გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სერბეთი ბელგრადი პროტესტი სტუდენტები

ბელგრადი: თავისუფლების ენერგია | გაგა ლომიძე

ბელგრადში უკვე მესამედ ვარ, მაგრამ მსგავს ტურბულენტურ დროში – პირველად. ამიტომ უფრო გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს – საგნებს, მოქმედებებს, გარემოს, ადამიანებს. 

ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს ერთი თავისებურება აქვს, რაც ჩვენთვის, როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით თვალშისაცემი და ახლობელია. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით: აქ თითქოს ყველაფერი ნაცნობია – ადამიანების ქცევის ლოგიკა, გარემო, ხუმრობებიც კი. მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ მთლად ასე არ არის. სინამდვილეში, საკმარისია, ბელგრადის რომელიმე ძველი საცხოვრებლის ერთი რიგითი ბინის ინტერიერში შეიხედო, რომ ხვდები, აქაური ინტერიერი – სივრცე, რომელშიც ადამიანი ყველაზე მეტ დროს ატარებს და მის ცნობიერებას აყალიბებს, მნიშვნელოვნად განსხვავდება საბჭოური სახლების ინტერიერებისგან, რომელსაც უფრო ბოშური კიტჩის ესთეტიკა ჰქონდა ან აქვს – ელემენტების სიჭარბე, ორნამენტებიანი შპალერები კედლებზე თუ ჭრელ-ჭრელი ხალიჩები და ჩუქურთმებიანი ავეჯი – რაც მეტი, მით უკეთესის პრინციპით. 

ეგეც გასაგებია, რადგან სერბეთი არ ყოფილა საბჭოთა რუსეთის უშუალო მეზობელი. ამიტომაც, ძველ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ რიგითი ბელგრადელის ბინას რიგითი გერმანელის ბინის ინტერიერთან უფრო მეტი აქვს საერთო. ქალაქშიც სხვა რიტმია, თითქოს, ჰაერში თავისუფლების ჰაერი ტრიალებს – თავისუფლების მსუბუქი ჰაერი, რომელიც აღმოჩნდა, რომ სრულიად ეწინააღმდეგება მასზე გავრცელებულ პოლიტიკურ აღწერებს. თან, დაძაბული პოლიტიკური გარემოა, მაგრამ ქუჩებში ვერსად შეხვდებით პოლიციელების სიმრავლეს.

სტუდენტური რეივი

ჩასვლიდან მეორე დღესვე, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოწყობილ დემონსტრაციაზე წავედი. უამრავი ტრანსპარანტიანი ახალგაზრდა, საშუალო ასაკის ადამიანები და მოხუცები – ყველა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბება. ფერად ბოლში, დემონსტრაციების სლოგანებით, 3 ნომრის (ეს იყო სტუდენტური მოძრაობის საარჩევნო ნომერი) აქსესუარებით და სიმღერისმაგვარი რიტმული შეძახილებით: „Vucic, ode!“ („ვუჩიჩ, წადი!“). 

თანდათან იმდენი ხალხი იყრის თავს ბელგრადის ცენტრალურ მოედანზე, რომ უკვე თვალს ვეღარ ვაწვდენ, სად იწყება ან მთავრდება ნაკადი – ცენტრალურ მოედანთან შემაერთებელი ყველა ქუჩა გადავსებულია.

და უცებ, წამით, ადამიანების შემჭიდროებულ გარემოში მოხვედრილს სული მეხუთება. არადა, რამდენ ხალხმრავალ აქციაზე ვყოფილვარ, მსგავსი რამ არ მიგრძნია. მერე გაირკვა, რომ იმ დღეს 150 000-ზე მეტი ადამიანი იდგა ქუჩაში. 

ის სურათიც მეცნო, როგორ უმასპინძლდებოდნენ სტუდენტები დემონსტრანტებს წყლით და სახლიდან წამოღებული ტკბილეულით. არც დროშების სიმრავლეს გაუკვირვებივარ. ოდნავ უცნაური იყო ის, რომ ზოგზე უნივერსიტეტების გერბები იყო გამოსახული; სხვებზე რელიგიური სიმბოლოები – იესო და მართლმადიდებელი წმინდანები. სხვა სიმბოლოები ბაირაღებზე არ დამინახავს.

Marko Đurica/Reuters

აქციის მეორე დღეს, როცა ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ ალექსანდრა კრისტიჩს შევხვდი, ამ საკითხზეც დავუსვი შეკითხვა, რაზეც მიპასუხა: 

„სტუდენტურ საპროტესტო აქციაზე არ ყოფილა არც სერბეთის, არც ევროკავშირის, არც ამერიკის და არც ლგბტქ+ თემის დროშები. ისინი სტუდენტები იყვნენ და მათ, საკუთარი უნივერსიტეტების და ფაკულტეტების დროშების გარდა, სხვა სიმბოლოები არ ჰქონიათ. ასევე, ჩანდა დროშები სერბი წმინდანების გამოსახულებით. ჩვენი ზოგიერთი პროდასავლური ძალა კითხულობდა კიდეც: რატომ არ აქვთ ევროკავშირის დროშები? არ ჰქონდათ იმიტომ, რომ ეს სტუდენტების უფლებაა. მოძრაობა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ ასოცირდებოდა. ევროკავშირი კი პოლიტიკური ორგანიზაციაა. ამიტომაც ნებისმიერი პოლიტიკური იარლიყისგან დისტანცირება, გარკვეულწილად, ამ მოძრაობისთვის სასარგებლოც კი აღმოჩნდა. მოგვიანებით ზოგიერთმა პროდასავლურმა ძალამ დაასკვნა, რომ სტუდენტურ მოძრაობას უფრო ნაციონალისტური ხასიათი ჰქონდა. მაგრამ ასე ცალმხრივად შეფასებაც რთულია, რადგან მოძრაობაში ადამიანთა მთელი სპექტრია ასახული – მემარცხენეებიდან მემარჯვენეებამდე, მორწმუნეებიდან ათეისტებამდე, ჰეტეროსექსუალებიდან ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებამდე. სწორედ ეს მრავალფეროვნება აღმოჩნდა ერთადერთი გზა რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“.

ძალაუფლების არქიტექტურა

სერბეთისა და მთლიანად რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობით ბევრი აქტორი არის დაინტერესებული. და მათ შორისაა ევროკავშირი. სერბეთის პოლიტიკური დღის წესრიგი ევროკავშირთან ერთგვარ სიყვარულისა და სიძულვილის მონაცვლეობით დამოკიდებულებას ეფუძნება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მოქალაქეთა მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ ადრე ეს მაჩვენებელი 70 პროცენტი იყო, ახლა, შესაძლოა, დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენდეს. მეორე მხრივ, იზრდება ულტრამემარჯვენე მოძრაობების გავლენა, ძლიერდება ნაციონალისტური რიტორიკა. ამ ყველაფრის ფონზე სერბები მაინც ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოებას გააგებინონ, რა ხდება სინამდვილეში. შარშან, უნივერსიტეტების ბლოკირების პერიოდში, საერთაშორისო აკადემიური საზოგადოებისგან მათ ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღეს. ბევრი პროფესორი ჩავიდა მხარდაჭერის გამოსახატად. აკადემიური საზოგადოება თავად ცდილობდა, გაევრცელებინა სტუდენტების ხმა. მაგრამ უცხოური მედია მხოლოდ ბოლო პერიოდში დაინტერესდა სერბეთში მიმდინარე ამბებით. თავდაპირველად ისინი სერბულ საპროტესტო აქციებს მხოლოდ საინფორმაციო დონეზე აშუქებდნენ. ევროკავშირის ქვეყნების მედიაში ამ მოვლენების შესახებ უფრო ღრმა და შინაარსიანი გაშუქება იშვიათი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკულ მედიაზე. 

ბოლო ხუთიდან ათ წლამდე პერიოდში სერბეთში ოპოზიცია ძალიან დასუსტდა. პარლამენტში აღარ არსებობდა ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია საპარლამენტო ცხოვრებასაც საერთოდ განუდგა.

სერბეთის პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან განსხვავებულია: პროევროპული ლიბერალური და ცენტრისტული ჯგუფები; ნაციონალისტური და კონსერვატიული პარტიები; მემარცხენე მოძრაობები; გარემოსდაცვითი მოძრაობები. მათ აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ კოსოვოს, რუსეთთან ურთიერთობის, ევროპულ ინტეგრაციის, ეკონომიკური პოლიტიკის ან სერბეთის ეროვნული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებით. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რის გამოც SNS-ს უზარმაზარი საპარლამენტო უპირატესობა დაუტოვა.

ვუჩიჩმა ისარგებლა ოპოზიციაში არსებული განხეთქილებით. ის თავის სასარგებლოდ იყენებდა ნაციონალიზმს და საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით, კოსოვოს საკითხს. ის თავს სერბეთის ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოადგენდა; პოლიტიკოსად, რომელსაც შეეძლო დაბალანსებული ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთანაც და დასავლეთთანაც; სტაბილურობის გარანტად პოლიტიკურად რთულ რეგიონში. ეს ვუჩიჩს ეხმარებოდა საერთაშორისო ლეგიტიმურობის შენარჩუნებაში, მაშინაც კი, როდესაც შიდა დემოკრატიული ინსტიტუტები უარესდებოდა.

საბოლოოდ, მისმა პარტიამ ისეთი ზოგადი გარემო შექმნა, რომელშიც ოპოზიცია იყო განულებული. Freedom House-ი, მაგალითად, აღწერს ადგილობრივი არჩეული თანამდებობის პირების ვუჩიჩის პარტიაში, SNS-ში, გაწევრიანების შემთხვევებს მას მერე, რაც არჩევნები ჩაივლიდა ხოლმე. ასევე, საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და სოციალური დახმარების ბენეფიციარებზე ზეწოლის ფაქტებს. ვუჩიჩის პარტია სახელმწიფო რესურსებსაც სათავისოდ იყენებდა. საბოლოოდ, ყველა ხდებოდა მმართველ პარტიაზე დამოკიდებული ან ეკონომიკური სარგებლის ან დასაქმების, ანდა სხვა ტიპის ხანგრძლივი გარიგების მიზეზით.

Armin Durgut/AP

სტუდენტური საზოგადოების პროტესტი 2023 წლიდან დაიწყო. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დაწყებით სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოხდა. 13 წლის მოსწავლემ 9 თანასკოლელი და 1 დაცვის თანამშრომელი მოკლა. ამას წინ უსწრებდა ძალადობის წახალისების ნარატივი, რომელიც დიდხანს დომინირებდა სერბეთის პოლიტიკურ კულტურაში: რეალითი შოუები, რომლებიც პირად კონფლიქტსა და დამცირებას გართობად აქცევდა; ტაბლოიდები, რომლებიც ძალადობასა და პირად სკანდალებზე ამახვილებდა ყურადღებას; პოლიტიკური ინტერვიუები და დებატები, რომლებშიც შეურაცხყოფა და პირადი თავდასხმები წარმმართველი იყო. 2023 წლის მაისის ტრაგედიის შემდეგ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, აირინ ხანმა, მკაფიოდ გაუსვა ხაზი სერბულ საზოგადოებრივ დისკურსში სიძულვილით სავსე და განხეთქილების რიტორიკას; შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ უწყობდნენ ხელს პოლიტიკური ფიგურები და მედიასაშუალებები დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაციას. სწორედ ასეთი ექსტრემისტული ჯგუფის წევრები დაესხნენ თავს, მაგალითად, მწერალს და კულტურის ორგანიზაციისა და ფესტივალის, KROKODIL-ის ხელმძღვანელს, ვლადიმერ არსენიევიჩს წელს, ივლისში. 2019 წელს კი ტაბლოიდებმა კამპანია აუგორეს დამოუკიდებელი ტელეკომპანია N1-ის ჟურნალისტს, მიოდრაგ სოვილს, რომელმაც კითხვები დასვა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მამის მიერ იარაღით ვაჭრობის და ამ საქმესთან ვუჩიჩის კავშირის შესახებ. ჟურნალისტი პრეზიდენტისგან განმარტებებს ითხოვდა. მთავრობის მომხრე ტაბლოიდებმა კი სოვილს პირადი ფოტოები გამოუქვეყნეს და ის ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებლად წარმოაჩინეს. 

დაწვრილებით

„სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – მთელი 2023 წლის განმავლობაში საპროტესტო აქციები სწორედ ამ ლოზუნგით იმართებოდა, რამაც ოპოზიციაც გააერთიანა. ბოლოს, დეკემბერში, ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ჩატარდა დიდ ქალაქებში რაც, უდავოდ, პროტესტის მიღწევა იყო. გამოსვლები ამიტომ შეწყდა, თუმცა, მალევე გამოჩნდა, რომ არაფერი შეცვლილა – ვუჩიჩის რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩა, რაც დიდ იმედგაცრუებად იქცა ოპოზიციურად განწყობილი სერბებისთვის. 

ODIHR-ის დასკვნით, არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა SNS-ს სისტემური უპირატესობა ჰქონდა და ბოროტად იყენებდა სახელმწიფო რესურსებს. 

დეკემბერშივე მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც პროევროპულმა ოპოზიციურმა კოალიციამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ და სხვებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს, მაგრამ ამას დაერთო მმართველი პარტიისა და დომინანტური პოლიტიკური ძალების მხრიდან ოპოზიციაზე, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებსა და რეჟიმის საჯაროდ გამკრიტიკებელ ნებისმიერ ადამიანზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერება – ხშირი აბსურდული სასამართლო პროცესები, უსამართლო და არაადეკვატური ჯარიმები… 

ამ ყველაფერს ემატებოდა სავალალო მდგომარეობაში მყოფი მედიაგარემო. დაახლოებით 15-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის სერბეთში სოციალური ქსელები და სოციალური მედიაა პრიორიტეტული, თუმცა სერბეთის მოსახლეობა დემოგრაფიულად საკმაოდ ხანდაზმულია, ამიტომაც ტელევიზია იქ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რჩება. ხოლო სატელევიზიო მედიასივრცე გახლავთ პარტიის მიერ სრულად გაკონტროლებული. ადგილობრივი მედიასაშუალებები, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებდნენ სუბსიდიებსა და დაფინანსებას მაუწყებლობისა და საქმიანობის გასაგრძელებლად, სანაცვლოდ ხელისუფლების მაამებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ოთხი კომერციული ტელეარხიც, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზია აქვთ, მხარს უჭერდა ვუჩიჩს. 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ზეწოლა რამდენიმე დამოუკიდებელ ტელეარხზე, დამოუკიდებელ ყოველკვირეულ თუ საინფორმაციო გამოცემაზე.

კრიტიკულ მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებს მთავრობისადმი ლოიალური მედია ხშირად წარმოაჩენდა, როგორც სერბეთის მტრებს, უცხოელ აგენტებს, მოღალატეებს, დასავლური ინტერესების გამტარებლებს. 

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების გაკონტროლების ერთ-ერთი გზა თავად მედიასაშუალებების მმართველი სტრუქტურების შეცვლაც იყო. მაგალითად, პორტუგალიურმა საინვესტიციო კომპანიამ Alpac Capital-მა შეიძინა დამოუკიდებელი სატელევიზიო საინფორმაციო არხი N1, ტელეარხი Nova S, რომელიც პოლიტიკურ რეპორტაჟებზე და საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობდა, ასევე, სერბეთის ერთ-ერთი გამორჩეული და კრიტიკული გაზეთი Danas და საგამოძიებო და პოლიტიკური თემატიკის ყოველკვირეული ჟურნალი Radar. ამ შენაძენის უკან იდგა პედრო ვარგას დავიდი – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომლის მამაც, მარიო დავიდი, ვიქტორ ორბანის დიდი ხნის პოლიტიკური თანამოაზრე და მრჩეველია. ამ შემთხვევაში თავად მედიასაშუალებებში მომუშავე ადამიანების წინააღმდეგობა გამოდგა გადამწყვეტი. N1-ის, Nova S-ის, Danas-ისა და Radar-ის ჟურნალისტები აგრძელებდნენ ჟურნალისტურ გამოძიებებს კორუფციისა და ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დარღვევების შესახებ, უარს ამბობდნენ პოლიტიკური ხასიათის მითითებების შესრულებაზე. წელს მოხდა ასეთი შემთხვევაც, როცა N1-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, რატკო ფემიჩმა, საჯაროდ გააფრთხილა ყველა, რომ მისი რედაქცია არ დაუშვებდა გამოცემის პროპაგანდისტულ საშუალებად გადაქცევას. ჟურნალისტები მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში და თავად აწყობდნენ საპროტესტო აქციებს დაშინების, პოლიტიკური ჩარევისა და მედიაგარემოში არსებული უთანასწორო პირობების წინააღმდეგ. ამ მხრივ გამოირჩეოდა 2023 წლის მოძრაობაც „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც, მართალია, უფრო ფართო სამოქალაქო და პოლიტიკური დიაპაზონი ჰქონდა, მაგრამ მედიის თავისუფლებაც ისმოდა მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად. 

ნოვი სადის ტრაგედიიდან სტუდენტურ წინააღმდეგობამდე

2024 წელს მოხდა ცნობილი ტრაგედია ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურზე სახურავი ჩამოინგრა და 16 ადამიანი მოიყოლა. ამ დროიდან ისევ გააქტიურდა სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა, რომლის მიზანიც იყო სამართლიანობის აღდგენა: მათ სურდათ, გამოევლინათ ის მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ კორუფციაზე, ნოვი სადის ტრაგედიასა და, საერთოდ, ქვეყანაში ფესვგადგმულ სხვა პრობლემებზე, რადგან ხედავდნენ, რომ ნოვი სადში მომხდარი იყო ამ ყველაფრის მხოლოდ ერთი ემბლემატური გამოვლინება. 

თუმცა სახელმწიფომ არაფერი გააკეთა: არავის დაკისრებია პასუხისმგებლობა, საზოგადოებას არანაირი პასუხი არ მიუღია. როგორც ალექსანდრა კრისტიჩი ამბობს, საქმის გამოძიება რეალურად არ დასრულებულა. ზოგიერთი გარკვეული დროით დააკავეს, ზოგს შინაპატიმრობა შეუფარდეს, “თუმცა ეს არ არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ნორმალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ელოდე – საზოგადოებაში, სადაც სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა დამოუკიდებლად მოქმედებს და კანონის უზენაესობა დაცულია”. ამ მხრივ მთავარ პრობლემას კრისტიჩი რამდენიმე ფაქტორში ხედავს: 

„ყველა ინსტიტუტი სახელმწიფო ხელისუფლების გავლენას განიცდის. ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, არც მედიის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც იტყოდა, რომ კონკრეტული ქმედება კანონს ეწინააღმდეგება. არ გვყავს დამოუკიდებელი ომბუდსმენი, რომელიც მოქალაქეთა უფლებებს დაიცავდა. ამ ყველაფერმა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები წაახალისა: „ესე იგი, შეგვიძლია, რაც გვინდა, ის გავაკეთოთ და პასუხს არავინ მოგვთხოვს“.

გამოძიება თავდაპირველად ფოკუსირებული იყო რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციის, საპროექტო სამუშაოების, მშენებლობის ზედამხედველობისა და ტექნიკური ინსპექტირების პროცესებში შესაძლო დაუდევრობაზე. 2024 წლის დეკემბერში პროკურატურამ 13 პირს წაუყენა ბრალი. ყოფილი მინისტრი გორან ვესიჩი 2024 წლის ნოემბერში დააკავეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. გამოძიება გაგრძელდა, თუმცა თავდაპირველი მასშტაბი მნიშვნელოვნად შემცირდა.

კიდევ ერთი პრობლემა ტენდერს უკავშირდება. ნოვი სადის უნგრეთის საზღვართან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტისთვის, რომელიც ნოვი სადის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასაც მოიცავდა, კონტრაქტი 2018 წლის მაისში გაფორმდა, მაგრამ არ ჩატარებულა ტრადიციული, კონკურენტული საჯარო ტენდერი. ნებართვა სამუშაოს დაწყებაზე სერბეთსა და ჩინეთს შორის მთავრობათა შორისი შეთანხმების საფუძვლზე გაიცა. 

ასეთ ვითარებაში აქტიურდება სტუდენტური მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობდა, თუმცა, შემდეგ, ერთ მომენტში, თავად იქცა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად. პარადოქსი მომხიბვლელი იყო: მოძრაობა, რომელსაც ერთი ლიდერი არ ჰყავდა, საზოგადოების ხელმძღვანელობას იწყებდა. 

სტუდენტებმა ყოველგვარი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გვერდის ავლის იპოვეს გზა. მათ მთავარი პოლიტიკური კითხვები ადამიანების სახლების ზღურბლზე მიიტანეს და დასვეს. 

„ორი წლის განმავლობაში ვუყურებდით, როგორ მიდიოდნენ ძალიან ახალგაზრდა ადამიანები – მათ შორის ჩემი სტუდენტები – პენსიონერებთან სახლში. ხანდაზმულები კარს უღებდნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც მანამდე არასოდეს შეხვედროდნენ. ისინი პირველად საუბრობდნენ ერთმანეთთან და სტუდენტები უხსნიდნენ: „ის, რასაც ახალ ამბებში უყურებთ, სიმართლე არ არის. აი, რა მოხდა სინამდვილეში“.

ეს ახალგაზრდები არ იღლებოდნენ და არ ნებდებოდნენ. როდესაც ეკითხებოდი, დაიღალნენ თუ არა, აგრძელებდნენ სიარულს. დახეული ფეხსაცმლით დადიოდნენ, ფეხები სტკიოდათ, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდნენ.

ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ ამას აკეთებდნენ – ცდილობდნენ, საკუთარი გზავნილი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწვდინათ. როგორც კომუნიკაციისა და მედიის მკვლევრისთვის, ეს პროცესი ჩემთვის უაღრესად საინტერესო იყო. როდესაც კომუნიკაციის ყველა არხი ჩაკეტილია, გვერდის ასავლელი გზა უნდა იპოვო. ზოგჯერ ამისთვის ყველაზე ელემენტარულ მეთოდებს უბრუნდები – პირისპირ კომუნიკაციას, ადამიანებთან უშუალო ურთიერთობას“, – ამბობს ალექსანდრა კრისტიჩი.

მმართველი პარტია და მთავრობა ძალიან დააბნია ამ მიდგომამ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ, მთავარ და ტაბლოიდურ მედიაში ეპოვათ ვინმე, ვისაც პროტესტთან დააკავშირებდნენ, რომ შემდეგ “გასაშავებლად” თავს დასხმოდნენ. ხელისუფლებისთვის ხომ ყოველთვის უფრო ადვილია ერთ კონკრეტულ ადამიანზე თავდასხმა, ვიდრე მთლიან მოძრაობასთან დაპირისპირება, რადგან ამ შემთხვევაში გაურკვეველია, რეალურად ვინ დგას მოძრაობის უკან – ამ უჩვეულობით დაბნეული ვუჩიჩი მიუთითებდა, რომ მათ უკან „დიფ სთეითი“ იმალებოდა, მაგრამ მისმა ამ მტკიცებამ ფანტომებთან კომიკური ბრძოლის ელფერი მიიღო. სტუდენტური მოძრაობა უზარმაზარ პოლიტიკურ ძალად იქცა და ხელისუფლების საპირწონე ალტერნატივა შექმნა. 

ამჟამად ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა, ერთი მხრივ, ვუჩიჩის სერბეთის პროგრესული პარტიაა, ხოლო, მეორე მხრივ, სტუდენტების მიერ წარდგენილი საარჩევნო სია, რომელსაც „სტუდენტების სიას“ უწოდებენ. 

სტუდენტებმა თვითონ შეარჩიეს მათი აზრით პროფესიონალიზმით და პატიოსნებით გამორჩეული ადამიანები. ალექსანდრა კრისტიჩი ამბობს: 

„ამ დღეებში ბევრი უცხოელი ჟურნალისტი ჩამოდის და კითხულობს: „ვინ დგას ამ საარჩევნო სიის უკან? ვის წარმოადგენენ ისინი?“ პასუხია: არავინ. ეს სტუდენტური მოძრაობაა. სწორედ სტუდენტებმა შეარჩიეს ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო სიაში იქნებიან. თავად სტუდენტები პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგი მიდგომაა. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავად გვინდა შევარჩიოთ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას უხელმძღვანელებენ, მაგრამ ამ პროცესში პირადად არ ვმონაწილეობთ“.

სტუდენტურმა მოძრაობამ საუნივერსიტეტო სივრცეც შეცვალა. მას შემდეგ, რაც ხელოვნების ფაკულტეტის შენობის წინ სტუდენტებს ე.წ. ტიტუშკები მიუგზავნეს და აცემინეს, სტუდენტებმა პასუხად უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა მოითხოვეს. ბლოკადას სხვა ფაკულტეტებიც შეუერთდნენ. სწავლა თვეების განმავლობაში შეწყდა, სტუდენტების მხარდამჭერ პროფესორებს ფინანსური სანქციები დაუწესეს და ოთხი თვის განმავლობაში, ისედაც დაბალ ანაზღაურებაზე მომუშავე პროფესურას ხელფასის მხოლოდ 10%-ს უხდიდნენ.

სტუდენტებზე ძალადობის საქმეს პოლიციის არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. არც პროკურატურას და არც სასამართლოს უცდია იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებმაც სტუდენტებს სცემეს.

სტუდენტებმა ბლოკირება გამოცდების პერიოდის დასრულებისთანავე შეწყვიტეს და შესაძლებელი გახდა სასწავლო წლის ჩვეულ რეჟიმში დაწყება. მაგრამ მათ თქვეს: „რადგან ხელისუფლების ყველაზე პასუხისმგებლობიანი პირებისგან ამდენ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, ახლა არჩევნებს ვითხოვთ – ეს ერთადერთი გზაა“.

სტუდენტური მოძრაობა მასშტაბურ სამოქალაქო მოძრაობად გადაიქცა და მოვლენებიც ამის შემდეგ უფრო გაფართოვდა.

პოლიტიკურ ალტერნატივად გარდაქმნილი პროტესტი

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, როცა მასშტაბურ აქციას ვესწრებოდი, უკვე ვიცოდი, რომ ის სტუდენტებმა მოაწყვეს, ყოველგვარი ერთპიროვნული ლიდერის გარეშე, მაგრამ იდეისადმი მათმა ერთგულებამ თუ თავდადებამ მაინც ძალიან მომხიბლა, განსაკუთრებით ორგანიზებულობამ, რომელიც აქციის მთელ მსვლელობას და არაჩვეულებრივ წესრიგს ეტყობოდა ყოველი ქუჩის დასაწყისში და ბოლოში მობილიზებული ადამიანების ჯგუფებით, სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებით და ა.შ.

სოციალური მეცნიერებების სტუდენტი აქტივისტი მარკო მისი თაობის ერთ-ერთი ტიპური წარმომადგენელია. მასაც, მისი თანატოლების მსგავსად, გულწრფელად სჯერა, რომ სერბეთის შეცვლა შესაძლებელია: 

„ვგრძნობ, რომ სერბეთში ამჟამად რაღაც მართლაც მნიშვნელოვანი ხდება. დიდი ხნის განმავლობაში ზოგი ჩემი თანატოლი ფიქრობდა, რომ რეალურად არაფერი შეიცვლებოდა; რომ პოლიტიკა იყო ჩვენგან რეალურად შორს მყოფი სფერო, რომლის მმართველი ადამიანებიც ჩვენ არაფრით მოგვისმენდნენ. მგონი, ახლა ვიწყებთ იმის გააზრებას, რომ საზოგადოებას ჩვენ ვქმნით. არა მხოლოდ პოლიტიკური ცვლილების შესაძლებლობა, არამედ ხალხის ცნობიერებაში მომხდარი ძვრები იმედის საბაბს იძლევა. შესაძლოა, ყველაფერი ერთ ღამეში არ შეიცვალოს; მესმის, რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს პროცესი. სერბეთისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია, შესაძლოა, გარდამტეხი ეტაპიც კი. ეს ნიშნავს რწმენას, რომ საბოლოოდ გვაქვს შანსი, ავაშენოთ საზოგადოება, რომელიც უფრო დემოკრატიული, პასუხისმგებლიანი და მომავლის მიმართ უფრო გახსნილი იქნება. მჯერა, რომ ჩემი თაობა მზადაა, ეს პასუხისმგებლობა სერიოზულად აიღოს საკუთარ თავზე“.

„ვინც ახლა არ გაიღვიძებს, ის სამშობლოს კარგავს“

თუ თვალს მიადევნებთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, ნახავთ, რომ ყველა საპროტესტო მოძრაობის ეპიცენტრში ჯენზის წარმომადგენლები არიან. ცხადია, ახლა მსოფლიოსთვის გარდამტეხი მომენტია და ის ისეთი იქნება, როგორადაც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდება. მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ჯენზისთვის ის პოლიტიკური თუ მმართველობის სისტემა, რომელთაც მათ ჯიუტად სთავაზობენ ზოგ ავტორიტარულ ქვეყნებში? მათ ხომ მომავალში, ათწლეულების განმავლობაში მოუწევთ შედეგების ზიდვა. 

ამის საპასუხოდ ალექსანდრა კრისტიჩი ამბობს: 

„დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებდა შეკითხვა: რა ხდება ჩვენი ახალგაზრდების თავს? რა დაემართა ამ თაობას? ჩვენი სტუდენტები სულ ტელეფონებში იყურებოდნენ, ციფრულ მედიაში ცხოვრობდნენ და, თითქოს, პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებდათ. შემდეგ რაღაც მოხდა და უცებ აღმოჩნდა, რომ, თურმე, მათ ყველაფერი შესანიშნავად ესმოდათ და ზუსტად იცოდნენ, რა პროცესები მიმდინარეობდა“. 

სტუდენტებმა, როგორც ჩანს, აღმოაჩინეს, რომ ციფრულ ცხოვრებაში შეძენილი ჩვევები ფიზიკურ სამყაროშიც შეიძლებოდა გადაეტანათ, სადაც ჯგუფურ ჩატს კოორდინაციის სისტემად აქცევდნენ. ინტერნეტის მეშვეობით გაზიარებულ შეტყობინებას კი ჰქონდა იმის ძალა, წაეხალისებინა ახალგაზრდა, ქვეყნის მეორე ბოლოში წასულიყო, უცნობის კარზე დაეკაკუნებინა ან ხალხმრავალ მოედანზე საათობით მდგარიყო.

მათ ეყოთ ძალა, უარი ეთქვათ სისტემის მიერ ნაკარნახევ წესებზე. იყო ამ უარში რაღაც რომანტიკული, ოღონდ არა ილუზიების სამყაროში გაქცევით, არამედ ამბოხით.

სტუდენტებისთვის ამ გზაზე ერთგვარ ხიდად იქცა თაობა x, რომელიც ათეული წლებით ადრე იდგა საპროტესტო აქციებზე. ალექსანდრა კრისტიჩი ამბობს: 

„ჩემი თაობა მილოშევიჩის ავტორიტარული მმართველობის პირობებში გაიზარდა, შემდეგ დემოკრატიისთვის ვიბრძოლეთ და დემოკრატიული გარდაქმნებიც მოვიდა, მაგრამ 2003 წელს ჩვენი პრემიერ-მინისტრი მოკლეს, რამაც რეფორმების პროცესი შეაჩერა. ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, შედარებით დემოკრატიული მმართველობა გვქონდა, თუმცა 2012 წელს კვლავ ახალი რეჟიმი დამყარდა. ჩემი თაობა, მეტწილად, ინსტიტუტების გარდაქმნითა და 2000 წელს, მილოშევიჩის დაცემის შემდეგ, დემოკრატიული სახელმწიფოს თავიდან აშენებით იყო დაკავებული. ამასობაში ბევრი ადამიანი ქვეყნიდან წავიდა – ზოგმა მანამდე დატოვა სერბეთი, ზოგმაც ამ რეჟიმის პირობებში. ახალგაზრდებმა კი, რომლებიც ამ რეჟიმის დროს დაიბადნენ, მაგალითად, ჩემმა სტუდენტებმა, 2004-05 წლების თაობამ, არც კი იცოდნენ, რას ნიშნავს დემოკრატიისთვის ბრძოლა. ისინი უკვე ასეთ გარემოში მოხვდნენ. მე კი, 1979 წელს დაბადებულს, კარგად მახსოვს როგორც ტიტოს, ისე მილოშევიჩის დრო. 

თუმცა, რა თქმა უნდა, ის დემოკრატია, რომელშიც ეს ახალი თაობა დაიბადა, სრულფასოვანი არ ყოფილა, მეტიც, შეიძლება, მოჩვენებითიც იყო. ეს ასეა, რადგან ჩემი თაობა ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი დაწყებული ცვლილების ბოლომდე მისაყვანად – დავიღალეთ ქუჩის პროტესტებით. იმდენ აქციაზე ვმდგარვარ, სათვალავიც მერევა. მაგრამ დაღლა არ ნიშნავს გაჩერებას – ახლა პროფესორის რანგში ვუჭერ მხარს იგივე პროცესს – პროცესს, რომელსაც ახლა სტუდენტები მართავენ. ოცდახუთი წლის წინ ხომ მეც მათსავით ვიდექი ქუჩაში. დღეს შემიძლია, მხარში ამოვუდგე, როგორც წინამორბედი თაობის წარმომადგენელი, რომელიც, დიახ, შეიძლება, იმედგაცრუებულიცაა იმით, რომ ვერ შეძლო დემოკრატიის აშენება ისე, როგორც სურდა და წარმოედგინა.

ჩვენს ამოცანას ახლა ამიტომ ასე ვხედავ – სულ მცირე მაინც, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გზა გავუკვალოთ ახალ დემოკრატიას, რომლის შექმნასაც ვცდილობთ, ან იმ დემოკრატიულ დისკურსს, რომლის ჩამოყალიბებაზეც ყველა ერთად ვმუშაობთ – აქ ჯერ კიდევ არიან ჩემი თაობის ადამიანები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს გამოხატვის, შეკრების თავისუფლება და სამართლიანობისთვის ბრძოლა. ასე რომ, ყველაფერი შემთხვევითობის იმედად არ მიგვიტოვებია – ჩვენ კვლავ მზად ვართ ბრძოლისთვის“.

Andrej Isakovic/AFP 

საგულისხმოა, რომ სტუდენტების მოძრაობის მიმართ მხარდაჭერას სერბეთის ყველაზე ცნობილი ადამიანები გამუდმებით გამოხატავენ – ნოვაკ ჯოკოვიჩით დაწყებული, მარინა აბრამოვიჩით დამთავრებული, რომელმაც ახალგაზრდებს „მომავლის გმირები“ უწოდა.

ჯენზი არ არის ნიჰილისტების და ინდიფერენტულად განწყობილი ადამიანების თაობა. აღარც აქვთ ამის დრო. ისინი შესანიშნავად ახერხებენ, ერთმანეთს შეუთავსონ ფერადი სილაღე და შავ-თეთრი რეალობა და ამ რეალობაში მორალურად სწორი პოზიცია იპოვონ.

ზემოთ ერთგულება ვახსენე და ისიც ვიგულისხმე, რომ ახალგაზრდებმა გააცნობიერეს თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის წინაშე. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რა ძალას უნდა წაეყვანა ისინი არჩევნების დილას, ხმის მისაცემად, ორი-სამი საათის სავალ მშობლიურ ქალაქებამდე მაშინ, როცა წინა ღამით დაწყებული ნონსტოპ რეივ ფართიდან ბრუნდებოდნენ ცეკვისგან ლამის ტრანსში გადასულები. ასე შეძლეს, ალბათ, იმიტომ, რომ იციან, სიზარმაცე რეალურად შიშია, რომელიც ადამიანს გადაწყვეტილების მუდმივად გადავადებისკენ უბიძგებს.

არჩევნების წინა დღეს უნგრელი ზოფია და სერბი მარკო გავიცანი. მარკო ავსტრიაში ვუჩიჩის რეჟიმს გაექცა და ახლა საგანგებოდ ხმის მისაცემად ჩამოვიდა ბელგრადში. საღამოს, სანამ ერთმანეთს დავემშვიდობებოდით, ბალკანსკას ქუჩაზე ვიდექით და მოსალოდნელ პროგნოზებზე ვსაუბრობდით. ერთი რამ ცხადი იყო: რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო არჩევნები, ის იქნებოდა გრძელვადიანი შედეგი. მე კი შეხვედრის შემდეგ ის აზრი ამეკვიატა, თუ რა უცნაურად შევიყარეთ მაინც და მაინც სწორედ ამ სამი ქვეყნიდან ერთად – უნგრელი, რომელმაც თავისი პოლიტიკური არჩევანი უკვე გააკეთა და ავტორიტარულ სისტემას დააღწია თავი; სერბი, რომელიც თავისი მომავლის ყველაზე კრიტიკულ წერტილშია და ჯერ არ იცის, რა მოხდება ხვალ; და ქართველი, რომელიც ურთულესი პოლიტიკური ქარტეხილების ეპიცენტრშია და გაურკვეველია, საით წავა მომავალში.

ტესლას კოჭა

მეორე დღეს სანამ შედეგები გამოცხადდებოდა, მაინც ფრთხილი ოპტიმიზმი და ოდნავი დაძაბულობა იგრძნობოდა. შედეგების დათვლის შემდეგ, როცა გაირკვა, რომ სტუდენტების მხარდაჭერილმა სიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა, ხოლო ვუჩიჩმა მარცხი აღიარა, ქუჩები წამში ადამიანების ბედნიერების შეძახილებმა და ზეიმმა აავსო. ფერად ბოლთან ერთად, მღეროდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ცეკვავდნენ. ზოგჯერ გამვლელი მანქანების სახურავებიდან ადამიანები დროშებს აფრიალებდნენ და ყვიროდნენ. ამავე დროს, სერბეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა RTS-მა, რომლის ეთერშიც რეჟიმის მაკრიტიკებელი ხმა მანამდე პრაქტიკულად არავის გაუგია, ბოდიში მოიხადა წლების განმავლობაში გადაცემული ტყუილებისა და სიყალბეების გამო. თუმცა, ზეიმი – ზეიმად, ეს მოვლენები იმავე საღამოს წარმოქმნიდა რთულ კითხვებს: რა მოხდებოდა შემდეგ, როგორ აღდგებოდა ინსტიტუციები და შეძლებდა თუ არა საპროტესტო ენერგია ხანგრძლივ დემოკრატიულ ცვლილებად ქცევას.

სულ მაინტერესებს, როდის დგება ის გარდამტეხი მომენტი, როცა ყველა პასუხისმგებლობის შეგრძნებით იწყებს მოქმედებას. რა ლოგიკა მუშაობს ასეთ დროს?

ბელგრადიდან გამგზავრების წინა დღეს ტესლას მუზეუმში წავედი. გიდი მოკლემეტრაჟიან ფილმს გვიჩვენებს და ტესლას გამოგონებებზე გველაპარაკება. შემდეგ, გვერდითა დარბაზში, მის ერთ-ერთ გენიალურ გამოგონებასთან – ტესლას კოჭასთან მივყავართ – გამოგონებასთან, რომელიც საფუძვლად უდევს დღევანდელი მოწყობილობების მექანიზმების უმრავლესობას, მათ შორის უსადენო კომუნიკაციის მუშაობის პრინციპს. გიდი გრძელ, შუქდიოდურ სანათებს გვირიგებს. გვაფრთხილებს, ახლა რაც მოხდება, არ შეგეშინდეთო. შემდეგ დიდ კოჭას რთავს, რომელიც ელექტროენერგიას უკიდურესად მაღალი ძაბვისა და მაღალი სიხშირის დენად გარდაქმნის. მოწყობილობიდან თვალისმომჭრელი ელექტრული ნაპერწკალი გაიელვებს. შუქდიოდური ნათურები, რომლებიც ხელში გვიჭირავს, მოულოდნელად ნათდება იმის მიუხედავად, რომ არცერთ სადენთან არ არის დაკავშირებული. 

უცებ ვხვდები, რომ ლოგიკური კავშირი საპროტესტო მოვლენებსა და ტესლას კოჭას შორისაც არსებობს. კოჭა ენერგიას არაფრისგან არ ქმნის – ის, უბრალოდ, გარდაქმნის იმ პირობებს, რომელთა წყალობითაც ენერგია თავს ავლენს. 

ასევე, რევოლუციური წარმოსახვა სიცარიელიდან არ იბადება. ის ადამიანთა დაგროვილ იმედგაცრუებას, სურვილებს, მოგონებებსა და იმედებს კრებს და ძალად გარდაქმნის, რომელსაც ხილული სამყაროს შეცვლა შეუძლია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა