რატომ ვერასდროს გამოვა ლიზი ექიმი
26.01.2023 | 8 წუთიანი საკითხავი
საკლასო ოთახებში ნათურები ციმციმს იწყებს თუ არა, კარები იღება და ბავშვები კლასებიდან დერეფნებში გამორბიან. თბილისის 203-ე საჯარო სკოლის პირველ სართულზე, ვრცელი ჰოლის ერთ კედელს ჟესტურ ენაზე აწერია: „გილოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას”.
ორ სპეციალიზებულ სკოლაში (თბილისსა და ქუთაისში) დღეს 300-მდე ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვი სწავლობს, ქვეყანაში სმენის პრობლემით კი 2700-მდე ზრდასრულია რეგისტრირებული. მათ უმეტესობას სკოლა დამთავრებული აქვს, თუმცა საქართველოში არც ერთ ტოტალურ ყრუს არა აქვს უმაღლესი განათლება.
„სულ ექიმობა მინდოდა, მაგრამ ვიცი, ვერასდროს გავხდები ექიმი, - გვიხსნის მეთორმეტეკლასელი ლიზი ცანკაშვილი, -
მეც იმ გზის გავლა მომიწევს, რასაც ყრუები საერთოდ გადიან. ჩავაბარებ რამე პროფსასწავლებელში, ვისწავლი ხელობას. არ ვიცი, რომელს. არც ერთი არ მომწონს დიდად“.
საქართველოში დღემდე არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ადაპტირებული. ამ პრობლემას ასეთი ისტორია აქვს:
საბჭოთა კავშირის დროს საგანმანათლებლო სივრცეში ჟესტური ენის გამოყენება აკრძალული იყო. ჟესტურ ენას მხოლოდ თემში, ერთმანეთთან ურთიერთობისას იყენებდნენ. საინტერესო ისაა, რომ ამ აკრძალვას არავითარი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნდა. უბრალოდ მეოცე საუკუნის მედიკოსები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ყრუ ბავშვს შეეძლო მეტყველების სწავლა, ჟესტური ენა კი ლაპარაკის სწავლაში ხელს უშლიდა. ამიტომაც თაობები იზრდებოდნენ სკოლებში, სადაც ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს მხოლოდ მასწავლებლების ბაგეების მოძრაობით შეეძლოთ ნათქვამიდან აზრის გამოტანა. „ამ მეთოდით შეუძლებელია სრულყოფილად აითვისო ენა, ან რომელიმე საგანი. უბრალოდ, ამაზე ადრე ყველა თვალს ხუჭავდა“, - მიხსნის მაია მეტონიძე, ყრუთა კავშირის ვიცეპრეზიდენტი. ძველი გამოცდილების ინერციით, მშობლები ხშირად დღესაც უარს ამბობენ ჟესტური ენის სწავლებაზე, გვიყვება მაია მეტონიძე: „როდესაც ბავშვებს კოხრეალური იმპლანტის ოპერაციისათვის ამზადებენ, ან სმენის აპარატის გამოყენებას გადაწყვეტენ, ჩვენთან ქირურგები მათ ჟესტური ენის სწავლებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ, რაც შეცდომაა, - ამბობს მაია მეტონიძე, - ჟესტური ენის დაგვიანებით სწავლება, ბავშვებში ხელოვნურად იწვევს კოგნიტური განვითარების ჩამორჩენას. და ეს დაუშვებელია”.
თანამედროვე მსოფლიოში უკვე ჩვილობის ასაკში იციან, რომ ბავშვს სმენა აქვს დაქვეითებული. ოჯახს სპეციალისტები უხსნიან, რას ნიშნავს სიყრუე და სახელმწიფო, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს უფასო ჟესტური ენის კურსებს სთავაზობს. ჟესტურ ენას სწავლობენ მშობლებიც, რომ ბავშვთან ურთიერთობა შეძლონ. მთავარი შემეცნების სივრცე ოჯახია, ბავშვი ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას სწავლობს საგნების, ცნებების მნიშვნელობას, მოვლენების, ქმედებების სახელდებებს.
როდესაც ბავშვს ესმის, ის ხმოვან ბგერებად აღიქვამს სიტყვებს. ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვისთვის კი სიტყვები ჟესტებია, ბგერები კი დაქტილები.
დაქტილი ასოების აღმნიშვნელი ხელის მოძრაობაა ჟესტურ ენაზე. ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვისთვის ჟესტური პირველი ენაა, რაშიც ცნებებსა და საგნებს მათ შესატყვის სახელებს არქმევს. ამ ენის ცოდნის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ბავშვმა რომელიმე სხვა, მათ შორის სახელმწიფო ენა აითვისოს.
ბავშვებს, ვისაც სმენა აქვთ დაქვეითებული, სხვების მეტყველება ბურდღუნად ესმით, ამიტომ იძაბებიან, როდესაც ვინმე დაბალ ხმაზე საუბრობს, უჭირთ შორიდან ან უკნიდან მომავალი ხმის გარჩევა. ლაპარაკისას ტუჩებს ცხადად უნდა ხედავდნენ, ამიტომ ტელეფონით საუბარი და ხალხმრავალ ადგილას ლაპარაკის აღქმა ერთულებათ. ამგვარი შეფერხებებია ხშირად იმის მიზეზი, რომ ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები დიდი თავშეყრის ადგილებში ყოფნას და სმენიან თანატოლებთან ურთიერთობას ერიდებიან. „არ ვიცი ხოლმე, რა ვუპასუხო, როცა მეკითხებიან: რა ხმები გესმითო, - მეთორმეტე კლასელი ნატო ბეკურაშვილის და ლიზი ცანკაშვილის საუბარს ჟესტური ენის მასწავლებელი, ლეკე ჯაფოშვილი გვითარგმნის, -
ვბრაზდები, ზურგს უკან სპეციალურად რომ ყვირიან და მამოწმებენ ნამდვილად მესმის თუ არა. კიდევ სმენიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ყველაფერს უხმოდ ვაკეთებთ. უკვირთ, როცა ხმით ვიცინით
...მაინც ყრუებთან გვირჩევნია ყოფნა, - აგრძელებს ნატო, - ყველაზე თავისუფლად მათთან ვგრძნობთ თავს. არც ვართ მიჩვეული სმენიანებთან ურთიერთობას. ჩვენც ვიბნევით ხოლმე და ისინიც“.
თამარ მახარობლიძის „ჟესტური ენის სახელმძღვანელო“ (2012) პირველი ნაშრომია საქართველოში, რომელიც ჟესტურ ენას მრავალი პრიზმიდან იკვლევს და პირველ რიგში ხსნის, რომ სიტყვას ორი გარეგნული კომპონენტი - ბგერითი და ვიზუალურ-გრაფემული (წერილობითი) მხარე აქვს. ნებისმიერ მეტყველებაში კი ამ ორიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს. ჟესტურ ენას, ცხადია, არ აქვს ბგერითი მხარე და მხოლოდ ვიზუალური კომპონენტი გააჩნია. ამიტომაც, ჟესტურში ვიზუალური აზროვნებაა წამყვანი. და თუკი ხმოვან მეტყველებაში ენობრივ სისტემას აზრი და ბგერა ან ასო აყალიბებს, ჟესტურში სისტემას აზრი და კინემა, ანუ მოძრაობა ქმნის.
რამდენადაც ჟესტური არ არის ბგერითა ენა, მას არც ფონემა გააჩნია. ჟესტურ ენებში არსებობს მხოლოდ კინემური დონე და ჟესტი ანუ სიტყვა, ფრაზა და წინადადება იშლება არა ფონემებად, არამედ კინემებად. კინემა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მოძრაობას. კინემა თავის მხრივ შედგება მიმიკისა და ქირემისაგან.
მიმიკა სახის გამომეტყველებაა, ქირემა კიხელის მოძრაობაა (ტერმინი “ქირემა”ბერძნული სიტყვიდან მოდის და „ხელს”აღნიშნავს).ჟესტურ ენაშიინტონაციას მიმიკა გადმოსცემს, მაშინ, როდესაც ხმოვან მეტყველებაში ინტონაციას მიმიკასთან ერთად ხმაც განსაზღვრავს. მაგალითად, მარტივი თხრობითი წინადადება „კაცი მოვიდა” - შეიძლება ირონიით იყოს ნათქვამი, ან პირიქით - აღტაცებით. ჟესტურზე საუბრისას ამ ინტონაციას, განწყობას მხოლოდ მიმიკა გადმოსცემს.
„ჟესტის კოპონენტები, გალადეტის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ სტოუკიმ გამოყო 60-70 წლების მიჯნაზე და ჟესტი განიხილა როგორც ფონემური დონის ერთეული და ზემოჩამოთვლილი კომპონენტებით წარმოადგინა მის მახასიათებლებად“ (ჟესტური ენის სახელმძღვანელო. 2012). ეს რევოლუციური გარდატეხის მომენტია, რომელიც ჟესტური ენების კვლევების ისტორიაში ახალი ერის დადგომას მოასწავებს. სტოუკიმ დაამტკიცა, რომ ჟესტური დამოუკიდებელი, თვითკმარი ენებია. მან ასევე პირველმა შეიმუშავა ჟესტის ჩაწერის სისტემა.
სიტყვა-ჟესტი სამგვარი ფორმისა შეიძლება იყოს:
- მხოლოდ ჟესტით გამოხატული (მაგ. კაცი, ქალი);
- ჟესტითა და ერთი დაქტილით (მაგ. ევროპა – ე + ჟესტი, აზია – ა + ჟესტი);
- ჟესტითა და რამდენიმე დაქტილით გამოხატული(მაგ. ოკეანე ოკ + ჟესტი).
ჟესტურ ენებში ისეთივე მნიშვნელობა აქვს ჟესტის სირბილესა და ელასტიკურობას – როგორც სამეტყველო ენებში - კეთილხმოვანებას.
ჟესტურისთვისაც მიუღებელია უცხო სიტყვათა ექსპანსია და ბარბარიზმები.
ყრუ ადამიანები, როგორც წესი, ბილინგვები არიან, პირველი ენა მათთვის ჟესტურია, მეორე კი ის სამეტყველო ენაა, რაზეც წერენ, კითხულობენ, უყურებენ ფილმებსა და გადაცემებს სუბტიტრებით.
ქართული ჟესტური ენა საბჭოთა კავშირის პერიოდში იმდროინდელ ლინგვაფრანკას - რუსულის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ამიტომაც მის ანბანსა და ლექსიკაში დღესაც ჩანს რუსულის ენობრივი გავლენის კვალი. ეს იყო, ფაქტობრივად, საბჭოთა ჟესტური ენა, რომელსაც კავშირის ყოფილ ქვეყნებში დღემდე იყენებენ. „თუმცა უკვე მიმდინარეობს ჟესტურ ენათა ნაციონალიზაცია. ჟესტური ენის გრამატიკული დონეები შედარებით თავისუფალია რუსული ზეგავლენისა და ნასესხობებისაგან. მაგალითად, ქართული ჟესტური ენის სიტყვათა რიგი წინადადებაში ძირითადად იმეორებს ქართული სამტყველო ენის სიტყვათა რიგს.“ (ჟესტური ენის სახელმძღვანელო. 2012).
„ჟესტურ ენაზე ჩვენ რუსულ იუთუბ არხებს ვუყურებთ ხოლმე, - გვიყვება ლიზი, - ქართულად ძალიან ცოტა რამეა. ძირითადად ფეისბუკის ყრუების ჯგუფებიდან ვიგებთ ახალ ამბებს“. ლიზი ორ ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი ოჯახის ყველა წევრი ყრუთა თემის წევრები არიან და ლიზის ჟესტურ ენაზე ჩვილობიდან ელაპარაკებიან. ნატოს კი სმენიანი ბებია ზრდიდა. ბებია დღესაც ვერ საუბრობს ჟესტურად, ამიტომ ნატოსთან საკომუნიკაციოდ, „თავიანთი ენა გამოიგონეს“. „ბაგეებიდან ბევრი რამის ამოკითხვა შემიძლია, მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ ვხვდები, - ამბობს ნატო, - თბილისში, სკოლა-პანსიონში მეხუთე კლასიდან გადმოვედი და ჟესტურის სწავლაც მაშინ დავიწყე“.
თუმცა, როგორც ლიზი გვიყვება, ნატომ ეს ახალი ენა მალე აითვისა. ყველაზე რთული, როგორც გოგოები ამბობენ, მათი თანატოლებისთვის წერა-კითხვის უნარების განვითარებაა. ამ უნარების დასახვეწად კი სპეციფიკური მეთოდოლოგიით სწავლებაა საჭირო. 2012 წელს მომზადებული კვლევის ავტორები წერენ, რომ სმენის დაქვეითებამ შესაძლოა დააზიანოს ბავშვის მეტყველების, აღქმისა და გაგების უნარი. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი კითხვაში ჩამორჩენის მექანიზმის გაგება სმენის დაზიანების მქონე ბავშვების მასწავლებლებისათვის, რადგან კომუნიკაციის ყველა სხვა კომპონენტი - წერა, თხრობა, მოსმენა - დამოკიდებულია სწორედ კითხვის უნარის განვითარებაზე.
ყრუები ვერ აღიქვამენ მარცვალს, რადგან მათ ბგერა არ ესმით. ამიტომ ბავშვები კითხულობენ ასოებს ცალ-ცალკე და მერე ერთ სიტყვად კრავენ. თუკი სმენიანი მოსწავლე დაწერილ სიტყვას ხმოვან სიტყვად გარდაქმნის და სწორედ ბგერებს აკავშირებს კონკრეტულ ასოსთან, ყრუ მოსწავლისთვის ეს პროცესი ასეთია: სიტყვის გრაფიკული გამოსახულება ჯერ ჟესტურ ენაზე ნასწავლ ჟესტს უნდა დაუკავშიროს, რომ მისი მნიშვნელობა გაიხსენოს, შემდეგ კი დაშალოს სიტყვა და თითოეულ ასოს დაქტილი შეუსაბამოს. მერე ასოთა ერთობლიობა ცნების გრაფიკულ ხატად დაიმახსოვროს. ამიტომაც წერა-კითხვის პროცესი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანისათვის აბსოლუტურად განსხვავებულია.
თანაც, ჟესტური ენად საქართველოში მხოლოდ 2020 წელს აღიარეს. საგანმანათლებლო პროცესში კი მისი გამოყენება 2014 წლიდან დაიწყეს. ამიტომ, ბუნებრივია, რომ დღეს საქართველოში ყრუ და სმენადაქვეითებული მოსახლეობის უმრავლესობამ ქართულ ენაზე წერა-კითხვა სრულყოფილად არ იცის.
„ჯერ ჩვენ ვიცით ენა. შემდეგ შევდივართ სკოლაში და ვსწავლობთ წერა-კითხვას იმ ენაზე, რაც ვიცით.
ყრუ და სმენადაქვეითებულმა ბავშვებმა, ვისაც ჟესტურ ენაზე ჩვილობიდან არ ელაპარაკებიან, სკოლაში შედიან ისე, რომ ვერც ერთ ენას ვერ ფლობენ.
- ამბობს მაია მეტონიძე. ხშირად ხდება ისე, რომ მშობელი სკოლაში მიყვანის შემდეგ ხვდება, რომ ბავშვს სმენის პრობლემა აქვს. ან 12 და 13 წლის ასაკში მიჰყავთ პირველად სპეციალიზებულ სკოლაში, როდესაც ჩამორჩენა უკვე განვითარებულია. რადგან კოგნიტური უნარების განვითარებას კომუნიკაცია, საკომუნიკაციოდ კი ენა სჭირდება”.
არც სპეციალიზირებულ სკოლაში და არც ყრუთა კავშირში იციან რამდენი წელი გავა იქამდე, სანამ ყრუ ბავშვებისთვის უკიდურესად შეზღუდული არჩევანის ფანჯარა არ გაიხსნება და მათთვისაც ისეთივე ხელმისაწვდომი არ გახდება ნებისმიერი უნივერსიტეტი და შესაბამისად პროფესია, რაზეც ოცნებობენ.
ამ პრობლემას ბევრი შრე აქვს. მაია მეტონიძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებისთვის მუდმივი, უწყვეტი, უფასო ჟესტური ენის შემსწავლელი კურსები უნდა არსებობდეს. უფასო კურსები მხოლოდ პერიოდულად ცხადდება ხოლმე. მაგალითად, ამ სტატიაზე მუშაობის პერიოდში, 2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ასეთი რამ არ არსებობს. "სასწრაფოდ გვჭირდება ადრეული ჩარევის პროგრამა, რომ ბავშვმა ბაგა-ბაღში უკვე ჟესტურზე ლაპარაკი ისწავლოს“. ამ პროგრამების არარსებობა სამართლებრივ ენაზე ბავშვის კონსტიტუციური უფლების დაღრვევას ნიშნავს, რადგან მას ჯანსაღი განვითარების საშუალება ეზღუდება - იძულებულია გაიზარდოს გარემოში, სადაც მისთვის გასაგებ, ჟესტურ ენაზე ვერც მშობლები ესაუბრებიან და ვერც ბავშვის ბაგა-ბაღის მასწავლებლები.
ლიზი და ნატო ახლა ფოტოგრაფიით არიან გატაცებულები. ეს ის ფანჯარაა მათთვის, სადაც ფიქრობენ, რომ პროფესიის დაუფლებას არაფორმალური გზებითაც მოახერხებენ. კიდევ უნდათ, რომ რაღაცების შეცვლა თვითონაც სცადონ რომ
„ჩვენ შემდეგ ბავშვებმა ის აკეთონ, რაც გულით ენდომებათ“.
ილუსტრაცია: დუდუ მერაბიშვილი