გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ახალი სიმღერები გიორგი კეკელიძე ლევან ბერძენიშვილი

სიბრძნე სიმღერისა | ლევან ბერძენიშვილი

სანამ წერას დავიწყებდე.

ლიტერატურა დაიბადა არა იმ დღეს, როდესაც ბიჭი ძახილით „მგელი, მგელი“ გამოვარდა ნეანდერტალური ხეობიდან და მას ფეხდაფეხ მოსდევდა დიდი რუხი მგელი. ლიტერატურა დაიბადა იმ დღეს, როდესაც ბიჭი მოვიდა „მგელი, მგელის“ ძახილით და არანაირი მგელი არ იდგა მის უკან. ის, რომ საბრალო პატარა ბიჭი თავისი მეტისმეტად ხშირი ტყუილების გამო, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილმა მხეცმა შეჭამა, საკმაოდ უმნიშვნელოა; მაგრამ აი, რა არის მნიშვნელოვანი: მაღალ ბალახებში მგელსა და იგავის მგელს შორის არის მოციმციმე შუამავალი. ეს შუამავალი, ეს პრიზმა არის ლიტერატურის ხელოვნება.

ლიტერატურა არის გამონაგონი. მოგონილი არის მოგონილი. უწოდო ამბავს ნამდვილი ამბავი, ეს როგორც ხელოვნების, ისე სიმართლის შეურაცხყოფაა. ყველა დიდი მწერალი დიდი მატყუარაა, მაგრამ ასეთია ეს არქი-ცრუ ბუნებაც. ბუნება ყოველთვის ცრუობს. გამრავლების უბრალო სიცრუიდან პეპლის ან ჩიტის დაცვითი შეფერილობის წარმოუდგენლად რთულ ილუზიამდე – ბუნებაში არსებობს შელოცვებისა და ხრიკების გასაოცარი სისტემა. მხატვრული ნაწარმოების მწერალი მხოლოდ მიჰყვება ბუნებას.

- ვლადიმირ ნაბოკოვი

სიბრძნე სიმღერისა

ტყუილი არის ადამიანის უპირატესობა,
ადამიანად ყოფნის ნიშანი. 

მხოლოდ ტყუილი აუქმებს სიკვდილს –
ტყუილი უდრის ცოცხლად ყოფნას.

გიორგი კეკელიძე

კარგმა პოეტმა დაწერა ბევრი კარგი ლექსი, მაგრამ წიგნი მხოლოდ კარგი ლექსები არ არის. წიგნში კარგი ლექსები უნდა დალაგდეს. როგორ? რა პრინციპით? ხაზოვანი პრინციპი იქნებოდა თავიდან ბოლომდე, დაბადებიდან, სულ ცოტა, სიბერემდე, მაგრამ ჩვენმა ავტორმა ამ მარტივ და გასაგებ პრინციპზე უარი თქვა. მართალია, წითელი პარასკევის სიმღერა წინ უსწრებს აღდგომის სიმღერას, მაგრამ სიბერის სიმღერას სხვა ბავშვების სიმღერა მოსდევს. ქრონოლოგიური პრინციპი გაუქმდა. ჰომეროსმა ისევ გაიმარჯვა. ლინეარული პრიმიტივი კვლავ გაბითურდა. 

როგორ უნდა ააგო კრებული? როგორ უნდა დაიწყო კრებული? უნდა დაიწყო თუ არა კრებული უძლიერესი ლექსით? გალაკტიონმა „არტისტული ყვავილები“ ძლიერი ლექსით დაიწყო და არანაკლებ ძლიერი ლექსით დაამთავრა, მაგრამ კრებულში უფრო ძლიერი ლექსებიც მოიძებნება. გიორგი კეკელიძემ „ახალი სიმღერები“ კრებულის აშკარად ყველაზე ძლიერი ლექსით („თითქმის თვითმკვლელის სიმღერა“) დაიწყო. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ დაიწყო და პირველივე გვერდზე დაამთავრა წიგნი? მაგრამ თუკი პირველი ლექსი ნაღმია, რომელიც შემდეგ გვერდებზე ნაწილ-ნაწილ აფეთქდება?

ჩემს ბავშვობაში სკოლის სახელმძღვანელოში ეწერა, რომ „შუშანიკის წამება“ არ შეიძლება იყოს ქართული ლიტერატურის პირველი ძეგლი, რადგან იგი ძალიან ძლიერია. რა თქმა უნდა, ეს სიბრძნე სხვა სიტყვებით იყო გადმოცემული, მაგრამ აზრი ეგ იყო და მე მაშინ ვფიქრობდი, რომ გამოდიოდა, რომ „ილიადა“ დიდი არაფერია, რადგან პირველია მსოფლიო ლიტერატურაში („გილგამეშის ეპოსი“ მაშინ ჯერ არ ვიცოდით). იმ, ძველი ლოგიკით, „თითქმის თვითმკვლელის სიმღერა“ არ შეიძლება პოეტის ყველაზე ძლიერი ლექსი იყოს. არადა არის.

დავიწყოთ სათაურით. ჯერ შევისწავლოთ საკითხის მნიშვნელობა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა მთავარმა მოაზროვნემ (იყოს ეს სიტყვა – „ერთ-ერთი“ ყოველი შემთხვევისთვის, მეტი კორექტულობისთვის), ალბერ კამიუმ თავისი „სისიფოსის მითი“ (Le Mythe de Sisyphe, 1942), რომელიც ფილოსოფიაში არის ის, რაც დრამატურგიაში არის „კალიგულა“, ხოლო მხატვრულ ლიტერატურაში „უცხო“, დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დრამატული ფრაზით: „არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტად სერიოზული ფილოსოფიური პრობლემა: ეს არის თვითმკვლელობა.“ (Il n’y a qu’un problème philosophique vraiment sérieux : c’est le suicide.) შეკითხვა თვითმკვლელობაზე არის დასაწყისი ფილოსოფიისა. ასე რომ, პოეტი სწორად იქცევა, როდესაც ბოლოდან, დასასრულიდან ანუ საბოლოოდან, ყველაზე მნიშვნელოვნიდან იწყებს. ამავე დროს, სათაურში არის წინააღმდეგობა. თვითმკვლელობა და სიკვდილი აბსოლუტური ოდენობებია. ცოტა სიკვდილი, ოდნავ სიკვდილი, თითქმის სიკვდილი არ არსებობს. სიცოცხლე მთავრდება და დაუყოვნებლივ იწყება სიკვდილი.

სიკვდილი/სიცოცხლე ბინარული ოპოზიციაა, როგორც ჩემი/სხვისი, კაცი/ქალი, ან/ან, მესამე გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ეს ავტორმა ჩვენზე უკეთ იცის. თითქმის თვითმკვლელობა პარადოქსია, მეტიც, წიგნის მთავარი პარადოქსია. ეს პარადოქსი „სიმღერების“ ამ კრებულის კამერტონია.

სწორედ ამ პარადოქსის განმარტებაა „შებრუნებული“ ჭეშმარიტებები. დიდი ლიტერატურის მოყვარულებს შევახსენებ ერთ დიდ მწერალსა და დიდ რომანს, ნობელიატ ჟოზე სარამაგუს და მის „იესოს სახარებას“, სადაც იესო ხალხს სთხოვს, დაინდონ მამამისი, რადგან „ღმერთმა არ იცის, რას აკეთებს. მას ჰგონია, რომ მართალია, მაგრამ ის არ არის მართალი“ (Deus não sabe o que faz. Pensa que tem razão, mas não tem). 

აი, ჩვენი პოეტის მიერ შებრუნებული ჭეშმარიტებები: 

შრომამ შექმნა ადამიანი („შრომამ თავად ადამიანი შექმნა“). ფრიდრიხ ენგელსი
შიშმა შექმნა ადამიანი. საკუთარი ფიქრის შიშმა შექმნა.

კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. ქართული ანდაზა.
Homo proponit Deus disponit ლათინური ანდაზა: კაცი ვარაუდობს, ღმერთი განაგებს.
მამაჩემი იცინოდა და ღმერთი ბჭობდა.

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის... გალაკტიონი, თოვლი
შენ ძლიერ გიყვარს იისფერ თოვლის | კალოშებიდან გამობერტყვა

მრავალი რამაა საოცარი, მაგრამ ადამიანზე უფრო საოცარი არაფერია (სოფოკლე, „ანტიგონე“)
რადგან არაფერია უფრო საშიში და საზარელი, ვიდრე ადამიანი. | და უფრო საინტერესო.

ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ქართული ანდაზა
და იმ სამყაროში | „პატრონი ძაღლს ვერ ცნობს.

დავუბრუნდეთ პირველ ლექსს. მას ძალიან ძლიერი დასაწყისი აქვს. ხაზგასმით უბრალოდ და კომპაქტურად იწყება. როგორც საუკუნის ერთ-ერთი მთავარი წიგნი: „დღეს დედა გარდაიცვალა“.

ბაბუაჩემმა თავი მოიკლა
და წესი არ აუგეს.

ბაბუამ გადაწყვიტა ფილოსოფიის მთავარი საკითხი. აქ შემოდის პოეტის „პატარა“ კორექტივი. ყველაფერი ბაბუას არ უქნია.

ბაბუაჩემი ჯოჯოხეთში გააგზავნეს და
შეიძლება არც იცის, რომ გარდაიცვალა.

ამ ფრაზით პოეტმა გააუქმა ანტიკურობა, ხაზი გადაუსვა ზოგისთვის ასე საყვარელ ანტიკურობას, სადაც მიცვალებულებს მშვენივრად ახსოვთ, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ და რა ჩაუდენიათ და ისიც კი, რომ მიცვალებულები არიან. ანტიკური ადამიანი შედგებოდა ორი ნაწილისგან, სულისა და სხეულისაგან, სხეული რომ მოკვდებოდა, სული „თავისი ფეხით“ მიდიოდა ჰადესში. მას იქ არ აგზავნიდნენ და მან იცოდა, რომ გარდაიცვალა. ანტიკურობის გაუქმება ნიშნავს ლეთეს ფაქტორის გაძლიერებას. ლეთემ, დავიწყების მდინარემ, დაავიწყა ლირიკული გმირის ბაბუას, რომ გარდაიცვალა, მანვე დაავიწყა მას, რომ თვითმკვლელებს ძეგლს არ უგებენ და რომ ჯოჯოხეთი არსებობს. ამიტომ ვერ გაიგნო გზა და ამიტომ გააგზავნეს.

ბაბუაჩემს ეშინოდა თავის მოკვლის.
მიუხედავად ამ შიშისა, ყოველ საღამოს საბძლის ბოძზე თოკს ჰკიდებდა და ვერ ბედავდა.

და ებრძოდა ერთმანეთს ოცნება და შიში. სიცოცხლის შიში იწვევდა სიკვდილის ოცნებას და სიკვდილის შიში აბრუნებდა სიცოცხლეს და სიცოცხლის შიშს და ასე მუდმივად. ტყუილად ხომ არ ვახსენეთ სისიფოსის მითი. ესაა ფხიზელი გონების მუშაობა. აათრევ ლოდს და ჩამოგორდება. გამოსავალი არ ჩანს. და ჩნდება მიგნება:

თავი რომ მოიკლა, უნდა დათვრე. 

სიფხიზლეს სიმართლის ეშინია. სიფხიზლე აღმერთებს სიცოცხლეს. კაცმა რომ თქვას, სიფხიზლე თვით სიცოცხლეა. ღვინო, საერთოდ ალკოჰოლი, ჩაი, ყავა, ცურვა, თავდადება, ბრძოლა, სიყვარული – სიკვდილის ნიღბებია. ეს ყველაფერი სიკვდილია. ფხიზელი ადამიანი თავს არ მოიკლავს, „თავს არ მოიკლავს ქართველი“, „ჭკვიანი კაცი (იგივეა, რაც „ფხიზელი კაცი“) ციხეში არ ჩაჯდება“. მეორე ფრონტი. რამდენი სიბრძნე იცავს სიცოცხლეს!

ბაბუამ თავი მოიკლა. ეს წარსულში მოხდა. ეს დიდი ამბავია, მაგრამ უფრო დიდი ამბავი, რა თქმა უნდა, წინაა. ბაბუას თვითმკვლელობა პრელუდიაა, ის იმიტომ იყო, რომ მთავარი სათქმელი გაჩნდეს:

მოგვიანებით მეც თავს ვიკლავდი.

მარინა ცვეტაევას აქვს ასეთი დასაწყისი:

Пригвождена к позорному столбу,
Я все ж скажу, что я тебя люблю.
Что ни одна до самых недр - мать
Так на ребенка своего не взглянет.
Что за тебя, который делом занят,
Не умереть хочу, а умирать.

სიკვდილი კი არა, კვდომა მინდა. არ მინდა მოვკვდე, მინდა ვკვდებოდე. შედეგი კი არა პროცესი მინდა. მოგვიანებით მეც თავს ვიკლავდი.

ნამდვილი ლექსი ახლა იწყება. იწყება ასე:

არც მე ამიგებდნენ წესს.

ამის შემდეგ იწყება ოცნება ბაბუა-შვილიშვილის სულების ჰიპოთეტურ შეხვედრაზე. ბაბუა შვილიშვილს წაიყვანდა ჯოჯოხეთის უღრან ტყეში, სადაც ძალიან ცივა, რაც გააკვირვებდა ლირიკულ გმირს, რადგან წიგნებში კი სულ სხვა წერია. ეს სიმართლეა, არის ასეთი წიგნები, მაგრამ დარგის მთავარ წიგნში ჯოჯოხეთისა და დედამიწის ცენტრში, ყველა დროისა და, მათ შორის, დღევანდელი მეცნიერების ჯინაზე, სამხახიანი სატანა სწორედ ყინულშია გაჩხერილი და სამივე ხახით საინტერესო პერსონაჟი ჰყავს სანახევროდ გადაყლაპული. ასე რომ, დანტე ალიგიერის ჯოჯოხეთში გვარიანად ცივა. ჩვენი ლექსი კი ლამაზად გრძელდება. ტყის შემდეგ არის მინდორი, მინდვრის შემდეგ სოფელი და სოფლის შემდეგ პატარა ქალაქი. ქალაქში ქუჩა, ქუჩაზე სახლი. სახლში ახეული შპალერი, წინა წლის კალენდრები, საღამო და ნესტი, შუშაგაჭვარტლული ლამფა, ცარიელი მაცივარი და ნახევრად სავსე საპურე.

რა ბედნიერებაა, რომ დიდი ლიტერატურა არის დიდი ტყუილი, რომ დიდი მწერალი არის დიდი მატყუარა, რომ ეს დიდი შეხვედრაც ბაბუასა და შვილიშვილს შორის არის მირაჟი და რომ შვილიშვილმა იპოვა ძალა და სიკვდილი ზემოხსენებული კორინთოსელი ჯადოქარი სისიფოსივით მოატყუა და მაინც სიცოცხლემ გაიმარჯვა. დიახ, სიკვდილი საინტერესოა, დიახ ხანდახან სიკვდილი არის ოცნება, ხანდახან სიკვდილში არის მეტი სიცოცხლე, ვიდრე თავად სიცოცხლეში, სიკვდილში არის მეტი დრაივი, მაგრამ პოეტურ სიტყვას შეუძლია უფრო დიდი დრაივის შექმნა და გამარჯვება. ადამიანს შეუძლია გადაავადოს სიკვდილი, ყველა ადამიანს შეუძლია, ყველაზე დაუცველ ადამიანსაც, კარგ პოეტსაც კი შეუძლია.

და სწორედ ამიტომ კრებულს ნამდვილი შედევრი, გამარჯვებული ლექსი იწყებს.

შევეხოთ კრებულის კიდევ ერთ გამორჩეულ ლექსს, რომელსაც შიშის სიმღერა ჰქვია. ცნობილი ამბავია, რომ ძველ ადამიანზე ფიქრისას დიდმა ფილოსოფოსმა თომას ჰობსმა, რომელიც პოეტი არ იყო, მოიფიქრა ჭეშმარიტად პოეტური სახე – ბუნებითი ადამიანი. ბუნებით ადამიანი იყო თავისუფალი და თავისუფალი ნიშნავდა იმას, რომ რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა და რადგან ყველა ასეთი იყო, ამიტომ მოიფიქრა თომას ჰობსმა ფილოსოფიაში ყველაზე პოეტური არეულობა, რომელსაც დაარქვა Bellum omnium contra omnes (ყველას ომი ყველას წინააღმდეგ). და ვინაიდან ადამიანი განწირული იყო მარადიული ომისთვის, მან თავისი თავისუფლების ძალადობრივი ნაწილი ზღვის ურჩხულს, ლევიათანს, სახელმწიფოს, გადასცა და ასე გვეშველა. თომას ჰობსს თავის დროზე პასუხი გასცა ჯონ ლოკმა, რომელმაც თქვა, რომ ისეთი ბუნებითი ადამიანი, ჰობსი რომ ხატავდა, არასოდეს არ არსებულაო, ყველას ომი ყველას წინააღმდეგ არასოდეს არ ყოფილა, რადგან მინიმალური მორალი ადამიანში ყოველთვის იყოო. ამ საყვარელ ფილოსოფოსს ახალი არგუმენტი შეემატა. არა მხოლოდ მორალმა, არამედ შიშმა შექმნა ადამიანი. მორალური სიცარიელის შიშმა შექმნა ადამიანი, საკუთარი ფიქრის შიშმა შექმნა და ააგო ჯებირები საკუთარი ფიქრებისთვის.

შემდეგ ადამიანმა საკუთარ თავსა და ღმერთს შორის საზღვრად დასვა ლოცვა, ღვთისმოშიშობა, მან უთხრა ღმერთს: მოდი, ჩვენ შორის ჩადგეს ლოცვა, ლოცვა, ანუ შენი შიში | შიშმა შექმნა ადამიანი. 

წიგნში არის ერთი ლექსი, რომელსაც განხილვა არ სჭირდება, უბრალოდ, უნდა წაიკითხო. ამავე დროს, უნდა გახსოვდეს, რომ არსებობს შესანიშნავი ხალხური მითი ცუდ სიზმარზე, წყალს რომ უნდა მოუყვე. ცუდი სიზმარი არავის არ უნდა მოუყვე. მხოლოდ წყალს. უნდა ადგე, მოუშვა ონკანი და მოუყვე. ფროიდი გაუგებდა ქართველებს.  

ზღვის სიმღერა

მე ვიცი, რატომ შფოთავს ზღვა,
რატომ აწყდებიან ნაპირს ტალღები –
მღვრიე ფიქრები.
ადამიანების
სიზმრები ესიზმრება ზღვას –
დილით წყალს რომ უყვებიან ადამიანები –
მდინარეებს უერთდებიან სიზმრები,
მდინარეებს მიყვებიან სიზმრები
და ზღვაში ჩაედინებიან.

უკუღმა სამყაროში კი:

როცა ძაღლები ძილში კანკალებენ, მაშინ ესიზმრებათ,
რომ ადამიანები არიან
და ეს არის მათი ღამის კოშმარი.

ღალატი. სიცრუე. ორგულობა. უმადურობა. სიყალბე. შური. „გაწუწკდა და მოსაკლავია“ ძაღლი უყურებდა პატრონს და პატრონი უმიზნებდა.

იმ ცხოვრებაში ის ძაღლი და ის კაცი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს და
იმ სამყაროში რადგან ყველაფერი უკუღმაა, უკუღმაა ანდაზებიც 

ის სიყვარული ადამიანისთვის გაუგებარია და კიდევ კარგი, რომ გაუგებარია. ამიტომაც არის ადამიანი ადამიანი
და ძაღლიძაღლი."

ვისაც ახსოვს ბრძენი კაცის, ვლადიმირ ნაბოკოვის ნათქვამი, რომ ყველა დიდი მწერალი დიდი მატყუარაა. მწერალი არის ჯადოქარი, მწერალი არის გამომგონებელი.

კრებულში არის კიდევ ერთი შედევრი, რომელსაც ტყუილის სიმღერა ჰქვია.

ტყუილის სიმღერა

სიმართლეა,
რომ ამ სამყაროში
ტყუილი არის ადამიანის უპირატესობა,
ადამიანად ყოფნის ნიშანი.
ტყუილი არის ცოდვა.
ცოდვა არის ადამიანის უპირატესობა,
ადამიანად ყოფნის ნიშანი.
მხოლოდ ცოდვილს შეუძლია მონანიება.
მონანიება არის ადამიანის უპირატესობა,
ადამიანად ყოფნის ნიშანი.
მონანიება ნიშნავს სიცოცხლეზე გადაჭარბებას.
გადაჭარბება არის ადამიანის უპირატესობა,
ადამიანად ყოფნის ნიშანი.
მხოლოდ გადაჭარბება ბადებს სიყვარულს,
სიყვარული არის ადამიანად ყოფნის უპირატესობა,
ადამიანად ყოფნის ნიშანი.
სიყვარული ამართლებს ტყუილს,
ტყუილი არის ადამიანის უპირატესობა,
ადამიანად ყოფნის ნიშანი.

მოდი, დავუფიქრდეთ ამ რეფრენს: ტყუილი არის ადამიანის უპირატესობა, | ადამიანად ყოფნის ნიშანი. ადამიანმა დიდი ხანია დაადგინა: ტყუილი და სიმართლე ძალიან ძნელი გასარჩევია ერთმანეთისგან, რადგან ორივე ერთსა და იმავე მასალას, ერთსა და იმავე სიტყვებსს ხმარობს. როგორ უნდა მიხვდე, სიტყვებით აგებული ტექსტი ტყუილია თუ მართალი? დონ ჟუანი ყველას ერთი და იგივე ტექსტით მიმართავდა და ყველას ეგონა, რომ ეს ტექსტი მხოლოდ მას ეხებოდა. ვერავინ, ვერც ერთი ვერ ხვდებოდა, რომ ტყუოდა. მარტო ესპანეთში მან სამი ათასი ქალი მოატყუა. სამი ათასი ქალი რაღაც დროით უბედნიერესი იყო. დამაინც, როგორ გავარჩიოთ ტყუილ-მართალი? ჩვენი დიდი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ ეს გარჩევა სინამდვილეში არის შინაგანი აქტი. ადამიანი შინაგანი აქტით ადგენს, რომ რაღაც ტყუილია. მეტი ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ დარწმუნებული ვერასოდეს ვერ ვიქნებით. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, დავადგინოთ, რომ ტყუილია. მაგრამ ტყუილის გარეშეც არ შეგვიძლია. ამიტომ ჩვენ ტყუილს ვუპოვეთ თავისი ადგილი. ასე დაიბადა პოეზია. ასე დაიბადა ახალი სიბრძნე: სიყვარული ამართლებს ტყუილს.

გიორგი კეკელიძეს კონვენციური ლექსის ნოსტალგია აქვს. კრებულის საუკეთესო კონვენციულ ლექსს მან სოფლის სიმღერა დაარქვა. ამ ლექსს იგი დაიწყებს ტრადიციული პოეტური სახით – ქარით:

ვზივარ. მერცხლების უპატრონო მახურავს ბუდე
და კვლავ ახლოა სოფლის ნაცად გზას განდობილი
თხელი ხეების კეხიანი ნაცნობი მრუდი –
ადრე ზაფხულის კაფანდარა ქარის პროფილი.

ლექსში იქნება მომაკვდავი ბუხარი და ბავშვობის აუხდენელი ოცნება ჯინსის ქურთუკზე, წარსულთან ვაჭრობა. კედელზე იქნება დაკიდებული სოფლის მთავარი ნაკლი და უპირატესობა: შენელებული ან თუნდაც სრულად გაჩერებული დრო – აუცილებლად გაჩერებული საათი. სოფელი არის: მზესთან მასლაათი, ცარიელი თავლა, ნაკელის სუნი, თივის გორა, ახალგაზრდა ქალების მზერა, საღამოობით სუფრების უმიზეზოდ გაშლა, ცისკენ თვალის გაპარება და მერე დახრა. ქარით დაწყებულ ლექსს დაასრულებს ადამიანის სიყვარულის ქარიშხალი – ცოდვილთა უპირობო გულშემატკივრობა: 

სოფელი უდრის დაბრუნებულ ძროხების ბღავილს
და საძროხეში მთვარის შუქზე ძროხების წველას.
სოფელი უდრის ვერასოდეს შემჩნეულ ყვავილს
და ფრთხილ ღიმილებს მოყოლებულ უხერხულ ხველას.
სხვანაირია სასაფლაოდ სოფელში ყოფნაც,
იმაზე მშვიდი, ვიდრე მკვდრების ძილი და მწუხრი,
რადგან ქრისტეც კი სხვანაირად აღდგება სოფლად
და ყველა ცოდვილს გადაიყვანს მარჯვენით უფლის.

* * *

ერთი სიტყვა გამომცემლობაზე. დიდებულმა „ინტელექტმა“ საკუთარ თავსაც აჯობა და ულამაზესი წიგნი გამოსცა.

ორი სიტყვა დიზაინერზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე „დიზაინერული“ წიგნია, რაც მე მინახავს და იგი აშკარად XXI საუკუნის ყველაზე ლამაზი ქართული წიგნია. აქ ყველაფერი ლამაზია: შრიფტი, ბადე, ფოტო, ცარიელი სივრცის არისტოკრატიული სიუხვე, ეპიგრაფისა და ქვესათაურის კურსივი, გვერდების პრინციპული დაუნომრაობა. დიზაინერი თეონა ჭანიშვილი ჯადოქარია.

წიგნში გამოყენებულია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები. ფოტოები ტექსტთან კონკურირებენ. ნათელა გრიგალაშვილიც ჯადოქარია. 

რედაქტორი როსტომ ჩხეიძე რომ ჯადოქარია, ეს ხომ ისედაც ვიცოდით.

ესაა დიდი პოეტისა და ოთხი ჯადოქრის წიგნი. არა, თვლა კარგად ვიცი. One and one and one is three, როგორც ჯონ ლენონი მღეროდა. ჩხეიძე, ჭანიშვილი და გრიგალაშვილი უდრის სამს. სამი ჯადოქარია. სამი მუდმივი ჯადოქარია. აქ მოქმედებს ბინარული ოპოზიცია: მუდმივი/ცვლადი.

მეოთხე, ცვლადი ჯადოქარია მკითხველი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა