გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მიკუთვნება | ანა აიანოგლუ

ანა აიანოგლუ (Anna Ayanoglou) დაიბადა 1985 წელს, ბერძენი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში. სწავლის დასრულების შემდეგ, ანა საცხოვრებლად გაემგზავრა ლიეტუვასა და ესტონეთში. ის ამ გამოცდილებაზე მოგვითხრობს თავის პირველ კრებულში Le fil des traversées ("გადაკვეთების ძაფი", გალიმარი, 2019), რომლისთვისაც მან მიიღო აპოლინერისა და საფრანგეთის მწერალთა საზოგადოების (SGDL) პრემიები დებიუტის ნომინაციებში. მისი მეორე კრებული Sensations du combat ("ბრძოლის შეგრძნებები", გალიმარი) გამოიცა 2022 წლის მაისში.

ანას ასევე მიჰყავს რადიოგადაცემა "და, პოეზია?" (Et la poésie, alors ?), რომელშიც იგი მსმენელს აცნობს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიას დედნებსა და ფრანგულ თარგმანებში. რადიოგადაცემის 2023 წლის მარტის ეპიზოდი მიეძღვნა თანამედროვე ქართულ პოეზიას, კერძოდ, ნატო ინგოროყვას, მაია სარიშვილის, ლია სტურუას, თეა თოფურიასა და ლელა ცუცქირიძის ლექსებს. 

ბაჩანა ჩაბრაძის მიერ თარგმნილი აქ მოყვანილი ლექსები შედის ანა აიანოგლუს მესამე კრებულში Appartenir ("მიკუთვნება", ლე კასტორ ასტრალი), რომელიც 2024 წლის 7 მარტს გამოდის საფრანგეთში: ავტორი მასში თანმიმდევრულად გვიზიარებს ემიგრანტების შვილების ცხოვრებისეულ გამოცდილებებს: მშობლების ენის, მათი ქვეყნის ადათებისა თუ სინამდვილის (არ)გადაცემას, ორმაგი კულტურის თანამდევ პიროვნულ სიმდიდრესა და შინაგან ჭიდილს. კრებული ასევე არის ძვირფასი, შეცნობილი და დაკარგული მამობრივი სახის პოვნის მცდელობა.
...


პორტრეტები

დედის ოჯახი: მოკლე, მბზინავი შავი ჭიებით
— მუდამ მოძრავით — სავსე ჭურჭელი
სულ ერთი ხვრელი სასაუბროდ, მოსასაქმებლად
ერთნაირი დაბინძურება

მამის ოჯახი: გატეხილი სარკე, ნამსხვრევი
ნამსხვრევს სერავს კიდეები ზედაპირზე უფრო დიდია
შეკოწიწებას ცდილობ, თითს იჭრი
სისხლი. არა და არ მთელდება.


მეორე თაობა

ნამდვილ ახალჩამოსულებზე
ვცეცხლდებით — ნეტა ამის ფასი რა დავაშავეთ,
რომ ამდენი რამე არ ვიცით?

გამოცდილება რომელიც არ გვაქვს
— გულგამგმირავი სიცარიელე

ვცდილობთ შევივსოთ

ხეტიალით მოქცევებს შორის
— წარმოსახვით, მოგონებებით — ფრაგმენტებად რომ გველექება
როგორც ასლი გამოცდილების

გზად ვეხლებით
მქირდველებს და აღტყინებულებს
— უმეცარ ძმებს
უკან არ ვიხევთ, ვიჩენთ ზედმეტ
თავდადებას, გულმოდგინებას 

ჩვენი ტანჯვისგან და სირცხვილისგან
იბადება ჩვენი ტყუილი და საერთო ნიაღვარში ჩაედინება

და გვარყევს ჩვენი სიცარიელე
ჩვენივე ლეგიტიმურობით შეუვსებელი.

 

მეტისმეტად ბევრის გაგება

ძლივს — ცოტას, მაგრამ არა მართლა —
ვშიფრავ — ჩემი ვარიაციები
გამუდმებულ შეკითხვაზე:
ბერძნულად ლაპარაკობ?
— მამაჩემი არ გველაპარაკებოდა —
მე და ჩემმა ძმამ საწყისი ცოდნა
გარე საშუალებებით მივიღეთ
— მეტად აღარ ჩავღრმავებივართ —
ოცი წლის ასაკში - კვლავ ეს სურვილი
მუშტი მაგიდაზე: იქ საცხოვრებლად წასვლა
ერთი წლით, რათა დავეწიოთ — რას დავეწიოთ?
მე ეს არ გავაკეთე — და დღეს, ვიცი
— ბერძნულის მართლა სწავლა,
მართლა კარგად გაგება,
ეს იქნებოდა მამაჩემთან კიდევ უფრო
დაახლოება, მისი კაშხლის
— მისი ტანჯვის, მოგონებების
გაუსაძლისი ნაკადების — განადგურება
არათუ დროგამოშვებითი გადმოდენები
— მასში შეცურვა — მამის ენის
მართლა სწავლა — ეს იქნებოდა
მეტისმეტად ბევრის გაგება.

 

სიმპტომები დღისით

კი მაგრამ მაინც რა გაქვს ზუსტად?
ბურცი მაქვს — არა: უფრო კვანძი
ურღვევი, კრისტალიზებული შავი ალმასი
ჩემს გულმკერდზე გადმონერგილი

სუნთქვა ყოველთვის შეწყვეტილი — არასწორია
(ჩემს ყოფაში სულაც არ მგვრის შვებას სიზუსტე
— ის ქედმაღლური და ამაოა
ჰგავს ეშაფოტზე ასვლისწინა კოპწიაობას)

— სუნთქვა რომელიც ვერ ახერხებს
ბოლოში გასვლას —
საკმარისად ვერ მაწვდის ჟანგბადს
ჟანგბადს კვანძის მისაყუჩებლად

ზიზღი ნისლად ჩამოწოლილი
— არათუ გულისრევის შეგრძნება — თითქოს
სუნი და სული ერთურთს ერწყმის
— და სულს სწორედ — სულს დღისით ვმარხავ
საოჯახო საქმეებში, უწყვეტ ჟესტებში

და ღამით იგი კვლავ ბრუნდება. 

 

სიმპტომები ღამით

რაც არ უნდა შევახვიო, გადავუჭირო
მაინც ღვარად მოედინება
— ერთ ხვრელს ვხურავ
სული მაშინვე ხვრეტს სამ სხვა ხვრელს
— კიდევ უფრო მეტი წნევით მოჩქეფს და მოჩქეფს

ეზოში გასვლა შუაღამით — უღრუბლო ზეცა
უთვალავი ვარსკვლავი — ცოტა
რა? ნუგეში სისულელეა — დავიწყება
— მხოლოდ ღამეში მომწყვდეული
მზერის მომენტში — სულის მოთქმა.

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა