გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აბდულრაზაკ გურნა

აბდულრაზაკ გურნა - კულტურებისა და კონტინენტების მორევში | თამარ მღებრიშვილი

ამ წერილის დაწყება ბევრი სხვადასხვა თემით შეიძლებოდა: აბდულრაზაკ გურნას სანობელე ლექციით, ბუკერის პრემიის ისტორიით, პოსტკოლონიური თეორიების რთული ქსოვილის გაშლით, აფრიკული ლიტერატურის რუკებზე ხეტიალით თუ ისტორიისა და პოლიტიკის გადაკვეთის წერტილებზე შეჩერებით. თუმცა დასაწყისისთვის ყველა ეს კარი თავად ავტორმა დამიხურა, ამიტომ გურნასთან მისასვლელად ყველაზე ბუნებრივ  შესაძლებლობად მეჩვენა ის საუბარი, რომელიც 2012 წლის 11 სექტემბერს, კენტის უნივერსიტეტში, სადგურიდან კამპუსისკენ მიმავალ ტინა შტაინერთან ერთად დაიწყო და რომელსაც თავად შტაინერი in medias res-ს -  მოვლენათა შუაგულიდან თხრობის ხელოვნებას უწოდებს.

ინტერვიუში გურნა თავის ბიოგრაფიას  უბრუნდება და იმ სიცარიელეების ამოვსებას ცდილობს, რომლებიც ოფიციალურ ბიოგრაფიულ ჩანართებსა და ენციკლოპედიურ ცნობებში ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე. მწერალი, რა თქმა უნდა, საკუთარ შემოქმედებაზეც საუბრობს, თუმცა მის წიგნებზე ლაპარაკი სხვებსაც შეუძლიათ -  აღტაცებით, სკეპტიციზმით, მეტ-ნაკლებად დასაბუთებული ინტერპრეტაციებით, ობიექტურობის პრეტენზიითაც კი, თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს ლიტერატურაში. ამიტომ მეც მოვლენათა შუაგულიდან დავიწყებ, როგორც ამას  in medias res მოითხოვს: იმ წერტილიდან, სადაც აბდულრაზაკ გურნა ტოვებს ზანზიბარს და რომელსაც თავად „უცნაურ ადგილს“ უწოდებს.

1966 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გურნასთვის, ისევე როგორც მისი თაობის ბევრი ახალგაზრდისთვის, ცხოვრების გზა მოულოდნელად შეიცვალა. ჩვეულებრივ, ამას შემდეგ საფეხურზე გადასვლა და უმაღლესი განათლებისთვის მომზადება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ზანზიბარის რევოლუციიდან მხოლოდ ორი წელი იყო გასული და ახალ ხელისუფლებას სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდა ქვეყნის მომავლის შესახებ. 

დაიხურა ე.წ. sixth form-ები,  ისედაც მცირერიცხოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც სკოლასა და უნივერსიტეტს შორის გარდამავალ საფეხურს წარმოადგენდა.

სკოლის კურსდამთავრებულებს არჩევანის საშუალება თითქმის არ ჰქონდათ. მათ „ეროვნულ სამსახურში“ ანაწილებდნენ და გზავნიდნენ იქ, სადაც სახელმწიფო საჭიროდ ჩათვლიდა. ბევრი ახალგაზრდა სკოლებში დამხმარე მასწავლებლად აღმოჩნდა, სხვები კი სახელმწიფო უწყებებში უმცროს მოხელეებად, კლერკებად და ა.შ. გურნამაც სოფლის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით ამ გამოცდილებას თავის ერთ-ერთ რომანშიც დაუბრუნდა, როგორც იმ ეპოქის მნიშვნელოვან ნიშნულს.

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მაინც არსებობდა, თუმცა მხოლოდ გამორჩეულთათვის და თითქმის ყოველთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გზა, როგორც წესი, აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებზე გადიოდა -  აღმოსავლეთ გერმანიაზე, საბჭოთა კავშირსა და ჩეხოსლოვაკიაზე. ეს სახელმწიფოები ზანზიბარის ხელისუფლებას სტიპენდიებს სთავაზობდნენ, კანდიდატებს კი განათლების სამინისტრო არჩევდა. მიუხედავად ამისა, ყველას სულაც არ სურდა წასვლა, ვინაიდან არსებობდა წარმოდგენა, რომ საზღვარგარეთ მიღებული განათლება არც თუ ისე ხარისხიანი იყო, ზოგს იმისაც კი ეშინოდა, რომ კომუნისტები „ტვინს აურევდნენ“. შესაბამისად, უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა ხშირად მათ ხვდებოდათ წილად, ვისაც ხელისუფლება ენდობოდა ან იმათ შვილებს, ვინც მმართველ წრეებთან იყო დაახლოებული. თუმცა გურნას თქმით, ეს სისტემა სრულიად ჩაკეტილი არ ყოფილა. პოლიტიკური ერთგულების დემონსტრირება ხშირად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანს ასეთი შანსი მიეღო. იმ წლებში ჯერ კიდევ არსებობდა სივრცე გადაადგილებისა და არჩევანისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომმა მოვლენებმა ეს შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდა.

ზანზიბარის რევოლუციის შემდგომი წლები გაცილებით უფრო რთული და მრავალშრიანი იყო, ვიდრე ამას მოგვიანებით გავრცელებული პოლიტიკური ნარატივები აღწერდა. საზოგადოება მხოლოდ რასობრივი ან ეთნიკური ხაზებით არ იყოფოდა. რევოლუციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და ადამიანები განსხვავებული წარმომავლობითა და შეხედულებებით.

ეს მრავალფეროვნება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 1972 წლამდე, ვიდრე პრეზიდენტ აბეიდ ამანი კარუმეს მკვლელობა ძალაუფლების გადანაწილებისა და პოლიტიკური წმენდის ახალ ტალღას წარმოშობდა.

ზანზიბარის დატოვების გადაწყვეტილება გურნამ და მისმა ძმამ 1967 წლის ბოლოს მიიღეს, თუმცა იმ პერიოდში  ვიზის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო. აღმოსავლეთ აფრიკაში პოლიტიკური კლიმატი სწრაფად იცვლებოდა, რეგიონიდან აზიური წარმოშობის მოსახლეობის გაძევების პროცესი უკვე დაწყებული იყო და ბრიტანეთის ხელისუფლება განსაკუთრებული ეჭვით უყურებდა ყველას, ვინც ამ სივრციდან დიდ ბრიტანეთში შესვლას ცდილობდა.

ძმებს ბრიტანეთის უმაღლეს კომისიაში უთხრეს, რომ ჩვეულებრივ ვიზას ვერ მიიღებდნენ, თუმცა ტურისტული ვიზით გამგზავრება შესაძლებელი იყო. ასე აღმოჩნდნენ ინგლისში -  ოფიციალურად ტურისტები, სინამდვილეში კი ახალგაზრდები, რომლებიც განათლებისა და მომავლის, ან პრუსტისეული დაკარგული დროის ძიებაში იყვნენ.

იმდროინდელი ბრიტანეთი დღევანდლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.  ძმებისთვის კოლეჯში ჩარიცხვისას არავის უკითხავს, რა სტატუსით იმყოფებოდნენ ქვეყანაში. ჯერ სტუდენტები გახდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს სტუდენტური ვიზის მიღებაზე ზრუნვა. საიმიგრაციო სამსახურთან ურთიერთობა მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ნებართვა მაინც მიიღეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა გამოცხადებულიყვნენ პოლიციის განყოფილებაში და დაედასტურებინათ, რომ მართლაც სწავლობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ეს კონტროლიც მოიხსნა. თითქოს სახელმწიფო ნელ-ნელა შეეგუა იმ ფაქტს, რომ ორი ახალგაზრდა ზანზიბარელი ქვეყანაში დარჩენას და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობდა.

სწავლისას გურნას თავდაპირველი გეგმები სრულიად პრაქტიკული იყო. ნათესავის რჩევით მან ფიზიკა, მათემატიკა და ქიმია აირჩია, რადგან ინჟინრის კარიერა ყველაზე გონივრულ და პერსპექტიულ გზად ჩანდა. მისი ძმა, აჰმედი, ბიოლოგიურ მეცნიერებებს გაჰყვა. გურნა სწავლაშიც წარმატებული აღმოჩნდა და უნივერსიტეტებიდან შეთავაზებებიც მიიღო.

მწერალი წლების შემდეგაც გაოცებით იხსენებს, რომ ბოლომდე ვერ ხვდება, როგორ მოახერხეს ინგლისში გადარჩენა. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ. სახლის მეპატრონეები, რომელთაც მათთვის ოთახი ჰქონდათ მიქირავებული, თვეების განმავლობაში ქირას საერთოდ არ სთხოვდნენ. ახალგაზრდები ამტკიცებდნენ, რომ სახლიდან ფულს ელოდნენ, თუმცა თავადაც იცოდნენ, რომ ამ ფულს, სავარაუდოდ, ვერასდროს მიიღებდნენ.

ამ წლებში მწერალი თანდათან მიხვდა, რომ ინჟინრობა მისთვის მხოლოდ პრაქტიკული არჩევანი იყო და არა ნამდვილი მოწოდება. ამიტომ საღამოს კურსებზე დაიწყო სიარული, ინგლისური ენისა და ლიტერატურის გამოცდები ჩააბარა და ნელ-ნელა იმ გზას დაადგა, რომელმაც საბოლოოდ მწერლობამდე მიიყვანა. მოგვიანებით სწავლა Christchurch-ში გააგრძელა, იმავე დაწესებულებაში, რომელმაც მრავალი წლის შემდეგ საპატიო დოქტორის ხარისხიც მიანიჭა.

გურნას ბრიტანეთში ჩასვლის ისტორია წარმატების კლასიკურ ნარატივს ნაკლებად ჰგავს. ის უფრო შემთხვევითობების, გაურკვევლობის, სიღარიბისა და ჯიუტი გამძლეობის ამბავია. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქვეყანაში ტურისტული ვიზით შევიდა, თავდაპირველად ინჟინრობაზე ოცნებობდა, საავადმყოფოში მუშაობდა და ქირის გადახდას ვერ ახერხებდა, საბოლოოდ ინგლისური ლიტერატურის პროფესორი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე მწერალი და შემდეგ ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა.

ამ გამოცდილებებზე აიგო მწერლის მთელი შემოქმედებაც, გურნას პერსონაჟები თითქმის ყოველთვის ორ სამყაროს შორის მოძრაობენ. ისინი ტოვებენ სახლს, მაგრამ ახალ ადგილთან მიკუთვნებულობას ვერ გრძნობენ, წარსულის დავიწყებას ცდილობენ,  მაგრამ მეხსიერების ძალით მუდმივად უკან ბრუნდებიან. იმავე ინტერვიუში, შტაინერთან, გურნა ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე კითხვას უბრუნდება:  „ვინ არის უფრო ბრძენი -  ის, ვინც მიდის, თუ ის, ვინც რჩება?“ ამ კითხვაშია მოქცეული მისი რომანების მთელი მორალური და ემოციური სივრცე. პასუხი არასოდეს არის ცალსახა, რადგან აბდულრაზაკ გურნას სამყაროში არც წასვლა ნიშნავს ხსნას და არც დარჩენა -  სიმშვიდეს. 

ნობელი და პარადოქსები

აბდულრაზაკ გურნასთვის 2021 წლის ნობელის პრემიის მინიჭება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ნობელის კომიტეტი დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ ლიტერატურულ პროგნოზებს იშვიათად ემორჩილება და ხშირად სწორედ იქ ეძებს ლაურეატებს, სადაც კრიტიკოსებისა და ბუკმეკერების მზერა ნაკლებად აღწევს. გურნას შემთხვევაშიც ასე მოხდა. კომიტეტის ფორმულირება, თუ რისთვის მიანიჭეს აბდულრაზაკ გურნას ნობელის პრემია, ასე ჟღერდა: „კულტურებისა და კონტინენტების მორევში კოლონიალიზმის შედეგებისა და ლტოლვილთა ბედის უკომპრომისო და თანაგრძნობით სავსე აღწერისთვის.“

გურნას გამარჯვებამ არაერთი პარადოქსი გამოავლინა. ნობელის გამოცხადების შემდეგ საერთაშორისო მედიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იგი „ნაკლებად ცნობილ“ ან „უცნობ“ მწერლად მოიხსენია, განსაკუთრებით ინგლისურენოვანი სამყაროს ფარგლებს გარეთ. ეს შეფასება თავისთავად ირონიული იყო: ავტორი, რომელმაც ათზე მეტი რომანი შექმნა, ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდა პოსტკოლონიურ ლიტერატურას და აკადემიურ წრეებში საკმაოდ ცნობილიც იყო,  მოულოდნელად „აღმოჩენილ“ მწერლად იქცა. ნობელის პრემიის მიღების შემდეგ კი ის ერთბაშად მოექცა იმ ყურადღების ცენტრში, რომელსაც მანამდე თითქოს განგებ არიდებდნენ.

გურნას გამარჯვებას განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდნენ აფრიკელი მწერლები და ინტელექტუალები. დაახლოებით ას ორმოცდაათმა ცნობილმა ავტორმა ხელი მოაწერა ღია წერილს, სადაც ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული და სიამაყე გამოხატეს.

აფრიკელი ავტორისთვის ნობელის პრემიის მეექვსედ მინიჭება ბევრმა იმ კოლექტიური აღიარების გაგრძელებად აღიქვა, რომელსაც ვოლე სოინკამ ოდესღაც „აფრიკული ტომის გამარჯვება“ უწოდა. ამასთან, გურნა გახდა პირველი ფერადკანიანი მწერალი ტონი მორისონის შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა,  თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ.

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მისი მიღება არაბულ კულტურულ სივრცეში. არაბულ პრესაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწერლის ოჯახურ ფესვებს, მის წარმომავლობას როგორც მამის, ისე დედის ხაზით. არაერთი ავტორი ცდილობდა გურნას არაბულ კულტურულ ტრადიციასთან დაკავშირებას, მსჯელობდა მისი გვარის ეტიმოლოგიაზე და მისთვის უფრო მკაფიო არაბული იდენტობის მინიჭებას. ამ ყველაფერში გარკვეული ირონიაც იკითხება, რადგან გურნას ნაწარმოებების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო თარგმნილი არაბულად და მისი ლიტერატურული რეპუტაცია არაბულენოვან სამყაროში ბევრად უფრო გვიან ჩამოყალიბდა, ვიდრე დასავლურ აკადემიურ თუ ლიტერატურულ წრეებში.

თუმცა, ამ საყოველთაო აღიარების მიღმა კვლავ რჩება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: როგორი იყო გურნას ადგილი აფრიკული ლიტერატურის იმ ინსტიტუციურ სივრცეში, რომელიც გამომცემლობებმა, უნივერსიტეტებმა, აკადემიურმა კლასიფიკაციებმა და კრიტიკულმა ტრადიციებმა შექმნეს?

აფრიკული ლიტერატურის ცნება თავადაც გარკვეული ისტორიული პროცესების შედეგია და ამ პროცესებში ყოველთვის ყველა რეგიონი თანაბრად არ ყოფილა წარმოდგენილი. ინგლისურ ენაზე შექმნილი აფრიკული რომანის კანონში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ დასავლეთ და სამხრეთ აფრიკის ავტორები, მაშინ როდესაც კონტინენტის აღმოსავლეთისა და ინდოეთის ოკეანის სივრცის ლიტერატურული გამოცდილება ჩრდილში რჩებოდა.

ეს მხოლოდ გეოგრაფიული შემთხვევითობა არ ყოფილა,  იგი იმ ინტელექტუალურ და ინსტიტუციურ ჩარჩოებს უკავშირდებოდა, რომლებშიც აფრიკული ლიტერატურა  ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ გურნა აფრიკული ლიტერატურის დამფუძნებელ თაობას არ ეკუთვნის, მისი შემოქმედება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ მოდელისგან, რომელმაც თანამედროვე აფრიკული მწერლობის მთავარი მიმართულებები განსაზღვრა. ნობელის კომიტეტმა სწორედ ეს მხარე გამოკვეთა,  მისი წვლილი პოსტკოლონიური ლიტერატურის შექმნასა და კვლევაში.

გურნას ყველა რომანის სივრცე ძირითადად ინდოეთის ოკეანის გეოგრაფიას უკავშირდება. მისი ტექსტების მთავარი თემებია მიგრაცია, იძულებითი გადაადგილება, მიტოვება, კულტურული შერევა და ის შინაგანი დანაწევრება, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობს. ეს თემები ახლოსაა აფრიკული ისტორიის დიდ ტრავმებთან, მაგრამ ამავე დროს განსხვავდება იმ საკითხებისგან, რომლებზეც აფრიკული ლიტერატურული კანონი თავდაპირველად აიგო, მათ შორის  ეროვნული გათავისუფლება, კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი სახელმწიფოებრივი იდენტობების ძიება.

ამიტომ აბდულრაზაკ გურნა დიდი ხნის განმავლობაში აფრიკული ლიტერატურის მთავარი დინების მიღმა იმყოფებოდა. მისი ტექსტები არ ექცეოდა იმ მარტივ კატეგორიებში, რომლებშიც კრიტიკოსები და ინსტიტუტები აფრიკულ მწერლობას ათავსებდნენ. იგი ერთდროულად იყო აფრიკელი, ბრიტანეთში მცხოვრები მწერალი, დიასპორის წარმომადგენელი და ინდოეთის ოკეანის კულტურული სივრცის მემატიანე, მაგრამ არც ერთი ეს  იარლიყი ბოლომდე არ აღწერდა მის ლიტერატურულ სამყაროს. ამის ნათელი მაგალითია 1986 წლის შემთხვევა, როდესაც გამომცემლობა Heinemann-ის African Writers Series-მა უარი უთხრა მისი პირველი რომანის, Memory of Departure-ის გამოცემაზე.

მიზეზი მხოლოდ ტექსტის ხარისხი არ ყოფილა, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ გამომცემლებს უჭირდათ გადაეწყვიტათ, სად უნდა მიეჩინათ მისთვის ადგილი: აფრიკულ, ბრიტანულ თუ დიასპორულ ლიტერატურაში.

ნობელის პრემიის შემდეგ გურნას ტექსტები მოულოდნელად აღმოჩნდა იმ ყურადღების ცენტრში, რომელსაც მანამდე ვერ იღებდა. გამომცემლობები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ  მისი წიგნების თარგმნის უფლებებისთვის, საქართველოში კი, გამომცემლობა „ინტელექტმა“ მწერლის სამი წიგნი გამოსცა: „სამოთხე“ (მთარგმნელი: ლალი ყუშიტაშვილი), „ზღვასთან“ (მთარგმნელი: მართა ურუშაძე) და „გაუდაბურება“ (მთარგმნელი: თამარ სუბელიანი).

The New York Times-თან საუბრისას გურნამ ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა ის შინაგანი გამოცდილება, რომელიც მთელი მისი შემოქმედების საფუძვლად იქცა: „მთელი ჩემი მწერლობის მამოძრავებელი ძალა ამ სამყაროში საკუთარი ადგილის დაკარგვის განცდა იყო.“

დაკარგული ადგილი და „სამოთხის“ ირონია

აბდულრაზაკ  გურნასთვის ლიტერატურული აღიარება, იქნება ეს ნობელის თუ  ბუკერის პრემია ან სხვა მნიშვნელოვანი ჯილდო, უპირველესად არა სტატუსის, არამედ ახალ მკითხველთან შეხვედრის შესაძლებლობაა. მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ჯილდოს მიღება კი არ არის, არამედ ის, რომ ამ გზით მისი ტექსტები მკითხველამდე აღწევს. პრემიები, მისი აზრით, სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს, ისინი საზოგადოებრივი მოვლენებია, რომლებიც მკითხველის ყურადღებას იმ წიგნებისკენ მიმართავს, რომელთა აღმოჩენაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა შეუძლებელი ყოფილიყო.

ამ დამოკიდებულებაში კარგად ჩანს გურნას ზოგადი ხედვაც მწერლის როლის შესახებ. იგი უარს ამბობს მწერლობისთვის ერთი კონკრეტული საზოგადოებრივი მისიის განსაზღვრაზე და მიიჩნევს, რომ ავტორებს განსხვავებული გზები შეიძლება ჰქონდეთ.

ზოგი მწერალი აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ დისკუსიებში, ზოგი კი საკუთარ სათქმელს მხოლოდ ტექსტების საშუალებით გამოხატავს. გურნასთვის არც ერთი გზა არ არის უპირობოდ სწორი,  მთავარი ის არის, თუ როგორ ამყარებს მწერალი ურთიერთობას მკითხველთან და საკუთარ გამოცდილებასთან.

მისი აკადემიური და მხატვრული საქმიანობაც ერთმანეთისგან განცალკევებულ სფეროებად არ არსებობს. როგორც ლიტერატურის მკვლევარი და როგორც მწერალი, მწერალი ამ ორ გამოცდილებას ერთმანეთის გამამდიდრებლად აღიქვამს. სხვა ავტორების ტექსტების კითხვა, მათი სტრუქტურისა და მხატვრული ხერხების გააზრება ხშირად საკუთარ სამწერლო საქმიანობაშიც ეხმარება.  როგორც თავად აღნიშნავს Politico-სთან ინტერვიუში, მისი წერის პროცესი წინასწარ სრულად დაგეგმილ კონსტრუქციას ნაკლებად ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიმართულება და საწყისი იდეა აუცილებელია ნაწარმოების ფორმირება ნელა და ხანგრძლივი შინაგანი მუშაობის შედეგად ხდება. იდეები გარკვეული დროის განმავლობაში გროვდება, შემდეგ კი იწყება ჩანიშვნების, ფრაგმენტებისა და მონახაზების შექმნა.

ეს მიდგომა კარგად ჩანს მისი რომანების ნარატიულ სტრატეგიებშიც. გურნასთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ამბავს ჰყვება ტექსტი, არამედ ისიც, თუ ვინ გვიყვება მას, რა პოზიციიდან და რამდენად სანდოა ეს ხმა. სწორედ ამიტომ მის რომანებში ხშირად გვხვდება არასანდო მთხრობელები, მოულოდნელი გადანაცვლებები და თხრობის ფორმისადმი მუდმივი ყურადღება. მკითხველი მის ტექსტებში მხოლოდ ამბის მიმღები არ არის,  ის თავადაც უნდა დაფიქრდეს, როგორ იქმნება ისტორია და რატომ ირჩევს მთხრობელი კონკრეტულ ვერსიას.

მწერალი ერიდება საკუთარი წიგნების განმარტებებს და მიიჩნევს, რომ ნაწარმოებმა საკუთარი ცხოვრება თავად უნდა დაიწყოს, მკითხველმა კი თავად უნდა აღმოაჩინოს ტექსტში ის მნიშვნელობები, რომლებიც მისთვის ყველაზე ღირებულია. ამ დამოკიდებულებით გურნას მთელი შემოქმედება ერთ მთავარ პრინციპამდე მიდის: ისტორია მხოლოდ ის არ არის, რასაც გვიყვებიან,  მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ გვიყვება, რატომ გვიყვება და რატომ ვიჯერებთ მას.

აბდულრაზაკ გურნას შემოქმედების ერთ-ერთ განმსაზღვრელ მოტივად ლტოლვილობის გამოცდილება გვევლინება,  მისი პერსონაჟები არიან  ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ტოვებენ, მაგრამ ახალ სოციალურ და კულტურულ გარემოში სრულ ინტეგრაციას ვერ ახერხებენ. მისი რომანები განსაკუთრებული ყურადღებით იკვლევს მიგრაციის, გადასახლების, მეხსიერებისა და უცხოობის განცდის ფსიქოლოგიურ და იდენტობრივ შედეგებს. ეს თემატური ხაზები გარკვეულწილად უკავშირდება თავად მწერლის ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მის მიერ გადასახლების, დაკარგული კუთვნილებისა და მეხსიერების საკითხების გააზრებას. თუმცა, გურნას ნაწარმოებები ავტობიოგრაფიული ტექსტები არ არის. ისინი მისი ცხოვრების პირდაპირი ასახვა კი არა, იმ რეალობის მხატვრული გარდაქმნაა, რომელსაც მწერალი პირადი და კოლექტიური გამოცდილების გავლით იკვლევს.

1994 წელს გამოქვეყნებული „სამოთხე“ აბდულრაზაკ გურნას შემოქმედებაში მნიშვნელოვან გარდატეხას წარმოადგენდა. ამ რომანში მწერალი  ისტორიულ პერსპექტივას ირჩევს და იკვლევს ევროპული კოლონიალიზმის გავლენას აღმოსავლეთ აფრიკაზე. სწორედ ამ ნაწარმოებმა მიიპყრო ფართო საერთაშორისო ყურადღება და ბუკერის პრემიის მოკლე სიაშიც მოხვდა.

ეს წიგნი  მხოლოდ მონობის ეპოქის მოვლენათა ისტორიული რეკონსტრუქცია არ არის და  გაცილებით უფრო კომპლექსური და მრავალშრიანი ტექსტია, რომელიც იკვლევს ძალადობრივი ისტორიული პროცესების ხანგრძლივ ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე, მეხსიერებასა და იდენტობაზე.

რომანი გვიჩვენებს, რომ მონობის ფორმალური დასრულება არ გულისხმობს მისი მემკვიდრეობის გაქრობას. პირიქით, ყოფილი კოლონიზებული საზოგადოებების გამოცდილებაში ეს წარსული კვლავაც ცოცხლობს და ადამიანთა ცხოვრებას განსაზღვრავს.  

მთავარი პერსონაჟის, იუსუფის, ისტორიის მეშვეობით გურნა წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლია ძალადობრივ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას ადამიანის შინაგანი სამყაროს ფორმირება და გარდაქმნა. იუსუფი, ისევე როგორც რომანის სხვა პერსონაჟები, სიღარიბისა და დაუცველობის პირობებში ცხოვრობს, სადაც ადამიანის ღირებულება ხშირად მისი პიროვნული ღირსებით კი არა, ეკონომიკური სარგებლიანობით განისაზღვრება. მისი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ექსპლუატაცია მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფორმით არ ვლინდება და  იგი თანდათან აღწევს ადამიანის თვითაღქმაში, გავლენას ახდენს მის ურთიერთობებზე, თვითშეფასებასა და მომავლის შესახებ წარმოდგენებზე.

გურნა განსაკუთრებული სიზუსტით აღწერს იმ პროცესს, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარი ცხოვრების მართვის შესაძლებლობას კარგავს. სავაჭრო ქარავნების მუდმივი გადაადგილება სიმბოლურად გამოხატავს არსებობის ტრაგიკულ მდგომარეობას, როდესაც ინდივიდი მოწყვეტილია საკუთარ სახლს, ოჯახსა და კულტურულ გარემოს. მონებით ვაჭრობის სისტემაში ჩართული ადამიანები წარმოდგენილნი არიან როგორც ისტორიული და ეკონომიკური ძალების მიერ განპირობებული სუბიექტები, რომელთაც საკუთარი ბედის განსაზღვრის შესაძლებლობა წართმეული აქვთ.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ აფრიკის კოლონიური რეალობის მხატვრული ასახვა. რომანი ნათლად აჩვენებს, რომ მონობა და ადამიანებით ვაჭრობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეკონომიკურ ინტერესებთან, ძალაუფლების იერარქიებთან და კოლონიური ექსპანსიის უფრო ფართო პროცესებთან. კოლონიური სისტემა ეფუძნებოდა შრომის ექსპლუატაციას, ხოლო მისი მთავარი მსხვერპლი  ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფები იყვნენ.

მწერალი შეგნებულად გაურბის ისტორიის მარტივ მორალურ სქემებად დაყოფას და პერსონაჟების მსხვერპლებად ან დამნაშავეებად ერთმნიშვნელოვნად კლასიფიცირებას. აზიზის პერსონაჟის მეშვეობით იგი წარმოაჩენს კოლონიური ძალაუფლების სისტემის კომპლექსურ და მრავალსაფეხურიან ბუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ აზიზი ექსპლუატაციის პროცესში აქტიურ როლს ასრულებს, იგი თავადაც იმავე იერარქიული სტრუქტურის ნაწილია და უფრო ძლიერ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ძალებზეა დამოკიდებული.

იუსუფის ცხოვრების გზა სწორედ ამ სისტემური ძალადობის ფონზე ვითარდება. მისი სახლიდან წასვლა თავდაპირველად ჩვეულებრივ მოგზაურობად აღიქმება, თუმცა ნარატივის განვითარებასთან ერთად ცხადი ხდება, რომ ეს მოვლენა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული გამოცდილების დასაწყისია. ბავშვური მოლოდინი, რომ იგი ახალ სამყაროს აღმოაჩენს, თანდათან იცვლება მტკივნეული გაცნობიერებით, რომ სინამდვილეში მამის ვალის უზრუნველყოფის საშუალებად იქცა. სწორედ ამ მომენტში იწყება მისი  ტრანსფორმაცია და  ხვდება, რომ  მხოლოდ და მხოლოდ  მორგი სავაჭრო და ეკონომიკური გარიგების ნაწილია.   ამ აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი რომანის ერთ-ერთ ცენტრალურ თემას -  „უხილავი იარების“ არსებობას - წარმოაჩენს. იუსუფი აცნობიერებს, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური სისტემების, არამედ საკუთარი ოჯახის, სოციალური გარემოსა და ისტორიული გარემოებების მსხვერპლიც. ეს ტრავმა ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ ღრმა გავლენას ახდენს მის იდენტობაზე.

მსგავსი გამოცდილება ხალილის პერსონაჟშიც ვლინდება. იუსუფისა და ხალილის ისტორიები ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ცხადყოფს, რომ მონობასა და ვალზე დაფუძნებული დამოკიდებულების სისტემები ცალკეული ადამიანების ტრაგედიებს სცდება. ისინი ანგრევს ოჯახურ კავშირებს, არღვევს თაობებს შორის ურთიერთობას და ინდივიდებს მუდმივი გაურკვევლობის მდგომარეობაში ტოვებს. ორივე პერსონაჟის გამოცდილება ადასტურებს, რომ ექსპლუატაცია ადამიანის შინაგან სამყაროში იჭრება და აყალიბებს დაუცველობის, დაკარგულობისა და გაუცხოების განცდას.

რომანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივად სახლიც და დაკარგული სამშობლოც გვევლინება. იუსუფის მოგონებები ბავშვობის შესახებ ფრაგმენტული და ბუნდოვანია, რაც მიანიშნებს, რომ ადრეულ ასაკში განცდილი ტრავმა მეხსიერების სტრუქტურაზეც ახდენს გავლენას.  საინტერესოა რომანის სათაურის ირონიულობაც.

„სამოთხე“  ტრადიციულად სრულყოფილების, ჰარმონიისა და ნეტარების იდეასთან ასოცირდება, თუმცა გურნა ამ ცნებას ირონიულ დატვირთვას ანიჭებს. მის მიერ შექმნილი სამყარო სავსეა ადამიანებით, რომლებიც განსხვავებულ სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ ყველას აერთიანებს დანაკარგის, ტკივილისა და გაუცხოების გამოცდილება. შესაბამისად, „სამოთხე“ რომანში არა იდეალური სივრცე, არამედ პარადოქსული მეტაფორაა, რომელიც გვახედებს იმ უფსკრულში, დაპირებულ კეთილდღეობასა და რეალურად არსებულ ჩაგვრას შორის რომ არსებობს.

„ზღვასთან“ - ნარატიული კარტოგრაფია

„ზღვასთან“  გურნას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია მიგრაციის თემის თვალსაზრისით. ამ რომანთან მიმართებით კვლევების უმეტესი ნაწილი ყურადღებას  სწორედ მიგრაციის, ლტოლვილობისა და თავშესაფრის თემებზე ამახვილებს, განსაკუთრებით სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაადგილების გამოცდილებაზე. რომანი ინდოეთის ოკეანის სამყაროს მრავალშრიან კარტოგრაფიას ქმნის, სადაც ზანზიბარი, სუაჰილის სანაპირო, არაბეთი, სპარსეთი, ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ერთმანეთთან არა მხოლოდ სავაჭრო მარშრუტებით, არამედ მეხსიერების, თხრობისა და კულტურული გაცვლის ქსელებითაც არის დაკავშირებული.

მწერალი „ჩემი ცხოვრების წიგნებში“ თავისი ბავშვობის საყვარელ წიგნად „ათას ერთ ღამეს“ ასახელებს, ეს წიგნი გახდა ცენტრალური ელემენტიც ამ რომანში, მისი საშუალებით გურნა აყალიბებს მოგზაურობის, გადაადგილებისა და თხრობის განსაკუთრებულ პოეტიკას.

რომანში თხრობა მუდმივად მოძრაობს სხვადასხვა სივრცეს, ეპოქასა და პერსონაჟს შორის, რის შედეგადაც ინდოეთის ოკეანე გეოგრაფიული რეალობიდან ნარატიულ სივრცედ გარდაიქმნება. როგორც ათას ერთი ღამის ისტორიები მოგზაურობს კულტურებსა და საუკუნეებს შორის, ასევე მოძრაობს ამ რომანის ნარატივიც, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ინდივიდუალურ გამოცდილებებსა და ფართო ისტორიულ პროცესებს.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუკის მეტაფორა, რომელიც რომანის სტრუქტურულ საფუძველს ქმნის. ლათინური სიტყვა mappa თავდაპირველად აღნიშნავდა ქსოვილს, რომელშიც ნივთებს ახვევდნენ და გადაადგილებდნენ. მოგვიანებით ამ სიტყვამ „სამყაროს“ მნიშვნელობა შეიძინა და საფუძვლად დაედო ტერმინს mappamundi - მსოფლიო რუკას. გურნას რომანში რუკა იქცევა სტრუქტურად, რომელიც ადამიანებს, ისტორიებსა და საგნებს ერთმანეთთან აკავშირებს,  ისინი სივრცის ორგანიზებასთან ერთად მეხსიერების, გადაადგილებისა და კუთვნილების ფორმირებაშიც მონაწილეობენ.

სალეჰისა და ჰუსეინის მონათხრობების მეშვეობით გურნა აღწერს იმ მრავალსაუკუნოვან სისტემას, რომელიც მუსონური ქარების რიტმს ემყარებოდა. ყოველწლიურად ათასობით ვაჭარი არაბეთიდან, სპარსეთის ყურიდან, ინდოეთიდან და აფრიკის რქიდან, იგივე სომალის ნახევარკუნძულიდან,  სუაჰილის სანაპიროსკენ მიემართებოდა, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ შინ ბრუნდებოდა. ეს სისტემა საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყოფდა ადამიანების, საქონლის, ენების, რელიგიებისა და კულტურების მიმოქცევას. შესაბამისად, რომანში ინდოეთის ოკეანე მოძრაობისა და ურთიერთდაკავშირების ისტორიული ქსელად არის წარმოდგნილი.

თუმცა გურნა ამ სამყაროს რომანტიზაციისგან თავს იკავებს. ჰუსეინის მიერ მოყოლილი ჯაფარ მუსას ისტორია ცხადყოფს, რომ XIX საუკუნის მიწურულიდან ევროპული კოლონიური ექსპანსია თანდათან ანგრევს იმ სავაჭრო სისტემას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.

ბრიტანეთის იმპერიული პოლიტიკა ძველ ეკონომიკურ ქსელებს ანაცვლებს ახალი კოლონიური წესრიგით, რის შედეგადაც ირღვევა ნდობაზე, ნათესაურ კავშირებსა და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული სავაჭრო ურთიერთობები. ჯაფარ მუსას სიკვდილი ამ პროცესის სიმბოლურ გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ: მასთან ერთად ქრება ინდოეთის ოკეანის ის სამყარო, რომელიც ერთ სახელმწიფოს ან ძალას არ ეკუთვნოდა და რომლის საზღვრებიც მუდმივად მოძრაობასა და ურთიერთგაცვლაზე იყო დაფუძნებული.

ამასთან, სალეჰის მოსაზრება, რომ რუკებმა სამყაროს ფორმა მისცეს და ტერიტორიად აქციეს, კარტოგრაფიას  ძალაუფლებასთან აკავშირებს. რუკა სივრცის აღწერის ინსტრუმენტი კი არ არის მხოლოდ, სივრცის დაუფლებისა და კონტროლის მექანიზიცააა. თუმცა რომანი ამ პროცესის ორაზროვან ბუნებასაც უსვამს ხაზს. თუ ერთი მხრივ ადამიანები ცდილობენ სამყაროსა და საგნების ფლობას, მეორე მხრივ თავად ეს საგნები, ისტორიები და რუკები ახდენენ გავლენას ადამიანებსა და მათ ცხოვრებაზე. 

„გაუდაბურება“ კოლონიალიზმის ჩრდილში

როგორც უკვე და არაერთხელ ითქვა, აბდულრაზაკ გურნას რომანები ადამიანთა მიგრაციის ისტორიებს მოგვითხრობს. ამ ნარატივებზე აიგო  რომანიც „გაუდაბურება“, რომელიც ორ ნაწილად არის დაყოფილი. ტექსტის პირველი ნაწილი მკითხველს ისტორიულ აღწერას სთავაზობს და მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალური და პოლიტიკური ვითარების სურათს ხატავს. მეორე ნაწილი კი ძირითადად ტანზანიის დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდს ეძღვნება და ქვეყნის დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობამდე აღწევს.

რომანის პირველი ნაწილი მკითხველს საშუალებას აძლევს, კოლონიური აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიას დაუბრუნდეს. ამ წიგნში აბდულრაზაკ გურნა აფართოებს საკუთარ ნარატიულ შესაძლებლობებს და „ევროპელ“ პერსონაჟებსაც ასახავს, მათ იდეოლოგიურ წარმოდგენებს სიმბოლურ ხმას ანიჭებს. მკითხველი ეცნობა გარემოს აღწერას, რომელსაც უცნობ აღმოსავლეთაფრიკულ ქალაქში მარტინ პირსის მოულოდნელი გამოჩენა არღვევს. ტექსტის პირველ ნაწილში გურნა ოთხ მთხრობელს იყენებს, ხოლო ნარატიული პერსპექტივების მრავალფეროვნება მას საშუალებას აძლევს, ისტორიის პოსტკოლონიური გაგების არქეტიპული მოდელი წარმოაჩინოს.

„გაუდაბურებაში“ მწერალი ცდილობს, კულტურული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გადმოსცეს, რათა აღმოსავლეთ აფრიკის სანაპირო რეგიონებში მცხოვრები მიგრანტებისა და ადგილობრივების დიასპორული გამოცდილება გამოავლინოს. ეს დიასპორული ცნობიერება მკითხველს სოციალური არსებობის ახალი ფორმების გააზრების შესაძლებლობას აძლევს.

გურნა თავადაც ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რამაც ამ რომანის  დაწერა განაპირობა. ეს მიზეზები დაკავშირებულია იმ თემატურ სიცარიელეებთან, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის კოლონიურ ლიტერატურაში შენიშნა. რომანი ყურადღებას ამახვილებს ტანზანიის ისტორიის ორ მნიშვნელოვან ეტაპზე: აფრიკისთვის ბრძოლის შემდგომ პერიოდსა და 1960-იანი წლების დამოუკიდებლობის ეპოქაზე. ნიშა ჯონსთან ინტერვიუში გურნა აღნიშნავს, რომ სწორედ იმ დროს ევროპული სახელმწიფოები ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ გამოწვევებს აწყდებოდნენ:

„ამ კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებთან დაბრუნებისას, მსურდა შემესწავლა ევროპული იმპერიალიზმის ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო მომენტი -  მისი ყველაზე დიდი გაფართოების ეტაპი, რომელიც ამავე დროს მისი დაღმასვლის დასაწყისსაც წარმოადგენდა. ახალი ათასწლეულის ზღვარი -  1899 წლიდან 1900 წელზე გადასვლა,  ამ პერიოდს განსაკუთრებულ დრამატულობას ანიჭებს. მსურდა მეჩვენებინა არა მხოლოდ ის, თუ როგორ წარმოედგინათ იმპერიალისტებს მსოფლიოს მომავალი, არამედ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მათი საკუთარი შინაგანი ეჭვები და თვითრეფლექსია იმ ისტორიულ მომენტში.“

ტინა შტაინერის მიხედვით, „გაუდაბურება“ ირიბი სატირაა იმ ისტორიული და სოციალური მექანიზმების მიმართ, რომლებმაც აღმოსავლეთ აფრიკის ადგილობრივი მოსახლეობა კოლონიური ძალაუფლებისა და ტრადიციული სოციალური სტრუქტურების ფარგლებში მოაქცია. 

რომანის ნარატიული სტრატეგია კი მჭიდროდ უკავშირდება თავად სათაურის მნიშვნელობას. პერსონაჟები საკუთარი წარსულისა და ფესვების ხელახლა გააზრებას მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ, რაც გააცნობიერებენ, რომ დაკარგული აქვთ თავიანთი ავთენტური იდენტობა. სწორედ ეს განცდა უბიძგებთ წინაპართა ისტორიისა და საკუთარი წარმოშობის კვლევისკენ. ამ ხერხით  გურნა მიანიშნებს, რომ იდენტობა წინასწარ მოცემული და უცვლელი კატეგორია კი არ არის, არამედ ნარატიული კონსტრუქციაა, რომელიც მუდმივად იცვლება და ხელახლა იქმნება.

ad finem

ახლა კი, ეჭვი მაქვს, დასასრულისკენ წავედი და აბდულრაზაკ გურნამაც ყველა კარი გახსნა, თუმცა, ცხადია, რაც ამ კარების იქითაა, იმ ყველაფრის აღსაწერად ერთი წერილი ვერ იკმარებდა... 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა