გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ძუძუების სევდა

ძუძუების სევდა | დიანა ვაჩნაძე

წელს გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს დიანა ვაჩნაძის ლექსების კრებულს „რა წესია“. დიანა ვაჩნაძის პოეზია აქტიურად იბეჭდებოდა 1990-იან წლებში. 1997 წელს მან შოთა იათაშვილთან ერთად გამოსცა ერთობლივი პოეტური კრებული „მსუბუქი, ძალიან მსუბუქი და არც ისე მსუბუქი“, 2003 წელს კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ დაბეჭდა მისი რომანი „ნატა ანუ ახალი ჟიული“. გთავაზობთ რამდენიმე ახალ ლექსს კრებულიდან, რომელიც მზადების პროცესშია.

  

* * *

ორწუთიანი სევდა შემომაწვა გულზე.
კარგო,
აჰა, შენ საჩუქრად ლაპლაპა სპორტული წამზომი -
რათა ჩართო და დააცქერდე.
ჩემი ორწუთიანი დაღვრემილი თვალ-წარბის ყურებას
ისრის ცქვიტი მოძრაობის თვალთვალი აჯობებს -
წკ, წკ, - უმალ მოირბენს ჩემს სევდას ორჯერ და
თავს რომ აიღებ,
გამოდარებული დაგხვდები,
მორიგი ორწუთიანი მტლუშის მომლოდინე.
ორწუთიანი არსება ვარ მე:
ორწუთიანი ცრემლებით,
ორწუთიანი ისტერიკებით,
ორწუთიანი დეპრესიებით.
ორ წუთში ვსაუზმობ,
ორ წუთში ვბანაობ,
ორ წუთში ვალაგებ სახლს და მერე
ორწუთიან ტკბილ სიტყვებზეც თანახმა ვარ,
კაფეში ორწუთიანი დაპატიჟებისაც მიხარია,
ორწუთიანი სექსითაც ვკმაყოფილდები.
გარდა ამისა,
ორწუთიანი სიცარიელეებიც მაქვს -
იმდენად ბევრი, რომ ხშირად ვფიქრობ,
ისინი რომ არა,
ალბათ ვერც ვერასოდეს ვიქცეოდი ორწუთიან არსებად.
არადა, თუ მიეჩვევი, იცი, რა კარგია?
ორწუთიანი სიყვარული,
ორწუთიანი კინკლაობა,
ორწუთიანი ცხოვრება…
და მისი ყველაზე დიდი უპირატესობა:
ლექსებსაც ორ წუთში წერ -
ორწუთიანი სევდიანობის ან ყიჟინის დროს,
იოლად, ყოყმანისა და ჩასწორებების გარეშე,
წერ და ხარ ასე -
სიცარიელეებში შეკუნჭული
ორწუთიანი კარგი პოეტი და ქალი.

 

* * *

როცა კლასიკურ პოზას ვარჩევდით
მეზობლისგან ჩამოშვებული წყლისგან დარჩენილ
ერთ დიდ ლაქას ავყურებდი სულმუდამ ჭერში.
თუ პირჩაღმა ვიწექი და ჩემში უკნიდან შემოდიოდა
კედელზე გასმულ ხაზებს ვუცქერდი,
ბავშვობისას ჩემი სიმაღლის აღსანიშნად
დედაჩემი რომ აკეთებდა
და წლებს აწერდა:
1981, 1982, 1983...
თუ გვერდულად დავწვებოდი -
ასეც უყვარდა გ.-ს ჩემთან სექსი -
მაშინ შპალერის ერთ ჩამოხეულ ადგილს
მზერას მივაშტერებდი...

ახლა კი რა ვქნა - რემონტის შემდეგ,
როცა საყრდენი ყველა წერტილი გამომეცალა...


 

* * *

მგრძნობიარე ბავშვიაო -
ასე ამბობდნენ ჩემზე სულ თავიდან.
მერე დარტყმული გოგო ვიყავი,
ახლა ნერვიული ქალი ვარ.
ხშირად თავს ვიპარსავ
ან ფრჩხილებს ვიზრდი -
კარგია იმის შეგრძნება,
რომ არასასიამოვნო ადამიანს შეგიძლია
უცებ სახეში ეცე და დაფხაჭნო,
მაგრამ როცა ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან იზრდება,
ეს ყველაფერი რეციდივიზმში რომ არ გადამივიდეს,
სახლში ვიკეტები,
ფეისბუკში გავყოფ ხოლმე თავს და
იქიდან დავცინი ნამუსგარეცხილ კაცობრიობას.
ჩემი აგრესიულობა ბევრს აშინებს,
მაგრამ ზოგჯერ ვიღაცები იხიბლებიან კიდეც ამით -
გულებს მიწერენ,
მეტრფიან ჩატში,
პაემანზე ჩემს გამოყვანას ცდილობენ.
მე ამ დროს ძირითადად
მათ უმოწყალოდ დაკაწრულ სახეებს ვხედავ,
ამიტომ თითქმის არაა შანსი,
ვინმეს ავყვე და რომანტიული ვახშამი მოვინდომო,
თუმცა კი მიყვარს საღამოს შრიალა კაბები და
განსაკუთრებული გამოპრანჭვა
ორკვირიანი სახლში გდებების შემდეგ.
მაგრამ ხომ ვიცი,
მათ სურთ რომანტიულ ვახშამს
მგზნებარე ღამეც მოაყოლონ ხოლმე,
მე კი ეს მართლა არ შემიძლია -
ახალ ადამიანთან დაწოლა,
ნერვიული შეტევით,
დამფრთხალი პარტნიორით და
სასწრაფოს გამოძახებით რომ მთავრდება ხოლმე,
ის ძველი და ნამდვილი სიყვარული კი,
რომელსაც სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდება,
დაკარგულია უკვე უიმედოდ,
და ისედაც, რაის მგზნებარე ღამე,
როცა ღამღამობით ბუსავით თვალდაჭყეტილი
ვზივარ სახლში და ლეპტოპს შევცქერი:
ამერიკულ კომპანიას ავეკიდე რახანია და
მთელი ქალაქი რომ იძინებს ან სექსით კავდება,
მე მაშინ ვიწყებ ქანცგამწყვეტ მუშაობას ონლაინ.
ალბათ ამიტომაცაა, ამ ბოლო დროს ასე რომ გავრეკე -
სულ მუდამ ღამენათევს და უძინარს
პოეტი მგონია ხოლმე თავი,
და ჩემს ცინიკურ პოსტებს რომ ვჯღაბნი,
ლექსებიაო, გულში გავიძახი.
აბა სხვა რითი შეიძლება აიხსნას ის,
რომ ერთ პოეტ მამაკაცს სპექტაკლზე გავყევი ამას წინათ,
სპექტაკლის მერე კი კაფეშიც,
და სრულიად უსირცხვილოდ პოეზიაზე
რაღაცას ველაქლაქებოდი.
არა, მგონი ეს ნევროზის ბოლო ფაზაა,
და ამის შემდეგ რა უნდა იყოს,
საერთოდ ვეღარ ვხვდები.
ჰოდა, სხვა გამოსავალი რომ ვერ ვიპოვე,
გავიზარდე კიდევ ერთხელ ფრჩხილები უსაშველოდ,
ოღონდ ამჯერად არა იმიტომ,
რომ გულისამრევი მიჯნურები დავასისხლიანო ხოლმე,
არამედ ეს ვითომ პოეტური პოსტები რომ აღარ ვწერო -
ასე ხომ კლავიატურას
თითებს წესიერად ვეღარ ვუბარტყუნებ,
და თუ მაინც არ ვეშვები და ჩემსას ვცდილობ,
საშინელი შეცდომებით დაწერილი ტექსტი გამომდის,
ისეთი, ადამიანი მარტივ აზრსაც რომ ვერ გამოიტანს მისგან...
ახლა, სანამ სახლში მარტო ვარ,
ვიდეო დავაყენე და უნდა ვიცეკვო.
უნდა დავიგრიხო, ავთრთოლდე და
ჩამოვიფერთხო ტანიდან ყველაფერი ის,
რაც ამ ბოლო დროს ამეწება -
კაცების თუ ქალების მშიერი თვალებიდან დაწყებული,
პოეტური თუ არაპოეტური სიტყვებით დამთავრებული.
მერე ავტვირთავ ამ ვიდეოს ჩემს გვერდზე
და გულიდან ტვირთიც მომეხსნება -
ვიცი, ბევრჯერ გამიკეთებია ეს და ყოველთვის მშველიდა -
მე ხომ პატარაობიდან მოყოლებული მიყვარს ცეკვა:
ვცეკვავდი თავდავიწყებით,
როცა მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი,
ანდა დარტყმული გოგონა,
და ვცეკვავ ახლაც - ნერვიული ქალი.
 

 

* * *

ხანდახან გადამეკეტება ხოლმე.
აი, შევხედავ ადამიანს,
როგორ მღერის, როგორ იცინის,
ან უბრალოდ, როგორ იფხანს ნიკაპს,
და მორჩა - შეყვარებული ვარ!
სიმღერა და სიცილი კიდევ ჰო,
მაგრამ ეს ნიკაპის ფხანა მაინც რა არის,
ვერ გავიგე,
ამის გამო შეყვარება როგორ შეიძლება?
ნორმალურისთვის ალბათ წარმოუდგენელიცაა,
მაგრამ მე ხომ ნორმალური არ ვარ...
სამსახური დავკარგე
ერთი კვირის წინ ამის გამო -
რაღაც შენიშვნებს მაძლევდა უფროსი,
როცა ახალი სატრფოს ნიკაპზე ვფიქრობდი
და მეც განერვიულებულმა ვუკივლე.
ვგდივარ ახლა სახლში უღონოდ,
ყოველგვარ უნარწართმეული,
დამამშვიდებლებს ვსვამ
და არ ვიცი, რა ვქნა.
შორს გაფრინდა ჩემი ნიკაპი
(უცხოეთში ცხოვრობს)
და როდის დაბრუნდება უკან,
ან კი საერთოდ დაბრუნდება თუ არა, არ ვიცი -
მე კი გადამეკეტა,
და მეტი ვეღარაფერზე ვფიქრობ.
აი, ყურებამდე შეყვარებულიაო -
ხომ არის გამოთქმა,
მე კიდევ ნიკაპამდე შეყვარებული ვარ -
სადაც ყური, იქ ნიკაპიც -
რამ გაყო ერთი მეორისაგან!
არადა, გუშინ გავუმხილე
ერთ ჩემს დაქალს ეგ ამბავი
და რომ მთხოვა,
აღმიწერე, ასეთი რა ნიკაპი აქვს
და ასე ლამაზად როგორ იფხანდაო,
გავშეშდი და ვერაფერი შევძელი -
თითქოს არაფერი განსაკუთრებული
არ იყო მასში,
არადა რამოდენა ემოცია მოიტანა!
დამცინა ბოლოს იმ ჩემმა დაქალმა:
წადი, გოგოლის „ცხვირი“ წაიკითხე,
იქნებ გიშველოსო...
ხუმრობა იქით იყოს და
რა ვქნა, ხომ არ ვცადო მართლა?
მიგრძვნია, დიდი მწერლები
როგორ ზემოქმედებენ ჩემზე -
ვკითხულობ და გადამეკეტება ხოლმე,
ან პირიქით -
გადაკეტილი მაქვს და მიღებენ, მიხსნიან...
ეს მეორე ვარიანტი მაწყობს ახლა,
თორემ ცოდო ვარ,
ამოდენა გოგომ ვიღაც ერთი ბიჭის
ნიკაპის ფხანის გამო
როგორ დავიღუპო თავი?

 

ძუძუების სევდა

მინდოდა, ჩემი ძუძუები კარგ მხატვარს დაეხატა,
მაგრამ არ ვიცნობდი არც ერთ კარგ მხატვარს,
და ცოტათი მორცხვიც ვიყავი,
არადა, რა კარგი დასახატი ძუძუები მქონდა!
წამოვწვებოდი "შიშველი მახას" პოზაში სარკის წინ
და საათობით ვუმზერდი ჩემს თავს,
წარმოვიდგენდი არეკლილ გამოსახულებას,
გადატანილს ტილოზე:
ფეხებს, მკლავებს, თეძოებს,
მაგრამ განსაკუთრებით - მკერდს,
თითქოსდა ღვთიური ხელებით გამოძერწილს,
ერთი შეხედვით ზომაზე ოდნავ დიდს,
მაგრამ მაინც სწორედ იმოდენას,
რაც სრულიად ამაღელვებელს ხდის მის არსებობას,
და თანაც ფილიგრანული სიზუსტით მიდგმულს ტანზე...
ამ დროს ვგრძნობდი, რომ თუ ღმერთმა
ოდესღაც მართლა გამოძერწა მდედრის სხეული,
მან მას, როგორც სილამაზის გვირგვინი, 
ძუძუები მიაშენა ბოლოს...
ეტყობა დიდი მხატვრებიც მუდამ გრძნობდნენ ამას,
და ამიტომაც ელტვოდნენ ქალის მკერდის
განსაკუთრებული შთამბეჭდაობით გამოსახვას...
და როცა მათ ეს გამოსდიოდათ,
ეს მუდამ სილამაზის მწვერვალი იყო სახვით ხელოვნებაში...
რეალობაში კი ჩემი ძუძუ იყო ჩემთვის
სილამაზის მწვერვალი,
და მიხაროდა, რომ სულ ჩემთან იყო იგი,
თან ერთი კი არა - ორი,
და იმასაც ვხვდებოდი,
რომ ცალად არც ერთ მათგანს ასეთი ძალა არ ექნებოდა,
რომ მათი სიმეტრიულობა, თან ცოტათი დარღვეული
(მარჯვენა ძუძუ ორიოდე სანტიმეტრით დაბლა ჩამოდიოდა,
მარცხენა კერტი ოდნავ მუქი და ფართო იყო)
განსაზღვრავდა საბოლოო ჯამში მათ უბადლო მშვენიერებას...
და ასეთი ძუძუები,
ასეთი ზუსტი ზომით შერჩეული და
ასე ვირტუოზულად მიწებებული ჩემს ტანს,
როგორ არ უნდა დაეხატა გენიალური მხატვრის ფუნჯს?..
მაგრამ მე არ ვიცნობდი ასეთ მხატვრებს
და ცოტათი მორცხვიც ვიყავი,
ახლა კი, როცა ბრწყინვალე მხატვრებიც გავიცანი
და სიმორცხვეც მოვიშორე,
რატომღაც მგონია, რომ უკვე ძალიან გვიანია,
და ჩემი მკერდის მხატვრული რეალიზაცია იმით ამოიწურება,
რომ მე ახლა სელფებს ვუღებ მას და
ვუგზავნი ჩემს შეყვარებულებს, პარტნიორებს თუ ბოიფრენდებს,
და ისინიც ნამდვილად ტკბებიან მისი თვალიერებით,
და მეც ამ დროს სიამოვნების ჟრუანტელი მივლის ტანში,
მაგრამ როგორც კი ეს ჟრუანტელი გადაივლის,
მაშინვე ვხვდები, რომ ეს ის არაა,
რაც მინდოდა ჩემი ჯადოსნური ძუძუებისთვის
და სევდა მიპყრობს,
უცნაური, თავისებური...
მე ამ სევდას "ძუძუების სევდა" შევარქვი,
ის ნათელი და დახვეწილია,
და როცა მოდის, სულს მიწმინდავს თითქოს ბოლომდე
და ამ გაწმენდილ სულში მერე
შავ რძეს მიღვრის დილასისხამის...

 

* * *

15 წელი მაინცაა, ლექსი არ დამიწერია.
ახლა ავიღე კალამი ხელში, ვათამაშე,
ძველმა გრძნობებმა წამომიარა.
საგულდაგულოდ გადამალული დაქუცული წიგნიც მოვძებნე,
ჩემს ახალგაზრდულ, სასაცილო ეროტიკას
გადავავლე ჩუმად თვალი.
რა ტიპი ვიყავი ეს ადრინდელი დიანა.
ვიგიჟებდი თავს და სხვებსაც ვაგიჟებდი მგონი.
ვინ იფიქრებდა, რომ უცებ მონასტერში ვდურთავდი თავს.
ვნებების ჩაცხრობას მივყოფდი ხელს.
როგორც კი მივედი, ათასი მეტანია დამიწესა მოძღვარმა
იმის გამო, რომ ერთგან მეწერა: 
ათასი ვაგინა მაქვს,
და ეს ყველაფერი შენთვისო...
გეგას მივმართავდი, ბედი რომ გამიმწარა.
ლექსებში მაშინ ჩემი ჭკუით სულ ვმალავდი მის სახელს,
გ.-დ ვიხსენიებდი.
ახლა რაღა აზრი აქვს დამალვას.
იცოდეთ ბარემ, რომ გეგა ერქვა. 
რომ სულ მტოვებდა, სანამ საბოლოოდ ეს ქვეყანაც არ დატოვა
და მიღმიერში არ გადასახლდა.
მოკლა ვიღაცამ ეჭვიანობის ნიადაგზე.
აკუწა დაუნდობლად მისი ხორცი, 
ასე ჩემი რომ მეგონა მაინც ბოლომდე.
წამოვედი მეც აქ, და ვცხოვრობ ვითომ მშვიდად,
მაგრამ ხანდახან მაინც ამერ-დამერევა ხოლმე ტვინი.
იმდენად კაცი კი აღარ მინდება,
რამდენადაც რაღაც ფრაზები კაცზე -
თავისებურად გამოთქმული, ლაზათიანად, 
აი ისეთი, ტანში რომ გაგცრის.
დღეს რადიოში მოვკარი ყური,
პოეზიის საერთაშორისო დღეაო 
და მგონი ამიტომ ამიტანა ისევ ლექსის ჟინმა.
ამიტომ მომინდა ისევ დავწერო რაღაც
ჩემს ძუძუებზე თუ დუნდულებზე,
სამონაზვნო კაბის ქვეშ ახლებურად რომ ცხოვრობენ უკვე.
მათ რაოდენობას უცნაურად აღარ დავითვლი,
ახალი მეტანიები რომ არ დამიწესოს მოძღვარმა.
იმიტომ კი არა, რომ შესრულება მეზარება - 
არა, უბრალოდ ეს მეტანიები აღმაგზნებს ხოლმე, 
ისევ სექსს მახსენებს, ისევ გეგას, 
და სხვა ბიჭებს, გეგას წასვლებს შორის რომ ჩნდებოდნენ...
ძალიან შევყევი ფიქრებს, არადა დროა უკვე, 
სამზარეულოში შევიდე, კარტოფილის გათლას მივყო ხელი,
თორემ სადილი დაგვიანდება.
იქ შემიძლია ვიფიქრო,
როგორი ლექსი შეიძლება დაწეროს ახლა დიანამ,
უფრო სწორად, დესპინემ, მხევალმა უფლისა,
რაღაც ძველი ნაპერწკალიც რომ იყოს მასში და
ჩემს ახალ განწყობებსაც გამოხატავდეს.
ფრაზები მინდა, ისეთი ფრაზები,
დენის დარტყმასავით რომაა,
თან ახლა უკვე მხოლოდ ჩემთვის მინდა, 
იმ პოეზიისთვის მინდა,
რომელიც ეტყობა სულ ისახლებს ჩემში
და ბოლომდე ვერასოდეს ამოვძირკვავ.
დავმალავ ისევ ამ ძველ წიგნს, არ იპოვონ.
დავმალავ დიანას წიგნს და დესპინეს წიგნის წერას დავიწყებ.
ახალი წიგნის წერას დავიწყებ, 
ოღონდ ფრაზები, ფრაზები უნდა იყოს აქაც -
გამოთლილი ძველი დიანას ხელით,
ბასრი, წამახული, 
პირდაპირ გულში უნდა გადიოდეს, ტვინში, საკვერცხეებში...
და სხვანაირად არ გამოვა, კაცებიც უნდა იყონ აქ,
ოღონდ კაცები ფრაზებისთვის,
მხოლოდ ფრაზებისთვის,
მხოლოდ...


ავტორი: დიანა ვაჩნაძე

ქავერი: ეგონ შილეს "შიშველი ქალის პორტრეტი"

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა