფლებას მაძლევს მანძილი, მაგრამ ასევე - ის დიდი სიყვარული და აღფრთოვანება, რომელსაც თქვენ მიმართ ვგრძნობ..

დიახ, იცოცხლებს თქვენი ქვეყანა!“

დიმიტრის დიმიტრიადისი 

დიმტრის დიმიტრიადისს შეხვდებით თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალზე 24-27 სექტემბერს. 

თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის → სრული პროგრამა

ავტორი: ანი დიდიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა