დამაწყნარებელი პერანგები | პოლინ პიკო
0. წინასწარი ინსტრუქცია
– საკუთარ სადილს თავად მოიტანთ. მოგიწევთ, მარტომ ჭამა ისწავლოთ, თუმცა სხვებთან ჭამაც უნდა იცოდეთ. სხვებთან ლაპარაკიც. არც ისე ხმამაღლა. არც ისე სწრაფად. სხვების ბედით უნდა დაინტერესდეთ, თავი მოაჩვენოთ, რომ გაინტერესებთ. სხვების სახელები უნდა გახსოვდეთ, მაშინაც კი, როცა თქვენსას ვერ გაიხსენებენ. კრინტსაც არ დაძრავთ, პირში წყალს ჩაიგუბებთ. ზემდგომთა მზერას აიტანთ? მოიხსენიებთ, როგორც კომპეტენტურებს. თვალდაუხამხამებლად დაუკრავთ მათ ტაშს. თუ რამის მოტანას გთხოვენ, წახვალთ და მოიტანთ. თუ თავში წამოგიტყაპუნებენ, გაიღიმებთ. თუ სხვაგან მოგიტყაპუნებენ, გახსოვდეთ, რომ ის ხელები თქვენზე მნიშვნელოვან საბუთებზე აწერენ ხელს. თუ რამის კეთება იცით, უნდა დაივიწყოთ. თუ თავი ჭკვიანი ქალი გგონიათ, ესეც დაივიწყეთ. მალე აღარ გემახსოვრებათ. მაგრამ შეგეძლებათ ჭამა. გექნებათ საჭმელი და ეს ჭამა ღირს იმად, რომ დაივიწყოთ, ვინ იყავით. დაივიწყებთ კიდეც.
1. ამ სასიამოვნო ლოდინში
– ამ დილით, ლიფტში, საყელო ჯერ კიდევ სველი მქონდა წვიმისგან. შესასვლელშივე გამიშრა, ცენტრალურ გათბობას რთავენ და ეს ჟილეტ-ჰალსტუხიც სხვა გზას არ ტოვებს. მაგიდაზე, როგორც იტყვიან, პროფილების გროვა დამხვდა, ერთმანეთში არეული, მომლოდინე სახეების გროვა. ყველას მონდომება ეტყობოდა, იმდენად სჭირდებათ სამსახური. თუმცა მათ სურათებზე ზოგჯერ ჩანს, რომ ლოდინში დიდი ხანი გავიდა და რომ ფორმალურადღა ელოდებიან. ჩავჯექი ჩემს დიდ ტყავის სავარძელში, რომელიც 360°-ით ბრუნავს, დავტრიალდი 360°-ით. გადავფურცლე ცერით, ძალიან სწრაფად. თითქოს ყველგან ერთი სახე ჩანდა, მოღრეცილი და უშნო, იმედით სავსე. ერთზე შევჩერდი, პროფილის წაუკითხავად. მხოლოდ სახის გამომეტყველებით მივიღე გადაწყვეტილება. მე შენ აგირჩიე, მირიამ.
2. ესკიზი მიამიტ ქალებზე
– ამ ვარსკვლავს ხედავთ, მირიამ? თქვენს ვარსკვლავს: მიამიტი ქალების ვარსკვლავს. თქვენნაირი ქალების, გულუბრყვილოების, ცას რომ შეჰყურებენ და თან ძალიან ღრმად ჩაისუნთქავენ ხოლმე. შიშვლები რომ ბანაობენ, არანაირი პასუხისმგებლობა რომ არ აკისრიათ. თქვენ გაგიმართლათ. მშურს თქვენი. ისეთი ცივი, ისეთი ბოროტი მგონია თავი. თქვენ კი პრიმიტიული ადამიანის სითბოს ატარებთ. იმ ადამიანისა, ტყუილებს რომ ვერ მოუყვები. გულწრფელის. და თქვენი დუმილი, მირიამ. თქვენი დუმილი გულს მიჩუყებს. მინდა, მჯეროდეს, რომ მის უკან არაფერი იმალება. საკუთარ თავს ვუცქერი თქვენს უბრალო თვალებში და თქვენი სიცარიელე მავსებს.
3. დილის ეჭვი
– დღეს მართლა ნეხვი მგონია თავი, მირიამ. და რაც უფრო მოგმართავთ, მით უფრო ვნეხვდები. და რაც უფრო ვნეხვდები, მით უფრო ველი თქვენგან ნუგეშს. და რაც უფრო მჭირდება ეს ნუგეში, მით უფრო ვემსგავსები ტიპს, რომელიც გეზიზღებათ. და რაც უფრო წარმოვიდგენ თავს ტიპად, რომელიც გეზიზღებათ, მით უფრო გეზიზღებით. და რაც უფრო გეზიზღებით, მით უფრო მინდება, მივიღო თქვენგან მოწონება. და რაც უფრო მინდება ეს, მით უფრო უიმედოდ ვდეგრადირდები თქვენს თვალში. და რაც უფრო ვცდილობ, ავმაღლდე თქვენს თვალში, მით უფრო აშკარა ხდება ჩემი ეს მცდელობა და მით უფრო ვპატარავდები, იმ ნეხვზე უსასრულოდ ბევრად ვპატარავდები, თავიდან რომ მეგონა თავი. ეს არის ყოველგვარი კონტროლიდან გასული მექანიზმი, რომელიც თავად შევქმენი და ახლა თავს ვეღარ ვაღწევ.
4. უძრავი მირიამები
– თქვენ შეუღწევადი ხართ, მირიამ. გლუვი ზედაპირით. ძალიან ჭკვიანი და ძალიან სულელი: ამ ძეგლებს ჰგავხართ. არ გგონიათ? ნურაფერს იტყვით. მირჩევნია, დავიტოვო თქვენი იდუმალება. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ბევრი გაქვთ სათქმელი? მართლა, მირიამ? ის, რაც თქვენ გჭირდებათ, უმეცრებაა. თქვენ ვერ შეძლებდით ამ სამყაროში ნამდვილად შემოღწევას. კარგია, რომ განზე რჩებით. არც კი ვიცი, აცნობიერებთ თუ არა, როგორ გაგიმართლათ, რომ განზე დგახართ. იცით, მე გიცავთ ყოველგვარი ცოდნისგან. თქვენ ამას ვერ გაუძლებდით.
5. შიდა კონკურსი
– ყვავილები თქვენს მაგიდაზე მე არ დამიწყვია. არ ვიცი, ვინ იყო. მოვახსნევინებ. არ ვიცოდი, მაგიდა თუ გქონდათ. უნდა გეთქვათ ჩემთვის, ვარდებით გადაგივსებდით. ე.ი. ჩვენთან მუშაობთ, მირიამ.
6. დიდი პროექტი თქვენთვის
– ადრე, თქვენ გეძინათ, სანამ სხეული გაგაღვიძებდათ. ჩემი არაფერი გემართათ. საკუთარი თავის არაფერი გემართათ. მე თქვენ შეგძენთ საკუთარი თავის, საკუთარი ღირებულების ცნობიერებას. დაბრკოლებების გადალახვის ჟინს, დამაშვრალ წუხილს. აღგიძრავთ სხვებთან გატოლების, შეფასების, შედარების სურვილს. ყოველივესთვის გადავლის სურვილს. მე მოგცემთ ამ ნიჭს, ჩემს სიშმაგეს. ბოროტი გახდებით – შემოაღწევთ ამ სამყაროში – უკვე აქ ხართ. ჩემს ვალად გექნებათ ცოდნა და განსაკუთრებით ეს სუნთქვა, რომელიც წესიერად აღარ მოქმედებს, ასვლისას იკვრება, ჩამოსვლისას ცახცახებს - ნამდვილი სიყოჩაღის უტყუარი ნიშანი. მე ვიქნები ზომა 44 თქვენს მკერდზე, თქვენს ძილში.
7. ჩვენი კონტრაქტი
– არ უნდა შეიმჩნიო, რომ საქმის კეთება არ ვიცი. რომ საქმის კეთება აღარ ვიცი. რომ არასდროს მცოდნია. მართლა იდიოტი რომ იყო, გაპატიებდი, მაგრამ ვიცი, რომ უბადრუკი გგონივარ, ვიცი, რომ იცი, რომ უბადრუკი ვარ. აღარ შემიძლია ეს ღიმილი. ჩემს ციფრებში ეჭვი შეგაქვს? ჩემს დიაგრამებში ეჭვი შეგაქვს? შენ ხომ ამის არაფერი გაგეგება, კითხვა არ იცი, არაფერი იცი. მოვილაპარაკეთ, რომ ასე ვიზამდით, რომ მე განვმარტავდი დიაგრამებს და შენ გაიღიმებდი. გააგრძელე გაღიმება. აჰა, გაიღიმე საბოლოოდ. და აღარ შემომხედო. ყურადღება დიაგრამებზე გაამახვილე და გაიღიმე, გევედრები. გაიღიმე, მირიამ.
8. დიდი პროექტი თქვენთვის (2)
– თქვენ გაქვთ ეს ნაპერწკალი, ეს მუხტი, რომელიც დაგივლის და თვალებში გროვდება. ყოფის ეს შეშლილი იმედი – უკეთესი არაფერი – მაგრამ მაინც სხვებისგან განსხვავებული, თქვენი თვალის სიღრმეში არსებული ამ ციცქნა რაღაცის წყალობით. ფართოდ გაახილეთ, რომ დავინახო. აჰა. გტკივათ? გეწვით? კიდევ უფრო ფართოდ გაახილეთ. მიყურეთ, როცა გელაპარაკებით. ახლა მომისმინეთ – ამ რაღაცას მე მომცემთ.
არ შეშინდეთ. არ დაახამხამოთ. კარგად მოვუვლი. ავიღებ და ჩავისვამ. გავამრავლებ, გავაპრიალებ, გავაბრწყინებ. მენდეთ.
ახლა შეგიძლიათ, დახუჭოთ. აჰა, მორჩა. რა კარგია ნორმალურ ქალად ყოფნა. აღარაფერი გაწუხებთ. მე ვიზრუნებ ამაზე. სახე ცარიელი გაქვთ, მაგრამ შეხედეთ ჩემს ხელებს: სავსეს, თქვენი ცეცხლით სავსეს.
9. ფეხზე დგომა
– ყველა ეს ადგილი, სადაც მარტო უნდა ვიყო! ვიცი, რომ ამ ადგილებში, მარტო ყოფნას მთხოვენ, რომ ვინაიდან ზრდასრული ვარ, აღარ მაქვს უფლება, დახმარება ვითხოვო. მაგრამ როგორ ახერხებენ ამ ადგილებში მარტო ფეხზე დგომას?
10. ხელახალი დაცემის ეს წნეხი
– მაპატიეთ, თუ არ გესმით, მირიამ. სხვანაირად ვერ დაგელაპარაკებით, მხოლოდ ეს სიტყვები მაქვს. ნუთუ არ გრძნობთ ამ სიტყვებს, როგორც ძალიან ძვირფასი ყვავილების სუნს თქვენს გარეუბნულ ბინაში? არაფერს გრძნობთ? გეფიცებით, სხვა სიტყვები არ მაქვს; სხვა სიტყვები დამავიწყდა. ყველაფერი გავაკეთე, რომ დამვიწყებოდა; სპეციალურ სკოლაში შევედი, სპეციალური კურსი გავიარე, რომ დამვიწყებოდა. ახლა, ეს სიტყვებიღა მაქვს, თქვენ რომ ასე გაფრთხობთ, რადგან არასდროს გინახავთ, არასდროს გაგიგონიათ ისინი. და ყოველ ჯერზე, როცა ამ სიტყვებიდან ერთ-ერთს გეუბნებით, მრჩება შეგრძნება, თითქოს ათტომიან ენციკლოპედიას გადებდეთ თავზე. თვალს გაყოლებთ მწყობრი ნაბიჯით მიმავალს. არ ვიცი, როგორ გელაპარაკოთ. მართლა ვისურვებდი თქვენს დონეზე ყოფნას. მაგრამ ეს უკვე მე მაფრთხობს. მეშინია, ისევ არ დავეცე თქვენს დონემდე.
11. იმპერატორის ჩაცმულობის სიმყიფე
– მირიამ, არ გაქვთ იმის თქმის უფლება, რომ შიშველი ვარ. აქ ჩვენ გვაკისრია, რასაც ჰქვია, თმენის ვალდებულება. წლებია, ყველა მიქებს ამ საუცხოო სამოსს, რომლის შემჩნევა მხოლოდ გამორჩეულ არსებებს შეუძლიათ. თქვენ კი, მესმის, რომ ვერაფერს ამჩნევთ. ნამდვილად ბრმა უნდა იყო! მაგრამ ნუ იტყვით, რომ შიშველი ვარ, სახალხოდ მაინც. არ მინდა ამის გაგონება, მით უმეტეს, ახლა. სხვებს მიბაძეთ, თორემ ვერ გაგიგებთ, ვიტირებ და ჩავიცვამ. ნუთუ შევცდი სიჭკვიანესთან დაკავშირებით..? ფრთხილად, ჩემს მოსასხამზე აბიჯებთ.
12. უფროსთან ცეკვა
– შუბლზე გაწერიათ, მირიამ, მაგ დაბალ შუბლზე: „ურჩი“. რამდენჯერაც გვერდით ჩაგივლით, თვალებიდან წირპლები მოგდით. კისერწაგრძელებული, მხრებშეზნექილი, მუდამ მზად ხართ შეტევაზე გადასასვლელად. შემიტიეთ, მირიამ! ვიცი, რომ უკან დახევას არ აპირებთ, თქვენს დოსიეში ამოვიკითხე. ვიცი, რომ ასეთი ხართ. ვიცი ასეთი გოგოები. და სამუშაო დღის ბოლოს? არ გინდათ, გამომეტყველება შეიცვალოთ და ცოტა გაერთოთ? და არ ფიქრობთ, რომ თქვენს თანამშრომელსაც - და ამ შემთხვევაში შეფს – უნდა გართობა? თქვენ მასზე არ ფიქრობთ, მირიამ. თქვენ ჩემზე არ ფიქრობთ. არ გგონიათ, რომ მეც ვიმსახურებ ცოტა გამხნევებას? და თქვენც, მირიამ – არ გგონიათ, რომ თქვენც იმსახურებთ ამას?
ვიცი, რომ ზემდგომი არ გიყვართ. არც ღამით, მირიამ? ღამითაც არ გიყვართ ზემდგომი?
13. სინდისის ქენჯნა
– მირიამ, დროდადრო ვფიქრობ, როგორ იღლებით და თქვენთვის ბოდიშის მოხდა მინდება.
14. კაცთმოყვარეობის წინაღობა
– თქვენ ჩემთან ერთად ვერ იცხოვრებდით. მუდამ შიშში იქნებოდით, რომ კარში ვერ გააღწევდით. ცხადია, მე გვერდით გედგებოდით, მაგრამ კარში გაღწევის გამოცდა მარტომ უნდა ჩააბაროთ: გაარკვიოთ, რამდენად გიყვართ საკუთარი თავი / რამდენად იქნებოდით მზად, გეცრუათ / საკუთარი თავი მოგეტყუებინათ იმისთვის, რომ სხვებს უყვარდეთ. მაშინვე შიშისგან ტანში გაგცრიდათ.
15. მოტაცება
– თექვსმეტი წლისა რომ გამეცანი, გასრესილი მარწყვის ტუჩებითა და ხიფათის მაძიებელი თვალებით. იმ დროს რომ გამეცანი, როცა სულ სიმართლეს ამბობდი. როცა ყველასგან განსხვავებულად იღიმოდი. ან სულაც არ იღიმოდი. კარგი იქნებოდა, მაშინ შეგხვედროდი, არაჩვეულებრივი იქნებოდა, მირიამ, ეს ცარცის ქაღალდის ღიმილი რომ შეგეკავებინა. Nothing else matters-ს ვუსმენ, აბა, წავიდა. მოსმენილი გაქვს? იმ დროს მახსენებს, როცა სულის დარაბები ფართოდ მქონდა გახსნილი. კარგი იქნებოდა, იმ ასაკში გაგეცანი, მირიამ. სწორედ იმ დროს ჩაგეჭიდა ჩემთვის ხელი. სანამ ბ-ნი უნდილი გავხდებოდი, ძალიან მომეწონებოდა ეს: თავს რომ დამტყდომოდი მთელი შენი გოგოური სითავხედით, გრძელი ფეხებით, მრავალაზროვანი ღიმილითა და ქვედატანის ფოჩების რხევით, შორ ოცნებებში რომ გადამტყორცნიდა. არა, არა, ასე არ ვარგა... არ ვარგა. Nothing else matters, რა მემართება? სეირნობა არ ვარგა ბ-ნი უნდილისთვის. იცის, ამ დროს რა სისულელეებსაც უყვებიან.
სად იყავი, მირიამ, Nothing else matters-ის დროს, როცა გრძელ, ცხიმიან თმებში ჩამალული თვალები შიშისგან მქონდა ჩაღამებული?
როცა მზად ვიყავი, საფეთქლებზე თმა ნერწყვით ამეპრიალებინა და სულგაღეღილი დაგლოდებოდი შენი გარეუბნული ბინის ჭუჭყიანი სარკმლის ქვეშ? მომატყუეს და მეც ავყვირდი ჩემს ბალიშში. რომ გენახე, მირიამ, ლუკმად არ გეყოფოდი.
16. მთავარი შიში
– ვიცი, რომ ზღვარი დავაწესეთ: არა უმეტეს 40-ისა დღეში. დილის 8 საათია და უკვე მივიღე ჩემი 40. მაგრამ გთხოვთ, ერთხელაც. მირიამ, მინდა, რომ თქვათ. კიდევ – ერთ – ხელ. ვიცი, რომ ეს არ შედის ჩვენს დებულებებში, ასე არ მოგვილაპარაკებია, ასე არ შევთანხმებულვართ. მაგრამ ერთხელაც, რა მოხდება?! მე თუ ეს მჭირდება – მუხლზე დაჩოქილს ხომ არ უნდა მახვეწნინოთ?! არის ასეთი არაერთი დილაც, როცა უძლური ვარ, სიტყვა-სიტყვით უძლური, გადავკვეთო დღე, როგორც მამაკაცმა. ამ დილით ვეძებ ყველაზე ახლო გასასვლელს, რომ ლაჩრულად მოვიღო ბოლო. მითხარით, მირიამ, რომ ყველაფერი კარგადაა. რომ მნიშვნელოვანი ვარ. მნიშვნელოვანი ვარ თქვენს თვალში, ხალხის, ქვეყნის თვალში. რომ აქ რაღაცას ვემსახურები. რომ ყველაფერი კარგად იქნება. რომ ტკივილს არ მომაყენებთ. რომ დღეს არავინ მატკენს გულს, არ შემაფურთხებს, არ წამართმევს, რაც გამაჩნია. ნუ მაიძულებთ, ამ დილით, გასასვლელის ძებნას.
17. ერთი დამაწყნარებელი პერანგი მაინც
– მირიამ, შემხსენით ეს ზონარი და სული მომათქმევინეთ.
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
გამოქვეყნდა ჟურნალში „თეატრი“ (n°4, ზამთარი 2019)
Des camisoles, Pauline Picot, Quartett Éditions 2015. Traduit en géorgien par B. Chabradzé
ფოტო: Sabrina Grasso