გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ისმაილ კადარე, „სიზმრების სასახლე“ | მედეა იმერლიშვილი

სიზმარი - „უპატრონო ნაკვეთი ხიდის ძირას; ერთგვარი უდაბური ადგილი, სადაც ხალხი გამოუსადეგარ ნივთებს ყრის. ნაგავსა და მტვერში, ძველი პირსაბანი ნიჟარის ნამტვრევებს შორის, უცნაური მოყვანილობის ძველი მუსიკალური საკრავი ეგდო, რომელიც ამ უკაცრიელ ადგილას თვითონ უკრავდა. აშკარად ამ ხმებისგან გაცოფებული ხარი კი ხიდის ძირას იდგა და ბღაოდა...“

სადაც სიზმრებია, იქ, მეორე მხარე, ცხადია, იქნება კიდეც. მაგრამ ისმაილ კადარეს ამ მაგიურ წიგნში ცოტა სხვანაირადაა. სიზმრები ხომ ნისლივითაა ჩვენს წარმოდგენაში - თან არის, თან არ არის, რაღაც გამახსოვრდება, უფრო მეტი კი დავიწყებას ეძლევა. აქ პირიქითაა. სიცხადის მხარე თითქოს გეომეტრიული ნახაზია - ერთი დიდი ლაბირინთით - უსასრულო და პარალელური დერეფნებით, ნაცრისფერი კედლებით, ძლივს მბჟუტავი ნათურებით, უთვალავი დარბაზით, სადაც უთვალავ მაგიდას უთვალავი ადამიანი შემოსხდომია და თავი ფურცლებში ჩაურგავს - უშველებელ შენობაში, რომელსაც სიზმრების სასახლე - თაბირ სარაი ჰქვია. სიცივე ძვალ-რბილში ატანს, აქაც, შენობაშიც, და შენობის გარეთაც - ზამთარს დაუსადგურებია - თოვლი, წვიმა, მოყინული ფილაქანი - რომელზეც ყოველ წამს შეიძლება ფეხი მოგიცურდეს - შემზადებაა მკითხველისა, დიახ, იქ, სადაც ამბავი ხდება, ამ ცივ და ნაცრისფერ ქალაქში, ამ სივრცესა და დროში, ყოველ წამს შეიძლება ფეხი მოგიცურდეს. მინდა, წარმოიდგინოთ ეს მკაცრი და ცივი სინაცრისფერე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდის და როგორ, რა კონტექსტში ჩნდება ფერი (ა ბაო ა ქუსი არ იყოს, ბორხესის „წარმოსახულ არსებათა წიგნიდან“, ლეთარგიულ ძილს მიცემული მხოლოდ მაშინ რომ ფხიზლდება და შინაგანი შუქითაც მაშინ ივსება, როცა ვინმე იდუმალი კოშკის ხვეულ კიბეს აუყვება), მინდა უსმინოთ იმ სიჩუმესაც, რომელიც ჩამომდგარა ქუჩებშიც, სასახლის ეზოშიც და უთვალავი ადამიანით სავსე დარბაზებსა და უკაცრიელ დერეფნებშიც. იმიტომ რომ ამ სიჩუმეში, შორიდან, ყრუდ, როგორც ხმების მიმჩქმალავ ნისლში, დროდადრო ჩნდება ხმები - ეტლების, ცხენების ჭიხვინის, სასახლის მოსამსახურეთა გადაძახილ-გადმოძახილი სასახლის ეზოში.

აქ არის ერთი ასეთი მომენტი, თაბირში მუშაობის დაწყებიდან მალევე, პირველსავე უქმე დღეს, ქუჩაში გასული მარკ-ალემი „ქალაქს ხანმოკლე გადასახლებიდან დაბრუნებულივით“ ათვალიერებს, ოღონდ ეს ქალაქი „გახუნებული და უგემური“, „შებორკილი, ძუნწი და მოსაბეზრებელი“ ეჩვენება.

„ნეტა რა დაემართა ამ ხალხს და ამ ყველაფერს?“ - ფიქრობს მარკ-ალემი და ახსენდება წაკითხული სიზმრები - „იქ, მის საქაღალდეებში ყველაფერი სხვანაირად ჩანდა, ლამაზი და ბრწყინვალე... ღრუბლების, ხეების, თოვლის, ხიდების, საკვამურებისა და ჩიტების ფერები იმდენად ცოცხალი, ადამიანებისა და მათი საგნების მოძრაობების კი ბურუსში მორბენალი ირმებივით იმდენად თავისუფალი და ჰარმონიული იყო, რომ ეს ყველაფერი დროისა და სივრცის ყველა კანონს არღვევდა“. რეალურს და წარმოსახულს თითქოს ადგილები გაეცვალოთ, სარკისებურად აირეკლებიან ერთმანეთში. აქვე, არქივის თანამშრომლის ირონიული შენიშვნა -

„ვის შეუძლია თქვას, რომ ის არ არის დამახინჯებული, რასაც ჩვენ თვალღია ვხედავთ და რომ, პირიქით, ის, რაც აქ არის აღწერილი, საგანთა ნამდვილი არსი და ბუნება არ არის?“

თაბირ სარაი - სიზმრების სასახლე - ქვეყნის ყველაზე გავლენიანი, ყველაზე იდუმალი და საშიში დაწესებულებაა. აქ თავს უყრიან სიზმრებს - ქვეყნის სხვადასხვა გუბერნიიდან, სოფლებიდან, ქალაქებიდან. ჩვენ არ ვიცით სიზმრების სასახლის სხვა მოხელეთა ფიქრები, ყველაფერი ის, რასაც წარმოვიდგენთ, ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ოჯახის, ქუფრილიუების გვარის გამგრძელებლის - მარკ-ალემის თვალით არის დანახული, ან ცხადში, ანდა სიზმარში, რადგანაც წიგნის კითხვისას გიპყრობს ცდუნება, მთელი ეს წიგნი, - მარკ-ალემის თავს გადამხდარი მთელი ეს ამბავი, მისი შიშები, ფიქრები, მისი თვალით დანახული ეს სამყარო - სიზმრად მიიჩნიო. სიზმრად, რომლის დამსიზმრებელი წარმოიდგენს ისეთ დროს და ადგილს, სადაც შესაძლებელია, დასაშვებია და სავალდებულოც კია ქვეყნის ქვეშევრდომთა სიზმრების შეკრება, წაკითხვა, დახარისხება, განმარტება და ყველაზე მნიშვნელოვან, „ზესიზმრად“ მიჩნეული სიზმრის მიხედვით სახელმწიფოს მართვა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება, „საშიშ“ სიზმართა დამსიზმრებლების დაკითხვა-წამება და თანაც ისე, რომ ეს სრულიად წარმოუდგენელი ვითარება იმპერიის მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყოს.

______________________________

ისმაილ კადარეს „სიზმრების სასახლე“ - მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი, სულაკაურის გამომცემლობა, 2024. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა