ფაზლისპირული თამაშები | ივა ფეზუაშვილის „ედელვაისების“ გამო
არც ისე შორიდან რომ დავიწყოთ. თუ გავიხსენებთ ქართული კულტურის და მასთან ერთად ქართული მწერლობის ციკლურ ხასიათს, რომელსაც, როგორც ყველაფერს, თავისი მიზეზ-შედეგობრიობა აქვს, უთუოდ აღმოვაჩენთ ერთ კანონზომიერებას. როგორი თავდაჯერებულობითა და ეპატაჟურობითაც არ უნდა იწყებოდეს დროის სხვადასხვა მონაკვეთში ხელოვანთა გარკვეული ჯგუფების მოდერნიზების ახალ ეტაპზე რეფლექსირება, როგორი ხილული თუ უხილავი მანიფესტებიც არ უნდა ფრიალებდეს (და ნაწილობრივ რეალიზდებოდეს კიდეც) გაცვეთილი პოეტიკისა თუ ფორმის განახლებისთვის წამოწყებულ „ბრძოლის ველზე“, ეს პროცესი, როგორც წესი, თანმიმდევრობას ვერ ინარჩუნებს და ძირითადად ლიტერატურის მიღმა არსებული მიზეზების გამო უცნაურ ესთეტიკურ აბრუნდს განიცდის. ის, რაც გუშინ სამუდამოდ დაძლეულ-მივიწყებულად მიაჩნდათ, რასაც ცხვირს უბზუებდნენ, რაც, სლენგი რომ გამოვიყენოთ, უკიდურესად „ეგოიმებოდათ“, - მხედველობაში მაქვს „ლეჩაქმოხდილი ქალის“ სილუეტში პერსონიფცირებული მუდმივად მოუწყობელი სამშობლო თავისი ვაი-ვაგლახით, - ავანსცენაზე ჩნდება და შველას ითხოვს. ეს კი საგრძნობლად ცვლის გეზსა და მიმართულებას იმისა, რასაც ცოტა ხნის წინ გადამრჩენი ინოვაციურობა ერქვა. ამან განსაზღვრა მაგ., ქართული რომანტიზმის ცისფერი ყვავილის ტრანსფორმირება, მისი ღეროს სიწითლე, ამავე გარემოებამ ქართული სიმბოლიზმის საპროგრამო წერილის ავტორს, ტიციან ტაბიძეს, მსგავსი განწყობილებებისთვის სრულიად შეუფერებელ კონტექსტში, ვერლენის, რემბოსა და მალარმეს სახელების გვერდით თავისუფლების, ანუ „ლომის ძველი ქართული იდეის“ საუკუნოვანი ნატვრა გაამხელინა. ეს იყო ქართული პარადოქსი, ანუ იმის გამოხატულება, რაც ასე გვსურდა და რის ღირსადაც არ მიგვიჩნევდნენ.
ეს და მსგავსი რეფერენციები თუ მოვლენები ნაკლებად შეეხო ახალგაზრდა მწერალ ივა ფეზუაშვილს, უკვე ხუთი წიგნის ავტორს. ის ოდნავ მოგვიანებით, 2000-იანების დასაწყისში გამოჩნდა, როცა 90-იანების მორიგი გარღვევის სურვილი ზემოთ ნახსენები ციკლურობის კიდევ ერთ პრეცედენტად იქცა.
არადა, სწორედ იგი აღმოჩნდა ახალგაზრდა ავტორთა იმ მცირე ჯგუფში, რომლებმაც განგრძობითობისა და სისტემატურობის იმგვარი დეკლარირება მოახდინეს, რომელიც უფრო დალაგებულ ქვეყნებში მცხოვრებ მწერლებს ახასიათებთ და ბევრ სხვა პლუსთან ერთად სამწერლო პროფესიონალიზმს, ანუ მწერლობით არსებობასაც გულისხმობს (მე ვიქნები ერთ-ერთ პირველი, ვინც ჩვენში მწერლობით იცხოვრებსო, ამბობდა აკა მორჩილაძე ჯერ კიდევ მაშინ, როცა უმრავლესობა გიო ახვლედიანად იცნობდა). გნებავთ უწოდეთ ამას ტრადიციულად მწერლური ნიჭი და ალღო. ფაქტი სახეზეა. წიგნიდან წიგნში ივა ფეზუაშვილი ავლენს არა მარტო პოეტიკის, არამედ ენის სრულყოფისკენ იმგვარ სწრაფვას, როდესაც ენა, როგორც ლინგვისტური სისტემიდან გასული კოორდინატი, თხრობის დამცავ ჯებირად, ზოგჯერ კი ბასტიონადაც იქცევა და თავისუფლად უმკლავდება მწერლის თვალსაწიერში მოხვედრილ და სხვადასხვა დროს განვითარებულ მოვლენათა ადეკვატურად ასახვის სირთულეს. ამიტომაც ჩვენი ავტორი 90-იანებისა და შემდგომი პერიოდის ამბებს სხვადასხვა სტილურ სამოსში ხვევს, აქცევს რა ენას ტექსტის სრულფასოვან პერსონაჟად. ასეთ სიმბიოზს კი ბევრი რამ შეძლებია.
ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის (ფსკერის სახარება - 2018; ბუნკერი - 2020; და მასკარაფონე - 2022) გაცნობის შემდეგ წაკითხულის ფაზლივით აწყობის დრო დადგა. ფაზლი, მოგეხსენებათ, თავსატეხი თამაშია, რომელიც მოზაიკის პრინციპით იკვრება და ლოგიკურ დასასრულს შესაბამისი გამოსახულების მიღებით აღწევს.
თუმცა მიღებული შთაბეჭდილების სხვისთვის გაზიარების ნაცვლად ჩამოწვა პაუზა. ჩემი ფაზლისპირული თამაში ერთი და საბოლოო, ამასთან არც თუ უმნიშვნელო დეტალის უქონლობით გახევდა, არ ჩანდა ის ბოლო გამოსახულება, რომელსაც მისთვის განკუთვნილი ადგილი ელოდა და რომელიც ამ თამაშს დასრულებულ სახეს მისცემდა. ამასობაში „მასკარაფონეს“, შეიძლება ასეც ითქვას, მოულოდნელად მალევე, არც ისე დიდი შუალედით, დაეწია ახალი, რომ იტყვიან ცხელ კვალზე დაწერილი რომანი „ედელვაისებს“, რომელიც აღმოჩნდა კიდეც ის ბოლო გამოსახულება, რომელიც ფაზლს აკლდა და რომელმაც ახლა ყველაფერი გააერთიანა. შესაბამისად, როგორც ავტორი ამბობს, „ედელვაისებს“ ყველა იმ რომანის ქორო, დეკორაცია და დიდი სურათის გასაგებად საჭირო ბუკლეტი“ აღმოჩნდა, რაც უკვე დაუწერია. ეს დიდი სურათი, ცხადია, დროის სამივე განზომილებაში დანახული ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ვართ, რომელსაც მონსტრად ქცეული წარსული, გარდაქმნის შიშები და თავისუფლებისგან გაქცევის ფესვმაგარი სინდრომი აფერხებს. თანაც უბრალოდ აფერხებს კი არა, კარგს არაფერს უქადის.
ივა ფეზუაშვილის შავი რომანი | „მასკარაფონე“
ავტორი ძალიან მნიშვნელოვან გაფრთხილებას გვაძლევს და ამისთვის კაფკას ცნობილ მოკლე იგავურ ჩანაწერს „ლეოპარდები ტაძარში“ იყენებს. გვეუბნებიან, არასწორი თვითშეფასებების ან სულაც ყოველგვარი შეფასებების გარეშე ცხოვრებამ შესაძლოა ისე გამოგვფიტოს, რომ ქაოტური და დამანგრეველი მოქმედება ჩვენთვის ერთ დღეს მისაღებიც კი გახადოს, მასზე არასწორი რეაგირება კი ჩვევადაც გადაგვექცეს. სხვა სიტყვებით, მიჩვევა-შეგუება, იგივე უგრძნობელობა დაგვეუფლოს. მოკლედ, საფრთხე იმისა, რომ იმ ლეოპარდებმა ჩვენშიც შემოაღწიონ, სავსებით რეალურია.
გავიხსენოთ, ზოგადად რაზე რეფლექსირებენ პოსტსაბჭოური ტრილოგიები (ივა ფეზუაშვილის პირველი სამი რომანი კი სწორედ ასეთადაა ჩაფიქრებული): „სსრკ-ს დანგრევაზე, ბანდიტურ კაპიტალიზმსა და კულტურული კოდების ცვლილებაზე, ხშირია აგრეთვე კრიმინალური დრამები, რომლებშიც ქვეყნის ტრანსფორმაციის მტკივნეული პროცესებია ასახული“. ისიც ფაქტია, რომ ეს თემატიკა გვარიანად მოითელა თანამედროვე ქართულ პროზაში. იყო ანგარიშგასაწევი შედეგებიც. აი, ოსტატობითა და სათქმელის სიცხადით ინსპირირებული ასეთი გახსნილობა, რომელიც ავტორის გულწრფელობითაცაა შთაგონებული, ზღვარზე დგომას რომ უდრის, ვფიქრობ, მაინც იშვიათობას წარმოადგენს.
პირველი კრებული მოთხრობების იყო და 2014 წელს გამოსცა. მაშინვე „არილის“ იმჟამინდელმა რედაქტორმა შადიმან შამანაძემ მისთვის ჩვეული სიზუსტით შეაფასა დებიუტანტი მწერლის პუბლიკაციისგან მიღებული შთაბეჭდილება: გვარ-სახელი დამამახსოვრდა, რაც ან ხდება ხოლმე ან არა. ამიტომაც ვფიქრობ, ნამდვილი მწერლის გამოჩენას უნდა ველოდოთო. თვითონ ავტორს მაინცდამაინც არ უყვარს ამ წიგნზე საუბარი, რადგან იმ აღქმებს და ემოციებს ძალიანაც დაშორდასავით, სხვა, გაცილებით უფრო რთული, ამასთან ინდივიდუალურად მიკვლეული თითქმის „გზა უვალით“ წავიდა.
არადა აქაც ტექსტის ხმოვანი ორგანიზების ჯერ კიდევ შორეული მონახაზი წარმოაჩინა, რაც შემდეგ რომანებში და განსაკუთრებით „ედელვაისებში“ პროზაში პოეზიის უცნაურ შეღწევადობადაც კი აქცია და რიტმულ-ინტონაციურად, სიტყვის სემანტიკის მიღმა გასვლითა და ამით სიტყვისვე ფარულ შესაძლებლობათა ძიებებით გამოხატა.
ავიღოთ თუნდაც მატყუარა სათაური ერთი მოთხრობისა „ცა“, რომელიც „არილში“ დაიბეჭდა და რომელიც ამ სათაურით აღწერილობითი, ტრადიციულად მეტაფორიზებული თხრობის ილუზიას ქმნის. არადა საერთოდაც ერთ-ერთი პერსონაჟის, ჩინელი გოგონას, სახელია. იგივე ითქმის კრებულის სათაურზეც „ვცადე“, რომელიც ამავე მოთხრობის ფინალური ფრაზაა. ეს წიგნი ავტორად ყოფნის ფაქტობრივად დაძლეული შიშით და თხრობის ძლიერი წყურვილით გამოირჩა, რასაც სავსებით ლოგიკურად აიოვას უნივერსიტეტის სამთვიან სამწერლო პროგრამაში მონაწილეობა მოჰყვა. იქ ყველა ისეთი სერიოზულობით აღიქვამდა სამწერლო საქმეს, ისეთი თავდავიწყებით ეძლეოდა ლიტერატურაზე ფიქრს, რომ მათ შემხედვარეს აქამდეც კარგა ხნის ნაფიქრი თემა რომან „ფსკერის სახარებად“ შემომეწერაო. ამას ნახევრად ხუმრობით ამბობს, თორემ იმის გაესთეტიზებაზე, რაც ორი თუ სამი ათეული წლის წინ ანტიესთეტიკურად და ხშირად არაეთიკურადაც ითვლებოდა, სერიოზულად აქვს ნაფიქრი და წერის სტრატეგიებიც გააზრებულ-დალაგებული. ამგვარმა მიზანდასახულობამ მეთოდურ მწერლად მაქციაო, გვარწმუნებს „ედელვაისებში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ალკოჰოლდამოკიდებული გმირი, (და სწორედ ასეთია „ედელვაისების“ მთავარი პერსონაჟი, წარმატებული, მაგრამ კომპლექსებით გაჯერებული სულ რაღაც 37 წლის, ქართველი მწერალი), თავისი და არა მარტო თავისი, „დაავადების” ისეთ სიღრმეებში ჩადის, რაც რომელიღაც კონვენციის მერამდენეღაც მუხლით არ არის აკრძალული, მაგრამ „საშიშია“, რადგან იქით მივყავართ, სადაც ფლობერმა ემა ბოვარის საწამლავის გემო იგრძნო და ელემენტარულად ცუდად გახდა. „საკუთარ თავს თუ ტექსტის გმირად აქცევ, მაშინ სამყარო და მოვლენები კი არ იქნება და მოხდება - გამოიგონებ და შეგემთხვევა“, - ასეთია ამ პროცესთან დაკავშირებული ავტორისეული დამოკიდებულება. და საერთოდ, რამდენ რამეზე ვერ დავფიქრდებოდით, რომ არა ეს დაუცველი და იმავდროულად ძლიერი პერსონაჟი. მისი მწერლური არჩევანიც მის გაბედულებებს ებმის: „წერა, წერით, წერისთვის“, - ასე თუ დაიძვრენ თავს ქრონიკული და უფრო გენეტიკური დაავადებისგან, რომელსაც ჩვენი პერსონაჟის მიერ დამოწმებული ბულგარელი კოლეგის გეორგ გოსპოდინოვის 2023 წელს ბუკერის პრემიით დაჯილდოებულ რომან „დროსაფარში“ (Time shelter) მიუკუთვნელობის სინდრომი ჰქვია, ყველა დროისა და ყველა ადგილისადმი გაუცხოებას რომ გულისხმობს.
(სად არის ახლა ლიტერატურის გამორჩეული მკვლევარი და თეორეტიკოსი, ბულგარელ-ფრანგი ფილოსოფოსი და კულტურის თეორეტიკოსი იულია კრისტევა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ბულგარელებს უიმედოდ ჩამორჩენილი და დამარცხებისთვის განწირული ხალხი უწოდა - ნ.კ.).
წარსულის სწორი გააზრება, რაც დღევანდელი მწერლობის უმთავრესი სტიმულატორია და, რასაც ხშირად „მეხსიერებათა ომების“ ჭრილში განიხილავენ, ივა ფეზუაშვილის მიერ თაობათა მონაცვლეობის ფონზეა დანახული და პერსონალიზებულიც. მშობლების თაობა აქ „რეალობას მოწყვეტილადაა“ მოხსენიებული, მეტაფორულად კი „სისხლიანი ჩექმებით გათელილ ედელვაისებად“. შვილები კი, მიუხედავად იმისა, რომ „სელინჯერის ბავშვები არიან, ქრონიკული ჰოლდენ კოლფილდები“, ბოლომდე ვერ არიან თავისუფალნი და ამ მიმართულებით „სათანადოდ დაქოქილნი“. რაც შეეხება ამ აღწერისას და სხვაგანაც თავჩენილ ბოროტების კვირტებს, რომანში იგი სულაც ბოროტების პოეტიკის შემქმნელ და ავტორის მიერ ერთგან ციტირებულ ბოდლერამდე ვერ ადის, რადგან ეს ბოდლერიც ქართული აქცენტითაა წარმოდგენილი.
თუ დავაკვირდებით პირველი-ორი რომანის სათაურებს, „ფსკერი“ ან „ბუნკერი“, ამ სიტყვებით მაინცდამაინც ყველაზე კარგი ადგილები არ უნდა იყოს მონიშნული, არამედ უფრო დისტოპიური, ამ ცნობილი ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობით (დისტოპია ბერძნ. ცუდ ადგილს ნიშნავს) და ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენი ავტორი „მანუგეშებელ“ ტექსტებს, ცხადია, არ და ვერ შემოგვთავაზებს.
მთავარია, იგი ახერხებს მიღებული დროითი გამოცდილების, რომელიც თითქმის არასოდესაა მარტივი, აკუმულირებას და მისი თხრობის ძლიერი ენერგიით გადაფარვას. შედეგად იქმნება ერთგვარი ნარატიული ველი, რომელზეც ყველა მისი კომპონენტის ცვლილების ხარისხი ჩანს. პირველ ყოვლისა კი ენის.
ივა ფეზუაშვილთან „ფსკერის სახარებაში“ ბიბლიური სლენგით დაწყებული სამწერლო ენის ექსპერიმენტულობა, ენის თანდაყოლილი თვისების, ფლექსიურობის, წყალობით თანდათან მოერგო მისსავე ახალ პოეტიკას, მკითხველისთვის აუცილებლად მისატანი სათქმელის სულს და გახდა ფუნქციური, ანუ რომანიდან რომანში სულ უფრო მეტი მიზანდასახულობა შეიძინა. შედეგად გაჩნდა ის, რასაც ბევრი ელტვის - სიტყვების უცნაური მოშინაურებით გამოხატული, მოჩვენებითად ადვილი, თითქმის შეუზღუდავი, „ედელვაისების“ მიხედვით კი სულაც თავაწყვეტილი წერის მანერა, რომელიც მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ლამის ატრაქციონ „ამერიკული მთების“ მოძრაობის რეჟიმში ამყოფებს (ამ ეიფორიულობას რეფრენად გასდევს ქართული სიმღერის კარგად ნაცნობი მისამღერი „ვარჰალალე“, რომელიც იმდენად მრავალშრიანი აღმოჩნდება, რომ პერსონაჟის სამშობლოდან გაქცევა-ვერგაქცევის პრობლემის ხვეულებში გვაქცევს). „ბუნკერი“, როგორც თვითონ ავტორი აცხადებს, ჩაფიქრებული იყო, როგორც „…„პერესტროიკიდან“ აწმყომდე მოსვლა და მეტ-ნაკლებად ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის აღწერა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა განსაზღვრა“. იგი ძალაუნებურად აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღთან“ დაკავშირებულ ერთ ინტრიგას გვახსენებს. აქაც და იქაც სომხური აქცენტია გამოკვეთილი. წლების წინ ბალტიისპირეთში გამართულ კინოფესტივალზე, ე.წ. კინოშოკზე, სადაც ფილმმა მთავარი პრიზი დაიმსახურა, სომეხმა კინომცოდნეებმა გაღიზიანება ვერ დამალეს: „რატომ მაინცდამაინც ჩვენთვის ესოდენ მტკივნეული ყარაბაღი? გადაგეღოთ ფილმი თქვენს აფხაზეთზე“. თქვეს და ის კი ვერ გაითვალისწინეს, რომ ამ შემთხვევაშიც საბჭოური მულტინაციონალიზმის ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი ტექსტში მაინც დარჩებოდა და, მეტიც, უფრო რელიეფურადაც გამოიკვეთებოდა, რადგან, ურთიერთგაუცხოების მიუხედავად, ჩვენ ერთი დიდი იმპერიული მანქანის წნეხქვეშ ვიყავით გვემულნიც და ამით დამახინჯებულნიც, თუმცა ამის გააზრებას და, მით უფრო, დეკლარირებას კარგა ხანს ვერიდებოდით.
„მოგზაურობა ყარაბაღსა“ (1992) და „ბუნკერს“ (2019) შორის გასული დრო ზოგადად ბოლომდე ვერც იქნა გამოყენებული, თუმცა მომდევნო თაობის მწერლებისთვის მხატვრულად აქამდე რეალიზებული, დეტაბუირებული თემების გონივრული დემონტაჟითა და ამბის მეტი ირონიზებით საწყისი ეტაპისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
ამიტომაც „ბუნკერის“ გმირის, ეროვნებით სომეხი გენა სიმონიანისთვის, სამხრეთ კავკასიის მასშტაბს რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა ენიჭება. ბაქო-ერევან-თბილისის გზებზე იძულებითი ხეტიალის შემდეგ ავტორი ამ კარგ კაცს, რომელსაც გარემოსთან ერთად თვითშეფასების უტყუარი უნარიც აღმოაჩნდა, „საბჭოთა ნანგრევებქვეშ მოყოლილს“ უწოდებს. რად ღირს თუნდაც ის, რომ მისთვის ბუნკერის მეტაფორა უსაგნო სულაც არ არის და მისი სურნელი იმასთან ასოცირდება, რაშიც იცხოვრა. საკუთარი შვილებიც, ზემა და ლაზარეც, გარკვეულწილად ამ „ნებაყოფლობითი მონობის“ მსხვერპლად ესახება. „გენამ იგრძნო, რომ არა მარტო მისი წარსული და აწმყო, არამედ მისი მომავალიც და სიმყრალეში გაზრდილი შვილები ყარდნენ“. სულ სხვა აურა მოაქვს გენადის „სნოგსშბატელნი“ ცოლს, პარიკმახერ მილას, რომანში წმინდა შეურყვნელი ეროტიზმის, როგორც ერთ-ერთი ჯანსაღი თემის შემომტანს. მართალია, მილა სიტუაციის განმუხტვას ხელს დიდად ვერ უწყობს, სამაგიეროდ გარემოს წაწვეტებულ წახნაგებს მარადიული ქალურობის ნიშნით არბილებს და ამ მიმართულებით მკითხველის წარმოსახვას აფართოებს. ივა ფეზუაშვილს ასეთი ქალების მშვენივრად ესმის და, უნდა ითქვას, როგორც ავტორი, მათ აღწერაში დიდ გემოსაც ატანს.
„ბუნკერიდან“ უკვე იწყება ერთგვარი ჟანრობრივი სინთეზი, თხრობის განსხვავებული სტრუქტურების მოსინჯვა, ჩნდება პერსონაჟთა სხვადასხვა ხასიათების მიხედვით სიუჟეტური ხაზების განტოტვის პერსპექტივა, ასევე სახეზეა ინტერტექსტუალობის სულ უფრო ეფექტურად გამოყენების მაგალითები, ასევე დრო-სივრცული არეალით ოსტატურად მანიპულირება.
„ბუნკერში“ მოქმედება ერთი დღეშია ჩატეული, „მასკარაფონე“ სულაც კანონიერი ქურდის 14-16 წლის ბიჭის ავტოფიქშენია, დაწერილი, როგორც ერთი დიდი აბზაცი, ე.ი. ერთი ამოსუნთქვა; „ედელვაისებში“ კი ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ყოფნის უპირატესობას შევიგრძნობთ. ეს ყველაფერი კარგად შერჩეული ფონია, რომელიც „ხრუშჩოვკაში დაკარგულთა“ (ჯ. ზარქუა) მიერ სამახსოვროდ გადაღებული სურათის ეფექტს ქმნის. ამას ერთვის სიტუაციის (სიტუაციების) ერთგვარი ვიზუალიზაცია, დიალოგების ბუნებრიობა და პაუზების ხიბლი. ივა ფეზუაშვილს კი, როგორც პროფესიით მხატვრული კინოს რეჟისორს, ევალებოდა კიდეც კინოენით ინსპირირებული ხედვის დემონსტრირება. თავისი უშუალო სპეციალობის გარდა, სცენარისტის, ხმის ოპერატორის, გამნათებლის, მუსიკალური გამფორმებლის ფუნქციების შეთავსებით. ამიტომაც მაგ. იმავე „მასკარაფონეში“ მხატვრულად დამაჯერებელი აღმოჩნდა წერის ტექნიკად გამოყენებული ცნობიერების ნაკადის, ფორმით კი მონოლოგის რიტმის ბუნებრივი შერწყმა ემოციურ ნარატივთან ბიჭისა, რომელმაც ვერ მოასწრო არა თუ სასაუბრო ენის დახვეწა („კანონიერი ქურდის შვილი თავანკარა ქართულით ვერ ისაუბრებდაო“, - ამბობს ავტორი), არამედ ბავშვობის ელემენტარულად გამოტოვება მოუწია. ამიტომაც ერთი რამ დარჩა: „მე თუ დამლეწეს, მე სხვებს დავლეწავ…“.
აღსარების უჩვეულო ფორმისთვის „ედელვაისების“ პერსონაჟად მწერლის არჩევა, ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტია, რადგან ტექსტში „მწერლის, როგორც ადამიანის განსაკუთრებული სახეობის“, მხატვრული რეპრეზენტირებისთვის აუცილებელი ატრიბუტიკის ჩართვასაც ითხოვს და ეს მხოლოდ სმა არ არის.
პირველ ყოვლისა, ესაა საკუთარ პროფესიასთან იმგვარი მიჯაჭვულობა, რომელიც მუდმივი ეჭვითა და ჯერ კიდევ მიუღწეველი სრულყოფილებითაა პროვოცირებული. ეს შეგრძნება, როგორც წესი, ხშირად გაზვიადებულია ხოლმე. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. „ედელავაისების“ ავტორი ამაოდ წუხს იმის გამო, რომ ლიტერატურაზე უფრო მეტს წერს, ვიდრე თავად ლიტერატურას. სინამდვილეში ამ საგანზე მისი საუბარი იმ კულტურულ კომპეტენციას ეყრდნობა, რომელიც კრიტიკულ ხედვას გვაზიარებს და ეს სერიოზული არგუმენტია. თანაც ირკვევა, რომ მკითხველს გულწრფელობის სულაც ამგვარი ფორმა სჭირდებოდა, სჭირდებოდა და უნდოდა კიდეც, რომ სწორედ მწერალ-პერსონაჟს თავისი სამწერლო საქმეების გამო ევროპაში გამგზავრების წინ ზურგჩანთაში დავით წერედიანის „პარაპეტი“ ჩაედო, სხვათა შორის, კავაფისის ლექსებთან ერთად, და იქვე ესეც ეთქვა: „ამათთან მე რა მიჭირს… რანაირი სევდა გინდა, ეგ ორი რომ ვერ მოერგოსო?“ და ესეც დაემატებინა: „…აგერ ჩანთაში „პარაპეტი“ მიდევს და თითო გადაკითხვაზე ისეთ სიტყვებს ამოვფანქრავ, სულ რომ მთელი დღე გედოს ენის წვერზე, გემო მაინც არ გაუვა და სიტკბო მაინც არ დაეკარგება. ერთადერთი, სევდის მარმაშზე ლაჟვარდოვანი ჩრდილი შეიძლება დარჩეს“; მხოლოდ მწერალს შეეძლო ამგვარი გამგზავრებისთვის „სასტიკი მოციონი“ ეწოდებინა; თავისი ქვეყანა „ერთდროულად ვაზისა და ორჯონიკიძეების აღმზრდელად“ გამოეცხადებინა, მშობლიურთან გაუცხოების საილუსტრაციოდ კი არა რომელიმე სხვა ავტორის, არამედ სწორედ კარლო კაჭარავას ლექსი დაემოწმებინა; ცნობილი სლოგანი „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“, კი ასე დაეკორექტირებინა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ პოსტკოლონიური ტრავმების ბუდე“; ამისთვის კი ცოტა არ იყოს ყვედრებით დაეყოლებინა, როგორ არაადამიანურ „შრომად გვექცა მოქალაქეობა… პროფესიად ქართველობა“, რომელსაც სჭირდება „სტაჟი დაბადებიდან…“. მოკლედ გაძლება. რაც შეეხება ლამის ყველასგან მივიწყებულ სიყვარულს, ასეთ განსხვავებულსა და ასე მონატრებულს (როგორც რომანის ერთ ანოტაციაში წერია, მიმართულს ლიტერატურის, სამშობლოსა და შეყვარებულისკენ), იგი მრავალფეროვანი წაკითხვებისა და მიგნებების ობიექტად გაეხადა.
პოსტსაბჭოურმა ტრავმულმა ცნობიერებამ, რომლის შესახებაც სულ რაღაც ათი წლის წინ ჯერ კიდევ იმედიანად წერდნენ, თავისი რეალური სახის გამოჩენით ყველა შეაძრწუნა და ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, მწირი არჩევანის წინაშე დააყენა:
ან კაფკასეული ნაჯახით უნდა გამოგვეჩორკნა საკუთარი თავი (და „ედელვაისებში“ სწორედ ამ პროცესის მოწმენი ვხდებით), ან გავმხდარიყავით ზუსტად ისეთი, როგორიც მტერს უნდოდა და ახლაც ძალიან უნდა: „ულვაშიანი, ღიმილით, ცეკვით და ჩახვეული ყანწით ხელში“. ეს უკვე არა მხოლოდ არჩევანის, არამედ შიშის პრობლემაცაა, თანაც კულტურული შიშის. ამიტომაც აღიქვამს ჩვენი მწერალი-პერსონაჟი საკუთარ თავს გზაგასაყარზე მდგომად და „ეშინია მომავლის, რომელმაც შეიძლება წარსული გაიმეოროს, ან ქვეყნიდან გაქცევა აიძულოს, ან ჩიტო-გვრიტოს როლი მოარგოს“.
ცნობილია, რომ „კულტურული და პოლიტიკური კონტექსტები, მართალია, აგრესიულ გავლენას ახდენდნენ (მხატვრულ) ტექსტებზე, თუმცა ამ ზემოქმედებისგან გათავისუფლების სწრაფვასაც გამოხატავდნენ (ბ. წიფურია). ოღონდ ერთი დეტალის გათვალისწინებით. აგრესიიდან თავის დაღწევა, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად პრიორიტეტულია, ხშირად თავადაც აგრესიულ ფორმას იღებს და ამ შეგრძნების სტიგმატიზირება კი არა, გააზრებაა საჭირო:
„საქართველოოო, მარად და ყველგან მე კი არა, / შენ ხარ ჩემთანა. / გამეშვი! გამიშვი“.
ეს მხოლოდ ღირებულებათა კრიზისი ვერ იქნება, ეს უფრო ისტორიის მძევლობისგან თავის დაღწევით სიახლის გაცნობიერება და არსებობის ახალი ფორმების ძიებაა. სხვა სიტყვებით, წარსულთან უშეღავათო მუშაობის გენერალური ხაზია. სწორედ ის ხდის შეუძლებელს შეეგუო მუდმივად განმეორებად წარსულს, რომელსაც ჩვენ ერთსა და იმავე წრეზე სიარულს ვუწოდებთ. თუ კვლავ ჩვენს ავტორს დავესესხებით, ის ისევე შეუძლებელი უნდა იყოს, როგორც ფრანგებისთვის ყოველ ჯერზე მათი თავების გილიოტინაზე დამდები რობესპიერის დაბრუნება. „ის, ვინც აწმყოს უარყოფს, უნდა-არ უნდა მომავალს ემშვიდობება და წარსულს ირჩევს. ამიტომაც ყველაფერი მოგვიშალეს წარსულის გარდა… ჭუჭრუტანაც კი არ დაგვიტოვეს, რომ ამ წყვდიადში მომავლის სხივმა შემოაღწიოს…“, არადა „საქართველო როგორმე აწმყოდ უნდა ვაქციოთ…“. წარსულად ქცეული ჩვენი გუშინდელობა კი „სენია და სახადი, რომელსაც არასოდეს დავუბრუნდებით“ - ასეა რეზიუმირებული ავტორისთვის მნიშვნელოვანი ეს თემა რომანშიც და დროის იმავე მონაკვეთში გამოქვეყნებულ მის ერთ-ერთ წერილშიც, სახელწოდებით „ითაკა“ (2025).
წერა იმაზე, რასაც უმრავლესობა მალავს „ედელვაისების“ ავტორს უფლებას აძლევს ტრადიციულ სადღეგრძელოებს სინათლის სიჩქარით დაშორებული ეს ფრაზებიც წარმოთქვას: „რით ვერ მოვინელე ეს საქართველო?“, „არ მინდა სამშობლო, რომელიც (მუდმივად) მტკივა“. იქნებ ამ ფორმით გამოთქმული სიყვარული გაიგოს გამგებმა, მაგ. ევროპამ, რომელსაც რიგი მიზეზების გამო განსაკუთრებით ჩვენი კოლონიურობის ამბები და პოსტკოლონიური განცდები აინტერესებს (გავიხსენოთ „ედელვაისების“ მწერალი-პერსონაჟისა და მისი ახლადშეძენილი ალჟირელი მეგობრის, ფარიდის, დიალოგები. როგორ არკვევენ, ვის როგორი კოლონიზატორი არგუნა ბედმა). ეს ინტერესი თანამედროვე მწერლის სტატუსს უკავშირდება. თუკი მას სურს არა მარტო შინ, არამედ გარეთაც ანგარიშგასაწევი გახდეს, ყველაფერთან ერთად მოეთხოვება მარკეტინგისა და, ასე განსაჯეთ, ჰოლივუდური თუ არა, მას მიმსგავსებული ღიმილის საჭირო ადგილებში ჩაკერება. ამ სირთულეში, როცა ხარ არა მარტო შემოქმედი, არამედ მოღიმარი მარკეტოლოგიც და თან გიწევს (მოგიწევს) „მაღალი კონკურენციისა და მონეტიზაციის პირობებში“ არსებობა, ჩვენი ავტორი ახერხებს იმაზე ფიქრს, რამდენად წაადგება კონკრეტულად მისი წიგნების მიერ მოპოვებული სხვადასხვა პრემია-ჯილდოები (და ამ ჯილდოების რიცხვი მომავალში უთუოდ გაიზრდება - ნ.კ.) არა მხოლოდ საკუთრივ მის, არამედ აქეთ, ცენტრს მიღმა პერიფერიაზე არსებული ერთი მწერლობის საყოველთაო აღიარებას. მხოლოდ სათავისოზე ფიქრს აცდენილი ამგვარი დამიკიდებულება კი ავტორის არა მარტო გონებრივ, არამედ სულიერ სიმწიფეზე მეტყველებს.
კიდევ ერთი მომენტი: ივა ფეზუაშვილის ყველა ტექსტი, ცხადია, რეფლექსიაა იმ უკიდურესად დაძაბულ გარემოზე, რომელშიც კარგა ხანია ვცხოვრობთ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „პროტესტი ლიტერატურის ენაზეც უნდა იშვას, რაც მისი, როგორც რეალობის ლეგიტიმატორის ფუნქციის“ გააქტიურებას ნიშნავს (ლ. დორეული).
წინააღმდეგ შემთხვევაში პროპაგანდის მღვრიე ტალღის ქვეშ მოქცეული ენა მკვდარ კონსტრუქციებსა და აბრევიატურებამდე დავა, როგორც ეს გასული საუკუნის რუსული რევოლუციის შემდეგ მოხდა და სათანადოდ აისახა კიდეც, ვთქვათ, მრავალთაგან ერთ-ერთი რეპრესირებული მწერლის, ბორის პილნიაკის, შემოქმედებაში, ან ცოტა მოგვიანებით გურამ დოჩანაშვილის შედევრში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. მოჩვენებითი საზოგადოებრივი ცხოვრება იმ ფასადად იქცევა, რომლის უკან ადამიანის გაუქმებას დამალავენ. ამიტომ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ მწერალს, რომელიც ამ საფრთხეზე წერს და, რაც მთავარია, წერს არა ნასწავლი ემოციებით, არამედ უშუალოდ მის მიერ განცდილით, ნამდვილით: „ტკივილზე ტკივილით უნდა წერო და ტკივილით რომ წერო, ჯერ უნდა გტკიოდეს…“.
ავტორი ნონა კუპრეიშვილი