ჩემს ძმას | თემუკა ზოიძე
ერთხელ მითხარი, შენს მოთხრობებში საერთოდ არ ვჩანვარო. ისე ალალად მისაყვედურე, გულიანად გამეცინა, მაგრამ გულშიც ჩამრჩა. ადრე, როგორც მეტისმეტად ახალგაზრდას შეეფერება, მოთხრობებს ვწერდი და კონკურსებში ვგზავნიდი. ზოგან მიმართლებდა, ზოგან – არა. აი, იმ გამართლებების ნაწილი ოჯახის ყურამდეც მოდიოდა და, თურმე, შენც ინტერესით კითხულობდი ჩემს ნაწერებს, რომლებიც ხშირად ჩვენთვის, ორივესთვის, ნაცნობი გარემოთი იყო შთაგონებული. და იქ შენს თავს ეძებდი. მაშინ მეცინებოდა, რატომ აღიქვამს მხატვრულ ტექსტებს ასე სერიოზულად-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, იმდენად იშვიათად გელაპარაკებოდი, გინდოდა, ასე მაინც გაგეგო, რას ვფიქრობდი შენზე, როგორ გხედავდი.
ჩემი თვალთახედვის არეალში ისე გამოჩნდი, თითქოს ვიღაცამ ჩვენს ეზოში კიდევ ერთი არასასურველი ცინტალი მოაგდო, როგორც ამას მაშინ და იქ ხშირად აკეთებდნენ. ყველა ეგეთ უპატრონო ცხოველს ჩუმად ვაჭმევდი, რადგან სახლში მიკრძალავდნენ – მოგვეჩვევიან და გაყარეო. ცაც. ოშტი. იმდენი ძროხა და ქათამი გვყავდა, ზედმეტი ძაღლი და კატა ვის რას უშლიდა იმ უდღეურ ეზოში? მაგრამ არ მანებებდნენ და ეგ იყო. ექვსი წელი მისრულდებოდა, შენ რომ დაიბადე და უკვე შემწევდა უნარი, ცხადად აღმექვი. თუმცა, იმ უპატრონო ცხოველებისგან განსხვავებით, არ ვიცოდი, როგორ შეგხებოდი, რა გეჭმებოდა, რატომ ჯღაოდი. თან სულ იმას მეუბნებოდნენ, ფრთხილად იყავი, რამე არ ატკინოო. იმ უიღბლო მოწკავწკავე ნაშიერებთან ერთად, შენთან ურთიერთობისთვისაც უჩინარი გზა უნდა მეპოვა.
ცოტა რომ წამოიზარდე, ჟანრის კლასიკის თანახმად, შენც იმავეს გეუბნებოდი: ნაშვილები ხარ, რომელიღაც მეზობელს არ უნდოდი და ჩვენ აგიყვანეთ-მეთქი. აყვანილი. მაგრად გატირებდი.
თბილისში რომ გადმოვედი სასწავლებლად, მალევე ორ კატასთან ერთად დავიწყე ცხოვრება. ახლა ხომ მაინც ვეღარავინ დამიშლიდა. შენც რომ ჩამოხვედი წლების მერე და ერთად გადავედით ბინაში, ოდნავ ცივად შეხვდი ამ ფაქტს: არც მიყვარს და არც მაწუხებენ, ავიტანო. თვითონ იგივე ნეიტრალური პოლიტიკა არ აურჩევიათ შენთან: ჯერ ხომ საძინებლის კარს არ გახურინებენ არასდროს, მოლის კიდევ სულ შენთან სძინავს. თავიდან ვეჭვიანობდი, მაგრამ მერე იმით გავამართლე მისი ეს უმადური საქციელი, რომ ღამით მოუსვენრად მძინავს – ვწრიალებ, შენთან კი უფრო მშვიდად არის, ალბათ. თუმცა, ავად თუ ვარ, უძღები შვილივით ბრუნდება მოლი და ისევ ჩემს ლოგინში იძინებს – მომო თუ ფეხებთანაა გაშხლართული, მოლი თავთან, მარჯვენა მხარეს მიწვება. იქნებ, სხვა დროს, როცა შენთანაა, ის უფრო მეტ რამეს გრძნობს შენზე, ვიდრე მე?
მახსოვს ის დღე, როცა ჩემი ბავშვობის წართმევა შენ დაგაბრალე: 8 ოქტომბერი იყო, ოქროს დაბადების დღე მქონდა. ზუსტად იმ პერიოდში ბიძაჩვენის ქორწილი დაიგეგმა ქვეყნის მეორე ბოლოში და, რა თქმა უნდა, შენ თან წაგიყვანეს, ჯერ სულ რაღაც ორი წლის იყავი. მე კიდევ სახლში მარტო დამტოვეს, ამდენი ადამიანი ერთად ვერ წავალთო. არც ტორტი მქონდა. არც საჩუქრები. ბებიაჩვენის საძინებელში სარკიანი ტრილიაჟის წინ, მაშინ უშველებელი რომ მეჩვენებოდა, ვიჯექი და საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. ბებია სად იყო? ალბათ, ბოსტანში. ის კი ზუსტად ვიცი, მაგ დღიდან ოცი წლის მერე თბილისში პირველად და, ალბათ, უკანასკნელად რომ ჩამოვა, მაშინაც დაიწუწუნებს, ამ კატების ბეწვში რანაირად ცხოვრობო. მაშინ კი არც კატები მყავდა და აუტანლად მინდოდა, როგორმე ვიღაცას ყურადღება მოექცია. ვცადე კიდეც. თამაშ-თამაშით ანთებულ ასანთს თმის სპრეი მივუშვირე. ცეცხლის ენები წინ დაკიდებულ ფარდას მოედო, მაგრამ შემეშინდა და მაშინვე ჩავაქრე.
სურვილი ალბათ არ ჩამიფიქრებია.
ატრუსული ფარდა ჩვენს მამიდაშვილს დაბრალდა, ჩვენთან სტუმრობისას სიგარეტს რომ ჩუმად ეწეოდა.
ხანდახან მგონია, რომ მსგავსი სულელური ეჭვიანობის გამო არასდროს მომიცია შენთვის უფლება, ბავშვი ყოფილიყავი. იმ ორსართულიან სახლში, მარტო ჩემი რომ მეგონა, უცხოპლანეტელივით შემოიჭერი და ჩემი ბაღნობაც მაშინ დასრულდა – უფროს ვაჟად, უფროს ძმად გადავიქეცი. ჯერ ხომ მე აღარავინ დამფოფინებდა თავზე ძველებურად და მერე შენი გართობა და მფარველობაც დამევალა. ყველაზე უარესი მაინც ის იყო, რომ რაღაცები ძველებურად აღარ მეპატიებოდა, შენ კი ყველასთვის უმცროსი იყავი. ამიტომ გაუაზრებლად ვცდილობდი, არასდროს მეღიარებინა, რომ ბავშვი ხარ. თავიდანვე ჩემნაირი უნდა ყოფილიყავი – უფროსი და პასუხისმგებლობების მქონე.
გვიან მივხვდი, რომ ჩემნაირი ვერაფრით იქნებოდი. მე უშენოდ პირველი ექვსი წელი ხომ მაინც ვიცხოვრე, შენ კი გვერდით სულ მე გყავდი. ამიტომ მარტოობა არ გისწავლია. ამას, ალბათ, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, თურქეთის რომელიღაც ქალაქში ცეკვის გუნდთან ერთად რომ წაგიყვანეს და მასპინძელ ოჯახში მარტო დარჩენილს ისე შეგეშინდა, ტირილით დარეკე და სასწრაფოდ დაგაბრუნეს უკან. მოგვიანებით მაინც მოგიწია მარტო დარჩენა: მე თბილისში გადავედი, დედა კიდევ ემიგრაციაში წავიდა სამუშაოდ. თითქოს, უკვე დიდი ბიჭი იყავი, მაგრამ, მგონი, მაინც ძალიან გაგიძნელდა. მე ისე ჰაერივით მჭირდებოდა ახალი გარემო, უკან აღარ მომიხედავს და შენც, ალბათ, სათანადოდ არ გკითხულობდი, როგორ გრძნობდი თავს მარტო დარჩენილი. არც მიფიქრია, რომ გაგიჭირდებოდა. ჩემგან განსხვავებით, იქ შენ სულ ისე ჩანდი, როგორც თევზი – წყალში. ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება, ვცდებოდი.
პირველად შენზე მაშინ ვინერვიულე, ჯერ კიდევ აკვანში გამოკოჭილს რომ გაძინებდა დედა. იმ დღეს სხვა ყველა ყანის გასათოხნად იყო წასული, სახლში მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით. დედა ჯერ კიდევ ძუძუს გაწოვებდა, თორემ ყველას მოგვიწევდა წასვლა. ასე შემთხვევით, თუ განზრახ, დედა ხშირად მარიდებდა ისეთ სიტუაცებს, გულით რომ მეზიზღებოდა. თანაც ის დღე მთელი რაიონისთვის მნიშვნელოვანი იყო: ვერტალიოტი უნდა ჩამოფრენილიყო. თეფში ისე რომ მოვასუფთავე, ნამდვილად ლამაზ ცოლს დავიმსახურებდი, მხოლოდ მაგის შემდეგ დამრთო დედამ სტადიონზე ასვლის ნება.
ასე ამბობდნენ, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი პირველად გვსტუმრობსო. რაიონში ეგეთი მნიშვნელოვანი მოვლენა მხოლოდ ვიღაცის დასახლება ან გასვენება თუ იქნებოდა. ამიტომ სტადიონზე შეკრებილი ხალხი, უმეტესად კაცები, ზუსტად ისე გამოწკეპილიყვნენ, როგორც ქორწილსა თუ ტირილში. გამოსასვლელი ტანსაცმელი.
ერთი კი არა, მგონი, სამი ვერტალიოტი დაეშვა. იმ სტადიონზე თამაშისას ერთი ბოლოდან მეორემდე სანამ ჩავიდოდი, გული ამოვარდნაზე მქონდა ხოლმე, მაგრამ იმ რკინის ჩიტებისთვის არც ეგეთი დიდი გამოდგა: სანამ ბრაზიანი კრუხივით დასხდებოდნენ, ორმა მათგანმა დაუთოებული შარვალ-კოსტუმები და საგულდაგულოდ გადავარცხნილი თმები ყველას აუშალა, მესამემ კი თავისუფალი ადგილის საპოვნელად იმდენ ხანს იტრიალა ჰაერში ფანჯარასთან მიმწყვდეული ბუზივით, რომ ბოლოს უბრალოდ ჩამოვარდა.
აფეთქების მოლოდინში ხალხი უკან გაიქცა, მე გავშეშდი და ძირს დავეცი. ვიღაცამ ხელი ჩამავლო და გამათრია. სამშვიდობოს გასულმა ყური მოვკარი, ამბობდნენ, ისეგავ ამათ სახლს დაეცაო და თავს ჩემკენ ატრიალებდნენ. მაშინ მივხვდი პირველად, რომ ის უცხოპლანეტელი ცინტალიც მიყვარდა, რადგან მასზეც ისევე ვინერვიულე, როგორც – დედაზე. ტირილი ვერ მოვიფიქრე, თითქოს ყელში მოხარშული კარტოფილის ცხელი ლუკმა გამეჩხირა და შიგნეულობა ჩამიწვა. მხოლოდ მაშინ ამოვუშვი ხმა, დედის ძახილი რომ გავიგე, როგორ მეძებდა იმ ალიაქოთში და თან ხელში შენ ეჭირე. სამივე ერთად ავბღავლდით.
აფეთქებას გადავურჩით. ვერტმფრენი ეზოში ჩამოვარდა – ტრაკით მეზობელთან, თავით ჩვენთან. გაჟონილმა ბენზინმა მეზობლის ეზოში გაახმო ხეები. მე კიდევ მაგ დღეს განცდილი შიშის გამო დამჩემდა ძილში გაჟონვა: ისე ხშირად ვიფსამდი, რომ ლეიბები სულ გასამზეურებელი იყო.
იმ ღამისეულ სიზმრებს ისევე ბუნდოვნად ვხედავ, როგორც – იმდროინდელი მოგონებების დიდ ნაწილს დღის შუქზე. ჩვენი ურთიერთობის საუკეთესო პერიოდად კი ბებიაჩვენის ტანსაცმელში გამოწყობები მახსენდება – მოდელად რომ გაქცევდი ხოლმე. გღირსებია კი მაგის მერე ეგეთი პატივი?! ისევ იმ დიდი სარკის წინ, საკუთარ ანარეკლთან დიალოგში ხანძარი რომ კინაღამ გავაჩინე, დაგაყენებდი, ხუთი წლის იქნებოდი? შეიძლება ექვსის, და ბებოს კარადის ყველაზე დიდ კარს კრაჭუნით გამოვაღებდი. ბებოს ოთახში ხშირად კი ვერ ვთამაშობდით ხოლმე, რადგან დღის განმავლობაში ხუთჯერ მაინც ლოცულობდა, ლოცვის დროს კი იქ არ გვიშვებდნენ, მაგრამ მაინც კარგად ვიცოდი, რომ სახლის და ახორის ტანსაცმლის გარდა, ყველაფერი, რასაც ბებო არ იცვამდა, მუყაოს ყუთში ეყარა. ჰოდა, მე უკეთესი დანიშნულება ვუპოვე იმ ნარჩენს.
საძინებლიდან კარი პირდაპირ მისაღებ ოთახში გადიოდა, სადაც ერთი გრძელი დივანი და ორიც დიდი სავარძელი იდგა. სამივე ერთად საზიზღარი, ფოჩებიანი გადასაფარებლით იყო შესუდრული. საღამოს სამსახურიდან თუ მიწის სამუშაოებიდან მობრუნებული ოჯახის უფროსი წევრები იქ რომ ჩამოსხდებოდნენ, სანამ ბაბუა ტელევიზორისთვის ხმის აწევას მოითხოვდა, საინფორმაციო გამოშვება დაიწყოო, მოდების ჩვენებას ვაწყობდით. მგონი, უძველესი ქუსლიანი ქოშებიც გამოვჩხრიკე და ისე სასაცილოდ დააბოტებდი შენზე გაცილებით დიდი ზომის ტანსაცმელში მოჩვენებასავით გახვეული, რომ ყველა ხარხარებდა. როგორც ამ შოუს შემოქმედსა და მთავარ დიზაინერს, მეც სიამაყით მეცინებოდა. შენ საერთოდ თუ გახსოვს ეგ ყველაფერი? იმედია, არ იტყვი, რაღაცას იგონებო.
რამდენჯერმე რომ გავიმეორეთ ასე, ერთხელაც ვიღაცამ თქვა: „შეწყვიტეთ ეს ქალაჩუნობა“. მამაჩვენი იყო? ალბათ. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ჩვენი სახლის ხის იატაკში ფიცრებს შორის დაშორება ზედმეტად ფართო იყო. იმ სიტყვების შინაარსი მაშინ კარგად არ მესმოდა, მაგრამ იმ წუთას მინდოდა, ერთ ეგეთ ღრიჭოში ჩავვარდნილიყავი და გავმქრალიყავი.
მალევე ჭიდაობაზე შემიყვანეს. სახლში მობრუნებულს ახლა უკვე შენც გეჭიდავებოდი და იმ სულელური სიხალასის ნაცვლად, მანამდე რომ გვქონდა და აგვიკრძალეს, ტირილამდე მიმყავდი. წინასწარ ჩამოგართმევდი პირობას, რომ არცერთი იტირებდა – დედას რომ არ გაეგო, მაგრამ შენზე ორი თავით უფროსი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ტირილის უფლებას საკუთარ თავს არც მივცემდი. შენ კიდევ ერთხელ ისე ჩაბჟირდი, მომიწია, პირზე ხელი ამეფარებინა. იმდენ ხანს მყავდი ეგრე, შემეშინდა, ხომ არ გავგუდე-მეთქი. თუ მინდოდა, რომ ეგრე მექნა? გამიგია, რომ ბავშვები, ეჭვიანობისას, ზოგჯერ ცდილობენ მსგავს რამეს.
ჭიდაობის გაკვეთილები მძულდა. რამდენჯერ მოვბრუნებულვარ ტირილით და საბოლოოდ, ჩაიქნიეს კიდეც ჩემზე ხელი. თბილისში რომ გადავედი, იმ პერიოდში შენ კალათბურთი შეგიყვარდა და მთხოვე, შენი საყვარელი გუნდის მაიკა გამომეგზავნა. მართალია, ბუზღუნით, მაგრამ მაინც გავედი დინამოსთან იმ კონკრეტულ მაღაზიაში, ლეიკერსის ზედა რომ მეყიდა. იქნებ, ჩემი საყვარელი წიგნებიც უნდა გამომეგზავნა? ან მუსიკა, რომელსაც ვუსმენდი. არასდროს მიფიქრია, რომ მოგეწონებოდა. თითქოს, ყოველთვის სხვადასხვა სამყაროში ვიყავით.
როდის გაიხლიჩა ჩვენი სამყაროები? მჯერა, ეს მაშინ მოხდა, როცა გვითხრეს, რისი კეთება შეიძლებოდა ბიჭებისთვის და რისი - არა. მე ყველაფერზე გული ამიცრუვდა. არა მხოლოდ სპორტული თამაშები, ფიზიკური შრომაც კი არ მაინტერესებდა. დედა მიცავდა, არა უშავს, წადი, იმეცადინეო. მამა იმედგაცრუებული მიყურებდა. მგონია, რომ ჩემს მაგალითზე თავიდანვე მიხვდი ამ ჩაფლავების სიმწარეს და არ გინდოდა, შენთვისაც იგივე მზერით შემოეხედათ. ამიტომ ჯერ კიდევ სულ პატარა, გაიბღინძებოდი და ამბობდი, რომ შეშასაც დაჩეხდი, სადღეგრძელოსაც იტყოდი და მანქანის ტარებასაც ისწავლიდი.
აღარც ფეხბურთს ვთამაშობდი, ქუჩაშიც არ გავდიოდი, სახლში გამოვიკეტე, სულ ვმეცადინეობდი და წიგნების კითხვა დავიწყე. ამის გამო ახლა უკვე სახლის გარეთ გავხდი ქალაჩუნა. ნეტავ, შენც თუ გესმოდა უფროსი ბიჭები რას ამბობდნენ ხოლმე ჩემზე? ნერვიულობდი? გრცხვენოდა ჩემი? მე კი ვხედავდი, რომ სასოწარკვეთილი ცდილობდი, ჩემგან სრულიად საპირისპირო გზით გევლო: ყველაფერი ის და ისე გეკეთებინა, რომ იგივე იარლიყი არ მოგწებებოდა. მაშინ ჩავთვალე, რომ საერთო ენას ვეღარასდროს გამოვნახავდით.
არადა, მახსოვს, როგორ ვცდილობდი შენთან დალაპარაკებას ჯერ კიდევ მაშინ, სანამ დაიბადებოდი. დედა რომ შენზე იყო ფეხმძიმედ, წამდაუწუმ ყურს ვადებდი დედის მუცელს, რომელიც მეჩვენებოდა, რომ ჩვენს ყანაში ამოთხრილი კარტოფილით გატენილი მეშოკივით გაბერვოდა და ვცდილობდი, შენთვის ხმა მომეწვდინა, ან შენი გამეგო რამე მუცლიდან.
დედას გოგო შვილი უნდოდა და მეც – და. ანა დავარქვათ-მეთქი და დედასაც მოეწონა ეგ იდეა. თუმცა, ორივემ ვიცით, როგორც დასრულდა ეგ ამბავი: გაჩნდი შენ. ჩვენი პირველი შეხვედრის დღეზეც ბევრჯერ მოუყოლიათ შენთვის და ხომ გახსოვს? როგორ შევედი სამშობიაროს პალატაში და საწოლზე მისვენებული დედის მკლავებში შენ რომ დაგინახე, პირდაპირ დავაბრახვე:
„ფუ, რა უშნოა“.
გინდოდა, ჩემს რომელიმე მოთხრობაში შენი თავი გეპოვა, მაგრამ გავიწყდება, რომ შენთვის უფრო მნიშვნელოვანი რამ მაქვს გაკეთებული: სახელი მე დაგარქვი. უფროსები ვერაფრით შეთანხმდნენ, ყველა თავისას გაიძახდა და დედამ მე გადმომხედა, შენ რას ფიქრობო. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვიტანე, მაგრამ მოეწონათ ჩემი ვერსია.
ასე დაგერქვა ირაკლი.
ახლა რომ ეკითხათ, ზურაბს დაგარქმევდი. მე თუ ერთი ბაბუის სახელი მქვია, შენ მეორესი უნდა გერქვას. თან ზურაბ ბაბუს ახლა ხომ დემენცია აქვს და იქნებ ასე შენც და შენი სახელიც უკეთ დამახსოვრებოდა. რომ გვიყურებს და ჩვენი ცნობა უჭირს, მაგან გამახსენა, რომ მოგონებები ზოგჯერ ძალიან ძვირფასია. ამიტომ მომინდა შენთვისაც ამ ყველაფრის მოყოლა, ვინ იცის, სხვა დროს კიდევ როდის მომეცემა შანსი.
კაცები ერთმანეთს სულ ასე მიმართავენ – ჩემო ძმაოო. ჩემს პირს არასდროს დასცდენია ეგ სიტყვები, მაგრამ ვიცი და ყოველთვის მახსოვს, რომ მე მყავს ერთი ძმა და მას სახელი მე დავარქვი.
გირჩევთ
ველოდრომი | ნინო ზედგინიძის ფოტოამბავი
22.12.2023
მოსწავლის ფუნთუშა | ანასტასია ბახტურიძე
30.09.2023
არ ვარ მუნჯი
26.01.2023
რამდენიმე კვირაში 16 წლის გავხდები
26.10.2022