გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კინო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

რიჩარდ ლინკლეიტერის ოდა ფრანგულ ახალ ტალღას და თავისუფლებას

თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი რეჟისორი, რიჩარდ ლინკლეიტერი კანის კინოფესტივალზე დაბრუნდა, თანაც, ფრანგულენოვანი ფილმით. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მისი ახალი ნამუშევარი Nouvelle Vague („ახალი ტალღა“) აჩვენეს.

ლინკლეიტერს კანის ფავორიტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი ყველაზე ცნობილი ფილმების პრემიერები (Before Sunrise, Before Sunset, Boyhood, Waking Life და ა.შ.), ძირითადად, სანდენსის ან ბერლინის კინოფესტივალზე იმართებოდა. კანის მთავარ კონკურსში კი მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს, აჩვენეს მისი ნამუშევარი, Fast Food Nation. მას შემდეგ, ლინკლეიტერი საფრანგეთში წელს დაბრუნდა „ახალი ტალღით“.

ფილმი ჟან ლუკ გოდარს და ფრანგულ ახალ ტალღას ეძღვნება. ლინკლეიტერი გოდარის საკულტო ნამუშევრის, “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” შექმნის დეტალებს აცოცხლებს და ნოსტალგიითა და იუმორით გაჯერებულ სასიყვარულო წერილს უძღვნის რეჟისორებს, რომლებმაც თავდაყირა დააყენეს კინო, როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით.

როგორც ლინკლეიტერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფილმზე ფიქრი 15 წლის წინ დაიწყო, თუმცა, თავიდან ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ უყურებენ საფრანგეთში ამერიკელის მიერ ფრანგულ ენაზე ფრანგ რეჟისორზე გადაღებულ ფილმს და როგორ სძულთ ის. ამის გამო შიში იპყრობდა და ამბობდა, რომ თუ ოდესმე მართლაც დაასრულებდა ფილმს, მას საფრანგეთში არასდროს აჩვენებდა. მიუხედავად ამისა, როცა უკვე მუშაობა დაიწყო და გადამღებ ჯგუფს თავი მოუყარა, ძალიან ახლოს გაეცნო ყველა დეტალს, რაც ავთენტური იყო ფრანგული ახალი ტალღისთვის და საფრანგეთისთვის და დეტალურად შეისწავლა იმ პერიოდის კინოესთეტიკა. შედეგად, საბოლოო ჯამში, თანამედროვე კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „ფრანგული“ ნამუშევარი შექმნა.

Nouvelle Vague-მა კანში პრემიერაზე 11-წუთიანი ოვაციაც დაიმსახურა ფეხზე დამდგარი დარბაზიდან. მართალია, ფესტივალზე ფილმი პრიზის გარეშე დარჩა, მაგრამ წელს ის ნამდვილად იყო ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი მთელს პროგრამაში.

Nouvelle Vague გოდარის კარიერაში გარდამტეხ ეპიზოდს ასახავს - მის გზას კინოკრიტიკოსობიდან რეჟისორობამდე და ბრძოლას ახალ პროფესიაში თავის დამკვიდრებისთვის.

1959 წელს ცნობილი ფრანგული ჟურნალის, Cahiers du Cinéma-ს გავლენიანი ახალგაზრდა კინოკრიტიკოსი აცნობიერებს, რომ მხოლოდ წერა აღარ აკმაყოფილებს - მას სურს, თავად შექმნას კინო. იმ დროისთვის გოდარს უკვე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. თუმცა, ამბიცია გაცილებით დიდია - ის სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გეგმავს, თანაც ისე, როგორც ეს აქამდე არავის უქნია: წინასწარ დეტალურად გაწერილი სცენარის, დაგეგმილი კადრების და დიალოგების გარეშე, იმპროვიზაციებითა და გზადაგზა მოფიქრებული ფრაზებით, კამერის თავისუფალი მოძრაობით და მონტაჟით, რომელიც, ასევე, ყველა წესს არღვევს. მისი იმ პერიოდში უცნაური, სულ მალე კი რევოლუციური მიდგომა თავდაპირველად პროდიუსერებსა და სხვა გარშემომყოფებში დიდ ეჭვებს ბადებდა. ამიტომ, გადასაღებ მოედანზე ცოტას თუ ჰქონდა იმედი, რომ აქედან რამე სერიოზული გამოვიდოდა.

რიჩარდ ლინკლეიტერი სწორედ ამ უნდობლობას და, მეორე მხრივ, გოდარის უდარდელ თავდაჯერებულობას აღწერს და თავადაც ახალი ტალღის სტილში გვიყვება, როგორ შეიქმნა „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

შავ-თეთრი Nouvelle Vague თავისი რიტმით, მუსიკით, მონტაჟით და ესთეტიკით მართლაც მოგაგონებთ გოდარის ადრეულ ნამუშევრებს, თუმცა, ეს არ არის იმიტაცია, ეს უფრო ეპოქის სულში ჩაწვდომის სურვილი და საფუძვლიანი კვლევის მცდელობაა. თითოეულ კადრში იგრძნობა ის სპონტანურობა და სიახლის ძიების ვნება, რაც ახალი ტალღის წარმომადგენლებს ახასიათებდათ; თავისუფლება და რადიკალიზმი, რამაც მთელი ეპოქა განსაზღვრა როგორც კინოში, ისე - რეალურ ცხოვრებაში.

ამ დროს ტრიუფოს უკვე გადაღებული აქვს თავისი სადებიუტო და, ასევე, ახალი ტალღის საკულტო ფილმი „ 400 დარტყმა“, რომელმაც 1959 წელს კანის კინოფესტივალი გახსნა და საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდოც დაიმსახურა. ფაბულა, რაც გოდარის ფილმს უნდა დადებოდა საფუძვლად, სწორედ ტრიუფოს იდეა იყო, რომელიც მას გაზეთში ამოკითხული ახალი ამბის შემდეგ გაუჩნდა. თუმცა, ის, რასაც გოდარი გეგმავდა, ტექნიკური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით, მაინც სარისკოდ მიიჩნეოდა და გადამღები ჯგუფიც ეჭვის თვალით უყურებდა მის კინომომავალს.

გოდარის მსგავსად, თავად ლინკლეიტერმაც არაერთ ექსპერიმენტს მიმართა მის პირველი ფილმში, Slacker (1991), როგორც სტილისტური, ისე ამბის თხრობის თვალსაზრისით.  ფილმი 90-იანი წლების ამერიკელ ახალგაზრდებს - თაობა X-ს  და მათ გამოწვევებს ეხება და დღემდე გამორჩეულ ნამუშევრად ითვლება დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ისტორიაში. 

პრესკონფერენციაზე რეჟისორს სწორედ მისი კარიერის დასაწყისზე და სადებიუტო ფილმზე დავუსვი შეკითხვა - როგორი იყო მასზე მუშაობა და რამდენად ავლებს პარალელს საკუთარ პირველ ნაბიჯებსა და ფრანგულ ახალ ტალღას შორის. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ნამდვილად ხედავდა ამ კავშირს და Nouvelle Vague-ის გადაღებისას სწორედ 90-იანი წლები და საკუთარი ახალგაზრდობა ახსენდებოდა:

„ეს ფილმი პირველი ფილმის გადაღებაზეა, Slacker ახსენეთ და მაშინ მეც ზუსტად იგივე სიტუაცია მქონდა. ვმუშაობდი გადამღებ ჯგუფთან, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ვიღებდი. მხოლოდ მე ვიცოდი, რა მინდოდა. ძალიან ახალგაზრდა, თავდაჯერებული და ენთუზიაზმით სავსე ვიყავი. თუმცა, ამავდროულად, დაუცველადაც ვგრძნობდი თავს, რადგან გამოცდილება არ მქონდა და ნდობა ნაკლები იყო.

შენ კი გჯერა საკუთარი თავის, მაგრამ შესაძლოა, სხვას არავის სჯეროდეს შენი და ეს ძალიან უცნაური და საინტერესო შეგრძნებაა. ამიტომ, ამ ფილმზე მუშაობა ყველაფერთან ერთად სახალისო მოგზაურობა იყო ჩემთვის, უკან დროში“.

Nouvelle Vague-ში ამ მიმდინარეობის თითქმის ყველა რეჟისორს შეხვდებით ეპიზოდურ როლში მაინც: ფრანსუა ტრიუფო, კლოდ შაბროლი, ერიკ რომერი, ანიეს ვარდა, ჟაკ რივეტი და სხვები საინტერესოდ იჭრებიან ფილმში და სახასიათო კომენტარებს ტოვებენ გოდარის შესახებ.

ლინკლეიტერს გულმოდგინედ ჰყავს ტიპაჟებიც შერჩეული. მათი უმრავლესობა მართლაც ჰგავს პროტოტიპებს, როგორც გარეგნობით, ისე - მანერებით და სტილით. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოდარის როლის შემსრულებელი გიიომ მარბეკი, რომელსაც აქამდე პარიზში იცნობდნენ როგორც ფოტოგრაფს და ეს, პრაქტიკულად, მისი პირველი სერიოზული კინოროლია.

Truffaut Godard

მარბეკი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენაა ფილმში. ის ბრწყინვალედ გარდაისახება გოდარად - მუქი სათვალე, სიგარეტი, სხეულის მოძრაობები და წინადადებების უხერხული, მოულოდნელი დამთავრება - ყველაფერი ზუსტადაა დაჭერილი. საინტერესო იყო მსახიობის ნახვა პრესკონფერენციაზეც: როდესაც მას სათვალის გარეშე, სხვანაირად ჩაცმულსა და მოსაუბრეს უყურებ და როცა საერთოდ აღარ გაგონებს გოდარს, ხვდები, რომ ეკრანზე ნანახი გმირი მართლაც არაჩვეულებრივი „გარდასახვის“  და რეჟისორის კარგი მუშაობის შედეგია.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ ჟან-პოლ ბელმონდოსა და ჯინ სიბერგის როლის შემსრულებლების თამაშიც: ნაკლებად ცნობილი ფრანგი მსახიობის, ობრი დულინისა და ამერიკაში საკმაოდ პოპულარული ზოი დოიჩის დუეტი ძალიან ორგანულია და ფილმის ერთ-ერთ მთავარ ღირსებადაც იქცევა. ლინკლეიტერი ძალიან ზუსტად გრძნობს ახალი ტალღის რეჟისორების განწყობებს და მისთვის დამახასიათებელი მსუბუქი და სახალისო იუმორით აღწერს ეპოქის შემოქმედებით ქაოსს.

Nouvelle Vague ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც სინეფილებს მოეწონებათ. თუმცა, ეს არ არის ფილმი მხოლოდ და მხოლოდ კინოზე. ლინკლეიტერის ნამუშევარი ახალი ტალღის იდეალებს წარმოგვიდგენს არა როგორც ისტორიულ ფენომენს, არამედ როგორც ცოცხალ და აქტუალურ პოზიციას. რეჟისორი გვეუბნება, რომ კინოში და, ზოგადად, ხელოვნებაში, მთავარია ძიება და სითამამე; და როცა საჭიროა, არც კარგად გაკვალული გზებიდან გადახვევის და სარისკო ბილიკებზე სიარულის უნდა შეგვეშინდეს. ის, რაც თავის დროზე გააკეთეს გოდარმა, ტრიუფომ და სხვებმა, დღესაც შესაძლებელია.

ამიტომ Nouvelle Vague, ერთი მხრივ, ნოსტალგიით გავსებს, მეორე მხრივ კი, მოქმედებისა და ცვლილებებისკენ გიბიძგებს. თითქოს, სითამამეს და თავდაჯერებულობას გმატებს.

Nouvelle Vogue არის ოდა იმ თავისუფლებაზე, რომელსაც კინო უნდა აღვივებდეს, როგორც ეკრანზე, ისე - მის მიღმა. 1968 წელს გოდარი და ტრიუფო გაფიცული სტუდენტებისა და მუშების სოლიდარობის ნიშნად კანის კინოფესტივალს ჩაშლიან, რადგან მათ იციან, რომ არაფერია სამართლიანობაზე, თანადგომაზე და თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი.

ლინკლეიტერის ფილმიც სწორედ ასეთ ადამიანებს და მათ თავისუფლებას ეძღვნება. 

Nouvelle Vague მათთვისაა, ვისაც სჯერა, რომ ხელოვნება შეიძლება იყოს წესების დამრღვევი და მაინც ლამაზი, ან სწორედ ამის წყალობით ლამაზი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა