მითოლოგიები | ანა აიანოგლუ
ფრანგი პოეტი და რადიოპროგრამების პროდიუსერი, აპოლინერისა და საფრანგეთის მწერალთა საზოგადოების (SGDL) პრემიების ლაურეატი, ანა აიანოგლუ (Anna Ayanoglou) თბილისის მე-10 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობდა. პოეტს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკამაც უმასპინძლა. ანას საქართველოში მოგზაურობას წინ უძღოდა ჟურნალ „ინდიგოში“ მისი ლექსების გამოქვეყნება კრებულიდან მიკუთვნება. გთავაზობთ მის სხვა ლექსებს იმავე კრებულიდან.
- მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე
გაცნობიერება
აი თურმე რატომ აღარ გაქვთ მენსტრუაცია
- ნაცრისფერი გამოსახულება შავ ეკრანზე - არ არსებობს!
არსებობს, და არდაჯერება არაფერს ცვლის - ვტირი
-არ შემიძლია, არ მინდა - ამის ატანა
და რაც მელოდება ამიერიდან - ბოდიში, მაგრამ
ეს შეუძლებელია - ნუ იხდით ბოდიშს
და ელდის მიუხედავად, ან ელდის გამო,
ვაცნობიერებ, რომ ეს სულაც არ იყო პოზა -
პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე -
როდესაც ყველას, ვინც კი ამას მეკითხებოდა,
ვპასუხობდი, რომ შვილის ყოლას არ ვაპირებდი.
აცრემლებული, თავს კედლისკენ ვატრიალებ, ეკრანს ზურგს ვაქცევ -
ძალას ვიკრებ, სხვა გზა არ მაქვს - ერთის გარდა:
ავიღო ამ არჩევანზე პასუხისმგებლობა.
ზღურბლზე
რა დამთხვევაა -
ამ ადგილას საბერძნეთის პოვნა
ამ არჩევანზე მისი მიბმულობა
იმ ოთხიდან, რომლებმაც აბორტი გამიკეთეს
და რომლებსაც მხოლოდ თვალები უჩანდათ
და რომელთა ხმებმა და აქცენტებმა
გამაძლებინეს
ბლოკამდე და ბლოკში
- იმ ოთხიდან ერთ-ერთი, ვინც ძილისთვის
მომამზადა,
მელაპარაკა,
ბერძენი იყო
- უცნაურია
საბერძნეთის პოვნა აქ
ფრანგულთან აბურდულის
ბლოკში
მისი მკაფიო „ს“-ები და მისი „ზ“-ს მსგავსი „ჟ“-ები
უკნიდან თავზე მაცვიოდა
და სანამ იგი მოგზაურობას მიდოზირებდა
- სიტყების საყრდენს მიმზადებდა
დავიწყებამდე
- ვუპასუხე,
რომ საბერძნეთში
გასრესის შიშით, არ დამედგა, წლებია, ფეხი
არც - კუნძულებზე
უცნაურია,
რომ მისი სახით
აქაც დამხვდა
საბერძნეთი,
რომ დავერწიე
შთამომავლობის ტვირთისადმი
უარის ზღურბლზე.
ნახვა
არც სტუმრობა, არც დაბრუნება -
ჩვიდმეტი წლისა, მამაჩემის ქვეყანაში მივემგზავრები
ბოლოს - ოთხი წლის ვიქნებოდი
- კვლავ თვალწინ მიდგას მტვრის გროვა და თეთრი ჯაგრისი
საწოლქვეშ, როცა ერთ შუადღეს არ დამეძინა
ეს ბავშვური შთაბეჭდილება
ოჯახურ ამბებს
ბეწვის ხიდად კიდებს უფსკრულზე
არც სტუმრობა, არც დაბრუნება -
მინდა, ვნახო, რა დევს სიღრმეში.
გამოძახილები
16-17 წლის ასაკი: საკუთარი მე-ს დემონსტრირების პიკი
სკოლიდან გამოსულს, „მუშათა პარტიის“ აქტივისტი მიახლოვდება -
და მალევე უფრო პერსპექტიულ ამხანაგთან გადადის -
ალბათ, გუნდური სულისკვეთება მაკლია
თუმცა, პარტიული წევრობა-არწევრობის მიუხედავად,
ურყევია დემონსტრაციებისადმი ჩემი სიყვარული, რამდენადაც
ისინი მატრიცას, მარშს და განმათავისუფლებელ ყიჟინას აერთიანებენ
2003 წლის თებერვალში, ბერძნული პროვინციული ქალაქების კედლებზე
გამოკრულს ვპოულობ მიზეზს, რის გამოც
შემოდგომაზე, შაბათობით, პარიზში ვდემონსტრირებდი:
ΌΧΙ ΣΤΟΝ ΠΟΛΕΜΟ - არა ომს
- აშშ საცაა ერაყში შეიჭრება
ქალაქ ვერიაში, მუზეუმიდან გამოსულს, შორიდან მესმის -
ბრტყელ-ბრტყელი ტონი, დამარცვლული სიტყვები:
გაქუცულ პარკთან, ულვაშიანი კაცი მეგაფონით
და ირგვლივ ხალხი სერიოზული სახეებით
კაცები - ბერეტებით, ქალები - ქურქებში
უმრავლესობა - კომუნისტები - აბრევიატურებით ვხვდები
ΌΧΙ ΣΤΟΝ ΠΟΛΕΜΟ - არა ომს
სიბრალული მიპყრობს - პარიზულ მედიდურობას შეჯვარებული? -
სიამაყეც - მიკუთვნების ფუყე
და დაუმსახურებელი სიამაყე -
და თავს ვეკითხები:
ასეთ მიკარგულ, ციცქნა ქალაქში,
სადაც ასე ცოტას ესმის, ცოტა ავრცელებს,
რისთვის, ვისთვის დემონსტრირებენ?
და დაბნეულს, უმომავლო აქტის პირისპირ
კიდევ უფრო მიპყრობს სიბრალული.
სახელები: ანა
ოცი წლის ვარ: მიზეზი მაქვს სასაყვედუროდ -
რატომ არ სცადა დედაჩემმა მამაჩემის გადარწმუნება
როცა იგი დედამისის სახელს მარქმევდა?
მშობიარობას რომ გადაჰყვა, იმ ქალის სახელს!
- ვცადე, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე მასთან
მთავარი პირის გამოკითხვა არც მიფიქრია
- პრეტენზიების წაყენება მამისთვის? - ვერა
ისევ დედას ვუტევ ირიბად
- ჰოდა ნუ გაგიკვირდებათ თუ შვილს არ გავაჩენ
ერთ საღამოს, ვახშმობის წინ, იფეთქებს ალი
მამა გადაწყვეტს ცალკე ჭამოს.
დერეფანში ის და ჩემი ძმა
ცეცხლდებიან - ერთმანეთის ლანძღვას იწყებენ
- ჩხუბს აპირებენ -
მე და დედა შუაში ვდგებით
მე მამაჩემს ვეფარები, დედა - ჩემს ძმას
- მათ როხროხს ჩვენი მუდარა ერთვის -
ჩვენ, სრულიად უსუსურები,
მათ გონს მოყვანას ვცდილობთ
და როცა ომი ჩაცხრომას იწყებს -
იარაღი ძირს ეშვება, მზერა კი კვლავ შემართულია -
მაშინ ვფეთქდები - ისე რომ თავს არავის ვესხმი -
შინაგანად ვფეთქდები მხოლოდ
და მამას ვახლი მოზარდის ტონით:
შეუძლებელია ასე გაგრძელება!
მაინცდამაინც ტყვია გინდათ რომ დავიხალო?
მამა თვალებს კარკლავს, მპასუხობს:
ნუთუ მართლა არ გიხარია
რომ დედაჩემის სახელი დაგარქვი?
რა შუაშია?! - კარს ვაჯახუნებ
მთელი ძალით - ეს ოდნავაც
არ შველის საქმეს
სულისშემძვრელი ტანჯვა მიპყრობს
და სურვილი შეცდომების გამოსწორების
- ასე რომ: ანა.
ორმაგი კულტურა
ზოგჯერ - წყალი და ზეთი
- გაზავების ყველა მცდელობა განწირულია
უცვლელი კანონების პირისპირ
ზოგჯერ - ორი ფერი
რომლებიც ქმნიან მესამეს - და ამგვარად -
უსასრულო კომბინაციებს.
მემკვიდრეობა
როგორ მივხვდი, თუ რას უშვრება?
- მამა, დაბადებიდან დედით ობოლი, მოზარდობაში კი - მამითაც,
დეიდებს, ბიძაშვილებს, ბებიას შორის, თავს ყოველთვის გრძნობდა
ზედმეტად -
თუ რას უშვრება ფსიქიკას,
არც დედის იყო, არც - მამის
- დაბეჩავებულს, ოფლმდინარე ქაოსში მცურავს
ვხედავ ბავშვს, ფეხზე დაყენებულს,
უფროსების მუხლებს შორის თავმოქცეულს, ლოყებგასრესილს
- მსგავს სახე-ხატს გადავაწყდი აღმოსავლეთში:
ბავშვს-საკუთრებას - თითქოს მოვლილს, თითქოს საყვარელს
მაგრამ ცალსახად დაბრიყვებულ ბავშვს
ობლობის და ავადმყოფობის უსამართლობის წინაშე მდგარი,
მამა ყოველთვის მახსენდება საზღაურის მაძიებელი -
შემცბარი მაგრამ შეუპოვარი -
ბრძოლის ყველა ეპიზოდში,
ხელისუფალთან, მმართველებთან თუ ექიმებთან
შეუპოვრობა მისგან დამყვა მაგრამ - რის ფასად?
მემკვიდრეობად მერგო ტანჯვაც
ამ ტანჯვასთან გამკლავების ძალის გარეშე
- დამემატა იმაზე დარდიც
რომ ეს ჩემი თავგანწირვა
თუნდაც ასეთი უდრეკი და თუნდაც უწყვეტი
(მე ხომ მოსმენა შემიძლია, სხვისი გართობა,
საკუთარი ტკივილების მიჩუმათება)
არასდროს იყო საკმარისი მისი დარდის დასაამებლად
და მე დავრჩი მამის გარეშე
არ დამყვა მამრის ეგოიზმი (შემოქმედის ეგოიზმი მაქვს)
თვითშემეცნების ნაკლებობით შეზავებული
- ბრმა მანქანა
წინ რომ მიიწევს - გარეთ, შიგნით, ყველაფერს ფარცხავს
- მოსავალს სხვები მოიმკიან.
მითოლოგიები
დედა მაცნეა, ის ყოველთვის ასეთი იყო
მოქიშპეებს, მეტოქეებს ერთმანეთთან აკავშირებს
გადაეშვება ხოლმე სადაც ცხვირს ვერ ყოფენ ყოყლოჩინები
ყველაფერს რაზეც ოცნებობენ რასაც ნატრობენ
- ჩანასახის პოზაში მყოფნი - დედა კისრულობს
დღედაღამ მამაჩემის სანახავად დადიოდა
საავადმყოფოში - ჯოჯოხეთთაგან ყველაზე უარესში
სადაც უდანაშაულოები ისჯებიან
თავიანთი პატრონების ცოდვების გამო
საავადმყოფოში, სადაც მამაჩემი მოკვდა,
დედა ცხედრის გამოსაყვანად მიდის
- დაბრუნებისას მიყვება (როცა დანახვა არ შეგიძლია,
რადგან გული მიგდის, მონათხრობით კმაყოფილდები)
დედა მაცნეა, ყველაფერი უნდა იცოდეს
- ეკითხება ექთანს
რომელიც მამაჩემის ცხედარს ამზადებს: ბოდიში
მაგრამ... როგორ მოხვდით ამ პროფესიაში?
ექთანი ჰყვება რომ ბებიამ გაზარდა
ბებიაზე გიჟდებოდა - და ზრდასრულ ასაკში
მოხუცებთან დაიწყო მუშაობა
- ოთხი, ხუთი, ექვსი წელი და... კვდებოდნენ მოხუცები
ტკივილი ყოველ ჯერზე უფრო მწვავდებოდა
- და მიხვდა
მკვდრების მისახედად იყო დაბადებული
და ამ მკვდრების ცოცხლებთან სალაპარაკოდ
- და ეს? თქვენი ქმარი იყო?
- ყოფილი ქმარი.
- ჰოო.
- დედამისი - აგრძელებს დედაჩემი -
მასზე მშობიარობას გადაჰყვა
ესეც ბებიამ გაზარდა
- რა უცნაურია - პასუხობს ექთანი -
გამოცდაზე სწორედ ამაში ჩავიჭერი:
როცა მშობიარობისას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგება
ვის გადარჩენას ვცდილობთ?
ვპასუხობ: ბავშვის - არა, ქალიშვილო
დედის გადარჩენას ვცდილობთ
დედას შეეძლება სხვა შვილების გაჩენა -
ბავშვს კი უდედოდ გაზრდა მოუწევს
და მთელი ცხოვრება დედის სიკვდილში
ბრალეულობის განცდის ტარება
მამაჩემს უყურებენ:
- იქნებ ისევ უყვარდით?
დედაჩემი იცინის - ოჰ, არა... არა, არა
- მე ვაპროტესტებ, როგორც ბავშვი, რომელსაც ბოლომდე სჯერა
მშობლებს შორის უხორცო სიყვარულის
- დედაჩემი მეალერსება
ალბათ, უნდა, რომ მასიამოვნოს, და იქვე ურთავს:
- ეჰ, ამაზე გამახსენდა:
დაკრძალვის დოკუმენტში
ჩამწერა როგორც „მეგობარი“
დედა მაცნეა, დაა, ძმაა - მეგობარია
უმწეოთა აქილევსია, ქუსლის გარეშე.
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
გირჩევთ
მიკუთვნება | ანა აიანოგლუ
07.03.2024
ვალენტინი | კეროლ ენ დაფი
14.02.2024