მუსოლინი თბილისში | არჩილ ქიქოძე
12-13 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „დებატები ევროპაზე“ გაიმართება. ცნობილი ქართველი და უცხოელი ავტორები და მკვლევრები თავისუფლების, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ იმსჯელებენ. დისკუსიის მონაწილეთა სტატიები Voxeurop-ზე გამოქვეყნდება.
დებატები ევროპაზე თბილისი 2026 - სრული პროგრამა
ციკლის პირველი ტექსტის ავტორია მწერალი არჩილ ქიქოძე - ავტორი პირად გამოცდილებასა და პოლიტიკურ დაკვირვებებზე დაყრდნობით გვიჩვენებს ქართული საზოგადოების გამძლეობას, კულტურულ წინააღმდეგობასა და ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მისწრაფებების შესანარჩუნებლად.
კარლ ჰენრიკ ფრედრიქსონი
პროგრამის „დებატები ევროპაზე“ დირექტორი
მუსოლინი თბილისში
„მათაც ეს უნდათ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვნახულობდეთ, კონტაქტი აღარ გვქონდეს. მარტოდ ვიგრძნოთ თავი“, – მეუბნება თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე ჩამოსული ისლანდიელი მწერალი, სიონი. „მათში“ მსოფლიოში მოძლიერებულ ყველა შავ-ბნელ ძალას – პოპულისტებს, ფაშისტებს, ფუნდამენტალისტებს – გულისხმობს.
2025 წლის სექტემბერში თბილისის ლიტერატურულ ფესტივალს იმდენი ადამიანი დაესწრო, რამდენიც მანამდე არასდროს ყოფილა. დარბაზები სავსე იყო და მგონია, რომ ყველა დამსწრე გრძნობდა მადლიერებას უცხოელი სტუმრების მიმართ, რადგან ისინი მაინც ჩამოვიდნენ – „მათ“ ჯინაზე.
მე არ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით თბილისში ჩამოსვლა დიდი გმირობაა, მაგრამ უკვე უთვალავი მაგალითი მაქვს იმისა, რომ ვიღაც აღარ ჩამოდის, ვიღაც, ვისთვისაც ეს ქალაქი და ეს ქვეყანა ძვირფასია, ვინც კონტექსტები იცის, ვისთვისაც რაღაცეების ახსნა არ გჭირდებოდა. ასეთი ხალხის არჩამოსვლა ჩემთვის სრულიად ახალ და უჩვეულო მიტოვებულობის შეგრძნებას მიჩენს.
თბილისს ტოვებენ ის ევროპელები, რომლებმაც აქ ათწლეულების მანძილზე გაიდგეს ფესვები. ხუმრობით მათ მამაჩემი „კულტურულ ლტოლვილებს“ ეძახდა. ხალხი, რომელიც ოთხმხფოცდაათიან წლებში ჩამოვიდა, ძირითადად, ჰუმანიტარული მისიით. მერე კი აქაურობა შეიყვარა და სამუდამოდ დარჩა.
მაგრამ სამუდამო არაფერი ყოფილა და რამდენიმე ასეთი ადამიანის წასვლა ჩემთვის განგაშის ზარივითაა.
მიდიან ჩვენი ახალგაზრდები. მიდიან შეუმჩნევლად, ხმაურის გარეშე, ვიღაცა ისევ აქ გგონია, რადგან სოციალურ ქსელში აქტიურობს. მერე კი აღმოჩნდება, რომ უკვე ლისაბონში, დუბლინში ან ბერლინში ცდილობს ფეხის მოკიდებას.
ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ საიმისოდ, რომ უცხო ქვეყნებში კომუნები და დიასპორები შევქმნათ, ჩვენ უბრალოდ გავიწოვებით, დავიფანტებით მთელ მსოფლიოში და მერე გავქრებით.
უფრო სწორად, ჩვენი ის ნაწილი გაქრება, რომელსაც აზროვნება უყვარს და მლიქვნელობა არ შეუძლია.
მათთვის, ვინც აქ ვართ, ლიტერატურული ფესტივალები და მსგავსი კულტურული ღონისძიებები ის ადგილია, სადაც თავისუფლად ისუნთქება. ფესტივალზე წამითაც არ გავიწყდება, სად ცხოვრობ, მაგრამ დაძაბული აღარ ხარ, თანამოაზრეებს ხედავ, ეუბნები, თუ როგორ გიხარია, საპროტესტო მარშის გარდა კიდევ სადმე სხვაგან მათი ხილვა. ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ კონფორმისტებს უცხოელ და ქართველ ავტორებთან შეხვედრა არაფერში სჭირდებათ. მათ ისედაც ყველაფერი იციან.
ფესტივალზე პოეტი ზვიად რატიანის ცარიელი სკამი დგას. ორი თვით ადრე პოეტმა ფაქტიურად ძალად დააჭერინა თავი, როდესაც სხვა პოლიტიკური პატიმრის, ნონკონფორმისტი ჟურნალისტის – მზია ამაღლობელის საქციელი გაიმეორა და პოლიციელს სილა გაარტყა. დარტყმა არ ყოფილა ძლიერი, სიმბოლური აქტი იყო, უფრო ჩვენს გამოსაფხიზლებლად, ჩვენი სიმტკიცის გასაძლიერებლად მოცემული მაგალითი. სჯეროდა, რომ საკუთარი საქციელით რაღაცას შეცვლიდა. მოემზადა, გააკეთა. უკანასკნელად სასამართლოზე ვნახე, პროცესის დროს ფეხზე იდგა და სიგარეტს სრესდა. განსასჯელის სკამზე რომ არ დამჯდარა, ესეც სიმბოლური აქტი იყო.
ზვიად რატიანი ახლა ციხეშია. მე კი მას ხშირად ვხედავ ქალაქის ქუჩებში – მუდმივად ვიღაც გამვლელს ვამსგავსებ...
შემოდგომაზე უსამსახუროდ დარჩენილი ორი დიპლომატი თანამშრომლობას მთავაზობს. ვთანხმდები და თვეში ერთხელ ლიტერატურასა და კინოზე ველაპარაკები მათი კოლეგებით, ყოფილი დიპლომატებით სავსე დარბაზს. ლექციებზე რამდენიმე გადამდგარი ელჩიც დადის. პირველ საღამოს თემად იაპონურ ლიტერატურაში პატრიოტიზმს და მილიტარიზმს ვირჩევ და მეჩვენება, რომ ასეთი კარგი აუდიტორია არასოდეს მყოლია. დიპლომატებთან არასოდეს მქონია შეხება და, თურმე, რა სასიამოვნო ხალხია ისინი, ვისი ათწლეულებით ნაგროვები გამოცდილება და პროფესიონალიზმი დღევანდელ საქართველოში აღარავის დასჭირდა...
დეკემბრის დასაწყისში ყოველწლიური თბილისის კინოფესტივალი ტარდება. აქ სცენიდან ყველაზე ხშირად რეჟიმის სხვა ტყვის – მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სახელი ისმის.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს, პერუში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, გავიცანი ახალგაზრდა სიმპათიური კაცი, რომელსაც უზარმაზარი გეგმები ჰქონდა. ანდროს საომარი ფილმის გადაღებისას ზედ ყურთან აუფეთქდა პიროტექნიკა, რის შედეგადაც დეპერსონალიზაციის და დერეალიზაციის სინდრომი შეიძინა. ამ სინდრომთან ბრძოლისას აღმოაჩინა, რომ მთაში სიარული შველოდა. რაღაც სიმაღლის მერე ყველა სიმპტომი უქრებოდა. თეატრისა და კინოს მსახიობმა მთამსვლელობა დაიწყო, მერე კი ყველა კონტინენტის ყველაზე მაღალი მთების დალაშქვრა და ამაზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა.
მსახიობის ხმა | ანდრო ჭიჭინაძე
შემხვდა იმიტომ, რომ სცენარის თანაავტორობა ეთხოვა. მაშინ ვიფიქრე, რომ ამ ბიჭს ყველაფერი გამოუვიდოდა. დამემართა ის, რაც ხშირად მემართება ხოლმე კარგი ადამიანების გაცნობისას – უარი ვერ ვუთხარი და დავთანხმდი. სანამ მე პერუდან დავბრუნდებოდი, ანდროს კილიმანჯაროზე ასვლა და პირველი სერიის გადაღება უნდა მოესწრო.
კილამნჯაროს ნაცვლად ციხეში მოხვდა და გასამართლდა ჯგუფური ძალადობის მუხლით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც მანამდე არც კი იცნობდა და რომლებთანაც, ვფიქრობ, სიცოცხლის ბოლომდე იმეგობრებს.
კინოფესტივალზე ყველა სიტყვით გამომსვლელი ახსენებს ანდროს, რომელიც მომხიბვლელი და ნიჭიერი ახალგაზრდიდან გმირად და წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გადაიქცა.
მე კი ვხვდები, რომ ამ უკანასკნელ ფესტივალზე თითოეულ ფილმს უკვე სულ სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ. თუნდაც უკრაინელი ლოზნიცას მიერ სტალინურ რეპრესიების თემაზე შექმნილი მორიგი ნამუშევარი. თითქოს რაღა საჭირო იყო ახალი ფილმის გადაღება ამ ყველაფერზე, როცა უკვე ამდენია დაწერილი და გადაღებული?! მაგრამ რუსეთის კვალად, ჩვენთანაც ამოქექეს ნაფთალინიდან სტალინის კულტი და ჩემდა გასაოცრად, ის ცოცხალი აღმოჩნდა. ოფიციალური პროპაგანდისტები ჯერ ფრთხილობენ, მაგრამ სამთავრობო ტროლები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ბელადის სიდიადეზე. სტალინის გაცოცხლება სინქრონულად ემთხვევა ქართული მესიანიზმის ყველაზე აბსურდული იდეების აღორძინებას. ყველასათვის უცნობი პროფესორები და ფსევდომეცნიერები ქართული ცივილიზაციის უნიკალურობაზე იწყებენ ლაპარაკს...
მე იშვიათად მახსოვს ისეთი აღელვებული აუდიტორია, როგორსაც რიჩარდ ლინკლეიტერის „ახალი ტალღის“ ჩვენების მერე ვხედავ. სეანსის დასრულების მერე არავინ მიდის სახლში. უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან, ერთად ეწევიან სიგარეტს, ებრალებათ ის მეგობრები და ოჯახის წევრები, ვინც ეს ფილმი გამოტოვა...
კინო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე
ძალიან ნამდვილია ეს სიხარული და აღფრთოვანება. ერთი ჩემი თაობის ქალი, რომელიც პროტესტიდან მეცნობა, იმასაც მეუბნება: ჩვენ ხომ ამის ნაწილი ვართ, ყოველთვის ვიყავით და ამას უნდათ რომ ჩამოგვაშორონო.
„ამაში“ ევროპას გულისხმობდა.
მეღიმება. ფილმი მეც გულის სიღრმემდე ჩამწვდა და იქ დამარტყა, სადაც ჩემი ახალგაზრდა მშობლები მეგულებოდნენ გოდარის „უკანასკნელი ამოსუნთქვამდე“ სახლში მობრუნებულები. ჩემს საბჭოთა ბავშვობაში ჩვენამდე ყველაფერი გვიან ჩამოაღწევდა ხოლმე და კარგად მახსოვს ჩემმა მშობლებმა ოცი წლის დაგვიანებით რომ ნახეს ეს ფილმი და აღფრთოვანდნენ. ჰყვებოდნენ ხიფათის არადჩამგდებ ბელმონდოს გმირზე, ადვილად რომ კლავდა და ადვილად რომ კვდებოდა, მის პერანგში ჩაცმულ ჯეინ სიბერგზე, გოდარის კინოენის უჩვეულობაზე და პარიზზე – ყველაზე გასაოცარ ქალაქზე, რომელიც მხოლოდ წიგნებში და ფილმებში არსებობს, რადგან შეუძლებელია ასეთი ქალაქი მართლა იყოს დედამიწაზე.
გოდარის ფილმი მაშინ მშობლების მონაყოლით შევიყვარე. რამდენიმე წლის მერე კი საკუთარი თვალით ვნახე როგორ ჰბაძავდა ბელმონდო ჰემფრი ბოგარტს და როგორ მანჭავდა სასაცილოდ სახეს. მერე ვიპოვე გოგონა, რომელმაც მითხრა, რომ ეს მისი საყვარელი ფილმიც იყო და იმ გოგოსთან პირველ პაემანზე წასული, მეც ბელმონდოსავით ვეჭყანებოდი, სიგარეტიან ხელის ცერა თითს ტუჩებზე ვისვამდი. მოწევა ახალი დაწყებული მქონდა, მგონი, სულაც ამ ჟესტის გასაკეთებლად...
გოგოს კონტექსტი და გოდარი დაავიწყდა და იფიქრა, რომ ნერვიული ტიკები მქონდა.
ლინკლეიტერის ფილმში ახალგაზრდა გოდარი თანამოაზრეებთან ერთად „უკანასკნელ ამოსუნთქვამდეს“ იღებს. ნოსტალგიური ფილმი, რომელმაც ყველა აგვაღელვა, დიდი ტაქტით და სიყვარულით გაკეთებული მიძღვნაა წარსულისადმი. ადამიანებისადმი, რომლებმაც ოდესღაც, შორეულ სამოციანებში, შედევრი შექმნეს და რაღაც ახალს, ნამდვილს დაუდეს საფუძველი, შეიძლება, სწორედ იმ ევროპას, რომელიც ასე მოგვწონს, რომლისკენაც მივისწრაფვით და ყველას საკუთარი გვაქვს, რომელიც უკვე მითია და ამ მითისკენ მიმავალ გზასაც გვიკეტავენ, მასთან მიახლოებას გვიკრძალავენ და ჩვენ ამაზე ვბრაზობთ, ხანაც ვტირით, ხანაც სრული უძლურება გვიპყრობს.
ოღონდ, ფესტივალის აუდიტორია თითქმის მთლიანად თანამოაზრეებისგან შედგება და გჯერა, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ შეუძლებელია ამდენი კარგი ადამიანის ძალისხმევა გამარჯვებით არ დასრულდეს.
მე კი ისევ არ მტოვებს მიტოვებულობის ტრაგიკული განცდა, ალბათ იმიტომ, რომ ფესტივალი უცხოელი სტუმრების გარეშე ტარდება. თითქოს იმ ძველ დროში დავბრუნდით, როცა ევროპული ფილმები ჩვენამდე კი ჩამოაღწევდნენ ხოლმე, მაგრამ მათი შემქმნელები – არასოდეს.
ნონკონფორმისტებით სავსე დარბაზს თავზე იზოლაციის პირდაფჩენილი აჩრდილი დასტრიალებს.
კინოფესტივალი იტალიური ბიოგრაფიული ფილმით „დუსე“-თი გაიხსნა. ჩურჩულით ვეკითხები გვერდით მჯდომს, თუ რატომ შეირჩა გახსნის ფილმად ასეთი მოსაწყენი ნამუშევარი და ისიც ჩურჩულით მიხსნის, რომ გარეთ, კინოთეატრის ფოიეში, გაშლილია შვედური მაგიდა (ბუფეტი) და დგას რამდენიმე ბოთლი ღვინო, რომელიც იტალიის საელჩოს საჩუქარია ფესტივალისათვის.
ყველაფერი გასაგები ხდება.
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი მუდამ ღარიბი იყო, მაგრამ უკანასკნელი – უბრალოდ ღატაკია.
სიღარიბის მიუხედავად, ფესტივალს მუდამ ჰყავდა საინტერესო სტუმრები, რომლებსაც ჩვენთან ჩამოსვლა უხაროდათ. ჩვენც სიხარულით ველოდით მათთან შეხვედრას, მათ მიერ ჩატარებული მასტერკლასებს და საჯარო ლექციებს.
ფესტივალზე გაცნობილ რამდენიმე ადამიანთან დღემდე ვმეგობრობ, ზოგიერთი მათგან კი მაშინვე ვერ ავიტანე.
დღეს ისინიც მენატრება – ადამიანების სისულელით დაღლილი ქედმაღალი ევროპელი მეტრები.
თუმცა, ერთი უცხოელი სტუმარი ფესტივალს მაინც ჰყავს და, ბედი არ გინდა, რომ ისიც ბენიტო მუსოლინის როლის შემსრულებელია! თურმე „დუსეში“ არის ათწუთიანი ეპიზოდი, რომელიც მე არ მინახავს იმიტომ, რომ ჩამეძინა, როცა ეკრანზე მუსოლინი ჩნდება. სეანსის მერე გაღვიძებული, სცენაზე ასული დუჩეს ღონიერ კისერს და ოთხკუთხედ ყბას ვუცქერ. ამბობს, რომ თბილისი ულამაზესი ქალაქია. მაყურებელს მადლობას უხდის. ალბათ კარგი კაცია, მაგრამ რაღა მაინცდამაინც მუსოლინი?! ალბათ, ტურისტად აღმოჩნდა თბილისში და მისი ჩამოსვლა ფესტივალს დაემთხვა...
კინოფესტივალიც მთავრდება. პროტესტი კი გრძელდება და ჩვენც ვაგრძელებთ ცხოვრებას ქვეყანაში, სადაც დაჩქარებული ტემპით იღებენ ჩვენს დასათრგუნ და შესავიწროებელ კანონებს. ჩვენ მხარეს არ არის ფული, არ არის უხეში ძალა, მადლობა ღმერთს, არ არის იარაღი. ჩვენი არ ეშინიათ, მაგრამ ჩვენ ძალიან ვაღიზიანებთ მთავრობას და მათ, ვისაც კონფორმიზმის გზა აურჩევია, ანდაც მათ, ვისაც იმპერიაში ცხოვრების უნარ-ჩვევები აქვთ, თავისუფალ საზოგადოებაში კი – არა. ასეთმა ადამიანებმა საკუთარ თავს „ტრადიციონალისტები“ დაარქვეს, მოსახლეობის პროევროპულ ნაწილს კი, განურჩევლად პოლიტიკური მისწრაფებებისა, „ლიბერალები“ უწოდეს და ამ სიტყვის განსაკუთრებული ზიზღით გამოთქმაც ისწავლეს.
ტრადიციონალისტებს ლიბერალების ჯიბრი სჭირთ. თუკი ლიბერალები უპატრონო ძაღლებზე ზრუნვაში არიან შემჩნეულები, ტრადიციონალისტები თავს მოვალედ მიიჩნევენ, რომ მიუსაფარ ძაღლებს განსაკუთრებული სისასტიკით მოექცნენ.
თბილისი საცხოვრებლად მძიმე და დეპრესიული ქალაქი ხდება.
დავდივარ მშობლიური ქალაქის ქუჩებში და ისევ მეჩვენება, რომ დატყვევებულ პოეტს და მის სტაფილოსფერ ქურთუკს ვხედავ...
ყოფილ დიპლომატებთან სალაპარაკო მორიგ თემად ლათინოამერიკელი მწერლების მიერ შექმნილ დიქტატორთა სახეებს ვირჩევ და ვარგას ლიოსას „საუბარი კათედრალში“-ს მაგალითზე ვირწმუნები, რომ ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმი, რამდენად მყარი და მონოლითურადაც არ უნდა ჩანდეს ის, ერთ მშვენიერ დღეს ქვიშასავით ჩამოიშლება.
ყოფილი დიპლომატებიც თავს მიკრავენ დასტურის ნიშნად.
მერე მძიმედ მოდის გაზაფხული. წესით, ჩემთვის ყველაზე დაკავებული და სახალისო დრო. ყოველ აპრილს რამდენიმე კვირით ევროპელი ბერდვოჩერების გიდი ვხდები და ეს საქმე არ მღლის – მეხალისება, მაგრამ წელს მხოლოდ მაისში მეყოლება ჰოლანდიელების ერთადერთი ჯგუფი. დანარჩენები ირანში ომმა დააფრთხო.
ჰოლანდიელების ჩამოსვლამდე მე თვითონ ვხდები ბერდვოჩერი. მარტო მივდივარ ბუნებაში და საათობით ვზივარ სამალავში (blind), რომელიც ძალიან დამსგავსებია თავშესაფარს (shelter). ფოტოაპარატი იმ ტოტისთვის მაქვს დამიზნებული, რომელზეც ალკუნი უნდა შემოჯდეს. ძალიან ვგავარ ახირებულ პენსიონერ ევროპელს და თანაც თითქოს ყველაფრისგან დაცული ვარ. სამყაროში პატარა სარკმელი მაქვს გაჭრილი და იმ სარკმელშიც მხოლოდ ბუნება ჩანს და არა – ადამიანი, მისი ტკივილი ან გულისამრევი შემგუებლობა.
მაგრამ ფიქრები აქაც არ მასვენებს. ვფიქრობ მაისის ჯგუფზე და უსიამოვნო მომენტზე, რომელიც აუცილებლად დადგება.
სადაურებიც არ უნდა იყვნენ ჩემი სტუმრები, ჰოლანდიელები, ბელგიელები თუ გერმანელები, რაღაც მომენტში აუცილებლად მკითხავენ, რატომ კიდია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ევროკავშირის ამდენი დროშა.
მე ვუპასუხებ, რომ ჩემი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და ქართველი ხალხის ნებაც ეს არის.
ჰმ! – გაიოცებენ სტუმრები, – არა მგონია, კარგი იდეა იყოს. ევროკავშირს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს...
ბერდვოჩერები სიმპათიური ხალხია, მომზადებულები ჩამოდიან. წინასწარ იციან ყველაფერი ჩვენი ჩიტების შესახებ, იმათი ხმებიც კი აქვთ შესწავლილი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ოთხმოც პროცენტს რომ ევროკავშირის წევრობა უნდა, არასოდეს გაუგიათ და უკვირთ.
მაგრამ თუკი ბერდვოჩერი კარგი ადამიანია, ამ გაკვირვებას თან უეჭველად მოჰყვება უხერხულობაც. მით უმეტეს, მას მერე, რაც ვეტყვი, რომ ევროპული იდეებისთვის ადამიანები 500 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან, ბევრმა საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამო სამსახური დაკარგა, უფრო მეტი დაჯარიმდა, გაილახა. პროტესტანტების ნაწილი ციხეში ზის, იშვიათ სიმტკიცეს იჩენს, სამოქალაქო გმირობას ჩადის, შეწყალებაზე უარს ამბობს.
სამალავში მჯდარს „ვოთსაფზე“ დიპლომატების შეტყობინება მომდის. მეკითხებიან, მორიგი შეხვედრისთვის სალაპარაკო თემა თუ მოვიფიქრე. ვპასუხობ, რომ თემა მზად მაქვს – თვალთვალი და მიყურადება ალფრედ ჰიჩკოკის, ხულიო კორტასარის, ფრენსის ფორდ კოპოლას და მიქელანჯელო ანტონიონის შემოქმედებაში.
კარგია, თემის არჩევაში სრული თავისუფლება რომ მაქვს.
დიპლომატები მპასუხობენ, რომ მშვენიერი და ძალიან აქტუალური თემა შემირჩევია და ამ დროს ალკუნიც შემოჯდება ტოტზე ახლადდაჭერილი თევზით პირში.
ოცნების კადრს ვიღებ და თბილისში ვბრუნდები, რათა სომეხ კოლეგებთან ერთად წიგნის ბაზრობაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა.
სცენაზე ისევე ზვიად რატიანის ცარიელი სკამი მიდგას გვერდით.
Do we have a prove our European nature?
ეს დისკუსიის თემაა. ჩვენი შეხვედრაც ინგლისურად მიდის, რაც ასევე ახალი რამაა ქართულ-სომხურ ურთიერთობებში. ჩემი სომეხი კოლეგები ძალიან მიყვარს, ვგრძნობ მათ დაძაბულობას და მომავლის შიშს. 7 ივნისს სომხეთში არჩევნები უნდა გაიმართოს და არის საშიშროება იმისა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანაც იმ მოჯადოებულ წრეზე დაბრუნდეს, რუსული ორბიტა რომ ჰქვია და სადაც არაფერია ფსევდოსულიერების, კლაუსტროფობიის და კორუფციის გარდა.
წიგნის ბაზრობაზე მხვდება ის ქალი, „ახალი ტალღის“ ჩვენების მერე რომ გამომელაპარაკა. ერთმანეთს დიდი ხნის ნაცნობებივით ვხვდებით. თუკი ნამდვილად რამე კარგი გააჩინა ჩვენმა პროტესტმა, ეს მანამდე ჩვენთვის უცხო სოლიდარობის განცდაა.
მაისში ჩემი ჰოლანდიელებიც ჩამოდიან. ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უფრო კი ჰაბიტატში და ძალიან წარმატებული ტური გვაქვს. ომების და ათასი უბედურების მიუხედავად, ფრინველები ისევ განაგრძობენ თავიანთ ყოველწლიურ ციკლს, გადადიან საზღვრებს, რომელთა შესახებ არაფერი იციან, ბუდეებს აახლებენ, წყვილდებიან... ჩემი კლიენტების ტელესკოპში ვპოულობ თოვლიან ფერდობზე მიმავალ დედა დათვს, ხშირად რომ ჩერდება, რომ საკუთარ სამ ბელს გამოხედოს. ბელები თამაშ-თამაშით მიჰყვებიან უკან, ბავშვებივით დასრიალებენ თოვლში და ეს ჩემი ბედნიერი დილაა. უკვე მეხუთე დღეა გზაში ვართ და ამჯერად არავის დაუსვამს უხერხული შეკითხვა ევროკავშირის დროშების შესახებ. მეც არ მიწევს წინასწარ მომზადებული გაბრაზებული პასუხის გაცემა, რომ, დიახ, ევროპული იდეის გამო აქ ხალხი ციხეში მიდის, თქვენ კი ამის შესახებ არაფერი გაგიგიათ, მეტიც – 2013 წელს არც კიევში აფრიალებული ევროკავშირის დროშები შეგიმჩნევიათ. ამ დროშებით ხელში მაიდანზე უკრაინელები იღუპებოდნენ იდეისთვის, სამშობლოსთვის და ბევრი ისეთი რამისთვის, რაც თქვენ დაბადებიდან მოგეცათ და რისთვისაც არ გიბრძოლიათ, ამიტომაც ამ ყველაფრის ფასი აღარ გახსოვთ...
კითხვას აღარ მისვამენ იმიტომ, რომ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში იშვიათ ადგილებში თუ შემორჩა ევროკავშირის დროშა...
პ.ს.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების პროცესის ცალმხრივი შეჩერების შესახებ. მას მერე საქართველოში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
გირჩევთ