
რელიგიური რიტუალები ინდოეთში და წიგნი „ნახევარქალი“
„ჩემი ოჯახი ასობით წლის განმავლობაში ასრულებდა რიტუალებს ნახევარქალი ღმერთისთვის. ბევრი წმინდანი მღეროდა მის სადიდებელს... მთავარი კი ისაა, რომ კაცი და ქალი ერთად ქმნიან სამყაროს. ჩვენთვის ეს რომ ნათლად ეჩვენებინა, უფალი აქ ქალღმერთთან შერწყმული დგას... ისინი ერთად, ერთსხეულად არიან წარმოდგენილნი. მართალია, კაცებად დავიბადეთ, მაგრამ ჩვენში ქალური თვისებებიც ბევრია. ამ ყოველივეს გათვალისწინებით ჩვენმა წინაპრებმა მას მაადჰორუბაგანი შეარქვეს – ნახევარქალი. მდედრი მამრის გარეშე და მამრი მდედრის გარეშე არ არსებობს. სამყარო მხოლოდ მაშინ მოძრაობს, როცა ისინი ერთად არიან“.
- პერუმალ მურაგანი, „ნახევარქალი“
ინდოეთი გასაოცარი ქვეყანაა – ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია, განსაკუთრებული სიჭრელით, ფერებით, არომატებით, რელიგიური მიმდინარეობებით, მრავალფეროვანი დღესასწაულებით, თანამედროვეობისა და მისტიციზმის თანაარსებობით და იმითაც, რომ იქ მოგზაურობა ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებებს იწვევს: სრული აღფრთოვანებიდან უკიდურეს უარყოფამდე და მიუღებლობამდე.
თუმცა, ამ ქვეყანაზე თავდავიწყებით შეყვარებულთა რიცხვი გაცილებით მეტია – იქაურობა ერთდროულად შოკისმომგვრელი და მომხიბვლელია მათთვის, ვინც პირველად ეცნობა.
ინდოეთს სულის სამშობლოსაც ეძახიან, თავისუფალი სულის სამშობლოს. წარმოუდგენელია, იქ ჩასულმა ეს თავისუფლება არ იგრძნო – იმის მიუხედავად, როგორ იმოქმედებს ეს შეგრძნება შენზე – შეგაშინებს თუ აღგაფრთოვანებს.
ინდოეთი ძალიან მრავალფეროვანია – ქვეყნის სხვადასხვა მხარე სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. სამხრეთი – ენერგეტიკულად ძლიერი ადგილები – ტაძრები და ინდუისტური ქანდაკებები; მწვანე ჩაის პლანტაციები; თავგადასავლები მატარებლით – როცა მთელი დღეები შეგიძლია მატარებლის გაღებულ კარში გამკრთალი უჩვეულო სურათებით დატკბე. ჩრდილოეთსაც თავისი ხიბლი აქვს – ჰიმალაები და განგი, წმინდა ადგილები და იოგები, ბუდისტური დროშები და ზარების ჟღერადობა ქარში; ულამაზესი ხეობები და ფერები. წარმოუდგენელი, ზღაპრული და თავბრუდამხვევი ფერები.
რა აქცევს ინდოეთში მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავ და საინტერესო თავგადასავლად? რა თქმა უნდა, ისეთი თანამგზავრი, რომელმაც ბევრი რამ იცის ინდოეთის, მისი რელიგიებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. თანამგზავრი კი წიგნიც შეიძლება იყოს – ერთგვარი კულტურული გიდი, რომელიც წინასწარ გვამზადებს იმ განსხვავებული და ზოგჯერ შოკისმომგვრელი რეალობისთვის, ინდოეთის სიღრმეში რომ იმალება; ისეთი წიგნი, რომელშიც ავთენტურადაა აღწერილი ინდური საზოგადოება, მათი ცხოვრების წესი, რიტუალები და რწმენა-წარმოდგენები.
სწორედ ასეთი წიგნია ტამილელი მწერლის, პერუმალ მურაგანის, რომანი „ნახევარქალი“. ტამილი უძველესი კულტურით ცნობილი მხარეა სამხრეთ ინდოეთში.წიგნი 2010 წელს დაიბეჭდა ტამილურ ენაზე. 2013 წელს კი ინგლისურად ითარგმნა. ავტორს ამ წიგნის გამო დიდი წინააღმდეგობა შეხვდა –ადგილობრივი ინდუისტური მემარჯვენე ჯგუფები ამტკიცებდნენ,რომ რომანი მათ რელიგიურ ტრადიციებსარასწორადწარმოაჩენდა. სწორედ ამიტომ წიგნი აკრძალესდა მის ეგზემპლარებს ქუჩაში წვავდნენ,ავტორს კი აიძულეს, მშობლიური ქვეყნიდან გადასახლებულიყო,თუმცა, ამ ყველაფერმა წიგნისადმი კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომანში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინდუისტურ რიტუალებსა და ტრადიციებს. რამდენიმე მათგანის შესახებ ამ სტატიაშიც მოგითხრობთ:
ბოროტი თვალის არიდების ჩვეულება
ამ ჩვეულებას გოგონებისთვის ასრულებდნენ. გოგონას მდედრობითი სქესის ყველა ნათესავს მოუწოდებდნენ, რომ მისი სხეულის გარშემო, დიდ წრეში, ბრინჯის წითელი ბურთულები დაეტრიალებინათ და შემდეგ გადაეყარათ. სჯეროდათ, რომ ასე დაიცავდნენ მას ავი თვალისგან.
ნიმის ნაყენი და ლოცვა
რომანში ამ რიტუალს მთავარი გმირის დედამთილი უძღვება: ის მცენარე ნიმის წინასწარ მომზადებულ ნაყენს სარიტუალო ჭურჭელში ასხამს და რძალს სთხოვს, რომ სარშემოხვეულმა გადაივლოს წყალი, შემდეგ, სველ სარში ჩაცმული, სახლის წინ დადგეს რიჟრაჟისას, პირით აღმოსავლეთისკენ და ნაყენი დალიოს. თვითონ კი ლოცულობს:
– ო, მზეო, მოგზაურო დასავლეთისკენ, ის სვამს იმიტომ, რომ ჩემი გვარი გააგრძელოს, გევედრები, მზეო, დაეხმარე!
მკითხაობა ასტროლოგთან
წიგნში აღწერილია მძივებით მკითხაობა ასტროლოგთან: დაახლოებით დილის ათ საათზე უმარტივესი რიტუალი სრულდება – ლიმონს შუაზე ჭრიან, რაც მსხვერპლშეწირვას აღნიშნავს. შემდეგ ასტროლოგი მძივების აცმას ორად ყოფს, მარჯვენა აცმას ორივე ხელს ჩასჭიდებს და აჯანჯღარებს. მერე მძივებს აწყვილებს – თუ მძივი ცალად დარჩება, ესე იგი, საქმე კლიენტის სასარგებლოდ წავა.
წყევლისგან გათავისუფლების რიტუალი მურუგანის ტაძარში
მურუგანი ტამილის მთავარი ღვთაებაა და სწორედ მის ტაძარში დადიან რომანის გმირები, კალი და პონა, წყევლისგან გასათავისუფლებლად. ისინი გამთენიისას ადიან მთაზე, რომელზეც სამოცდაათი საფეხურია გამოჭრილი, კალი ლამპრებს ზეთით ავსებს, პონა ანთებს. მოძღვარი ძღვნად მიტანილ აბუსალათინის ზეთს ღვთაება მურუგანს აზელს. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ აბუსალათინის ზეთს შეეძლო საუკუნოვანი რისხვის დაცხრობა. როცა რიტუალს ასრულებდნენ და მთიდან ეშვებოდნენ, ქალაქს ეძინა.
მამლის შეწირვა ქალღმერთ დევატასთვის
რომანში აღწერილია ქალღმერთ დევატას სალოცავთან შესრულებული მსხვერპლშეწირვაც. მიწაზე მწოლიარე, წითელ სამოსში გამოწყობილ ქალღმერთს, რომელიც ბრაზისგან თითქოს გიზგიზებს, მამალს სწირავენ – მოძღვარი ყელს გამოჭრის ფრინველს და სისხლს დევატას ფეხებისკენ მიუშვებს. შემდეგ მამალს სოუსში შუშავენ და ჭამენ. სანამ იქაურობას დატოვებენ, საჭმელი ბოლომდე უნდა ჭამონ, ამიტომ მათხოვრები მოჰყავთ. ქალღმერთს სწირავენ ასევე პონგალს – მოხარშულ ტკბილ ბრინჯს.
სამოსის შეწირვა „ნახევარქალისთვის“
ტაძრის მოძღვრის თქმით, ღვთაება იშვარამ, იმის ნათლად საჩვენებლად, რომ მდედრი მამრის გარეშე და მამრი მდედრის გარეშე არ არსებობს და სამყარო მხოლოდ მაშინ მოძრაობს, როცა ისინი ერთად არიან, თავისი ნაწილი ქალღმერთს მისცა და ტაძარში ქალღმერთთან შერწყმული დგას. სწორედ ასე შეიქმნა მაადჰორუბაგანი – ნახევარქალი ღვთაება, რომელსაც ორივე სქესის ტანსაცმელს სწირავენ.
ეტლის დღესასწაული
ამ რელიგიური დღესასწაულის მსვლელობის დროს ეტლზე მოთავსებული ჰყავთ ღვთაების გამოსახულება, რომელსაც ქუჩებში დაატარებენ. რადგანაც კასტური ან სექტანტური შეზღუდვების გამო ზოგიერთ მოსახლეს არ შეეძლო საკურთხეველში შესვლა, ამ დღესასწაულზე მათაც ეძლეოდათ საშუალება, ღვთაება ეხილათ. ეს დღესასწაული თვრამეტი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და არსებობდა რწმენა, რომ ყოველი კაცი, რომელიც დღესასწაულის ბოლო ღამეს კარატურის მიწაზე დაადგამდა ფეხს, ღმერთი იყო, ამიტომ, ქალებს, რომლებსაც შვილი არ უჩნდებოდათ, შეეძლოთ ამ ღამეს კარტურის მიწაზე ნებისმიერ იქ მყოფ კაცთან შეწყვილებულიყვნენ. სწორედ ამ რიტუალმა შეასრულა საბედისწერო როლი რომანის მთავარი გმირების ცხოვრებაშიც და თავად მწერლისა და მისი ტექსტის მშობლიური მხარიდან მოკვეთის ამბავშიც.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკრძალვამ ამ რომანის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. მართლაც, თუ გსურთ ჩასწვდეთ ინდოეთის სულს და არა მხოლოდ დაინახოთ, არამედ განიცადოთ კიდეც ეს საოცარი ქვეყანა, წაიკითხეთ „ნახევარქალი“.
______________________________
აკრძალული წიგნების თაროს პროექტის ავტორი: გვანცა ჯობავა;
ფოტოსპექტაკლის პროექტის იდეის ავტორი და მენეჯერი: ლილი ალფაიძე;
კონტენტი: გვანცა შუბითიძე, გვანცა ჯობავა, მართა წიკლაური, მელანო კობახიძე, ლილი ალფაიძე;
ფოტორეჟისორი: ზაზა კავთუაშვილი;
ვიზაჟი: ნინო ხვინგია;
წიგნის გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი.
გამომცემლობა „ინტელექტი“