გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბესიკ ხარანაული

ხალხი მინდა, დავინახო, ხალხი, ადამიანები | ბესიკ ხარანაული


კალმის ერთი აღებით

მეჯავრება, რაღაც რომ მოგაფიქრდება და მერე იმას კარგავ, ან ლიტერატურულად ცდილობ, გადააკეთო. ის პირვანდელი შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ შესწორების დროს გემო იკარგება, ამიტომ ბევრი ჩხიკინი არ უხდება ლექსს. ყველაზე კარგი, იდეალური არის, კალმის ერთ აღებაზე რასაც დაწერ. მე, ფაქტობრივად, ეგრე  ვწერ. ალბათ, მერე რომ ვკითხულობ, რომელიმე სიტყვას ვასწორებ კიდეც, მაგრამ უმეტესად მაინც ეგრე ვწერ. საერთოდ, მგონია, რომ ლიტერატურა პოეტზე ძალმომრეობს.

ვაჟა-ფშაველა კიდევ როგორია? – მას თავისუფლად შეეძლო ,,ებიანი“ მრავლობითით დაეწერა, მაგრამ არ ქნა, სულ ,,ნარიანით“ დაწერა. იცი რატომ? – იმიტომ, რომ თავისი კუთხის ენა იყო მასში ცოცხალი და ვერ და არ ღალატობდა. ამაშია ენის საიდუმლო. ვაჟამ ეს არ დათმო და დაწერა მშვენიერი, მშვენიერი და მშვენიერი. 25 წლისას უკვე იმდენი გენიალური რამ ჰქონდა დაწერილი...

ვაჟა სულ მარტო იყო საწყალი და თანაც, რა მოკლე დღეებია იქ, მზეც ზურგიდან ამოდის და წარმოიდგინე, როდის თენდებოდა. ძალიან დაიტანჯა და იმიტომაც მოკვდა 54 წლისა.

ხოდა, არა თმობდა, ვაჟა არ თმობდა ერთ სიტყვასაც კი. საერთოდ, ვაჟასთანა დიდი მწერალი იშვიათია. და სუყველანი ეგეთები გვყავს, სულ ყველა. თუნდაც ბარათაშვილი, რომელიც დღესაც მიუღწეველია. ბარათაშვილის აღმოჩენებია მიუღწეველი. ერეკლეს ჩამომავალი იყო, ძალიან დიდი კულტურის მქონე ხალხის, „კალმასობის“ ავტორის ჩამომავალი. მათი, რომელთაც  დიდი განათლება ჰქონდათ. ბარათაშვილი მაინც სულ მარტო იყო, სულ მარტო და უბედური...


პოეტის სათქმელი

1978 წლის 14 აპრილის ამბავი რომ  მოხდა, მე მაშინ ჟურნალ ,,მნათობში“ ვმუშაობდი, რომლის შენობა რუსთაველზე იყო. ვიფიქრე, ჩავალ, მეც შევუერთდები ახალგაზრდების მოძრაობას-მეთქი. წამოვიდა და წამოვიდა უნივერსიტეტიდან ზღვა ხალხი, სასტიკად განიცდიდა ყველა. ვხედავ, მოდიან ახალგაზრდები და ბოლომდე მაინც ვერ გავყევი. იცით რატომ? – მივხვდი, რომ  ეს ახალგაზრდები იყვნენ ამ პროტესტის პატრონები და მე მხოლოდ ჭირისუფალი ვიქნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მე მეტად მეკუთვნოდა, რადგან მე ვწერდი...

ახლა კი, მარტის მოვლენები რომ იყო, მე ფიზიკურად ვერ წავიდოდი. რაც შემეძლო, ის იყო, რომ ყოველდღიური ლექსით, შეძახილით ვმდგარიყავი ხალხის გვერდით. ერთადერთი სიხარული მქონდა, 7 მარტის დილა მშვიდობით რომ გათენდა.

ასეთ დროს რომ ვერ დავწერო, გავგიჟდები...  აი, მაგალითად, ვაჟას ლექსი რომაა, „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“ – ეს მისი არც სამოქალაქო პოზიცია იყო და არც არაფერი მსგავსი, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა გახლდათ.


ხალხი მინდა დავინახო, ხალხი, ადამიანები

ხალხი ძალიან გაგვაფუჭეს. ადამიანები თუ არ არიან,  აბა, რა არის, რას აქვს მნიშვნელობა?! – რაც გინდა, გვირგვინი იყოს, ჩავარდება ტალახში. ყველაზე მეტად მაინც საბჭოთა კავშირმა გაგვაფუჭა. გაგვაფუჭა – ნიშნავს, რომ ხალხს სახე დააკარგვინა, აბა, ახლა კომუნისტი შენ ისე გაგაჩერებდა? თიანეთში დაიწყო პირველი აჯანყება, კახეთის აჯანყება სწორედ თიანეთში დაიწყო, ეკლესიის ეზოში, რომელიც მერე დაანგრიეს. რაც კარგი იყო თიანეთში, ყველაფერი დაანგრიეს. თან როგორ, იცი? – გეგონება, იცოდნენ, რომ ეს ეშმაკის საქმეა. დღემდე ჩვენი გაპარტახება უნდათ, ცარიელი მიწა უნდათ მხოლოდ.

ქუჩაში რომ მივდივარ, ხალხს რომ ვუყურებ, კეთილი დამოკიდებულება მაქვს, სიკეთეს ვუგზავნი. ბოლო დროს რაც დავწერე, შემაძრწუნა და ამიტომ დავწერე. განვიცდი, რომ ტიალდება მიწა, იტაცებენ, მუჭა-მუჭა გააქვთ, ჭამენ მიწას, რა... ტყეს ჭამენ და თან ვინ? – ნაფოტის ფასი რომ აქვთ, ისინი... ჰოდა, ეს მამწარებს. სიგლახეს ყველაზე მეტად განვიცდი.

ცოტახნის წინ სადღაც ვიყავი. დაწესებულება იყო, რომელსაც წინ ბაღი ჰქონდა. ვხედავ ამ ხალხს, გადის და გამოდის არხეინად. ,,არხეინი კაციაო“, – გამეგონა ბავშვობაში. არხეინობა არასდროსაა მოსაწონი. ისიც კი არ ვიცი, რა ფორმაა ეს საერთოდ, მე არასდროს არხეინი არა ვყოფილვარ. უდარდელობაც კარიკატურულია, მაგრამ რაღაც ხასიათი მაინც აქვს, აი, არხეინი სრული გაუგებრობაა და არც არის ქართული სიტყვა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა