ბედისწერის ორმაგი ტირანია | სალმან რუშდის „შუაღამის შვილები“
სანამ სალმან რუშდის „შუაღამის შვილების“ კითხვას დავიწყებდი, მწერლის პრუსტის კითხვარს გადავხედე, სადაც ამბობს, რომ საკუთარ თავში ყველაზე მეტად რაც აღიზიანებს, ბევრი ლაპარაკია. გვერდით თუ ათასზე მეტ გვერდიანი წიგნი გიდევს და ავტორის ამ აღსარებით ფრაზას იხსენებ, ალბათ, უხერხულად მაინც უნდა გაგეცინოს და თან გაურკვეველი შიშის განცდაც დაგეუფლოს. თუმცა, თუ რუშდი თავის გამაღიზიანებელ თვისებად ბევრ ლაპარაკს მიიჩნევს, მას სხვებში სიჩუმე აღიზიანებს, ამიტომ ამ წიგნზე გაჩუმება ნამდვილად არ ღირს.
„შუაღამის შვილების“ დაბადებამდე
სალმან რუშდი 1947 წლის 19 ივნისს ქალაქ ბომბეიში დაიბადა, იმპერიის ნგრევისა და ახალი სახელმწიფოს შექმნის ზღვარზე. ისტორიის საათზე ინდოეთის დამოუკიდებლობის ისრებმა და მწერლის ცხოვრებამ ერთდროულად დაიწყო მოძრაობა. რუშდი ქაშმირელი მუსლიმების ოჯახში იზრდებოდა, სადაც აღმოსავლური ტრადიცია და დასავლური განათლება ერთმანეთთან თანაარსებობას ახერხებდნენ, ამის დასტურია ისიც, რომ მამა, ანის აჰმედ რუშდი, კემბრიჯში განათლებამიღებული იურისტი და ბიზნესმენი იყო. მოგვიანებით მწერალი თავის მემუარებში დაწერს, რომ გვარი „რუშდი“ მამამ შუასაუკუნეების ფილოსოფოსის, იბნ რუშდის - ავეროესის - პატივსაცემად აირჩია. თითქოს ამით წინასწარ განსაზღვრა კიდეც შვილის მომავალი, რომელიც რწმენასა და გონებას შორის მუდმივ დიალოგში გამოიხატა.
ბავშვობა წიგნებით იყო სავსე. რუშდი იხსენებდა, რომ ინდოელი ბავშვები თითქმის შეპყრობილნი იყვნენ ვუდჰაუსისა და აგათა კრისტის ტექსტებით, ხოლო ლუის კეროლის წიგნებმა - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და „სარკის მიღმა“ - მის წარმოსახვაში ისეთივე კვალი დატოვა, როგორც მოგვიანებით ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელმა“.
სამეცნიერო ფანტასტიკის „ოქროს ხანის“ ავტორები - რეი ბრედბერი, ართურ კლარკი, კურტ ვონეგუტი - მისთვის სამყაროს სხვა ფორმების კარიბჭე გახდნენ. ამავე დროს, ოჯახში წიგნებს თითქმის რელიგიური პატივით ეპყრობოდნენ: თუ რომელიმე წიგნი იატაკზე დავარდებოდა, კოცნიდნენ. „ლექსიკონებსაც ვკოცნიდით, ატლასებსაც, ენიდ ბლაიტონის წიგნებსაც და სუპერმენის კომიქსებსაც,“ - ამბობდა რუშდი. ეს ჟესტი თითქოს მთელი მისი შემოქმედების სიმბოლოდ იქცა: სალმან რუშდისთვის ლიტერატურა წმინდა სივრცე იყო, თუმცა არა იმ გაგებით, რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინა ან ირონია არ შეიძლებოდა შეხებოდა.
ცამეტი წლის ასაკში სამან რუშდის ინგლისში გზავნიან სასწავლებლად და აქედან იწყება მისი შინაგანი გაორებაც: ინდოელი ბიჭი ბრიტანულ გარემოში, ორი კულტურის, ორი ისტორიისა და ორი ენის მუდმივ შეჯახებაში. მოგვიანებით კემბრიჯის King’s College-ში ისტორიას ეუფლებოდა და განსაკუთრებული ინტერესით სწავლობდა ისლამურ რელიგიასა და კულტურას. ისტორია მისთვის არასოდეს ყოფილა თარიღებისა და ფაქტების მშრალი მიმდევრობა, ის მას აღიქვამდა როგორც ნარატივს, რომლის გადახედვა და თავიდან მოყოლაც შესაძლებელია.
ახალგაზრდობაში რუშდი მსახიობობაზე ოცნებობდა, ექსპერიმენტულ თეატრებში, შემდეგ კი ლონდონის სარეკლამო სააგენტოებშიც მუშაობდა. ამ წლებში იგი პარალელურად წერდა პროზასაც. მისი პირველი რომანი, „გრიმუსი“, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა - წიგნს არც მკითხველის და არც კრიტიკოსების ყურადღება არ მიუპყრია. პირველ წიგნთან დაკავშირებით ჯეკ ლივინგსთან ინტერვიუში ამბობს:
„“შუაღამის შვილებზე” მუშაობის დაწყებამდე (დაახლოებით 1975 წლის ბოლოს თუ 1976 წლის დასაწყისში) კრიზისის პერიოდი გადავიტანე. საკუთარ თავში ვერ გავრკვეულიყავი, ვერ ვხედავდი, რომელი გზით უნდა მევლო ლიტერატურაში. ამიტომ ვწერდი ნაგავს – ზოგჯერ ჭკვიანურს, მაგრამ მაინც ნაგავს. ვფიქრობ, ასეთი იყო “გრიმუსიც”. ჩემს სხვა თხზულებებს არ ჰგავს. ან მხოლოდ ნაწილობრივ ჰგავს. ზოგჯერ ძალიან მრცხვენია ამის გამო, მაგრამ უკვე ვერაფერს გავაწყობ. ის გამოქვეყნებულია. ვერაფერს შევცვლი.“
პირველი „ლიტერატურული მარცხის“ შემდეგ სალმან რუშდი დღისით სარეკლამო ტექსტებს წერდა, ღამით კი - „შუაღამის შვილებს“. ამ წიგნზე, რომელიც 1981 წელს გამოვიდა და თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთ გარდამტეხ მოვლენად იქცა, ვრცლად და მოგვიანებით ვისაუბრებ, მანამდე კი სალმან რუშდის ბიოგრაფიის „ცხელ წერტილად“ ქცეულ „სატანურ ლექსებზეც“ ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
რუშდისთვის ლიტერატურა ყოველთვის წინააღმდეგობის ფორმა იყო. ის აცხადებდა, რომ საზოგადოება ცოცხალია მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ „დიდ ნარატივებს“ - ერს, რელიგიას, ტრადიციას - კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სწორედ ამიტომ იყო ყოველთვის რელიგიური ფუნდამენტალიზმის, ცენზურისა და „შეურაცხყოფის კულტურის“ კრიტიკოსი. საკუთარ თავს სეკულარულ ჰუმანისტსა და ათეისტს უწოდებდა, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ მუსლიმურმა კულტურამ შექმნა მისი შემოქმედებითი გზა.
1988 წელს გამოქვეყნებულმა „სატანურმა ლექსებმა“ მწერლის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. რომანში ისლამის, წინასწარმეტყველებისა და რელიგიური წარმოდგენების ინტერპრეტაციამ მუსლიმური სამყაროს ნაწილში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. 1989 წლის 14 თებერვალს აიათოლა ხომეინიმ რუშდის წინააღმდეგ ფატვა გამოსცა - სასიკვდილო განაჩენი, რომელმაც მწერალი წლების განმავლობაში იძულებით მიმალვაში აცხოვრა. წიგნები იწვოდა, გამომცემლები და მთარგმნელები თავდასხმების მსხვერპლნი ხდებოდნენ, ხოლო 1991 წელს რომანის იაპონელი მთარგმნელი ჰიტოში იგარაში მოკლეს.
1995 წლის 9 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა ანგარიში სალმან რუშდის დაცვის შესახებ, რომლის მომხსენებელიც შვედი სოციალისტი დეპუტატი იყო. მიუხედავად საერთაშორისო პროტესტისა და საკითხის გარშემო წარმოშობილი ფართო დებატებისა, ირანის ხელისუფლებას ფატვის განაჩენი არ გაუუქმებია. დოკუმენტი აღნიშნავდა, რომ ფატვამ უკვე გამოიწვია მინიმუმ ერთი მკვლელობა და რამდენიმე ადამიანის მძიმე დაზიანება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუშდის შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა. იმ ქვეყნებში, სადაც ისლამური ფუნდამენტალიზმი ძლიერ გავლენას ფლობდა, ასობით ადამიანი იდევნებოდა საკუთარი შეხედულებების, ტექსტებისა და ინტელექტუალური საქმიანობის გამო. ასამბლეა ასეთ ქმედებებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, განსაკუთრებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, უხეშ დარღვევად აფასებდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლებით არის დაცული.
რეზოლუციის პროექტში ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდა იმ ფაქტის გამოც, რომ რუშდი და მისი წიგნის გამომცემლობასთან დაკავშირებული პირები წლების განმავლობაში სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ცხოვრობდნენ. დოკუმენტი მკაცრად გმობდა მკვლელობისკენ მოწოდებას და იმ უზარმაზარ ფულად ჯილდოს, რომელიც ნებისმიერი მუსლიმისთვის იყო დაწესებული, ვინც ამ „განაჩენს“ აღასრულებდა.
ასამბლეამ დაგმო ძალადობრივი ქმედებები: წიგნის იაპონელი მთარგმნელი მოკლეს, იტალიელი მთარგმნელი მძიმედ დაჭრეს, ხოლო ნორვეგიელი გამომცემელი თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაშავდა. რეზოლუცია ირანის ხელისუფლებას მოუწოდებდა გაეუქმებინა სალმან რუშდისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებული ადამიანების წინააღმდეგ გამოცემული სასიკვდილო განაჩენი. ამასთან, წევრ სახელმწიფოებს სთხოვდა, უზრუნველეყოთ რუშდის უსაფრთხოება მისი ვიზიტების დროს, ემოქმედათ ფატვის გაუქმებისთვის და ირანთან სავაჭრო თუ დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელება ამ საკითხზე დამოკიდებული გაეხადათ.
მომხსენებლის შეფასებით, საქმე ეხებოდა არა კონკრეტული წიგნის ირგვლივ წარმოქმნილ კამათს, არამედ ადამიანის სიცოცხლის, აზრის თავისუფლებისა და სიტყვის უფლების დაცვას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სალმან რუშდის არაფერი ჩაუდენია, მან უბრალოდ დაწერა მხატვრული ტექსტი, რომელიც თავისი ბუნებით ფიქციაა. სწორედ ამიტომ, მისი დევნა აღქმული იყო, როგორც თავდასხმა უნივერსალურ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს ქმნის.
რუშდის წინააღმდეგ გამოცხადებულმა ფატვამ მხოლოდ პოლიტიკური დევნის ისტორია არ შექმნა, მან რუშდი სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდაც აქცია. მას მხარს უჭერდნენ მწერლები და ინტელექტუალები მთელი მსოფლიოდან - უმბერტო ეკო, ჩესლავ მილოში, ედვარდ საიდი, ნაჯიბ მაჰფუზი, კრისტოფერ ჰიჩენსი. ეს ყველაფერი კი წარმოსახვის, ლიტერატურისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლად იქცა.
მიუხედავად ამ და სხვა მცდელობებისა, სალმან რუშდიზე თავდასხმის მცდელობები ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. წიგნის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 35 წლის შემდეგაც რუშდიმ ისლამური სამყაროსგან „პატიება“ ვერ დაიმსახურა და 2022 წელს, ნიუ-იორკში, ლექციის დაწყებამდე, მას დანით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მწერალმა ერთი თვალი დაკარგა და მარჯვენა ხელიც მძიმედ დაუზიანდა. თავდამსხმელი ჰადი მატარი დამნაშავედ ცნეს და 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუშდის მიმართ მუქარები თეირანის რადიოთი ვრცელდებოდა, მწერალმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ნანობდა არა წიგნის დაწერას, არამედ იმას, რომ არ იყო უფრო მკაცრი და კრიტიკული, რადგან „რელიგია, რომელიც ასეთ ქცევას ამართლებს, არ შეიძლება კრიტიკის ზემოთ დადგეს.“
სალმან რუშდის ცხოვრება თითქოს მისი რომანების გაგრძელებაა: ისტორიის ძალადობით დაღდასმული, მაგრამ დაუმორჩილებელი. ის დღემდე რჩება მწერლად, რომლისთვისაც ლიტერატურა და ამბის თხრობა თავისუფლების ფორმაა.
ახლა კი, უკან, 1981 წელში დავბრუნდეთ, როდესაც შუაღამის შვილები დაიბადნენ.
„შუაღამის შვილების“ დაბადება და ქაოსური მეხსიერება
„ზოგჯერ გამონაგონი ბადებს სინამდვილეს და ნამდვილზე სასარგებლოც ხდება“
შარშანდელი ნობელიანტი, უნგრელი მწერალი ლასლო კრასნაჰორკაი, 2017 წელს ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში ინდოეთში მოგზაურობას იხსენებს და მას თითქმის მეტაფიზიკურ გამოცდილებად აღწერს. მისი თქმით, არსებობს ადამიანის - ან თუნდაც არაჰუმანური არსებობის - უცვლელი სტრუქტურა, რომელიც ისტორიის განმავლობაში არ იცვლება და არც შეიცვლება. ინდოეთი კი, მისი აზრით, ერთადერთი ადგილია, სადაც ამ სტრუქტურის განცდა უშუალოდ, ახლოდან, თითქმის სხეულებრივად შეიძლება. „არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ინდოეთში ორჯერ იმოგზაურეს. ორჯერ! რატომ უნდა წავიდეს იქ ვინმე მეორედ? ნებისმიერი მგრძნობიარე სული, ვინც იქ მიდის - და ყველას აქვს სული -განწირულია…“ - ამბობს კრასნაჰორკაი.
თუ კრასნაჰორკაი ინდოეთში შივას ენერგიას ხედავს, რუშდისთვის ეს სივრცე სალიმ სინაის დეზორიენტირებულ, ფრაგმენტირებულ ინდოეთად რჩება, ისტორიისა და იდენტობის მრავალხმიან, გამუდმებით მოლივლივე ტექსტად.
რუშდი თავის წიგნებში ყოველთვის ცდილობდა რეალობის „გადახრას“ და ამას აკეთებდა არა გაქცევისთვის, არამედ რეალობის კიდევ უფრო მკვეთრი აღქმისთვის. მისი ტექსტები სავსეა ირონიით, პაროდიით, პოლიტიკური ძალაუფლების ნგრევით. ის არასდროს ყოფილა მარტივად „წასაკითხი“ თუ „საკითხავი“ ავტორი, რადგან მკითხველისგან სრულ ყურადღებას, ინტელექტუალურ სიფხიზლეს და ლაბირინთებში სიარულის უნარს ითხოვდა.
„შუაღამის შვილები“ ინდოეთის ქაოსური, მრავალხმიანი და წინააღმდეგობებით სავსე სულის ლიტერატურული ანატომიაა. ყველა ინტერვიუში, სადაც მწერალი წიგნის შესახებ საუბრობს, აღნიშნავს, რომ მისი მიზანი მკითხველის მოხიბვლა ან პოპულარული ტექსტის შექმნა არ ყოფილა. პირიქით, იგი ცდილობდა დაეწერა წიგნი იმ ინდოეთზე, რომელსაც თავად იცნობდა - ბომბეის ხმაურიან ქუჩებზე, გადატვირთულ სივრცეებზე, ისტორიული ტრავმებით დამძიმებულ რეალობაში გაზრდილ ადამიანებზე და ასეთივე დამძიმებულ ქვეყანაზე. ალბათ, ამიტომ ამბობს, რომ წერას არასოდეს იწყებს მკითხველზე ფიქრით და ამ აღიარებას თავადვე „საშინელსა“ და „შემაძრწუნებელს“ უწოდებს. სალმან რუშდისთვის მწერალი იდეის მსახურია. ეს განსაზღვრება მის მთელ ლიტერატურულ ესთეტიკას ხსნის. „შუაღამის შვილებში“ იდეა თავად ინდოეთია - არა როგორც სახელმწიფო ან ისტორიული ცნება, არამედ როგორც ბრბო, სიმრავლე, ხმაური, მრავალფეროვანი ადამიანური მასა, რომლის აღწერა და გადმოცემაც თითქმის შეუძლებელია.
რუშდის ერთ-ერთ ესეში - „წარმოსახვითი სამშობლოები“- ვკითხულობთ: „ჩემი რომანი „შუაღამის შვილები“ სწორედ იმ მომენტში დაიბადა, როცა გავაცნობიერე, რამდენად მსურდა წარსულის დაბრუნება. მე არ მინდოდა, იგი ძველი, საოჯახო ალბომში შემონახული ფოტოებით აღმედგინა. ასე მეტისმეტად ნაცრისფერ სურათს მივიღებდი. მსურდა, რომ სრულყოფილად მომეხელთებინა წარსული, თითოეული კადრი დამენახა სხვადასხვა პრიზმიდან და დავმტკბარიყავი მისი ფერადოვნებით.“[1]
სალმან რუშდიმ მოახერხა და სრულყოფილად მოიხელთა წარსული, გვაჩვენა მისი ფერადოვნებაც, რადგან ამ წიგნში ამერიკული, ინდური, ახლოაღმოსავლური და ევროპული კულტურის, ისტორიისა და რელიგიის დეტალების სიმრავლე უბრალოდ თავბრუს გახვევს.
საერთაშორისო სივრცეში „შუაღამის შვილებმა“ ავტორის მიმართ ნამდვილად გააღვივა ინტერესი - London Review of Books-მა ეს წიგნი ერთი სიტყვით შეაფასა და „ბრწყინვალე“ უწოდა, 1981 წელს ბუკერის პრემია მოიპოვა, 1993 წელს - „ბუკერის ბუკერი“, ხოლო 2008 წელს - „ბუკერის საუკეთესო ნაწარმოების“ ტიტულიც დაიმსახურა.
რომანი სალიმ სინაის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლის დაბადებაც ზუსტად ემთხვევა ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს - 1947 წლის 15 აგვისტოს.
„დავიბადე ექიმ ნარლიკარის სამშობიაროში 1947 წლის 15 აგვისტოს [...] ქვეყნიერებას იმწამს მოვევლინე, როცა ინდოეთს დამოუკიდებლობა ეღირსა. ეს საყოველთაო სულის მოთქმის ჟანი გახლდათ: გარეთ უამრავი ხალხი გამოფენილიყო და მაშხალების ბათქაბუთქსაც ბოლო არ უჩანდა.“
ბუნებრივია, რომ ეს დამთხვევა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის არ არის და ის სტრუქტურული პრინციპია, რადგან სალიმის პირადი გამოცდილება პირდაპირ ირეკლავს ინდოეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ და კულტურულ ევოლუციას.
დაბადების მოტივი რომანში იდენტობის გააზრების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცევა. სალიმ სინაის დაბადება ერის დაბადებასაც გამოხატავს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩენილი ფაქტი - რომ ბავშვები სამშობიაროში აერიათ - წარმოშობის, მემკვიდრეობისა და კუთვნილების შესახებ ტრადიციულ წარმოდგენებს ანგრევს. სალიმის ბიოლოგიური მშობლები ის ადამიანები არ არიან, ვისთანაც იზრდება, და ეს გარემოება ეჭვქვეშ აყენებს სისხლის, გვარისა და წარმომავლობის სტაბილურ თუ სტატიკურ მნიშვნელობას.
ეს გაურკვევლობა პირდაპირ ეხმიანება თავად ინდოეთის მდგომარეობასაც დამოუკიდებლობის შემდეგ. როგორც სალიმის იდენტობაა ფრაგმენტული და არაერთმნიშვნელოვანი, ისე ქვეყნის კულტურული სახეც, რომელიც სხვადასხვა ტრადიციის, კოლონიური გამოცდილებისა და თანამედროვე პოლიტიკური რეალობის გადაკვეთის შედეგად ყალიბდება. რუშდი ამ ნარატიული ხერხით უარყოფს იდენტობის არსებით და უცვლელ გაგებას.
სტიუარტ ჰოლის აზრით, იდენტობა არის არა არსი, არამედ „პროდუქცია“, რომელიც ისტორიული გამოცდილებისა და კულტურული რეპრეზენტაციის პროცესში ყალიბდება. ეს კონცეფცია ცენტრალურია სალიმის თვითგაგებისთვის. მისი იდენტობა არ ეფუძნება ბიოლოგიურ წარმოშობას, იგი მეხსიერებისა და თხრობის პროცესში იქმნება.
შუაღამის შვილები დამოუკიდებლობის ღამეს დაბადებული 581 ბავშვია და მათი ერთობა ახალი ინდოეთის სიმბოლური მოდელია. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული უნარი აქვს - თითქოს ისტორიის იმავე წამმა, რომელმაც ერი დაბადა, მათშიც რაღაც ზებუნებრივი და ამოუხსნელი ნიშან-თვისებები გააჩინა. ეს ბავშვები ქვეყნის მრავალფეროვან შესაძლებლობებს განასახიერებენ: სხვადასხვა ენას, რელიგიას, კლასსა და მსოფლმხედველობას.
სალიმ სინაი, რომელიც არა მხოლოდ რომანის, არამედ ამ თაობის მთავარი მთხრობელია, ინდოეთის ისტორიის უშუალო მოწმე ხდება - ომების, პოლიტიკური კრიზისებისა და იდენტობის ბრძოლების. რუშდისთვის ეროვნული იდენტობა ხშირად სხვასთან დაპირისპირების გზით ყალიბდება, ხოლო ომი ამ განსხვავების ყველაზე მძაფრი გამოხატულებაა. ამიტომ სალიმის ცხოვრება და ქვეყნის ბედი ერთმანეთში იხლართება:
„მე ვარ ის, ვინც ბედისწერამ წინდაწინ გადაჯაჭვა თავისი ქვეყნის ისტორიასთან.“
1947 წლის ინდოეთის გაყოფა სამხრეთ აზიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად რჩება. ძალადობამ, მასობრივმა მიგრაციამ და მილიონობით ადამიანის დაღუპვამ კოლექტიურ მეხსიერებაში ღრმა კვალი დატოვა. „შუაღამის შვილებში“ ეს ისტორიული კატასტროფა პოსტკოლონიური იდენტობის ფუნდამენტური ტრავმა და ის დამანგრეველი ძალაა, რომელიც ადამიანების ცხოვრებას დაუნდობლად გადაუვლის და მათ ბედს ცვლის. სალიმის ოჯახიც დევნილობისა თუ დანაკარგის გამოცდილებით, ერის საერთო ტკივილის ნაწილი ხდება.
მაგიური რეალიზმი როგორც პოლიტიკური ენა
რომანი იწყება იმ დროიდან, როდესაც სალიმი უკვე დამოუკიდებელი ინდოეთის დაღლილი და განადგურებული შვილია. ის პადმასთვის, მოსიყვარულე, თუმცა „გაუნათლებელი“ ქალისთვის, საკუთარი ისტორიის მოყოლას თავის დაბადებამდე ოცდათორმეტი წლით ადრე არსებული ოჯახის ქრონიკით იწყებს. წიგნის პირველი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც მისი ბაბუა-ბებიის, აადამ აზიზისა და ნაზიმის ურთიერთობას უკავშირდება.
აადამ აზიზს, ტრადიციის მიხედვით, ნაზიმის მხოლოდ ნაწილ-ნაწილ ხილვა შეუძლია, ზეწარში დატოვებული მცირე ხვრელიდან, რაც აღმოსავლური წეს-ჩვეულებების გამოვლინებაა. გახვრეტილი ზეწარი ნელ-ნელა ფართოვდება და მას შემდეგ, რაც ექიმი ქალს სრულად იხილავს, ქორწინებაც შედგება. ჩანს, რომ რუშდი ოჯახის ინსტიტუტს, როგორც საზოგადოების ფუნდამენტურ სოციალურ საფუძველს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ადამ აზიზის სურვილი - მთლიანად იხილოს ნაზიმი - არა მხოლოდ სიყვარულის, არამედ კულტურული და სოციალური ჩარჩოების გადალახვის მცდელობადაც შეიძლება მივიჩნიოთ. რომანში მათი ქორწინება პირველი მნიშვნელოვანი კავშირია, რომელიც ინდივიდის ცხოვრებასა და ფართო ისტორიულ პროცესებს შორის იქმნება. სწორედ ამგვარი გადაკვეთებით აგებს რუშდი ნარატივს, სადაც პერსონალური ისტორიები მუდმივად ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებს ერწყმის.
სალიმ სინაის ოჯახური ისტორია, რომელიც აადამ აზიზით იწყება, ერის წარმოშობის ალეგორიად იქცევა. აზიზი, ევროპაში განათლებამიღებული ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩენს, რომ „თანამედროვე“ იდეები ტრადიციულ სამყაროს ეჯახება. თუმცა სწორედ კოლონიური ძალადობის ხილვის შემდეგ აცნობიერებს საკუთარ ინდურ იდენტობას. ასე იბადება არა მხოლოდ ერთი ადამიანის პოლიტიკური ცნობიერება, არამედ თავად ერის იდეაც.
მწერალი ინდოეთის დამოუკიდებლობამდე და მის შემდეგ განვითარებულ არაერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას ეხება. ტექსტში ჩნდებიან ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი, მაჰათმა განდი, (რომლის მკვლელობის შესახებ ირიბ მინიშნებას ვკითხულობთ: „ჩემს ინდოეთში განდი კვლავ და კვლავ მუდამ უდროო დროს დაიღუპება“), ვხედავთ მუსლიმთა ლიგის ფორმირებას, ქვეყნის შიგნით არსებულ არეულობებსა და სისხლისღვრას. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ კი რუშდი ყურადღებას ამახვილებს შტატების ლინგვისტური პრინციპით გადანაწილებაზე („ენების მსვლელობა“), ჩინეთ-ინდოეთის ომზე, პაკისტანთან კონფლიქტებზე, ბანგლადეშის გათავისუფლებაზე და განსაკუთრებით - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომელიც რომანში სახელმწიფოს ძალადობრივი ბუნების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცევა.
რუშდი ეხება ქაშმირის „ვეფხვად“ შერაცხილი პოლიტიკური ლიდერის აღზევებისა და დაცემის პერიოდსაც, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას ცდილობდა, რაც მუსლიმთა ლიგის რადიკალურ პოლიტიკას უპირისპირდებოდა. 1947 წლის აგვისტოში ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის დროს, როდესაც ინდოეთმა და პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ქაშმირი ამ ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული დავის ობიექტი გახდა.
სალიმ სინაი ამ ქაოსური ისტორიის შუაგულში აღმოჩნდება. იგი ხან ბომბეის ქუჩებში დემონსტრანტებს შორის დაიარება, ხან კი საკუთარი „შუაღამის შვილების ერთობის“ შენარჩუნებას ცდილობს, რომელიც მრავალფეროვანი ინდოეთის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ერთობაც იშლება და ინგრევა, ისევე როგორც დამოუკიდებლობის შემდეგ გაჩენილი იდეალები.
რომანში მაგიური და რეალისტური ელემენტების შერწყმა თავიდანვე თვალსაჩინოა. სალიმის ბაბუის ლოცვისას დაცემის სცენა, სადაც მისი სისხლის წვეთები ლალის ქვებად, ცრემლები კი ბრილიანტებად გარდაიქმნება, რეალობისა და მაგიის ერთდროულ არსებობას უსვამს ხაზს. ასეთ ტექსტებში ფანტასტიკური და რეალისტური სამყაროები ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ ერთმანეთის საშუალებით ქმნის ახალ რეალობას.
„ბაბუა იმავე წამს ერთდროულად უარყვეს ილზე-ოსკარ-ინგრიდ-ჰაიდელბერგმაც, მშობლიურმა მინდორ-ველმაც და ღმერთმაც, როდესაც ხსენებული კოლბოხი მას პირდაპირ ცხვირში ეძგერა. სამი წვეთი მყისიერად დაეცა ძირს, მყისიერად გაიბრწყინა ლალმაცა და ბრილიანტმაც.“
მაგიური რეალიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მენავე ტაია, რომელიც საკუთარ თავს იმდენად ხანდაზმულად მიიჩნევს, რომ მისი თქმით, მთების დაბადებაც უნახავს და იმპერატორთა სიკვდილიც. მოგვიანებით ტექსტში ჩნდებიან სხვა მაგიური ფიგურებიც, მათ შორის მეძავი ტაი ბიბი, რომლის ასაკიც თითქოს ხუთას წელს აღწევს. თუმცა რუშდის მაგიური რეალიზმი მხოლოდ ფანტასტიკური ატმოსფეროს შექმნას არ ემსახურება. მისი მთავარი ფუნქცია პოლიტიკური რეალობის ალეგორიული გადმოცემაა. ზოგიერთი კრიტიკოსი იმასაც კი წერს, რომ სალმან რუშდი ირიბად უპირისპირდება ინდირა განდის ავტორიტარულ მმართველობას. მაგიური რეალიზმი ფორმაა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ითქვას ის, რისი გადმოცემაც პოლიტიკურ ენას არ შეუძლია. სასტიკი ისტორიული რეალობა ტექსტში ხშირად ირონიით, გროტესკითა და ფანტასტიკური ელემენტებით არის დაბალანსებული, თუმცა სწორედ ეს კონტრასტი აძლიერებს ძალადობისა და პოლიტიკური ტრავმის განცდას. როგორც ჩანს, მაგიისა და რეალიზმის შერწყმა „შუაღამის შვილებში“ არა მხოლოდ ავტორის მიერ არჩეული ნარატიული ტექნიკაა, არამედ პოსტკოლონიური გამოცდილების გააზრების ერთგვარი ინტელექტუალური მოდუსიც.
დუალისტური ინდოეთი - შივა და სალიმი
„შუაღამის შვილებში“ დუალიზმის იდეა ყველაზე მკაფიოდ სალიმ სინაისა და შივას ურთიერთმიმართებაში იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ სალიმი საკუთარ ისტორიას გვიყვება, იგი თავიდანვე აცნობიერებს, რომ საკუთარი ცხოვრების გადმოცემა შეუძლებელია იმ ადამიანებისა და მოვლენების გარეშე, რომლებმაც მისი იდენტობა განსაზღვრეს.
“ვერც დაითვლი ერთმანეთზე გადახლართულ ამდენ ცხოვრებას, მოვლენას, სასწაულს, ადგილსა თუ ჭორ-მართალს, შეუძლებლისა და ჩვეულებრივის ესოდენ მკვრივ ნაჯერს! თან, მე ხომ ამ სიცოცხლეთა ხარბად მყლაპავი გახლდით...“
სალიმის მთავარი ამბავი შივას, იმავე შუაღამის შვილის, ისტორიასთანაა გადაჯაჭვული, რომლის სახელიც ინდუიზმის ერთ-ერთ უმთავრეს ღვთაებას უკავშირდება. შივას კულტი წინააღმდეგობრივია, მასში როგორც დამანგრეველი, ასევე სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალაა.
სალიმსა და შივას შორის დაპირისპირება ბავშვობიდან იწყება და ზრდასრულობამდე გრძელდება. ისინი თითქოს ორი ურთიერთსაპირისპირო პოლუსია, თუმცა მათი ბედი ერთმანეთზეა მიბმული. კრიტიკოსი კიტ ბუკერი აღნიშნავს, რომ რუშდი ხშირად ქმნის მკვეთრ ოპოზიციებს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ აჩვენოს მათი პირობითობა და ურთიერთდამოკიდებულება.
„შუაღამის შვილებში ერივნენ გარდასახვის, ფრენის, წინასწარმეტყველებისა თუ ჯადოქრობის უნარით დაჯილდოებული ბავშვები... მაგრამ ორი ჩვენგანი ზუსტად შუაღამის ჩამოკვრის წამს მოევლინა ქვეყნიერებას. სალიმი და შივა, შივა და სალიმი, ცხვირი და მუხლები, მუხლები და ცხვირი...“
ორივე გმირის განსხვავებულობას ყველაზე მკაფიოდ მათი სოციალური გარემო განსაზღვრავს. სალიმი პრივილეგირებულ სამყაროში იზრდება, სადაც მომავლის რწმენა და შესაძლებლობების იდეა ბუნებრივ მოცემულობად მიაჩნიათ, მაშინ როცა შივას ბავშვობა სიღარიბით, ძალადობითა და დამცირებითაა სავსე. დედის სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახური გარემო კიდევ უფრო სასტიკი ხდება, მამა კი საკუთარი შვილის ფიზიკური უნიკალურობის გამოყენებასაც კი ცდილობს სარგებლის მისაღებად. შივასთვის ცხოვრება თავიდანვე ბრძოლას ნიშნავს, ამიტომ მისი ხასიათი აგრესიის, სიჯიუტისა და გადარჩენის ინსტინქტით ყალიბდება. მას სწორედ ეს ძალადობრივი რეალობა და მისგან მიღებული გამოცდილება აქცევს ძლიერ სამხედრო ფიგურად და სალიმის მთავარ მეტოქედაც.
შუაღამის შვილებს, სალიმსა და შივას, განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ. სალიმის ტელეპათიური უნარი შუაღამის შვილების ერთობას აყალიბებს, სადაც სხვადასხვა წარმომავლობისა და შეხედულების ბავშვები ერთმანეთს უკავშირდებიან. სალიმს სჯერა, რომ ამ განსხვავებების გადალახვა და ახალი, ჰარმონიული „მესამე პრინციპის“ შექმნა შესაძლებელია. შივა კი ამ იდეალს სასტიკი რეალიზმით უპირისპირდება. მისთვის სამყარო დაყოფილია ძლიერებად და სუსტებად, მდიდრებად და ღარიბებად, გამარჯვებულებად და დამარცხებულებად. ამიტომ სალიმის ოპტიმიზმი შივას თვალში მხოლოდ პრივილეგირებული ბავშვის გულუბრყვილო ილუზიაა.
ამ კონფლიქტში ვლინდება დამოუკიდებელი ინდოეთის სოციალური და პოლიტიკური დუალიზმიც. სალიმი მრავალფეროვნების, ერთიანობისა და მომავლის იდეას განასახიერებს, მაშინ როცა შივა ძალაუფლების, ძალადობისა და კლასობრივი უთანასწორობის რეალობას გამოხატავს. სალიმი ცდილობს საკუთარი თავი ქვეყნის ისტორიის ცენტრში მოაქციოს, მაგრამ თანდათან აცნობიერებს, რომ ცხოვრებისა და ბედის გაკონტროლება შეუძლებელია. იგი საკუთარ თავს მოვლენათა აქტიურ შემოქმედად ხედავს, თუმცა საბოლოოდ იძულებულია აღიაროს, რომ ხშირად ისტორიის მსხვერპლია და არა მისი ავტორი.
შივას გამარჯვებამ მკითხველში შეიძლება უიმედობის განცდაც კი გააჩინოს, თუმცა იმედი სწორედ შივას ხაზით იბადება. ინდირა განდის რეჟიმის მიერ შუაღამის შვილების განადგურების მცდელობის შემდეგ სალიმი ფიქრობს, რომ მათი თაობის შესაძლებლობები სამუდამოდ დაიკარგა, მაგრამ შემდეგ აცნობიერებს, რომ შივას მრავალრიცხოვანი შთამომავლობა ამ ისტორიის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის. შივა, როგორც განადგურებისა და ნაყოფიერების სიმბოლო, ორივე ფუნქციას ასრულებს - ანგრევს და ამავე დროს ახალ სიცოცხლეს ბადებს.
ამ განახლების სიმბოლოდ იქცევა აადამ სინაიც, რომლის სახელიც აადამ აზიზთან, საგვარეულოს საწყის ფიგურასთან აბრუნებს რომანის გენეალოგიურ წრეს. აადამი სალიმისა და შივას თვისებებს აერთიანებს, როგორც ოცნების უნარსა და იდეალიზმისკენ სწრაფვას, ასევე რეალობის აღქმისა და გამძლეობის უნარს. და თუ ამ რომანში ინდოეთის სიმბოლოს ვინმე წარმოადგენს, ალბათ, აადამ სინაია, რომელიც წარსულის ტრავმებს უკან მოიტოვებს და ახალი, თვითმყოფადი მომავლის შექმნას შეძლებს.
დასასრულის მაგიერ
სალმან რუშდის ამ წიგნზე საუბარი უსასრულო შუაღამესავით გამიგრძელდა, და რადგან „ერთდროულად უამრავი, მეტისმეტად ბევრი ვინმე ვიყავი“ და „ცხოვრება ამდენის უფლებას არ იძლევა“, ყველა მკითხველის საათმა ცალ-ცალკე დარეკოს თორმეტჯერ.
________________________________
[1] ინგლისურიდან თარგმნა გიორგი მაჭარაშვილმა, გამოქვეყნებულია საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ „არილში“.