მე ამ ხალხზე ვწერ | ინტერვიუ ივა ფეზუაშვილთან
თამარ მღებრიშვილი: ბევრი მიმართულებით შემეძლო ამ ინტერვიუს დაწყება, მაგრამ დავიწყებ ყველაზე მთავარით - ივა ფეზუაშვილის ავტორისეული ენით. ვფიქრობ, ენა მხოლოდ სტილი კი არა, სამყაროს ხედვის ფორმაა. მკითხველისთვის სწორედ ავტორისეული ენაა ის ადგილი, სადაც მწერალი ყველაზე ნაკლებად თამაშობს და ყველაზე მეტად ამხელს საკუთარ თავს. თქვენი პროზის კითხვისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ თითოეული ახალი წიგნი ამ ენის ძიების კიდევ ერთი ეტაპი იყო, ხოლო „ედელვაისებში“ ეს ძიება თითქოს დასრულდა. ბიუფონი იმასაც კი ამბობდა, რომ „სტილი თავად ადამიანია“ და თუ ამას ენობრივი კუთხითაც მივუდგებით, მაშინ რამდენად ჰგავს ივა ფეზუაშვილის ფორმირებული ენა ივა ფეზუაშვილს? რა გზა გაიარა ამ ენამ? და საერთოდ, როდის ხვდება მწერალი, რომ მან თავისი ენა იპოვა?
ივა ფეზუაშვილი: დიდად სწორი არ მგონია, რომ ენის ძიება დავასრულე, მაგრამ დიდად სწორი არც ის მგონია, რომ ოდესმე ენას ვეძებდი. მგონი, დიდად არც იმის მჯერა, რომ ავტორი თავის წიგნს უნდა ჰგავდეს, ან წიგნი ავტორს, ან რომ ენამ უნდა ჩამოაყალიბოს ადამიანი მწერლად, ან მწერალმა ენა უნდა აქციოს საკუთარი მეს გასაღებად.
ისე იმეტყველო, როგორც წერ და ისე წერო, როგორც მეტყველებ, არც ეგაა ყველაზე სწორი, სჯობს ის წერო, რასაც ცხოვრობ და იცხოვრო, რასაც წერ… მე ეგრე მგონია…
სტილი და ენა ამბავს მოაქვს. გააჩნია, რა ამბავს წერ. ჯერ “რას” იგონებ და მერე “როგორს”, არ გამოვა, რომ ერთი “რა”, მეორე “როგორით” მოყვე, არ გამოვა, რომ სწორ “რას”, არასწორი “როგორ” მიუსადაგო, უფრო სწორად გამოვა, მაგრამ რაც გამოვა, ის არ იქნება “რაც” უნდა გამოსულიყო.
ამ საქმეში ენაზე, სტილზე, ფორმაზე ან ნებისმიერ კომპონენტზე რომ თქვა, მორჩა ეგ განვასრულე და ე, მაგეების პიედესტალზე შევდექიო, მეორე წამს ზუსტად მაგ პიედესტალიდან გადმოვარდები და ღირსიც იქნები.
ან განა ეგეთი რა გადასარევი სტილი, ფორმა და ენა უნდა მოძებნო, რომ იმაში შეყუჟვა და თავის დაპატარავებად, აღარ გაზრდად და აღარ განვითარებად გიღირდეს?
წერა ფათერაკია და მაგ ფათერაკებში თუ გარანტიებით გინდა შესვლა, რომ წყნარად შეხვალ და კიდევ წყნარად გამოხვალ, მოდი - სულ ნუ დაწერ!
თ.მ.: 90-იანი წლები მხოლოდ იმ თაობის გამოცდილება არ არის, რომელმაც ეს პერიოდი საკუთარ თავზე გადაიტანა. ამ ეპოქის ტრავმები, შიშები, სიღარიბე, ძალადობა თუ დაუცველობის განცდა მემკვიდრეობით გადაეცა 2000-იანებში გაზრდილ შვილებსაც, რომლებსაც თავად შეიძლება არ ახსოვდეთ ის წლები, მაგრამ მათი შედეგებით ცხოვრობენ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ ტრავმების განგრძობითობის ჩვენება? მით უფრო, რომ თქვენი ტექსტები სწორედ პერსონალური გამოცდილების გავლით ახერხებენ კოლექტიური გამოცდილების აღწერას. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ასეთი პირადი და გულწრფელი თხრობა ის ესთეტიკური ძალა და მიმზიდველობა, რომელიც თანამედროვე ლიტერატურამ უნდა შეინარჩუნოს?
ი.ვ.: არ მიყვარს მწერალი რომ დროს გაურბის, და დიდად არც ის წიგნები მიყვარს, იგავ-არაკული ენით რომ ცდილობენ თეთრზე თეთრის და შავზე შავის თქმას.
აქ ვართ, ასე ვცხოვრობთ, და ისე ვკვდებით, ლიტერატურამ მაგას თუ არ უპასუხა, აქ რატომ ვართ და ასე რატომ ვცხოვრობთ და ისე რატომ ვკვდებით, მაშინ ლიტერატურა სიმართლეზე არ იდგება… სიმართლე კიდევ ყველაზე მთავარია, რაც ავტორს მოეთხოვება.
იმას არ ვამბობ, რომ ლიტერატურას ჭეშმარიტებების თქმა მოეთხოვება, თუმც არც ეგ იქნება ურიგო, უბრალოდ, რომ წერ და წერ დროზე და ამ დროში შენს გამოცდილებაზე, ბარემ სიმართლე უნდა წერო, თორემ გამოგონილით და ყალბით სავსეა სამაყრო, სოციალური ქსელები, რეკლამები და კომერციული ტექსტები…
ტრავმა კიდევ ასე, ცხოვრებაში რომ ცუდია, წიგნში მაგის გაზიარება, რეფლექსია ეგებ კარგიც იყოს, განა მარტო მწერალია დატრავმული, მკითხველმა რა, იგივე არ გაიარა? ან თუ არ გაუვლია, არ გინდა, რომ იცოდეს საიდანაა, სადაა და რატომ?
თან ტრავმებზე წერას ერთი პლუსიც აქვს… სადღაც თვითთერაპიაა, ამოთქმაა და გულიდან ამოგლეჯა… მე მშველის… ეგებ სხვასაც უშველოს.
თ.მ.: „ედელვაისებში“ არაერთხელ გვხვდება ე.წ. „საკრალური“ იდეების თუ ფრაზების დესტრუქცია, მათი გადააზრება და ზოგჯერ საპირისპირო მნიშვნელობით წარმოჩენა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია პროტაგონისტის თეზა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ პოსტკოლონიური ტრავმების ბუდე“, რაც ყველასთვის ცნობილი ფრაზის დესტრუქციაა. ხშირად ევროპელობა ჩვენთან აღიქმება როგორც გარკვეული ღირებულებითი ჩარჩო, როგორც წინასწარ განსაზღვრული მოდელი, რომელსაც უნდა დავუახლოვდეთ, თუმცა ამგვარი აღქმა თავად თავისუფლების იდეასაც შეიძლება ზღუდავდეს. თუ საქართველოს დღევანდელი თვითშეგნება ჯერ კიდევ დიდწილად პოსტკოლონიური გამოცდილებით არის განსაზღვრული, შესაძლებელია კი რეალური - შინაგანი თუ საზოგადოებრივი - თავისუფლების მიღწევა იმ ტრავმებთან გაუმკლავებლად, რომლებიც ჩვენს იდენტობას დღემდე აყალიბებს? შეუძლია თუ არა ლიტერატურას იმ ცნობიერებითი სივრცის შექმნა, სადაც საზოგადოება საკუთარ გამოცდილებას თავიდან დაინახავს და გადაიაზრებს?
ი.ვ.: ჩემი აზრით, წიგნმა რომ დაგაფიქროს და კრიტიკული კითხვების დასმა დაგაწყებინოს, ეგ უკვე საკმარისიცაა და ლამაზიც. მე, როგორც მწერალი, ჩემსას ვაზიარებ, ჩემს დარდს და კაეშანს მივყვები, და მანდ მკითხველმა რომ თავისი იპოვოს, თავის ტკივილზე, წარსულზე და ტრავმებზე დაფიქრდეს, ეგ უკვე ნიშნავს, რომ თანამოაზრე გამიჩენია და თანამოაზრედ გავუჩენივარ.
მწერალიც ხომ კითხვებით იწყებს, მაგალითად, რას ნიშნავს მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი? ამ ერთ ფრაზაში ხომ ჩემი, როგორც რიგითი ქართველის და ევროპის, როგორც იდეის თუ ერთობის, უდიდესი ისტორია, ტრადიციები და კონტექსტებია, ჰოდა, “ედელვაისების” შემთხვევაში მაინტერესებდა როგორ და რა კონტექსტით ვჯდები ევროპულ იდეაში მე და ჰგავს თუ არა ჩემი ისტორია, დავუშვათ, სხვა პოსტ-კოლონიურ ან პოსტ-კოლონიალისტ ქვეყნის ისტორიას, რა ტრადიციებს ვიზიარებთ და რას ვერა…
თქვენს შეკითხვას - თავისუფლებას ხომ არ ვიზღუდავთ, როდესაც, დავუშვათ, ევროპისკენ მივდივართ და მივდივართ კრიტიკული კითხვების გარეშე, მგონი, ჩემი წინა ტრილოგიაც და “ედელვაისებიც” მეტ-ნაკლებად პასუხობს.
ჩვენ საბჭოთა კავშირის დატოვებული ტრავმებიდან რუსულ ოკუპაციაში ამოვყავით თავი, ფიქრისთვის და თვითგამორკვევისთვის ვერასდროს მოვიცალეთ, სულ გადარჩენაზე ვიყავით და ვართ, და თუ ლიტერატურა ვიღაცას ამ ყველაფერზე დააფიქრებს, მე მხოლოდ გამიხარდება.
მე ამ ხალხზე ვწერ. ჩვენზე. ჩემზე. შენზე. ვინც გადარჩენას ყველაფერი დაუფიქრებლად შევწირეთ და გადარჩენილებს ფიქრის დროც კი აღარ დაგვრჩა.
თ.მ.: იუმორი, სატირა, სატირული იუმორი, რეფრენები, გაბმული წინადადებები, შუაში გაწყვეტილი ფრაზები და ისევ დაბრუნებული გამეორებები - „მასკარაფონეააა“, „ვარისლალოოო“... ეს უკანასკნელი ის სიტყვაა, რომლითაც „ედელვაისები“ იწყება და შესავალი სიტყვის ბოლოს გვიბრუნდება: „ვარისლალოოო, ჩემი ტვინის ასოციაციობანათი მიხვდებოდი, რომ ფხიზელი არ ვარ“. ტექსტი თავიდანვე გვთავაზობს მთხრობელს, რომლის ცნობიერებაც უწყვეტ ნაკადად მოედინება და მთელი რომანი თითქოს ერთი შემთვრალი ადამიანის ვრცელ მონოლოგად იქცევა. ლიტერატურაში ხშირად გვხვდება მთხრობელი, რომლის საუბრის ფრაგმენტულობა, წინააღმდეგობები და ინტონაციური რყევები უფრო მეტს ამხელს, ვიდრე დალაგებული თხრობა. „ედელვაისებში“ ეს არეული, თითქოს კონტროლიდან გასული ხმა, საბოლოოდ, ძალიან ზუსტ და გამჭოლ ხედვად გარდაიქმნება. რისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს არეულობა და ქაოსური რიტმი გამხდარიყო რომანის სტრუქტურა?
ივა ფეზუაშვილის შავი რომანი | „მასკარაფონე“
ი.ვ.: სიმართლეებზე რომ ვილაპარაკეთ, მაგის გაგრძელებაა და ცოტა მეთოდური წერის მაიმუნობაც. ვერაფრით დავაჯერე ჩემ თავს, რომ მთვრალ კაცზე ფხიზელს უნდა მეწერა და ამიტომ ვსვამდი, როდესაც მთავარი გმირი სვამდა და ვწერდი, როდესაც ისიც საწერად იჯდა.
ქაოსი იმიტომ იყო საჭირო, რომ პერსონაჟია ქაოსური და რასაც ჰყვება, ძირითადად, მთვრალი ჰყვება, მთვრალი ადამიანები კიდევ მაინცდამაინც თანმიმდევრულები არ არიან, და ეს თუ სიმართლეა, მაშინ ისიც სიმართლე უნდა იყოს, რომ მწერალმა უთავბოლო ამბავი თანმიმდევრულად არ უნდა წეროს.
ქაოსის გათამაშება არ გამოვა… მე არ გამომივიდოდა. წერაში ეგ მიყვარს, თავისკენ რომ წაგიღებს და რომ არ იცი ეგ თავისკენ საითაა და საშენოა თუ არა…
მთვრალზე წერას ერთი დიდი მინუსი აღმოაჩნდა, გამოფხიზლებულს ბევრი რამის წაშლა, ამოშლა და გადაშლა მომიწია. ლამაზია მთვრალი ქაოსი, მაგრამ ქაოსი რომ ამბად იქცეს, სიუჟეტად და თავგადასავლად, მაგას დიდი სიფხიზლე დასჭირდა.
ასე რომ, ცნობიერების ნაკადი სიმთვრალეა და ის, რაც ბოლოს და ერთ წერტილში იკვრება, მკაცრი სიფხიზლე.
თ.მ.: თქვენი წიგნები უკვე არაერთ ენაზე ითარგმნა. სულ რამდენიმე თვის წინ „ბუნკერმა“ ათენის ლიტერატურულ ფესტივალზე, წლის საუკეთესო ნათარგმნი პროზის ნომინაციაში გაიმარჯვა, ეს უკვე მესამე საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ამ რომანმა მოიპოვა. ამ პოლიტიკური და სოციალური რეალობის ფონზე, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, მათ შორის კულტურისა და ლიტერატურის სფეროშიც, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურის თარგმნის პროცესი არ შეწყდეს? და აქ, რა თქმა უნდა, პოეზიასაც ვგულისხმობ, რომელიც არც თუ ისე ხშირად ითარგმნება, არადა „ედელვაისების“ გმირს საქართველოდან ორი წიგნი მიაქვს - კავაფისის ლექსები და დავით წერედიანის „პარაპეტი“.
ი.ვ.: ლიტერატურა არის უმნიშვნელოვანესი ხიდი ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგისთვის, მით უმეტეს, პოეზია ხომ მთლად უცხო ქვეყნის სულის გაცნობაა…
თარგმანის გარეშე მწერალი ვიწრო კონტექსტში რჩება, ვერ ვითარდება, სულ და მუდამ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის “რას” პასუხობს. თუ პატარა ქვეყნიდან და, ეგრეთ წოდებული, პატარა ენიდან ხარ, ხდება ხოლმე, რომ დიდ ქვეყნებს თავ-თავიანთ, დიდ ენაზე დიდად არ ესმით ჩვენი. სახელმწიფოს ხელშეწყობითაც კი ჭირდა უცხო ენაზე თარგმნა და დაბეჭდვა და ახლა, როდესაც სახელმწიფო კულტურისგან მხოლოდ მორჩილებას ითხოვს, ძალიან, ძალიან გაჭირდება ქართული ლიტერატურის გატანა, ახალი ხიდების აშენება და ვიწრო კონტექსტიდან გამოსვლა.
თ.მ.: ბოლოს კი მინდა ახალ წიგნზე გკითხოთ, რომელზეც, თუ არ ვცდები, უკვე მუშაობთ. თქვენი ტექსტების გათვალისწინებით, სადაც პოლიტიკა, სოციალური რეალობა, პირადი ტრავმა და ადამიანის შინაგანი სამყარო ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მაინტერესებს აგრძელებს თუ არა ახალი წიგნი ამავე ლიტერატურულ ხაზს, თუ თქვენთვის ახალი ეტაპი იწყება? ისევ ძალაში რჩება ავტორ-მთხრობლის ფრაზა - „პოლიტიკა, კრიმინალი და სიყვარულია ჩემი ტექსტების სამება“, თუ ეს „სამება“ შეიცვალა და ახალი განზომილება დაემატა?
ი.ვ.: ახალი წიგნი ახალი ტრილოგიის დასაწყისია და “ედელვაისების” მწერლის ეგ ფრაზა იდეალურად აღწერს ამ ახალ წიგნს.
“გაზაფხული” ასეთი სამუშაო სათაური აქვს
და სიყვარულზეა
ან სიყვარულის გააზრებაზე
ან სიყვარულის ვერ გააზრებაზე
გასააზრებელ თუ ვერგააზრებულ სიყვარულზე, რომელზეც, ერთი მხრივ, პოლიტიკა და, მეორე მხრივ, წარსულში ჩადენილი კრიმინალი ახდენს გავლენას.