გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
შუშანიკის წამება აბო თბილელის წამება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ჰაგიოგრაფია სკოლა სწავლა ოქტაი ქაზუმოვი

როგორ წავიკითხოთ ჰაგიოგრაფია დღეს | ოქტაი ქაზუმოვი

ფილოლოგი, მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი ახალ საგანმანათლებლო რეალობაში ცდილობს ადეკვატური ადგილი მოუძებნოს ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს ისე, რომ ამ ლიტერატურას ისტორიული კონტექსტიც შეუნარჩუნოს და მისი თანამედროვე მისია გამოკვეთოს ტექნოლოგიებით გაჯერებულ და გლობალიზებულ, სოციალურად სეგრეგირებულ და ათასგვარი კრიზისით სავსე თუ, უბრალოდ, სწრაფად ცვალებად აწმყოში. ის ცდილობს, უპასუხოს კითხვებს, რაც ბევრ მშობელს, მასწავლებელს და, კიდევ უფრო მეტად, მოსწავლეს აქვს საუკუნეების წინ დაწერილი ტექსტების მიმართ. 

ინდიგოს რედაქციისგან

...

ალბათ ყველა თანხმდება, რომ ჰაგიოგრაფიას მისი შექმნის პერიოდისთვის იმაზე უფრო განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა (იდეოლოგიურ/ტენდენციური - თ. დოიაშვილი, ლ. ბრეგაძე - „ვკითხულობთ კლასიკას“), ვიდრე დღეს აქვს. იგი შექმნიდან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ინტენსიურად იკითხებოდა და მასობრივი ხასიათის მქონე უალტერნატივო საკითხავიც იყო. შუა საუკუნეებშივე საერო ლიტერატურის გაჩენასთან ერთად კი, ვერ ვიტყვით, რომ მისი მკითხველების რაოდენობას უნდა ეკლო, მაგრამ ზემოთხესენებული ალტერნატივა რომ გამოუჩნდა, ეს ცხადია და, სავარაუდოდ, სატრფიალო-სარაინდო რომანებს უფრო მეტად მიეტანებოდა მაშინდელი მკითხველიც.

მეთექვსმეტე საუკუნეში ტიმოთე გაბაშვილის ცნობილი ჩივილი „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ (როცა იგი ერის გარყვნაში სდებს მას ბრალს, რადგან მამაკაცებმა და ქალებმა მისი გმირების მიხედვით დაიწყეს მორთვა-კაზმვა და ქცევაო, ე.ი. იდეალად სახავენო), ხოლო მოგვიანებით ანტონ კათალიკოსის წუხილი რუსთაველის „ამაოდ დაშრომაზე“ კარგად წარმოაჩენს სინამდვილეს: სასულიერო მწერლობის ამ დარგს მასობრივი მკითხველი შეუცოტავდა და მათი გმირების მიმბაძველთა (საღვთო შურის ამღებთა) რაოდენობამაც იკლო, შემოისაზღვრა.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰაგიოგრაფიის შესწავლა პირდაპირ ევროპული მეცნიერული მეთოდებით დაიწყეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაწარმოებით დაინტერესდნენ, პირველ ყოვლისა, როგორც საკვლევი მასალით: თავისი დაწერის თარიღებით, ავტორთა ვინაობის გარკვევით, ენობრივი მახასიათებლებით, გადმოცემული ისტორიული ამბებით, ხელნაწერთა ურთიერთშედარებით, მხატვრული აზროვნებითა და ა.შ.  

ბოლშევიკურ ეპოქაში კი ჰაგიოგრაფიის შესწავლა-სწავლებისას, უარი თქვეს მისი რელიგიური მხარის სიცხოველეზე და წინ წამოსწიეს ეროვნული მედროშეობის მისია - ჰაგიოგრაფია, არა როგორც რელიგიური ტექსტი, არამედ წარსულზე მეტყველი ძეგლი, ეროვნული თვითშეგნების წარმომსახავი, ერის ჩამომყალიბებელი და რაც მთავარია, მომხვდურ ძალასთან იდეოლოგიურ-ფიზიკური ბრძოლის ამსახავი.

როგორც ვხედავთ, თითოეული ეპოქა ჰაგიოგრაფიიდანაც თავისთვის ნიშნეულსა და ღირებულს წამოწევს ხოლმე წინ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ნაწარმოებიდან.

ჩვენს თანამედროვეობაში კი დროდადრო ხელახალი ძალით ჩნდება ხოლმე კითხვები მისი, ანუ ჰაგიოგრაფიის სწავლების რელევანტურობასთან დაკავშირებით. რაში შეიძლება გამომადგეს ჰაგიოგრაფია? რატომ უნდა ვისწავლო, რატომ უნდა ვიწვალო და ა.შ.

ეს კითხვები მეტად საყურადღებოა იმით (თუკი ჩვეულებრივი სიზარმაცის გამამართლებელი წუწუნი არ არის), რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თანამედროვე სამყაროში ჰაგიოგრაფისთვის დანიშნულებისა და ადგილის გამოძებნა დაუსახავს მიზნად. სკოლის მოსწავლეებს სრული უფლება აქვთ ასეთი შეკითხვების დასმისა, ხოლო მასწავლებელ-სპეციალისტის ვალია, ყოველ ჯერზე მათთან ერთად დაფიქრდეს და არგუმენტირებული პასუხები შეაგებოს და არა - გატკეპნილი, მეტაფიზიკური, რელიგიურ-დოგმატური ან პატრიოტულ-დოგმატური ნაყალბევი („მართლმადიდებელი ხარ და ხამს“, „ქრისტიანი ხარ და ხამს“, „ქართველი ხარ და ხამს“).

არადა, ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებელი მოსწავლის კრიტიკული კითხვების წინაშე უძლური აღმოჩნდება და მადლიერებით აღვსების მაგიერ, ასეც პასუხობს, რაც ზევით აღვწერეთ: უჯავრდება, რჯულისა და ქვეყნისადმი უსიყვარულობას აბრალებს. მასწავლებელსა თუ სპეციალისტს ყველა კითხვაზე პასუხი ცხადია, ვერ ექნება, მაგრამ უმრავლესობაზე რომ უნდა ჰქონდეს, - ეს სადავო არ უნდა იყოს.

ჩემი გადმოსახედიდან, ჰაგიოგრაფიული ტექსტები ძალიან შეუმზადებლად და იზოლირებულად ისწავლება. შეუმზადებლობაში ვგულისხმობ იმას, რომ მოსწავლეს უეცრად უწევს ისეთ ტექსტთან ურთიერთობა, რომელიც მისგან ლამის მეცნიერულ საქმიანობას მოითხოვს - მან ჯერ  უნდა იკითხოს, გაშიფროს და გაიგოს ის, თუ რა წერია ტექსტში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს სახეებისა და ხასიათების განვითარების საკვანძო მომენტებზე. ხოლო იზოლირებულობაში ქრისტიანული მწერლობის ანტიკური სამყაროსგან მოწყვეტილად წარმოდგენა იგულისხმება, ასევე მოსწავლეს არ განემარტება ჰაგიოგრაფიის გენეზისი, მიზნები და ა.შ.  შედეგად, ჰაგიოგრაფიის გმირები ერთგვარ ახირებულ, ზოგჯერ თავიანთი პრინციპულობის გამო გამაღიზიანებელ სახეებადაც წარმოუდგებათ (შემთხევითი არ არის, რომ  მოსწავლეებში „მოიქნია ასტამი“ და „თვალნი დაუბუშტნა“ თანალმობის მაგიერ არაიშვიათად მხიარულებას იწვევს). ისევე, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ფიზიკურად ძლიერი, მდიდარი, ლამაზი, განათლებული, მამაცი გმირების ტირილისა არ ესმით. არ ესმით რადგან „ვეფხისტყაოსნის“ შემთხვევაშიც არავინ უხსნის აღმოსავლურ-მუსლიმური ლიტერატურის ესთეტიკურ პრინციპებს, რომელთაგანაც ძალიანაა დავალებული რუსთაველი.

გადავხედოთ ანტიკური ხანისა და ჰაგიოგრაფიის მიმართებას.

ეკლესიის გამორჩეული სასულიერო მოღვაწე - მოაზროვნე მამა გიორგი ფლოროვსკი წერილში „ქრისტიანობა და ცივილიზაცია“ ქრისტიანობისა და ელინისტური ცივილიზაციის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით აღნიშნავდა: “... ახალი კულტურა (იგულისხმება ქრისტიანული კულტურა - ო.ქ.) წარმოადგენდა იმ დროში არსებულ ყველა იმ შემოქმედებითი ტრადიციისა თუ მოძრაობის გრანდიოზულ სინთეზს, რომლებიც შეერთვნენ ერთმანეთს”.  

ქვემოთ უთითებდა, რომ: „ცივილიზაცია სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა ელინიზმს, მთელი თავისი წარმართული მემკვიდრეობით, სააზროვნო უნარ-ჩვევებითა თუ ესთეტიკური იდეალებით“. ხოლო თუ არსებობდა კონფლიქტი ელინიზმსა და ქრისტიანობას შორის, ფლოროვსკის აზრით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ “ელინიზმი არ იყო მზად საიმისოდ, რომ იოტისოდენადაც კი დაეთმო ეკლესიისათვის, და ეს შეეხებოდა ნებისმიერ სფეროს”. სამაგიეროდ, ქრისტიანული კულტურა: „ეს იყო „ახალი ელინიზმი“, რადიკალურად ქრისტიანიზებული, ასე ვთქვათ, „გაეკლესიურებული“.

მოხმობილი ციტატებიდან სამი ორიენტირი  უნდა გამოვყოთ: 1) ქრისტიანული კულტურა იმ დროში არსებულ ყველა შემოქმედებითი ტრადიციისა და მოძრაობის გრანდიოზულ სინთეზს წარმოადგენდა 2) ელინისტურსა და ქრისტიანულ აზროვნებას შორის დაპირისპირება არსებობდა 3) ელინისტური ქრისტიანული ხდებოდა (ეს უკანასკნელი წარმოგვიდგება როგორც შედეგი წინა ორისა).

ეს სამი ორიენტირი კი ერთ საზრისს გადმოსცემს: ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებამ, იკონოგრაფიამ, ჰიმნოგრაფიამ,  ჰაგიოგრაფიამ  და ა.შ. არათუ ბევრი რამ იმემკვიდრა ანტიკურიდან, არამედ თვით იქაც  გაითვალისწინა იგი, სადაც დაუპირისპირდა მას.  თვით ქრისტიანობის საყოველთაოდ ცნობილი კრედო: „ღმერთი სიყვარულია“ ძველი ბერძნულის „სიყვარული ღმერთია“-ს შებრუნებული ვარიანტია (უ. გათრი „ბერძნული ფილოსოფია“).

ამ შებრუნებებს ეხმაურება ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში ესთეტიკის მკვლევარ რევაზ სირაძის წიგნის - „სახისმეტყველება“ - ერთი მცირე თავი სათაურით „ჯანსაღი სული ჯანსაღ სხეულში“. მოგვყავს ციტატა:

„ძველ საბერძნეთში ამ სიტყვებში შემდეგ აზრსაც სდებდნენ: ჯანსაღი სული მხოლოდ ჯანსაღ სხეულში შეიძლება იყოსო. შეუძლებელიაო, რომ გონჯ ადამიანს ლამაზი სული ჰქონდესო... ქრისტიანულმა ხელოვნებამ მეორე უკიდურესობა აირჩია. ადამიანი მხოლოდ სულიერად გააიდეალა და ხორციელი ბუნება კი მთლიანად უგულებელყო. ამიტომაც ფრესკებზე გამოსახული პიროვნებანი ხორციელებისაგან დაცლილნი არიან“.

ახლა შევეცადოთ და ეს თეზა კიდევ უფრო გავშალოთ.

ანტიკური გონი ლამაზს ესწრაფვის, მისი ასახვის მთავარი ობიექტები უზადო და უნაკლო პროპორციებით გამოირჩევიან მითებში, მხატვრულ ლიტერატურაში, ქანდაკებაში, მხატვრობაში, ხოლო თუკი სადმე გვხვდება „ულაზათო“ სხეულის მქონე ადამიანი, იგი არათუ არ არის მთავარი გმირი, არამედ მას  ვერაფრით ექნება ნათელი აზრებიც, ამაღლებულ სულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. „ვინ ისურვებს შენს დახატვას, როცა არავის სურს შენი შეხედვა - ამბობს ერთი ეპიგრამისტი“ (ლესინგი, „ლაოკოონი“). ანტიკურ მხატვრულ ლიტერატურაში ტრაგედიები, ეპოსები სწორედ  გამორჩეულ პირთა თავგადასავლებს აღწერს და გადმოსცემს, რომლებიც ფიზიკურად სჯაბნიან უკეთურებს - ამარცხებენ ბოროტებს, კლავენ გველეშაპებს, ლომებს, ჰიდრებს  და  ამაში ვლინდება მათი სიქველე. გმირების ასეთი უჩვეულო ფიზიკური ძალა მათი ღმერთებთან წილნაყარობითაა განპირობებული - ზოგს დედა ჰყავს ქალღმერთი, ზოგს კი მამა - ღმერთი.

ჰაგიოგრაფიაში ყოველივე ეს „შებრუნებული პერსპექტივითაა“ მოცემული. ადრეული ჰაგიოგრაფიის გმირის ფიზიკური სილამაზე განგებაა მიჩქმალული ან ძუნწად არის გადმოცემული აქა-იქ. სამაგიეროდ, მთავარი ხაზი უჭირავს მის სულიერ ამაღლებულობასა და აღმატებულობას.

თუკი ანტიკურობის გმირი ჩვილობაშივე ავლენს ფიზიკური ძალით განსხვავებულობის ნიშან-თვისებებს, ჰაგიოგრაფიის გმირი ბავშვობიდანვე თავისი ღვთისმოშიშებით გამოირჩევა. თუკი ანტიკური სამყაროს გმირი მარადიულ დიდებას საგმირო საქმეების იდეალად დასახვით, მის ამ გზაზე სიკვდილით მოპოვებას ესწრაფვის, ჰაგიოგრაფიის მოწამე გმირისთვის სანატრელი სულიერი ძალების მობილიზაციით მოწამეობრივი აღსასრულია, რითაც ქრისტეს ებაძება.

ჰაგიოგრაფიის გმირის „რაინდობა“ ეშმაკთან შერკინებაში ვლინდება, რომელიც გარდა ფიზიკური ზმანებებისა, ადამიანური ვნებების, იგივე ინსტიქტების მის წინააღმდეგვე აღძვრით, აზვირთებით იბრძვის, ამ ომში ადამიანის საჭურველი კი ანტიკურის მშვილდ-ისრებისაგან, შუბებისაგან, ფარისაგან და მახვილისაგან განსხვავებით ლოცვა, მარხვა, ასკეზა, თმენა და მოწამეობისაკენ სწრაფვაა (გრ. ფარულავა).  ანტიკური ნახევრადღმერთი გმირის საპირწონედ, ჰაგიოგრაფიის გმირი ღმერთშემოსილობას იძენს.  ანტიკური გმირის სიკვდილი ტრაგედია თუა, ჰაგიოგრაფიისა სულიერი ზეიმია.  ანტიკური სამყაროს გმირი ბედს ვერსად გაქცევით ვერ ასცდება (გამონაკლის შემთხვევებში არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევენ, მაგალითად, როგორც აქილევსს, ოღონდ, გაკეთებული არჩევანი საბოლოოა და კორექტირებას აღარ ექვემდებარება), ჰაგიოგრაფიის გმირისთვის კი ბედი, როგორც ასეთი, არ არსებობს, არამედ არის ნება ღვთისა, რომელში ყოფნაც  მუდამ პიროვნული არჩევანის შედეგია და ა.შ.  

აქ შეიძლება  ეჭვნარევი კითხვა გაჩნდეს -  ქრისტიან წმინდანებს ანტიკურ გმირებთან ხომ არ ვათანაბრებთ? ამისი ყველაზე კარგი პასუხი თვით ჰაგიოგრაფიაშივეა მოცემული - მისი მტკიცებით, იგი მხოლოდ ნამდვილად არსებულ პიროვნებებზე, ნამდვილად მომხდარ ამბებზე იწერება. ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი თავმოსაწონარი ის იყო, რომ მოვლენები მისი უშუალო შემსწრეების მიერ, ანდა მოწმეებისგან მონაყოლის საფუძველზე იწერებოდა, გამონაგონი არ იყო ე.ი.

რას გვაძლევს  ყოველივე ეს ჰაგიოგრაფიის სწავლებისას?

პირველ ყოვლისა, იმას, რომ „მსგავსი მსგავსითვე შეიცნობა“. მოსწავლეები ამით ანტიკური ხანის ხელოვნებითა და ჰაგიოგრაფიაში საინტერესო კანონზომიერების აღმოჩენით ინტერესდებიან. ჰაგიოგრაფიის ანტიკურ სამყაროსთან შედარებისას ხალისით აკეთებენ საინტერესო დასკვნებს და წერისას სათქმელად უფრო მეტი ეძლევათ.

სკოლებში, სადაც უფროსკლასელებთან შესახვედრად მივუწვევივარ, ყოველთვის ანტიკური ხანიდან ვიწყებ ხოლმე. უნდა ითქვას, რომ  შეხვედრისას რამდენიმე ისეთი მოსწავლეც ყოფილა, ანტიკური ნაწარმოებების ცოდნაში რომ არ ჩამომრჩენიან და მსჯელობაშიც რომ მომყოლიან. მათ მარტო ბიძგის მიცემა ესაჭიროებოდათ, ამდენად, ჩემს ნამსჯელში მათთვის ერთადერთი სიახლე ანტიკურობისა და ჰაგიოგრაფიის დაკავშირებაღა იყო მხოლოდ.  

მასწავლებლის მიზანი მოსწავლის ტექსტით დაინტერესება და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების აგების, გმირის სახის ძერწვის, იმ დროის სააზროვნო და კულტურული პრინციპების ახსნა უნდა იყოს და არა პათეტიკური რელიგიური ქადაგება, რომელიც სულაც არ შედის მის კომპეტენციაში.

უნდა ახსოვდეს, რომ იგი მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების პროვოცირებისათვის, კითხვების დამსმელი მოქალაქის აღზრდისათვის არის მივლენილი და არა მომავალი მოწამეების გამოზრდისთვის. მასწავლებლისთვის თუნდაც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოქალაქეობა“ მეტად უხვ მასალას იძლევა იდეებისთვის მებრძოლ, თანამოაზრეთა შემომკრებ, სოლიდარულობაზე დაფუძნებულ, აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ თემებზე საბჭოდ, რაც ასეთი საშური გახლავთ ჩვენი დღევანდელობისთვის.

ექვთიმე ათონელი ბერძნულიდან 150-მდე სასულიერო წიგნის თარგმნით გახდა წმინდანი, გრიგოლ ხანძთელი კი შორეული ადგილების რელიგიურ-კულტურულად გამოცოცხლებით (მშენებლობებით, ვენახების გაშენებით). შესაბამისად, რჩეულობა შრომა-გარჯილობით რომ მტკიცდება, ჰაგიოგრაფია ამასაც ჩაგვაგონებს.

ახლა გადავიდეთ ჰაგიოგრაფიის სწავლების კიდევ ერთ დელიკატურ საკითხზე - როგორ ვუხსნით მას ქართულენოვანი სკოლების ეთნიკურ აზერბაიჯანელ, ქისტ, იეზიდ, ებრაელ და მსოფლმხედველობრივი მრწამსით ათეისტ და ა.შ. მოსწავლეებს?

ეს საკითხი ყველაზე მეტად მტკივნეული და ამავე დროს, ზოგადად, ქვეყნის პრაქტიკაში მოქალაქის, როგორც ასეთის, აღქმის პრობლემურობაზე მეტყველი მომენტია. კერძოდ, საქმე გვაქვს მოსწავლეთა სეგრეგაციასთან ეთნიკური, რელიგიური  და მსოფლმხედველობრივი ნიშნით. აქ მხოლოდ უაღრესად ტაქტიან, ამავე დროს  რელიგიების ისტორიაში და კულტურაში ჩახედულ, ჰაგიოგრაფიის მთელი სიგრძე-სიგანით, თავისი ისტორიული ფონითა და თანამედროვების გათვალისწინებით გამააზრებელ მასწავლებელს შეუძლია გავიდეს ფონს.

მას სულმუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ჰაგიოგრაფია იდეოლოგიზირებული და ამასთანავე, პოლემიკური ხასიათის ჟანრიცაა, ხოლო პოლემიკა ყოველთვის ტენდენციურობითაა დაღდასმული, რადგან მისი მიზანი ჭეშმარიტების გამოვლენა კი არა, ოპონენტზე უპირატესობის მოპოვების მცდელობაა.

თუკი პედაგოგი ამ ტენდენციურობას დაჰყვება მაშინვე გამოვა მასწავლებლის როლიდან, გახდება მხარე და თავისივე მოსწავლეების მრწამსს, კულტურას, თუნდაც ირიბად,  განქიქებას დაუწყებს. ეს კი პირდაპირი დისკრიმინაცია იქნება რელიგიური, ეთნიკური, კულტურული თუ მსოფლმხედველობრივი ნიშნით. ამით მასწავლებელი მოსწავლეს მეორეხარისხოვნობის იარლიყს მიაკერებს და გამოსავლად ნება-უნებლიედ პროზელიტიზმს, ინდოქტრინიზაციას ე.ი. ქრისტიანობაზე (მართლმადიდებლური ნიშნით) მოქცევას შეაჩეჩებს.

მაგრამ აქ პრობლემა მარტო ეთნიკურ და რელიგიურ/მსოფლმხედველობრივ მრავალფეროვნებაში არაა. თვით ისეთ სკოლებშიც კი, სადაც მხოლოდ ეთნიკური ქართველი, ხოლო მრწამსით მართლმადიდებელი  ბავშვები სწავლობენ,  ამ პრინციპების დარღვევა, თავისგან განსხვავებულისთვის ზემოდან ყურების, თანამოქალაქეებთან კიდევ უფრო გაუცხოების საფანელს ქმნის.  ამით იმის თქმა მსურს, რომ ჰაგიოგრაფიის ტენდენციური სწავლებისგან მხოლოდ იმ სკოლებსა და კლასებში კი არ უნდა ავარიდოთ თავი, სადაც  რელიგიური, ეთნიკური, კულტურული, მსოფლმხედველობრივი ნიშნით განსხვავებული ბავშვები სწავლობენ, არამედ იქაც კი, სადაც ასეთი მოსწავლეები არ გვყვანან, რადგან ჩვენ, პირველ ყოვლისა, მოქალაქეებს ვზრდით, რომლებიც სკოლის დასრულების შემდეგ ერთმანეთს საჯარო სივრცეებსა და დაწესებულებებში გადაეყრებიან, შესაბამისად, მათ საერთო ენის გამონახვა უნდა შეეძლოთ. ამისათვის კი  საჭიროა, რომ მომავალი თანამოქალაქეები პატარაობიდანვე გამაერთიანებელ პრინციპებზე  აღიზარდონ და არა გამთიშავზე.

მოსწავლეებთან „აბოს წამების“ გავლის დროს კარგი იქნება, თუ ტექსტის ისლამისადმი დამაკნინებელი მონაკვეთები სკოლის (და არა უნივერსიტეტის!!!) სასწავლო სახელმძღვანელოდან ამოღებული იყოს, ხოლო აბოს პიროვნებაზე მსჯელობა მთლიანად იქნეს გადატანილი პიროვნებისა და თემის, პიროვნებისა და მისი არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობაზე. აქვე კარგი იქნება, თუ ვახსენებთ, რომ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით აფროამერიკელისთვის სწორედ ისლამი გახდა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლის მთავარი დროშა. ამაზე მსჯელობა მუსლიმ მოსწავლეებში გარიყულობის შეგრძნებასა და აბოსადმი შესაძლო ნეგატიურ განწყობას გაანეიტრალებდა. ქართული ლიტერატურიდან ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ფერისცვალებაც მეტად კარგი საპარალელო მასალაა  „აბოს წამებასთან“. თუ აბო ქართველებისადმი ემპათიისა და ქრისტიანობისადმი სიმპათიის გამო იცვლის რჯულს, ალუდა  ყველა რჯულში ჭეშმარიტების საერთოობის აღიარებით თითოეულ ამ უკანასკნელზე მაღლდება. სწორედ ჭეშმარიტების საერთოობა და საერთოობის ჭეშმარიტება გახდება ალუდას რელიგიაც, მრწამსიც, მსოფლმხედველობაც და ა.შ.

ბოლოსკენ დავძენ, რომ ეს წერილი ერთ გვერდში რამდენიმე პუნქტად ასე შეძლებოდა ჩატეულიყო:

  • ჰაგიოგრაფიას ბევრი რამ აქვს შეთვისებული ანტიკური სამყაროდან. შესაბამისად, ლიტერატურის სახელმძღვანელოში ამაზე მცირე ექსკურსი, ან მასწავლებლის ზოგადი მიმოხილვა მოსწავლეებში პარალელების გავლებისა და მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენის სურვილს აღძრავდა, რაც უკვე კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ჰაგიოგრაფიით მათი დაინტერესებისთვის.
  • არ უნდა გვეწყინოს, თუკი მოსწავლე წმინდანებსა და ტექსტებს „გაუშინაურდება“, არ მოეწონება, ზოგან იცინებს და დასვამს შეკითხვებს, რომელთა დასმაც „არ შეიძლება“.  
  • ვიფრთხილოთ, რათა გაკვეთილი რელიგიურ ქადაგებაში არ გადაგვივიდეს. პირიქით, ეს შესაძლებლობა რელიგიების ისტორიის თხრობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან ვთხოვოთ მოსწავლეებს, რათა ანტიკური ღმერთების პანთეონზე, ქრისტიანობაზე, მაზდეანობაზე („შუშანიკის წამებას“), ისლამზე („აბოს წამება“) ინფორმაცია მოაგროვონ.
  • ჰაგიოგრაფიის მთავარი გმირები, როგორც თემის აქტიური წევრები, კრიტიკულად მოაზროვნენი, ხელისუფალის უშიშრად მამხილებელნი, სუსტთა დამცველნი.
  • ჰაგიოგრაფია და უცხოელობა. ქართული ჰაგიოგრაფიის პირველი ძეგლების მთავარი გმირები ეთნიკური ქართველები არ არიან. რას ნიშნავს ეს ჩვენი დღევანდელობისთვის?
  • სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ეთნიკურად, რელიგიურად და მსოფლმხედველობრივად არა-დომინანტი ჯგუფების წარმომადგენელ მოსწავლეებთან ჰაგიოგრაფიის სწავლებისას და თავი ავარიდოთ ხსენებული მიმართულებებით დისკრიმინაციას.

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“ N2, 2024

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა