გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პოლინ პიკო

მუდამ დაუთმე შენი კანი სხვების ჭრილობებს | პოლინ პიკო


პოლინ პიკო (1990), ფრანგი პოეტი და დრამატურგი, თბილისის წლევანდელი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეა. მისი ნაწარმოებები 2012 წლიდან ქვეყნდება სხვადასხვა ფრანგულენოვან ჟურნალსა და სოციალურ მედიაში. მისი რამდენიმე ტექსტის ბაჩანა ჩაბრაძისეული თარგმანები ქართულ ჟურნალებშიც დაიბეჭდა („ინდიგო“ 2017 და „თეატრი“ 2019). პიკო წერს ისეთ თემებზე, როგორიცაა ვნება, სოციალური უსამართლობა, ფსიქიკური აშლილობა, სხეული და ფემინურობა. მისი ბოლო პიესა „თქვენი სულიერი და შესაძლოა ამ ტყეში იყოს“ (2022) პარიზის Théâtre du Rond-Point-ში დაიდგა 2023 წლის თებერვალში. იგი ასევე ქმნის პერფორმანსების ფოტო-სერიას სხვადასხვა თემაზე: კონკურენციის იმპერატიულობასა და ყოველდღიურ მარტოობაზე. ბოლო ასეთი ციკლი „მტირალა“ მან 2023 წლის იანვარში დაიწყო. პოლინ პიკო ასევე არის თეატრის კვლევების მეცნიერებათა დოქტორი და ასწავლის საფრანგეთის უნივერსიტეტებში. ამჯერად გთავაზობთ მისი ახალი ლექსების თარგმანს, რომლითაც ის 3 ივნისს თბილისის მე-8 ლიტერატურულ ფესტივალზე წარდგება.

 
* * *
ღმერთო ჩემო ხომ შეიძლება
ერთი ბომბიც კი არ აფეთქდეს
დღეს ჩემს ქუჩაზე
და ნაფლეთებად არც კი იქცეს ჩემი სხეული
არავინ მოკლას მამაჩემი
და არ აწამოს დედაჩემი
ღმერთო ჩემო ხომ შეიძლება
არ ვცხოვრობდე სულაც ხარკივში
არ ვცხოვრობდე ისრაელსტინში
არ ვცხოვრობდე თავშესაფარში
და ვცხოვრობდე ფუფუნებაში
ღმერთო ჩემო ხომ შეიძლება
თავს დამატყდეს ეს სასტიკი შემთხვევითობა
და მთელ სხეულზე მთელ არსებაზე
ტვირთად დამაწვეს
სიხარულის მოვალეობა


* * *
ქალბატონებო ბატონებო საღამო მშვიდობის
მაცნობეს რომ დღეს
გიგანტური მეტეორიტი
ჩამოვარდა ჩვენს პლანეტაზე
ჩვენს უძვირფასეს პლანეტაზე
და ნაცარტუტად
აქცია იგი
არა ბოდიში
შემისწორეს
ასტეროიდი დაენარცხა
საფრანგეთის
ლამაზ მიწაზე
და მტვრად აქცია რამდენიმე დაბა-ქალაქი
არა ეს იყო მაპატიეთ მხოლოდ ცუნამი
არა გემი თვითმფრინავი მატარებელი
არა ბოდიში
ყურსასმენში მეუბნებიან
რომ დღეს
დღე იყო ჩვეულებრივი
როგორიც ყველა სხვა დღე როცა
სული ირყევა
გული ბორგავს
და შინაგანად
ყოველივე ინგრევა და მტვრად იფანტება
და მერე კი ისევ შენდება
ყოველგვარი გარეგნული კვალის
გარეშე


* * *
და თუ ჩემი შვილი გაჩნდა
დასხივებულ შავ სითხეში
ნეონების მწვანე თქეშში
ცეცხლმოდებულ კუვეზებში
და თუ ჩემი შვილი დადნა
ასე დადნა დადნა დადნა
ჩემი ამდენი ხნის ნატვრა
ვეღარ შემოვიყვან სახლში
2023-ში
უკვე სახლიც დადნა რადგან


* * *
კარგად დაწყება
ჭამა მოძრაობა
სხეული ევროპული
სოიის რძე
სოიის მარცვლეული
სოიის ჯამი
სოიის კოვზი
სოიის ტანსაცმელი
სოიის კბილის პასტა
„არტეს“ რეპორტაჟი
თავი ევროპული
World citizen
სამი წუთით
უფრო დიდხანს
ცოტა რთულია
ვერ შეძლებ
სწრაფად გამოხურე
ქვეყნის სარკმელი
დაწექი
სოიის ხალიჩაზე
და გააკეთე სოიის გაწელვები
და აღავლინე სოიის ლოცვები
რომ სამყაროს ტკივილები შეუმსუბუქო


* * *
ვაშხამებ
ქორწილებს
დაბადების დღეებს
გამოსამშვიდობებელ საღამოებს
ვაშხამებ ჩემი ცრემლებით
ჩემი უაზრო გამოხედვებით
ჩემი უადგილო გამონათქვამებით არსებობის აბსურდულობაზე
ჩემი უსაკვებო დიეტით
ჩემი მეტისმეტად მბზინავი კაბით
ვაშხამებ წვეულებებს
საზეიმო შეხვედრებს
სასიამოვნო მომენტებს
ვაშხამებ წინასწარი დაანგარიშებით
დამასაქმეთ
გმადლობთ
 

* * *
დილით ვიღვიძებ
რწმენით
ფოლადივით მტკიცე რწმენით
რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება
რომ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდება
რომ სასწაულის მომსწრე გავხდები
შემდეგ კი არის რამდენიმე პატარა ბრძოლა
სხვადასხვა ტონით წარმოთქმული რამდენიმე წინადადება
რამდენიმე დეცილიტრი დაღვრილი ცრემლი
და კვლავ ვიძინებ
და დილით ვიღვიძებ
რწმენით
 
* * *
იმდენი ომია იმდენი ომია
იმდენი მკვდარია მტვერწაყრილი
იმდენი იმდენი
ჯობს საერთოდ არ შევიმჩნიოთ
თუ გვინდა 
წყნარად ვჭამოთ ნაყინი
და წყნარად ვწრუპოთ წვენი


* * *
ნუ ჩაებმები ცხოვრების ფერხულში
სანამ შენში ყვირილი გესმის ამ ფერხულში ნუ ჩაებმები
იარე მჩატე გულით მაგრამ გულზე ბალასტით
იარე მკვირცხლი და ფარულად ურჩი ნაბიჯით
იყავი მუდამ სხვების დარდის თავშესაფარი

მუდამ დაუთმე შენი კანი სხვების ჭრილობებს
მუდამ დაუთმე შენი პირი სხვების გოდებას

საკუთარი თავი გახსენი
და იყვირე შენსავე გამჭოლ.


* * *
გვინდა ვიქირაოთ
ორკესტრი რომელიც
დაუკრავს ჩვენს ქორწილში
შემდეგ კი ჩვენს დაკრძალვაზე
გვინდა შევიძინოთ
ლამაზი ტანსაცმელი
რომლითაც ვიქორწინებთ
რომელშიც დაგვწვავენ
გვინდა ვიყიდოთ
ლენტები გვირგვინები
რომ ვთქვათ ყოველივე
რაც იყო რაც იქნება
არ გვინდა დავზოგოთ
არც ჩვენი სიკვდილის
არც ჩვენი სიცოცხლის
ხარჯები რომლებიც
ერთი წყაროდან მოედინება


* * *
კანფეტი უდნება
პირში
მამაკაცს
რომელმაც ახლახან
დაკარგა ცოლი
დედას
რომელმაც ახლახან
დაკარგა შვილი
ადამიანებს
რომლებმაც ახლახან
დაკარგეს
ადამიანები
და ეს კანფეტი
გემრიელია
დანარჩენი
უნდა ითქვას
აუტანელი
მაგრამ კანფეტი
გემრიელია.


* * *
გთხოვთ ერთ წელში მოერგოთ გარემო პირობებს
გთხოვთ ერთ თვეში მოერგოთ გარემო პირობებს
გთხოვთ ერთ კვირაში მოერგოთ გარემო პირობებს
გთხოვთ ხვალ მოერგოთ გარემო პირობებს
ახლა ამ მომენტში როცა გესაუბრებით გთხოვთ მოერგოთ გარემო პირობებს
მოერგეთ გარემო პირობებს
ადამიანი მოქნილია
ადამიანი დამყოლია
ადამიანი სავსეა რესურსებით
ადამიანი ყოჩაღია
თქვენ ყოჩაღი ხართ
ყოჩაღად
მოერგეთ გარემო პირობებს ვითვლით 3, 2, 1


* * *
მალე მეტყვიან
რომ ეს ჩემი დიდი გული უადგილოა
რომ ეს ჩემი დიდი სული უსარგებლოა
რომ ეს ჩემი დაფიცება გულუბრყვილოა
რომ ეს ჩემი გაცხადება სამარცხვინოა
მანამდე კი ნება მომეცით
ისე ვითრთოლო, როგორც ამ გულს გაუხარდება.


* * *
მინდა მოვკვდე სადმე უფასო ადგილას
კარზე გამოკრული მენიუს გარეშე
მეთუნეობის სეანსების გარეშე
ძილში მბოდავი მეზობლების გარეშე
საძაგელი თეთრი დერეფნების გარეშე
გარეთ გასვლისთვის საბუთზე ხელის მოწერის გარეშე
სადმე წყნარ ადგილას
სადაც არავინ არის დაკავებული არავის გადარჩენით
სადაც ყველა გულით ასრულებს თავის რიტუალს
სადაც ჭადრაკს თამაშობენ რბილ ბალახზე
გამვლელებისთვის
თუ გამომვლელებისთვის ყურადღების მიუქცევლად
სადმე ღია ადგილას
სადაც ისმის ძვირფასი ხმები
სადაც გრძნობენ ნაცნობ გემოებს
სადაც ყველას ესმის რა ხდება
და უეცარი ღრმა სიმშვიდით აღნიშნავს ამას
სადაც ცოცხლები მკვდრებზე წვანან და მშვიდად სძინავთ
სადაც მკვდრები გრძნობენ ცოცხლების თბილს სხეულებს და ეს ამშვიდებთ
და სადაც ყველას სული იწყებს პეტანკის თამაშს
გრილი ნიავის სიცილ-კისკისში


* * *
ღმერთო
მაპოვნინე კარგი ქმარი
ვინც ჩემს ნარწყევს აწმენდს
მაპოვნინე მეგობარი
ვინც ამატანინებს უკურნებელ სენს
მაპოვნინე პოეტი
ვისთანაც ჩავწვები
ასანთის კოლოფში
და იქვე მოვკვდები
მანკიერი ცხოვრებით ბედნიერი.


* * *
მაგრად დადექით
დაიკავეთ პოზიციები
შეაკავეთ წყალი თითებით
გადაეღობეთ
ჯებირებს ნუ წაალეკვინებთ
თქვენ მათ იმდენ ხანს აშენებდით
გიგანტური მოქცევების შესაჩერებლად
წინ აღუდექით
არ დაუთმოთ
არ დაუთმოთ ახალშობილებს
არ დაუთმოთ კეთილშობილებს
იარეთ საწინააღმდეგო მიმართულებით
უარი თქვით ამ საჯარო ფორმალობაზე სიკვდილი რომ ჰქვია სახელად.


* * *
ნუთუ ბავშვი იმიტომ ჩნდება
რომ მომანიჭოს ფუფუნება
სხვის სახეში
საკუთარი თავის დანახვის
როცა ყოველი მოსაკვდომად გაემზადება?
თუ ეს სხეულის ახირება
სულაც არ არის
არამედ ხარკი დედამიწისთვის
რომელიც ჩვენგან წამდაუწუმ
მხსნელთა ახალ ლეგიონს ითხოვს?


* * *
ამ ღამეს მუშტის ეს ხისტი დარტყმაპირდაპირ ჭიპში
სადაც უწინ იყო ჭიპლარ
და სადაც კვლავაც შეიძლება იქმნას ჭიპლარი
ეს ხისტი დარტყმა ნიშნავს გადაჭრას
გადაჭრას ბავშვის შესაძლებლობის
საკუთარ თავში ბავშვის გადაჭრას
გადაჭრას უწინ გადაჭრას კვლავაც
და მოტივტივეს ნიშნავს არარას
და ვიტივტივე
მე არარამ
მუცელში ღამის თორმეტსა და
პირველის ნახევარს შორის.


* * *
მოვედი რათა მოგახსენოთ რომ დაგვრჩა მხოლოდ
შვიდი თევზი ოკეანეში
ცხრამეტი ევრო თვის ბოლომდე და
ას სამი სახლი ცეცხლმოდებული
მაგრამ ასევე დარჩენილია
ჩვენი სხეულის რვა ათასი კომბინაცია
შესაბამისად მომავლის გზები
ასე თუ ისე კვლავაც ხსნილია.

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, 3-7 ივნისი 2023
Pauline Picot, Poèmes pour le 8e Festival littéraire international de Tbilissi, 3-7 juin 2023
Traduit en géorgien par B. Chabradzé


ფოტო: Dominique Gauchon

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა