გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ანგელოზთა საკითხავი ოქტაი ქაზუმოვი

დემონური თამაშები „ანგელოზთა საკითხავში“ | ოქტაი ქაზუმოვი

„ანგელოზთა საკითხავი“ გაბრიელ ტანიეს (იოსებ გაჩავა) ბესტსელერად აღიარებული მეორე რომანია, რომელიც ასევე ბესტსელერ „ქანაანის შვილებს“ მოჰყვება და წინ უძღვის მესამე, ახლადგამოცემულ მცირე რომანს სათაურით - „ჩემო ელ-შადაი, ჩემო ადონაი“.  იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბესტსელერად აღიარებული წიგნების მიმართ განწყობები არაერთგვაროვანია - ზოგს მოსწონს, რადგან ადვილად და საინტერესოდ იკითხება, ხოლო ზოგს არა, რადგან მათში თუნდაც „მასობრიობა“ არ ხიბლავს, მაინც არსებობს ისეთი თანხვედრები, როცა წიგნი თავისი ღირსებების გამო იქცევა ასეთად და, ამ შემთხვევაში, ბესტსელერობა ნაკლად ვერ ჩამოერთმევა.

„ანგელოზთა საკითხავში“ ასეთ თანხვედრათაგან ერთერთად შეიძლება მივიჩნიოთ მასში მოთხრობილი ამბავი  და კიდევ ის, რომ მიუხედავად ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და მსჯელობის უქონლობისა, თუნდაც ისეთის, როგორსაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ - სამეგობრო, სალიტერატურო და ლიტმცოდნეობით წრეებში, იგი მაინც მოთხოვნადია - თითქოს აკრძალული წიგნივით ჩუმად იკითხებოდეს და ვრცელდებოდესო.

ზოგადად, საზოგადოების მამხილებელი წიგნების მიმართ ორგვარი განწყობა შეიძლება გამოვლინდეს - ან მკაცრად დამგმობი, ან უკიდურესად გულგრილი, დასავიწყებლად გამამეტებელი. „ანგელოზთა საკითხავისადმი“ ქართულმა საზოგადოებრივმა აზრმა მეორე გზა, მეორე დამოკიდებულება ირჩია - კითხვა-გაცნობის, მაგრამ დუმილისა. რატომ? ალბათ, ან საკუთარი თავის დაკავშირება არ სურს იქ მიმდინარე მოვლენებთან, ანდაც ძალა არ აქვს ავტორისეული პათოსის ღია მხარდაჭერისა, პროტესტისა. გარდა ამისა, რომანზე მომსჯელეთაგან ერთი რამეა მეტად საყურადღებო - მათ მთელი აქცენტი გადააქვთ მხოლოდ ეკლესიისა და სასამართლოს, ეკლესიისა და ხელისუფლების ოინბაზობაზე და არავითარ შემთხვევაში არ ლაპარაკობენ ეთნიკურ უმცირესობათა წუხილის აღიარებაზე, მასში ჩაღრმავებაზე. ამ საკითხს რამდენიმეშრიანი ტაბუ ადევს. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და აქ ისტორიულად მხოლოდ ქართველი თუ დაჩაგრულა, ქართველს ბუნებითად არ ძალუძს არავის ჩაგვრა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლების მოქმედება? - გზა ოთხივ მხარეს ხსნილი აქვს, უფლებები მოითხოვონ სხვაგან და ა.შ. არადა, ავტორი სწორედ ამ ტაბუების მსხვრევას ესწრაფვის - მიუთითებს რა მათ გენეზისზე. თუმცა მისი ხმა თვით ყველაზე კრიტიკულ, გამბედავ მკითხველთა შორისაც კი იკარგება, იკარგება სწორედ მთავარისთვის გვერდის აქცევის გამოისობით. 

მოგეხსენებათ, საბჭოთა ხანაში ლიტერატურა ან მხოლოდ პროპაგანდისტული იყო ან მხოლოდ მასთან დაპირისპირებული და ამის გამო დევნილი. ოღონდ დევნილი ლიტერატურაც ვერ იწვევდა და დღესაც ვერ იწვევს რევოლუციურ აღტკინებას (ვერც ევოლუციურსაც სამწუხაროდ), ცვლილებებისადმი ინსპირაციას და ეს მხოლოდ მის უსუსურობას არ უნდა დავაბრალოთ, არამედ ჩვენ პირად ფარისევლობას, წიგნისეულ სინამდვილეთა რეალურ ცხოვრებაში აღსრულებას რომ არ ვესწრაფვით. სამწუხაროა, რომ პოსტსაბჭოთა სინამდვილეში ვერცერთ ქართულ მხატვრულ თხზულებას პოლიტიკურ-სოციალური ძვრებისთვის რომ არ/ვერ მიუცია ბიძგი. რისხვა თუ გაოცება გამოუწვევია, მაგრამ არა მოძრაობა, - გამომდინარე სხვადასხვა მიზეზთაგან, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

„ანგელოზთა საკითხავი“ ისეთი რომანია, რომელიც თითქოს სულ იყო და მხოლოდ ახლა მიეცა წიგნის ფორმა თუ სახე.

ამ „დეჟავუს“ განცდას აჩენს არა მხოლოდ ის პრობლემები, რომელთაც რომანი ეხება და რომელთა მოწმენი ჩვენ ყოველდღიურად ვხდებით, არამედ ტექსტის აგების მოდელის ინსპირირებულობა რიუნოსკე აკუტაგავასგან („უსიერ ტყეში“), მიხეილ ბულგაკოვისგან („ოსტატი და მარგარიტა“), მიხეილ ლერმონტოვისაგან („აშუღი ყერიბი“). ხუდიას სახე სულაც მიხეილ ჯავახიშვილის „მართალი აბდულაჰ“-ისაგანაც რომ არის ნასაზრდოები კარგად ჩანს ერთ-ერთი თავის სახელწოდებაში „ბორჩალოელი თათარი“ (თავად სახელი საქართველოს ისტორიული გმირის - ხუდია ბორჩალოელის გადმოძახილია). ეს მხოლოდ ფორმა-აგებულების თვალსაზრისით მსგავსებაზე, ხოლო რაც შეეხება შინაარსს ავტორი გაბედულად უბეჯითებს მკითხველს, რომ საბჭოეთისაგან ჩაგრული ერი და ბერი, ახლა თავად როგორ იქცევა მჩაგვრელად, მოუწოდებს ამის აღიარებისკენ. ყოველივე ამის ლაკმუსის ქაღალდი კი, სწორედაც რომ კონკრეტულად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ნასაზრდოები უარყოფითი განწყობებია. მწერალი აჩვენებს თუ როგორ შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა, უცებ როგორ შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი უფრო მეტ გარიყულობასა და ხმის ქონის, აზრის გამოთქმის უუფლებობაში, როგორ შეიძლება სტიგმატიზირდნენ, მარგინალიზდნენ მათი გამომსარჩლელნიც ეთნიკურად დომინანტი ჯგუფიდან და საკუთარ თავზე იწვნიონ „ჰკა მაგას“-ის მთელი სისასტიკე.

რომანის  მკითხველს ორი დიდი ელდა ელის, მაგრამ ამ ორ ელდაზე არანაკლებია ის ტკივილი, რომელიც „ანგელოზთა საკითხავს“ ლაიტმოტივად გასდევს და ადამიანს წამითაც არ შორდება. ეს ტკივილი არ არის მხოლოდ მთავარ პერსონაჟთა მიმართ ემპათია ან მათი გულშემატკივრობა, ეს არც მხოლოდ უსამართლობის ქვეშ მგმინავი საქართველოს თანალმობით მოგვრილი კუთვაა, ეს არც მარტოოდენ ავტორის სულიერ ხვაშიადთადმი აღძრული თანაგრძნობაა, არამედ ყველა ამ ერთად აღებულზე და კიდევ რაღაც უფრო დიდზე, კიდევ რაღაც უფრო მეტზე მეტყველი...

რომანს შესავლად უძღვის აფხაზეთის მკვიდრის, მამით აფხაზისა და დედით ბერძენი ქალის - ევანთია არქენტოპულოს შესახებ მცირე თხრობა, რომელსაც რომანისეული ამბის სქელ უბის წიგნაკში გადატანა განუზრახავს. ამბავი კი მისი დეიდაშვილის, მარნეულელი ხუდია ჯაფაროღლუს პირად ტრაგედიას - ახლადშერთული მეუღლის - არზუს ტრაგიკულ გარდაცვალებას, მათი ჩაიხანის კედელზე „წმინდა მარიამის სასწაულებრივ გამოსახებას“ და აქედან წარმოშობილ ფარსს შეეხება.

მწერალი ამ კონკრეტული უსამართლობის დასაბამს ქრისტესადმი მღვდელმთავრების - განსაკუთრებით კი ანნასა და კაიაფას ცილისმწამებლურ კამპანიაში, ცრუ სამხილთა შეთითხვნასა და მისთვის მოწყობილი სასამართლოს ფარსში ხედავს -„ყველაფერი კი ამ ამბით დაიწყო“-ო წერს, რითიც ქრისტესდროინდელ და თანამედროვეობის საავკაცო მექანიზმების იგივეობას უსვამს ხაზს, თანამედროვეობის აი ეს კონკრეტული უსამართლობაც იმ დროიდან რომ იღებს სათავეს, ამას გვიბეჯითებს (მ. ბულგაკოვი, ჩ. აიტმატოვი).

ავტორისთვის მსხვერპლთა და მტარვალთა სახელები, მათი გამოხატვის ფორმები, გარსი იცვლება მხოლოდ, არსი კი ერთი და იგივე რჩება მარად - ჭეშმარიტების ქონაზე პრეტენზია და ჭეშმარიტების სახელით საკუთარი გავლენის ზრდის მარადი წყურვილი.

სინედრიონისაგან ქრისტეს მოკვდინებაზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, თხრობა უცებ ჩვენს თანამედროვეობაში გადმოდის - „ახლა კი... ამით დაიწყო ყველაფერი“-ო და ორ მოსამართლეს წარმოგვიდგენს რითიც თითქოს გვეუბნება, რომ აგერ ჩვენი თანამედროვეობის მსაჯულნი და მკითხველიც მათდამი იმთავითვე ანტიპათიურად განსაწყობად ემზადება. თუმცა, მოგვიანებით, ერთის ტრაგიკული აღსასრული ასევდიანებს, ხოლო მეორის უმწეობისა და დაზაფრულობის ნისლ-ბურანში ჩაკარგვა. აბა ვინ არის თანამედროვე ქართული საზოგადოების ანნა და კაიაფა? ამ კითხვაზე პასუხს საკვანძო სიტყვა „მღვდელმთავრები“ გვაძლევს და საქართველოს საპატრიარქოსკენ გახედვისკენ გვიბიძგებს.

სასამართლო შენობის მეორე სართულზე მოსამართლე ჯემალ ბაირამაშვილი  თავის ახალგაზრდა კოლეგასა და პროტეჟეს - ლაზარე ჩერქეზიშვილს მომავალ პროცესთან დაკავშირებით ასე მოძღვრავს, მივყვეთ პუნქტობრივად:

„ლაზარე, შვილო, მარნეული თავიდანვე ქართული მიწა იყო, ქართველებით დასახლებული, ეს მერე იყო წყეულმა კომუნისტებმა აქ და სხვაგანაც განგებ რომ ჩამოასახლეს უცხოტომელები, ამით ჩვენს ქვეყანას სამომავლოდ ისეთი ნაღმი ჩაუდეს, რომ თუ სიფრთხილე არ გამოვიჩინეთ“...

პირველი, რაც ამ „შეგონებაში“ თვალში გვეცემა ის არის, რომ მოსამართლე ჯემალსაც ისეთივე გაუკუღმართებული წარმოდგენა აქვს ნაციონალიზმზე, როგორც უმრავლესობის უმრავლესობას ერსა თუ ბერში.  ჯემალის პირველივე სიტყვებში კანთიელად ჩანს ჯერ კიდევ 80-იან წლებში ჩამოყალიბებული ყალბი ნაციონალისტური პათეტიკა, რომელიც მიგახვედრებს, რომ რაც მას პატრიოტიზმი ჰგონია, ეს არც მეტი, არც ნაკლები ეთნო-რელიგიური ფაშიზმია, რომელიც მიდრეკილია არა გაერთიანებისკენ, არამედ დაქუცმაცებასა და თვითიზოლაციისაკენ.

მეორე საკითხი კი გახლავთ, ვითომ და „კომუნისტების მიერ“  ამ რეგიონში  ეთნიკური უმცირესობების ე.წ „უცხოტომელების“ ჩასახლება, რაც საფუძველშივე მცდარი წარმოდგენაა და, მიზნად საქართველოს მოქალაქეთა  ერთი თემის, კომუნისტებითა და „ახალმოსახლეობით“, „უცხოტომელობით“ დემონიზაცია განუზრახავს.

ამ „შეგონება/დამოძღვრის“ მთელი ტრაგიკულობა ის არის, რომ ავტორი არაფერს იგონებს, არამედ ხელისგულზე გვიდებს იმ განწყობას, რომელიც გარეგნულად „ქვეყნის სიმტკიცედ“, „ჭეშმარიტ მამულიშვილობად“ მოჩანს დღესაც, მაგრამ სინამდვილეში დამღუპველი პოპულიზმია.

ჯემალი ამ მსჯელობას ცრუტოლერანტობასაც მოაყოლებს, რითიც ხაზს უსვამს, რომ მისგან ზემოთხსენებული მკვეთრი განცხადებები „ობიექტური მოცემულობაა“, თორემ თავად იმაზე მეტად ლმობიერია „მათდამი“ ვინემ ამას საჭიროება მოითხოვს:

„მინდა, ისიც გაითვალისწინო, რომ არც მე და არც ამ რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებას აქაურების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, გარდა ძმობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისა. პირადად მე არც ერთი ბაირამობის დღესასწაული არ გამომიტოვებია, მივდივართ, ვულოცავთ, რამდენჯერმე მეჩეთში ლოცვასაც დავესწარი. მაგრამ...“. 

„მაგრამ“ ჯემალი ამ ‘სადღეგრძელოს“ შემდეგ მეორე პლანს ხსნის „იქეთ დარჩენილ ქართველებს საქმე არც ისე კარგად აქვთ, როგორც ამათ, ჩვენთან... ჰერეთზე ვამბობ, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი ხომ გაგიგონია?!“

აქ მწერალს ლოგიკურად შემოაქვს „ჩვენებურებისა“ და „სხვაგნებურების“ „წყევლა-კრულვიანი“ საკითხი, რომელიც დროდადრო ახალი ენერგიით წამოჰყოფს ხოლმე თავს ძირითადად პოლიტიკოსთა (სახელისუფლებოთა თუ ოპოზიციონერთა) მხრიდან, რომელთაც რატომღაც საკუთარი თანამოქალაქეები მეზობელი ქვეყნების დასაშანტაჟებელი მექანიზმი ჰგონიათ, ანთუ მძევლებად წარმოსახავენ მათ. მხოლოდ ის არის, რომ ამ მოვლენას მხოლოდ პოლიტიკოსებს არ უნდა გადავაბრალოთ, არამედ საზოგადოებრივი განწყობაა ასეთი, პოლიტიკოსები კი ამაზე პარაზიტირებენ.

80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისის „ეროვნული მოძრაობის“ განწყობები შემთხვევით არ გვიხსენებია. თავად მწერალი პირველი პრეზიდენტის მმართველობის დროს გამძაფრებულ ეთნიკურ შუღლს ეხმაურება. ხუდიას მამა, ისტორიის მასწავლებელი ბატონი ჯეიხუნი, შეძრული  საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა წინააღმდეგ აგორებული კამპანიითა და ისტერიით პრეზიდენტთან შესახვედრად მარნეულიდან თბილისისკენ ფეხით გამოუყვება გზას[1]. მისმა პრეზიდენტთან შეხვედრის სცენამ კი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბატონი აქიფ ჰასანოვის მონაყოლი გამახსენა: ერთხელ მიტინგზე, ზვიადმა საქართველოს აზერბაიჯანელების შესახებ თქვა, რომ  „აბა, ქართულ მიწებს თათრებს ხომ არ მივცემთო“.  შევხვდი და ვუთხარი რატომ ამბობ ასე? ყველანი ხომ საქართველოს მოქალაქეები ვართ? მიპასუხა, რომ ამით რამე კანონი კი არ მიმიღია ან რამე დოკუმენტისთვის კი არ მომიწერია ხელიო, ხალხი იყო შეკრებილი და მათი შენარჩუნებისთვის ვთქვიო“ (!!!). [გადაცემა „17 სართული“ - სიუჟეტი „დამოუკიდებლობის საგა“ 34:45 წუთიდან].

 მწერალმა, ბატონი აქიფისა და პრეზიდენტ გამსახურდიას შეხვედრის  თაობაზე არაფერი იცის, არ იცის, რომ რაც მან თავისი ფანტაზიით „შესაძლებლობად“ მიიჩნია, ის რეალობა იყო. რომანში, ქვეყნის თბილ ფერებში დახატული პირველი პრეზიდენტი, ბატონი ჯეიხუნის მოსმენის შემდეგ  მეტად ზოგად დაპირებას იძლევა: „კარგი, გასაგებია ყველაფერი... მივხედავთ...“.  მაგრამ დაპირება აქაც დაპირებად რჩება, რადგან სამოქალაქო ომი ატყდება, რომელსაც  მთავრობის კანცელარიიდან გამოსული ბატონი ჯეიხუნიც შეეწირება.

„ანგელოზთა საკითხავი“ ძალაუფლებისთვის გამართული სასტიკი და დაუნდობელი ომის ამსახავი რომანიცაა - იგი არამხოლოდ მხარეებად დაყოფილ, დანასისხლად გადაკიდებულ საზოგადოებას აღწერს, არამედ მხარეთა შიგნით არსებულ დაჯგუფებათა მწვავე დაპირისპირებებსაც აშიშვლებს (მაგალითად, საპატრიარქოს კლანებისას).

რომანისეულ დროშიც საქართველოს საპატრიარქო შევარდნაძის დროს დადებული კონკორდატისა და მთელი თავისი საგადასახადო შეღავათების წყალობით, ჯერ ფინანსურად  მოძლიერდა და შემდეგ, „სახელმწიფო სახელმწიფოში“ იქცა, სადაც ძალაუფლების საერო აქტორთ,  არასასულიერო მეთოდებით ბრძოლაში, ტოლს არ უდებენ.

და ეს „სახელმწიფო სახელმწიფოში“ „ჩაიხანას“ კედელზე აღბეჭდილი ლაქის საზოგადოებისთვის წმინდა მარიამის „სასწაულებრივ გამოსახვად“ გასაღებით, ყველა ბერკეტის - სამთავრობო, სასამართლო, სასულიერო, სახალხო, მოძველბიჭო და კრიმინალური ელემენტების მობილიზებით, ებრძვის ერთ ბორჩალოელ, ცოლის სიკვდილის შემდეგ გაუბედურებულ ახალგაზრდა კაცს -ხუდია ჯაფაროღლუს, რათა მას კუთვნილი სახლი, ჩაიხანად გადაკეთებული,  წაართვას და მის ადგილას ეკლესია ააშენოს. ხოლო ეს ეკლესია, სინამდვილეში ეკლესია კი არ არის, არამედ  ძალაუფლების ამაზრზენი დემონსტრირებაა. აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოინათლოს საკუთარი თანამოქალაქეების უცხოტომელად დასახელება, ხუდიასთვის თავისი ნებით დაუთმობელი ქონების გამო ჯიბეში ნარკოტიკების ჩადება და მისი სახით ქვემო ქართლელი რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ  ყოველგვარი ღვთიური და ადამიანური კანონების ფეხქვეშ გათელვით ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა?

რომანში საინტერესო პერსონაჟია კათოლიკოს-პატრიარქი ირინეოსი, რომელიც  საზოგადოებისგან თავს წყრომადამტყდარ მოსამართლე ლაზარე ჩერქეზიშვილს მიიღებს და ამ უკანასკნელს აღაფრთოვანებს თავისი სისადავითა და სიწმინდით. ლაზარე ჩერქეზიშვილს, რომელსაც კლანები მხოლოდ იმას არ პატიობენ, რომ მან გამოსახულების ქიმიური ანალიზი მოითხოვა, რითაც, მათი აზრით, მკრეხელობა ჩაიდინა, პატრიარქი სამართლიანობისა და სიყვარულის შუქურად წარმოუდგება. სათქმელია, რომ თავად პატრიარქიც თავისი ქცევით, კითხვისა და ხელოვნებისადმი სიყვარულით, ხუდიასთვის მუდამ პირადად მადლობის გადახდის სურვილის გამოთქმით (ატყუებენ, ვითომ ხუდიამ თავისი ნებით დათმო ჩაიხანა), არა მხოლოდ პერსონაჟ ლაზარე ჩერქეზიშვილს, არამედ საპარტრიარქოსადმი თვით  ყველაზე კრიტიკულად განწყობილ მკითხველსაც კი აყვარებს თავს,  გარემოცვის მსხვერპლად წარმოაჩენს მას. ოღონდ ამ სიყვარულს  ერთი დიდი ეჭვიც ახლავს - მწერალი პატრიარქის იდეალს გვიხატავს, თუ არსებულს აიდეალებს?  

სანამ ამ საკითხს მივუბრუნდებოდეთ, ზემოთ ნახსენებ ორ ელდას უნდა გადავხედოთ.

კედლის გამოსახულების ანალიზის პასუხი რომ მოდის, მოსამართლე ლაზარე ჩერქეზიშვილი სრულებით გაოგნდება. აღმოჩნდება, რომ გამოსახულების ქიმიური შემადგენლობა სინამდვილეში, არც მეტი არც ნაკლები შარდის ნაკვალევია. ლაზარეზე არანაკლები ელდა აქაც და შემდეგაც ეცემა მკითხველსაც, რომელიც ერთი ხანობა სრულებითაა დარწმუნებული რომ ეს არგუმენტი (სამეცნიერო ანალიზის პასუხი), ქვას რომ გახეთქს, მეუფე კონსტანტინეს საბოლოოდ გააჩუმებს. თუ არ გააჩუმებს, პატრიარქს მაინც ათქმევინებს უარს  ჩაიხანაზე და ასევე უსამართლოდ დაპატიმრებულ ხუდიას გამოაშვებინებს.

ლაზარეს სამართლიანობის უზენაესობისადმი რწმენა ევროპაში, კერძოდ კი, ინგლისში მიღებული სწავლითა და  იქაური საზოგადოებრივი ურთიერთობებით არის შეპირობებული. საინტერესოა, რომ მას, როგორც თავად მოსამართლეს,  არც პროკურატურის, არც სასამართლოს, არც ხელისფულების იმედი არ აქვს. მართალია, ამას პირდაპირ ასე არ აცხადებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ  ხუდიას გამოშვებისთვის პატრიარქის შუამდგომლობის მოსაპოვებლად საპატრიარქოში მიდის, ამ ყველაფერზე ცხადად მეტყველებს (ხაზგასასმელია, რომ ხუდიას ადვოკატი გადასცემს პროკურატურის დანაბარებს, პატრიარქი თუ დარეკავს გამოვუშვებთო). ლაზარეს  კვალდაკვალ მკითხველიც ეჭვნარევი იმედით შეიმართება - ჯანდაბას იყოს თუნდაც პატრიარქი, ოღონდ ხუდია გაათავისუფლონ.

ანალიზის პასუხებითა და ხუდიას დაჭერით შეწუხებული პატრიარქი მეუფე კონსტანტინეს უბრძანებს სასწრაფოდ დარეკოს პროკურატურაში და ხუდია გამოაშვებინოს. რასაც ლაზარესა და მკითხველისთვის მოულოდნელად მეუფე კონსტანტინე ცივი უარით ხვდება, ხოლო პატრიარქის მუქარაზე, რომ სხვა სასულიერო პირს მისცემს კურთხევას ამის გასაკეთებლად:

 „ეპისკოპოსმა უკნიდან შემოუარა პატრიარქს, მის ზურგს უკან შეჩერდა, მხრებზე ხელები ნაზად დაადო, ცბიერი ღიმილით ლაზარეს გახედა და პატრიარქის მხრების  რიტმულად მასირებას შეუდგა. ერთ ადგილზე მიყინული ლაზარე შეძრწუნებული შეჰყურებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

- ხომ არ გტკენ, ძვირფასო. ავუჩქარო თუ შევანელო, - უცებ უცნაურად მიმართა ეპისკოპოსმა კონსტანტინემ პატრიარქს, - რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ. უფრო სწორად, რაც ეს ლაწირაკი გამოჩნდა, სულ დაგავიწყდი, შეხვედრისას თვალს მარიდებ... განა არ მესმის, შენ... ლაზარე ახალგაზრდაა, წარმოსადეგი, ჩემზეც იგივე არ დაგემართა, როცა პირველად მნახე ქარნაუფის მონასტერში, მაშინ მეც ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი, ყმაწვილი მორჩილი. კარგად მახსოვს, თვალები როგორ აგენთო... მერე იქიდან რომ წამომიყვანეთ, რამდენი დაუვიწყარი დღეები და ღამეები გავატარეთ...“.

ამ სიტყვების შემდეგ  ეპისკოპოსი „მოკუნტულ“ და „მხრებჩამოყრილ“ პატრიარქს ემუქრება, რომ თუკი ექსპერტიზის დასკვნას ლაზარე ახლავე არ გადასცემს მას, იგი „პატრიარქის ადამიანურ სისუსტეებს“ ქვეყანას მოსდებს.

ალბათ მკითხველი ყველაფერს შეიძლება გამოლოდებოდა, მაგრამ ამას ნამდვილად არა. მწერალმა ხომ იდეალურ პატრიარქად აღწერა ირინეოსი, უმაღლეს სასულიერო იერარქად, რომლისთვისაც ადამიანია მთავარი, რომელიც ყველას მამაა განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური მიკუთვნებულობისა. აღმოჩნდება, რომ ისიც ოდითგანვე ლირწებაში ყოფილა, მეტიც, ლაზარესთვისაც თვალი დაუდგამს.

ამ ყველაფრით განადგურებული ლაზარე უსიტყვოდ მიაწვდის დოკუმენტს და მასში სამართლიანობის, თუნდაც ერთი რომელიმე ადამიანის სიწმინდის რწმენის ყოველგვარი ნიშატი  საბოლოოდ კვდება და ამას მხოლოდ მეუფე კონსტანტინე კი არა, პატრიარქიც ესაბაბება.  საპატრიარქოში ასეთი სისტემის შემქმნელი, რომლის უსუსურ ტყვედაც ახლა თვითონ გვევლინება, ხომ თავად პატრიარქი ირინეოსია?

თუმცა, რომანი აქ არ მთავრდება. იგი გრძელდება ევანთიას საიდუმლო  წინაისტორიით და აფხაზეთში დაბრუნებით.  ხოლო „მართალი ხუდია“, როგორც მოსალოდნელი იყო სისტემასთან ანუ თანამედროვეობის სინოდრიონთან - კაიაფებთან, ანნებთან და პილატეებთან მარცხდება.

„ანგელოზთა საკითხავი“ მეტად ღირებული გაგრძელებაა იმ ხაზისა, რომელიც ქართულ ლიტერატურაში სხვა ეთნოსისა და სხვა რელიგიის პერსონაჟებს, მათ თავგადასავლებს, ტკივილებს გულშემატკივრის პოზიციებიდან გადმოსცემს.

ხოლო თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში იმ რომანთა რიგს განეკუთვნება, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში ეთნიკურ-რელიგიურ უმცირესობათა საწუხარის აღწერა-გადმოცემას, გამკვეთრებას ეთმობა (მაგალითად, თუნდაც არუნდატი როის რომანებისა და ა.შ.) და ეს არ არის შემთხვევითი, რადგან დომინანტი ჯგუფების რაობა, რომელიმე ქვეყნის საზოგადოების ინკლუზიურობა, ყველაზე კარგად, სწორედ არა-დომინანტური ჯგუფებისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება. ის, რომ საქართველოს ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა  არა-დომინანტური ჯგუფები, უმრავლესობისაგან ხსენებული ნიშნებით გარიყულნი, პარალელურ სოციო-კულტურულ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობენ, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „სხვა საქართველო“[2], არაერთხელაა აღნიშნული უფლებადამცველთა ანგარიშებში.

შესაბამისად, „ანგელოზთა საკითხავი“, გარდა პოლიტიკურ-სოციალური უთანასწორობებითა და უსამართლობებით  გამოწვეული ადამიანური ტრაგედიებისა, დეზინტეგრაციისა, ქვეყნის ყველასათვის ნაცნობი თავგადასავლის სხვა კუთხიდან, „სხვა საქართველოს“ პირიზმიდან დანახული ისტორიაცაა.

______________________________

[1] აქვე ერთი კრიტიკული შენიშვნა, კერძოდ, რომანში წერია, რომ მარნეულიდან თბილისისკენ ფეხით დაძრული მასწავლებელი ჯეიხუნი „ყარაჯალას გაცდა, მუღანლოსაც, ბერბეშეგსაც...“. სათქმელია, რომ მარნეულიდან წამოსული ბატონი ჯეიხუნი პირველ ორ დასახლებულ პუნქტს ვერაფრით გამოივლიდა, რადგან ყარაჯალა ქალაქ რუსთავთან, ხოლო მუღანლო, საერთოდაც, კახეთისკენ მიმავალ გზაზე სოფელ სართიჭალასთან მდებარე სოფელია და ორივე გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. უნდა ყოფილიყო კოდა, კუმისი, ზემოთელეთი და ა.შ. რაც შეეხება „ბერბეშეგს“ ეს ავტორის გამოგონილი სოფელია და ამ შემთხვევაში ვერ შევედავებით.

[2] „სხვა საქართველო“  პლატფორმა „სალამის“ შემოთავაზებით სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ ესეთა საერთო სათაურიდანაა ნასესხები.

ავტორი: ოქტაი ქაზუმოვი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა