
მთებშია ჯაზი | Lopota Jazz Club
Lopota Jazz Club - ახალი მუსიკალური სივრცე კახეთის მთების ქვეშ. გამორჩეული ინტერიერი, აკუსტიკა და ატმოსფერო, ანუ ყველაფერი იმისთვის, რომ მთებში იყოს ჯაზი.
______________________________
Lopota Lake Resort & Spa-ს დამფუძნებლის, გოგა მაისურაძის შვილებთან, ანა და ელენე მაისურაძეებთან ვსაუბრობთ სივრცის ფორმასა და შინაარსზე, ბუნებითი და ადამიანური ელემენტების კვეთაზე, უკვე ხორცშესხმულ და მომავალში დაგეგმილ იდეებზე; არქიტექტორი დავით ქოიავა კი უშუალოდ ლოპოტას ჯაზკლუბის არქიტექტურულ ღირებულებაზე, შენობის ადგილობრივ ბუნებრივ რელიეფთან შერწყმასა და საერთაშორისო გამოხმაურებებზე გვიყვება:
...
ინდიგო: რა არის ლოპოტას წამყვანი კონცეფცია დაარსებიდან დღემდე? როგორ აგრძელებს ეს სივრცე ამ ხაზს და რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ამ დროის განმავლობაში თვალსაჩინო გახდა და რა იქნება მომავალში?
ანა & ელენე: ლოპოტას წამყვანი კონცეფცია დაარსებიდან დღემდე, უცვლელია: ესაა ბუნებისა და ადამიანის სიყვარულით შექმნილი ადგილი - ეს პროექტი ნაბიჯ-ნაბიჯ შეიქმნა, მხოლოდ იმაზე ფიქრით რა იქნებოდა შემდეგი განვითარების გეგმა, როგორ მოვრგებოდით ჩვენს დამსვენებელს და როგორ ეგრძნოთ თავი ოჯახურ გარემოში.
მთავარი მიზანი იყო, სტუმრობა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ადამიანებს ერთდროულად ჰქონოდათ ბუნებასთან სიახლოვისა და განტვირთვის მრავალმხრივი შესაძლებლობები.
მიუხედავად ინფრასტრუქტურის მასშტაბისა და სწრაფი განვითარებისა, ბუნების ხელშეუხებლობა მთავარ მოტივად რჩება. ყოველი ახალი სივრცისა თუ სერვისის შექმნისას, ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და დავიცვათ ამ ადგილის ბუნებრიობა.
ასევე შევინარჩუნოთ ის ოჯახური და გულწრფელი მასპინძლობა, რასაც დაარსების დღიდან გრძნობს ჩვენი სტუმარი. სწორედ ეს არის ჩვენი დიდი სურვილი, მიუხედავად სწრაფი განვითარებისა არ დავკარგოთ ასე ვთქვათ „ლოპოტას სული“ , რის გამოც გვირჩევს ჩვენ მომხმარებელი.
ინდიგო: როგორც ვიცით, ლოპოტას ჯაზკლუბის შექმნის იდეა ეკუთვნოდა მამას, გოგა მაისურაძე და საინტერესოა, როგორ შეესხა ხორცი ამ იდეას? როგორ მიუახლოვდა ის პირველად ჩანაფიქრს და შეგრძნების დონეზე მაინც არის თუ არა ის, რაც თავის დროზე ლოპოტას დამაარსებელმა ჩაიფიქრა?
ანა & ელენე: დიახ, ლოპოტაზე ჯაზკლუბის შექმნის იდეა გოგა მაისურაძეს ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ ლოპოტას შექმნა იყო იმ დროისთვის ინოვაციური და გაბედული ნაბიჯი, რასაც შემდეგ მისი არაერთი იდეა მოჰყვა ამ სივრცის სრულყოფისთვის. ჯაზკლუბი სწორედ ამ გეგმების ნაწილი იყო.
ხშირად გამჩენია მეც ეს შეკითხვა, რატომ კონკრეტულად ჯაზი? მაგრამ მახსენდება თუ არა ლოპოტას წარსული ვხვდები, რომ იმ დროიდან ჯაზზთან ამ ადგილს თავის სენტიმენტები აკავშირებს, 7-ნომრიან ლოპოტაზეც კი ხშირად ვაწყობდით ჯაზის საღამოებს, როგორც ქართველ გამორჩეულ ჯაზმენებთან ასევე უცხოელებთან ერთად, ალბათ იმიტომ, რომ ლოპოტას აურას და ხასიათს ჯაზი ყველაზე მეტად შეესაბამება.
ამ იდეას ხორცი შევასხით. ვცდილობდით, თითოეული დეტალი მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო გოგას ჩანაფიქრთან. ვფიქრობ გამოგვივიდა და დღეს კავკასიონის მთების ქვეშ გამორჩეული არქიტექტურის თანამედროვე ჯაზკლუბია წარმოდგენილი, საამაყოა ჩვენთვის ის ფაქტი,რომ მსგავსი კონცეფციის შენობა რეგიონში პირველია.
ინდიგო: ლოპოტას ჯაზკლუბს ინტერიერიც გამოარჩევს და თვალისთვის ჯადოსნურისა და მუსიკოსებისთვისა და მსმენელისთვის პრაგმატულად კომფორტულ სივრცეს კრავს...
ლოპოტას ჯაზკლუბის უნიკალურობაზე ზრუნვისას მისი არქიტექტურის, აკუსტიკის და იდეის სრულყოფასთან ერთად დახვეწილი ინტერიერის შექმნაც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო, რამდენადაც ლოპოტას ჯაზკლუბი არის პირველი ასეთი მასშტაბის, არატიპური და შეკრული კონცეფციის მქონე ჯაზკლუბი საქართველოში - სივრცე, სადაც ესთეტიკა, კონცეფცია და კომფორტი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
ინტერიერის დიზაინი ფერები, ატმოსფერო, განათება სპეციალურად ჯაზის განწყობის ასახვისთვისაა შერჩეული.
პირადად მე და ელენე ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები ინტერიერის დიზაინში, გვინდოდა თითოეული დეტალი ყოფილიყო ისეთივე განსხვავებული როგორც თვითონ ეს შენობაა. გამოყენებულია pierre frey-ს ხელნაკეთი ქსოვილები,რაც მთავარი დეტალია სივრცის.
ყოველი ელემენტი – იქნება ეს მასალები, სივრცითი დაგეგმარება თუ დიზაინი - შეიქმნა იმ გათვლით, რომ ყოფილიყო მაქსიმალურად ავთენტური ჯაზისთვის და სტუმრებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი.
ინდიგო: როგორია ლოპოტას ჯაზკლუბის ერთი საღამო? ცოცხალი მუსიკა, ალკოჰოლი, ინტერიერი, თუმცა იკვრება თუ არა ცალკეული ელემენტები ორგანულად და ერთად, რაც ალბათ სულ პირველ ჩანაფიქრში უნდა ყოფილიყო? მარტივად რომ ვთქვათ, უხდება თუ არა ჯაზი ლოპოტას?
ანა & ელენე: ლოპოტას ჯაზკლუბის ერთი საღამო ნამდვილად არის მრავალი ელემენტის ორგანული შერწყმა, რაც ძალიან ავთენტურია ჯაზისთვის და სრულად შეესაბამება გოგას პირვანდელ ჩანაფიქრს. დღის განმავლობაში ლოპოტას აუზებზე გართობისა თუ სხვა სათავგადასავლო სერვისებით სარგებლობის შემდეგ, ჯაზკლუბი სტუმრებს სთავაზობს განსაკუთრებულ სივრცეს ღამის განტვირთვისთვის.
განსაკუთრებული ყურადღებას ეთმობა სასმელებსა და კერძებსაც: გვაქვს გამორჩეული, სპეციალურად ჯაზკლუბისთვის შექმნილი კოქტეილები - სიმღერების სახელწოდებებით, სტუმრებს ასევე შეუძლიათ დააგემოვნონ სასმელების ფართო არჩევანი და ისარგებლონ გვიანი ვახშმის სერვისით.
ჯაზკლუბმაც თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ლოპოტას ტერიტორიაზე, რაც ლოპოტას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის.
...
ინდიგო: როგორც ლოპოტას ჯაზკლუბის არქიტექტორს გკითხავთ, როგორ მოერგო ჯაზკლუბის არქიტექტურა მთლიანით რეზორტის იერსახეს, როგორ შეერწყა და გახდა ღირებული ნაწილი?
დავით ქოიავა: ჯაზი ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გოგა მაისურაძემ მე ამირჩია ამ პროექტის არქიტექტორად და მუდამ მადლიერი ვიქნები. მიზანი იყო, კურორტზე უნიკალური ღირსშესანიშნაობის შექმნა თავისი მოცულობითა და გარემოსთან მიმართებითი პროპორციით. მისი მთავარი ღირებული ნაწილია სხვა შენობებისგან განსხვავებული ფორმა. ასევე მეხუთე ფასადი, მნიშვნელოვანი კონცეპტუალური დეტალი, რაც გულისხმობს გარკვეული ხედვის წერტილიდან სრულად სახურავის გამოჩენას.
ინდიგო: ლოპოტას ჯაზკლუბი თავისი ფორმითა და შინაარსით არ არის კლასიკური, დასწავლილი მუსიკალური სივრცე - რა აქცევს მას განსაკუთრებულად? როგორ მოირგო ჯაზკლუბმა მთლიანი სივრცე (შენობები, მთები, ტყე, ტბა) და პირიქით - როგორ იგუებს ბუნება ჯაზურ ესთეტიკას?
დავით ქოიავა: ლოპოტას ჯაზკლუბის არქიტექტურის კონცეფციის მთავარი შთაგონება ღრმად პირადია, რომელიც ჯაზისადმი ჩემს სიყვარულსა და ჩემს მეუღლეს, დიზაინერ სოფიო გონგლიაშვილს უკავშირდება.
ჩემთვის ჯაზი თავისუფლებასა და სიყვარულს განასახიერებს, ემოციებს, რომლებიც აისახება ჩემს მეუღლესთან ურთიერთობაში. შენობის არქიტექტურული ფორმა და გეგმის კონტური მისი სამკაულების დიზაინითაა შთაგონებული, რაც ასახავს იმ მოქნილობასა და მხატვრულობას, რომელსაც მე ჯაზთან და ჩვენს ურთიერთობასთან ვაკავშირებ.
შენობის წრიულობა რეზორტის გარშემო არსებულ მთებსა და ტბის ფორმას უკავშირდება. ტერიტორიაზე სხვადასხვა ფუნქციის მქონე შენობები, რომლიდანაც დიდი ნაწილი ასევე ჩემი დაპროექტებულია, ასახავს რეზორტის განვითარების პერიოდებს. ჯაზკლუბის არქიტექტურა კი გამორჩეულია თავისი ფორმით, რასაც მე ვაიგივებ ჯაზის, როგორც გამორჩეული მუსიკალური ჟანრის არაპროგნოზირებად იმპროვიზაციულ უნართან.
ინდიგო: როგორც ლოპოტას ჯაზკლუბის არქიტექტორმა, ყველაზე მეტი ფიქრისა და დაგეგმარების დრო რა კონკრეტულ მიმართულებას დაუთმეთ? და როგორია შედეგი - გაამართლა თუ არა დახარჯული შრომა?
დავით ქოიავა: დაგეგმარება დაკავშირებულია ჯაზური კომპოზიციის წყობასთან და თანმიმდევრობასთან - პრელუდია, ცალკეული ინსტრუმენტების გამოყოფა და ყველა ინსტრუმენტით სრულყოფილების მიღწევა, რაც ასახულია შენობასთან მისვლისთანავე:
I. საფეხურები ღია სივრცის გავლა;
II. ნახევრად ღია სივრცის გავლა (სადაც დამოუკიდებლად შეიძლება მუსიკალური ღონისძიების მოწყობა);
III. დარბაზი.
დიდი შრომა ჩაიდო და არა მხოლოდ ჩემი - ინტერიერის სივრცის შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით გოგას ოჯახის წევრებს. დიზაინი შედგება დეტალებისგან და ვფიქრობ, მათი თანამონაწილეობა იყო გადამწყვეტი, რადგან გამოყენებული ყოფილიყო პრემიუმ კლასის ავეჯი და ქსოვილები. შედეგი ნამდვილად არის.
მუსიკა და გამორჩეულად ჯაზი უზადო ჟღერადობას მოითხოვს, სწორი აკუსტიკის შესაქმნელად უამრავი დეტალის გათვალისწინება იყო საჭირო, დარბაზში არსებულ ნებისმიერ ნივთს, ინტერიერში გამოყენებულ მასალას აქვს თავისი ტექსტურა და გავლენა მუსიკალურ ბგერაზე.
ფინურ კომპანიასთან Akukon თანამშრომლობა იყო საინტერესო და წარმატებული გამოცდილება, ისინი პროექტს მიუდგნენ ინდივიდუალურად, და შექმნეს ის აკუსტიკა რაც უშუალოდ ამ სივრცეს სჭირდებოდა. შესაბამისად, ლოპოტას ჯაზკლუბს უმაღლესი დონის აკუსტიკა აქვს დღეს.
ინდიგო: საერთაშორისო გამოცემა Design Milk-ის გამოხმაურებაზე ვისაუბროთ - მსგავსი გამოხმაურებები, როგორც წესი, დამატებითი სტიმულისა და მოტივაციის ინერციას იძლევა, რომ ესე იგი, რაღაცები სწორად გაკეთდა აქამდე, თუმცა თან დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომ აქამდე მიღწეული შენარჩუნდეს და განვითარდეს. არქიტექტურისთვის რამდენად მნიშვნელოვანია გარდა პროექტის დასრულებისა, მისი მომავალი სიცოცხლე, დროის დინების გაყოლა?
დავით ქოიავა: რა თქმა უნდა, Design Milk-ის გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს შეფასება ნამდვილად დიდი მოტივაციაა. არქიტექტორისთვის მნიშვნელოვანია, დასრულებული შენობის ორგანულობა გარემოსთან და მისი ფუნქციის სწორად წარმოჩენა. ამიტომაც დიდი სტიმულია, როცა გავლენიანი გამოცემები ამას ხედავენ და აღნიშნავენ. ასევე მნიშვნელოვანი იყო Space-ის, Abitare-ის და არქიტექტურული მიმართულების ისეთი ციფრული გამოცემის შეფასება, როგორიცაა Archello, რომელმაც პროექტი კვირის ხუთ საუკეთესო პროექტების სიაში შეიყვანა მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურულ სტუდიების გვერდით.
არქიტექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენობის მომავალი სიცოცხლე. მერწმუნეთ, ყოველი ახალი მუსიკალური ღონისძიების აფიშა სოციალურ ქსელებში ჩემთვის გულის კარდიოგრამის სქემასავითაა, სადაც კარგად ჩანს მისი სიცოცხლისუნარიანობა.
ინდიგო: და ბოლოს, როგორ „მეგობრობს“ ჯაზკლუბი ბუნებასთან - კონკრეტულად, მთებთან, ტბასთან, ტყესთან? და, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებითი გარემოს არქიტექტურასთან მიმართება?
დავით ქოიავა: გარდა შენობის ფორმისა, რომელიც თითქოს იმეორებს გარშემო მთების და ტბის კონტურებს, თავად შენობის მთლიან პერიმეტრზე გამოყენებული ბუნებრივი ხის არქიტექტურული დეტალები იცვლის ფერს ბუნების ზემოქმედებით და უფრო ორგანულს ხდის გარემოსთან.