გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბესიკ ხარანაული ეს საქართველოა გამომცემლობა ინტელექტი ნიქო გორგილაძე რეცენზია

ბესიკ ხარანაულის „ეს საქართველოა“ | ნიქო გორგილაძე

ვაჟა-ფშაველას „თხზულებანში“, რომელიც, სხვა ოთხ ძვირფას წიგნთან ერთად გამოვიყოლე თან, როცა რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გადმოვცხოვრდი, ერთგან ვკითხულობთ: „ფშავლები პოეტური ხალხია და მათი პოეზია წარმოადგენს უძირო ზღვას. რასაც ფშავლის თვალი და გონება მისწვდომია, იმას ყველაფერზედ უთქვამს ლექსი, – მოყოლებული სიცოცხლიდამ სიკვდილამდე და საიქიომდე“. ასეთივეა ბესიკ ხარანაულის „ეს საქართველოა“ – აქ ყველაფერსა და ყველაფერზე წაიკითხავთ. თავად პოეტი კი, თითქოს, დაბადებამდეც პოეზიის უძირო ზღვაში იყო და, ახლაც, თავისი პოეზიით, იმ სიღრმეში გვახედებს, რომლიდანაც წამოსულა. ლექსების დიდი ნაწილი ხმამაღლა წავიკითხე, წამღერებით, როგორც წლების წინ ვკითხულობდი ფსალმუნებს – ამ უძველეს და უმაღლეს პოეზიას. ზოგიერთ მათგანში, ლამის ყოველ სტროფს თავისი მუსიკა ჰქონდა, როგორც ზღვის ყოველ ახალ ტალღას. ამადაც მიყვარს პოეზია, რომ იგი მახსენებს ცურვას მონატრებულ შავ ზღვაში, და ლექსშიც, ისევე როგორც ზღვაში, არცერთი შესვლა არ ჰგავს წინას. კი, ცურვა იყო ამ წიგნის კითხვაც, ისევე როგორც ბავშვობაში, როცა წყლის სიღრმეში ვეძებდი ფერად შუშის კენჭებს, დიდ ქვებსა და შავ თუ ნაცრისფერ ქვებს შორის. ბევრი იყო ასეთი ტექსტიც, მაგრამ მათ შემდეგ ჩემთვის ძვირფასის აღმოჩენა კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მგვრიდა.

ბესიკ ხარანაული ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითია ჩვენში იმისა, რომ პოეზია არაა უბრალოდ გარითმული ტექსტი, ფსევდოპატრიოტული მჯიღისცემა გულზე, სადღეგრძელო და სკოლის ასაკიდან მოძულებული საზეპიროები.

„შენ გშია, გცივა, გეშინია, შენ არაფრის არ გაქვს იმედი და შენ გინდა ჩემი ნუგეში“

– ასე იწყება ერთ-ერთი ლექსი და მიუხედავად სრულიად სხვაგვარი დასასრულისა, მე მაინც მგონია, რომ ეს ნუგეშიც პოეზიაშია, რომელიც „ტკბილია, როგორც გოლეული“. მთელი კვირა ხმამაღლა ვკითხულობდი, აქამდე კარგად ნაცნობ თუ უცნობ ლექსებს. ერთ საღამოს, მეგობარსაც წავუკითხე რამდენიმე მათგანი და ვუთხარი: აი, როგორი პოეტია იგი, მე რომ გათენებამდე ვწერდი რამდენიმესტროფიან ლექსს, მთელ იმ საფიქრალს, ტკივილსა და სათქმელს, ერთ ხაზში ამბობს ბესიკი-მეთქი: „ან რად გაძალებ მე ზანზალაკს, რომ იყო ზარი“ – მთელი ჩვენი მოლოდინები ვისიმე მიმართ, იმედგაცრუება, სიყვარული და სიყვარულის შემდგომი ტკივილი ამ ერთ ხაზშია. და როცა მიხვდები, რომ ის, ვინც ზარი გეგონა, სინამდვილეში, ზანზალაკი იყო, სიყვარულთან ერთად წყენაცა და ბრაზიც გაივლის,  რადგან არავინაა ვალდებული. არავინაა დამნაშავე. 

არის ისეთი ტექსტებიც, რომელთა ხმამაღლა წაკითხვაც არ შეიძლება თურმე, რადგან ისე შემზარავად გაისმა, ისე დამზაფვრელად, გულისგულში ჩამარხული იმგვარი შიში გააღვიძა, რომლის გაგონებაც კი არ მინდოდა, თითქოს მანამდეც ვიცოდი და გავურბოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა:

„მითხარი რამე სისულელე, თორემ გავგიჟდები…
მკვდარია კაცი,
როცა იქ არის, სადაც არ უნდა“.

მართალია, ფსალმუნები დღემდე მიყვარს, მაგრამ ქადაგებისა რა მოგახსენოთ… ზოგიერთ ლექსში პოეტი მართლაც ქადაგს მოგაგონებთ, თუმცაღა, პატრიოტული მოტივებითა და აქა-იქ მორალიზმითაც დახუნძლული ვრცელი ქადაგებების პარალელურად, რომლებმაც, შესაძლოა, ჩემ მსგავსად გადაგღალოთ კიდეც, ისეთი ლექსებიც შეგხვდებათ, სუნთქვა რომ შეგეკვრებათ, ლექსი კი არა და, ფსალმუნი კი არა და, სიმღერა კი არა და, სულ მთლად გალობა რომ არის, არა ტაძრის მგალობელთა გუნდის, არა ჩიტების, არამედ ნიავის, ფოთოლთა შრიალის, ღვთაებრივი სიმსუბუქის მომტანი… ეს შეგრძნება, ალბათ, გაცილებით უფრო მძაფრია სამშობლოდან შორს, რადგან კიდევ ერთხელ გაგრძნობინებს  პოეზიის ჯადოსნურობას, რომელიც არ ცნობს დროისა და სივრცის საზღვრებს:

„წალენჯიხის  ეკლესიავ,  ერთხელ  ჩამო  თიანეთში,
წამოიყვა  შენი  ბაღი,  ცას  აწვდილი  ხიანები,
ნიავი  არ  დაგავიწყდეს,  ფოთლებშია,  შრიალებში,
ცოტა  ხანს  შენთან  დამმარხე,  შენი  მიწის  წიაღებში,
მერე  გადავიმარხები,  დიდხანს  არ  დავგვიანდები,
ხომ  იცი,  საქართველოა,  წმინდა  ადგილიანები“.

თქვენი არ ვიცი და, ჩემთვის, სხვა არცთუ ბევრი მიზეზის გარდა, ამ იშვიათი და ბედნიერი შეგრძნებების გამო ღირს ცხოვრება, ამადაც მიყვარს პოეზია და ამ წიგნში უთუოდ შეხვდებით და იგრძნობთ, კიდევ ერთხელ, თუ რა რამხელა ძალა აქვს სიტყვას, პოეზიას და, რასაკვირველია, თავად  შემოქმედს, რომელიც შიგადაშიგ  გაფიქრებინებს: „როცა სიფაქიზე გაკლია, ფარდას ნუ ეხები“. და არათუ გაფიქრებინებს, იძულებულს გხდის, დროებით კითხვა შეწყვიტო…

„სად არიან შვილები, შვილები სად არიან“ – კითხულობს პოეტი ბოლო დროის ცნობილ ლექსში. ბევრი რამის თქმა შეიძლება აქ, ითქვა კიდეც და მომავალშიც იტყვიან ჩემზე გაცილებით უკეთ, მე კი მხოლოდ ესღა შემიძლია ვთქვა, რომ არიან ისეთი შვილებიც, საქართველოდან შორსაც რომ ასე ფიქრობენ:

„ჰეი მავანნო,
ვინც ეძებთ სამოთხეს,
ჩემი სამოთხე ეს ჯოჯოხეთია!
ეს საქართველოა!“

უცნაურია, ალბათ, რასაც ვწერ. ალოგიკურიცა და სადავოც. მაგრამ უცნაურია ეს წიგნიც და, საერთოდაც, ეს საქართველოა, ასეთია იგი.

ამ ქვეყანაში ერთდროულად შეგიძლია თქვა ესეც:

„ქათამმა დადო ვერცხლის კვერცხი,
ოქროს ველოდი.
კმაყოფილი ვარ ჩემი ბედით –
საქართველოთი“.

და ესეც:

„სამშობლოში რომ ვარ და სამშობლო რომ მენატრება,
მახსენდება გურამიშვილი,
ვეუბნები: „კარგი ჰქენ, რომ არ ჩამოხვედი!“
როგორ ვიცხოვრო?“

გარდა ინტენსიური პატრიოტული ლირიკისა, რომელიც, ასე ერთბაშად და ერთიანად, შესაძლოა, სიახლეც კი იყოს მისი მკითხველისთვის, უნიკალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოეტის ხმა უკანასკნელ ხანებში, ხმა, რომელიც ყველას ესმოდა და აერთიანებდა – ჯენზისაც და ძველ მკითხველსაც, სწორედ ბესიკ ხარანაულმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვათ „ძველებს“, და ის, რაც აუცილებლად უნდა მოესმინა ახალ თაობას:

“დამთავრდა ერა
ჰალსტუხიანების,
მუცელგველიანების!

მე შორს დავუდგები,
შორს დავესახლები,
ვუყურებ,
დავტკბები,
ვუყურებ,
გავძღები:
ასპარეზზე გამოვლენ ახლები!“

ის არ შემოიფარგლა მხოლოდ ამ შეძახილით: „გაიღვიძე, საქართველო, ადექ, ტანი დაძარი!“ შეგვახსენა ჩვენი საუკუნოვანი ეროვნული ხსნის გზაც, რომელიც მუცელგველიანებმა ეჭვქვეშ დააყენეს: „საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“

ბევრი ვიფიქრე, როგორ გადმომეცა გულწრფელად ჩემი გაორება, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ მქონდა, ან დამეწერა თუ არა საერთოდ ეს ტექსტი, საბოლოოდ, ამ საქმეშიც პოეტი დამეხმარა, უწინარესად წიგნის სათაურით - „ეს საქართველოა“ – შესაძლოა, მათ შორის, ამის თქმაც სურდა, რომ ესაა საქართველო, ასეთია იგი, სადაც, საბედნიეროდ, დღემდეა ბესიკ ხარანაულის პოეტური მარგალიტები მიმობნეული, ისევე როგორც ლოცვაცა და წყევლაც, იღბალიცა და უბედობაც, მორალიზმიც, სასიცოცხლოდ აუცილებელი და, ზოგჯერ, მოყირჭებული პატრიოტიზმიც, უიმედობაცა და ნუგეშიც, ბრაზიცა და შეგულიანებაც… დასასრულ კი ასე მოვრიგდით: 

„ჩემო ახალგაზრდა კაცო,
მე კი ვიცი, სხვას რომ ვმღერი,
მაგრამ, რა ვქნა, ეს ბებერი,
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!“

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა