გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სერბეთი რუსეთი საქართველო პროტესტი აქციები აქტივიზმი ვლადიმირ არსენიევიჩი თამარ ბაბუაძე ინტერვიუ იუგოსლავია ხორვატია სლოვენია ბოსნია და ჰერცოგოვინა კოსოვო

სტუდენტური პროტესტი სერბეთში და მისი ქართული „წაკითხვა“

უხილავი ხაზი გადაკვეთილია. რა იქნება ახლა?

ინტერვიუ სერბ მწერალთან, კულტურის მუშაკთან და აქტივისტთან, ვლადიმირ არსენიევიჩთან, რომელიც სოციალურ-პოლიტიკური თემების გაბედული ანალიზით გამოირჩევა. მასთან საუბრისას სერბული პროტესტის განხილვა თანმხლები კონტექსტის გათვალისწინებით ვცადეთ - ქვეყნის უახლესი ისტორიის, დასავლეთ ბალკანეთში არსებული პრობლემური ურთიერთობების, ევროპასა და რუსეთს შორის ძალთა დისბალანსის ფონზე.

ვლადიმირ არსენიევიჩი ასოციაცია KROKODIL-ის პრეზიდენტია. „კროკოდილი“ თავს ასახელებს იმ სულ თითზე ჩამოსათვლელ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორის სერბეთში, რომლებიც კულტურისა და ლიტერატურის სფეროში მუშაობენ და ასევე, ერთგულნი რჩებიან დემოკრატიული კულტურის, სამოქალაქო აქტივიზმის იდეის და მოქალაქეთა შორის თავიანთი უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელების მიმართ.

2009 წელს დაარსებული KROKODIL-ი ბელგრადში მართავს ყოველწლიურ ლიტერატურულ ფესტივალსაც. მისი თავდაპირველი მიზანი მოიცავდა მხოლოდ რეგიონს - დასავლეთ ბალკანეთს და ცდილობდა დიალოგის, შერიგების, ჩამტვრეული ხიდების აღდგენის წახალისებას. თუმცა, შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევოპაშიც აღიარეს, როგორც სივრცე, სადაც მნიშვნელოვან კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე მსჯელობენ.

KROKODIL-ი საკუთარ თავს ასევე უწოდებს ანალიტიკურ ინსტიტუტს (‘think-and-do tank”-ს), რომელიც ერთგულად იცავს კანონის უზენაესობის იდეას; რომელიც არ ივიწყებს სერბეთის თავისებურ გეოპოლიტიკურ მდებარეობას და ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელობას, შესაბამისად, მხარს უჭერს სერბეთის ევროკავშირისკენ მოძრაობას.

KROKODIL-ი აკრონიმია, რომელიც ნიშნავს: ლიტერატურული რეგიონული თავყრილობა, რომელიც კურნავს მოწყენილობას და ლეთარგიას. 

ვლადიმირ არსენიევიჩის რომანები სერბეთის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების სიღრმისეულ ანალიზს შეიცავს. სადებიუტო რომანი, რომელმაც სერბეთში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც იუგოსლავიის დაშლის მტკივნეულ და ძალადობრივ პროცესს აღწერდა. მისი უახლესი რომანი "Spirits" 2024 წელს გამოვიდა, ხოლო „უკრაინული დღიური“ ასახავს KROKODIL-ის სამ ჰუმანიტარულ მისიას უკრაინაში.

...

თამარ ბაბუაძე: ახლა 7 თებერვლის პარასკევი საღამოა. სანამ ჩვენ ვისაუბრებთ, ადამიანები თბილისში კვლავაც ეცდებიან გამოითავისუფლონ დრო აქციაზე გასასვლელად. ათასობით ადამიანისთვის ეს უწყვეტ რიტუალად იქცა, რომელიც 28 ნოემბრიდან მოყოლებული ჯიუტად მეორდება. როგორია პროტესტის ყოველდღიურობა თქვენს ქალაქში?

ვლადიმირ არსენიევიჩი: სტუდენტები უწყვეტ, ყოველდღიურ პროტესტში იმყოფებიან. უნივერსიტეტები ოკუპირებულია. ხალხიც, ასევე, უწყვეტად, ყოველდღიურად იმეორებს ერთსა და იმავე რიტუალს: შუადღეს, 11:52-ზე, ზუსტად იმ დროს, როცა 1 ნოემბერს, ნოვი სადის რკინიგზის სადგურში სახურავი ჩამოინგრა და 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ანუ მოხდა ტრაგედია, რომელმაც პირველი ბიძგი მისცა ამ პროტესტს, ხალხი სადაცაა, იქ ჩერდება და 15 წუთის განმავლობაში უხმოდ, უმოძრაოდ დგას. დღე დღეს მისდევს და ერთსა და იმავე საათზე, დათქმულივით, ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა რუტინულ მოძრაობებში, ხალხი, უბრალოდ, ჩერდება. ამის ცქერა მართლა ძალიან მოქმედებს. სხვა მხრივ, 7 თებერვალი ერთ-ერთი იმ დღეთაგანია, როცა მეტი არაფერი ხდება, მაგრამ როცა უწყვეტია პროტესტი, ქმედებათა ასეთი დინამიკაც ნორმალურია: მძაფრ მომენტებს მოდუნება მოჰყვება, მერე ისევ სიმძაფრე... ხალხს ძალების აღდგენა სჭირდება და ეს საქართველოშიც გადასარევად გესმით.

..: პროტესტი ყველაზე მძაფრად ბელგრადსა და ნოვი სადში გრძელდება, თუ არის სხვა ადგილებიც? შეგიძლიათ პროტესტის ურბანული სურათი აღმიწეროთ, თითქოს, ვადგენთ რუკას?

..: მთავარი ცენტრი, დიახ, ორია: ბელგრადი და ნოვი სადი - დედაქალაქიდან 70 კმ.-ით დაშორებული სიდიდით მეორე ქალაქი და, ალბათ, ბელგრადის გარდა, ქვეყნის ერთადერთი ნამდვილი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიური ცენტრი. მაგრამ პროტესტის წერტილები სხვაგანაც არის. მაგალითად, ხალხი აპროტესტებს ნიშში, რომელიც სიდიდით მესამე ქალაქია სერბეთში და აპროტესტებენ სხვა, უფრო მცირე დასახლებებშიც. ზოგჯერ ქუჩები იკეტება, ზოგჯერ სხვადასხვა სიმძაფრის მოქმედებები ერთიანდება და უფრო მსხვილ, მასშტაბურ და მძლავრ სახეს იღებს. ძირითადად, მათ სტუდენტურ გაერთიანებები აორგანიზებენ.

ლოკაციები სულ იცვლება, თბილისივით არაა. მაგალითად, არის ერთი კომპლექსური გზაჯვარედინი ბელგრადში, სადაც ერთ წერტილში ერთმანეთს კვეთს უამრავი გზატკეცილი, ქალაქში შესასვლელ-გასასვლელი. როცა მას გადაკეტავ, ფაქტობრივად, ბელგრადთან დამაკავშირებელ ყველა გზას ჭრი. რეგულარულად იკეტება, მაგალითად, Nemanjina-სა და Kneza Miloša-ს ქუჩების კვეთა, სადაც, ერთ მხარეს, მთავრობის სახლია, მეორე მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქუჩის გადაღმა კი არის, ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის შენობა, რომელსაც გენერალშტაბს ვეძახით. ის იყო მთავარი სამხედრო შტაბ-ბინა, რომელიც 1999 წელს ნატომ დაბომბა და მას მერე არ აღუდგენიათ. ხალხი დემონსტრაციებს აწყობს სლავიას მოედანზე ან ტაკოვსკას ქუჩაზე, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელია. საერთოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხშირად იმართება აქციები, რადგან მთავრობა აკონტროლებს მედიას და ნაციონალურ მაუწყებელს.

საინტერესოა ისიც, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ბელგრადი და ნოვი სადი. სტუდენტებმა რამდენიმე ხნის წინ ბელგრადის უნივერსიტეტიდან დაიწყეს დიდი მსვლელობა ნოვი სადისკენ და ეს 70 კმ ბოლომდე დაფარეს. ეს მსვლელობა ხომ თავისთავად დიდი მიღწევა და შესანიშნავი პერფორმანსი იყო, მაგრამ გამოირჩეოდა იმითაც, რომ გზად პატარა ქალაქებსა და სოფლებში ჩერდებოდნენ. ხალხი ქუჩებში ეგებებოდა მათ, გამოჰქონდათ საჭმელ-სასმელი. აშკარა იყო, რომ მარშში მონაწილე სტუდენტები თბილ გრძნობებს იწვევდნენ საზოგადოებაში. ის, რაც თავიდან ჩანდა, როგორც მორიგი სტუდენტური პროტესტი, მოგვიანებით „გადაიღვარა“ სხვა სოციალურ ჯგუფებში და მოედო საზოგადოების სხვადასხვა შრეს; მართლა ყველას, იმდენად, რომ ანტისახელისუფლებო პროტესტს მხარი დაუჭირეს პენსიონერებმაც კი. ისინი ხომ ტრადიციულად პოლიტიკური კონსერვატიულობით გამოირჩევიან და თითქმის ყოველთვის ხმას აძლევენ მთავრობაში მყოფ პოლიტიკოსებს.

..: როგორც ჩანს, საზოგადოების კონსოლიდაცია თანდათანობით მოხდა, არა? რადგან ერთ-ერთ ანალიტიკურ ტექსტში, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებით იყო დათარიღებული, ავტორი წერდა უფროსი თაობის დისტანცირებაზე სერბეთის პროტესტისგან.

..: პროტესტის ტალღა უკვე ისე აზვირთდა, რომ მართლა რთულია, არ ცდუნდე. ვფიქრობ, ამაშია საქმე. ასევე, საზოგადოების გააქტიურებასთან კავშირში უნდა იყოს უზარმაზარი იმედგაცრუება, რომელსაც მთელი ერი განიცდის იმის გამო, რაც ბოლო ბევრი წლის განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში.

..: ბოლო რამდენი წლის მაინც? ჩვენ გვაქვს „სისხლიანი ცხრა წელი“, „ოცნების 12 წელი“. მაინტერესებს, როგორ იყოფა დრო იმედგაცრუებების მიხედვით თქვენთან.

..: მე რომ მკითხოთ... მართლა დროში მოგზაურობა მოგვიწევს. მოკლედ, 1980-ში უნდა დავბრუნდე, როცა პრეზიდენტი ტიტო გარდაიცვალა და მთელი იუგოსლავიური თვითდაჯერებაც ერთბაშად ჩამოიქცა. ქვეყანა ათასგვარი კრიზისის ქარტეხილში ჩაეფლო და ჩაეფლო სერიულად: ეკონომიკურ კრიზისს იდენტობის კრიზისი მოჰყვა, რადგან იუგოსლავია კომპლექსური და მულტიკულტურული ქვეყანა იყო. ჩვენზე დემოკრატიზაციის პროცესმაც ვერ მოახდინა სათანადო შთაბეჭდილება, არადა, ბერლინის კედლის დაცემის მერე, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ზვავივით ვრცელდებოდა დემოკრატიზაცია. ეს უძლურება, გაგვეგო მიმდინარე პროცესის მასშტაბი და შევერთებოდით გლობალურ ნაკადს, აშკარად მიანიშნებდა ჩვენს სნეულებრივ მდგომარეობაზე და ომებზე, რომლებიც წინ გველოდა. ცხადია, აღმოცენდნენ პოპულისტი, ნაციონალისტი პოლიტიკოსები, როგორიც იყო სლობოდან მილოშევიჩი სერბეთში, ფრანიო ტუჯმანი ხორვატიაში და ალია იზეთბეგოვიჩი ბოსნია ჰერცეგოვინაში, ასევე, სხვები. მათი უმრავლესობა „აპარატჩიკები“ იყვნენ (Merriam-Webster-ის ლექსიკონის მიხედვით ინგლისურ ენაში რუსულიდან ნასესხები ეს სიტყვა apparatchik - მომდინარეობს „აპარატიდან“, რაც „პარტიის მანქანას“ ნიშნავს. „აპარატჩიკი“ კი არის კომუნისტური პარტიის სისტემის ერთი „ჭანჭიკი“ - ეს უკვე ქართულ ენაში გავრცელებული დახასიათებაა, - რედ.). ტერმინი ხშირად უარყოფით ან იუმორისტულ კონტექსტში გამოიყენება დღესაც და იმთავითვე აღნიშნავდა პარტიის ბიუროკრატიის ბრმად მორჩილ მიმდევარს. დღეს „აპარატჩიკი“ შეიძლება მიუსადაგო მას, ვინც გაუაზრებლად ასრულებს ორგანიზაციის/ბიუროკრატიის დავალებებს. - რედ.). მათ სიტუაციას ალღო აუღეს და ნაციონალისტური ნარატივები შექმნეს. ამ ნარატივებს უნდა ვუმადლოდეთ ძალიან აგრესიულ ატმოსფეროს, რომელმაც 1990-იანი წლების განმავლობაში ქვეყანა გადაიყოლა.

შემდეგ გვქონდა საზარელი ომების ათწლეული[1], რაც 1999-ში იმით დასრულდა, რომ ნატომ სერბეთი და მონტენეგრო დაბომბა. როგორც იქნა, მილოშევიჩი ჩამოაგდეს... მართლა ბოდიშს გიხდით ამხელა შესავლისთვის, მაგრამ ეს ყოველივე იმდენად ურთიერთგადაჯაჭვულია, მათი განცალკევება თავადაც არ მინდა. ერთი სიტყვით, მილოშევიჩი საბოლოოდ 2000-ში გადავარდა მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ძალისხმევით, რომელსაც „5 ოქტომბერს“ ვეძახით, რადგან სწორედ ამ დღეს მოხდა ე.წ. რევოლუცია.

და, აი, დადგა მომენტი, როცა მივხვდით, რომ სერიოზული საბაბი გვაქვს ვიფიქროთ: ახალი ხანა მართლა იწყება. ეს განცდა საყოველთაო იყო, რადგან მთავრდებოდა დეკადაც, საუკუნეცა და ათასწლეულიც კი და, საბოლოოდ, მთავრდებოდა ომის გრძელი და მომქანცველი პერიოდიც.

მთელ ბალკანეთში ვგრძნობდით, რომ ვიმყოფებით განსაკუთრებულ მომენტში, როცა იწყება ახალი ათასწლეულის ათვლა, როცა მოვახერხებთ წარსული უბედურებები უკან მოვიტოვოთ და რაღაც ახალ რეალობაში შევაბიჯოთ - სწორედ ახლა ოცდამეერთე საუკუნისა და მესამე ათასწლეულის დამდეგს.

თუმცა, სინამდვილეში, ეს ჩვენი იმედები ვერასდროს განხორციელდა. ისინი უმალ გასვარეს პოლიტიკოსების სხვა ჯგუფმა - მათ, ვისაც გზნებარედ ვუჭერდით მხარს მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში, როგორც მილოშევიჩის ოპოზიციას.

სიტუაცია საკმაოდ სარისკო იყო ყველასთვის - მათთვისაც, ვინც ოთხმოცდაათიანებში უკიდეგანოდ მდიდრდებოდა და მათვისაც, ვინც იმავე წლებში ომის დანაშაულებებს და სისასტიკეებს სჩადიოდა. პრემიერ-მინისტრი ჯინჯიჩი, რომელიც ცდილობდა, რამე ეღონა და რომელსაც, სხვათა შორის, ნაყოფიერი სამუშაო ურთიერთობა ჰქონდა ჰააგის ტრიბუნალთან, ამ ჯგუფებმა 2003 წელს მოკლეს.

ეგ იყო, ჯინჯიჩის მკვლელობამ სპირალისებურად ჩაგვატრიალა შავ-ბნელ პერიოდში, რომლის გავლენებსაც დღემდე ვგრძნობთ მთელი ქვეყანა. თუ არ ვცდები, ბოლო 12 წელია, სერბეთს მართავს პროგრესივისტული პარტია, რომელიც სინამდვილეში ულტრამემარჯვენე „სერბული რადიკალური პარტიის“ წანაზარდია. ისე მოხდა, რომ ჩვენი პრეზიდენტია ალეკსანდარ ვუჩიჩი, რომელიც, მე რომ მკითხოთ, დიდი ხნის წინ უნდა წარმდგარიყო ჰააგის წინაშე, როგორც „რადიკალების“ მაღალჩინოსანი წევრი, როგორც იუგსლავიის ომებში მომხდარი უამრავ სისხლიან სიმხეცესთან უშუალოდ დაკავშირებული პირი - ვგულისხმობ დანაშაულებებს, რომელთა გამოც ის არასდროს გაუსამართლებიათ, რომ აღარაფერი ვთქვა ხელის შეშლაზე, საჯარო სამსახურში ემუშავა. დავანებოთ ამასაც თავი, ვუჩიჩი ერთგული პარტნიორია გერმანიისა და აშშ-სთვის, რომლებიც ნდობით აღსავსენი მონაწილეობენ მის ისტერიკულ პოლიტიკაში - ვგულისხმობ ერთდროულად ბევრ სკამზე ჯდომის გიჟურ თამაშს - სხვადასხვა პარტნიორისთვის სხვადასხვა ნარატივის შექმნის მცდელობას, ურთიერთობას რუსეთთან, როგორც საქვეყნოდ ცნობილია, ასევე, ჩინეთთან, ემირატებთან და ევროკავშირთან. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ყველა ეს მიმართულება მისთვის სასარგებლოდ მუშაობს.

ამავდროულად, ვუჩიჩის ეს თანდაყოლილი დესტრუქციულობა ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო აშორებს ჩვენს უშუალო რეგიონს, ვგულისხმობ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთს. ის სერბეთს წყვეტს მთლიან ევროპასაც, რადგან ქმნის ძლიერ ანტი-ევროპულ და ანტი-დასავლურ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე და, არსებითად, ჩვენს ახალგაზრდობაზე უსასრულოდ ზემოქმედებს.

მთელი ეს, რუდუნებით ნაგები რეალობა რომ არ ჩამოეშალოს, ვუჩიჩი მძლავრად აკონტროლებს მედიას და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მხარეს. თან საცოდაობაა იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს შექმნას საკუთარი პიროვნების კულტი, მაგრამ როგორ ვერ ახერხებს ამას წარმატებით - ზოგი იმდენად უბადრუკი თვისება აქვს.

ასე რომ, მთელი ამ პერიპეტიების თანხლებით ცხოვრება, მხიარული ნამდვილად არ ყოფილა ჩვენთვის. იარა, რომელიც ხალხის ცნობიერებას ამ მოვლენებმა დააჩნია, იმდენად ღრმა იყო, რომ ამ ბოლო პროტესტებსაც დრო დასჭირდა, სანამ მის სწორად განსაზღვრას შევძლებდით.

..: თუმცა, ეს არაა პირველი ასეთი მძლავრი პროტესტი. წინა წლებშიც არაერთი გამოსვლა უძღოდა მას.

..: დიახ, გვქონდა, რამდენიმე მასშტაბური პროტესტი, მხოლოდ ერთი შეხედვით არაპოლიტიკურ საკითხებზე, მაგალითად, ურბანული მოძრაობა სახელით Ne davimo Beograd („მოდი, ნუ ჩავძირავთ ბელგრადს“) 7-8 წლის წინ, რითაც მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევდნენ ბელგრადის სანაპირო ზოლის განაშენიანებას, ანუ პროექტს, რომლის კონტრაქტორებიც, სხვათა შორის, იყვნენ აბუ დაბიდან. გვქონდა ასევე ეკოპროტესტების მასშტაბური სერიაც, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა „რიო ტინტოს“ გეგმებს („რიო ტინტო“ წიაღისეულის მომპოვებელი გლობალური კორპორაციაა, რომელიც ორიენტირებულია წიაღისეულის მოძიებაზე, ამოღებასა და დამუშავებაზე, - რედ.). ჩანაფიქრი ასეთი იყო:

კომპანიას სერბეთში უნდა მოეპოვებინა ლითიუმი, რაც ძალიან სარფიანი გარიგება იყო გერმანიას და ჩვენს პრეზიდენტს, ჩვენს მთავრობას შორის. ეს გარემოება კიდევ მეტად ხსნის სერბების მაშინდელი პროტესტის მიმართ ევროკავშირის ფრთხილ რეაქციას განსხვავებით რეაქციისგან, რომელიც ევროპას საქართველოში მიმდინარე პროტესტებზე აქვს ხოლმე... და შემდეგ, როცა ბელგრადის დაწყებით სკოლაში, ორწლინახევრის წინ, მასობრივი მკვლელობა მოხდა (11 მოზარდი დახოცა მათმა თანატოლმა), ყველამ გააცნობიერა, რომ ამ 13 წლის ბავშვის ქმედება ერთი დაავადებული ფსიქიკის შედეგი კი არ იყო, არამედ ის პირდაპირ უკავშირდებოდა ძალადობის წამქეზებელი კულტურის უზომო გავლენას, რომელსაც თვითონ ხელისუფლება აღვივებდა. ხალხმა გააცნობიერა, რომ მთავრობა კვებავდა საზოგადოებას უკიდურესი ძალადობით, მოზარდები კი ყველაზე მოწყვლადნი არიან ხოლმე ასეთი გავლენების მიმართ. შედეგად, მაშინაც, უამრავი ხალხი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად როგორც ბელგრადში, ისე სხვა ქალაქებში. მოძრაობა გაერთიანდა სახელით Srbija protiv nasilja (სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ). ახლა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ შევძელით გადაგველახა უჩინარი ხაზი, რომლის იქითაც პროტესტი წინა შემთხვევებივით აღარ მინავლდება.

..: მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მინავლებაა, რასაც ხელისუფლება პროტესტისგან ელის, არა? ქართველ პროტესტანტებსაც ძალიან ღიად უთხრეს ეს.

..: მიზანი ესაა. ცდილობენ აკონტროლონ სიტუაცია ისე, რომ ზედმეტი აგრესია არ გამოიწვიონ. ქუჩებში ბევრ პოლიციელს ვერ შეხვდებით. სისტემის წარმომადგენლებთან დაპირისპირებებიც არ არის. დრო და დრო იფეთქებს ხოლმე ძალადობა, მაგრამ მართვადია პროცესი, იმდენად, რამდენადაც ეს აფეთქებები ბრაზს აღვივებს მხოლოდ, სხვას ვერაფერს ცვლის; ასე რომ, წინა შემთხვევებში რომ ვიყოთ, პროტესტი ამ დროისთვის უკვე იქნებოდა ჩამქრალი. ამ ქვეყანაში გვინახავს მასობრივი გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგალითად, 1996-97 წლის ზამთრის გამოსვლები, მაგრამ ის გამოსვლებიც კი ჩამქრალა. ახლა კი, ვფიქრობ, რომ ამ ზემოთ ხსენებული უჩინარი ხაზის მიღმა გადავედით და ვხედავთ იმას, რომ საპროტესტო ენერგია ისევ და ისევ მხოლოდ საზრდოობს საკუთარი თავით.

..: გქონდათ მოლოდინი, რომ ამას სტუდენტური ძალები მოახერხებდნენ? ანდა, თქვენი აზრით, რას ეფუძნება მათი მტკიცე და თანმიმდევრულად გამოხატული ძალა არა მხოლოდ წამოიწყონ პროტესტი, არამედ გაავრცელონ მისი მასშტაბი და გავლენა?

..: ისინი ამას ახერხებენ ძალიან კომპლექსური და მრავალშრიანი მგრძნობელობის წყალობით და მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო მეც, რომ დიახ, ეს პროტესტი ნამდვილად წამოიწყეს სტუდენტებმა და დიახ, მთელ პროცესს თავად მართავენ ძალიან ჭკვიანური სვლებით.

ჩვენ გვაქვს სტუდენტური მოძრაობებისა და პოლიტიკური პროტესტების ხანგრძლივი ისტორია, რომელიც 1968 წლიდან იწყება - სოციალისტური იუგოსლავიის დროიდან. შემდეგ, ამას ემატება სტუდენტური პროტესტების უცებ აფეთქებული და შესაბამისად განვითარებული სერიები 1991, 1992, 1966-97 და მერე 1999-2000 წლებში. თითოეული ამ პროტესტის მთავარი მახასიათებელი იყო ის, რაც შემდეგ, ასევე, თითოეულის დასრულების საბაბად იქცა: ერთი ან ორი ადამიანის ლიდერობა, რომელთა ამოცნობაც ხელისუფლებას არასდროს გასჭირვებია; და ყოველ ჯერზე, გამოაცალკევებდნენ ასეთებს, გამორიყავდნენ დანარჩენი სტუდენტური ძალისგან და გასვრიდნენ მათ. შედეგად, თითოეული პროტესტიც ზევიდან ქვევით მოძრაობის პრინციპით ირღვეოდა.

დღეს კი მსგავსი არაფერი ხდება. დღევანდელ პროტესტს არ ჰყავს გამორჩეული ლიდერი. მთელი ამ მოძრაობის სტრუქტურაა ზოგადად ამორფული, რის გამოც ხელისუფლებას უჭირს მტრის მოხელთება. ვინ ლიდერობს მოძრაობას, არ იციან, ხელშესახები არაფერი აქვთ, ვერ მიხვდნენ, სად გამოსდონ კაუჭი.

უამრავი ახალგაზრდა საუბრობს სტუდენტების სახელით, თითქმის ყოველდღე იცვლებიან, თან თითოეული მათგანი ძალიან მჭევრმეტყველად საუბრობს, მშვიდად, დინჯად, მაგრამ მტკიცედ და პრინციპულად. ესაა, რაც სიურპრიზად დაგვატყდა თავს. რადგან ამ ქვეყანაში, წლების განმავლობაში, მაინც ისე იყო, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავდით და ვისმენდით ახალგაზრდებისგან, გულს გვიკლავდა.

..: რატომ?

..: ძალიან გულისმომკვლელი იყო მართლა. ისინი იზრდებოდნენ, რათა ქცეულიყვნენ ახალგაზრდა კონსერვატორ ეთნო-ნაციონალისტებად, რომლებიც ბრმავდებოდნენ სახელმწიფოს შენებისას შეთხზული ნარატივებით, რომლებშიც წარსულის რომანტიკული სურათ-ხატები ჭარბობს. არადა, უმეტესწილად, ესაა წარსული, რომელსაც ამ ფორმით არასდროს უარსებია. ეს ახალგაზრდები კი, თითქოს, მტკიცედ გადაწყვეტდნენ ხოლმე, რომ არასდროს გამოემჟღავნებინათ კრიტიკული დამოკიდებულება იმ ბოროტებათა მიმართ, რომლებსაც მათი ქვეყნის სახელით უახლეს წარსულში სჩადიოდნენ სერბები.

პირველ რიგში, როცა ამ უკრიტიკო დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ჩვენი უშუალო მეზობლების მიმართ ჩადენილ მთელ რიგ ქმედებებს; ვგულისხმობ ომის დანაშაულებებს, გენოციდს, სხვადასხვაგვარ სისასტიკეს, რასაც სერბული მხარე 1990-იანების ომებში სჩადიოდა და რაც ამ ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობას დღემდე ართულებს. ეს ახალგაზრდები, თითქოს, გაიზარდნენ და იქცნენ ჩვენი ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებად, ოღონდ - იმ რეცეპტით, რაც ჩვენმა მმართველმა პოლიტიკოსებმა დაწერეს. ასე რომ, სამწუხაროდ, მხოლოდ ბიჭებზე რომ ვილაპარაკოთ, ერთადერთი სუბკულტურა გვქონდა, ისიც ფეხბურთის ჰულიგნებისა და ხშირად მათაც კი სახელმწიფო იყენებდა თავისი ბინძური, ქუჩური საქმეებისთვის ისევ სისტემის გასაძლიერებლად. ახალგაზრდების ეს ჯგუფები ასევე დაკავშირებულნი იყვნენ მაფიასთან. ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გაიარა ეს გზა.

და მთელი ეს დრო, სტუდენტები, რომლებიც ახლა ავლენენ სრულებით სხვაგვარ მგრძნობელობას, არ ჩანდნენ. ვერ მიუახლოვდებოდი მათ. ამიტომაც ბევრისთვის იყო მოულოდნელობა, რომ ისინი დღეს მართლა არიან აქ და რომ ისინი მომავალშიც აპირებენ დარჩნენ აქ და ძალისხმევა გასწიონ უკეთესი მომავლის შესაქმნელად, როგორც თავისთვის, ისე ჩვენი შვილებისთვის და საერთოდ ყველასთვის, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა.

და ახლა ყველას მათი იმედი აქვს. სწორედ მათ გამოავლინეს უზარმაზარი ენერგია, რომელიც მერე მოედო სხვებს. მე პირადად ამ ეგზალტაციას ვერ ვგრძნობ, რაც გინდა ვუჩიჩხინო ჩემს თავს, მაგრამ ზუსტად მესმის, რა აღაფრთოვანებს ხალხს. ვხედავ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს გაუჩნდათ ის, რასაც ხელს მოსჭიდებენ. და რა მშვენიერია, რომ ახალგაზრდებმა ეს მოახერხეს... ახლა, ძირფესვიანად რომც ვერ შეცვალონ ჩვენი წარმოდგენა ახალ თაობაზე, იმას მაინც მიაღწიეს, რომ ეს წარმოდგენები მათ შესახებ უფრო დეტალიზებული გახდა. რადგან ახლა ვაცნობიერებთ, რომ თაობები მითია. იმის თქმა მინდა, რომ ეს თაობა სულ აქ იყო, თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებით და ცხოვრების წესით და მათ ეს უბრალოდ ახლა დაგვანახეს. არიან ახალგაზრდები და პასუხისმგებლობით სავსენი, რაც ძალიან მაგარი კომბინაციაა.

..: მაინც მინდა მივუბრუნდე თავდაპირველ კითხვას: რას დააფუძნეს ახალგაზრდებმა პროტესტის ორგანიზების ცოდნა? ახსენეთ ტრადიცია, მაგრამ ტრადიციას ასევე შეიძლება ჰქონდეს განზიდვის ძალა, თან მთელი ეს წარსული პროტესტები მათ პირად გამოცდილებებს არ წარმოადგენს. სტუდენტების ძალაზე და მათ პოტენციურ ძალაზე, რასაც შეიძლება ავლენდნენ ამ პროტესტში, ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, ამიტომ მოდი, კიდევ ერთხელ, თუნდაც სტუდენტური პროტესტის ტრადიციის მნიშვნელობას მივუბრუნდეთ.

..: შეუძლებელია, მოენდომებინათ და არ გაეგოთ ამის შესახებ - ათასგვარი წიგნი და დოკუმენტური ფილმია. და ასეც მოიქცნენ. ერთი მასშტაბური დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან თავიანთი მოძრაობის ასაგებად, არის „ბლოკადის რეცეპტების წიგნი“ (Blokadna kuharica), რომელიც ხორვატიიდან, ზაგრების ფილოსოფიის უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტური პროტესტებიდან მოდის. ის, რომ ამ წიგნს ეყრდნობოდნენ, ასევე ასახავს გავლენების ძალიან საინტერესო რეგიონულ გადაკვეთას. წიგნი ძალიან კომპლექსურად აღწერს, თუ როგორ უნდა მოაწყო უნივერსიტეტის ბლოკადა. ერთხანს, სერბეთის ხელისუფლება ამ წიგნის გამოჩენას ახლანდელ პროტესტში იმისთვის იყენებდა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა - სერბ სტუდენტებს ხორვატიული მთავრობა აქეზებს, რომ მათ აქ თავიანთი ლეგიტიმური ხელისუფლება ჩამოაგდონ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მცდარი შეხედულებაა. თუმცა, ერთი რამ არის ცხადი - სტუდენტები აქ და იქ ერთმანეთს ცნობენ და აღიარებენ, როგორც ახალგაზრდა აკადემიკოსებს და არა როგორც ეთნიკურ სერბებს და ეთნიკურ ხორვატებს - ეს იდენტობები მათზე როგორც ჩანს ისეთ შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს.

ესეც კი ახლა გამოჩნდა, ამ პროტესტის განმავლობაში და მგონია, რომ ჩვენს რეგიონში ურთიერთობების პოზიტიურად გადალაგებასაც შეუწყობს ხელს. პირველ ძვრებს უკვე ვხედავთ, ხორვატებიც, ბოსნიელებიც და მაკედონიელებიც - ანუ ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდით, ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს სერბ სტუდენტებს. თუ, იყო დრო, როცა ვფიქრობდით, რომ ურთიერთობებს ვეღარასდროს აღვადგენთ, ახლა ჩანს, რომ ძალიან სწრაფადაც შეიძლება აღდგეს, თუ კეთილ ნებას ამჟღავნებ.

..: სერბულ პროტესტს მხარს უჭერენ რეგიონში - ასე, უბრალოდ, თუ აქვთ განცდა, რომ საერთო ან მსგავსი მიზნისთვის იბრძვიან სერბები?

..: პარალელებს ავლებენ და თავიანთ საზოგადოებებს ესაუბრებიან ამაზე. როცა ჩვენ აქ ვამბობთ სიტყვა „რეგიონს“, ყოველთვის „ყოფილ იუგოსლავიას“ ვგულისხმობთ. უბრალოდ, ასე აღარ მოვიხსენიებთ. თუმცა, ცნება „რეგიონშიც“ ორ ნაწილს ვგულისხმობთ. უფრო სწორად, თუ ბრიუსელს შეეკითხები, არსებობს დასავლეთ ბალკანეთი, რომელშიც რეგიონის ხუთი არაევროკავშირის წევრი ქვეყანა ერთიანდება და არის ასევე რაღაცა, რასაც არაოფიციალურად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა ჰქვია, რომელსაც ხორვატია და სლოვენია წარმოადგენს - ევროკავშირში ინტეგრირებული ჩვენი რეგიონის ნაწილი. არადა, ეს გამყოფი ხაზი ასეთი ხელშესახები სულაც არ არის. ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ. ყველაზე გაქანებული ნაციონალისტებიც კი ამ ზღვარს იოლად კვეთენ. თუ გადახვალ სერბეთიდან ხორვატიაში, ან ხორვატიიდან ბოსნიაში, ან ბოსნიიდან მონტენეგროში და ა.შ., საზღვარგარეთ გადასვლას ვერ იგრძნობ. ეს ერთი სივრცეა, ჩვენ ერთმანეთს ვცნობთ, ერთმანეთს ვაღიარებთ, ერთნაირი მგრძნობელობა გვაქვს, ენერგია და იუმორის გრძნობა.

გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს საერთო გვაქვს ენაც. ცხადია, რაღაცებში ერთმანეთს ვერ შევეჯიბრებით, მაგალითად, ცხოვრების სტანდარტს სლოვენიასა და კოსოვოს შორის, მაგრამ აბა, ვის აქვს საკმარისი მიზეზი საკუთარ ქვეყანაში თავი აბსოლუტურად ბედნიერად იგრძნოს? ამიტომ როცა ადამიანები აკვირდებიან მდგომარეობას სერბეთში, ადარებენ მას იმას, რაც მათთან ხდება და აცნობიერებენ, რომ შედარება ჩვენს შორის კვლავ შეიძლება; რომ შეგიძლია რაღაც ახალი ისწავლო საკუთარ საზოგადოებაზე, თუ დააკვირდები შენს მეზობლად მცხოვრებ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესს. და სწორედ ეს გვჭირდება ჩვენ. და რომ მკითხოთ, როგორც მწერალს, ზუსტად ეს მაღელვებდა იმ დროიდან მოყოლებული, როცა 1994-ში პირველი წიგნი დავწერე; და რომ მკითხოთ, როგორც კულტურის მუშაკს, ზუსტად ეს იყო ჩემი აქტივობების ღერძი იმ დროიდან მოყოლებული, როცა 2000 წელს გამომცემლობა „რენდე“ დავაფუძნე; და ახლაც, რომ მკითხოთ, როგორც ასოციაცია KROKODIL-ის პრეზიდენტს, და რომ ჰკითხოთ ყველას, ვინც KROKODIL-ის წევრია, ზუსტად ამას ვაკეთებთ 2009 წლიდან მოყოლებული. გვინდა გაგრძელდეს კომუნიკაცია რეგიონში და გვინდა, კიდევ უფრო განვითარდეს ეს კავშირი, რადგან გვესმის, რომ ერთმანეთი გვჭირდება იმისთვის, რომ კარგი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს. სტუდენტური პროტესტი სერბეთში ჩვენი ცხოვრების ზუსტად ამ კომპლექსურ ფონს გამოჰკვეთს და, ჩემი აზრით, ალბათ ეს იქნება მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მემკვიდრეობაც.

..: KROKODIL-ს რადგან უკვე შეეხეთ, ოდნავ განვავრცოთ. დაგჭირდათ თუ არა საქმიანობის გადასხვაფერება, რომ ადეკვატურად ჩართულიყავით პროტესტში?

..: არაფერი შეგვიცვლია, რადგან დრომ და გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ყველაზე ნაყოფიერად მაშინ ვმუშაობთ, როცა ვრჩებით იმ გარდამავალ სივრცეში, რომელიც კულტურულ და ლიტერატურულ აქტივობებს შორისაა და, მეორე მხრივ, სოციო-პოლიტიკურ აქტივიზმსა და ჰუმანიტარულ ღონისძიებებს შორის. სწორედ აქ ვგრძნობთ თავს სწორ ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ კომფორტულად ამ საზოგადოებაში მაინც ვერ ვართ, რადგან დიდია წნეხი. მაგალითად, ახლა იძულებულნი ვართ მოვიგერიოთ 28 სლეპი (სტრატეგიული სარჩელი საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ), სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს აქტივისტებსა და ჩვენს თანამშრომლებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვებრძვით სიძულვილის ენას, რომელთა ნიმუშებით გაჟღენთილია ჩვენი ქალაქის კედლები, ჩვენ კი ჩვენს მისიად ვაქციეთ ამ ნაგვის მოშორება.

გამოგვივლია მრავალმხრივი ძალადობა უკრაინაში და უკრაინისთვის მოფიქრებული აქტივობების გამო. სხვადასხვა პროგრამის გარდა, რომელთა საშუალებითაც უკრაინელებს ვუჭერთ მხარს, უკვე სამჯერ მოვაგროვეთ ჰუმანიტარული დახმარება და ომით დაზარალებულ უკრაინას ჩავუტანეთ. ეს კი ისეთი საქმეებია, სერბები პოზიტიურად ვერასდროს შეგიფასებენ. ჩვენ ათვალწუნებულნი ვართ იმის გამო, რომ ღიად ვუჭერთ მხარს კარგ და ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან - ანუ ჩვენს რეგიონთან. გვგონია, რომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჩამოვაყალიბოთ მთელი იმ უბედურებების შესახებ, რაც სერბეთმა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დაატეხა აქაურობას თავს და რისი შედეგებიც არასდროს გაუანალიზებია, არათუ აეღო პასუხისმგებლობა მომხდარზე. ასე რომ, ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც პოლიტიკას თვალის დახუჭვის პრინციპზე აგებს, ადვილი არაა მუშაობა. ზოგჯერ აბსურდულიც კი ხდება ყველაფერი. მაგალითად, რთულდება პოეტის მოწვევა, რომელიც აღმოჩნდება, რომ კოსოვოელი ალბანელია; მისი პოეზიის კითხვა ბელგრადში შეიძლება გახდეს მწვავე რეაქციების მიზეზი. ზოგჯერ მემარჯვენე განწყობების მქონე ხულიგნები მოდიან და ჩვენი შენობის კედლებზე ვანდალურ „ნამუშევრებს“ ტოვებენ. ზოგჯერ კი არა, ალბათ, ყოველდღე. იგივე მოხდა გუშინ - გავედით და ისევ ჩამოვფხიკეთ სიძულვილით სავსე მესიჯები.

..: ვინ არიან ისინი?

..: კამერებზე ყველას სახე ჩანს და ზოგჯერ ძალიან სევდიანია, როცა ხვდები, რომ ახალგაზრდები არიან, 17 წლის ბიჭები, დაახლოებით. უყურებ მათ და ხვდები, როგორ მიემართება მათგან ზევით აშკარა დამაკავშირებელი ხაზი იმ ადამიანებამდე, ვინც ამ ბიჭებს აქეზებს. ამ ხაზმა შეიძლება ქვეყნის უმაღლეს ეშელონებამდე აგიყვანოს. იგივეა ონლაინ - თავდასხმებისა და მუქარების კორიანტელი და კარგად მესმის, რომ ისინი ბოტები არიან, მაგრამ მათ დაწერილს ხომ ნამდვილი ადამიანებიც იზიარებენ.

უყურებ ამ ყველაფერს და უკვე იცი, როგორი ადამიანები იცეკვებდნენ შუასაუკუნეებში დანთებული ინკვიზიტორების ცეცხლის გარშემო.

ჩვენს ასოციაციაში ბევრი ქალი მუშაობს და შესაბამისად ბევრი მუქარა სექსუალურ ხასიათს ატარებს - გაუპატიურების, მოკვდინების შინაარსის მესიჯებს. ყველაფერს ვაგროვებთ, მიგვაქვს პოლიციაში, მაგრამ ქმედითი რეაქცია არსდროს მოჰყოლია ამ ამბავს. ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევაც გვქონდა, როცა ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოში ინტერვიუს დროს ჩვენი დირექტორის ტელეფონში საიდუმლოდ ჩატვირთეს მოსასმენი მოწყობილობა.

ამ სიტუაციაში ვმუშაობთ, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, რომ დიდი ძალისხმევა გვეხარჯება ფინანსური რესურსების მოძიებაზე. და ამ დროს კიდევ ეს ფუჭი და არაფრის მომცემი საქმეები - სასამართლოში სირბილი, სხვადასხვა მოსამართლესთან შეხვედრა და ახსნა, რატომ წაშალე კედლიდან უხამსი წარწერა. თან ადვოკატიც ხომ ფული ღირს, შენი დროც ხომ ფული ღირს, ბოლოს და ბოლოს.

ჩვენს საზოგადოებას ყველაზე კარგად რაც გამოსდის, მტრის ხატის შექმნაა, სულ სხვადასხვაგვარი მტრის. უბრალოდ ფანტასტიკის სფერო მგონია ის, თუ სად აღმოჩნდა სერბეთი 21-ე საუკუნეში. ყველა ჩვენი მტერია. ევროპაც და მთელი დასავლური სამყაროც. ერთადერთი მეგობარია - ფანტაზია რუსეთის შესახებ, ეს შეშლილი წარმოსახვა, რომელსაც აქ დიდი მონდომებით კვებავენ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის სოლიდური ნაწილი როგორც აღიქვამს რუსეთს, არაფერი აქვს ამ აღქმას საერთო რეალურ რუსეთთან - არც ახლა და არც ისტორიაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არის შეთხზული ოცნება დიდ მფარველზე, უფროს ძმაზე, რომელიც სერბეთს ყველა მისი მტრისგან დაიცავს. და სერბებიც ასაზრდოებენ ამ წარმოსახვას დიდი მონდომებით, ნელ-ნელა კვებავენ, სანამ რეალობას სრულიად არ ასცდებიან. და ახლა გვყავს კიდევ ერთი ასეთი დემონი ჩვენს ქვეყანაში, რომელთან დაპირისპირებაც გვიწევს.

..: მტრის ხატი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ჩვენთან მიმდინარე ბოლოდროინდელ პროტესტებში თვითკრიტიკულობის და თვითანალიზის სურვილი და მცდელობებიც ჩანს. მაგრამ სასამართლო სისტემის სხვადასხვა ასპექტს რომ შეეხეთ, ამაზე მომინდა მეკითხა: თქვენს ქვეყანაში სასამართლო სისტემას, უმეტესწილად, ენდობით (ჩვენგან განსხვავებით)?

..: ეგაა, რომ ჩვენ გეოპოლიტიკურად გაგვიმართლა. ევროკავშირის ქვეყნები გვაკრავს გარს. უამრავი საზარელი ამბავი, რაზეც ვარაუდობ, ან რაზეც ზუსტად იცი, რომ მოხდებოდა ბელარუსში, რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვა, უბრალოდ, შეუძლებელია მოხდეს სერბეთში. გვქონდა ანდრეი გნიოტის შემთხვევა, რომელიც სერბულმა მხარემ დააპატიმრა ბელარუსში ექსტრადაციისთვის. თუმცა, საბოლოოდ, გნიოტი ბელარუსს არ გადასცეს (თუ არ ვცდები, ახლა ის გერმანიაშია), მისი ეგიდით აქაური ბელარუსი სათვისტომო გამოვიდა და დაიცვა თანამოქალაქე. აპროტესტებდნენ იუსტიციის სასახლის წინ, იკრიბებოდნენ და გამოჰქონდათ ბანერები იმ ადამიანების სახეებით, რომლებიც ბელარუსის მთავრობის წინაარმდეგ გამოდიოდნენ, რომლებიც დააპატიმრეს და რომელთა კვალიც შემდეგ ციხის სისტემაში გაქრა. მაგალითად, შეიძლება წაიკითხო ამბავი 24 წლის ბელარუს გოგონაზე, რომელიც 625 დღეა იძებნება და ვერ პოულობენ. ანდა აიღეთ ნებისმიერი მოქალაქე რუსეთში, ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც გაბედავს და ზუსტი შესატყვისით აღწერს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინაში და „ომს“ დაარქმევს ამას. ასეთ ადამიანს 25 წლით გაგზავნიან ციმბირში, სახლიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით და მერე მასაც უკვალოდ გააქრობენ.

სერბეთში ასეთ შემთხვევებს ძალიან უმნიშვნელო მისდიმინორის კვალიფიკაციას ანიჭებენ. მაგრამ რადგან სერბეთი ოდნავ ტრაგიკომიკური ქვეყანაა, აქ ყველაფერი ასე ხდება: ისეთი დანაშაულისთვის, რაც რუსეთში ადამიანის გაქრობით მთავრდება, ჩვენთან გეტყვიან, რომ გადასახდელი გაქვს ჯარიმა 10,000 დინარი, რაც დაახლოებით 80 ევროა.

მაგრამ თუ ერთ თვეში გადაიხდი, 50 პროცენტს დაგიკლებენ. ასე რომ, ჩვენთან ასეთ საქმეებზე ჯარიმის გადახდაა მხოლოდ და ისიც სუპერმარკეტში ვაჭრობას ემსგავსება. მაგრამ ჩვენ ვამბობთ - არც მაგ დაკლებულს გადავიხდით, რადგან კედლიდან უბრალოდ ვაცლიდით სიძულვილის ენით სავსე ნაციონალისტურ გრაფიტის, რომელიც საჯარო შენობაზე არალეგალურად დააწერეს, თან ჩვენ შევეცადეთ და გრაფიტის წასაშლელად ნეიტრალური ფერის საღებავი გამოვიყენეთ - ისეთი ფერის, რომელიც შენობის პირვანდელ ფერს ადვილად შეერეოდა. ერთ-ერთი ბრალდება, რაც გავაპროტესტეთ და მოვიგეთ, ასეთი კაფკასებური იყო.

მასში ეწერა, რომ თეთრი საღებავის დატანის გამო თეთრ კედელზე ჩვენ გავანადგურეთ შენობის ზედაპირი. როგორ უნდა მოახერხო ეს? კარგი, მოვიგერიეთ ეგ ბრალდება. ძალისხმევა კი დაგვჭირდა, მაგრამ სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ თეთრი საღებავის თეთრ კედელზე დატანა განადგურება კი არა, ფასადის აღდგენაა და ამიტომ არ გადის მისდიმინორ საქმეთა შორის. სინამდვილეში ასეთი საქმეები იმისთვისაა მოგონილი, რომ ქანცი გაგაძროს, სული ამოგხადოს და გამოგფიტოს, ბრძოლის ენერგია რომ აღარ შეგრჩეს. მაგრამ ბელარუსს და რუსეთს რომ შეადარო, ჩვენი ბრძოლები, ცხადია, ძალიან უმნიშვნელოა, რასაც ახლა მე გიამბობთ. მაგრამ როცა დადიხარ ერთსა და იმავე წრეზე, ეცნობი მოსამართლეებს და მერე იმასაც ხვდები, რომ სასამართლო აბსოლუტურად უსისტემოა, აცნობიერებ, რომ დროს გაკარგვინებენ.

..: და აი, თავისდაუნებურად მივუახლოვდით რუსეთს და რუსეთის აღქმას. თქვენთან ახლა მიმდინარე პროტესტი რუსეთის მიმართ ამ დამოკიდებულებასაც ხომ ვერ შეარყევს?

..: ზედაპირულად როცა უყურებ, პროტესტში ჩართული ახალგაზრდები არც პრო-რუსები ჩანან და არც მაინცდამაინც ანტი-რუსები. დიდი სურათის ნაწილი რუსეთის საკითხი, უბრალოდ, საერთოდ არ ხდება. ვფიქრობ, რომ რუსეთის შესახებ დუმილის შენარჩუნება ინსტრუმენტია არასაჭირო დისკუსიის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება ყველაფერი სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ღმერთმა უწყის, მთელი ამდენი ადამიანი რას ფიქრობს რუსეთზე. არც ვიცი მათი პოლიტიკური დამოკიდებულებები რუსეთის შესახებ და არც მინდა, ჩირქი მოვცხო სტუდენტებს. კარგი ისაა, რომ ახლა არ ჩანს; რომ ეს მნიშვნელოვანი თემა მათთვის არ არის. მერე იქნებ საზოგადოებისთვისაც დაკარგოს მნიშვნელობა რუსეთმა. ეს კი კარგია. რადგან განუსაზღვრელ მასშტაბს აღწევს ტოქსიკურობა, რომელიც რუსეთმა გაავრცელა სერბეთში. ტკივილამდე განვიცდიდი ამას. ვერ ვიჯერებდი, რისი გავლა გვიწევდა წინა წლების განმავლობაში.

ამ ავადმყოფურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ რამდენიმეშრიანი ისტორიული ფონი უდევს. რუსეთის იდეალიზების ახალი ტალღა უკავშირდება 1990-იანებში გავრცელებულ უარყოფის პოლიტიკას. წამყვანი სერბული ნარატივი ისაა, რომ 1990-იანებში აქ, ჩვენთან არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა; რომ ჩვენთვის, წყნარად, ყვავილებს ვრწყავდით მაშინ, როცა სერბთმოძულე მეზობლები, ეს დემონები, საშინლად გვექცეოდნენ. და მერე, სად იყო და სად არა, გამოჩნდა ნატოც და სრულიად უმიზეზოდ მიწასთან გაგვასწორა... ამ ნარატივში საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოდგენა სასწაულებს ახდენს, მისი მოკლე ვერსია ასე ჟღერს: „ნატომ დაგვბომბა, მთელმა დასავლეთმა დაგვბომბა, რუსეთს არასდროს დავუბომბივართ, ჩინეთს არასდროს დავუბომბივართ. დამთავრდა ამბავი“. და მერე თუ მედიას აკონტროლებ, თუ ყველანაირი ნეხვით ადამიანებს ყოველდღიურად კვებავ, თუ ზრუნავ იმაზე, რომ შეინარჩუნო განათლების უბადრუკი დონე, როცა საზოგადოების სამოცი პროცენტი მხოლოდ ტექნიკურად არის წიგნიერი, ყველაფერს შეძლებ. ბეჭდური მედიის როლი გადამწყვეტია ამ პროცესში. ერთი წესიერი ყოველდღიური გაზეთი არ გვაქვს ამ ქვეყანაში. ყველა მათგანი ყოველდღიურად აწარმოებს სხვადასხვაგვარ მტერს და პირველ გვერდებზე ჰფენს. და მერე შეხედავ ადამიანს, მგზავრობს დილაადრიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მიდის სამსახურში და გაუშლია ეს იაფფასიანი ტაბლოიდი, რომელშიც ათასგვარ აბსურდსა და უხამსობას კითხულობს და საკუთარ შეხედულებად აქცევს, პირად აზრად, რითაც ხსნის სამყაროში მიმდინარე ამბებს.

ასე რომ, მანიპულაციაა ეს ყველაფერი. მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ უკიდურესად გაბერილი საჰაერო ბუშტია, რომელსაც შიგთავსი არ აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ შეუძლებელია ერთ რიგით სერბს რუსეთი ასე ანაღვლებდეს. არანაირ სიახლოვეში არ ვართ რუსეთთან. ისტორიულადაც ყოველთვის შორს ვიყავით მისგან. იუგოსლავიური თვითრწმენის დიდი ნაწილი ეფუძნებოდა სხვა ცნობილ ნარატიულ ხაზს - იმას, რომ 1948 წელს ტიტომ უარი უთხრა სტალინს. სოციალისტურ ხანაში ჩვენი სიამაყის საგანი იყო ეს. გვეამაყებოდა, რომ არ ვიყავით აღმოსავლეთ ბლოკის ნაწილი; რომ ჩვენ ჩვენი გზა გვქონდა, რომ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ღია იყო, ვიდრე იმავე პერიოდის სხვა სოციალისტური ქვეყნები. ეს ისაა, რაც ადამიანებს ახლაც ახსოვთ.

ხოლო ეს ლამის ეროტიკული მიზიდულობა რუსეთისკენ, როგორც უკვე ვთქვი, არის ლტოლვა, რომელსაც იმედგაცრუებული ერი განიცდის უფროსი ძმისადმი; ერი, რომელიც ციცაბო დაღმართზე თავქვე მისრიალებს და რაღაცას ეჭიდება, რომ გაჩერდეს. და აი, რუსეთი - მართლაც რომ ვერ უარყოფ, იმხელა ნაწილი სამყაროსი, და დაგიცავს, დიახ, ამას შეძლებს. მაგრამ ეს წარმოსახვაა.

ნებისმიერი რაციონალური გადაწყვეტილების მიღების დროს - მაგალითად, როცა რიგითი სერბი გადაწყვეტს, ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესოს, ვლადივოსტოკში ან რუსეთის რომელიმე სხვა ქალაქში კი არ მიდის, არამედ მიდის სტოკჰოლმში ან მიუნხენში. თუ სპორტული ფეხსაცმელი უნდა იყიდოს, „ნაიკის“ ირჩევს და არა რუსულ ბრენდს.

..: მე არ მოვყვები რუსეთის აღქმას საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა (ბოლო კვლევებით, 80 პროცენტი) და დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებს.

..: არცაა საჭირო, მითხრათ, რადგან უკრაინისგან ვიცი. და ზუსტად უკრაინელები დაიშოკნენ სერბების დამოკიდებულებით რუსების მიმართ. ვფიქრობ, რომ უკრაინელები სერბებს მეტწილად მეგობრებად, პოტენციურ მეგობრებად აღიქვამდნენ და ჩვენ უბრალოდ ძალიან დავაღალატეთ. პირველად, როცა „კროკოდილის“ წევრები უკრაინაში ჩავედით ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად და ეს 2022 წლის ივნისში გავაკეთეთ, საზღვარზე გაგვაჩერეს და ღამეც იქ გაგვათევინეს. თავაზიანად მოგვექცნენ, მაგრამ თან გვითხრეს, რომ სერბეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც კვეთდა უკრაინის საზღვარს, რუსულ მხარეს იბრძოდნენ. მერე, როცა ვიმოგზაურეთ უკრაინაში უზჰოროდიდან აღმოსავლეთ ნაწილებისკენ ამ უზარმაზარი ქვეყნის, რათა პირადად ჩაგვეტანა ჰუმანიტარული დახმარება ხარკივის პერინატალურ ცენტრში, გვაჩერებდნენ საგუშაგოებზე და ცუდად არც იქ გვექცეოდნენ ჩვენი სერბული პასპორტების გამო და ამ დროსაც თავს საშინლად ვგრძნობდით და მხოლოდ ერთს გვეკითხებოდნენ:

რატომ იქცევიან სერბები ასე? და მე ვპასუხობდი, არ ვიცი-მეთქი. და ისინი მეუბნებოდნენ, მართლა უნდა დაასახლო ეგენი რუსეთის მეზობლად ათი წლით მაინც და მერე კი გადაიფიქრებენ.

..: ბოლო დროინდელ ქართულ პროტესტში ძალიან მკაფიოდ ისმის ანტი-რუსული სენტიმენტი, როგორც ფუნდამენტი, ოღონდ, არა ეთნიკური სიძულვილის ჭრილში, არამედ, პირველ რიგში, როგორც ანტი-კოლონიზატორული სენტიმენტი და, იმავდროულად, პუტინის სტილის მმართველობის დაგმობა, ოლიგარქიული კაპიტალიზმის, უსამართლობის გაკიცხვა და არშეგუება. იქნებ, სერბმა პროტესტანტებმაც რაღაც ეტაპზე თავიანთი მოთხოვნები არსობრივად დაუკავშირონ იმას, რაც პუტინის რუსეთში დგას მწვავედ და რაც იქ ვეღარც კი გაპროტესტდება, რადგან ასეთი სივრცე აღარ არის.

..: მგონია, რომ სათანადო დასკვნებს გააკეთებენ თუ არა ახლა სერბები, რუსული პროექტი მაინც ისე მიინავლება ჩვენთან, კვალსაც არ დატოვებს. თუმცა, ჯერჯერობით ვხედავთ, როგორ თამაშობს ჩვენი ხელისუფლება ორმაგ თამაშს და როგორ ცეკვავს ერთდროულად პრო-რუსულ/არა-რუსულ ვალსს (იმ ფონზე, რომ უკრაინას თან შეიარაღებას და ამუნიციას უგზავნის და ჰუმანიტარულ დახმარებასაც არ აკლებს). ასევე, რამდენჯერმე მოაწყვეს უფრო ჩუმი, ნაკლებად გაშუქებული შეხვედრები ზელენსკისა და ვუჩიჩს შორის სხვადასხვა ფორუმზე. ქალბატონი ზელენსკიც ეწვია ქალბატონ ვუჩიჩს და მერე ერთად გახსნეს ბელგრადის საქალაქო ბიბლიოთეკაში უკრაინული კუთხე. სულ ხდება ასეთი ამბები, რადგან ჩვენს მთავრობას რაც საუცხოოდ გამოსდის, ერთდროულად რამდენიმე სკამზე ჯდომაა და იქიდან სხვადასხვა ნარატივის გავრცელება სხვადასხვა მიზეზით და სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით.

ჩვენთან მიმდინარე პროტესტებზე რაც მაწუხებს, ისაა, რაც ქართულ პროტესტებზე აღნიშნეთ: ამ მოძრაობას არ ეტყობა არანაირი პირდაპირი კავშირი პოლიტიკურ კლასთან. ეს, რასაკვირველია, მათ მაღალ ხარისხზე მეტყველებს - ესე იგი, არიან სუფთები. რაც კარგია, მაგრამ თან - არანაყოფიერიც. „ებრაელი დედა“ - ეს გამოთქმა ხომ იცით? როცა დედა ზედმეტად მზრუნველი და გადაფოფრილია შვილზე? მგონი, ცხოვრების იმ ფაზას მივუახლოვდი, როცა „ებრაელ დედას“ დავემსგავსე -- ყველაფერი გადასარევად მიდის, ვგულისხმობ, სტუდენტების პროტესტს, მაგრამ მაინც არ მასვენებს ეჭვი, რომ არაა კავშირი სტუდენტებს და მათ ინიციატივებს, საზოგადოებას, რომელიც ბედნიერი უერთდება პროტესტს მთელი თავისი ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით და ჩვენს დეპრესიულობამდე უნიათო პოლიტიკურ კლასს შორის. მეტიც, პოლიტიკურ კლასს ვერანაირ განვითარებას ვერ ვატყობ. ვხედავთ ნაციონალისტების ერთ ჯგუფს, რომელიც ნაციონალისტების მეორე ჯგუფს ეომება ძალაუფლებისთვის და სხვა არაფერი. მართლა არ ვამარტივებ. ასე რომ, როცა დრო მოვა და საჭირო გახდება, ამ სახალხო მოძრაობის წარმომადგენელი გახდეს ვიღაც, მას მოუწევს, გადალახოს ბარიერი და შევიდეს ინსტიტუციებში, რადგან ცვლილება იქ უნდა მოხდეს.

ამ დრომდე პოლიტიკური ოპოზიცია ძალიან პასიურობს, ჩუმადაა, რადგან იმედი აქვთ, რომ სტუდენტურ მოძრაობას დააშენებენ მერე საკუთარ ნაბიჯებს, მაგრამ რადგანაც ბრიყვებითაა სავსე იქაურობა, ამ დრომდე ვერ ხვდებიან, როგორ გააკეთონ ეს. ვფიქრობ, ახლანდელი ხელისუფლების მთავარი წარმატება ისაა, თუ როგორ შეძლეს ნამდვილი ოპოზიციის სრული ანიჰილაცია.

1990-იან წლებშიც კი, ყველაზე რთულ დროს, მილოშევიჩსაც კი ჰყავდა ძლიერი ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც იზრდებოდა და იზრდებოდა მთელი შემდგომი წლები. და სრულიად გასაოცარია, თუ როგორ შეძლო ვუჩიჩმა მთელი ეს ოპოზიცია სრულიად უმნიშვნელო ძალად ექცია. ვერც ვხედავ, რომ აღდგენას შეძლებენ.

ერთადერთი, რამაც შეიძლება სინამდვილეში გადაგვარჩინოს, ესპანური „პოდემოსის“ მსგავსი რამეა - რომ მოხდეს საოცრება და ჩვენი მწვანეთა და მემარცხენეთა ფრონტი უცებ ათჯერ გაიზარდოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ამ სტუდენტური მოძრაობის ფონზე (პოდემოსი პოლიტიკურ ძალად ესპანეთს 2014 წელს მოევლინა მაშინ, როცა აკადემიკოსების, ჟურნალისტების და აქტივისტების ნაწილი გაერთიანდა და გადაწყვიტეს „უკმაყოფილება პოლიტიკური ცვლილების“ საწინდრად ექციათ. სულ რამდენიმე თვეში შეძლეს მხარდამჭერთა მოპოვება და ევროპის პარლამენტში ხუთი ადგილის მოპოვება, - რედ.). მაგრამ ამას არ მოჰყვება სათანადო ინფრასტრუქტურა, ამიტომ არ ვიცი, როგორ წავა ამხელა პასუხისმგებლობის აღების პროცესი. თუმცა, სწორედ ესაა ერთადერთი პარტია, რომელიც სინამდვილეში ნამდვილად შეძლებს სტუდენტების მიერ დასახულ გაიდლაინებს მიჰყვეს. ყველა დანარჩენი პოლიტიკური ჯგუფი უბრალოდ სხვა სიხშირეზეა. გაუქმებულია. მწვანეთა და მემარცხენეთა ფრონტი კი უფრო შესამჩნევი გახდა წინასაპროტესტო ფაზაში, როცა გამოსვლები ეხებოდა ბელგრადის სანაპირო ზოლზე დაგეგმილ მშენებლობას და მერე, ამ ურბანული პროტესტიდან, რომელიც სინამდვილეში, რასაკვირველია, პოლიტიკური იყო, მწვანეთა და მემარცხენეთა ფრონტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ამის თანმდევ ეკოპროტესტებშიც.

ახლაც, ისინი ძალიან არიან დაკავშირებული საპროტესტო მოძრაობასთან, მაგრამ ჯერ საკმარისად არ გაზრდილან. მათ აქვთ გარკვეული პოზიციები ადგილობრივ მთავრობებშიც, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, მაგრამ როცა პარლამენტზე მიდგება საქმე, ვერ ვხედავ სცენარს, რომელშიც ასე სწრაფად გაზრდას და პასუხისმგებლობის აღებას შეძლებდნენ. ესაა მომენტი, როცა ჩემს ოპტიმიზმს ჩემივე შიში მოერევა ხოლმე - ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ეს მოძრაობა რაღაც ხელშესახებ ცვლილებად იქცეს. და მე რისიც მეშინია, იმის იმედი აქვს პრეზიდენტსა და ახლანდელ მთავრობას. რომ რასაც ახლა საზოგადოება აკეთებს, მის რეპრეზენტაციას ვერავინ შეძლებს.

პარლამენტარიზმის დასაბამიდან დღემდე სერბეთში, სულ მიჭირდა სათანადო პოლიტიკური რეპრეზენტატორი ამერჩია. ამიტომ სულ ცხვირაბზუებული ფრანგივით ვაძლევდი ხმას არჩევნებში - სინამდვილეში მძულდა პოლიტიკა იმ ხალხისა, ვისაც ავირჩევდი ხოლმე.

..: და მაშინ რა არის მაქსიმუმი მიზნებისა, რისი მიღწევაც სურთ დღეს პროტესტში ჩართულ სერბებს?

..: ვფიქრობ, რომ სტუდენტები რაღაც ძალიან კომპლექსურ თამაშს ეთამაშებიან მთავრობას. მათ არ მოუთხოვიათ პრეზიდენტის გადადგომა, არც პოლიტიკური მეინსტრიმის ცვლილება, არ მოთხოვიათ არაფერი რევოლუციური. მათ უბრალოდ სურდათ პასუხისმგებლობა და სამართალი დამდგარიყო ნოვი სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ჩახმახს რომ გამოჰკრავ ხელს, მთელი ბანქოს სახლი ჩამოიშლება.

ასე რომ, მგონი, პირველად დგას მომენტი, როცა ჩანს, რომ პოლიტიკურ მიზანს შეიძლება მიაღწიო პოლიტიკური მოთხოვნის პირდაპირ დაყენების გარეშე, რაც, ჩემი აზრით, ამ პროტესტის მთავარი ძალაც არის. მაგრამ თან რაღაცებისგან განზე დგომას ირჩევენ და სწორედ აქ ვხედავ მთავარ სხვაობას ქართულ და სერბულ პროტესტებს შორის.

ქართული პროტესტი უკანდაუხევლად პრო-ევროპული და ანტი-რუსულია. სერბული პროტესტი რუსეთს მთელ ამ სურათში საერთოდ არ სვამს, მაგრამ ამავდროულად რბილად რომ ვთქვა ამბივალენტურად უმზერს ევროკავშირს. და სავარაუდოდ ზოგიერთი მათგანი, ანდა ბევრი მათგანიც, ზუსტად არ ვიცი, ევროკავშირის მოწინააღმდეგეც არის. უბრალოდ, ამას არ გეტყვიან.

..: ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობების ერთ-ერთი მასაზრდოებელი მიზეზი ხანგრძლივი დროით კანდიდატის სტატუსით ცხოვრება და თანხმლები იმედგაცრუებაცაა?

..: ვფიქრობ, „რიო ტინტოსთან“ დაკავშირებულმა პერიპეტიებმა ევროკავშირის საწინააღმდეგო სენტიმენტები ხელახლა შვა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რადგან მათ მიეცათ დამატებითი მიზეზი ეფიქრათ, რომ ევროპაში ჩვენ კოლონიად აღგვიქვამენ. იქნებ, ევროპას მოვწონვართ მხოლოდ ჩვენი ნედლი წიაღისეულის გამო - იმის გამო, რომ აქ მოპოვებით დაკავდნენ და რასაც აქ ამოიღებენ, სხვაგან, საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენონ, იქნებ მხოლოდ ამისთვის... - ასეთი იყო ფიქრთა წყობა. და მოჰყვა კიდეც „რიო ტინტოს“ პროექტს დიდი ხმაური და ამ მასობრივი დაპირისპირების ფონზე შეჩერდა.

უცებ დავინახეთ, რომ მაღალი რანგის ევროკავშირის პოლიტიკოსები ჩამოდიოდნენ მოლაპარაკებებზე და აშკარა იყო, რომ ეს რაღაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ვფიქრობ, რომ ეკოპროტესტებმა სწორად გააკეთა ის, რომ ხაზი გაუსვა, ყველაფერი არ კეთდებოდა ჩვენი ბუნების დასაცავად. ამიტომ ამ პროტესტს მხარს უჭერდა არა მხოლოდ ისინი, ვინც ევროკავშირის მოწინააღმდეგენი არიან, არამედ ისეთებიც, ვინც ევროკავშირის მომხრეები არიან, ჩემი ჩათვლით. მაგრამ ახალგაზრდებისთვის, რადგან მათი მეხსიერება ძალიან მოკლეა, ევროკავშირი გამოჩნდა, როგორც ძალიან შორეული და ცივი რამ, რომელსაც დიდად სულაც არ ვჭირდებით. და არც სერბული პოლიტიკა ყოფილა ისეთი, რომ მკაფიოდ და დაბეჯითებით დაეზღვიათ აზრი, რომ ნამდვილად, გულწრფელად, ავთენტურად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ და რომ მათ მართლა სურთ, გახსნან ქვეთავები, რაც ევროკავშირისკენ გზაზე წინ გველის. ორივე მხრიდან ეს იყო ტაქტიკური სვლებით სავსე თამაში. სწორედ ამგვარ ატმოსფეროში გაიზარდა ახალი თაობა. და რა გასაკვირია, რომ აბნევთ ეს ყოველივე.

და ახლა, როცა ამ პროტესტს უძღვებიან, არ განიხილავენ ევროკავშირს, ცდილობენ საერთოდ განზე გადგნენ პოლიტიკური პარტიებისგან, რაც გარკვეულწილად გასაგებია, მაგრამ არც მაინცდამაინც ჭკვიანური.

ასევე, დისტანციას ირჩევენ მთელი სამოქალაქო საზოგადოებისგანაც. მაგალითად, ჩვენ, ასოციაცია KROKODIL-ი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, მაინც ვართ უშუალო კავშირში პროტესტში მონაწილე სტუდენტებთან, ვაწვდით საკვებს, გამაგრილებელ სასმელებს და ისინიც ამ დახმარებას ჩვენგან იღებენ, მაგრამ სასაუბრო დონეზე მაინც დისტანციაა. არასამთავრობო სექტორი, დღიდან მისი დაბადებისა, დემონიზებულია. და ეს ახალგაზრდების შეხედულებებზეც აისახება.

..: მაშინ შესაძლოა, გეცნოთ ასევე 90-იანებიდან ჩვენთან გავრცელებული ტერმინი „გრანტიჭამია“ - ამითაც მიხვდებით ვითარების სირთულეს საქართველოში.

..: სერბეთში დღემდე პოპულარულია მითი ჯორჯ სოროსის სატანისტური პერსონაჟის შესახებ, რომელიც სერბულ არასამთავრობოებს უზღვავი ოდენობის დოლარებით ამარაგებს, რადგან ასე შეძლოს ლოკალური პოლიტიკის ძირის გამოთხრა ნეოლიბერალური გლობალისტური დღის წესრიგის სასარგებლოდ. არასაკმარისია ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაცია და ეს არასაკმარისი ცოდნა მომდინარეობს ზემოთხსენებული ნეგატიური პროპაგანდიდან, რომელიც უკვე საშიშად დიდი ხანია, კვებავს ადამიანთა გონებას.

ჩვენი საზოგადოების ეს ტრენდები სტუდენტობაზეც აისახება. ისინი ამ ყველაფერში გაიზარდნენ და უკრიტიკოდ გაითავისეს ბევრი ტყუილი. მაგრამ კარგია თუ ცუდი, ახლა სწორედ ისინი თამაშობენ ამ მთავარ თამაშს, რომელშიც ჯერჯერობით თავს არიდებენ საჭირო პრობლემატურ განხილვებს.

მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ უყურებ მათ - რამდენად იწამებ მათი შესაძლებლობების. იქნებ, ყველაფერი, რასაც აკეთებენ, ჭკვიანურია, ანდა, იქნებ, ზოგი რამ ნიშნავს იმას, რომ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ რაღაცებს აღიარებენ. თუმცა, სამუდამოდ ხომ ვერ აუვლიან გვერდს? დრო მოვა და დასჭირდებათ მეტი სიმამაცის გამომჟღავნება, რათა თვალებში ჩახედონ საკითხებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური მეინსტრიმისთვის პოპულარული საერთოდ არ არის.

______________________________

[1] იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერალურ რესპუბლიკაში შედიოდა ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და სლოვენია. ასევე, ორი ავტონომიური პროვინცია კოსოვო და ვოევოდინა სერბეთის რესპუბლიკაში.

კომუნიზმის კოლაფსი და ცენტრალური მთავრობის შესუსტება, მძაფრი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და სამხედრო ნაციონალიზმის გავრცელება - ასე შეიძლება შეჯამდეს პერიპეტიები, რომლებშიც დიდ როლს თამაშობდნენ პოლიტიკური პარტიები, ერთი მხრივ, იუგოსლავიაში შემავალი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის მოთხოვნითა და ნაციონალისტური რიტორიკის გავრცელებით, მეორე მხრივ კი, ფედერაციის ფარგლებში გარკვეული რესპუბლიკებისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭების ამბიციით.

1991 წელს, როცა იუგოსლავიის დაშლა დაიწყო, სლოვენია და ხორვატია უკვე ადანაშაულებდნენ სერბეთს იმაში, რომ ის დომინატურ როლს კისრულობდა იუგოსლავიის მთავრობაში და სამხედრო და ფინანსურ არსენალსაც უსამართლოდ ჭარბად განკარგავდა. სერბეთი კი ამ ორ რესპუბლიკას ბრალს დებდა სეპარატიზმში.

დამოუკიდებლობა სლოვენიამ გამოაცხადა 1991 წლის 25 ივნისს, რასაც იუგოსლავიის სახალხო არმიის (JNA) შეჭრა მოჰყვა ამ რესპუბლიკაში. სამხედრო ინტერვენცია სლოვენიელთა გამარჯვებით დასრულდა და ის ათდღიანი ომის სახელით დარჩა ისტორიას.

ხორვატიაში კი, რომელმაც დამოუკიდებლობა იმავე დღეს გამოაცხადა, როცა - სლოვენიამ, პროცესი გაცილებით უფრო სისხლიანი აღმოჩნდა. ამის მიზეზი იყო ხორვატიაში მცხოვრებ ეთნიკურ სერბთა უმცირესობა, რომელიც იუგოსლავიის ფარგლებში დარჩენას ითხოვდა. ისევ JNA-სადა სერბების დახმარებით, ხორვატიელი სერბები აჯანყდნენ, ქვეყნის მესამედ ტერიტორიაზე გამოაცხადეს პრეტენზია, როგორც დამოუკიდებელ სერბულ სახელმწიფოზე, საიდანაც ყველა არასერბი ძალადობრივად განდევნეს. ამ პროცესს ეთნიკური წმენდის კვალიფიკაცია მიენიჭა. 1991 წლის მეორე ნახევარში სერბეთის სამხედრო ძალებმა საარტილერიო შეტევით უძველეს ქალაქ დუბროვნიკს დაარტყეს და ალყაში მოაქციეს და შემდეგ გაანადგურეს ვუკოვარი.

საომარი მოქმედებები 1995 წლის ზაფხულამდე არ შეწყვეტილა. სწორედ ამ დროს შეძლო ხორვატიამ იურისდიქციის აღდგენა თავის ტერიტორიაზე, ათობით ათასი სერბმა კი იქაურობა დატოვა.

ყველაზე სისხლიანი და მტკივნეული იუგოსლავიის დაშლის პროცესში ბოსნია ჰერცოგოვინაში საომარი მოქმედებები იყო 1992-1995 წლებში. ამ ცენტრალურ იუგოსლავურ რესპუბლიკას მართავდა მთავრობა, რომელშიც შედიოდა 43 პროცენტი ბოსნიელი მუსლიმი, 33 პროცენტი ბოსნიელი სერბი, 17 პროცენტი ბოსნიელი ხორვატი და სხვა. რესპუბლიკის მიერ არჩეული სტრატეგიის გამო, მასზე ძალაუფლების მოპოვება სერბეთმაც მოინდომა და ხორვატიამაც. შესაბამისად, რესპუბლიკა სამმხრივი სისხლიანი ბრძოლის არენად გადაიქცა. ის შეეხო ყველა ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოქალაქეს - უამრავი ადამიანი დაიხოცა და გახდა ომის სასტიკ დანაშაულებათა მსხვერპლი. ომის განმავლობაში მოქმედებდა სამხედრო დანაშაულებებით განთქმული დაკავების ცენტრები. ბოსნიელი ქალები სისტემატური გაუპატიურების სამიზნე ხდებოდნენ. ეს მოქმედებები მოიცავდა ბოსნია ჰერცოგივინის სხვადასხვა მხარეს, თუმცა, ერთი კონკრეტული ლოკაცია, სადაც განსაკუთრებული სისასტიკე დაფიქსირდა, იყო ბოსნიური ქალაქი სრებრენიცა - გაეროს მიერ სამშვიდობო ზონად გამოცხადებული არეალი, რომელსაც 1995 წლის ზაფხულში ბოსნიელი სერბი მეთაურის რატკო მლადიჩის ხალხი დაესხა თავს. ივლისის პირველ დღეებში ქალები და ბავშვები განდევნეს, ხოლო რვა ათასზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი და მოზარდი ბიჭი დახოცეს. ამ სისასტიკეს გენოციდის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.

იუგოსლავიური კონფლიქტის შემდეგი ფაზა ეხება კოსოვოს 1998-99 წლებში, როცა სერბეთისგან გამოყოფა ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა თემმა მოინდომა. კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის (KLA) ქმედებათა ჩასახშობად სერბეთმა სამხედრო შენაერთები გაგზავნა. თუმცა, ამ პროცესში მიზანში იღებდა იმ ზონებსაც, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა - საარტილერიო დარტყმებს აყენებდა სოფლებს და კოსოვოელ ალბანელებს სდევნიდა. მას შემდეგ, რაც 1999 წელს რამბუიეს სამშვიდობო მოლაპარაკებები მარცხით დამთავრდა, ნატომ 78-დღიანი სამხედრო კამპანია განახორციელა კოსოვოსა და სერბეთზე. პასუხად, სერბებმა კოსოვოელ ალბანელთა დევნა გააძლიერეს. თუმცა, საბოლოოდ, სერბეთის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა საჯარისო ნაწილების გამოყვანა დაიწყო, 1999 წლის ივნისში კი დათანხმდა, კოსოვოს ადმინისტრირება საერთაშორისო ძალებით წარმართულიყო. 

გაერომ 1992 წლის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება იუგოსლავიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიებაზე. 1994 წლის 25 მაისს დაიწყო საერთაშორისო დანაშაულებათა ტრიბუნალი, რომლის სამოქმედო გეგმაც სამ ნაწილად გაიყო და დაიწყო დაკავებებიც. თუმცა, პროცესი დასრულებული არ არის.

წყარო: ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა