დისტოპიური საქართველოს ფენომენოლოგია: გადაწყვეტილება და სიგიჟე
„უმაღლესი ადამიანური სათნოებაა, რომ
გაბედო ლიმიტირებული ცოდნიდან მოქმედება.“
რობერტ ფროსტი
შესავალი
2019 წელს დისტოპიური საქართველოს კარტოგრაფიაში ვწერდით, რომ მთავარი საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრება იყო „ცენტრალიზებული რუსული მმართველობა, რომელშიც სახელმწიფო ჩვენი ცხოვრების ყველა კუნჭულს გააკონტროლებს, გაქრება ზღვარი პირადსა და საჯაროს შორის და ‘დიდი ძმა’ გადმოგვხედავს სოლოლაკიდან“. რისიც გვეშინოდა, უკვე მოხდა და ქუჩებში სისხლიანი დარბევებია.
სიმბოლურია, რომ არჩევნების წინ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილი სწორედ დისტოპიურ რომანებს განიხილავს. სემიოტიკური პერსპექტივით, როდესაც დიდი ძმა 1984-ს ციტირებს, არის ინტერტექსტუალური ტავტოლოგია. სიმბოლურ დონეზე ინტერვიუში ივანიშვილმა გვამცნო, რომ მეოცნებეთა დრო წავიდა და ახლა ცინიკურ დისტოპიაში ვართ. დღეს კითხვა ასე აღარ დგას: როგორ უნდა ავირიდოთ დისტოპიები, არამედ კითხვაა: როგორ გამოვიდეთ დისტოპიიდან? რადგან ეს საკითხი არჩევნებზე ვერ გადაწყდა, დღეს ხალხი ქუჩის ქაოსსა და სიგიჟეში ეძებს გამოსავალს.
გადაწყვეტილება, სუბიექტი და დრო
„გადაწყვეტილების მომენტი, როგორც თავისთვის, განცალკევებით მდგომი, რომელიც ვერ ფუძნდება მის მიღმა არსებულ წესთა სისტემის მეშვეობით, სუბიექტის მომენტია“.
ერნესტ ლაკლაუ, “დეკონსტრუქცია, პრაგამატიზმი და ჰეგემონია”
„გადაწყვეტილების მიღების მომენტი სიგიჟეა“, - ტექსტიდან ტექსტში, წლიდან წლამდე ჯიუტად იმეორებს ჟაკ დერიდა[1]. საქმე ეხება სორენ კირკეგორის ციტატას, რომელსაც დერიდა არაზუსტად ან იქნებ სახეცვლილადაც გვთავაზობს. ორიგინალ ნაშრომში, „ფილოსოფიური ფრაგმენტები“ კირკეგორი სიგიჟეზე კი არა, სისულელეზე საუბრობს: „გადაწყვეტილების მიღების მომენტი არის სისულელის მომენტი [გასულელება]“[2].
ასეა თუ ისე, დერიდა გადაწყვეტილების მიღების თანმხლები ყოყმანის შეშლილ მდგომარეობას დემოკრატიული პროცესების გასაგებად ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებს და ცენტრალურია ის დღეს ჩვენთვისაც. ჩვენი პოლიტიკა ახლა სწორედ იმ სიგიჟისა თუ სისულელის მომენტშია შესული, რის შედეგადაც ქვეყნის ისტორიული კურსი უნდა გადაწყდეს და ახალი მოქალაქე დაიბადოს.
დერიდასთვის გადაწყვეტილება, თუ კი ასეთი რამ არსებობს, წინ უსწრებს სუბიექტს. ყოველ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, ხელახლა ვიგონებ სუბიექტს, რომელიც ობიექტს ირჩევს. გადაწყვეტილების გავლით იქმნება სუბიექტის იდენტობაც, რომელიც საკუთარ თავს იდგენს იმით, თუ რომელ არჩევანთან იდენტიფიცირდება. იმავდროულად, ის დგინდება უარყოფილ ობიექტთან დისტანცირებითაც. ამიტომაც, უკავშირებს ლაკლაუ გადაწყვეტილებას სუბიექტის მომენტს.
მაგალითად, საკითხის პრო-ევროპული გადაწყვეტა ნიშნავს პრო-ევროპელი სუბიექტის ხელახალ დაბადებას, რომელიც ირჩევს ევროპას [ობიექტს] და უარს ამბობს ნებისმიერ სხვა ალტერნატივაზე – მხოლოდ ევროპასთან იდენტიფიკაციით ძერწავს თავის თავს.
გადაწყვეტილება დროის თვალსაზრისითაც გადამწყვეტი მოვლენაა, რადგან მას კონტინიუმში შემოაქვს წყვეტა, რითიც დრო იხლიჩება. ის იყოფა გადაწყვეტილებამდე და გადაწყვეტილების შემდეგ პერიოდებად.
არის პიროვნული გადაწყვეტილებები, რომლებიც სიგიჟის მომენტში მიიღება: მაგალითად, ურთიერთობაში შესვლის და ურთიერთობიდან გასვლის, შურისძიებისა და პატიების, სახლის ყიდვის და სახლის გაყიდვის, რევოლუციაში მონაწილეობისა და მოხუცი დედის მოვლის... ხშირად ეს მომენტები ადამიანის ეგზისტენციალური ყოფისთვის და ბიოგრაფიული თხრობისთვის გადამწყვეტია.
ასევე, არის უფრო საჯარო ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც ასევე სიგიჟის მომენტში მიიღება: მაგალითად, ხელისუფლების არჩევის ან მისი გადარჩევის, ინსტიტუტების შენების თუ მათი ნგრევის, პრო-რუსული საგარეო კურსის არჩევისა თუ პრო-დასავლური კურსის ერთგულების, ლეგიტიმაციის მიცემისა თუ სამოქალაქო აჯანყების, ომის თუ კაპიტულაციის გამოცხადების გადაწყვეტილებები - ეს ის საშენი მასალებია, რითიც ხალხთა ისტორია იგება.
ნამდვილი გადაწყვეტილება ისაა, რაც ცვლის და ილექება, რის შემდეგაც რაღაც მთავრდება და რაღაც იწყება. ამ პოლიტიკური პროცესიდან რომ გამოვალთ, როგორც არ უნდა გადაწყდეს სიტუაცია, არც ჩვენ ვიქნებით იგივეები და არც - პოლიტიკა. მსგავსი გადაწყვეტილებების გარეშე კი დრო მონოტონური და ერთფეროვანი იქნებოდა. გადაწყვეტილება ამ მოსაწყენ მარადიულობაზე ძალადობს, რა დროსაც ვიღაც შეიძლება ჭკუიდანაც შეიშალოს, რადგან დროის ხლეჩას თან ახლავს ნიცშეანული უფსკრული[3].
ამიტომაცაა, მნიშვნელოვანი დერიდას მოშველიება, რომელსაც გადაწყვეტილების მომენტის რაობაზე ჩვენამდე უფიქრია: თუკი მის მსჯელობებს მოვუყრით თავს, ორი ურთიერთდაკავშირებული დასკვნის გამოტანა შეიძლება:
- თავისუფალი გადაწყვეტილება [თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს] ყოველთვის გადაუწყვეტელობაში მიიღება;
- თავისუფალი გადაწყვეტილება [თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს] ეთიკითაა განმსჭვალული.
ახლა ამ ნაფიქრალს ცალ-ცალკე ქვეთავებად გავშლით და ვეცდებით, ჩვენს საფიქრალსაც დავუკავშიროთ.
- გადაწყვეტილების გადაუწყვეტელობა
“სტრუქტურის დეკონსტრუქცია იგივეა, რომ აჩვენო მისი გადაუწყვეტელობა, ანუ მანძილი, რომელიც არსებობს მრავალ შესაძლო კონფიგურაციასა და იმ ერთ კონკრეტულ კონფიგურაციას შორის, რომელიც საბოლოოდ გადაწყდება”.
ერნესტ ლაკლაუ, “დეკონსტრუქცია, პრაგამატიზმი და ჰეგემონია”
თარგმნა ზაქრო თავბერიძემ
გადაწყვეტილების მიღებას ხელოვნებას ეძახიან და არა ბუღალტერიას, რადგან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბუნდოვანებასა და გაურკვევლობაში მიიღება, როგორც კრეატიულობის ან შეშლილობის აქტი. მაგალთად, ასეთია აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად გაღება, რა დროსაც „მის გონებას არა გენიალური წარმოსახვა ამოძრავებდა, არამედ აზრის თრთოლვა“ (დიმიტრი უჩანეიშვილის თარგმანი).[4]ნამდვილი და თავისუფალი გადაწყვეტილება, თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს, არ ტოვებს რაციონალური კალკულაციის, პროგნოზირებადი მოქმედების დროსა და ადგილს[5]. თუმცა, ამავე დროს გადაწყვეტილების თანმხლები სამართლიანობის მოთხოვნილება არ გვაძლევს პასუხისმგებლობის სრულად მოხსნის საშუალებას. ამიტომაც, ვაგრძელებთ გადაწყვეტილებაზე ფიქრს, შეუძლებელ თვლას, კალკულაციასა და ამავე პარადოქსული პათოსითაა დაწერილი წინამდებარე ტექსტიც. მაშინაც კი, როდესაც დილემა გაუთვლელია, ჩვენ ვალდებულები ვართ, ვცადოთ გათვლა.[6]
რადგან ჩვენც ნამდვილი გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდით, - სასწორზეა ქვეყნის მოწყობის ფორმა, განათლების კურიკულუმი, საგარეო ორიენტირი, ვალუტის კურსი, სავიზო რეჟიმი, პირადი პრობლემები და მოხუცი დედა, - გადაუწყვეტელობის უფსკრულში ჩავვარდით.
ჩვენი გადაწყვეტილება ავტომატურად რომ გამომდინარეობდეს კანონებიდან, ისტორიიდან, თერგდალეულების ნაწერებიდან, საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ ეკონომიკური ანალიზიდან - მაშინ სახეზე გვექნებოდა არა გადაწყვეტილება, არა პოლიტიკა, არამედ დეტერმინირებული არჩევანი, რომელიც მხოლოდ გაფორმებას მოითხოვდა. ნაცვლად ამისა, ჩვენს წინ გადაუწყვეტელი გადაწყვეტილების ღიობია. თვალსაწიერი შეზღუდულია:
იმ ლოკალური თუ გლობალური მასშტაბის ცვლადთა სიმრავლე, რომელთა გათვლაც საჭიროა თვითდაჯერებულობისთვის, იმდენად მოუხელთებელია, რომ ანალიზი პარალიზებას იწვევს და იწყება აფექტის მდგომარეობა - „აზრის თრთოლვა“.
მაშინაც კი, როდესაც ვიშველიებთ ისტორიას, სტატისტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ადამიანის ბუნების შესახებ ტრაქტატებს, გულის სიღრმეში ვიცით, რომ გადაწყვეტილება არ იხურება, მოვლენები ჯერ კიდევ დაუსრულებელი და მიმდინარეა, ისტორია შეიძლება სხვაგვარადაც გარდატყდეს [ყველაფერი შეიძლება ისე გათამაშდეს, როგორც ტრამპი იტყვის], სისულელეა, მაგრამ რაცაა, ესაა და ჩვენც ამ წერტილიდან გვიწევს, გავრისკოთ მოქმედება. ამიტომაც როდესაც ბარიკადებსა თუ სატელევიზიო ეთერებში თვითდაჯერებულები ვმოქმედებთ, ესაა მოქმედება არა იმდენად ცოდნის, რამდენადაც რწმენის ტერიტორიიდან.
არცოდნაზე ხაზგასმა ბრძენის პოზიციიდან გამოთქმული კრიტიკა არ არის, არამედ სისულელის ქებაა, რადგან სისულელეა ნამდვილი გადაწყვეტილების მიღების მომენტი. ეს მეგობრული შეხსენებაა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პოეტურ თავხედობას მოითხოვს, რათა გავბედოთ არცოდნიდან მოქმედება. ეს ასევე შეგვახსენებს, რომ სიგიჟის მომენტში ვიმყოფებით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ - ოპონენტიც. გადაწყვეტილების მომენტში მმართველი არის არა ძლევამოსილი სუვერენი, არამედ ისიც გასულელებულია, ისიც ყოყმანობს და თრთის. ამიტომაც, ჩვენ დიდი ძმა უნდა წარმოვიდგინოთ შეშლილობის უკიდურეს მდგომარეობაში, როგორც ვერნერ ჰერცოგის „ანტარქტიდის“ დაკარგული პინგვინი.
ლაკლაუც გვიდასტურებს, რომ გადაუწყვეტელი გადაწყვეტილება, რომელსაც მრავალი კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს, კონკრეტულ გადაწყვეტამდე და კონკრეტულ კონფიგურაციამდე მიდის არა ცოდნის, არამედ ბრძოლის გავლით. ამიტომაც, გადაწყვეტილების მიღების ველი არა სიმყარისა და ჭეშმარიტების, არამედ ძალაუფლებისა და ჰეგემონიის მომენტია.
- გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა
„რაციონალობის უმაღლესი ფორმა, რასაც შეიძლება საზოგადოებამ მიაღწიოს, არის რეგულირებული სიგიჟე“.
ერნესტ ლაკლაუ, “დეკონსტრუქცია, პრაგამატიზმი და ჰეგემონია”
პასუხისმგებლობა, რომელიც გადაწყვეტილებას ახლავს, ორგვარია: ემანსიპატორული და უცხოს მიმართ სენტიმენტალური.
დერიდა ხაზგასმით ამბობს, რომ მისთვის არ არსებობს გადაწყვეტილება ან ჟესტი, რომელიც ემანსიპაციას გამორიცხავს. ამ კუთხით დეკონსტრუქციაც ემანსიპატორულია.[7]
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დაესმის კითხვა: როგორ ემსახურება გადაწყვეტილება ემანსიპაციას, დეკოლონიზაციას, გათავისუფლებას იმ ჩაგვრის ფორმებისგან, რომლებიც გადაწყვეტილებამდე ხმადახშულ სუბალტერნებსა და მარგინალიზებულ ჯგუფებს აწუხებდათ? მაგალითად, ბარიკადებზე ისმის ხმები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, გენდერულ, სამართლებრივ უთანასწორობებსა და ჩაგვრას.
როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროტესტს ეთერი დაუთმო, სტუმრები ცდილობდნენ ქართველი სუბალტერნის რეპრეზენტაციას - მისი ტკივილის შემოტანასა და ინტერპრეტაციას საჯარო დისკურსში, რაც დეკოლონიური და ინტელექტუალური სამუშაოა.
ამ კუთხით, გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს რაღაც ახლის მასწავლებელი: ეს ხმები არის ევროპული დისკურსის არა აქამდე ნაცნობი განვითარებისა და ზრდის, არამედ ემანსიპაციისა და სამართლიანობის პარადიგმაში თარგმნის მცდელობა.
ამის საპირწონედ „ქართული ოცნება“ გვთავაზობს ემანსიპაციის მოდელს, რომელსაც ზოგიერთი ეძახის სუვერენულ დემოკრატიას, ჩვენ შეიძლება დავარქვათ იმპერიული დეკოლონიალიზმი, რაც რუსული ოქსიმორონია და რის ხაფანგშიც ე.წ. გლობალური სამხრეთის გაბმას ცდილობენ. ესაა დეკოლონიალიზმის დიალექტიკური ფორმა, რომელშიც მჩაგვრელი ჩაგრავს ჩაგრულის ენით - დეკოლონიალიზმის კონცეპტუალური აპარატი კოლონიალიზმისთვის გამოიყენება. ამ პროექტში სუბალტერნის ემანსიპაცია ჩანაცვლებულია სუბალტერნის მანიპულაციით. ესაა დეკოლონიზაცია ემანსიპაციის გარეშე, რაც თავისთავად რეკოლონიზაციაა.
მეორე პასუხისმგებლობა ეხება უცხოს. დერიდასთვის გადაუწყვეტელობას ისიც ართულებს, რომ გადაწყვეტილების შედეგები ვრცელდება მათზეც, ვისაც ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გარდაუვლად დატვირთულია ეთიკური პასუხისმგებლობებით, რადგან მასში შემოჭრილია სხვა პირი:
ჩვენ პასუხს ვაგებთ სხვაზე, ვის ნაცვლადაც, ვისი სახელითაც, ვისზეც საკითხი გადაწყდა. ეს სხვა, არც „მე“ ვარ და არც „ჩვენ“ ვართ - არამედ ის უცხოა. ამიტომ, გადაწყვეტილება არა მარტო გადაუწყვეტელობაში, არამედ ერთგვარ გაუცხოებაშიც მიიღება.
პოლარიზაციაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოკვეთილი ანტაგონიზმი და გაუცხოებაა. მხარეები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით, როგორც „მე“ და რობოკოპი. და, როგორც არ უნდა გადაწყდეს საკითხი, ჩვენი გადაწყვეტილებები ორივე მხარეზე მოახდენს გავლენას. ასეთია ნამდვილი პოლარიზაცია - დაშორებული, განზიდული, თუმცა - ურთიერთმოქმედი.
„ჩემს“ გადაწყვეტილებებში უცხოს მიერ შემოტანილი ეთიკური პასუხისმგებლობები მოითხოვს ფენომენოლოგიურ შემობრუნებას „ჩემიდან“ – „სხვისკენ“: გამოდის, რომ გადაწყვეტილებას ვიღებთ არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, არამედ მათთვის და მათი შვილების მომავლისთვისაც, ვისაც ვებრძვით. ეს საფრთხილო მორევია. ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს ერთ საკონტროლო კითხვას: რა შედეგი ექნება ჩემს გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, მათზე, სხვებზე - უცხოებზე? რას უქადის გადაწყვეტილება მათ, ვინც ბარიკადების მეორე მხარესაა?
პოლიტოლოგები მსგავს მოთხოვნას სახიფათო უტოპიად მიიჩნევენ და ხედავენ ონტოლოგიის ეთიკიზაციის რისკს - ანუ მცდელობას, ეთიკა გახდეს ახალი ფუნდამენტი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები დაეყრდნობა. თუმცა, მეორე მხრივ, ეთიკაზე მითითება შეიძლება გავიგოთ, როგორც დისტოპიიდან პრაგმატული გამოსავალი, რომელიც პოლიტიკისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მარგინალიზაცია და ჩაგვრა.
ასე რომ, პოლიტიკას რჩება თავისი სამოქმედო არეალი - ბურდიესეული ველის მსგავსი ტერიტორია, თუმცა, პოლიტიკაში ეთიკის შეჭრა ამ ტერიტორიის მობინადრეებს პასუხისმგებლობას აკისრებს - მათ ერთმანეთის სახეები მტრისა და თანამებრძოლის, ანუ შმიტიანური ფაშისტური პოლარიზაციისა და უკიდურესი გაუცხოების მიღმა უნდა დაინახონ.
მსგავს ფენომენოლოგიურ შემობრუნებას მნიშვნელოვანი პრაქტიკული მისია აკისრია - სიგიჟის მომენტში გვაძლევს დამატებით მინიშნებებს, რითიც გადაწყვეტილების ტრაექტორიები გაკრთება. მსჯელობაში შემოდის არა კონკრეტული ცოდნა ან კანონი, არამედ უცხო და უცხოს მიმართ სენტიმენტი.
მაგალითად, როდესაც ამ პერსპექტივიდან განვიხილავთ მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ჯოჯოხეთს უმზადებს მას, ვინც უცხოა. წირავს, ვინც განსხვავებულია, ვინც პოლარიზაციის მეორე პოლუსზე ცახცახებს.
ეს არ არის მმართველი გუნდის პოლიტიკის ხარვეზი, ძალის უნებლიე გადამეტება, რიტორიკული სიფიცხე, შემთხვევითი წამოცდენა, არამედ ეს არის პოლიტიკური პროექტით ნაგულისხმევი და ჩაფიქრებული მსხვერპლშეწირვა. მათი გადაწყვეტილება მოითხოვს ჩაგვრის აღსრულებას, ამიტომაც განადგურებით იმუქრება, სახეში გვაფურთხებს და სურამის ციხის კედელში გვაყოლებს მე, შენ, ნაცსა და განსაკუთრებით ტრანსგენდერს.
ნაცვლად ამისა, როდესაც უცხოს პერსპექტივიდან განვიხილავთ პრო-ევროპულ არჩევანს, ის არ ითვალისწინებს პრო-რუსის განადგურებას, უცხოს გარდაუვალ ჩაგვრას. აქ მოჩანს თანაცხოვრების, მეზობლობის, მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობის შანსი.
დანაპირები, დასკვნის ნაცვლად
„ძალიან სენტიმენტალური ვარ და ბედნიერების მჯერა“.
ჟაკ დერიდა, „შენიშვნები დეკონსტრუქციასა და პრაგმატიზმზე“
„პირს როგორც კი გავაღებ, მაშინვე დანაპირებში ვარ“,[8] - ამბობს დერიდა და ენის მესიანისტურ ხასიათზე უსვამს ხაზს. ენა გარდაუვლად პირობიანი და იმედიანია, განსაკუთრებით, პოლიტიკოსის ენა, რომელსაც ფხიზელ ოპტიმიზმს თუ პესიმისტურ აქტივიზმს პროფესია ავალდებულებს. მაქს ვებერისგან ვიცით, რომ პოლიტიკოსის [და აქტივისტის] მოწოდება აქვს მხოლოდ მას, ვინც არ მოტყდება იმ მომენტში, როდესაც მისი გადასახედიდან მსოფლიო მეტად სულელური, გიჟური და უიმედო გამოჩნდება. ამ დროს მან უნდა გაბედოს თქვას: „მიუხედავად ამისა...“[9].
გადაუწყვეტელი გადაწყვეტილებიდან კონკრეტულად როგორი სუბიექტი დაიბადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, ნათელია, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით ისინი ვინც ვიყავით და აღარც ისტორიის დინება იქნება ნაცნობი. გადაწყვეტილება გარდაუვლად განსხვავებას აწარმოებს და სუბიექტიც განსხვავებულად იწარმოება.
თუ სუბიექტი გადაწყვეტილების შვილობილია, მაშინ ყველა სუბიექტი სიგიჟისა და ქაოსის შვილი ყოფილა; სიმყარე კი, რომელსაც სუბიექტს მივაწერთ, დროებითი და მოწყვლადია, რადგან ეს მახასიათებელი წინარე გადაწყვეტით მიღებული სტაბილიზაციაა, რომელსაც მუდმივად ახალი გადაუწყვეტელობის ქაოსი და დესტაბილიზაცია ემუქრება. მოიტანს ხვალინდელი დღე სტაბილურობას თუ დესტაბილიზაციას, ტანჯვას თუ ბედნიერებას, ახლა არ გვეცოდინება. ეს არ გამოჩნდება მანამდე, სანამ ახალი დროება არ დადება და რუსთაველის გამზირიც არ გადაირეცხება.
სანამ ეს მომხდარა, ცრემლსადენი გაზის კვამლში, გადაბომბილ გლობალურ რუკაზე, ამ სიგიჟის მომენტში დანაპირების გაცემა სისულელეა. თუმცა, ჩვენც გვჯერა ბედნიერების შანსის, რადგან ძალიან სენტიმენტალურები ვართ.
____________________________________________________________
[1] Derrida, The force of Law, p. 26.
[2] Bennington, G. (2011). A Moment of Madness: Derrida's Kierkegaard. Oxford Literary Review, 33(1), p. 109.
[3] ნიცშეანული უფსკრული, ავტორების აზრით, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ღირებულებათა რღვევა, ორიენტირების გარეშე დარჩენა. ძველი კერპების მსხვრევა, საიდანაც ნიცშეს მიხედვით ან ნიჰილიზმი და უიმედობა იბადება, ან ზე-კაცი.
[4] კირკერგორი. შიში და თრთოლვა გვ. 14.
[5] გამოდის, რომ გადაწყვეტილება გარდაუვლად შეიცავს რისკებს. მოყოყმანე აზრმა, რომელიც ხედავს თავისი ცოდნის ლიმიტებს, გადაწყვეტაში შეიძლება იპოვოს შანსი და არა აბსოლუტური თუ გარანტირებული გამოსავალი. სხვაგვარად, როგორც დერიდა შეგვახსენებს, თუ გადაწყვეტილება მხოლოდ ცოდნიდან გამომდინარეობს და თანხმლები მოვლენების პროგნოზიც შესაძლებელია, მაშინ საქმე გვაქვს არა გადაწყვეტილებასთან, არამედ ცოდნის აპლიკაციასთან, ერთგვარ პროგრამირებასთან ან ალგორითმულ გადაწყვეტასთან
[6] Derrida. Force of law p. 28 & Derrida: Interviews A 'Madness' Must Watch Over Thinking", p. 359-363.
[7] Derrida J. (2003). Remarks on deconstruction and pragmatism. In Deconstruction and pragmatism, Routledge. p. 84.
[8] Derrida J. (2003). Remarks on deconstruction and pragmatism. In Deconstruction and pragmatism, Routledge. p. 84.
[9] Weber, M (1919) Politics as a Vocation p. 30
ფოტო: გვანცა ნადიბაიძე