თავისუფლებისთვის ბრძოლა თუ ტანკების გარეშე დაპყრობა | მიხაილ ჰვორეცკი
ზაფხულის დასაწყისში თბილისი ევროპის მომავალსა და წარსულზე გამართული ინტელექტუალური დისკუსიის ცენტრად იქცა. ევროპაზე დებატებმა შეკრიბა ქართველი და საერთაშორისო მწერლები, მკვლევრები და ჟურნალისტები თავისუფლების, ისტორიისა და დემოკრატიის შესახებ მწვავე და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის. ღონისძიება 13 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სლოვაკი მწერლისა და ესეისტის, მიხალ ჰვორეცკის სიტყვით „თბილისის მიმართვა ევროპას“.
ანალიზით, ირონიითა და თანაგრძნობით ჰვორეცკი აღწერს ევროპას, რომელიც საკუთარი თავისუფლებების რწმენას კარგავს. იგი ერთმანეთს უკავშირებს საქართველოს ბრძოლასა და სლოვაკეთში დემოკრატიის უკუსვლას და გვიჩვენებს იმ შიშებს, პროპაგანდასა და თვითკმაყოფილებას, რომლებიც ორივე პროცესს ამოძრავებს. ეს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ნათქვამი გაფრთხილებაა, მაგრამ, ამავდროულად, სოლიდარობის გამოხატულება მათ მიმართ, ვინც დანებებას არ აპირებს. ჰვორეცკის შეფასებით, ევროპის მომავლისთვის ბრძოლა დღეს თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს და მისი დაცვის დრო სწორედ ახლაა.
- კარლ ჰენრიკ ფრედრიქსონი, პროგრამის „დებატები ევროპაზე“ დირექტორი
თავისუფლებისთვის ბრძოლა თუ ტანკების გარეშე დაპყრობა
1989 წლის 10 დეკემბერი ნათელი, ყინვიანი და თოვლიანი კვირა დღე იყო. ის დღე დღესაც ცხადად მახსოვს. დილით ადრე გავემართე. თითქმის მეოთხედი მილიონი ჩემი თანამოქალაქე შემომიერთდა დასავლეთისკენ მიმავალ ამ პირველ მსვლელობაში, რომელსაც ერქვა Ahoj, Európa! „გამარჯობა, ევროპავ!“
ეს დღე ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვანი რევოლუციის კულმინაცია იყო. ჩემი გზა დუნაის ნაპირზე, პეტრჟალკის პარკიდან დავიწყე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური მესამე რაიხის შემადგენლობაში შედიოდა.
მალე საზღვარს მივადექით, ციდან მხოლოდ თოვლი კი არ მოდიოდა, არამედ ავსტრიის სასაზღვრო კონტროლის სტატისტიკური მაჩვენებლებიც. მესაზღვრე ოფიცრებმა ყველას გადათვლა სცადეს, თუმცა ასი ათასის შემდეგ ხელი ჩაიქნიეს – ძალოვანი სტრუქტურები ვერ გვიმკლავდებოდნენ და ნახევარი საათის შემდეგ პასპორტებს აღარ გვიმოწმებდნენ.
მსგავსი მსვლელობა უკანონო იყო. გამოუცდელმა რევოლუციონერებმა არ იცოდნენ, რომ მესაზღვრეების ავტორიტეტს ეჭვქვეშ აყენებდნენ ან რომ მოთხოვნილი ვიზების გარეშე მტრული სახელმწიფოს საზღვრის გახსნას აპირებდნენ. რეალურად ისინი ყოველ მოქმედ კანონს არღვევდნენ. დრო, რომელშიც ვცხოვრობდი, ქაოსური და თან ჯადოსნური იყო.
საზღვრის გახსნა ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ გახდა შესაძლებელი, თუმცა მესაზღვრეებმა არ იცოდნენ, ამ ახალ სიტუაციაში როგორ მოქცეულიყვნენ – გეგონება მათი სამყარო მალე წარსულში დარჩებოდა.
ცხოვრებაში პირველად შევაბიჯე თავისუფალ სამყაროში. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი, რადგან დაუჯერებელ მოვლენას შევესწარი. თაობებს ეშინოდათ ამ საზღვრის. მასთან მოახლოებაც კი სიცოცხლისათვის საშიში იყო. ჯარისკაცები ამ ტერიტორიას დღე და ღამე გუშაგობდნენ, შეეძლოთ ადამიანები და სახლები სურვილისამებრ გაეჩხრიკათ. ღამით, სიბნელეში, იარაღის გასროლა, ძაღლების ყეფა და კივილი ისმოდა. აქ ათობით ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს.
1898 წლამდე ჩეხოსლოვაკია სასტიკი, ოთხწლიანი დიქტატურის ქვეშ იმყოფებოდა. შედარებით ლიბერალური უნგრეთიც კი, თავისი „გულიაშის კომუნიზმით“ კაპიტალისტური ბედნიერების მიუწვდომელ დაპირებად ჩანდა, ხოლო უცნობი იუგოსლავია სრულიად განსხვავებულ, საოცნებო პლანეტას ჰგავდა.
იმ დროს ვერც მე და ვერც ჩემი მშობლები ვერ ჩავიდოდით ვენასა და მიუნხენში. სინამდვილეში, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ეს შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ ახლა, მოულოდნელად ზღურბლზე ვიდექი.
ავსტრიელების რეაქციამ გამაკვირვა: გულახდილი, დაუვიწყარი სტუმართმოყვარეობის (Willkommenskultur) კულტურა.
ჩეხოსლოვაკიას ევროპულ ქვეყნად მივიჩნევდით. ამგვარ დაბრუნებას სამი თაობა ელოდა, „მოტაცებული დასავლეთის“ ნახევარსაუკუნოვანი უბედურების შემდგომ, როგორც მას მილან კუნდერამ უწოდა თავის ესეიში. კუნდერას აზრით, პოლონეთის, უნგრეთისა და მისი მშობლიური ჩეხოსლოვაკიის მსგავსი ქვეყნები კულტურითა და ისტორიით ფუნდამენტურად დასავლური ქვეყნები იყვნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირმა ტრაგიკულად შთანთქა. ის განიცდიდა, რომ დასავლურმა ევროპამ ეს ფაქტი დაივიწყა და მათ მხოლოდ უცხო, საბჭოთა აღმოსავლეთად განიხილავდა.
დუნაის მეორე ნაპირიდან სამყარო სრულიად განსხვავებული ჩანდა. ნანახმა ყველა გაგვაოგნა; ბევრი თვალებს ვერ უჯერებდა.
1986 წლის აგვისტოში თვრამეტი წლის მაგდებურგელი ჰარტმუტ ტაუცი საზღვართან ახლოს მოკვდა. ავსტრიიდან ოცდაორ მეტრში მას ძაღლების ხროვა წამოეწია. სტუდენტსა და ნიჭიერ მუსიკოსს, კლარნეტზე დამკვრელს, სურდა მიეტოვებინა აღმოსავლეთ გერმანია, დანტისტი მამის სიკვდილის შემდეგ. ჰარტმუტის ჭრილობები სასიკვდილო არ იყო, სამედიცინო დახმარებაზე უარი რომ არ ეთქვათ, შეიძლება გადარჩენილიყო. ამის ნაცვლად სასტიკი დაკითხვა მოუწყვეს და მასზე იძალადეს. სიმშვიდე სიკვდილის შემდგომაც ვერ მოიპოვა. დედამისს, ცნობილ მოცეკვავეს, მისი სხეულისთვის ჩეხოსლოვაკიისა და აღმოსავლეთ ევროპის მთავრობასთან ბრძოლა მოუწია. ბოლოს აცნობეს, რომ დასაკრძალად მის შვილს მაგდებურგში ერთი პირობით გადმოასვენებდნენ – დედას კუბოსთვის თავი არ უნდა აეხადა. დაკრძალვას 1,500 ადამიანი დაესწრო, მათ შორის დასავლეთ გერმანიიდან ჩამოსული ნათესავები და, რა თქმა უნდა, საიდუმლო პოლიცია „შტაზი“.
ამ ყველაფერმა გამიელვა გონებაში, როდესაც დაბნეული და ბედნიერი, მოვლენების განვითარებას ვუყურებდი. ისტორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ლოკოკინას ნაბიჯით მიიწევდა წინ, ჩემს თვალწინ სწრაფი სვლით დაიძრა და საბოლოოდ თავაწყვეტილ ჭენებაში გადაიზარდა.
თითქმის 13 წლის ვიყავი. ამ შესანიშნავი გზით, ჩვენ ერთად ავწიეთ რკინის ფარდა. ძველი სამყარო უეცრად დასრულდა. 1989 წლის დეკემბრის ბოლოს ჰოფბურგების საიმპერატორო სასახლის წინ პირველად ვიდექი, დაბნეული და თავს ვეკითხებოდი: ნამდვილად ვენაში ვარ? ვაცლავ ჰაველი ჩვენი პრეზიდენტია? ის ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოუშვეს! ნუთუ ეს ყველაფერი საერთოდ შესაძლებელია? ეს ყველაფერი იმდენად არარეალური იყო, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მეჩქმიტა. ჩემი ბავშვობა დამთავრდა.
გამარჯობა, ევროპა! მე აქ ვარ. ჩვენ აქ ვართ.
36 წლის შემდეგ, 2026 წლის 2 აპრილს, ჩემს მშობლიურ ბრატისლავაში მივაბიჯებდი, სლოვაკეთის დედაქალაქში და ირგვლივ ქართული დროშები შევამჩნიე. თეთრი მართკუთხედი, დიდი წითელი ჯვარი, რომელიც ოთხივე მხარეს იშლება და კუთხეებში ვაზის ოთხი ჯვარი. თავიდან ვიფიქრე, ალბათ, ეს რაღაც სპორტული ღონისძიება უნდა ყოფილიყო, შესაძლოა, ფეხბურთის მატჩი? თუმცა, მალევე მივხვდი, სულ სხვა რამ ხდებოდა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში პირველად ჩამოვიდა. მას სლოვაკეთის პრეზიდენტი, პეტერ პელეგრინი, უმაღლესი პარლამენტის წარმომადგენლები და ეკონომიკის მინისტრი შეეგებნენ. შოკში ვიყავი. იმდენად არარეალური იყო, საკუთარ თავისთვის ისევ უნდა მეჩქმიტა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას არ მოუწვევია.
ყაველაშვილსა და პელეგრინის საერთო ბევრი აქვთ. ორივე ყურადღებით უსმენს მოსკოვის, კრემლის გზავნილებს. მათი წინაასარჩევნო კამპანია მეთვალყურე ორგანიზაციებმა, ოპოზიციის ლიდერებმა და საერთაშორისო მონიტორებმა ძლიერ გააკრიტიკეს უსამართლო უპირატესობის, კამპანიის ფინანსების უკანონო ხარჯვის, დიფფეიქის გამოყენებისა და დეზინფორმაციისთვის.
პელეგრინის მოკავშირეები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ოპოზიციის კანდიდატი სლოვაკ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩართავდა ან ქვეყანას ევროკავშირში ვეტოს უფლებაზე უარს ათქმევინებდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით არც ერთის გაკეთების უფლებამოსილება არ აქვს. წინასაარჩევნო პლაკატებზე პელეგრინიმ სამხედრო ფორმაზე უკრაინის დროშა წაშალა და განაცხადა, რომ ოპონენტის მოგების შემთხვევაში, სლოვაკი კაცები მყისიერად ჯარში აღმოჩნდებოდნენ. მან ბრალი დასდო თავის მთავარ მეტოქეს და „ომის პრეზიდენტი“ უწოდა. სამწუხაროდ შიშის დათესვის, წინასწარგანწყობებისა და სიძულვილის ენის ტაქტიკამ იმუშავა.
ბრატისლავაში მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა. თუმცა, თბილისის გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ეფექტურად შეჩერდა იმ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომლის წიაღიდანაც თავად ის მოვიდა.
საუბრების დროს, დაპატიმრებული პოეტის, ზვიად რატიანის ხვედრზე ან სახაროვის პრიზის ლაურეატის, მზია ამაღლობელის შესახებ არცერთი სიტყვა არ გაჟღერებულა. მზია ამაღლობელს პოლიტიკურად მართული სასამართლოს შედეგად ორწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს.
მზიამ რუსთავის მეხუთე კოლონიაში მხედველობა თითქმის დაკარგა. ის მის ქვეყანაში, საქართველოში ჩამოწოლილი სიბნელის შესახებ ახლა უკვე უკუნ სიბნელეში წერს. მზიას ციხის საკნის არ ეშინია, მას იმის ეშინია, რაც გარეთ დახვდება – ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის თუ ქვეყანა, რომელიც ტანკების გარეშე დაიპყრეს?
მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ათობით აქტივისტი, გამომძიებელი ჟურნალისტი და ოპოზიციის ლიდერი ჩასვა ციხეში.
პელეგრინიმ არც საქართველოს პოლიციის მიერ თბილისში მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენება დაგმო. არსებობს მონაცემები, რომ პროტესტის დროს მთავრობამ პირველი მსოფლიოს ომისდროინდელი ქიმიური აგენტიც კი გამოიყენა. ამის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია კუთვნილი საერთაშორისო ყურადღებისთვის ბრძოლას აგრძელებს.
უცხო ქვეყნის წარმომადგენლისათვის ასეთი სიდიდის ცერემონია, როგორიც სლოვაკეთში ყაველაშვილს დაახვედრეს, 2008 წელს ბრიტანეთის მონარქის, ელისაბედ მეორეს ვიზიტის შემდგომ არ გამართულა. საქართველოს პრეზიდენტს დანარჩენი ევროპა დღემდე არ აღიარებს; მის ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს. მეტიც, მას თავად ქართველებიც არ აღიარებენ.
რატომ გაიმართა ეს სამთავრობო ვიზიტი ბრატისლავაში? რუსეთის გამო. 2020 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პელეგრინს არჩევნების მოგებაში დაეხმარა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტო ფიცო და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კლეპტოკრატთა მჭიდრო პოლიტიკურ პარტნიორობას ინარჩუნებენ. ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდგომ ფიცო ევროკავშირში პუტინის ყველაზე ახლო მოკავშირეა. მათი ურთიერთობა, რომელიც საერთო იდეოლოგიასა და ეკონომიკურ აუცილებლობაზეა დაფუძნებული, უკრაინის ომთან დაკავშირებით დასავლეთის ერთიანობისთვის მუდმივ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება.
კრემლის პროპაგანდის შეწინააღმდეგების ნაცვლად, სლოვაკეთის მთავრობა მას პოლიტიკურ და ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ იარაღად იყენებს.
ცრუ ინფორმაციისადმი მოწყვლადობით სლოვაკეთი ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რასაც მეტწილად საკუთარი მთავრობა აძლიერებს. უკვე ოც წელზე მეტია, ჰიბრიდული საინფორმაციო ომის პირობებში ვცხოვრობ, რომელიც საზოგადოებას სულ უფრო მეტად ყოფს, ავრცელებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ნაწილობრივ სიმართლეს, საზოგადოებას ტვინს ურეცხავს და პანიკას, უნდობლობასა და გაურკვევლობას აძლიერებს. მოსკოვში ყოველთვის ჰქონდათ უცხოელი პროპაგანდისტებისა და პროვოკატორების დაფინანსების ფული, მაშინაც კი, როდესაც შინ საჭმელი არ მოეპოვებოდათ.
უკვე ორი წელი და ნახევარია, სლოვაკეთი ევროკავშირის არაერთ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება – სამართლებრივ საკითხებში, ენერგეტიკის პოლიტიკასა და დემოკრატიის სფეროში – რამაც ბრიუსელთან სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.
ჩემი ქვეყანა იმის სევდიანი მაგალითია, როგორ სწრაფად იცვლება ვითარება 21-ე საუკუნეში. ფიცო, ახლა პრორუსული ნაციონალ-კონსერვატორი, ყოფილი სოციალ-დემოკრატი, ძალაუფლებაში მეოთხედ მოვიდა 2023 წელს. მისი მმართველობის დროს სლოვაკეთს ავტორიტარული გეზი აქვს აღებული, შესაძლოა ფაშიზმისკენაც კი გადაიხაროს. თუმცა დღევანდელი ფაშიზმი წარსულის, ომებს შორის პერიოდის ფაშიზმს ვერ შეედრება. ციფრულ ეპოქაში მან ახალი, არანაკლებ სახიფათო სახე მიიღო.
სლოვაკური დემოკრატია კვდება, მაგრამ ჯერ არ მომკვდარა. დროა, ყურადღებით მოვუსმინოთ ჩვენს მეგობრებს საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში და უფრო ღრმა, საზღვრებს მიღმა ურთიერთობაში ჩავერთოთ, გამოცდილება გავუზიაროთ და ერთმანეთისგან ვისწავლოთ. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ერთად შევიმუშაოთ მდგრადი ეფექტური სტრატეგიები.
ბრატისლავასა და თბილისში და ორივე ქვეყნის სხვა ქალაქებში ათობით ათასი ადამიანი სისტემატურად იკრიბება აქციებზე. ისინი თავიანთი მთავრობების რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ, რომელიც სლოვაკეთისა და საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისგან აშორებს და რუსეთის ორბიტაზე აქცევს.
პრემიერ-მინისტრ ფიცოს მეოთხე მთავრობა თანდათან ანგრევს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას ქმნის, და ამტკიცებს, რომ სწორედ ასე ხორციელდება საბოლოოდ „ხალხის ჭეშმარიტი ნება“.
რას შეიძლება ველოდოთ, როცა ლიბერალური დემოკრატიული ინსტიტუციებისა და თავისუფალი კულტურული სცენის მტრები მოვლენ სათავეში? რას ნიშნავს, როდესაც ევროპის შუაგულში ანტიევროპული მთავრობა გვყავს?
სლოვაკეთში მოვლენები უარესად განვითარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო: თავდასხმა კანონის უზენაესობაზე, შესუსტებული სახელმწიფო ინსტიტუციები, დიდი ცვლილების კონსპირაციული თეორიები, კრიტიკული ჟურნალიზმის ცენზურა, ქალების უფლებების ჩამოშლა, ქვიარ ადამიანების შევიწროება. რუსული პროპაგანდა კვლავ ისმის სახელმწიფო საზოგადოებრივი ტელევიზიასა და რადიოს ეთერში! ჩამონათვალი ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, თითქმის ყოველდღე იზრდება.
ჩემს ქვეყანაში ბევრ ადამიანს უბიძგებენ იმ წარმოსახვით სამყაროში იცხოვროს, რასაც პროპაგანდა ონლაინ ქადაგებს. მთავრობა ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მათ მიერ შექმნილი ვირტუალური სამყაროები თავად რეალობაზე უფრო ნამდვილია.
ზაზა ბურჭულაძის რომანის, „ადიბასის“ მომაჯადოებელი სამყაროს მსგავსად, რომელშიც ფაქტისა და გამონაგონის ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია, დიდი კორპორაციები და კორუმპირებული მთავრობები როგორც მედიის, ისე ადამიანების აზრებისა და გრძნობების მანიპულაციას ეწევიან. ეს არის სამოქალაქო ომის დროს გაყოფილი საზოგადოების საშიში, პირქუში, ცინიკური და ამავდროულად სახალისო პორტრეტი. საქართველოს ამ ვერსიაში, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები თავზე გრუხუნით დაფრინავენ, ხოლო ჯარისკაცებს თბილისი ალყაში აქვთ მოქცეული. მაგრამ რამდენიმე ახალგაზრდა ქალაქელ ჰიპსტერს ფეხებზე ჰკიდია ომი, რომელიც პირდაპირ მათ კართან მიმდინარეობს. ეს არის ტრაგიკული სატირა, რომელიც აღწერს ცხოვრების გაყალბებას, რომელშიც შეჭრილია სამომხმარებლო საქონელი, სამომხმარებლო სექსი და თვით სამომხმარებლო ხოცვა-ჟლეტაც კი. კაცობრიობას ჭირის დროს ლხინი გაუმართავს.
2026 წლის რეალურ სლოვაკეთში, ის ფაქტი, რომ ორ სამინისტროს ნეოფაშისტები მართავენ, კულტურისა და გარემოსთვის დამანგრეველ შედეგებს იწვევს. 12 წლის წინ კულტურის მინისტრმა, ახალი ამბების ყოფილმა წამყვანმა, ფეიქნიუსების საკუთარი ონლაინარხი წამოიწყო, რომელზეც ის ხშირად მასპინძლობდა რასისტებს, ნეონაცისტებს, ვაქცინის მოწინააღმდეგეებსა და შეთქმულების თეორიის მომხრეებს. მან ინტერნეტში „თვითმფრინავების გამონაბოლქვის საფრთხის“ შესახებ დაწერა და ისეთი აბსურდული ცრუ მტკიცებები გაავრცელა, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ ევროკავშირს ტუალეტის ქაღალდის აკრძალვა და მისი ჩალით ჩანაცვლება სურს. მისი შოუ TV Slovan (სლავური) ევროპაში კრემლის პროპაგანდის გავრცელების არხად იქცა. მის აპარატის უფროსს კულტურის სამინისტროში მიაჩნია, რომ შესაძლოა, დედამიწა მართლაც ბრტყელი იყოს. ეს ხუმრობა არ არის. მას ასევე სჯერა, რომ ილუმინატები მუსულმანობას დასავლური ცივილიზაციის გასანადგურებლად იყენებენ. მისი აზრით, ეს პუტინმა გამოავლინა. ასევე, ის ამტკიცებს, რომ კიევში მაიდანის პროტესტი ამერიკელებმა წამოიწყეს და უკრაინაში „სიონისტური მარიონეტი მთავრობა“ დანიშნეს. მან ცოტა ხნის წინ საკუთარ ტელეგრამ-არხზე უცხოპლანეტელების შემოჭრის შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა.
ეს საღ აზრზე პირდაპირი თავდასხმაა.
როგორც ავსტრიელი დიდი მწერალი შტეფან ცვაიგი, რომელიც ემიგრაციაში დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნში „გუშინდელი სამყარო“ გვიზიარებს: „ისტორია ზედმიწევნით ვიცი, თუმცა, ვერ ვიხსენებ, როდის ყოფილა ასეთი გიგანტური მასშტაბების მსგავსი სიგიჟე“. შტეფან ცვაიგს დღევანდელი სლოვაკეთის მთავრობის შესახებ რომ სცოდნოდა, შესაძლოა, თავისი დრო გაცილებით ბედნიერ ეპოქად მიეჩნია.
კულტურის მინისტრმა პარლამენტსა და მთავრობაში გზა ტყუილით გაიკაფა. მისი სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში აჩქარებული ტემპით აგორდა. ის Facebook, TikTok და X ალგორითმებით ხეირობდა. ასევე, მას მხარს ანონიმური ანგარიშები უჭერდნენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნარატივით ნავთზე ცეცხლს ასხამდნენ. არარეგულირებული, მოგებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანიები პოლიტიკური დისკურსის წარმართვას აკონტროლებენ. ციფრულმა კაპიტალიზმმა ხელს უმართავს ახალ ფაშიზმს.
ახლა კი შედეგებს უნდა გავუმკლავდეთ. ეროვნული პარკებიდან დაწყებული ეროვნული მუზეუმებით, გალერეებით, არქივებით, კინოფესტივალებით, თეატრითა და ბიბლიოთეკებით დამთავრებულია სლოვაკეთის კულტურისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ყველგან შეცვალეს ხელმძღვანელები და ყველა საკვანძო თანამდებობა საკუთარი ხალხით – ერთგული ძველი თანამებრძოლებით, ოლიგარქი მეგობრებით, პარტიის სპონსორებით ან თუნდაც უბრალოდ მეზობლებით – მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიუხედავად.
რობერტ ფიცოს ახლა საამომრჩევლო კანონის ცვლილება სურს, საზღვარგარეთ ფოსტით ხმის მიცემა უნდა აკრძალოს – სლოვაკეთს დიდი დიასპორა ჰყავს, ხალხი გადასახლებაშია. ამ გეგმის მთავარ მიზანს ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნება წარმოადგენს – ყველა ავტოკრატის ოცნება.
დემოკრატიული მსჯელობის სივრცე ვიწროვდება. სლოვაკეთისა და საქართველოს ზოგიერთი ახალი კანონი, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას ზღუდავს, რუსეთის მიერ მიღებული კანონმდებლობის მიხედვით არის შემუშავებული.
მაგრამ ეს მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის პრობლემაა? საუბედუროდ, არა.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რეაქციული ძალები ისეთი დღის წესრიგის გატარებას ცდილობენ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საერთო დემოკრატიულ პროექტს, არამედ სოციალური და სამოქალაქო საზოგადოების მოძრაობების ათწლეულების განმავლობაში მოპოვებულ მიღწევებსაც და საჯარო მოძრაობებსაც, რომლებმაც პროგრესული პოლიტიკის წინსვლას შეუწყო ხელი. გონიერებაზე გლობალური თავდასხმა შესაძლოა განმანათლებლობისა და ემანსიპაციის დასასრულად იქცეს. და, ამასთანავე, ევროპული პროექტის დასასრულადაც.
გლობალურ პოლიტიკაში ძალაუფლების დინამიკა შეიცვალა. ძალთა ბალანსი შეიცვალა. მთავრობებს სულ უფრო მეტად ჩრდილავენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მაგნატები და იმპულსური, ავტოკრატობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ფიცო, ალის ვაიდელი, ჰერბერტ კიკლი და ანდრეი ბაბიში: ისინი მანიპულაციით, უწყვეტი სიცრუითა და ქაოსით ცვლიან სამყაროს.
ზედმეტად დიდი ხანია რაც დამკვიდრებული პარტიები, როგორიც არის სოციალისტები, ლიბერალები ან ქრისტიანები ამ საფრთხეს საჭირო ყურადღებას არ აქცევენ. როდესაც, როგორც იქნა, რეაგირება მოახდინეს, ახალ მემარჯვენე რიტორიკას მიმართეს, განსაკუთრებით კი მიგრაციისა და გარემოს შესახებ. მათი პოლიტიკის გადმოღებით, მთავარი პარტიები რეაქციონისტებს აძლიერებენ. მსგავს იმიტაციას ნეიტრალობის საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია: შეხედეთ ამომრჩეველთა გამოკითხვებს ავსტრიაში, გერმანიაში, ინგლისსა ან საფრანგეთში.
ამის შემხედვარემ გავაცნობიერე რომ ევროპული განმანათლებლობის მიღწევები სამუდამო არ არის და რომ პროგრესი, რომელიც სწორი მიმართულებით მიმდინარეობდა, შეიძლება უკუსვლით წავიდეს.
მაგრამ რატომ უჭერს მხარს ამდენი ადამიანი ნაციონალიზმის იდეოლოგიას და რატომ სურს ლიბერალიზმზე უარის თქმა რკინის ფარდის დაცემიდან ოცდათექვსმეტი წლის შემდეგ?
ყალბმა ამბებმა ჩვენი საერთო რეალობა დაშალა და პოსტ-სიმართლის გარემო შექმნა. იარაღად ქცეული, ძალაუფლების მოპოვებაზე ორიენტირებული სიცრუე მიზანმიმართულად იქმნება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის ქაოსის შესაქმნელად, რაც საზოგადოებას აბნევს და სულ უფრო მეტ ადამიანს უმწეობის განცდას უჩენს.
შექმნილმა პოლიტიკურმა ჩიხმა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობა შეასუსტა და პოპულიზმს გზა გაუხსნა. ხანგრძლივმა ეკონომიკურმა სტაგნაციამ და ტრადიციული პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მზარდმა იმედგაცრუებამ რეაქციული ძალების ლეგიტიმაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ამას დიდწილად ნეოლიბერალურ ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან აქვს კავშირი, რომელმაც გარკვეული ეკონომიკური ზრდა მოიტანა, თუმცა ასევე გამოიწვია კატასტროფული სოციალური შედეგები, მზარდი უთანასწორობა და მემარჯვენე პოპულიზმის გაძლიერება. მკაცრი „შოკური თერაპია“ წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა არ ყოფილა. რადიკალურმა პრივატიზაციამ და ქაოსურმა დერეგულაციამ ოლიგარქია შექმნა, ადგილობრივი მრეწველობა გაანადგურა და მასობრივი უმუშევრობა გამოიწვია. უზარმაზარი გავლენის მქონე ბიზნესმაგნატები მთავრობებს აფინანსებდნენ და მათზე გავლენას ახდენდნენ.
თუმცა, ეს ისტორიასაც ეხება და საკუთარი წარსულის მიღებასაც.
ომის შემდეგ სლოვაკეთი, საქართველოს მსგავსად, მრავალი ათწლეული რჩებოდა რუსეთის კოლონიად, მოსკოვის თანამგზავრად. წითელმა არმიამ კომუნისტური მმართველობის ქვეშ ტოტალიტარული რეჟიმი დაამკვიდრა. განმათავისუფლებლები ოკუპანტებად იქცნენ.
როდესაც შტეფანიკოვას ქუჩაზე მდებარე ჩემი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან ვიყურები, ბორცვზე სლავინის მემორიალს ვხედავ – ბრატისლავის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, ომის მემორიალსა და სამხედრო სასაფლაოს, რომელიც საბჭოთა არმიას ეძღვნება.
დროდადრო, ფაშისტური მოტოციკლეტების კლუბის, „ღამის მგლების“, წევრები კვლავ სტუმრობენ ამ ადგილს – ისევე, როგორც ოდესღაც ლენინის პიონერები და კომკავშირის წევრები სტუმრობდნენ – ხშირად რუსეთის ელჩთან, ვატნიკთან და ომის გამჩაღებელთან ერთად. ანტიდასავლური ექსტრემალური ჯგუფები მსგავს მემორიალებს ხშირად სტუმრობენ, ფანატიკურად უჭერენ მხარს პუტინს და უკრაინის მიმართ რუსეთის გენოციდურ ომს და 1968 წლის აგვისტოში ჩეხოსლოვაკიის სასტიკ ოკუპაციას უარყოფენ.
როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩეხოსლოვაკიაში ჯერ კიდევ ასი ათასობოთ საბჭოთა ჯარისკაცი იმყოფებოდა. მხოლოდ 1991 ივნისს დატოვა ყველამ ჩემი სამშობლო.
დღეს ბრატისლავაში მოსკოვის ქუჩაზე სიარული, ტუპოლევის ქუჩაზე საყიდლებზე გასვლა ან ლომონოსოვის გამზირზე სეირნობა შემიძლია. სკოლა წითელი არმიის ქუჩაზე მქონდა. სლოვაკეთის დედაქალაქში ჯერ კიდევ არსებობს რუსული დასახელების 36 ქუჩა. დუნაის მეტროპოლზე ოკუპანტებმა ღრმა დაღი დატოვეს.
კომუნიზმის დაცემის შემდეგ ჩემმა ქვეყანამ დეკოლონიზაცია არ განიცადა და რუსეთის გავლენისგან არ გათავისუფლებულა. ბოლშევიკი რევოლუციონერებისა და საბჭოთა კავშირის დამფუძნებლების პროპაგანდისტული მემკვიდრეობა დღესაც თვალსაჩინოა დიდი და პატარა ქალაქებისა და სოფლების ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში.
შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ბორის ნემცოვის ქუჩა რუსულ საელჩოსთან ახლოს არის. ეს ქუჩა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახელს ატარებს, რომელიც მოსკოვში 2015 წელს მოკლეს.
თუმცა, ბრატისლავას გარეუბანში რაჩაში რუსთაველის ქუჩაც არის! რადგან რაჩა/რაჭა საქართველოშიც არსებობს, 1977 წელს გადაიღეს ფილმი სახელად Rača, moja láska „რაჭა, ჩემი სიყვარული!“. ამ ფილმში ზაურს დარინა უყვარდება. ეს მუსიკალური კომედია სიყვარულის, ღვინისა და საბჭოთა სტილის სექსზეა – ანუ, არცთუ იმდენ სექსზე. არასოდეს დამავიწყდება ფრაზა ამ ფილმიდან: „ნახეთ, ღვინის მუზეუმი! რა საჭიროა ღვინის მუზეუმი? ღვინო დასალევად არის და არა საყურებლად!“.
დემოკრატიაზეც არის დაუვიწყარი წინადადება! „ესაა თქვენი დემოკრატია! ორი კვირითაც ვერ წავსულვარ და (ჩემს ბაღში) ყველაფერი სარეველებით დაიფარა!“.
საბჭოთა მმართველობის ქვეშ ათწლეულობით ტანჯვის შემდეგ ჩვენი ორივე ქვეყანა ტოტალიტარული მემკვიდრეობის ნარჩენებისგან განთავისუფლებას ცდილობს.
მაგრამ სლოვაკეთი ის ქვეყანაც იყო, რომელიც დიად საქმეებს აკეთებდა. ერთიანი საგადასახადო განაკვეთისა და 2000-იან წლებში გლობალური მოთამაშეების მიერ განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების წყალობით, სლოვაკეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკით გამოირჩეოდა. ჩემი ქვეყანა 2004 წელს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა, ხოლო 2009 წლიდან ევრო მისი ოფიციალური ვალუტაა.
თუმცა, დემოკრატიები მყიფეა და მათი არსებობა არასოდეს უნდა მივიჩნიოთ თავისთავად. თავისუფლებები, რომლებიც მყარად დაცული გვგონია, შეიძლება დავკარგოთ. დღეს, მწვავე გამოწვევების წინაშე – საცხოვრებლის მაღალი ინფლაცია, კლიმატის კრიზისი და გაპარტახებული ინფრასტრუქტურა – სლოვაკეთი თითქოს ჩიხშია მოქცეული. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ 2025 წელს ის ევროკავშირის ოცდარვა ქვეყანას შორის კორუფციის დონით მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. სლოვაკთა 90%-მდე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფცია ფართოდ არის ფეხმოკიდებული.
ამ ყველაფრიდან გამოსავალს მხოლოდ ერთად თუ ვიპოვით.
უკრაინა და საქართველო ევროპულ კავშირში სასწრაფოდ გვჭირდება – რომ ევროპა გავაძლიეროთ, გავამრავალფეროვნოთ, გავამწვანოთ, მხარი დავუჭიროთ მის ხანდაზმულ მოსახლეობას, შევუნარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა – უფრო აღმოსავლეთ ევროპული გავხადოთ, დავაბალანსოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის!
ძლიერ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ კავშირში ინტეგრაციის მისწრაფებას. თქვენი მუდმივი მედეგობა გვჭირდება. თქვენი მოქალაქეების გაბედულება, რომლებიც ევროპულ დროშებს თბილისსა და მის გარეთ აფრიალებენ.
2008 წელს რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის მეიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მისი მოქალაქეების მოტაცებისა და მიმდინარე დაკავებების მიუხედავად, საქართველო მაინც ევროპას ირჩევს. თუკი მათ მიერ გამოწვეულ დესტაბილიზაციის ეფექტებზე ვისაუბრებთ, ეს ე.წ. გაყინული კონფლიქტები გაყინულის გარდა ყველაფერია.
საქართველოში სამხედრო შეჭრა გარდამტეხი მოვლენა აღმოჩნდა, რომელმაც ცივი ომის შემდგომი ეპოქის დასასრული აღნიშნა. საქართველო პუტინისთვის ერთგვარ საცდელ მოდელად იქცა. დასავლურმა ძალებმა ამ ომის მნიშვნელობა სათანადოდ ვერ შეაფასეს და რუსეთის იმპერიული ძალაუფლების პროგნოზირებად გაფართოებაზე საჭირო რეაგირება ვერ მოახდინეს.
ქართველი ახალგაზრდები კვლავაც დგანან ბრძოლის წინა ხაზზე, გადაღლის, სასოწარკვეთისა და იმ ადამიანების ცივი გათვლის წინააღმდეგ, რომლებიც მზად არიან ჩვენი თავისუფლება გაყიდონ და მას უღალატონ.
დიქტატორები ყოველთვის იტყუებიან იმის შესახებ, რაც უკვე ჩაიდინეს, მაგრამ ძალიან ხშირად პირდაპირ გვეუბნებიან, რის გაკეთებასაც აპირებენ.
2005 წელს, მეორედ არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ბირთვული იარაღისა და ფულის უდიდეს თანხებს აკონტროლებდა, დუმასა და სენატს მიმართა. მან თქვა: „საბჭოთა კავშირის ჩამოშლა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“.
მაშინ მოსაზრება ძალიან ნათლად გამოთქვა და ვინც ეს მოსკოვიდან და რუსულ ენაზე ვერ გაიგო, მათ 2007 წელს მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციაზე გაუმეორა. შემდეგ წელს კი საქართველოს რესპუბლიკას დაესხა თავს.
უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე ვიცით, რომ პუტინი საშინელ რუსულ იმპერიას ვერასოდეს აღადგენს და ნატოს 1997 წლის საზღვრებისკენ ვერ გადაწევს.
და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ სიბნელემ მოიცვას მზია ამაღლობელის ქვეყანა, საქართველო.
საფრთხის წინაშე სლოვაკეთისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებები სწრაფად, მტკიცედ და აქტიურად მოქმედებენ. ათიათასობით თანამოქალაქესთან ერთად, თითქმის ყოველ მეორე პარასკევს ქუჩებსა და მოედნებზე მთავრობის წინააღმდეგ ვაპროტესტებ. ჩვენს პრინციპებს ვიცავთ. 2023 წლის ნოემბრიდან სლოვაკეთის სამოქალაქო წინააღმდეგობის მასშტაბი და სიმტკიცე წარმოუდგენელი და შთამაგონებელია – მსგავსი რამ არ მინახავს მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე, მარტინა კუშნიროვა, მოკლეს.
საქართველო ევროპის ინსპირაციაა. ჩვენ უნდა გავიაზროთ თქვენი ისტორია, თქვენი ამბავი, თქვენი ლიტერატურა და პოეზია. დავაბრუნოთ შავი ზღვა ევროპულ კავშირში! ამ რეგიონმა ევროპის ფორმირებასა და შექმნაში დიდი როლი ითამაშა. აქ შეხვდნენ ძველი ბერძნები მომთაბარე სკვითებს, წვეროსან მომთაბარეებს.
პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები მეხუთე საუკუნით დათარიღებული თხზულება წმინდა დედოფალ შუშანიკის წამებისა და გარდაცვალების შესახებ, მოგვითხრობს ქალზე, რომელიც რელიგიური განსხვავებების გამო ქმრის მორჩილებაზე უარს ამბობს. ქართული ლიტერატურა ყოველთვის იყო ემანსიპაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედითი იარაღი.
მეთორმეტე საუკუნეში პოეტი რუსთაველი ლიბერალურ იდეებსა და გენდერულ თანასწორობას განიხილავდა. ამ წინადადებას დააკვირდით: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია“.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, სადაც ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. 1919 წელს ხუთი ქალი არჩეული პარლამენტის დეპუტატი გახდა. საქართველო ასევე იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 1918 წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში მუსლიმი ქალი აირჩია.
1978 წლის აპრილში თბილისის მასობრივმა დემონსტრაციებმა წარმატებით აღკვეთა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობა, შეეცვალა საქართველოში ენების კონსტიტუციური სტატუსი.
დავეხმაროთ ჩვენს ძმებსა და დებს, კვლავ იპოვონ გზა ევროპისკენ! ისე, როგორც ჩვენ, ჩეხოსლოვაკებმა, 1989 წელს შევძელით.
* * *
ევროპას თქვენთან ერთად წარმოვიდგენ, სადაც განათლება და კულტურა ჩვენი საერთო, ევროპული პრიორიტეტებია.
სადაც ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერება მხოლოდ ორნამენტი არ არის. ის ადამიანის გონების მიერ შექმნილი, წარმოსახულის და დათმენილის მატიანეა. კულტურა გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავერკვეთ ადამიანური ურთიერთობების ნიუანსებში, ვისწავლოთ წარსულისგან და ეს გამოცდილება აწმყოში გამოვიყენოთ მუდმივად ცვალებად სამყაროში. კულტურა ემპათიას, სიღრმისეულ კრიტიკულ აზროვნებას და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას გვასწავლის.
წარმოვიდგენ ევროპას უკრაინასა და საქართველოსთან ერთად – ევროპას, სადაც ამბების თხრობა ცოცხალი და მრავალფეროვანი სფეროა, რომელიც აერთიანებს უძველეს ზეპირ ტრადიციებსა და თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, სოციალური ერთიანობისა და ინოვაციური კომუნიკაციის ხელშესაწყობად.
წარმოვიდგენ ევროპულ მთავრობებს, რომლებსაც ესმით, რომ ისეთი რთული გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან ხელოვნური ინტელექტი, აზროვნების ახალ მიდგომებს მოითხოვს.
პოეზია, მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა გვთავაზობს ენას ამ გამოწვევებზე სასაუბროდ, გვასწავლის, მოვუსმინოთ მარგინალიზებულ საზოგადოებებს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას ბუნებასთან და დავძლიოთ ჩვენ შორის არსებული სივრცე.
1989 წლის დეკემბერში დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ თავისუფლება არსებობის უმთავრესი საფუძველია – ის ჩვენ, ადამიანებს, საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ მნიშვნელობები და ღირებულებები.
2026 წელს კი ვიცი, რომ შეიძლება ძალიან ბევრი რამ დავკარგოთ.
როდესაც იმედის დაკარგვის საფრთხის წინაში ვდგები, ბრატისლავას ძველ ქალაქში ვსეირნობ. კვირას ადრე დილით – ამ დროს ქუჩები ჯერ კიდევ უკაცრიელია – გოთიკურ ეკლესიაში მესაზე მისვლა მინდა. ებრაელთა ქუჩიდან წმ. მარტინის ტაძარს ვხედავ. მას თავზე უნგრული სამეფო გვირგვინის 300 კილოგრამიანი რეპლიკა ადევს. 250 წელი ეს ტაძარი კორონაციისთვის გამოიყენებოდა. აქ დაადგეს თავზე გვირგვინი მარია ტერეზას, ჰაფსბურგების მონარქს – არა როგორც დედოფალს, როგორც მეფეს.
სამოცდაათი წლის განმავლობაში ქალაქის უდიდესი კათოლიკური ეკლესიის გვერდით მავრიტანულ სტილში აგებული ნეოლოგიური სინაგოგა იდგა. ის 1967 წელს დაანგრიეს, დღეს კი მის ადგილას ქალაქის მაგისტრალი უშუალოდ ტაძრის გვერდით გადის.
კომუნისტურმა ხელისუფლებამ ყოფილი ებრაული უბნის მრავალი შენობა გაანადგურა. 1968 წლის შეჭრის დროს, როდესაც საბჭოთა სამხედროები ტაძრის კატაკომბებში კონტრრევოლუციურ ჯგუფს ეძებდნენ, ამ აბსურდული ოპერაციის შედეგად არაერთი ისტორიული შენობა განადგურდა.
ტაძართან ახლოს ცნობილი რაბინის, ფრანკფურტელი ჩატამ სოფერის სკოლაც იდგა (1941 წელს ნაცისტებმა დახურეს და 1960-იან წლებში კომუნისტებმა გაანადგურეს). რაბინი ტრამვაის გვირაბთან ახლოს არის დაკრძალული. დღემდე ეს მიწისქვეშა სამარხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ორთოდოქსი ებრაელებისთვის მნიშვნელოვან სალოცავ ადგილად რჩება. ცნობილი პრესბურგის იეშივის მოწაფეებმა და შთამომავლებმა მსგავსი უმაღლესი ებრაული სასწავლებლები მრავალ ქვეყანაში დააარსეს: ისრაელში, უნგრეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში.
კათედრალის გვერდით მდებარეობდა ანტონ ბერნოლაკის კათოლიკური საზოგადოების შტაბ-ბინა, რომელიც სლოვაკური ენის კოდიფიცირების პირველი მცდელობა იყო. ხოლო იქვე, კონვენტნას ქუჩაზე მდებარე პროტესტანტულ ლიცეუმში, მე-19 საუკუნის „ეროვნული აღორძინების“ ეპოქის არაერთი განმანათლებელი მოაზროვნე სწავლობდა. საკუთარი სახელმწიფოს არქონის მიუხედავად, სლოვაკები საუკუნეების განმავლობაში უფრთხილდებოდნენ და ავითარებდნენ ენასა და ეროვნულ კულტურას.
წმინდა მარტინის ტაძარში მასიური გოთიკური შესასვლელით შევდივარ. მხატვრული ღირებულების გარდა ეს შესასვლელი მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი თაობის ხელოსნების გამორჩეულ ნამუშევარს წარმოადგენს. შევდივარ სამყაროში, რომელშიც ისტორია და კულტურა ერთიანდება.
გერმანულ ენაზე, ჩემი ბაბუის ენაზე, ჩატარებულ წირვას მხოლოდ ოცამდე ხანდაზმული ადამიანი ესწრება. თითქმის სამოცდაათი მეტრის სიგრძის ეკლესიის ინტერიერი მეტისმეტად ფართოა გერმანულენოვანი საზოგადოების ამ მცირე ნაწილისთვის. 100 წლის წინ პრესბურგის მკვიდრთაგან მხოლოდ შვიდში ერთი იყო სლოვაკი. წირვები უმეტესად უნგრულად და გერმანულად სრულდებოდა.
სანთლები ანთია, მრევლი გულმოდგინედ აჰყვება გალობას და სულ რამდენიმე წუთში ვგრძნობ, რომ ამ პატარა თემის ნაწილი გავხდი. ვფიქრობ ბაბუაჩემზე, შტეფან კირხმაიერზე, და მის Zipser Deutsch-ზე – გერმანული ენის ძველ, მივიწყებულ დიალექტზე, მის დაკარგულ ქალაქსა და გამქრალ სამყაროზე.
ამ სივრცეში უნიკალური აკუსტიკაა; ისტორიული ორღანის ხმა თვით ფრანც ლისტმა გამოსცადა. ევქარისტიულ მსახურებაზე არ ვრჩები; ამის ნაცვლად, გვერდით ნავში ცოტა ხნით ვჩერდები,ცენტრალურ ევროპაში შემორჩენილი უძველესი ტყვიის ქანდაკების წინ. ის ავსტრიელმა მოქანდაკემ, გეორგ რაფაელ დონერმა, დაახლოებით 1735 წელს შექმნა.
ქანდაკებაზე წმინდა მარტინი თავის მოსასხამს ორად ჭრის და მათხოვარს უყოფს. დონერის ნამუშევარს თვრამეტი ხარი და ორასი ადამიანი სამი დღის განმავლობაში ურმებით მიათრევდა ბრატისლავის – პრესბურგის – პოზონის ქუჩებში, ტაძრამდე. ოდესღაც უნგრულ-სლოვაკურ-ავსტრიული მეგობრობა სწორედ ასეთი ძლიერი იყო. ვისურვებდი, ევროპასა და საქართველოს შორის კავშირიც ასეთივე მტკიცე იყოს!
ისევ ღია ცისქვეშ გავდივარ.
მე ბრატისლავაში ვარ და მზად ვარ, კვლავაც დაუღალავი ვიყო.
გამარჯობა, ევროპა! მე ისევ აქ ვარ. მე თბილისში ვარ. ჩვენ აქ ვართ. მეტად, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.
მოდი, ჩვენს დემოკრატიასაც ისე მოვუაროთ, როგორც სლოვაკეთსა და საქართველოში, რაჭის ბაღებსა და ვენახებს ვუვლით. თუ არ მოვუვლით, ის სარეველებით დაიფარება! და, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ: ღვინის მუზეუმები? რა საჭიროა? ღვინო დასალევადაა და არა სანახავად!
ფოტო: The Aspen Institute Central Europe
გირჩევთ