ვის შეუძლია ღმერთის პოვნა? | ნინო ხარატიშვილის „ლომგულები“
საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურის კითხვა, ჩვეულებრივ, ასტრიდ ლინდგრენით, ძმები გრიმებით, მარკ ტვენით იწყება. ამ ავტორების წიგნები ჩვენს ლიტერატურულ მეხსიერებაში თავისთავად იკავებენ ხოლმე ადგილს. ჩემი კითხვის ისტორია ამ თვალსაზრისით არც ისე თანმიმდევრული ყოფილა. იმ ასაკში, როცა, ალბათ, „პეპის“, „ტომ სოიერისა“ თუ ზღაპრების სამყაროში უნდა აღმოვჩენილიყავი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვოინიჩის „კრაზანა“ ჩამივარდა ხელში. რამდენად იყო გამართლება ან გამართლებული ეს არჩევანი მაშინ, ძნელი სათქმელია, მაგრამ ისტორია ასეთია და, ცხადია, ვერაფერს შევცვლი.
მოგვიანებით იმ წიგნებთან დაბრუნება დავიწყე, რომლებიც ბავშვობაში გამომრჩა. ზოგი მათგანი პირველად აღმოვაჩინე, ზოგი თავიდან წავიკითხე, ზოგიერთს კი წლების შემდეგ რამდენჯერმე მივუბრუნდი. ნინო ხარატიშვილის „ლომგულებიც“ ამ დაბრუნებებისა თუ აღმოჩენების გზაზე შემომხვდა. ეს წიგნი იმ ლიტერატურულ ტექსტთა კატეგორიას მიეკუთვნება, ერთი შეხედვით ბავშვებისთვის რომ არის დაწერილი, მაგრამ სინამდვილეში ბავშვებისთვის განკუთვნილ ენასა და ჟანრობრივ ჩარჩოს გაცილებით დიდ, რთულ და სასტიკ სამყაროზე სასაუბროდ იყენებს.
„ლომგულები“ იმ სამყაროს შესახებ სვამს კითხვებს, რომელშიც ბავშვებს უწევთ გაზრდა. ბავშვებიც, პერსონაჟებთან ერთად, იმ პერსპექტივად იქცევიან, რომლის გავლითაც ზრდასრულთა სამყაროს წინააღმდეგობები, უთანასწორობა და ზოგჯერ აბსურდიც ხელის გაწვდენის მანძილიდან ჩანს.
ლიტერატურაში ბავშვის პერსპექტივა ხშირად სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს - არღვევს იმ აზროვნების ინერციას, რომლითაც ზრდასრულთა სამყარო უკვე ახსნილად და სახელდებულად მიიჩნევა. ბავშვი მუდმივად სვამს კითხვებს, მისთვის არაფერია ბოლომდე ბუნებრივი, სტატიკური და მიღებული. შესაბამისად, ნებისმიერი შეთავაზებული „ჭეშმარიტება“ შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს.
ვის შეუძლია ღმერთის პოვნა, თუკი ის საერთოდ არსებობს?
ეს ის მთავარი კითხვაა, რომლის გარშემოც „ლომგულების“ მოქმედება ვითარდება და აქ, რა თქმა უნდა, ღმერთი არც რელიგიურ ცნებას უნდა დავუკავშიროთ და არც მხოლოდ რწმენის საკითხს. ამბავი იწყება ბანგლადეშიდან, ქარხნიდან, სადაც ბავშვები მსოფლიო ბაზრისთვის რბილ სათამაშოებს კერავენ. მათ შორის არის რვა წლის ანანდიც. მისი ბავშვობა ნაადრევად დამთავრდა: სკოლაში სიარულის ნაცვლად მუშაობს, რადგან ოჯახის რჩენა უწევს. დედამისი კი დელიში, „სიხარულის სახლში“, სუროგატ დედად მიდის, ან როგორც ანანდი ამბობს, „თავის მუცელს აქირავებს“, რათა სანახევროდ აშენებული სახლი დაასრულოს.
ამავე დროს, ანანდს ის სურვილები აქვს, რომლებიც, ერთი შეხედვით, განსაკუთრებულად არ მოგვეჩვენება - სკოლაში სიარული, ჯადოქრობა და უკეთესი სახლი სურს. ღმერთს წერილს წერს, თავის იმედებს რბილი ლომის მუცელში მალავს და სათამაშოს გზავნის იმ სამყაროსკენ, სადაც, მისი წარმოდგენით, ღმერთი უნდა ცხოვრობდეს. ლოგიკაც ბავშვურად მარტივია და გეოგრაფიულად განსაზღვრულიც: თუ ევროპა მდიდარია, ღმერთიც, ალბათ, იქ იქნება.
ლომს, რომელიც ისედაც ჩვეულებრივი ლომი არ არის, ანანდი მეორე თვალს ბოლო წუთს აკერებს - ოდნავ მრუდედ, დაბრეცილად. ამ პატარა, თითქმის უმნიშვნელო დეტალში მთელი წიგნის ინტონაციის აღმოჩენა შეგვიძლია: არასრულყოფილი, ხელით შექმნილი, ცოტა უცნაური და მაინც საოცრად ცოცხალი არსება იწყებს მოგზაურობას სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო რთული აღმოჩნდება, ვიდრე რვა წლის ბიჭის წარმოდგენებში იყო.
ლომის მოგზაურობა ბანგლადეშიდან ევროპისკენ იწყება და იქიდან კიდევ უფრო შორს - გერმანიიდან სენეგალში, მალიში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ინდოეთში. ყოველ ახალ „სადგურზე“ ახალი ამბავი იწყება, ახალი პერსონაჟები და ახალი კონფლიქტები ჩნდება, მაგრამ ლომი ამ ფრაგმენტულ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი ერთდროულად არის ნუგეშისა და იღბლის მომტანი, თანამგზავრი და იმედის მატარებელი. ამ მრავალფეროვან სამყაროში უწყვეტ ხაზს სწორედ ლომი ქმნის.
მას შემდეგ, რაც ლომი ბანგლადეშიდან გერმანიაში, ემასთან აღმოჩნდება, ტექსტი მკითხველს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ სოციალურ და ეკონომიკურ რეალობებს შორის გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. ერთი მხრივ, წარმოდგენილია სიღარიბით, მატერიალური დეფიციტითა და შეზღუდული შესაძლებლობებით განსაზღვრული გარემო, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური კეთილდღეობის, სოციალური უსაფრთხოებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სივრცე. მიუხედავად ამ ორი სამყაროს აშკარა განსხვავებისა, არსებითი პრობლემა უცვლელი რჩება - ბავშვების მდგომარეობა და მათი მომავლის საკითხი.
ამ პრობლემატიკის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოვლინებაა შობის საღამოს განვითარებული ეპიზოდი, როდესაც ემა აფრიკისთვის ნივთების შეგროვების სასკოლო პროექტზე საუბრობს. ერთი შეხედვით, აღნიშნული აქტივობა ქველმოქმედების, სოლიდარობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოზიტიურ პრაქტიკად მიიჩნევა, თუმცა ემას მიერ გამოთქმული მოსაზრებები ამგვარი ინტერპრეტაციის სიმარტივეს არღვევს და ქველმოქმედების ეთიკურ საფუძველს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შეიძლება თუ არა კონკრეტული ქმედება გულუხვობად და ქველმოქმედებად მივიჩნიოთ მაშინ, როდესაც გამცემი მხოლოდ იმ რესურსს თმობს, რომელსაც თავად უკვე აღარ ანიჭებს მნიშვნელობას?
ამ კითხვით ნინო ხარატიშვილი ძალაუფლებრივ ასიმეტრიასაც გამოკვეთს. ქველმოქმედება, რომელიც ერთი შეხედვით თანასწორობისა და სოლიდარობის ჟესტს წარმოადგენს, შესაძლოა, სინამდვილეში „მქონებლისა“ და „არმქონებლის“ ურთიერთობას კვლავაც იმავე იერარქიულ ჩარჩოში ტოვებდეს.
ბავშვთა პერსპექტივის მეშვეობით „ლომგულები“ აჩვენებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ მატერიალური რესურსების გადანაწილებას არ გულისხმობს, იგი მოითხოვს იმ სისტემური პირობებისა თუ პრობლემების გააზრებასაც, რომლებიც ადამიანთა განსხვავებულ შესაძლებლობებსა და ცხოვრებისეულ პერსპექტივებს განსაზღვრავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგის შესაძლებლობა არსებობს მაშინაც კი, როდესაც ადამიანებს ერთმანეთისგან ენა, კულტურა, სოციალური მდგომარეობა და ცხოვრებისეული გამოცდილება აშორებს. ამ შესაძლებლობის ძიება გასდევს „ლომგულების“ სამყაროს. ლომის მოგზაურობაც ერთი ბავშვიდან მეორისკენ მიმავალი უხილავი ძაფია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სრულიად განსხვავებულ ცხოვრებებს და გვაჩვენებს, რომ განსხვავებებს მიღმა ხშირად ადამიანური განცდები და ტკივილები უბრალოდ საყოველთაო და საერთოა.
ლომი გერმანიიდან სენეგალში აღმოჩნდება, კიანოსა და ზულასთან. მათი შეხვედრა მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, ეს პერსონაჟები ერთმანეთის საპირისპირო მდგომარეობაში არიან. კიანო ძლიერი სამყაროდან მოდის, მამამისი ბიზნესმენია, რომლის საქმიანობაც ადამიანების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანაა. მას არც ლომის ეშინია, არც მილიციის და არც პრეზიდენტის. მის სამყაროში ძალაუფლება შიშსა და გავლენას ეყრდნობა. ზულას მდგომარეობა კი სრულიად საპირისპიროა: საზოგადოების მიერ შექმნილი სტერეოტიპების, მოგონილი ჯადოქრობისა და მიუღებლობის გამო ის გარიყულია და თანატოლებთან საკუთარი ადგილის პოვნას ვერ ახერხებს.
ამ კონტრასტს კიდევ უფრო ამძაფრებს ძალაუფლების გამოყენების მექანიზმები. კიანოს ოჯახში ძალაუფლება ადამიანებზე ზემოქმედების საშუალებაა, თავად კიანო კი ამ ძალაუფლებას ზულას მთავარი ოცნების ასახდენად იყენებს. სიკეთის საპასუხოდ ლომს იღებს, რაც ზულას მხრიდან ნდობისა და მადლიერების გამოხატულებაა.
ლომის მოგზაურობა გრძელდება.
მალიში, სადაც კიანო ამარს ხვდება, ვხედავთ, რამხელა გავლენა აქვს რწმენასა და ნდობას, რამხელა გავლენა აქვს მშობელს არა მხოლოდ შვილის პიროვნების ფორმირებაზე, არამედ მისი ოცნებების ჩამოყალიბებაზეც. კიანო ფიქრობს, რომ გახდება ვიზიონერი, შექმნის ხელოვნურ წვიმას და ამით შეძლებს იმ რეალობის შეცვლას, რომელშიც ცხოვრობს. მასში მამის მიმართ უნდობლობა, ძმისა და მამის მიმართ დაგროვილი წყენა და მათთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილი იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ოცნება ერთდროულად შემოქმედებითი მისწრაფებისა და წინააღმდეგობის ფორმა ხდება. მას სურს შექმნას ისეთი მომავალი, რომელიც მშობლების მიერ განსაზღვრულ რეალობას აღარ დაექვემდებარება და რომლის ავტორიც თავად იქნება. ის ამარს, რომელიც ოჯახთან ერთად კიანოს ბიზნესმენი მამის „მგზავრია“, ლომს ჩუქნის და ლომი ესპანეთში მიემგზავრება.
ესპანეთში, ამარისა და იოვანას ისტორიაში, ლომი კიდევ ერთხელ იცვლის სიმბოლურ მნიშვნელობას. ლტოლვილი ამარი და ბულგარელი იოვანა ერთმანეთის ენას ვერ იგებენ, მაგრამ მათ შორის კავშირს ლომი ამყარებს. იქ, სადაც ენა, ქვეყანა და ცხოვრების გამოცდილება ბავშვებს ერთმანეთისგან აშორებს, ლომი მათ შორის უხილავ ხიდად იქცევა.
ამ ისტორიაში ბავშვური წარმოსახვა სასტიკ რეალობას ერწყმის. ნაადრევი ქორწინება, სახლიდან გაქცევა, ოჯახის დაკარგვა, ძალადობა და დის გამოსყიდვის სურვილი მათი სამყაროს ნაწილია, თუმცა ბავშვები ამ მძიმე გამოცდილებას თავიანთი ფანტაზიით ამუშავებენ.
და მაშინ, როდესაც ტალღა ამარს ხელიდან ლომს გამოსტაცებს, იოვანა თავის სპილოსაც თმობს. ასეა, სასწაულმოქმედი არსებები აღარ გჭირდება, როდესაც საკუთარი თავის რწმენა გიბრუნდება და ხვდები, რომ ჯადოსნობა არა ზებუნებრივ ძალაში, არამედ სხვისი ტკივილის დანახვასა და თანაგრძნობაშია.
მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში, ლომი ბავშვების დაფარული თუ დაუფარავი განცდებისა და ტკივილების თვითმხილველია. ასეა საფრანგეთში, ლუიზეს შემთხვევაშიც, რომელიც ისე ცხოვრობს, როგორც კარნახობენ. და რამდენადაც, შენ, მკითხველს, არ უნდა გეღიმებოდეს ბავშვის ენით ნათქვამ ანდაზებზე, იმდენად მისი არაბავშვურობა გტკენს და გაზიანებს.
ნელ-ნელა დასასრულისკენ მივიწევთ და ანანდის დედასთან, ინდოეთში, „სიხარულის სახლში“ აღმოვჩნდებით. უფრო სწორად, ვხედავთ, რომ ავტორი უფრო სამართლიანი სამყაროს შესაძლებლობას ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვებს ანდობს. ბანგლადეშელი სუროგატი დედის მუცელში მყოფი ტყუპები ოცნებობენ განათლებაზე, ტოლერანტობაზე, მრავალენოვან სამყაროსა და მშვიდობაზე. მათი წარმოდგენები უტოპიურია, მაგრამ სწორედ ამაშია ძალა და მთელი ამ ამბის შინაარსიც, როდესაც არსებული რეალობა უსამართლოა, უკეთესი სამყაროს წარმოდგენა მისი შეცვლის სურვილსაც გულისხმობს.
საბოლოოდ, ლომი ანანდთან ბრუნდება და ბავშვს მის მიერ გაგზავნილ წერილზე ღმერთისგან პასუხიც მოსდის - „ჰო, ანანდ“. თუმცა ნინო ხარატიშვილი პირდაპირ არ გვანდობს შეკითხვის შინაარსს და შეგნებულად ღიად ტოვებს. ისიც უცნობია, ანანდს წერილზე ნამდვილად ღმერთმა უპასუხა, ლომმა თუ შინაგანმა ხმამ.
მაგრამ, ალბათ, სწორედ ამ პასუხისა თუ შეკითხვის ბუნდოვანებაშია „ლომგულების“ მთავარი სათქმელიც. წიგნი არ ცდილობს გვაჩვენოს, სად ცხოვრობს ღმერთი ან როგორ უნდა ვიპოვოთ ის. პირიქით, გვაიძულებს დავფიქრდეთ, რას ვეძახით ღმერთს სამყაროში, სადაც ბავშვები შრომობენ, შიმშილობენ, ძალადობისგან გარბიან და არავის, საერთოდ არავის ესმის მათი. როგორც ჩანს, ლომის მოგზაურობა ადამიანიდან ადამიანამდე მიმავალი კავშირია - იმედის, თანაგრძნობისა და ერთმანეთის დანახვის შესაძლებლობა. და თუ ღმერთის პოვნა ჯერ კიდევ შესაძლებელია, უპირველესად, ის ჩვენში ან ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებში უნდა ვეძებოთ.
ფოტო: AMARTA MAGAZINE