გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თუშური ენა წოვა-თუშური ენა პოლიტიკა კულტურა როგორ ქრება თუშური ენა თუშეთი ზემო ალვანი

როგორ ქრება თუშური ენა | ტატო ანთაძე

ზემო ალვანი

ზემო ალვანზე აქამდე ბევრი არაფერი გამეგო, გარდა იმისა, რომ თუშები ცხოვრობენ და ესაა უკანასკნელი ადგილი, სადაც ე.წ წოვა-თუშურის (ამიერიდან თუშური) მოსმენა შეიძლება. და კიდევ ერთი რამ, რაც ზემო ალვანის შესახებ ვიცოდი, მისი უცნაური დაგეგმარებაა. 

მართკუთხედის ფორმის სოფელს ერთი ცენტრალური ქუჩა აქვს. როცა ენათმეცნიერებთან ერთად, ზემო ალვანის სკოლის შენობას მივუახლოვდი, სადაც მომდევნო კვირის განმავლობაში უნდა გვემუშავა, ერთი უცნაურობა კიდევ შევნიშნე - სტალინის მოზრდილი ძეგლი, შემოღობილი პატარა ეზოთი. ძეგლის ორივე მხარეს სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოებია გამოფენილი, კიდეებში კი - აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცებისთვის მიძღვნილი მემორიალური ფირფიტები. აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების სამახსოვრო ფირფიტებით გარშემორტყმული სტალინის ძეგლი თავისთავად უცნაური სანახავია. ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ის ათასლწლეულის ფონდის დახმარებით, განახლებული სკოლის ეზოში, საქართველოს დროშის გვერდით, ევროკავშირის დროშაც ფრიალებს. 

პირველი, რასაც ზემო ალვანში შესვლისთანავე დაინახავ, ერთგვარი პალეონტოლოგიური ნამარხია, რომლის ყოველი შრე იდეალურადაა შემონახული. სკოლის კორიდორები აჭრელებულია ბავშვების ხელნაკეთი პოსტერებით, რომელთა უმეტესობაც 1921 წელს საქართველოს „გაწითლებაზე” და 9 აპრილის ტრაგედიაზეა. შიგადაშიგ შეგხვდება ლოზუნგებიც ბუნების დაცვისა და „ანტი-ბულინგის” მოწოდებებით. სკოლის შესასვლელიდან საკლასო ოთახამდე, სადაც პირველად შევიკრიბეთ, თითქოს თანამედროვე საქართველოს მთელი ისტორიაა მოთხრობილი. 

შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ამ სოფელში ადამიანები ერთდროულად სამ სხვადასხვა დროში ცხოვრობენ - წარსულში, რომელიც ისეთი არასდროს ყოფილა, როგორც ამას ძეგლები გვამცნობენ; საოცნებო მომავალში, რომელიც არა და არ დადგა და აწმყოში.

წარსულსა და აწმყოს აქეთ-იქიდან ექაჩება სტალინის მემორიალი და ევროკავშირის დროშა. საქართველოს პოლიტიკური რეალობა, რომელიც ამ რამდენიმემეტრიან გაყოლებაზე იშლება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს თუშური ენის სტატუსზე თანამედროვე საქართველოში. 

რატომ აინტერესებთ ენათმეცნიერებს თუშური ენა?

თუშური ენა, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად წოვა-თუშურს უწოდებენ, (რატომ ვამჯობინებ მისთვის უბრალოდ თუშურის დაძახებას, მოგვიანებით განვმარტავ), ამჟამად გაქრობის პირასაა. 1975 წელს თუშურად 3 000 ადამიანი ლაპარაკობდა, თუმცა დღესდღეისობით, სავარაუდოდ, მხოლოდ 300 მოსაუბრეღაა დარჩენილი. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, შაიფნერმა შენიშნა, რომ თუშურ ენაზე ქართულს მნიშნველოვანი გავლენა აქვს, განსაკუთრებით არსებით სახელებზე; დიდ როლს თამაშობს დერივაციული სუფიქსები და სინტაქსში, ზოგი ფენომენი მხოლოდ ქართული ენის გავლენით შეიძლება აიხსნას (შრეუერი, 2024). გავლენების მიუხედავად, თუშური, განსხვავებით მეგრულისგან და სვანურისგან, არ არის ქართველური და ამ მხრივ, ის ერთადერთი არაქართველური ენაა, რომელზეც ეთნიკურად ქართველი ადამიანები საუბრობენ. 

თუშური ენისადმი ენათმეცნიერების მზარდი ინტერესი კიდევ უფრო გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ენა პრაქტიკულად გაქრობის პირასაა. ლინგვისტისთვის ენების მრავალფეროვნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბიომრავალფეროვნება ბიოლოგისთვის ან ეკოლოგისთვის. ეს შეეხება არა მხოლოდ „კლასიკურ” ლინგვისტებს, რომლებსაც ენების დესკრიფციული ანალიზი აინტერესებთ, არამედ თეორეტიკოსებსა და კოგნიტურ მეცნიერებისაც, რომლებიც ენას უყურებენ, როგორც ჩვენი სახეობის (ადამიანის) უნიკალურ უნარს. ბევრი მეცნიერი მიიჩნევსს, რომ არსებოს ენობრივი უნივერსალები, რომლებიც ყველა ენაში გვხვდება. მაგალითად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარკვეული სინტაქსური, სემანტიკური თუ ფონოლოგიური წესების არსებობა პრინციპულად შეუძლებელია (რიზი, 2005), (მორო, 2016; 11-17), თუმცა მოგვიანებით, გამოჩნდება ხოლმე ენა, ხშირად მსოფლიოს შორეული წერტილებიდან, რომელშიც მეცნიერების ნავარაუდები უნივერსალები ირღვევა (პულლუმ, 1979). 

თანამედროვე ენათმეცნიერება ყოველთვის ძალიან „ევროცენტრული” იყო, რადგან ბევრი ამერიკელი და ევროპელი ენათმეცნიერი ვარაუდობდა, რომ ყველაზე „კარგი” ან „სუფთა” ენები ლათინურიდან მომდინარეობდა, შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში, მსოფლიო ენების უმრავლესობა, პრაქტიკულად, უგულებელყოფილი იყო. დღეს უკვე აღარ გვიწევს ამაზე კამათი და კარგად ვიცით, რომ ყველაზე „ეგზოტიკური” და მცირე საზოგადოებების ენები ფუნდამენტურად არაფრით განსხვავდება ინგლისურისგან თუ გერმანულისგან. რაც უფრო მეტ ენას ვსწავლობთ, მით უფრო მეტს ვიგებთ ადამიანზე და მის ბუნებაზე. 

სამწუხაროდ, ენების გაქრობა გლობალიზაციის გარდაუვალი პროცესია. ენათმეცნიერებში გავრცელებული ხუმრობაა, რომ მალე ლინგვისტიკა ინგლისურის დიალექტების შემსწავლელ მეცნიერებად გადაიქცევა.

ეს სენტიმენტი მნიშვნელოვანია და მიანიშნებს იმაზე, თუ რატომ მოითხოვენ (ხშირად ძალიან კონფრონტაციულადაც) ზემო ალვანში მცხოვრები თუშები, რომ მათ ენას ეწოდოს თუშური. ჩვენ, ქართველებს, სერიოზული „წვლილი” მიგვიძღვის თუშური ენის განადგურებაში. 

პოლიტიკა და საქართველოს ენების მრავალფეროვნება

თუშურ ენას საქართველოში ოფიციალური სტატუსი არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლის მიხედვით, საქართველოს ერთადერთი ოფიციალური ენა ქართულია (აფხაზური აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში). პერიოდულად, ეთნიკური უმცირესობებისთვის ითარგმნება ქართული სახელმძღვანელოები, თუმცა რადგან ზემო ალვაში მცხოვრები თუშები ქართველებად იდენტიფიცირდებიან, მათი ენის შენარჩუნებისთვის (და წახალისებისთვის) არანაირი ეროვნული პოლიტიკა არ არსებობს. 2020 წელს რეზო ორბეტიშვილის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ალვანის ტერიტორიაზე მცხოვრები თუშური წარმომავლობის 2 700 ადამიანიდან, თუშურად მხოლოდ 275 საუბრობს. თუმცა, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობების გულგრილობა თუშური ენის მიმართ გამონაკლისი არ არის. საბჭოთა კავშირის პერიოდში, არც კომუნისტური პარტია ყოფილა ზემო ალვანის თუშების მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილი, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს;

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორია წინა საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდს უკავშირდება, როდესაც 40-მდე თუშური წარმომავლობის ქართველმა სტუდენტმა დააარსა დაჯგუფება „სამანი”, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს გათავისუფლებას საბჭოთა კავშირისგან და ამ მიზნით, ნაცისტურ გერმანიასთანაც ცდილობდა კავშირის დამყარებას. შედეგად, ბევრი თუში დახვრიტეს ან გადაასახლეს. საბჭოთა პოლიტიკას დღემდე დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე. 

ზაფხულის სკოლის მთავარი მიზანი საველე სამუშაოების ჩატარება იყო. სკოლაში შეკრებილი 40-მდე მონაწილე, ინტერესების მიხედვით, რამდენიმე ჯგუფად დაიყო. ზოგს თუშური ენის სინტაქსის კვლევა აინტერესებდა, ზოგს ფონეტიკა და ფონოლოგია და ა.შ. მე ფონოლოგების და ფონეტიკოსების ჯგუფში აღმოვჩნდი. ჩვენი გუნდი ორ ადგილობრივთან ჩანაწერების გაკეთებაზე შეთანხმდა. იდეა მარტივი იყო: მიკროფონებით აღჭურვილი ენათმეცნიერები მიდიან „ინფორმანტთან”, რომელსაც კითხვებს უსვამენ და მის ლაპარაკს (თუშურ ენაზე) იწერენ. ჩვენი პირველი ინფორმანტი დიანა იყო. 

დიანასთან პირველი ვიზიტი კომიკური გამოდგა. მის გარშემო 9 კაცი ვისხედით და უშედეგოდ ვცდილობდით თუშური სიტყვების გამეორებას. მიუხედავად ამისა, დიანასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მას სუფთა დიქცია ჰქონდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენათმეცნიერებისთვის, რომლებიც ენის ჟღერადობით ინტერესდებიან. დიანამ თავისი ოჯახის შესახებაც გვიამბო: ბაბუამისი ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული თუში ყოფილა, რომელსაც 6 000-მდე ცხვარი ჰყავდა. ცხადია, საბჭოთა კავშირის დროს ბაბუა მომენტალურად გადაასახლეს და ქონებაც ჩამოართვეს. მსგავსი ისტორია ჰქონდა ნოდარსაც, ჩვენს მეორე ინფორმანტს, რომლის მამაც, „სამანელების” წევრიობის გამო ციმბირში იყო გადასახელებული.

ინფორმანტებთან მალევე დავამყარეთ მეგობრული ურთიერთობა. მე მეტწილად თარჯიმნის როლს ვასრულებდი და ვცდილობდი, ადგილობრივების ენაკვიმატური ხუმრობები რამენაირად ინგლისურად მეთარგმნა ისე, რომ გასაგები ყოფილიყო იტალიელი, ავსტრალიელი, ფრანგი, ჩეხი, გერმანელი და ნედერლანდელი ენათმეცნიერებისთვის. ჩემდა გასაკვირად, მომდევნო დღეებში, დიანა და ნოდარი ფონოლოგ-ფონეტიკოსებს ძველი მეგობრებივით ხვდებოდნენ. გვეგონა, ყველა ჯგუფს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა შევცდით. სინტაქსის ჯგუფიდან მალევე მოვიდა ხმები, რომ მათ ინფორმანტს განუცხადებია, ჩვენს ენას წოვა-თუშურის ნაცვლად ან თუშური დაუძახეთ, ან სასამართლოში გიჩივლებთო. 

წოვა-თუშური თუ თუშური?

ზემო ალვანში ბევრ ადგილობრივს შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ამდენი ენათმეცნიერი აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ დაედგინათ, ენა თუშურია თუ წოვა-თუშური. „დაველოდოთ, სანამ დასკვნას დადებენ”, იმედიანად ჩაილაპარაკეს ადგილობრივმა თემის წარმომადგენლებმა ენათმეცნიერებთან შეხვედრისას, რომელიც სკოლის წინ, სასადილო დარბაზში გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ენათმეცნიერი მაყვალა მიქელაძე, რომლის ფასდაუდებელ შრომას სხვა ლინგვისტები უკვე ათწლეულებია, ეყრდნობიან. მიქელაძე ამ ენას ხან უბრალოდ თუშურს, ხანაც წოვა-თუშურს ეძახდა, ამიტომ სკოლის შენობაში ყველანი დაბნეულები დავბრუნდით.

როგორც აღვნიშნე, აკადემიურ ლიტერატურაში ყველაზე ხშირად ტერმინ წოვა-თუშურს ხმარობენ. ადგილობრივებიც საკუთარ თავებს ხშირად წოვა-თუშებად მოიხსენიებენ, რადგან ზემო ალვანის მკვიდრნი, თუშეთის რეგიონიდან, წოვათადან მოდიან. ამ თემის წარმომავლობაზე სამი თეორია არსებობს (მოკლე შეჯამება იხილეთ შრეუერ, 2024-ში):

[1] წოვა-თუშების წინაპრები ჩრდილო-კავკასიურ ნახის ტომს მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც შიდა-კლანური დაპირისპირების გამო თუშეთში, ქართველების გვერდით დასახლდნენ.

[2] ხევსურეთი და თუშეთი თავიდან ნახის ტომებით იყო დასახლებული, რომლებმაც მოგვიანებით ქართული იდენტობა მიიღეს.

[3] წოვათელი თუშები თავიდანვე ქართველები იყვნენ, თუმცა დროთა განმავლობაში, დაღესტანურ და ჩეჩნურ ტომებთან ურთიერთობის შედეგად, მათი ენა ქართულს გამოეყო. 

თუ რომელია ამ სამი თეორიიდან ჭეშმარიტი, რთული დასადგენია. მართალია, წოვათის ხალხსა და სხვა თუშურ თემებს შორის მნიშვნელოვანი ანთროპოლოგიური განსხვავებებია, თუმცა წოვათის ტრადიციები განსხვავდება ჩეჩნური და ინგუშური რიტუალებისგანაც. შარაშიძის მიხედვით, მთავარი განსხვავება რელიგიური პრაქტიკებშია. მიუხედავად ამისა, ენათმეცნიერები წოვა-თუშურს “ნახის ენების” ოჯახს მიაკუთვნებენ. წამყვანი თეორია ასეთია: წოვა-თუშური, ინგუშური და ჩეჩნური (თავისი დიალექტებით) საერთო წინაპარი ენიდან, პროტო-ნახიდან დიფერენცირდნენ. [3]-ის მხარდამჭერები კი მაინც მიიჩნევენ, რომ წოვა-თუშური ქართველური ენაა, თუმცა ამ მოსაზრებას ენათმეცნიერთა უმრავლესობა უარყოფს. ეთნოგენეზის დეტალურად შესწავლა ამ შემთხვევაში რთულია, რადგან მეცხრამეტე საუკუნემდე სანდო ისტორიული წყაროები არ მოიპოვება და ამასთან, ძველი კვლევები ხშირად ეთნო-ნაციონალისტური მიკერძოებებითაა სავსე. 

მიზეზი, რატომაც ბევრი ალვანელი თუში მოითხოვს, რომ მათ ენას თუშური ეწოდოს, ადგილობრივი თუშურ თემებს შორის არსებული დაპირისპირებითაა განპირობებული.

ისტორიის განმავლობაში, წოვათის თუშებს, მიუხედავად ძლიერი ქართული იდენტობისა, განსხვავებული ენის გამო ჩეჩნებს, ინგუშებს ან, ზოგადად, არაქართველებს ეძახდნენ. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ სტატიაში წოვა-თუშურს თუშურად მოვიხსენიებ.

ეს მიკრო-დაპირისპირებები ძალიან ქართულ ფენომენად მეჩვენა. ვიფიქრე, მხოლოდ საქართველოში შეიძლება ერთი მინდვრის მოსახლემ მდინარის იქით მინდორზე დასახლებულს ქართულად უთხრას, მე ვარ ნამდვილი ქართველი, შენ კი არაო. მერე კი, აღდგომაზე დროებით დაივიწყოს ეთნიკური გაყოფა და თქვას, არა, მაინც ყველა ქართველები ვართო. თუმცა, როგორც ენათმეცნიერებმა განმიმარტეს, რომლებსაც პატარა ენებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, მსგავსი „შუღლი“ სამყაროს ყველა წერტილში მოიძებნება. ჩემმა თანაგუნდელმა ფონოლოგმა, ნოამ ფაუსტმა იხუმრა: ნაციონალიზმის წარმოშობას ორი კაციც ეყოფაო. 

თუ რას დავუძახებთ თუშურ ენას, ნაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო პრობლემური ამჟამად ისაა, რომ ენა გაქრობის პირასაა. საბედნიეროდ, ენის გაქრობა არაა შეუქცევადი პროცესი და ადგილობრივები ამას აცნობიერებენ. ზემო ალვანში დაარსებული „წოვათის თემის საინფორმაციო-კულტურული ცენტრი” აქტიურად ცდილობს ენის შენარჩუნებას. მათი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ენის სწავლა ბავშვებმაც დაიწყეს, თუმცა, უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე, ენის შენარჩუნება რთული იქნება.

მომავლის იმედად

ზემო ალვანში გატარებული ერთი კვირა საოცრად პროდუქტიული გამოდგა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, თუშურ ენაზე დაყრდნობით, წამყვან მეცნიერებთან ერთად შეესწავლათ საველე მეთოდები და ენათმეცნიერების თანამედროვე თეორიები. მეტიც, ლინგვისტებმა დიდი რაოდენობით ჩანაწერი მოაგროვეს, რომლებიც ნელ-ნელა განთავსდება სხვადასხვა ონლაინ არქივში. ერთ-ერთი სესიის დროს ჩვენს ინფორმანტს და აწ უკვე მეგობარს, ნოდარს, ჩემმა თანაგუნდელმა ჟან-კრისტოფმა აუხსნა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ზაფხულის სკოლა და რაში სჭირდებოდათ ამდენი ჩანაწერი. ნოდარმა სევდიანი ღიმილით გვითხრა, რომ მოხარული იყო, რადგან ენა, ისტორიის სახით, შემდეგ თაობებს მაინც დარჩებოდათ. 

ამ პროექტამდე ენების გაქრობისადმი მეტწილად გულგრილად ვიყავი განწყობილი. გლობალიზაციის ფონზე, ენების გაქრობა ჩვეულებრივ მოვლენად მეჩვენებოდა. მეტიც, დომინანტი ენის არსებობა თითქოს ამარტივებს კიდეც კომუნიკაციას, განსაკუთრებით მეცნიერებს შორის. ვფიქრობდი, რა საჭიროა, პირობითად, მეგრულის სწავლა ბავშვისთვის, როცა შეიძლება პრიორიტეტულად სხვა ენები, მაგალითად, ინგლისური ჩათვალოს, თუმცა აშკარაა, რომ ჩემი ეს დამოკიდებულება კომიკურად გულუბრყვილო იყო. 

ენა მრავალი სხეულისგან შემდგარი ცოცხალი ორგანიზმია - ხავსს ჰგავს ან ტყეს. მომაკვდავი ენის ყურება ისეთივე სენტიმენტებს აღძრავს, როგორც გადაშენებული სახეობის ბოლო წარმომადგენლების ან ალმოდებული ტყის ყურება. 

ფართოდ გავრცელებული მითია, თითქოს ბავშვის განვითარებისთვის საზიანოა ერთდროულად რამდენიმე ენის ათვისება. რეალურად, არც კი არსებობს რაოდენობის ის მაქსიმალური ზედა ზღვარი, რამდენი ენის ათვისება შეუძლია ბავშვს პატარა ასაკიდან. მულტიკულტურულ საზოგადოებებში, ადამიანები თანადროულად სწავლობენ ენებს. ენის სწავლას ჩვენ რატომღაც მათემატიკის სწავლასთან ვაიგივებთ: ბავშვი უნდა დაჯდეს და სავარჯიშოები აკეთოს, გამოწეროს სიტყვები, იზეპიროს ლექსები და ა.შ. თუმცა ფაქტია, რომ ბავშვები ადრეულ ასაკში მეტყველებას ისევე მარტივად „სწავლობენ”, როგორც სიარულს. ანუ ბავშვი ენას ითვისებს ყოველგარი ინსტრუქციის გარეშე, ოდენ გარემოზე დაკვირვებით. შესაბამისად, თუ მოვახერხებთ, შევქმნათ გარემო, სადაც ბავშვები მოისმენენ თუშურს, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ მის ათვისებას. თუ როგორი იქნება გარემო, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. 

______________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

Derbyshire, Desmond C. and Pullum, Geoffrey K. (1979) "Object initial languages," Work Papers of the Summer Institute of Linguistics, University of North Dakota Session: Vol. 23, Article 2.

Hornstein, Norbert, Jairo Nunes, and Kleanthes K. Grohmann. Understanding Minimalism. of Cambridge Textbooks in Linguistics. Cambridge: Cambridge University Press, 2005.

Moro, Andrea, Impossible Languages (Cambridge, MA, 2016; online edn, MIT Press Scholarship Online, 18 May 2017), https://doi.org/10.7551/mitpress/9780262034890.001.0001

Rizzi, Luigi. “The Discovery of Language Invariance and Variation, and Its Relevance for the Cognitive Sciences.” Behavioral and Brain Sciences 32, no. 5 (2009): 467–68. 

Schreuer, Jesse. Intense language contact in Eastern Georgia: The case of Tsova-Tush (forthcoming)

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა