ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დადგება ჟამი | პოლინ პიკო

პოლინ პიკო თანამედროვე ლიონელი ავტორი, თეატრის დოქტორანტი და ახალგაზრდული კომპანიის რეჟისორია. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ტექსტი, რომელთა დიდი ნაწილი თეატრს ეძღვნება. მისი წერის სტილი, ერთდროულად სხარტი და ინტენსიური, "გადაუდებელი სიტყვის" ძიებაში ვითარდება. 2017 წლის აპრილში, გამომცემლობა "ლეზ-ეკლერმა" გამოსცა პოლინ პიკოს კრებული "დადგება ჟამი", რომელშიც ავტორი ჩვეულებრივ პერსონაჟთა უჩვეულო სინამდვილეზე მოგვითხრობს: ისინი ორნი არიან. უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მათ ირგვლივ აღარაფერია. ყველაფერი თავიდანაა ასაშენებელი, მათი სიყვარულის ჩათვლით... ჩვენ წინაშეა ოპტიმისტური პოეზია, ნათქვამი, როგორც შეპირება, მომავლის განჭვრეტა თუ დეკლარაცია. ტექსტი გზადაგზა იზრდება, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის ძეგლად იქცეს. ვისთვის ეს იქნება ლექსი პროზად, ვისთვის - სიმღერა, რეჩიტატივი, ანდა კანტატა. თუმცა აქ ყველა აღმოჩნდება ადამიანური ურთიერთობების მისტიკურ ველში, სადაც დრო გამქრალა და პეიზაჟი გამუდმებით იცვლება. ეს არის ფიქცია, რომლის თითოეული ფრაგმენტი, თითოეული ფრაზა დამოუკიდებელი სამყაროა.

მთარგმნელი



ახლა, ამ წამს, მაქვს შეგრძნება, რომ გავქრები. იმის თქმა მინდა, რომ ტანი მიგრძნობს, გასაქრობად ვარ შექმნილი და რომ ეს ასეც მოხდება და ვერაფერს შევცვლი. დავიშლები ნაწილაკებად, გავქრები უგზო-უკვლოდ, როგორც ამბობენ: „უგზოდ“ და „უკვლოდ“. ორივე ხელს ვშლი სიბნელეში და ვიცი, რომ ერთ დღეს – თუმცა არ ვიცი, როდის – აღარ იქნება აღარც ხელები, აღარც თვალები მათ დასანახად. ჩემს ნივთებს და სათამაშოებს დაიტაცებენ, გაიყოფენ, მიმოფანტავენ. ის, რამაც შემქმნა და მქმნის ახლაც, როცა ვსუნთქავ და ყოველივე თავს მატყდება ფიქრის სიჩქარით, ის, რამაც შემქმნა, ვგრძნობ, იფეთქებს და დაიფრქვევა. ნუ იდარდებ, ეს ყოველ დილით მემართება.

ცალი ხელი მკერდზე მიდევს – შიგ მანქანაა, მე მას ვერ ვმართავ და არც ვიცნობ. და რომ გაჩერდეს, ახლა, ამ წამს, გაჩერდეს ისე, უმიზეზოდ... ვერ წარმოვიდგენ! – რა მცირეა, ჯერ რაც მოგეცი. გძინავს, არ გესმის ხმა, რომელიც გვიახლოვდება. მძიმე ლოდივით, ღრმად გძინავს და ვერაფერი აღწევს შენამდე. შენს სახეზე ვკითხულობ, რომ საფრთხე არ გველის. ვცდილობ, მწყობრში მოსული შევხვდე შენს გაღვიძებას, რადგან ვიცი, რომ ვერავინ ხედავს, რასაც მე ვხედავ. როცა შენ გძინავს, როცა მათ სძინავთ, მე გზას ვადგავარ. უშენოდ, ჩემო მძიმე ლოდო, კილომეტრებს გავდივარ და ეს შენ არ იცი. გიმალავ ამას. როცა იღვიძებ, შენს თვალებში ჩახედვა მიჭირს. შენ არ იცნობ ამ გზას, მარტო რომ მივუყვები და ასე მქანცავს. თვალს ახელ, როგორც ახალშობილი და ბებერ ქალს ხედავ შენ გვერდით, აქოშინებულს და გაოგნებულს. ვცდილობ, უმანკო დამინახონ შენმა თვალებმა. ვცდილობ, არ გითხრა, არ გაჩვენო, რაც მე გადამხდა.

შენს არყოფნაში, მიჭირს ცოცხლების მხარეს ყოფნა – სადაც არ იძვრის და არ იცვლება არაფერი აუხსნელად და უმიზეზოდ.

შენ ამბობ, რომ ტყუილად ვფხიზლობ, რომ სხვებივით, უნდა მეძინოს და ყოველ ღამეს, შენთან ერთად, მშვიდად ვკვდებოდე. მე კი ბევრი რამ უნდა გავთვალო, წინასწარ მივხვდე ყველაფერს, რამაც შეიძლება ჩვენ დაგვშალოს ნაწილაკებად. ყველა ფანჯარა, ყველა კარი ჩაკეტილია. ვერ მოგვაგნებენ. აქ უსაფრთხოდ ხარ. განთიადზე, ვაცნობიერებ – არც ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.

სანამ გძინავს, ერთ რამეს გეტყვი, რადგანაც მშვიდად განისვენებ შენს უძრავ უმანკოებაში და არ გაღელვებს კარზე უროს ცემა-ბრახუნი და მშვიდად გძინავს ცოცხლებთან ერთად. გაგიმხელ, რაც არც მათ იციან.

მძინარეც კი გაიგონებ, რასაც მე გეტყვი: ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ ძალიან დიდხანს.

> > >

ჩამოგწმენდ სევდას, შუქთაგან ყველაზე შეუძლებლისკენ გაგიხელ თვალებს. გავეხვევით სინათლის და სიცოცხლის ქურქში. გულში ჩაგიკრავ. აღარ იქნება სისაძაგლე.

ფერებს შეგიქმნი, თუ მოისურვებ. აღარასდროს იხილავ ჩრდილებს.

მოვკლავ, ვისაც შენში ეჭვი შეეპარება. ხელზე დაგიდებ სამკაულს, ბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით, ფულს, უსარგებლო ფუფუნებას. ცხენებს მოვიხმობ, ციდან ჩვენკენ დაეშვებიან და წაგვიყვანენ შორს გონისგან და ჭახანისგან. დავწვავ ყველა სახლს, სადაც ტანჯვა გამოგიცდია, სადაც მოხრილხარ. დავწვავ ყველა გზას, სადაც, ფიქრით – „ღირს კი სიცოცხლე?“ – გიბარბაცია. შენთან მოვალ, მუხლს მოვიყრი და წარსულიდან გამოვიხმობ შენს სიყმაწვილეს.

ჩვენ ერთად წავალთ და გზად, პატარა თეთრ კენჭებივით, გვამებს დავტოვებთ. ჩვენს სულელურ ოდისეას თავადვე შევქმნით. დიდი სიჩუმე ჩამოწვება ჩვენს სხეულებთან. შენ მასწავლი მე ამ სიჩუმეს. შენ გამომკვებავ, ხელით მატარებ ხეებს შორის, როცა დაღლილი, სვლას ვეღარ შევძლებ. ბოროტ სულებს გავერიდებით. აღარ იქნება, რასაც ვეძახდით „სამსახურს“ და „უმუშევრობას“. გადავეჩვევით ჩვენ ამ სიტყვებს. „გასაუბრებას“, „დასაქმებას“, „მოტივაციას“, „ხელის ჩაქნევას“, „დანებებას“ გადავეჩვევით.

დრამები აღარ დაგვატყდება. დრამებს ჩვენ შევქმნით, თუ მოწყენა შემოგვაწვება.

დრო გაქრება. ოჯახი აღარ გვეყოლება, აღარც ხსოვნა გვექნება რამის. ერთ ადგილზე დავრჩებით დიდხანს, დაუმალავად, რადგან არავინ დაგვიწყებს ძებნას. აღარავის გავახსენდებით და არავის ეცოდინება, რომ აქ ვართ. ჩვენ დავბერდებით. ბევრი საუბრის, ბევრი ხალხის ნახვის გარეშე გავა ცხოვრება. ერთადერთი, ვისაც გავიცნობთ, ჩვენვე ვიქნებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ამ ქვეყანაზე, რომლებსაც ისე კარგად გავიცნობთ, ნებისმიერ დროს შეგვეძლება მონახულება.

გამოვიგონებ ჟესტს, რომ გაკურთხო.

ჩემი ცრემლები გექნება ყელში, ჩემი თავი – ხელის მტევნებში. უკუსვლით ვივლი შენს ხელებში: მივადგები სიცოცხლის საწყისს.

აღარასოდეს გამომკეტავ; სირბილსაც მაცლი გორაკებზე, ნაგავსაყრელზე, მანამ, სანამ მეხდაცემული, ჩამოვვარდები და ჰაერში, ღმერთი დამიჭერს.

შენ, ამ ქვეყნით გახუნებული, ხელმეორედ აკაშკაშდები.

ჩვენ წავალთ ჩვენი საუკუნიდან. წავალთ უფულოდ, უგეგმებოდ. წავალთ და არ დავიკარგებით. ვერ გვიმსხვერპლებენ სექტები და რელიგიები. ვერ წაგვიღებს ცხოვრების ტალღა.

მე შენს დარდებს ავიღებ და უკლებლივ შევჭამ. შენივ წუხილის ღეჭვა-ღეჭვით, მშვიდად შეგხედავ.

ტაძარს ავაგებ. თითო გზაზე, თითო ქვას დავდებ, ჩემი სულელი სიყვარულით დავაცემენტებ. ჩვენ იქ ყოველ წელს დავბრუნდებით.

გავაცოცხლებ, ასე, დედაშენს.

მერე წაგიყვან ლას ვეგასში, არ იქნება სადაც არავინ. ჩვენ ვითამაშებთ, შენ მოიგებ, ისევ მოიგებ. ყოჩაღ, ყოჩაღ, ჩემო ძვირფასო.

შენთვის ვიშოვი ფუფუნების ყველა სახის კონტრაბანდულ ნივთს.

ოქროს საბადოს ვიპოვი შენთვის.

სამსახურს გიპოვი. კონტაქტებს, კონტრაქტებს გაგიჩითავ. ერთად გავივლით გასაუბრებებს, სადაც ყოველ მცირე „უარზე“, მე ყელებს დავხვრეტ. ძებნას არავინ დაგვიწყებს, რადგან ათასობით სხვა მკვლელობა მოხდება ათასობით სხვა გასაუბრებაზე. მე სიფხიზლეს შევინარჩუნებ. შენ შეგეძლება, კვლავ იოცნებო. ჩემს ფეხებზე შემდგარი ივლი. მე საფრანგეთის ციფრებს ჯვაროსნულ ომს გამოვუცხადებ.

ვეღარ გავიგებ, დედა ვარ შენი, და, თუ ფიქრი, სულ თან რომ დაგდევს. ჩვენ დავივიწყებთ ჩვენს ბავშვობას, ახალგაზრდობას და მოგონებებს. ვერ გავიგებთ, იგივე სჭირთ თუ არა სხვებსაც. არც მოვისურვებთ ამის გაგებას. სულ რამდენიმე ნივთს ჩავიწყობთ ზურგჩანთაში, შენ – საჭიროებს, მე – ძვირფასებს.

შენ, წამდაუწუმ, შესვენებას და ძილს ისურვებ. სიკვდილიც ძილში დაგიძახებს. შემეშინდება, ცემას დაგიწყებ, მუჯლუგუნს გკრავ, სვლას გაიძულებ. მუდამ საფრთხეში მეგონები.

დავიზეპირებ შენს მოგონებებს, ყველა შენი მეგობრის სახელს, ყველა სახეს, ვინც გადაგყრია, იმ ქუჩებს, სადაც გიცხოვრია, სადაც გივლია, იმ სიმღერების ტექსტებს, რაც კი მოგისმენია, ყველა იმ ბარათს, რაც ოდესმე გიგროვებია. და გავხდები ყოვლისმცოდნე, ვიქნები შენი ბიბლიოთეკა, ჩემსავ თავში, ჩემსავ სულში განთავსებული.

ჩემოგირეცხავ თვალებიდან, რაც კი გიხილავს.

ტირილით ვივლით ჩვენ ამ გზაზე. წყალი ცხვირიდან, ნიკაპიდან ჩამოგვეღვრება. აღარავინ იქნება ირგვლივ. ჩვენ არ ვიქნებით არც ბავშვები, არც ზრდასრულები, ტანსაცმელს ჭუჭყი გაგვიშავებს, თმები კანზე მიგვეწებება, ნანგრევებში დავიწყებთ თამაშს, მე ყელსაბამად მეკიდება ჭაღის ნამსხვრევი, განძი შენგან ნასახსოვრები – ჩვენი ფიცი რკინის გროვაში.

არ შეგვაწუხებს არც შიმშილი, არც წყურვილი, არც მოწყენა, არც სირცხვილი, არც გართობა, არც ეჭვიანობა. აღარაფერი მოგვაცდენს ქვეყნად. მხოლოდ გზად ყოფნის და შესრუტვის მარადისობა იქნება ჩვენ წინ.

შენ ენა აღარ დაგებმება, არ ილუღლუღებ, დაუბრკოლებლად იმეტყველებ და ფარული ნაჭრილობევიც დაგავიწყდება. შენი კანიდან გაქრებიან ტრავმატიზმები. არც უხერხულად ატოკდები უცხოთა თვალწინ და აღარც დორბლი მოგადგება ტუჩის კიდეზე.

შენი სხეული არ იქნება თავბრუდამხვევი.

ჩვენ შევუკვეთთ მთლიან მენიუს. გაჩუქებ, რაც კი აღმოაჩნდებათ. ხოლო რასაც იქ ვერ ვიპოვით, შორ ქვეყნებიდან სპილოებით ჩამოგვიტანენ. ყველაფრის ყიდვას შევძლებ შენთვის. ყველა სურვილს ავისრულებთ, ყველა სიგიჟეს.

ოთხად დაკეცილს, ხელით გატარებ.

ტკაცა-ტკუცს მაცლი ჭექა-ქუხილში. ჩემს წვიმისგან დაცხრილულ სახეს შენ დახავსულ-დაობებული ქოხმახიდან დააკვირდები და თან რაგუს აათუხთუხებ, ჯერ კიდევ მწვანე ალუბლების და მიწის ნაზავს. მე ეს განმკურნავს ყველა სენისგან.

ხელსაწყოების ხმარებაში დამახელოვნებ, მასწავლი სწორად ჩართვა-გამორთვას, ამიხსნი, როგორ მოვაგვარო ყველა პრობლემა.

არ გეყოლება მეგობრები, რომელთა მამებს კოჭლობა ტანჯავთ, ხოლო დედებს თავი მოუკლავთ.

შენს თავს გამოვგლეჯ უბედობის ბანალურობას.

აღარასდროს გახდები ავად. შენი სხეული სულ იცოცხლებს, როგორც საყრდენი მარადიული, მოელვარე, მანათობელი.

ცოტათი, ისევ შეგვეშინდება სიკვდილის, გაუჩინარების ანდა გაფანტვის, რადგან ჩვენ ვივლით გაფანტული კაცების ფერფლზე.

სიყვარულით დავკავდებით, აუჩქარებლად. არ შეგვაწუხებს არც ზარი და აღარც ეკრანი. წუთებს არავინ მოგვიზომავს, რადგან ერთმანეთს სხვებისგან შორს, შორს შევეყრებით.

ამქვეყნად, მხოლოდ შენი სახე მეცოდინება. არ დამჭირდება ერთგულების შეფიცვა, რადგან გაქრება ყველა. და მე აღარ მეცოდინება, მიყვარხარ თუ, პირიქით, მძულხარ. და ჩემს ჟესტებს შენ დაასრულებ.

ვეღარ გავიგებ, მოკეთე ხარ თუ მტერი ჩემი. პაროლებით აღვიჭურვებით.

ჩვენ დაკარგვის შეგვეშინდება. თოკით ვიქნებით გადაბმულნი. ასე ვივლით, „ცხენობანას“ თამაშ-თამაშით. ჩვენი ყოველი ჩხუბის შემდეგ, შენ თოკს მოქაჩავ და გამომათრევ ტალახის და რკინის ჯუნგლიდან. ჭუჭყიან ცრემლებს ამილოკავ მტირალ სახეზე.

ჩვენ დავიყვირებთ ჩვენს სახელებს ჩანგრეული ხიდის თავიდან, რომ ისინი არასოდეს გადაგვავიწყდეს. ზოგიერთი სხვა სახელიც გაგვახსენდება, თუნდაც ბუნდოვნად. ჩვენ მათ თავად გამოვიგონებთ.

აღარ გვექნება დაღლის უფლება. თოკის ბოლოებს აქეთ-იქით მიმაგრებულნი, სულ მარცვალ-მარცვალ ჩამოვიკრეფთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის.

შენი ბავშვობის ბაღსაც ვეწვევით. უწინდელივით, ცარიელი იქნება იგი. მე წარმოსახვით ნაყინს გიყიდი, შენ დამარწევ ტეტანიურ საქანელაზე. ჩემი კაბა იფრენს და იფრენს. მივაცქერდებით ჩვენ ამ მომენტს, როგორც ყველაზე დიდ სილამაზეს. ხვრელს გავაკეთებთ ძველი წვიმით ცხრილულ სილაში და შიგ თავს ჩავრგავთ. უწინდელივით, კვდომას ვისურვებთ.

ჩვენ ვიქნებით ლირიკულები და უხეშები, ყოფა-ცხოვრების სამსახურში სამარადჟამოდ. შენ შავ ჭრაქს დაწვავ, მე – ერთ მუჭა ასაფეთქებლებს. შემართებით ვიქნებით სავსე. შემორჩენილი ჭრილობები სიცოცხლისადმი ჩვენს სიყვარულს ისევ დიდი კოვზით შეგვასმევს და ჩვენს ღიმილს თავის ფერფლში ისევ ჩააქრობს. ტუჩები გაგვინაცრისფრდება.

დრო ზანტად გავა. ერთი საათი, კიდევ ერთი, და კიდევ ერთი, დამწვარ ქალაქში პირისპირ მდგარნი, ჩვენ ერთმანეთს დავაკვირდებით სახეების სრულ მოქანცვამდე. აღმოვაჩენთ ნაოჭს, ბეწვს და ოთხად მოკაკვას, როგორც განძეულს, ძალზედ დიდხანს ნალოლიავებს, გადახუნებულს. ამ სასიცოცხლო მარათონში, აგვაღელვებს ჩვენი სხეული, მისი უსაზღვრო სნეულება და ვნება კვლავაც ძალიან მძაფრი.

საკუთარ თავს მოვისვრი გზაზე. მხოლოდღა მწიფე ხილი ვიქნები, შენ რომ ჩამოკრეფ ბოლო სხივებში.

შენ იპოვი ძველ მანქანას, წვიმისგან ნარეცხს. ჩვენ მას დავამტვრევთ, იმის გამო, რაც შეგვემთხვევა. შენ მას ატარებ თავმომწონედ და ისე სწრაფად, როგორც შენს გულს გაუხარდება, უფრო სწრაფადაც – როგორც გიჟი მიჰქრის კედლისკენ. მე კი გვერდით დაგედევნები, ფეხშავი და პირდაღებული მთელი ქვეყნის მწერებისათვის. ჯერარნახულს მოვიბამ მგლის მუხლს.

ჩვენ შევეხებით ყველა საგანს და წარმოვთქვამთ მათ სახელებს, რომ ისინი არასოდეს გადაგვავიწყდეს.

ყველაფერს შევძლებთ ამ ჯადოსნურ, გრძნეულ ქალაქში. მე გავახალგაზრდავდები, შენ კი სიჭარმაგეს გაუგებ გემოს.

ვეღარ განგვსაზღვრავს სხვების პასუხი, აზრი, შენიშვნა, შეტყობინება. ვერანაირი სიტყვა სულს ვერ გამოგვიძერწავს.

ღმერთს მოვიძიებთ საწვნეებში, ხალიჩის ქვეშ, ავეჯის უკან.

უკან დაგვრჩება არსებები, ჩვენ რომ ვიყავით, ფერმკრთალი და სევდიანი მჭკნარი ტყავები. დადგება ჟამი, ჩაველბობით რკინა-ბეტონში.

ჩვენ ვიქნებით მოხეტიალე კომერსანტები, შეკვეთების უხვად მიმღებნი, აბსურდული პროდუქტების მიმწოდებლები, თავის მაქებარ-მატყუარები და მიზანში ამომღებნი ანომალიის. გვეყოლება ძველი ორთვალა, პორტატიული საშხაპით შიგნით, სამკერვალო ხელსაწყოებით და ფეხსაცმლის საპრიალებლით, სილამაზის მასხივებელი მაგიური ჩირაღდნითა და მაცივრით და მობილური ბიბლიოთეკით. თვითკმარები ვიქნებით. მეტიც – ჩვენს პლატფორმაზე, ადგილსაც კი მოვუძებნით გადარჩენილებს.

შენი ხელები შეწყვეტენ კანკალს. ყველა საგნის აღებას შეძლებ.

ყოველ ვახშამზე, აპოკალიფსის თოჯინებს მოვრთავთ.

არ გვექნება მილი ცხვირში, არც ზონდი – კანში, არც ინფუზია თუ ტრანსფუზია, არც რამის დენა. ჩვენს სხეულს სულაც არ ექნება ორგანოები. ერთ ნაწილად იქნება მხოლოდ, როგორც მკვრივი ახალი თიხა, პოსტატომური.

როცა ქალაქში შევაბიჯებთ, ჩვენი კანის მიმოქცევაზე ქარი იზრუნებს. პეიზაჟებს ავაძიგძიგებთ, სარკმლების ჩათვლით. ახალბედა მგლები ვიქნებით.

ფილმში არავინ გადაგვიღებს, არც კადრებში დავიკარგებით. არ მოგვისვრის მტრულ სამყაროში ძალიან ძველი ტელევიზორი, არ დაბინდავს ჩვენს სილუეტებს. გავშიშვლდებით ხორცის ბოლო ნაწილაკამდე და ჩვენს სხეულებს, ვით გამდნარ ტყვიას, აუვა კვამლი. ჩვენ ამოვწურავთ ამ სიშიშვლის მთელს წარმოდგენას. და რაც მოგვივა, იმის შესახებ სხვისთვის კომენტარს არ გავაკეთებთ. არ შემოგვხედავს არავინ და არც დაგვინახავს. არ ვიქნებით საინტერესო.

ფულს ურიკით გადავზიდავთ და ფერად წვიმად მიმოვფანტავთ აქაც და იქაც, ამ ქოხიდან იმ ქოხმახამდე, მხრჩოლავსა და მწკლარტე გროვებზე. ჩვენ მას არ დავწვავთ იმ მიზნით, რომ ეს იყოს აქტი. ისე დავწვავთ, სულ სხვა რამისთვის.

ტროტუარებზე ჩამოვსხდებით, სულმთლად შიშველნი, საპნებით ხელში. თავზე ელვის და ავდრის მძიმე ბუშტი გვედება.

და შენ მეტყვი, რომ შენ იყავი ცამდე მართალი, როცა ამბობდი, რომ სამსახური უნდა გაქრეს, განადგურდეს კაცობრიობა, და რომ წიგნები არაფერში გამოგვადგება.

პლასტმასის ჭამას ვამჯობინებთ ჩვენ მიწის ჭამას.

ყოველ საღამოს, შუბლზე გუბის წყლის მირონს მაცხებ. ქალაქის მყუდრო შიგნეულში გავათევთ ღამეს, რაც შეიძლება ახლოს მის სუსტ გულისცემასთან.

შენ ზოგჯერ მამა მოგეჩვენება, მეც ვიფიქრებ, რომ ვხედავ მამას. დაედევნები შენს ძმას ქუჩის ნანგრევებს შორის. მე კი, დიდი გალავნის გასწვრივ, საკუთარ დას გავეკიდები. ისინი მხოლოდ ჩვენ ვიქნებით ისევ და ისევ.

შენ უცებ ბევრი უცხო ნიჭი აღმოგაჩნდება. აღმოაჩენ შენს სიძლიერეს და ბრალს დამდებ, რომ მიგატოვე, როგორც სუსტი, ძველი სამყაროს ბოროტ მუცელში.

გამოვიგონებთ სიბრაზეებს ერთმანეთისთვის. თუმცა ჩვენ შორის, გადარჩენილთა სრული და უხმო თანაგრძნობა დაფარავს ყოველს.

მოგვესმება შორეული ზეიმის ხმები.

ჩვენს მკვდრებს აღარ დავიტირებთ. ისინი ჩვენთან იცხოვრებენ, ჩვენი ფრჩხილების ქვეშ, ჩვენს თმებში. შეეჩვევიან ჩვენს ტუჩებზე სიხარულის მტვრად მიმოფენას.

ვისადილებთ უკაცრიელ სასახლეებში, ცარიელ თეფშზე და თვალებში სიცარიელით.

ცრემლები ცხოველ თვალებიდან ფაფუკ ბეწვზე ჩამოიღვრება.

რადიო ჰანგებს გადმოანთხევს ჯართის გროვიდან.

ტროტუარებზე, სანთლებს ავუნთებთ ამიერიდან აუხსნელი წარსულის ხსოვნას. გარდაცვლილთა მრგვალ თარიღებს ასე აღვნიშნავთ. მოციმციმე სინათლეები – იუბილესთვის, მანძილი – ჩვენი ნაბიჯებისთვის.

მოგორავე მექანიზმს შევქმნით. საბარგულზე ჩამომისვამ, პოლიციის აწივლებული სირენით ხელში. წრეებს დავარტყამთ მთელი სისწრაფით.

რომ არ გავგიჟდეთ, ცხოვრებას ზოგჯერ უწინდელის მსგავსად მოვიწყობთ.

მე ყოველთვის მეტ სინათლეს ვიპოვი ჩვენთვის, გადავთხრი და გავწმენდ ნიადაგს, მუდამ ვიპოვი მეტ სტრატეგიას, რათა სიცოცხლის მხარეს აღმოვჩნდე. შემხედავ თვალებახამხამებულს, ტანის ერთ მხარეს შავი ჩრდილებით.

რანი ვართ, აღარ გვეცოდინება. ცხოველები? სულები? თუ მყარი მასები? თუ მხოლოდ გამძლე სხეულები? არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ჩვენს ყოფას სახელი მივცე, რათა სიტყვა არ დაგვეკარგოს.

ვერ შევძლებ ჩემი ფუნქციის პოვნას. საათების მანძილზე ვივლი, გრძელი მკლავებით, მოქანავე ხელის მტევნებით, რომლებითაც ელექტრონებს დავკრეფ ჰაერში. ჩემი ტალანტი ვერ იბრწყინებს ახალ ქალაქში.

შენ სიტყვებს აღარ მოისურვებ, და ყველაფერს ჟესტებით ვიტყვით. მე ცხოველთან ერთად ვიცხოვრებ.

უამრავი მოჩვენება ამედევნება: მკვდარი სხეული ბრეზენტის ქვეშ, ძაღლის თვალები. კუპრი მექნება ქუთუთოებში, დანა – ნეკნებში, ცალი ხელი მხარზე მედება. შენ ყოველ ჯერზე დამაბრუნებ სინამდვილეში, მაგრამ სადღაც, მუდამ იქნება ბრეზენტი და ძაღლის თვალები.

შევეჯიბრებით ჩვენ ერთმანეთს ავად ყოფნაში და იმაშიც, თუ ვინ უფრო მეტი რამ ნახა. შენ ყოველთვის გამაოცებ ამ თამაშებში. შენს ოდისეას ცერა თითის წოვით მოვუსმენ, საბნის ქვემოდან.

ზოგჯერ, ღამით, მეგონება, რომ სისხლით მაქვს სახე მოსვრილი. მოვითხოვ, რომ ჩამომწმინდონ, მომიალერსონ, როგორც პირველ დღეს.

გრძელ გზას გავივლით. ასწლეულს გადააბიჯებს ჩვენი ფეხები, ათასწლეულს – ჩვენი ფიქრები, სხეულიც დაგვიძველთაძველდება. აღარ იქნება ჭუჭყი, აღარც რამის გაცვეთა.

მე საკამათო თემებს შევთხზავ, რომ სიფხიზლე შევინარჩუნოთ.

ერთმანეთისკენ გავექანებით და თავებით შევეჯახებით. გავითიშებით უმალ, ხსოვნის, ფიქრის გარეშე და ეს შვებას მოგვგვრის ცოტათი.

გამუდმებით დაგიძახებ, რომ გავიგო აქ ხარ თუ არა. შორს იქნები ყველა საფრთხისგან. მე, დროდადრო, თოკს მოგიქაჩავ, რომ ამომწიო განსაცდელის უფსკრულიდან, სადაც მუდამ მიმოვიმტვრევი.

ბევრს ვიცეკვებთ. რიტმს, ჟესტს, ილეთს არად ჩავაგდებთ. ხელთ მხოლოდ ჩვენი ნერვ-ძარღვების ფაფა შეგვრჩება, და მოვურევთ შეუსვენებლად, მზის ახალ ამობრწყინებამდე. ჩვენ ბგერით ფაზებს გადავლახავთ, სათითაოდ, ამოწურვამდე. სწორედ იქ არის ნაღვერდალი ჩვენი ხელების, ფეხების და სახის ალმურის.

ამ ქვეყანაში არაფერი იქნება ჩვენი. არც მშობლები გვეყოლება, არც მეგობრები, არც კონტაქტები. არ გვექნება ქსელი, ბარათი ან რამ ხელსაწყო. არაფერი კერძო, არც საზოგადო.

ზოგჯერ, ვიყმუვლებთ, კვლავ საბელით გადაბმულები. წყალს მივცემთ ბოთლებს, ცეცხლს დავანთებთ, გორაზე ავალთ. შემდეგ კვლავ ზღვისკენ დავეშვებით, იდიოტურ პლასტმასებს ავკრეფთ, გავჭყლეტთ დახრაკულ ნარჩენთა გროვას და საკუთარ თავს დავუბრუნდებით, შენ – ჩემს შიშებს, მე – შენს ოცნებებს.

ვინაიდან ძალმომრეობა არ დაგვჭირდება, ვიქნებით ძალმომრენი. მთელი დღეები, სახიდან სისხლს არ მოვიცილებთ. აღარ გვეცოდინება, რატომ უნდა ჩამოვიწმინდოთ.

ეს არ იქნება თვალთმაქცობა.

ეჭვს მაინც შეგვატანინებენ.

მე აღარ ვიქნები საზოგადოების ერთ-ერთი სახე. ჩემი სხეული აღარ იქნება გირაოთი გამოტანილი. უგზო-უკვლოდ მიმოვფლანგავ ჩემს შემოსავლებს. თავს მოვიწამლავ ბეტონიდან ბღუჯა-ბღუჯად ახეული ვარდის ფურცლებით. თმებს და ტანსაცმელს ავიკუწავ. ფოლადს, პლასტმასს და ტყვიას ტუჩზე ჩამოვიკიდებ. განსხვავებულად შევიმეცნებ ირგვლივ ყველაფერს.

მწვერვალზე ავალთ და იქიდან მტრედებს გადმოვყრით, რომ ხელახლა ვასწავლოთ ფრენა. მათგან, ბევრი დედამიწას დაენარცხება, რამდენიმე კი გაიხსენებს უძველეს ჩვევას. ჩვენც იგივე რამ მოგვინდება. სურვილი შეგვიპყრობს, სიცარიელის გაუსაძლისი სურვილი.

ჩვენ ხელთ იქნება მთელი არსენალი.

არდადეგები აღარ იარსებებს.

კურდღლებივით, გულისცემა აგვიჩქარდება, როცა შიში დაგვეუფლება. ვირბენთ წერწეტა ღეროებში და მჭრელ ფოლადზე. გვეგონება, რომ ვიღაც მოგვდევს და ეს ძალიან გაგვახარებს.

თითის გაშვერით, შემეძლება ამორჩევა მჭკნარი ყვავილის, წაქცეულ ბოთლის, ბინძურ ბრეზენტის და პლუშის დათვის დაკარგულ თვალის: დეკორაციის ყველა შტრიხი შენ მოგეძღვნება. ჩვენ ვიცხოვრებთ მეფეებივით. ჩვენს სინამდვილეს მე საჩუქრის ქაღალდში გავხვევ.

ვერ გავიგებ, როგორ მოვრჩე ამქვეყნად ყოფნას. შენი თვალები, ძველებურად, შავი კრემის გულმომყირჭავ სარკეებად იციმციმებენ, შენი თმები – მარადიულ ჩალის ღერებად. დროდადრო, მე ხელს ჩაგკიდებ და იმ ლურჯ მხარეს შემოგატარებ, სადაც ერთხანს ჩვენ გვიცხოვრია. კისერზე ხელებს მოგხვევ ძლიერად. შენ გაწითლდები, გათეთრდები და გალურჯდები. ახალ ღმერთებს დაინახავ. მე შენს სახესთან ავტირდები მოულოდნელად. სექსი აღარ მომინდება, აღარც სიკვდილი, არც არაფერი. დამაბრუნებ კვლავაც ქოხმახში.

ერთმანეთს ამბებს მოვუყვებით, რომ წარსულმა ძველ ქალაქში გადაგვისროლოს. თითქმის ვერაფერს გავიხსენებთ, მაგრამ ძალიან ვიამაყებთ ამ ხელახლა აწყობილი მოგონებებით.

მარადისობის სრული სევდა დაგვეუფლება და გარდაუვალ გაქრობის შიში. მოწამლულ მიწას მიპყრობილ თვალებს წამდაუწუმ შიში აგვივსებს.

მე დალპობის შემეშინდება.

ჩვენ, ამ ახალ ქვეყანაში, სამუდამოდ ვიბედნიერებთ. ავივსებით ოქროთი, ვერცხლით, ბრინჯაოთი და საკმევლებით. ვივლით აკუწულ ყვავილებში, ძვირფას ფარჩაზე. ზეიმს გავმართავთ დღისით და ღამით, ცეცხლს არ ჩავაქრობთ. საკურთხევლები გადაივსება შეწირულ ძღვენით. ლოცვად აღვავლენთ უსასრულო წრიულ სიმღერებს. გზა სინათლით მოიკირწყლება და მუსიკით გადიკვეთება.

ჩვენ გავხდებით თანასწორნი, ბოლოს და ბოლოს.

სხვების აღარ შემეშინდება, არც მათი თმების, არც სიცილის, არც ურჩობების. მარათონშიც ძალებს მოვიკრებ, ზღაპრულის, ახლის, მაგიურის მოსაპოვებლად. საფრთხე აღარ დამემუქრება. ვიქნები შენი ერთადერთი და შეუცვლელი.

ქარი დაარწევს ჩვენს კიდურებს ახალი კლდის მაღალ მწვერვალზე. ჩვენ განუწყვეტლივ ვიქორწინებთ ჩამონგრეულ საკურთხეველზე, მარადიული სახეებით სინთეზურ ქარში და ისე ზანტი ამოსუნთქვით, როგორც დრო გადის. გაქვავებული წამის ტყვიაში ჩავილბობთ ხელ-ფეხს.

მე კვლავ ვიპოვი ჩემში სიშმაგეს, რათა მიყვარდე. მიყვარდე ნეკნში, ყურის უკან და თითებს შორის.

შენ ძალისხმევას არ დაიშურებ ჩემი გულის გასაწყალებლად. მე ვიტირებ და დაგიმალავ ცრემლთა ნახევარს.

ძალას მოვიკრებ, რომ გაგიღიმო გაღვიძებისას და უმძაფრესი სიხარულით მიგიღო ქვეყნად. ძალას მოვიკრებ, რომ სევდიანად, ცალი თვალით არ შევხედო ჩვენს არსებობას. ძალას მოვიკრებ, რომ აგწიო, წამოგაყენო, გაბანაო. არც საკუთარ თავს დავივიწყებ. ტყეში მარტო გავისეირნებ.

მარადიულად საკუთარი თავი ვიქნები, და თუ ძალა გამომეცალა, საკუთარ ღვიძლს ჩავკბეჩ ცოტათი, რომ შენ იმედი გაპოვნინო, მეც მივიღო ცოტა საწვავი და სვლა განვაგრძოთ.

აღარ გვექნება ქვეყანა, სადაც დავბრუნდებოდით. კატასტროფას ავიგებთ სახლად.

წამოვწვებით დამშრალ წყაროში.

მე ბრეზენტისგან შევიკერავ პატარძლის კაბას.

შენ ფერუმარილს მაცხებ ნახშირის.

ახლობლების ყველა სურათს მიწაში ჩავფლავთ, რომ მათი ნახვის სურვილიც კი აღარ გაგვიჩნდეს. ტელეფონსაც გავთიშავთ, მცირე იმედიც კი რომ არ შემოგვრჩეს.

თუმცა დროდადრო მოგვესმება ზარი შორიდან, ზოგჯერ – ახლოდან. ეს ელექტრული ნაშთი იქნება.

ნადიმზე, ცხელ-ცხელ კენჭებს შევჭამთ და ჰაერის სქელ ნექტარს დავლევთ. დაუსრულებელ ბანკეტს გავმართავთ მოწამლული ქარის მიერ ამობურცულ უგრძეს სუფრებზე.

ჯიბეში თითო ტყვია გვედება, ქამარში – ვაზნა, კბილებში კი – ციანიდის თითო კაფსულა. ეს იქნება არანამდვილი, დანიშნულებადაკარგული საგნების გროვა. ვითამაშებთ „გამძლეობანას“ – ვინ უფრო სწრაფად გადაირბენს ქალაქის ქუჩებს და გისოსებზე მუხლს ვინ უფრო გადაიტყავებს. სულ ვითამაშებთ, ურთიერთობის სხვა ფორმა არ გვეცოდინება. თავში მუსიკა ჩაგვერთვება უმაღლეს ხმაზე. ცა იქნება მუდამ გახსნილი და თავზე ნელა დაგვეღვრება იისფერ სუფრად. ყელში გულებგაჩრილები, ყველა ბორცვს და გორაკს ავივლით. პულსაციას გავიზომავთ ყოველდღიურად, ხელი-ხელზე გადადებულნი. შენი გული გააგრძელებს ჩემს ფეხქვეშ ფეთქვას. გვეცოდინება, რომ შეიძლება, ყოველ წამს გავქრეთ და რომ არ გვინდა, რომ ასე მოხდეს.

ირგვლივ ყოველი დაფარული იქნება დენთით. გაღვიძებისას, სიზმრად ნანახი კოშმარები შეგვეფეთება. ცემას დავუწყებთ ჩვენ ერთმანეთს. დენთი იალებს. მე მეგონება, რომ ღრუბლიდან მომცინარს გხედავ.

ვადაგასული იქნება ყველა საგანი და ყველა კონსერვი. მოძრაობა შეწყდება ირგვლივ.

ხელოვნება არ მოგვინდება. ვეღარაფერი დააბრუნებს მას ჩვენს ქალაქში.

გვექნება მხოლოდ რეფლექსები ყვირილ-სირბილის, ბრენდების და სიმბოლოების. გვექნება მხოლოდ რეფლექსები სისწრაფის, ლოცვის და სხეულის დაძაბუნების.

ჩურჩულით, ამბებს მოვუყვებით ჩვენს რჩეულ მკვდრებს მათი ფერფლის ჭურჭლის სიღრმეში. ფერფლი იქნება ირგვლივ ყველგან: მათგან, ნაწილი საგნები იყო, ნაწილი – ადამიანები. ნებისმიერ დროს ვიჩქმეტთ სხეულზე, ძილის წინ თუ გაღვიძებისას.

ფრაზებ-ფრაზებად, ტანზე დაგაწერ ჩვენს ვერცხლისწყლიან დღეთა ქრონიკებს.

ამ სიახლეში, დამჭირდება მთელი შენი ძალმომრეობა.

ჩვენ არ გვექნება შემართება პირველყოფილი, პირველ ქალაქთა პირველ მკვიდრების.

ჩვენ არ გვექნება არც სიგიჟე უკანასკნელი, ბოლო ქალაქთა ბოლო მკვიდრების.

ჩვენ გვინახავს წინათ გვამები, კალაშნიკოვის ასხლეტილი ჯერი ტალღებზე, ტყავაცლილი ცხოველები, კედლებზე მუნი... მაგრამ ახლა ვერაფერს ვიცნობთ. უწინდელი სახეები არაფერში გამოგვადგება. ვერაფერს ვიცნობთ ამ ქვეყანაში. ვერაფერს ვიტყვით.

 

> > >

და თუ, ერთ დღესაც, დადგა ჟამი და ვეღარ შევძელი ქვეყნის ავსება შუქით, შარბათით, შაქრით, თაფლით და სიხალისით...



ავტორი: პოლინ პიკო (Auteure: Pauline Picot)
ილუსტრატორი: ფრანსუა მალენგრე (Illustré par Francois Malingrey)
გამომცემლობა „ლეზ-ეკლერი“, მარსელი, საფრანგეთი, აპრილი 2017
Editions Les Eclairs, Marseille, France, Avril 2017 
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა