გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უწყვეტი თხრობა, ხედვის ახალი წერტილი | ინტერვიუ ივა ფეზუაშვილთან

ივა, შენთვის, როგორც მწერლისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომანში – ამბავი, პერსონაჟები თუ ის რეალობა, რომელშიც ეს ამბავი უნდა განვითარდეს?

სამივე ერთად. კი, „ბუნკერის“ შემთხვევაში სამივე თანაბრად მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, თავდაპირველად, ყველაზე მეტად, წერის სტილი მაინტერესებდა. მინდოდა განსხვავებულად მომეყოლა ის ჩვეულებრივი, ყოფითი ამბები, რომლებსაც ყოველდღიურად ტელევიზიით ვისმენთ.

„ბუნკერი“, მგონია, რომ ჩემი ყველა სხვა ნაწარმოებისგან განსხვავებულია, რადგან რომანის სტრუქტურა აქვს. პერსონაჟები გამოკვეთილია, სიუჟეტი გამართულია. ვიცოდი, რომ რაღაცით უნიკალური უნდა გამხდარიყო. მჯერა, რომ ყველა წიგნს საკუთარი ენა უნდა ჰქონდეს. „ბუნკერის“ შემთხვევაში ენა განსხვავებულია – ძალიან გრძელი, უწერტილო წინადადებებისგანაა შემდგარი. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო. რომანი იმგვარადაა აგებული, რომ  კონკრეტული თავი დროის კონკრეტულ მონაკვეთს ასახავს და კონკრეტული პერსონაჟის ამბავს მოგვითხრობს. წრეზე მიდის: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე პერსონაჟი და მერე ისევ თავიდან. მინდოდა მათთვის და მათი ამბებისთვის განსაკუთრებული სტილი მომეფიქრებინა და უწყვეტი თხრობა ვარჩიე.  

„ბუნკერის“ შემთხვევაში, ამბავი, პერსონაჟები, რეალობა, მართლაც სამივე თანაბრად მნიშვნელოვანია.

ამჟამად, როგორც წესი, ორი სახის ტექსტები იქმნება: პირველი, ვცდილობთ საკუთარ ბიოგრაფიას სიუჟეტი მოვარგოთ და მეორე – ვფიქრობთ, სიუჟეტში ბიოგრაფია როგორ ჩავტენოთ.  „ბუნკერი“ სწორედ ეს იყო – ფიქრი იმაზე, როგორ დამემალა სიუჟეტში საკუთარი თავი და ტკივილები.

რომანის პერსონაჟებს ჰყავთ პროტოტიპები და ეს ადამიანები ნამდვილად არსებობენ. მილა არსებობს. ჩემი შვილის ძიძაა და მან მომიყვა ის ამბავი, რომლისგანაც მოგვიანებით პერსონაჟი შევქმენი. ფაბულა ცოტა სხვა იდეიდან მოდის: აიოვადან ჩიკაგოში გადავდიოდი და გზაში ერთმა სომეხმა გოგომ, სარა ელგატიანმა მომიყვა ჩიკაგოს ღარიბ კვარტლებში კაპიტალისტი მშენებლების მიერ დაწყებული საქმის შესახებ, რის გამოც ამ ხალხს ყველაზე დიდი ქალაქიდან გადმოსახლება მოუწია. და უცებ, ყველაზე ლიბერალური შტატი – აიოვა ამ მიგრაციის საწინააღმდეგოდ აგრესიული გახდა. ეშინოდათ, რომ ღარიბი შავკანიანები აიოვაში ცხოვრების წესრიგს დაარღვევდნენ და კრიმინალს შემოიტანდნენ.  რომანის იდეა მაშინ გაჩნდა, მინდოდა ოჯახის მიგრაციაზე დამეწერა. იმ პრობლემაზე, რომელიც არასდროს იკარგება და სადაც არ უნდა წახვიდე, თან დაგყვება, როგორც გენამ წაიღო, მაგალითად, თბილისის ზღვაზე დატოვებული გვამების ისტორია.

მოგვიანებით ამ ამბავს დაემატა ის, რაც ჩემი შვილის ძიძამ, მილამ მომიყვა. მილა ეთნიკურად სომეხია. მეუღლესთან ერთად ბაქოში ცხოვრობდა, მოგვიანებით ბაქოდან ერევანში, ერევნიდან კი თბილისში გამოქცევა მოუწია, სადაც 90-იანი წლები და არანაკლებ დიდი ჯოჯოხეთი დახვდა. ზემა, შვილიც კი, ნამდვილად მილას შვილია და ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ის პოზიცია უჭირავს, რაც რომანში.

რომანის სხვა პერსონაჟებს შორის, ყველაზე ფიქციური ლაზარეა. მასში ჩავმალე, რასაც ხშირად ვფიქრობ და განვიცდი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არც „გლოვოს“ და არც „ვოლტს“ არ ვიყენებდი, რადგან თუ ნაღდი ფული არ მქონდა, შესაბამისად არ მქონდა კურიერისთვის თანხის დატოვების შანსიც. გუშინწინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ  აპლიკაციას ეს ფუნქცია აქვს.

 

როგორც მივხვდი, შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების უშუალო გამოცდილებამ მიგიყვანა რომანის იდეამდე, რომელშიც პოსტსაბჭოთა ოჯახის პრობლემებია ასახული. მაგრამ რამდენად აქტუალურია ამ პრობლემატიკის ჩვენება და ასახვა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?

 ზოგადად, აქტუალობაზე საუბარი გამიჭირდება. საქართველოში, ლიტერატურის მხრივ, რა შეიძლება იყოს აქტუალური და რა არა, ერთი დიდი ტყუილია. ჩვენთან არაფერია აქტუალური. მოთხოვნა ქართულ ლიტერატურაზე თითქმის არ არსებობს. ჩვენი საუკეთესო ნაწარმოებებიც კი დიდად არავის აღელვებს. ზუსტად ამ პრობლემას ვეჩეხები წიგნის დასრულების დროს. წიგნს ვამთავრებ და არ ვარ დარწმუნებული, რომ უნდა გამოვუშვა. ამ ბოლო პერიოდში დავფიქრდი, რომ ეს ჩიხში შესული ადამიანის პოზიციაა. იქნებ სჯობს, მარტივი, მსუბუქი კომედიები ვწეროთ?!

 რეალური სამყარო გაცილებით სასტიკი და უსამართლოა, ვიდრე ჩემი წიგნების ფიქციური სამყარო. იმაზე დიდი სადიზმები, რასაც წიგნში აღვწერ, რეალობაში ხდება, ტელევიზორში ხდება, 5 ივლისს ხდება.

რაც შეეხება აქტუალობას, ყველაზე ცუდი კითხვა, რაც რომანთან დაკავშირებით მსმენია, ამგვარად ჟღერს: რატომ ეთნიკურად სომხები? თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სომხები ქართულ კულტურაში კოლორიტულობის ელფერს ინარჩუნებენ, არადა სინამდვილეში ნახევარი თბილისი ეთნიკურად სომხების აშენებულია. მიუხედავად ამისა, მიმღებლობა მაინც არ გვაქვს. წიგნში ერთი საინტერესო მონაკვეთია, როცა წარმოშობის გამო, გენას ქართულ მარშში ბლოკავენ. ზღვარი ჩვენსა და მათ შორის ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს.

მე აბანოთუბანში გავიზარდე, ეთნიკურად ძალიან ჭრელ ეზოში. ამ ხალხის ძალიან კარგად მესმის. ვიცი მათი ცხოვრება, პრობლემატიკა, რაზეც აუცილებლად უნდა მესაუბრა. საკითხი, ამ შემთხვევაში, უშუალოდ ჩემს მეგობრებსა და კარგ ნაცნობებს ეხება.  

 

რადგან პერსონაჟები და მათი წარმოშობა ახსენე, აქვე გკითხავ. რომანში სიუჟეტი ერთი სომხური ოჯახის საფუძველზე ვითარდება. ოჯახში ოთხი წევრია. განსხვავებულია თითოეული მათგანის ხედვა, გამოცდილება, პრობლემა, მაგრამ რა არის ის საერთო, რაც ოთხივე მათგანს აკავშირებს?

 მარტივად რომ დავშალოთ, ზემასთვის და მილასთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქალები არიან. სამყარო კი მეტისმეტად მასკულინური და უხეშია. გოგო, რომელიც პოლიციის ოფიცერია, დაცული არ არის კრიმინალისგან. კაცი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, გარშემომყოფთა დამოკიდებულება სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ზემა მსხვერპლია და არამხოლოდ ზემა. ჩემთვის მთავარი იყო მეჩვენებინა, რომ ოთხივე პერსონაჟი მსხვერპლია; რომ ბედნიერებას გარემოებების გამო ვერ მიაღწიეს და არა იმიტომ რომ არასდროს უცდიათ.

მაგრამ, უმთავრესი, ალბათ, რაც ოთხივე პერსონაჟს აკავშირებს, ტკივილია. გენამ საკუთარი ტკივილი აიღო და დივანზე წამოწოლის მანიფესტად გადააქცია; მილამ – 24 საათიან, გიჟურ სამუშაო გრაფიკსა და ოჯახის რჩენაში დააბანდა; ლაზარეს შემთხვევაში, ტკივილი „აბაზანაში ნათლობის“ ფსიქოლოგიური სტრესია. რაც შეეხება ზემას, ბუნკერში ნაგავივით მოსროლილი პერსონაჟი აღმოჩნდა.

 

რასთან კონფლიქტში მოდიან შენი პერსონაჟები?

ყველაფერთან.

 

როგორც ინდივიდუალურ მკითხველს, მრჩება შთაბეჭდილება რომ ეს პერსონაჟები, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა სისტემასთან კონფლიქტში არიან.

 სისტემა ძალიან სწორი პასუხია, მაგრამ სისტემაში მხოლოდ სახელმწიფოს არ ვგულისხმობთ. თუ ზემასთვის სისტემა პოლიციური რეჟიმია, მილასთვის  სისტემაა, რომ მისგან ობიექტად გადაქცევას ელიან, რომ სამყარო „ინსტაგრამული“ სტანდარტების დაკმაყოფილებას სთხოვს. ლაზარეს შემთხვევაში, სისტემა, რომელსაც ებრძვის, წმინდად კაპიტალისტური რეალიზმია. მაგრამ გენა განსხვავავებული პერსონაჟია. გენა არ იბრძვის, მასთან ცალსახად დანებების მომენტი დგას და კითხვისას სწორედ ეს უნდა ეძებო, რა გახდა ამ პერსონაჟის დანებების მიზეზი. ძალიან ბევრი გვინახავს ჩვენი მშობლების თაობის კაცები, რომლებსაც ძალზე დიდი პოტენციალი ჰქონდათ, მაგრამ პულტით ხელში დივანზე გადაინაცვლეს. ოდესღაც მქონდა პრეტენზია, რომ მათი მეტი შეეძლოთ, ამ წიგნის საშუალებით კი უბრალოდ მინდოდა გამერკვია, რატომ ვერ შეძლეს, ან რამდენად აქვთ ლეგიტიმური უფლება იწვნენ, ტელევიზორს უყურონ და არაფერი აკეთონ.  


ივა, სათაურთან დაკავშირებით მინდა გკითხო. როცა ვსაუბრობთ „ბუნკერზე“, დრაკონის ხახაზე, რომლიდანაც მუდმივად სიმყრალე ამოდის, ამ შემთხვევაში  ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალური პრობლემატიკით, სისტემების უცვლელობით და ისტორიული წარსულით განპირობებულ სიმყრალეს ვგულისხმობთ თუ ეს უფრო მეტად თითოეული ადამიანის ინდივიდუალური, შინაგანი მდგომარეობაა?

მე მგონი უფრო არგადააზრებული წარსულია. რომანში, როცა გენა ქართულ მარშზე მიდის, მთხრობელი ამგვარ რამეს ამბობს, ქართველებმა საქართველოს ისტორია სადღეგრძელოებით ისწავლესო. 90-იანი წლების შეცდომები საერთოდ არ გაგვიაზრებია. თითქოს კარი გამოვხურეთ, გამოვკეტეთ და ამაზე აღარ არ ვსაუბრობთ.

 ყველაფერი იარლიყების მიხედვითაა დაყოფილი და გააზრებული ნაკლებად გვაქვს. ამიტომ, მგონია რომ მართებული დასკვნებიც არასდროს გაგვიკეთებია. თანამედროვე ისტორიკოსები ამაზე არ ლაპარაკობენ, არ მსჯელობენ, არ წერენ, რადგან ეს ხალხი ცოცხალია, საქართველო კი ბიძაშვილ-მამიდაშვილური ქვეყანაა და არავის უნდა ვიღაცას აწყენინოს. არადა, ეს ყველაფერი სათქმელია და უნდა ითქვას კიდეც.  ტერმინებიც შესაცვლელია.

 ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ასაღები ჩვენს წარსულსა და შეცდომებზე. ბუნკერი 90-იანი წლების ხედვის ახალი წერტილია. თუმცა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს წიგნი 90-იან წლებზეა.

 

ვფიქრობ, რომ უფრო მეტად 90-იანი წლებიდან დაწყებულ დღევანდელობაზეა.

კი, 90-იანი წლების ჯოჯოხეთური ანარეკლია 2017 წლის 9 აპრილს.
 

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესაა პერიოდი, როცა, რომანის თანახმად, არაფერი იცვლება. რომანში ეხები ისეთ პოლიტიკურ და სოციალურ თემებს, როგორიცაა უმუშევრობა, პოლიციური თუ საბანკო სისტემების პრობლემატიკა, ქალთა მიმართ ძალადობა, კრიმინალური ინსტიტუტი  და ა.შ. ყველა პრობლემას კი ლაითმოტივად გასდევს ფრაზა, რასაც გენა ფიქრობს, რომ არაფერი იცვლება? რატომ არ იცვლება ან რატომ ვერ იცვლება ვერაფერი ამ ქვეყანაში? 

იმიტომ რომ შეცდომებზე არასდროს გვისწავლია. ორჯერ შევცვალეთ მთავრობა დამოუკიდებლობის ისტორიაში. ერთი იყო წმინდად რევოლუციური გზით, მეორე კი – არჩევნებით, რომელსაც საფუძვლად ფარული ვიდეოკადრები ედო. დასკვნები პოლიტიკური ჭრილიდან გამოგვაქვს, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი რეალიზება გვიჭირს. ამიტომ, აწმყოც წარსულის მსგავსია. მხოლოდ სახელები და სათაურები იცვლება, შინაარსი კი იგივე რჩება. უცვლელობის პრობლემა სწორედ ეს მგონია.

უცვლელობასთან დაკავშირებით, ერთი პერსონაჟი მახსენდება რომანიდან - გენას მეგობარი, რომელიც პოლიციური სისტემის წარმომადგენელია. რომანში ერთ ძალიან საინტერესო ფრაზას ვხვდებით მასთან მიმართებით: „მთავრობები რომ შეიცვალა და მისი მეგობარი რომ ისევ სისტემაში დარჩა აწ და მარადის და სისტემაც რომ იგივე დარჩა უკუნითი - უკუნისამდე, ეგ იყო ძალიან დიდი და შავზე შავი, პოლიტიკური და სოციალური, ერის მოსაღუნი და დასაჩლუნგებელი ხუმრობა“. სისტემის უცვლელობის მიზეზს ამგვარ ადამიანებში ხედავ?

არა. სისტემის ცვლილებისთვის, პირველ რიგში, არ უნდა იმღერო, რომ სისტემა დაინგრეს. სიმღერით სოფელი არ აშენებულა. საზოგადოების მოთხოვნა, როცა ვმღეროდით, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, სინამდვილეში არა სისტემის, არამედ მთავრობის შეცვლა იყო. როგორც კი საზოგადოებას მოუნდება, რომ სისტემა დაანგრიოს, ამის ძალას საკუთარ თავში აუცილებლად იპოვის. უბრალოდ, ძალიან ბევრჯერ და ძალიან ცუდად მოგვატყუეს. როცა მართლა ცვლილებების გამო გავდიოდით და ჩვენს პროტესტს ქუჩაში ვაფიქსირებდით, ამას სხვა ყოველთვის თავის ინტერპრეტაციის აძლევდა და საკუთარი მიზნისთვის იყენებდა. ამიტომ, მგონია, რომ ეს ნიჰილიზმი, რაც ჩემშია და რაც ამასთანავე ბევრშია, სწორედ ამის შედეგია. აქციებს რომ შეხედო და იქ მისული ხალხის რაოდენობას დააკვირდე, აღმოაჩენ, რომ მათი რიცხვი მუდმივად მცირდება და ჩვენ უბრალოდ ვნებდებით. ვნებდებით იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ და ძალიან არასწორად გამოგვიყენეს; იმისგან სრულიად განსხვავებული შედეგები მივიღეთ, რასაც ვითხოვდით და რასაც მოველოდით. სისტემას ხერხემალივით ჰყავს გენას მეგობრის მსგავსი ადამიანები. გააჩნია, რამდენის უფლებას მისცემ მას.

მინდა, ინტერვიუ რომანიდან აღებული ერთი ციტატით დავასრულოთ. ერთგან გენა ამგვარ რამეს ფიქრობს: „ჯოჯოხეთი ისაა, რაც რუტინად იქცა და არსებობს რუტინული ჯოჯოხეთებიც და ერთ-ერთ საქართველო ჰქვია“. რა არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი რუტინა?

ძალიან მინდა, ეს ფრაზა სწორად გაიგო. ეს არ არის ჩემი პოზიცია. ეს გენას პოზიციაა. გენა ამ სიტყვებს მაშინ ამბობს, როცა პრეზიდენტს გადაარჩენს და შემდეგ უკან ბრუნდება. კონტექსტის გარეშე, ცალსახად იმის თქმა, რომ საქართველო ერთი დიდი ჯოჯოხეთია, ტყუილი იქნებოდა. გენას რამდენჯერმე ჰქონდა ეტაპი, როცა მისი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო, დალაგებულიყო. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში იცის, რომ იქ, სადაც წარმატებას უნდა მიაღწიოს, ამავდროულად რაღაც ძალიან საშინელი ელოდება. ეს რომანის ერთადერთი პერსონაჟია, რომლისთვისაც, ალბათ იმედგაცრუებაა რუტინა. ისეთ სამყაროშია, იმგვარი წარსულითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომ დანამდვილებით იცის, ზემოთ ასვლას რადიკალური დაღმასვლა მოჰყვება. გენასთვის სწორედ ეს იქცა რუტინად – დანებება.

 

 

ესაუბრა ქეთი გახოკია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა