გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ივა ფეზუაშვილის რომანის "მასკარაფონე" პრეზენტაცია

ივა ფეზუაშვილის შავი რომანი | „მასკარაფონე“

იქ. იქ. იქ


32 წლის ივა ფეზუაშვილმა ბოლო წლების განმავლობაში წაგვაკითხა: „ფსკერის სახარება“, – ბიბლიური სლენგით მოთხრობილი დედაქალაქის მიწისქვეშეთის დრამა.

წაგვაკითხა მეორე რომანი „ბუნკერი“ და ეროვნულ ეგოიზმში გამომწყვდეულ მკითხველს ყარაბაღის ომიდან გამოქცეული სიმონიანების საგა გულში დაუტოვა.

გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ ახლახან დასტამბულ მესამე რომანში, სახელწოდებით „მასკარაფონე“ (სიტყვების თამაშია), ავტორი თანამედროვე საქართველოს, შესაბამისად, ჩვენი ავადმყოფობის ისტორიას ჰყვება.

„მასკარაფონე“ ქართული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და დაუნდობელი ტექსტია.

ივა ფეზუაშვილის შავი რომანი დაცლილია მორალიზმისგან, ტკბილხმოვანებისაგან, ერუდიციული ციტატებისაგან. მწერალი საგნებს შეჩვეულ გარემოს გლეჯს, სასოწარკვეთილი პროტაგონისტის ენით და თხრობის ფორმით მკითხველს ლინგვისტიკურ ჯოჯოხეთში ამწყვდევს.

„მასკარაფონეს“ სცენაზე გამოჩნდებიან: უსახელო პროტაგონისტი, კანონიერი ქურდი მამა, გაქცეული დედა, დევნილი საცოლე, კინოს კაცი – მზრუნველი ბიძა. ნაცნობ-მეგობრები. ძმა-ბიჭები: გოჭი, ლალო. მოწონებული გოგოები: ალისა, თებე.

2020 წელია, მთხრობელი 2004-2006 წლებში თავსგადამხდარ ამბებს იხსენებს და საქართველოს უახლეს ისტორიას სასოწარკვეთილი, უიმედო, შეშინებული, ისტერიული, ზოგჯერ ერთსიტყვიანი წინადადებებით, ზოგჯერ ვრცლად, სასვენი ნიშნების გარეშე ჰყვება.

სადაა სუბიექტური პირის ნიშნები? როგორ იქცა არსებითი სახელი ზმნად? რატომ მოქმედებს მკითხველზე ეს არცთუ მდიდარი ლექსიკა? სლენგიდან ნასესხები სიტყვების აზრობრივი დატვირთვა როგორ გაძლიერდა?

ივა ფეზუაშვილი ეროვნულ ტრაგედიას და მშობლიურ ენას ახალ ფეხსაცმელს არგებს და აქამდე უცნობ ექსპერიმენტში აბიჯებს.

მთხრობლის პირიდან თავისთავად გადმოცვენილი სიტყვები, ზუსტი ინტონაცია და ლექსიკა საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენს ტანჯვას, ოხვრას და ამოძახილს. რაც, ერთი მხრივ, ნაცნობია, მაგრამ იმავდროულად, უცნობიც. უცნობი იქამდე, სანამ მასზე, როგორც მოშინაურებულ ტკივილზე არ ვისაუბრებთ.

ერთი ბიჭის თავგადასავალს თან სდევს ქვეყნის პოლიტიკური პროცესები „ჩარეცხილებიდან“ ციხის ბუნტამდე.

„მასკარაფონეს“ მთავარი გმირი საქართველოს უახლესი წარსულის იმ რთულ ოპერაციას ახმოვანებს, რომელიც ანესთეზიის გარეშე კეთდებოდა და შედეგად მივიღეთ:

მოძალადე მამა; ძალადობის მსხვერპლი დედა, დევნილი შეყვარებული, გვარით მოხსენიებული ლამაზი და ღარიბი ფაცაცია, რომელსაც სოხუმიც ახსოვს, ჩამოვარდნილი თვითმფრინავიც, გემზე მოსახვედრი რიგიც, მოკლულებიც, მკვლელებიც. სასტუმრო „ივერიაც“.

შედეგად გვყავს: ქალები, შიმშილის ზღვარს, უსამართლო სისტემას, უსაქმურ ქმრებს, მონსტრს კაპიტალიზმს რომ გაექცნენ.

დაღლილი ქალები და მოსაპარად წასული კაცები. დევნილად ჩაბარებული ხალხი. „საქართველოს ეკონომიკის რობინ ჰუდები“. და მაინც, მთელი ქვეყანა ზიზღით უყურებს მათ.…

შედეგად მივიღეთ ახალგაზრდები, რომლებიც არასდროს ყოფილან ბავშვები. დედის მომლოდინე თაობა, რომლისთვისაც, რეალურად, არ არსებობს სიხარული.

გავლენიანი ქურდის შვილი, დედამ, მამის დაპატიმრების შემდეგ, მალევე დატოვა. მოზარდმა არ იცის, როგორ უყვარდეს სხვა და მისდამი სიყვარულშიც ეჭვი ეპარება. მე, საცოდავო! – იტყვის.

ნაღრძობი, გადაღლილი და ტკივილებით გამოტენილია მისი ტვინი. ცდილობს მეგობრობას, ცდილობს გოგონებისთვის თავის მოწონებას, სწავლას _ „ქართული არასოდეს მიჭირდა, ინგლისურიც ვიცი, არც უნარები ჩანს ისეთი რთული“. მაგრამ დედის ცოდვების რვეული გადაწონის. დედა, რომელმაც მიატოვა, დედა, რომელიც ქურდმა მამამ თავის დროზე შეყვარებულს ხელებიდან გამოგლიჯა, მოიტაცა და უსიყვარულო, ქურდულ კანონს დაქვემდებარებული ცხოვრება განუსაზღვრა. მკაცრია ქურდული ცხოვრების წესები და ლოგიკაც თავისებური აქვს:

„ – ვინც გიყვარს, იმას ვერ გაუშვებ. რაც უნდა უკეთესი იყოს მათთვის, მაინც ვერ გაუშვებ. ვერც ველოსიპედიან და ვერც ანაფორიან კაცთან.

– ძალით დატოვებით რას იგებ რო?

– დროს! მასთან გატარებულ დროს. რაღაც სიაბანდებს არ დაუჯერო, რომ სიყვარული, ის სიყვარული, ეს… სიყვარული რო ეგოისტურია, ეგეთი მეორე არ არის. შენ თუ კარგად ხარ შენს სიყვარულში, მალინაა! მეორეს ტანჯავ თუ აუბედურებ, მაგრა გკიდია“.

ასე ფიქრობს მამა, კანონიერი ქურდი. მას შეუძლია საყვარელი ქალისთვის კრანახის ნამუშევარი მოიპაროს. მისი ერთი დასტვენაა საჭირო და ყველა საარჩევნო უბანთან მოგროვდებიან მისი მიმდევრები.

ქურდ მამას ჰყავს მეგობარი, ავტორის მიერ კინოს კაცად წოდებული და ინტელექტუალ მონსტრად მოხსენიებული. კინოს კაცი – ჩვენი საზოგადოების განუყოფელი არქეტიპი, ინტელექტუალი, რომელიც გიჟდება ეგზიუპერიზე. კინოს კაცი ქურდულ სამყაროსთანაც ისეთივე ჰარმონიაშია, როგორც სახელისუფლებო მანქანასთან. საქმე როგორც მოითხოვს, ხან პოლიციას ეთანამშრომლება, ხან სასულიერო პირებს. კაი ბიჭობაც იცის და რაც მთავარია, იცის კინო. ხელოვნება, როგორც იმუნიტეტი, როგორც დაზღვევა, იმისთვის, რომ საკუთარი უზრუნველყოფილი ადგილი არასოდეს დაკარგო.

გამორჩეულად შთამბეჭდავია „მასკარაფონეს“ სასიყვარულო სცენები. ყველა გადამწყვეტ დროს დედის ხატი ჩნდება და სხვა დიდ სურვილებსაც მისი მონატრება სძლევს. შეიძლება, რომ ბიჭმა გაქცეული დედის ლოგინში შეყვარებული დააწვინოს? დააწვენს. ყველაფერი მშვენიერია, ვნებაც და ემოციაც და ლამაზი სხეულებიც, მაგრამ დედის სუნი მოვა და ბიჭი ისევ ხერხემალში გადატყდება.

„რაც უფრო ვიზრდები, უფრო ვმამაჩემდები.“

– იტყვის ხელმოცარული, საკუთარ თავში დაურწმუნებელი უსახელო პროტაგონისტი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ხშირად ხდება სასტიკი სიტუაციების მსხვერპლი. საქმის გარჩევები, სროლა, ტკივილი, იმედგაცრუებები, ეჭვები და ამღვრეული ცნობიერების ნაკადი:

„მე მიყვარს?

სიყვარულის მონობას რატომ ვთხოვ?

თუ ვთხოვ, მიყვარდეს მაინც!

არ მინდა ფაცაციას ცოლად მოყვანა.

ჯერ 16 წლის ვარ.

მეგობრის და უცნაურად მიღიმის?

შეიძლება მეგობრის და გიზიდავდეს?

ვაკოცო?

მოვკლა?

დედაჩემი დაბრუნდება? მინდა რომ დაბრუნდეს? შემიძლია ვაპატიო?“

დედის იდეაზე მარსელ პრუსტის პერსპექტივიდან ჩასაფრებულ მკითხველს, უსახელო პროტაგონისტის აღსარება სწორედ დიდი ფრანგი მწერლის ჭმუნვებს გაახსენებს; ისე, როგორც ვიღაცისთვის, რომანის შესანიშნავი სქოლიოები დანიელ ვისერის „მთის დედოფალში“ ტიტრებად ქცეული ფიქრების ასოციაციებს აღძრავს; და ჰო, შესაძლოა, ავტორისეულმა პირდაპირობამ და სიუხეშემ, გერმანელი კინორეჟისორი რაინერ ვერნერ ფასბინდერიც მოგვაგონოს, რომელიც ომის შემდგომ მაყურებელს იმას ეუბნებოდა, რისი გაგებაც მათ არ სურდათ; და კი ბატონო, იქნებ, ასეცაა და „სიყვარული სიკვდილზე უფრო ცივია“, მაგრამ, ჩვენ უკვე ჩვენი მწერალი გვყავს, ის, ვინც ისტორიაზე და ტკივილზე სასაუბროდ უსარგებლო არქეოლოგიურ სამშვენისს ზურგი შეაქცია.

დაწერა ტექსტი, რომელიც პაზოლინის პროზის მსგავსად სხეულზე ამოსული რქებია.

წიგნი, რომელიც გვაიძულებს, დავუპირისპირდეთ საკუთარ სიმხდალეს და თამამად გავიხედოთ იქ. იქ. იქ – წარსულში, რომლის კოჟრებიც, თურმე, ლიტერატურად ვაქციეთ, ნიშნავს – მოვიგეთ.


ფოტო: გენკა ფოტოგრაფი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა