გაყრა სამშობლოსთან | ანა წურწუმია
იმ მეგობრებისგან ვიცი, ვისაც განქორწინების გამოცდილება აქვთ, რომ გაყრა ბევრად ადრე ხდება, ვიდრე ეს ფაქტი იურიდიულად გაფორმდება და ფიზიკურად განხორციელდება. ასეა ქვეყნიდან წასვლაც: მე ვიცი, რომ 2025 წლის მაისში კი არა, 2023 წლის შემოდგომაზე „წამოვედი“. როცა დამეუფლა განცდა, რომ სამშობლომ მიმატოვა.
სახლი
როგორც ნებისმიერი დევნილისთვის, რომელსაც გამოუცდია სახლის იძულებით დატოვება, ამ მოგონებებთან ერთად ცხოვრება, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გადასახლება, სკოლების გამოცვლა, სახლების გამოცვლა, მისთვის სახლი საკრალურია.
დევნილობა უხილავია. ეს გამოცდილება შენც ისეთ უჩინარს გხდის, მთელი ცხოვრება ცდილობ, როგორმე მზის სხივი დაგეცეს.
სახლის დატოვებისას ყველაზე მტკივნეული სახლში ვერდაბრუნების გამოცდილებაა - ქართველმა დევნილებმა ეს კარგად ვიცით. ამ დროს საკუთარ ქვეყანაში, სხვა ქალაქში გადადიხარ, არც ენა გაქვს სასწავლი და შენ ხალხთან ხარ, მაგრამ იძულებით მიდიხარ - დევნილი ყოველთვის უცხო ელემენტად რჩება. ის არავის მიუწვევია იქ საცხოვრებლად. ამიტომ, ყოველ ახალ სკოლაში თავიდან უნდა დაიბადო, ისევ თავიდან უნდა თქვან, აი, ნიჭიერია, აი, შრომისმოყვარეა - ღირსია ჩვენთან თანაარსებობდეს!
გამოძევებულობის განცდას თავისი სახელი ჰქვია მეგრულში და ყოველთვის, როცა აფხაზეთიდან გამოძევებაზე უნდა დევნილს საუბარი იყენებს სიტყვას „გუნორაუა” - ანუ ისე, როგორც საქონელი გადარეკეს ერთი ადგილიდან მეორეში. ჩემთვის არ არსებობს ამ განცდის უფრო ცხადი და შთამბეჭდავი ახსნა. ასე მგონია, ნებისმიერ დევნილს პროტესტი უჩნდება, როცა წინადადება იწყება ასე: „აფხაზეთიდან რომ წამოხვედით“, სიტყვაც კი, რომელიც გულისხმობს გარკვეულწილად საკუთარ ნებელობას, ვერასოდეს მოვა ახლოს გამოძევებასთან, როცა შენ დაკარგე ყოველგვარი ავტონომია საკუთარ თავისუფლებაზე, რადგან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არ ეკუთვნი აქაურობას, ამიტომ უნდა გამოგიტყორცნოს შენი სახლიდან. ეს შეგრძნება მეუფლება, რადგან ჩემი ნებით საზღვარგარეთ წასვლაც გამომიცდია და საკუთარ გადაწყვეტილებებზე ავტონომიის დაკარგვაც, რაც ძლივს დავიბრუნე უკან.
დევნილობამ მასწავლა, რომ უმჯობესია გქონდეს იოლად გადაადგილებადი, კომპაქტური ნივთები და არაფერი მაგალითად, ნახატის მსგავსი! ბოლო რამეა რასაც ხელს მოკიდებ, როცა გასაქცევი ხარ.
ომიდან დაახლოებით ოცი წლის შემდეგ, მოვიდა ეს განცდა, რომ არსად გასაქცევი აღარ ვიქნები. რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ომი აღარ იქნება, რომ დემოკრატიულმა მშვიდობამ სამუდამოდ დაისადგურა. უბრალოდ, გამიჩნდა განცდა, რომ ჩემ სახლში შემიძლია დავტოვო ნახატი კედელზე, მერე ვიცხოვრო სადმე სამი წელი და დავბრუნდე ისევ სახლში, სადაც დამხვდება ჩემი ნახატი. ამ განცდით ვიყიდე ბევრი, ნაკლებად ცნობილი ქართველი მხატვრების ორიგინალები.
მაგრამ რამდენიმე თვის წინ დავიწყე დარდი იმაზე, როგორ წამეღო ჩემი ნახატები თუ წასვა მომიწევდა. ნახატები - როგორც სიმბოლო გაქცევის არსაჭიროების.
ბებიას ფოტოები
93-ში ბებიაჩემმა აფხაზეთიდან მხოლოდ ფოტოები წამოიღო. დიდი, ჩარჩოიანი ფოტოებიც ჩააწყო ჩემოდანში (რომლის შუშებიც გზაში დაიფშვნა) და ორი მძიმე ჩემოდანი ათრია ბაბუამ, რომელსაც ეგონა, რომ ბებიამ ნივთები ჩაალაგა ჩემოდანში. ბებია-ბაბუა გალში რომ დაბრუნდნენ, ბებიამ ისევ ჩაალაგა ეს ფოტოები და წაიღო სახლში. 2022 წელს, ბებია გარდაიცვალა და ამის მერე, მისი ძველი ფოტოები, სოხუმი 1930- 1940-იანი წლებიდან მე მერგო. როცა წამოვედი, ერთი სუვენირიც ვერ წამოვიღე სახლიდან, მაგრამ მქონდა განცდა, რომ ბებიას ფოტოები თან უნდა მქონოდა, სადაც არ წავიდოდი.
სახლში ვერდაბრუნება კიდევ ასეთი რამეა: ასრულებ ბებიას უკანასკნელ ნატვრას - „სახლში“ დაიმარხოს და გარდაცვლილს ემშვიდობები ენგურის ხიდზე, იმის იქით, ცოცხლებს არ გვიშვებენ.
იანვარი
ვაღებ კარადას და ვხურავ. ჩალაგება რომ მომიწიოს? წასვლა რომ მომიწიოს? მთავარია, გაქცევა არ დამჭირდეს! აფხაზეთიდან შემომრჩა ეს ტრავმა, ხშირად მესიზმრებოდა ბავშვობაში, რომ ყველაფერი ჩავალაგე, რაც მინდოდა, სათამაშოებიც, თმის საბნევებიც და მერე ისევ მეღვიძებოდა. ახლა, ისევ 7 წლის ვიყავი, თითქოს და თითქოს რა, ისეთი რა მიკიდია კარადაში, რომ იმის მსგავსს ვერ ვიყიდი ვერსად. რაღაც დროს მივხვდი, რომ უნდა გამეხსენებინა, რისი გახსენებაც მძულს - როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ჩემები 1993 წელს. მთავარი, საბუთებია! მართალია, ახლა ყველაფერი გაციფრულებულია, მაგრამ რა დამავიწყებს დედაჩემს რომ პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ გადმოყვა აფხაზეთიდან. მე ჩემებურად დავალაგე, რაც კი მქონდა: დიპლომი, მოწმობა, სერტიფიკატი... წიგნები - წიგნები არ არის საჭირო, იშოვება დღესდღეობით.
დედაჩემი ყველაზე მეტად ბიბლიოთეკის არქონით იყო ტრავმირებული. კლასგარეშე ლიტერატურას რომ მაძლევდნენ საკითხავად, მრცხვენოდა, რომ სახლში არ მედო თაროზე. ბიბლიოთეკაშიც ეჭვის თვალით უყურებდნენ, დევნილმა წიგნი გაიტანაო. რაღაც მომენტში ვღელავდი იმ კაბებზე, რომელშიც უკვე შვიდი წელია ალბათ ვეღარ ვეტევი -დედაჩემს ყველა კაბა და პიჯაკი ახსოვდა, რომელიც ვერ წამოიღო სახლიდან.
თეა გოდოლაძე
აღარ მახსოვს, ზამთარი იყო თუ უკვე გაზაფხული. მთის ამბებმა გამოაქვეყნა ბოლო ინტერვიუ თეა გოდოლაძესთან, სადაც ის ამბობდა, რომ ქვეყნიდან მიდის, რადგან არ უნდა ციხეში ჩაჯდომა. ამაზე ჩემმა ძალიან ძვირფასმა მეგობარმა სტატუსი დაწერა: შემდეგში ვინც წახვალთ, ჩუმად მაინც წადითო. მაშინ ჯერ კიდევ საქართველოში ვიყავი, მაგრამ პირველად ვერ შევძელი თავის შეკავება და შევები ჩემ ძვირფას მეგობარს. ვერ ვუხსნიდი, რომ საფრთხის აღქმა უაღრესად ინდივიდუალურია და იმის გამო, რომ ადამიანი ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, მისი გაკიცხვა დიდი უსამართლობაა. მართალია, ზოგი ჩემი უშიშარი მეგობრებივით, ახერხებს სადღაც შეჩურთოს ეს საფრთხის განცდა და ბრძოლა განაგრძოს. საფრთხის შეგრძნება ან უსაფრთხოების განცდის არქონა იმ შიშზე გაცილებით მეტია, რომ დაგიჭერენ.
ახლა მახსენდება, რომ არჩევნების შემდეგ პლეხანოვის ბოლოდან თავში გასვლისაც (13 წუთი მჭირდება) წამლეკავდა საფრთხის შეგრძნება და მკვდარივით დაღლილი მივდიოდი სახლში. უსაფრთხოების განცდა ხომ უპირველესია ადამიანისთვის და თუ არასოდეს სძინავს შენს ამიგდალას, დიდად ვერაფრით დაეხმარები ბრძოლას.
სათამაშო სტუმრის როლში
სექტემბერში ჩემ უფროს შვილს აქვს დაბადების დღე, წელს როგორც მორალური მზაობა არ გვქონდა აღნიშვნის, ასევე იყო ფიზიკური შესაძლებლობაც. სხვა წლებისგან განსხვავებით, ახლა ისევ კორონას დროის სტუმრების სიას დავუბრუნდით. ჩემ მეორე შვილს, მის პატარა ძმას, ეს დრო არ ახსოვს, როგორც ჩანს მოისაკლისა სტუმრები მაგიდასთან და... გამოიყვანა თავისი საყვარელი ბაჭიები და კუ, მაგიდაზე დადო - ესენი ჩვენი სტუმრები იყვნენო.
ჩემი ძმის წერილი
აეროპორტში მაცილებენ დედა და ძმა. ჩემი ძმა მეუბნება უცებ, მანქანის უჯრა გამოაღე, კონვერტი დევსო. ვუთხარი, თავზე დაგაყრი ახლა აქ თუ ფული დევს-თქო. საშენო ფული ვის აქვსო, წერილიაო.
ჩამოსვლამდე არ გავხსენი წერილი. ზოგადად, მძულს წერილების წერა, რადგან ჩემთვის ისევ მოგონებაა. დედა სულ გვთხოვდა, აბა, ბებიას დაუწერე წერილი, აბა, ბაბუას დაუწერე, აბა, ამას - ახლა იმას და მერე ვატანდით ჩვენს წერილებს ნაცნობებს, უცნობი მიმართულებით...
ჩემმა ძმამ შემახსენა, რომ ეს წასვლა შეიძლება შურისძიებაა ყველა იმ უსამართლობაზე, რასაც ბავშვობიდან განვიცდით. ჩემთვის წასვლა ჰგავდა იმას, დედაჩემმა რომ მტკიცედ გადაწყვიტა 90-იანებში, ბავშვებს რუსეთში ვერ წავიყვან, იქ ქართულად ვერ ისწავლიანო. სინამდვილეში, იმის გადარჩენა მინდოდა, რისთვისაც დედაჩემმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რომ მე და ჩემ ძმას ამაყად გვევლო ჩვენი იდენტობით. და სულ ასე ამაყად მინდა სიარული.
და რომ დარეგისტრირდე?!
2023 წელს, რუსული კანონი პირველი გამოგორება ჩემთვის ყველაზე ახლო სოციალურ ქსოვილს შეეხო -ძალიან გამიჭირდა მეგობრების შენარჩუნება. ახლა 2025 წელია, ყველა შესაძლო კანონი მიიღეს და ძალიან ახლო მეგობარი მეუბნება: - და შენც კიდე, რომ დარეგისტრირდე (უცხოეთის აგენტად)?! მთელ სხეულზე ვგრძნობ წვას. და რა უნდა ვაკეთო უცხოეთის აგენტის სტატუსით? დილით გამოვიდე სახლიდან, შემხვდება მეზობელი და ვერ უნდა ვუთხრა რაზე ვმუშაობ?! ან ჩემ შვილებს რა ეშველებათ სკოლაში და ბაღში?! ვერ წარმოვიდგენ, როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას იქ, სადაც იმედის პროპაგანდისტს და მე ერთდროულად გამოგვყავს შვილები ერთი სკოლიდან და მათ ჭიშკართან ველოდებით.
დღეს მტრად, საფრთხედ, „აგენტებად“ მხოლოდ, უბრალოდ „განსხვავებული აზრის“ გამო ირაცხებიან. ამიტომ, ეს აღარაა მხოლოდ სამსახური - დილით რომ მწვანე ღილაკზე დააჭირე ხელი, ხმა მიეცი კანონს, რომელიც ჩემი და ჩემნაირების პირდაპირი მნიშვნელობით გაქრობას გულისხმობს და საღამოს მომილოცე შვილების დაბადების დღეები. ეს ჩვენს საზოგადოებაში ზედმეტად დიდხანს იყო მიღებული პრაქტიკა. მე კი მინდა, რომ ჩემ სინდისთან არ მქონდეს კითხვები.
ფოტო, რომელიც არ გადავიღე
20 მაისს ბოლოჯერ წავედით სოფელში. ბავშვობაში მსმენია ისტორიები, რომ აფხაზეთიდან წამოსვლამდე, ზოგიერთმა საკუთარი ხელით წაუკიდა ცეცხლი სახლს და ისე წამოვიდა.
ვზივარ ჩემი უზარმაზარი ვიტრაჟის წინ, როგორც წესი, ამ რაკურსით ბევრ ფოტოს ვიღებ, იმიტომ რომ დღის სხვადასხვა მონაკვეთში სურათი განსხვავებულია მაგრამ ახლა დავჯექი დივანზე და ვთქვი, მე არ გადავიღებ ბოლო ფოტოს ჩემი სახლიდან.
ნორა არ გამიხმოთ! - დავუბარე ოჯახის წევრებს. ნორა დავარქვი ყვავილს, როცა ბებიაჩემი გარდაიცვალა. აფხაზეთიდან, მისი სახლიდან ჩამოიტანა თავის დროზე და ასე გავამრავლეთ, ნიჩბისში ჩასვლისას პირველ რიგში, ნორას ვამოწმებ ხოლმე, თავზე ხელს გადავუსვამ და ვეტყვი, მე აქ ვარ!
სანამ წამოვიდოდი, ჩემი ფარი გახდა კეპი და სათვალეები. მხოლოდ ასე დავდიოდი ქუჩაში, ასე შემეძლო არ მეთქვა გამარჯობა არავისთვის, ვინც ქვეყანას ღალატობდა. სინამდვილეში უსაფრთხოების ჩაფხუტივით იყო. აქამდე არასოდეს მნდომებია, რომ სახე დამეფარა.
და თქვენი შიშებიდან საბოლოოდ რომელი გამართლდა, ანა? - მეკითხება ფსიქიატრი კონსულტაციაზე (მარტში) და მივხვდი, რომ უნდა, როგორმე დამანახოს შფოთვის მიზეზების არარეალურობა, დამანახოს, რომ ის რაზეც ძალიან ვღელავთ ხოლმე, როგორც წესი, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, ზედმეტი ფიქრის (ოვერსინქინგის). მაგრამ არაფერი იყო ჩემ შიშებში ისეთი, რაც რეალობად არ მექცა. თუმცა, ეს ხომ ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტის მოვალეობაა - უნდა მიგანიშნოს, ჯერ არმომხდარზე დარდი შფოთვაა - თანაც, ირაციონალური.
ეს კითხვა, ნაკლებ პროფესიონალურად და ხშირად გულწრფელად, მაგრამ სხვა ფორმითაც ჩამესმის:
„კაი, შენზე რა იყო სანერვიულო, შენ დაგიცავდა xxxxxxx“
„ასეთს რას გედავებიან, რომ წასვლა მოგიწია?“
„არ გვინდა მორალური ტერორი“
„ელჩებს უსმენენ, დიდი ამბავი შენ ტელეფონს თუ უსმენს ვინმე“
„რამე მოხდა კონკრეტული, თუ რატომ გეშინია?“
ხომ ყველაფერი კარგად იქნება, ანა?!
თითქოს პირიქით უნდა ყოფილიყო და მე მეკითხა ეს ფსიქოთერაპევტისთვის, მაგრამ ალბათ მეხუთე შეხვედრის შემდეგ, აქეთ დამისვა ეს კითხვა ქალბატონმა ნანამ.
თერაპიაზე მისვლა იანვარში გადავწყვიტე, ჯერ კიდევ არ ვყავდით ტრამპს დახურული. 21 ან 23 იანვარი იყო, მგონი და ქალბატონი ნანა მეუბნება, შენნაირი ხალხისთვის უფასოდ ვატარებ თერაპიის სესიებს, აშკარად ამ ამბებით ხარ დაზარალებული ემოციურად, „იმ პროგრამაში ჩაგსვამთო“. როგორც ყოველთვის, ჩემი თავისთვის ამ რესურსის დახარჯვა ზედმეტად მივიჩნიე, სხვას უფრო ადგას გაჭირვება-მეთქი. მეორე სესიაზე ვეღარ ვუთხარი ქალბატონ ნანას, ახლა აღარ მაქვს სამსახური, სხვებივით მოწყვლადი ვარ-მეთქი.
ერთხელ გავუმხილე, იცით, ჩემს სხეულს აქვს გადარჩენის გამოცდილება (დევნილობას ვგულისხმობდი), რომ დარწმუნებული ვარ, გადავრჩები, მაგრამ საშინლად მეზარება ეს პროცესი!
2005 წლის ბოლო იყო ალბათ, როცა დედაჩემი ზუსტად ასე ერთ წამში გამოუშვეს სამსახურიდან, რადგან აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გაზეთებზე გაეკეთებინა ეკონომია, რომელიც სასაცილო თანხა ჯდებოდა, მაგრამ დედაჩემისთვის ეს იყო პროფესიული გადარჩენის გზა. მე ვზივარ ახლა 39 წლის და დღეს მესმის დედაჩემის, თან, „არ მინდა დედაჩემი გამოვიდე“. როგორ გკლავენ პროფესიულად ნამდვილად არ მესმოდა 2005 წელს.
ჩამოვედი
თავიდან აქაც კეპი და სათვალე იყო ჩემი მთავარი აქსესუარები.
ვიძინებ და მეღვიძება ღამის 3-ზე ან 4-ზე. ყოველ ღამე!
ამის გამო, საღამოს 4-ზე მზად ვარ, შეხვედრაზევე დავიძინო.
ყოველ დღე, წინაზე უფრო საშინელი ამბავი ხდება საქართველოში.
არ მინდა, რამე მაგონებდეს დროს 2023 წლის სექტემბრიდან დღემდე, ამიტომ ვაუქმებ ყველა იმ ტანსაცმელს, რომელიც მანამდე მქონდა.
თუ წავიდოდი, მინდოდა ცოტნე ცოტაშვილის ცნობილი ვიდეო დამედო ყველგან და ისე წამოვსულიყავი, მაგრამ სინამდვილეში, არავის დავემშვიდობე. ალბათ 2-3 მეგობარი ვნახე, ვინც წინასწარ ვიცოდი, რომ გამიგებდა.
ეს პირველად იყო წასვლა უკანა ბილეთის გარეშე.
გარბის ხალხი
ძირითადად, არ მაქვს სურვილი, ვინმე მოვიკითხო, იმიტომ, რომ წამოსვლის პირველ ორ თვეში ჩემი ყველა დიალოგი დასრულდა ფრაზით - გარბის ხალხი. გაქცევას და გაქცევით წასვლას იმდენად ტრავმული ანალოგია მოაქვს ჩემს გონებაში, არასოდეს მინდა, რომ გაქცეული მერქვას. თან ისიც არის, შენთან საუბარში კი იტყვის ვიღაც გარბის ხალხი, მაგრამ ორი ჩეთის იქით მიწაში ჩაგდებს: მე დავრჩი, მგონი, მარტო ამ ქვეყნის გადასარჩენად.
11 წლის წინ, როდესაც მამაჩემის თავის ტვინის სიმსივნეს ვებრძოდით, ორი რეაქცია დამამახსოვრდა ადამიანებისგან, ვინც მის დიაგნოზს იგებდა ჩემგან: უი და მერე, რა ჭკუაზე ხარ?! ამიტომ, როცა იცი, რომ პასუხი მეორე მხრიდან უი ან მერე, რა ჭკუაზე ხარ იქნება, არ ღირს საკითხის ახსნად დაიღვარო.
„ანას ევროპული არჩევანი“ (იყო ასეთი სტატია)
არ მეგონა თუ ახალგაზრდობაში მოვესწრებოდი საქართველოს ევროკავშირის წევრობას კი არა “პერსპექტივას” (ამ სიტყვის მნიშვნელობა პირდაპირ ესმის, უმეტესობას),. იმ ადამიანებს შორის ვარ, ვისაც “შვილებისთვის” კი არა საკუთარი თავისთვისაც უნდა მომავალი. ევროპული პერსპექტივის დაკარგვა ჩემთვის ისეთივე რთული გადასატანი იყო, როგორც ახლობლის სიკვდილი - არ ვაჭარბებ. არასოდეს მდომებია მეცხოვრა ქვეყანაში, რომელიც არ მიდის ევროპის გზით.ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წყალობით, რომელშიც საქართველოს გასაწევრიანებლად რკინის ქალამნები ჩავიცვი, თავი ევროპელად ძალიან ადრე ვიგრძენი. ცხოვრებაში ყველა შესაძლებლობა ევროპამ მომცა. სულ მგონია, რომ შეუძლებელია რუსეთში ნამყოფი ადამიანი არ გაოცდე ამ თავისუფლებით. დედაჩემი პირველად რომ ჩამოვიდა ჩემ სანახავად, პირველი ის იკითხა, პასპორტი თან უნდა მქონდეს, რომ გამაჩერონო? დედა, რატომ უნდა გაგაჩერონ? იმიტომ რომ ასეთი იყო საბჭოთა კავშირი და ასეთია რუსეთი!
ახლა ყოველ დღე ხან ვინ მირეკავს და ხან ვინ, მეკითხებიან როგორია გადასვლა და დავასკვენი, რომ ჩემი პრივილეგია ევროპელობაა. მე არ ვგრძნობ თავს უცხოდ იქ, სადაც ახლა ვარ. ქალაქი, სადაც ორი წელი ვიცხოვრე (და მერე 13-ჯერ დავბრუნდი) ძალიან შეიცვალა, მაგრამ აქ ისევ არის ჩემი საყვარელი კაფე, იგივე სუპერმარკეტი, ყოველ დღე სტუდენტურ საცხოვრებელს რომ ჩავუვლი, ჩემი ოთახის ფანჯარას ავხედავ ხოლმე. აქაურმა კოლეგამ მკითხა: აბა, აქაურმა ამინდმა უკან დაბრუნება ხომ არ გაფიქრებინაო?! რა მაგარი იქნებოდა, ამინდზე წუწუნის ფუფუნება რომ მქონდეს! საერთოდ ვერ ვამჩნევ ცუდ ამინდს, იმიტომ რომ მას არ მოაქვს შიში და თოკზე ჩამოხრჩობის განცდა. როგორც იქნა, ჩემმა სხეულმა თავი უსაფრთხოდ იგრძნო. დილით რომ სახლიდან გავდივარ, ვფიქრობ, რა კარგია, რომ იქ ვარ, სადაც ვარ ახლა.
თუმცა, ეს რაციონალიზებული ფიქრებია, მაშინ როდესაც შენს სამშობლოში გადაწყვიტეს, რომ გააუქმონ ყველაფერი, რაც ბოლო 15 წელი გიკეთებია, შეგირყიონ საზრისი და მუდმივ კითხვაში დაგტოვონ: ვინ ვარ მე, ვინ ვარ მე?
წასვლა, როგორც წინააღმდეგობის ერთადერთი დარჩენილი გზა
ვზივარ აუზში, ბუყბუყებს წყალი და მორიგ ჯერზე ვარწმუნებ მეუღლეს, რომ არ უნდა ჰქონდეს დანაშაულის შეგრძნება. მაგრამ მე ხომ კიდევ უფრო ადრე მქონდა ეს დანაშაულის შეგრძნება?! იმის გამო კი არა, რომ რუსთაველზე არ ვდგავარ ამაღამ, იმიტომ, რომ უბრალოდ, მე უსაფრთხოდ ვარ და სხვები არა.
წლის პირველი ნახევარი, როცა ყველაფერი „გაუქმდა”, რასაც ბოლო ოცი წელი შევხებივარ, პროფესიულად მომკლეს მეც და ასობით ჩემნაირი ადამიანიც, ვფიქრობდი, რომ საქართველოსთვის სასიკეთოს ვეღარაფერს გავაკეთებდი.
გამიჩნდა რაღაცნაირი ალერგიის შეგრძნება ყველაფერზე, რაც საქართველოს უკავშირდებოდა პროექტებში. ახალ სამსახურში პირველი ის ვითხოვე, საქართველოზე არ მამუშაოთ-მეთქი დავკარგე თავდაჯერება, რომ შემეძლო ვინმეს ცხოვრებაზე დადებითი გავლენა მქონოდა. ეს იყო სამშობლოთი განაწყენების უმაღლესი წერტილი.
რა არის შენი ტყვია? - ესაა მთავარი კითხვა ცხოვრებაში, როდესაც მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებ და ყურადღებას მხოლოდ ერთი კალიბრის ტყვია იქცევს. „საარჩევნო ბიულეტენი დღეს ტყვიის როლშია” გამონათქვამიდან ვიყენებ „ტყვიას”. ზოგჯერ, ბევრად ეფექტური ტყვია სტატიის დაწერაა, შენი ქვეყნის რეალობის საუბარი იმათთან, ვისთანაც ჯერ კიდევ არ მისულა ამბავი, ერთი, ორი და ცხრა ახალი გზის მოფიქრება, როგორ შეიძლება მედიამ ან უფლებადამცველმა იმუშაოს ქვეყანაში და რაც მთავარია, ჰქონდეს სიტუაციის სიმწვავის მუდმივი შეხსენება იქ, სადაც საჭიროა. ეს ყველაფერი შეიძლება საკმარის წინააღმდეგობად არ ჩანს, მაგრამ რეალურად, ჩემს გარშემო არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ზედმეტ რისკს იღებდა იმ საქმის გაგრძელებით, რასაც აკეთებდა და ეგ ტყვიაც არ ისროლა.
თავის დროზე, დიდი ხნის წინ დონორ ორგანიზაციაში რომ დავიწყე მუშაობა, ორ კვირაში უკვე ნათელი იყო, რომ კანონს მე იქ არავინ დამაწერინებდა და კონსტიტუციას. მეორე გზაა კონსტიტუციის წერად აქციო შენი საქმე და გქონდეს განცდა, რომ შენი მოქალაქეების ცხოვრებაზე უნდა იქონიო დადებითი გავლენა. უფრო მოგვიანებით, საერთოდ, ტექნიკური დახმარება მებარა და დრო დამჭირდა ამ ტექნიკურ დახმარებაში მეპოვა თავი. ამიტომ ყოველთვის, როცა რომელიმე მეგობარი მსგავს ადგილზე იწყებდა მუშაობას, ვეუბნებოდი, დააცადე, მიეცი შენი სახე საქმეს, შენი ხელი დაამჩნიე, “ტექნიკურად” არ გააფორმო გონებაში.
ახლა გავაკეთე ზუსტად იგივე, მე ვიპოვე ჩემი ტყვია და მისი არსი.
ცრემლებამდე განვიცდი ხოლმე ყველა იმ ადამიანის ბედს, ვისთანაც საქმის გამო მაქვს შეხება, უფრო ფსიქოთერაპიას ჰგავს ჩვენი საუბრები, ვიდრე ტექნიკურ-საქმიან საუბარს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს. ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ წამოვედი.
ივერი მელაშვილი
როცა ჩემ ცხოვრებაში გაჩნდა ფრაზა: „ეს იქნება კარტოგრაფების საქმე 2” - დავიწყე მომავლის სავარაუდო სცენარის კვლევა. ყველა ინტერვიუ, ნიუსი, კომენტარი, სტატია - ყველაფერი წავიკითხე, ყველაფერს ვუსმინე. მივადექი ადგილს, სადაც ის ამბობს, რომ ნახევარი ადამიანი დადის იმ უსამართლობის შეგრძნებით, რაც ამ საქმის გამო აქვს. კი, მან იცის, რომ მართალია, მაგრამ არავის ესმის მისი, ყველა ნაბიჯზე გრძნობს, რომ ერიდებიან, აღარ კითხულობენ. .
ივერი მელაშვილს გირაოს თანხა შეუგროვეს, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ თავი ისევ სრულფასოვან ადამიანად ეგრძნო. ყოველთვის, როცა სოლიდარობაზე და თანაგრძნობაზე ვფიქრობ, ივერი მელაშვილი მახსენდება - ნახევარადამიანად დასარჩენად საკმარისი სოლიდარობა ვიცით.
გასაქცევად გაიხადეთ საქმე
დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ არასწორ მხარეზე მყოფი ხალხიც იმას ფიქრობს, რომ ჩვენ გავიქეცით. რომ საქართველოში იმდენად ცუდ საქმეს ვაკეთებდით, რომ გასაქცევად გავიხადეთ საქმე. წარმოიდგინე, როგორია წაგებული ომის ვეტერანობა,” - მეუბნება ის და ვხვდები, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა საქმეს მიწუნებენ, ისაა რომ გამარჯვებულის მხარეს არ ვდგავარ. არ ვადაპტირდი და არ მივეტმასნე “აღორძინების” მხარეს, ახალი თანამდებობების მხარეს და დროებით გამორჩენის მომენტს.
მინდა, ეს ტექსტი ჩემმა შვილებმა ამაყად წაიკითხონ ხუთი ან ათი წლის შემდეგ და იცოდნენ, რომ ჩვენთვის უცხოეთის აგენტები უნდა შეერქვათ და ჩემი შვილები ქვეყნის მტრის შვილები უნდა ყოფილიყვნენ.
რთულია, აუხსნა ძალიან ახლობელ ადამიანებს, რომ დარჩენის შემთხვევაშიც ღირებულებების მხარეს ვიქნებოდი და არ არსებობს ყოფითი საჭიროება, რომელიც მაიძულებდა ადაპტაციას იმ დროისთვის მისაღებ და კომფორტულ გარემოსთან (თუმცა, ადაპტირება ჩემი ყველა ძლიერი მხარეა).
გახმეს!
დრო და დრო წამოიჭრება ხოლმე საკითხად, რა ეშველებათ ჩემს ყვავილებს, დიდებს და ლამაზებს… მათ მხოლოდ წყლის დასხმა არ შველით, ადამიანი სჭირდებათ. ამიტომ ხმებიან ხოლმე ყვავილები, უადამიანოდ.
მერე, ვუყურებ დაჭერილ ადამიანებს, ვფიქრობ, ღმერთო, რას გრძნობს ახლა თუთას მეგობარი, დედა რომ დაუჭირეს, რას გრძნობს ახლა ის, ვისაც მამა დაუჭირეს, ავადაა და დაიჭირეს, უჭირს და დაიჭირეს და ამ ადამიანების რიცხვი მხოლოდ იზრდება.
ჩემი ყვავილებიც უნდა გახმეს, არავისთან არ მინდა რომ დავდო. უნდა გახმეს, როგორც იმ იგავშია, კარგად ყოფნის ტრენინგზე რომ მოგვიყვა საურინმა: იმისთვის, რომ ახალი ყვავილი აყვავდეს, ჯერ ყველაფერი უნდა მოისპოს და იქცეს ნაცარ-ტუტად!
ფოტო: გიორგი ყოლბაიას ფოტოამბიდან „ბრაზი და წინააღმდეგობა“
გირჩევთ
გამზირი ზეპირად | ქეთი უკლება
06.02.2025