გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პოლ ვერლენი მუსიე პრიუდომ

მუსიე პრიუდომ | პოლ ვერლენი


მუსიე პრიუდომ

ჭკუადამჯდარი, მერია და ოჯახის მამა.
მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.
უტყვი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს
და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.

მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც მთვარე ართობს,
არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა,
ან მობიბინე მდელოს რა აქვს საერთო მასთან?!
მუსიე პრიუდომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:

სურს, ქალიშვილი მიათხოვოს კაცს ნამუსიანს -
მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოსს, ვიღაც მუსიეს.
რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია -

ამ უქნარა და დაუვარცხნელ ხეპრეთა ურდოს
უფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს!
და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.

პოლ ვერლენი, 1863

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ


ეს არის პირველი ლექსი, რომელიც „პოეტების პრინცმა“ პრესაში გამოაქვეყნა. 19 წლის ვერლენი ამ დროს პარიზის ერთ-ერთ მერიაში ადმინისტრაციულ ასისტენტად მუშაობდა. იგი არ გამოირჩეოდა სიბეჯითითა და პუნქტუალობით და ამის გამო პრობლემები ჰქონდა მერთან, „მუსიე პრიუდომთან“. ეს სატირაც სავარაუდოდ ამ კონფრონტაციის ნიადაგზე დაიწერა. სატირული ჟანრი ძალიან იშვიათია ვერლენთან. მის მიერ პირველივე ნაწარმოების ამ ჟანრში გადაწყვეტა მაფიქრებინებს, რომ პოეტი მერმა ძალიან გაანაწყენა. თუმცა „მუსიე პრიუდომის“ თემა ვერლენამდეც გვხვდება, თეატრში, და წარმოადგენს მატერიალური საზრუნავით დაკავებული ბურჟუის კარიკატურას.

მთარგმნელი

ეტიენ კარჟას ფოტო: ანრი მონიე - ფრანგი მსახიობი, დრამატურგი და კარიკატურისტი - „მუსიე პრიუდომის“ როლში. პარიზი 1875, ორსეს მუზეუმი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა