Kharanauli Classics | ზვიად კვარაცხელია
„ცოტა ხომ მაინც გაგეგება, თუ როგორი იყო ეს წლები…“
1.
ჩვენ იმპერიის ტყვეობაში ყოფნამ ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გადაგვაჩვია მასშტაბურ აზროვნებას, სრული სივრცისა და სურათის აღქმას. მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ბესიკ ხარანაული როგორც ქართულ, ისე მსოფლიო პოეზიაში – იქ, სადაც მასთან ერთად თანაარსებობენ შეიმას ჰინი, მაია ენჯელოუ, იოსიფ ბროდსკი, ჩესლავ მილოში, სილვია პლათი… – განსაკუთრებული სახელია. ეს არაა თამამი განაცხადი, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება, რაზეც ბესიკ ხარანაულის თანამედროვე დიდი პოეტები, და ამასთან პოეზიის საუკეთესო მცოდნეებიც გვეხმარებიან. დავით წერედიანი ერთ-ერთ დიალოგში სრულფასოვან ფორმულირებას გვაწვდის: „გულახდილად თუ ვიტყვი, ჩემთვის ბესიკ ხარანაულის ლექსი ვერლიბრებად და სხვა ამგვარ ჟანრებად არ იყოფა. თავის საუკეთესო გამოვლინებაში უმაღლესი რანგის პოეზიაა. მისი პოეტური ხმა სრულიად უნიკალურია, ამ ტიპის პოეტი არც ქართულად და არც სხვა ენაზე მე ჯერ არ წამიკითხავს.“ წერედიანი იქვე აზუსტებს და სურათი კიდევ უფრო მკაფიო ხდება: „ტრადიციასთან ძალიან თავისებური დამოკიდებულებით. მხოლოდ ვიწროდ გაგებულ ეროვნულ ტრადიციას არ ვგულისხმობ, თუმცა ვიწროდ გაგებულიც პოეზიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია… ბესიკ ხარანაულის ცნობილი სტრიქონი ავიღოთ: „ვარდებისათვის კი არ ვიხრები, პალოებს ვაძრობ“. უაღრესად ტევადი სტრიქონია, ცოტათი ტრაგიკულიც, ცოტათი ირონიულიც. მაგრამ შიგ ტრადიციული ვარდიც ხომ არის? აგრეთვე მასთან დამოკიდებულება. პოეტი ამ შემთხვევაში ტრადიციას არ უპირისპირდება, ვარდი აქ ზუსტად ის არის, რაც ტრადიციაშია. სტრიქონის მიხედვით ეს მცენარე ახლომახლო არსად ივარაუდება, მაგრამ ნახსენებია, ემოციურად კი ეს თითქმის ერთი და იგივეა.“
2.
ამ წერილს ფრანკფურტში ვწერ, ტრადიციულ წიგნის ბაზრობაზე ჩასული, დილაობით. „მიყვარს შენი სახელის უცხოეთში ხსენება“. აღიარებულია, რომ გალაკტიონის ყოვლისმომცველ გავლენას ყველაზე მეტად ბესიკ ხარანაულმა დააღწია თავი. ენისა და ინტონაციების ახალ შესაძლებლობათა მიგნებით. გავლენის ახალი წყაროს შექმნით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის სახელს უკავშირდება. ყოფითი ამბების/საგნების იმგვარ პოეტურ სიმბოლოებად გადაქცევით, რომელიც მაგიურ სენტენციებად აგვეკვიატა ყველას 60 წელზე მეტია:
„ღმერთო, როგორი წუთიერი არის ცხოვრება,
შეყვარებულნი სიყვარულსაც ვერ მოასწრებენ.
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი ტკივილებისთვის.“
(„მიკარნახე, ანგელინა“)
„ბავშვი!
როგორ გამოდის ადამიანის ხელიდან
მშვენიერების ასეთი კუნწულა?!“
(„ხეიბარი თოჯინა“)
„ნაყარზე დგას ჩვენი აზრი და არა კლდეზე!“
(„რა წერია სუფთა ქაღალდზე“)
ან ის როგორ მოხდა, გარემოსა და ადამიანურ შეგრძნებათა იმგვარად მოხელთება რომ შეძლო ბესიკ ხარანაულმა, რაც განწირული იყო ქართული ენის ხვეულებში დიდხანს ჩარჩენისთვის თითქოსდა თავისი ჩვეულებრიობის გამო. ნამდვილი ოსტატის მოლოდინში.
„როცა საქმეს მოვრჩებით
და კარტოფილს დავაბინავებთ,
როცა ხელებს დავიბანთ
და ტანსაცმელს ჩამოვიბერტყავთ,
როცა დედაჩემი სამზარეულოს მიაშურებს,
როცა დასაღამოვდება და აგრილდება,
მე წამოვისხამ თბილს რაიმეს და სახლის წინ,
დიდი ვაშლის ძირში დავჯდები.
აქედან კარგად იხედება ჩვენი მიჯნები
და მე ვფიქრობ ჩვენს ეზოზე,
რომელიც ერთ დროს
მშობელივით თავშეწირვით,
უშურველად გვკვებავდა
და, რომელმაც ახლა
მხოლოდ და მხოლოდ უნდა გაგვართოს
ის ერთი-ორი არასრული თვე,
როდესაც თბილისიდან თიანეთში ჩამოვდივართ.
მე ვფიქრობდი ჩვენი ვაშლის ხეებზე,
მათ წარსულზე,
მათ ცხოვრებაზე...
ჯერ კიდევ ჰკიდია ყუნწს ფოთოლი,
მაგრამ ქარი უკვე გზაშია.“
(„კარტოფილის ამოღება“)
3.ბესიკ ხარანაულს ბევრი ჰიტი აქვს დაწერილი. ჰიტები დროში ძლებენ ან დროს მიჰყვებიან. აკაკის, ჯონ ლენონის ან არეთა ფრანკლინის ჰიტებსაც კი უნდა მიეჩვიოს ახალი მსმენელის ყური. ტრადიცია გამძლეა, მაგრამ კონკურენტებიც ჰყავს, და ეს კონკურენტები მოკავშირეებად უნდა იქცნენ.
ბესიკ ხარანაულის გრძელსახელიანი პოემა ვაჟა-ფშაველას ერთი მგზავრობის ამბავს გადმოგვცემს. ეს გენიოსის მონოლოგიცაა და ოჯახთან მხრებაწურული კაცის თავისმართლებაც; ყველა შემოქმედისთვის სათქმელი ათიმცნებაცაა და ყველაზე დიდი რამეებისთვის ბრძოლაში დამარცხებულის აღსარებაც.
ვაჟა-ფშაველას განვმარტავთ ყველა, ვისაც როგორც მოგვეთხოვება. მაგრამ როცა მის ყოფაში ჩაძირვას მოინდომებ, დიდი ალბათობით სიყალბეზე წაგიცდება ხელი. ბიოგრაფია ითხოვს ასე. წამებული, დროისგან ნატანჯი კაცის ბიოგრაფია პათოსის გარეშე ძნელი დასაწერია.
„გველისმჭამელი“ შემოქმედის ბედზე დავწერე,
მაგრამ მერე ფილოსოფიად გადამიქციეს,
ყველაფერი მიმიწერეს, რაც არ მეფიქრა!
მე კი მხოლოდ იმის თქმა მსურდა,
რომ თავის ნიჭი პოეტს უნდა კბილით ეჭიროს,
რადგან ჩუმჩუმად ყველა ლამობს იმის წაგლეჯას.“
ბესიკ ხარანაული თითქოს უშინაურდება ვაჟა-ფშაველას ხასიათს, ახლო მიდის, მაგრამ მისგან საყოველთაოც გამოაქვს, ნიჭის გამო შევიწროებული გენიოსის ტრაგედიაზე ალაპარაკებს. „სასაცილო და უცნაური თავზე ბევრი გადამხდენია, მაგრამ ჩემი შთამომავლები ხელხმლიანსა და თვალჩამოფლეთილს დამიხსომებენ“ – იცის ეს პერსონაჟმა ვაჟა-ფშაველამ და მისმა დამწერმა ბესიკ ხარანაულმაც, რადგან პოეტის ანატომია შეწირვას გულისხმობს ჩვენში. თავისი საქმისა და სამშობლოსთვის ყველაფრის გაღებას.
„დაფერფლილი ბიჭი“ – პოლ ოსტერის წიგნი რომაა სტივენ კრეინზე, ისევე მინდა იკითხებოდეს სკოლებში ბესიკ ხარანაულის „ვაჟა-ფშაველა ცხენით მიდის ჩარგლიდან თბილისში და გზად თავის ცოლს ებაასება“.
4.
ვხვდები, მთავარი საყრდენის მონიშვნა ალბათ მეც დამევალება და ვიტყვი, რომ „5 პოემის“ და ხარანაულის მთელი შემოქმედების ერთი გასაღები სწორედ ამ ეპიზოდშია:
„რაც მთვარის ქვეშაა,
სცენაა ყოველი:
სახლის წინ მოლი,
სოფლის კლუბი,
აივანი გადასახედი...
რაც მთვარის ქვეშაა,
სცენაა ყოველი,
და ერთი შეყვარებულიც
მეორეზე ბედნიერი როგორ იქნება?!.
გლეხის გოგო შემოიცლის დაძონძილ კაბას
და სიყვარულის ბრაზით სავსე
ძირს დაათხლეშს მიწის იატაკს,
თუ დედოფალი
ოქროსა და თვალ-მარგალიტს
შემოიძარცვავს –
ორივ ერთია,
რადგან ორივ მთვარის ქვეშ ხდება
და ერთი შეყვარებულიც
მეორეზე ბედნიერი როგორ იქნება?!.“
ყველა ეპიკური ამბავი და დრამა აქაა გარჩეული და ნაგულისხმევი. ავტორი, რაც კი მისი ინტერვიუ წამიკითხავს, ყველგან წინააღმდეგია ინტელექტუალურად დატენილი წიგნებისა, სამაგიეროდ, დიდ ლიტერატურულ სამყაროებთან კავშირს არასდროს არ წყვეტს.
5.ბესიკ ხარანაული მაშინ იღვიძებს, როცა ჯერ გათენებულიც არაა. დილის 10 საათზე თუ დაგირეკა, უკვე კარგა მოქანცული იქნება მუშაობისგან და მეორე დღის მიჯნაზე მყოფიც. ის გაშმაგება, რაც მისი დილის ნაწერებს ეტყობა, სტიქიურობა, ვნება – ყველა სიტყვა ამოხაპოს ბოლო წვეთამდე – სამაგალითოა. შრომობს ყოველდღე. ცვლილების, კორექტულობის დარღვევის, მკითხველისგან მონიშნული როლიდან ამოვარდნის არასდროს არ შეშინებია. „ძველი ბესიკის“ მოყვარულები „ახალ ბესიკს“ როგორ შეეწყობიანო, არც მაგაზე უფიქრია დიდად. ყოველ შემთხვევაში, მის ნაწერებს, მისი, როგორც პოეტისა და მოქალაქის პოზიციას ეს არ დასტყობია. ამ წიგნში „ძველი ბესიკი“ კი არ არის, არამედ უფრო Kharanauli classics. ამ ორ სიტყვას ქართულადაც დავწერდი, მაგრამ უცებ ავტორიტეტული უცხოური გამოცემის გარეკანად წარმოვიდგინე. „იდეები უნდა ეყაროს, იდეებს არ უნდა დაუყენო წინ რამე“ – მითხრა ერთხელ ბესიკ ხარანაულმა.
ავტორი: ზვიად კვარაცხელია