გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„მელიას კუდი“ | ინტერვიუ თამარ ჟღენტთან

ზვიად კვარაცხელია: თამაზ ჭილაძემ ადრე მითხრა, რომ მეორე წიგნია მთავარი. დებიუტანტს ბევრ რამეში უწევენ შეღავათს, მაგრამ როცა პირველ წიგნს გამოსცდები, საკუთარ თავსაც სხვა ამოცანებს უწესებ. „მელიას კუდზე“ ტკბილ-მწარე გამოხმაურებები თუ მისწვდა ავტორის ყურს?

თამარ ჟღენტი: პირველ რიგში, გამოვტყდები, რომ „მელიას კუდი“ ჩემთვის მეორე კრებული კი არა, უფრო მეორე კრებულის პირველი წიგნი, პირველი სერიაა. ევროპულ ლიტერატურაში ხომ არსებობს ტრადიცია, როცა ერთი რომანი რამდენიმე ნაწილად გამოიცემა, და მომინდა, პოეტური კრებულიც მსგავსად, ულუფა-ულუფად მიმეტანა მკითხველამდე.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ ჩემი დებიუტის შემდეგ ბევრმა, როგორც ქართულ, ისე ბრიტანულ წრეში, ერთი და იგივე კითხვა დამისვა - „რაზეა?“ რადგან პირველი წიგნის თემატიკა საკმაოდ ჭრელია, ყოველთვის ვრცელი ახსნა მიწევდა, და მივხვდი, მერჩივნა შემდეგი კრებული უფრო ფოკუსირებული ყოფილიყო. „მელიას კუდის“ ყველა ლექსი ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწერილი ტექსტებიდანაა შერჩეული და ერთი მთავარი თემის - სიყვარულის - ირგვლივ შეკრული.

არადა, ამავე პერიოდში ბევრად მეტი ლექსი დავწერე ენასთან კონფლიქტზე, პოეტური იმპულსის კვლევაზე, პოეზიაზე, როგორც თვითაღმოჩენის, პროტესტისა და გათავისუფლების იარაღზე. მაგრამ ეს თემები ახლო მომავლისთვის შემოვინახე. ახლა კი მინდოდა, ბოლო დროის მოვლენებით დამძიმებულ რეალობაში, ფოკუსი გადამეტანა ყველაზე შთამაგონებელ, ლამაზ, მტკივნეულ და მაინც მთავარ მაცოცხლებელ ფენომენზე. ჰოდა, როგორც ფილმის -  „ჯერ კიდევ ელისი“  მთავარი პერსონაჟი ამბობს - მაშინაც კი, როცა მეხსიერება სრულიად დაკარგული აქვს და აზროვნების უნარიც უმოწყალოდ ღალატობს: „ეს ამბავი სიყვარულზეა.“

ისე, ჯერჯერობით საკმაოდ თბილის გამოხმაურებები მოჰყვა „მელიას კუდს“. ცოტა ხნის წინ „ქართულ მწერლობაში“ ბატონ როსტომ ჩხეიძის წერილიც გამოქვეყნდა საინტერესო სათაურით “თამარ ჟღენტის ლირიკული ნიღაბი”, რაც უზომოდ მახარებს.

ზ.კ.: მთლიანი წიგნის ერთ თემაზე - სიყვარულზე - გაწყობა და ამის მინიშნება რამდენად სარისკოა? შეგიძლია მითხრა, ეს რისთვის კეთდება: მკითხველის გზაზე დასაყენებლად თუ მრავალი ინტერესის მქონე ავტორისთვის თემატური კალაპოტის შექმნისთვის?

თ.ჟ: სიყვარულზე ასე ფოკუსირებული კრებულის შექმნა, განსაკუთრებით ქართულ პოეტურ ტრადიციაში, გარკვეულწილად მართლაც სარისკო და, ალბათ, ცოტა ამბიციური განაცხადიცაა. ჩვენ ხომ უმდიდრესი და ულამაზესი სატრფიალო ლირიკის ქვეყანა ვართ, თუმცა მჯერა, რომ დიდი მემკვიდრეობა დაბრკოლებად კი არა, პირიქით, შთაგონებად უნდა ექცეს ავტორს. ის, რაც ღირებულია, სინამდვილეში ყოველთვის დამაკავშირებელი ხიდია და არა შემომსაზღვრელი კედელი. „მელიას კუდშიც“ მკითხველი არაერთ ასეთ „ხიდს“ ამოიცნობს ხალხური, აშუღური, ლიტურგიული თუ ეპიკური ლიტერატურული ტრადიციებიდან, რომლებითაც თანამედროვე გამოცდილების უნივერსალურთან უწყვეტი კავშირის წარმოჩენას ვეცადე.

ამიტომაც, ეს სულაც არ ყოფილა თემატური თვითშეზღუდვა ან საკუთარი თავის ხელოვნურად მოქცევა ერთ კალაპოტში. პირიქით, სიყვარულმა მომცა საშუალება, ერთმანეთთან დამეკავშირებინა სრულიად განსხვავებული ხმები, ეპოქები, კულტურული სივრცეები და პერსონაჟები.

ზ. კ.: რა მემკვიდრეობას ეყრდნობოდი ამ ლექსების წერისას? სტილები გაზავებულია, ვხედავთ მათი იმიტირების მცდელობებს, თარგმანებას დღევანდელ დროში. ვისგან წამოიღე მოტივები? ციტირებულებზეც გვითხარი და ნაგულისხმევ ტიპებზეც.

თ.ჟ: ბოლო წლებში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ბრიტანულ ბაკალავრზე სწავლისას, შემოქმედებითი წერის დავალებების მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. მხატვრულ გარდასახვას - ლიტერატურულ პერსონიფიკაციას - მოითხოვდა. ხშირად მიწევდა სხვადასხვა ისტორიული, მითოლოგიური, რომანტიკული, ფიქციური თუ კინემატოგრაფიული პერსონაჟის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. მომინდა, ეს გამოცდილება ქართულ კულტურულ სახე-ხატებზეც გადამეტანა და ასე გაჩნდა პოეტური ინტერპრეტაციები - მითოლოგიური ევრიდიკედან ხარფუხის ტურფამდე, ფრანგი ელოიზადან ოსმალ აიშემდე, ანტიკური სიბილადან ვაჟას აღაზამდე, ქალაქელი იშყიდან მკვდარ სამურაიმდე, ჰომეროსის ნავზიკაადან ხალხურ ხვარამზემდე.

კრებულში ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რელიგიურ მოტივს - ღვთაებრივი სიყვარულის თემას. მჯერა, რომ ჭეშმარიტად შეყვარებულის შინაგანი გზა ბევრ რამეში ჰგავს ქრისტეს გზას -  თავისი თავგანწირვით, მოთმინებით, სასწაულებრივი ძალმოსილებით, წარმოუდგენელი მიმტევებლობით და, რა თქმა უნდა, აღდგომით. შეყვარებულის მრავალგვარ სახეში ქრისტეს ხატის ძიება მთელი წიგნის განმავლობაში გრძელდება. ასე შემოდის კრებულში ბიბლიური ქრონოტოპოსიც - „დაკარგვამდელი სამოთხე“, ზეთისხილის მთა, იაკობის ჭა, ექოები აბრაამისა და იობის ლოცვებიდან, ღვთისმშობლის სადიდებლებიდან და სხვა. ეს ხაზი ალბათ ყველაზე ახლოსაა აღაპესთან - უპირობო, ღვთაებრივი სიყვარულის  ძველბერძნულ გააზრებასთან. თუმცა არც მიწიერ სიყვარულს გავქცევივარ: კრებულში აღაპეს გვერდით ეროსიც ბობოქრობს თავისი გიჟური, ხორციელი ტკივილით და ფილიაც — თავისი ნაზი, ღრმა მეგობრობის სიმშვიდით.

თუმცა, მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ მინდოდა სიყვარულის მრავალგვარი ნარატივი ქალური პერსპექტივიდან წარმომეჩინა. ამას მკითხველი ზოგ ლექსში სათაურიდანვე იგრძნობს - მაგალითად: „პრემენსტრუალური სინდრომი“, „ყველაზე ლამაზი ქალი მოკვდა“, „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს კონკრეტულმა პასაჟებმა, მაგრამ ამოსავალი წერტილი ჩემთვის საკუთარ თავთან გულწრფელობაა.

აქვე, რადგან სტილების გაზავებაც ახსენე, ალბათ სალექსო ფორმებსაც უნდა შევეხო. „მელიას კუდში“ კვლავ ვერლიბრი ჭარბობს, თუმცა ამჯერად გაცილებით მეტი ბოლორითმული ლექსია, ვიდრე ჩემს პირველ კრებულში. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ტრადიციულ სალექსო ფორმებთან ექსპერიმენტული მუშაობა ჩემი ინგლისურენოვანი ბაკალავრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მომინდა, ეს ძიება ქართულ პოეზიაშიც გადმომეტანა. შედეგად, მაგალითად, ფრანგულ ვილანელს აშუღური მოტივი შეერწყა და მივიღეთ „ხარფუხის ბლუზი“, დასავლური სონეტის ვარიაცია კი სპარსულ ყაზალს დავუკავშირე და ა.შ. მოკლედ, ბევრს ვეცადე, რომ შეყვარებულისა და შეყვარებულობის მრავალფეროვანი სახე პირადი გამოცდილებებისა და სხვადასხვა დროს მიღებული შემოქმედებითი შთაბეჭდილებების შენივთებით მეკვლია და მეც ჩემი მეთქვა იმ საყოველთაო სატკივარსა და სიხარულზე, რომელზეც საუბარი, ალბათ, ყოველთვის გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა იარსებებს. იმედი მაქვს, „მელიას კუდში“ სხვებიც იპოვიან რაღაც სათავისოს.

ზ.კ.: წინა წიგნი ყველა ლიტერატურულ პრემიაზე იყო ფინალისტებს შორის. თუკი მიანიჭებდნენ, რა ნიშნით უნდა გამოერჩიათ? თუ შეგიძლია, შენივე წიგნის ფორმულირება მოკლედ და არაპოეტურად, კრიტიკოსის, ლიტერატორის ენაზე.

. ჟ. „წამისყოფა“ ერთ-ერთ ლიტერატურულ მიმოხილვაში პოლიფონიურ კრებულად მოიხსენიეს და ვფიქრობ, ეს საკმაოდ ზუსტი განსაზღვრებაა. წიგნის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია დაწერილი და, ალბათ, მისი მთავარი ემოციური ღერძიც სწორედ ემიგრანტობის გამოცდილებაა - მუდმივი დანაკლისის განცდა და შინაგანი დაბრუნება ყველაზე საყვარელ სივრცეებთან: ბავშვობის სახლთან, სკოლასთან, თბილისის ფერებთან. ამავე პერიოდს დაემთხვა მსოფლიო პანდემია, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მასშტაბური საპროტესტო ტალღები საქართველოში და კრებულშიც სწორედ ამ რთული ეპოქის ემოციური ანალიზი აისახა - გამკლავების მექანიზმების ძიება, თვითრეფლექსია, გლოვა.

დაწვრილებით

რაც შეეხება ჯილდოებს -  გულწრფელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ დაუმსახურებელი ნამდვილად არ იქნებოდა არც ერთი ის პრემია, რომელზეც „წამისყოფა“ იყო წარდგენილი. კრებულში შესული ლექსები ბრიტანულ და გერმანულ ანთოლოგიებშია დაბეჭდილი, ორი მათგანი კი იორკშირის ახალგაზრდა მწერლების ლიტერატურული კონკურსის შორთლისტშიც მოხვდა. ქართველმა ლიტერატორებმა და, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მკითხველმა წიგნი დიდი ინტერესით მიიღეს.

დღემდე პერიოდულად კვლავ იჩენს ხოლმე თავს სრულიად უცნობი ადამიანების ემოციური წერილები „წამისყოფის“ ტექსტებზე - ლექსებზე, რომლებიც სოციალური ქსელიდან გავრცელდა, ასობით მკითხველამდე მივიდა და, როგორც ჩანს, ბევრის გულსაც შეეხო. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი მიღწევაა.

თუმცა წერა ჩემთვის წარმატებისთვის არჩეული გზა არასოდეს ყოფილა - ის სასიცოცხლო აუცილებლობაა. რაღაცნაირად. სწორედ იმ პერიოდმა, როცა ვერც ერთი პრემია ვერ ავიღე, ყველაზე ნაყოფიერად იმოქმედა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაზე: დაიბადა „მელიას კუდი“, შევუდექი ახალ ლიტერატურულ პროექტს - თარგმანების ანთოლოგიას - და მესამე წიგნის დიდი ნაწილიც, როგორც უკვე ვთქვი, უკვე დაწერილი მაქვს. შეიძლება რამდენიმე წლის წინანდელ ოფიციალურ აღიარებას გარკვეული სიფრთხილეები გაეჩინა და იმ შემოქმედებითი თავისუფლებისთვის შეეშალა ხელი, რომელიც დღეს ასე ძვირფასია ჩემთვის - არ ვიცი. ახლა ამას უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა.

ზ.კ.: პოეზიას თარგმნი. კლასიკურს, თანამედროვეებს. ჩვენთან უყვართ ადამიანის ერთ როლში დამახსოვრება. მზად ხარ, შენი ლექსები გადაჩრდილონ შენმა თარგმანებმა?

თ. კ.: ჩემთვის თარგმნა ვერასდროს გადაწონის იმ განცდას, რომელიც საკუთარი ლექსის დაბადებას მოაქვს. ვერაფერი შეედრება იმ სიამოვნებას, ბოლო რედაქტირებისას რომ განვიცდი. ლექსის დაწერის პროცესს ხშირად მშობიარობას ადარებენ და, სამართლიანადაც. თარგმანი კი უკვე დაბადებულთან ურთიერთობაა. იქ არ არის მშობიარობის ტკივილები - და, შესაბამისად, არც ის დიდი შვება, საკუთარი ტექსტის დასრულებას რომ ახლავს.

სამაგიეროდ, თარგმნას ჩემთვის სრულიად განსაკუთრებული, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ერთგვარი მენტალური მასაჟია - სხვისი რიტმის, სუნთქვისა და ინტონაციის გავლით საკუთარ ენაში მოძრაობა. თანაც, იმდენი დიდი პოეტი თარგმნიდა და თარგმნის, შეუძლებელია, ამ საქმიანობამ ავტორს ჩრდილი მიაყენოს. პირიქით - კარგი თარგმანი ხშირად ავტორის პოეტურ ბუნებასაც განსაკუთრებული სიზუსტით ამჟღავნებს და ისეთ სიღრმეებს ამზეურებს, მანამდე შეუმჩნეველი რომ რჩებოდა.

ისე, ჩემი პოეტური ხმით უფრო ვერლიბრს ვეკუთვნი და ჩემი ტექსტების უმეტესობაც თავისუფალი ფორმისაა. თუმცა სიგიჟემდე მიყვარს კონვენციური პოეზია - ბოლორითმულობა, ფორმის დისციპლინა, მუსიკალური წესრიგი.

სწორედ კლასიკური პოეზიისადმი ამ დაუძლეველი სიყვარულის ერთგვარი მანიფესტია ჩემი თარგმანები; თითქოს იქ ვცდილობ დიალოგს იმ მუსიკალურ ტრადიციასთან, რომელიც ასე აღმაფრთოვანებს.

ამიტომ - არა, არ მგონია, თარგმანებმა ჩემი ლექსები გადაჩრდილოს. ორივეს უფრო ერთმანეთის გაგრძელებად ვხედავ. ხომ ნათქვამია: „არის ჟამი ქვათა შეგროვებისა და არის ჟამი ქვათა განბნევისა“. ჩემთვის თარგმნა შეგროვებას ჰგავს - განსხვავებული პერსპექტივების, გამოხატვის ხერხების, ცოდნის; საკუთარი პოეზიის წერა კი განბნევაა -  ემოციური გამოცდილებების, მიღებული დასკვნებისა და აღმოჩენების სათქმელად სამყაროში მიმოფანტვა. და, ალბათ, სწორედ ამ მუდმივ წრებრუნვაში - მიღებასა და გაცემას შორის - იზრდება ავტორიც.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა