გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საქართველო რუსეთი ჩინეთი აშშ ამერიკა ქართული ოცნება დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილი

აქსელერაციონიზმი საქართველოში და ჩინური ოცნება | ტატო ანთაძე

„ქართული ოცნების“ საგარეო კურსის ცვლილება არ ყოფილა მოულოდნელი. საზოგადოების ნაწილისთვის დაშვებულ ვარაუდამდე მისვლა, რომლის მიხედვითაც „ოცნება“ რუსეთს ექვემდებარება და დავალებებს კრემლიდან იღებს, თითქოს, ლოგიკურიც ჩანდა. თუმცა ეს ვერსია პოლიტიკის გამარტივებულ სურათს შეიცავს. მე კი ვამტკიცებ, რომ საგარეო ვექტორის ცვლილება განპირობებულია „ქართული ოცნების“ მესიანური პროექტით, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ საკუთარი მმართველობის შუა პერიოდში დასახა - დაყრდნობოდა გლობალური პოლიტიკის ცვლილებას, რისი ნიშნებიც ბოლო წლებში ევროპაში კონსერვატიული პარტიების მომძლავრების, ხოლო აშშ-ში ტრამპის გარშემო ამერიკელების შემოკრების პარალელურად, სულ უფრო მკვეთრად ჩანდა და ჩინეთთან კავშირზე დაედო ფსონი.

ამ ესსეში მინდა ვაჩვენო, რომ „ქართული ოცნება“ არის საქართველოს პირველი, აქსელერაციონისტური მთავრობა და რომ ამ მხრივ ის მხოლოდ ერთი წვეთია ავტორიტარიზმის ტალღაში, რომელიც მსოფლიოს ფარავს. იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორია „ქართული ოცნების“ ხედვა და რატომ თამაშობს ჩინეთი მნიშვნელოვან როლს, უნდა გადავიაზროთ გლობალური პოლიტიკის ამჟამინდელი მდგომარეობა და პერესტროიკის პოლიტიკური ჩარჩოდან გამოვაღწიოთ.

პერესტროიკის ლინზა უნდა დაიმსხვრეს

გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით, ოდნავ კომიკურია, როდესაც ე.წ „სამოქალაქო საზოგადოება“ თავისუფალ სამყაროს მიმართავს ხოლმე, რადგან ამ უკანასკნელის კვალი მსოფლიოში თითქმის აღარ არსებობს. აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს წარსულში ყალბი ონლაინ უნივერსიტეტების ქსელი ჰქონდა, ხოლო ილონ მასკი, ტრამპის „კორუფციასთან მებრძოლი“ მარჯვენა ხელი, „ტვიტერზე“ [„იქსზე“] ცდილობს, სტრიმერებს დაუმტკიცოს, რომ ის ნამდვილი გეიმერია და The Path of Exile 2-ში და Diablo IV-ში თავისით, სხვა გეიმერების მოსყიდვის (გეიმინგში ამას boosting-ს ეძახიან) გარეშე მოხვდა ლიდერბორდში. „ოცნების“ ფსონი ტრამპის გამარჯვებაზე შემთხვევითი არაა. „ოცნება“არ ელის, რომ ტრამპი მას „გაუგებს“, არამედ „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ აშშ შეცვლის თავის უწინდელ გეოპოლიტიკურ ამბიციებს, რაც უკვე ჩანს.

კლინტონის პოსტ-საბჭოთა მილიტარისტული ჰუმანიზმიდან ამოიზარდა ბუშის ანტი-ტერორისტული ომების ტალღა და საქართველოშიც 2000-იანების დასაწყისში ბევრს გაუჩნდა მოლოდინი, რომ, აშშ-ის მზარდი გავლენების პირობებში, საქართველო NATO-ში შევიდოდა. თუმცა ახლა, ტრამპის და ანტი-გლობალიზმის ეპოქაში, ეს პერსპექტივა ალბათ საერთოდ გაქრა. გამოჩენილი პოლიტიკის მეცნიერის ჯონ მირშაიმერის და ისტორიკოსი სტივენ კოენის ვარაუდი (გამოთქმული ყირიმის ანექსიამდე), რომ უკრაინაში ომს, პირველ რიგში, ნატოს ექსპანსია განაპირობებდა, ახლა „მეინსტრიმულია“ კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერებში და პროგრესულ დემოკრატებში.

ივანიშვილი - ზეკაცი

2009 წლის ესსეში, მილიარდერი და ლიბერტარიანელი აქტივისტი, პიტერ თიელი წერს: „მე აღარ მჯერა, რომ თავისუფლება და დემოკრატია თავსებადია“. თიელისთვის დემოკრატია ნიშნავს უაზროდ მზარდ კეთილდღეობის სახელმწიფოს, რომელსაც უფრო და უფრო მეტი ბენეფიციარი ჰყავს. თუმცა რა ალტერნატივა აქვს დემოკრატიას? - თიელისთვის ალტერნატივაა ველური ტექნო-კაპიტალიზმი, რასაც კრიტიკოსები ხშირად ტექნოფეოდალიზმს უწოდებენ. ასეთი კაპიტალისტური საზოგადოება არ არის დემოკრატიული და აქ არჩევნები თავის ბუტაფორიულ დატვირთვას კარგავს.

მაშ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მმართველობა? ეკონომისტი ჰანს-ჰერმან ჰოპპეს მიხედვით:

„როგორც საგვარეულო მონოპოლისტი, მეფე მისი მმართველობის ქვეშ მყოფ ხალხს და ტერიტორიას მიიჩნევს პირად საკუთრებად… დემოკრატიის პირობებში, მონოპოლია და მოპოლური ექსპლუატაცია არ უჩინარდება, არამედ ხდება შემდეგი: მეფის ან თავადის ნაცვლად, რომლებიც თავიანთ ქვეყანას საკუთრებად მიიჩნევენ, მმართველობა მიბარებული აქვს დროებით და ჩანაცვლებად „მომვლელს“. „მომვლელი“ არ ფლობს ქვეყანას, თუმცა მანამ, სანამ ის მმართველობაშია, მას შეუძლია ქვეყანა გამოიყენოს საკუთარი და მისი პროტეჟეების სასარგებლოდ. ის ფლობს გამოყენების უფლებას - ‘უზურფრუქტს’ - მაგრამ მის კაპიტალურ საქონელს - არა. ეს არ აქრობს ექსპლუატაციას, არამედ პირიქით, ის ექსპლუატაციას ნაკლებად გათვლადს ხდის და გაუფრთხილებელ მოქცევას განაპირობებს ქონებისადმი (ქვეყნისადმი)“.

საქართველოს ერთადერთი ჭეშმარიტად „დემოკრატიული“ მომენტი, ჩემი გადასახედით, 2012 წელს მთავრობის მშვიდობიანი ცვლილება იყო. ამ ისტორიული მომენტის გარდა, თითქმის არაფერი ფუნქციონირებს ჩვენთან ისე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში. ნათელი მაგალითია არჩევნები, რომელიც საქართველოში პარტიების მიერ კოორდინირებული ამომრჩევლების გარეშე (მოსყიდვა, დაშინება, დაპირებები და ა.შ) არასდროს ჩატარებულა.

თანამედროვე ფეოდალიზმი, რომელიც ივანიშვილის და „ოცნების“ სახით გვევლინება, არ არის იზოლირებული შემთხვევა. მსოფლიოში ბევრს სწყურია ფეოდალიზმი.

აქსელერაციონიზმი და ანტი-ლიბერალური ანტი-დემოკრატია

აქსელერაციონიზმის მთავარი იდეა მარტივია: კაპიტალიზმი კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ დავაჩქაროთ. მემარცხენე აქსელერაციონისტები მიიჩნევენ, რომ მაგალითად, ტრამპისთვის ხმის მიცემით კაპიტალიზმს აბსურდამდე მივიყვანთ და ის დაიშლება. მემარჯვენე აქსელერაციონისტების აზრით კი, დემოკრატია და ლიბერალური პოლიტიკა ბოჭავს ტექნოლოგიურ პროგრესს და კაცობრიობის განვითარებისთვის სრული ძალაუფლება უნდა მივცეთ ჩვენს ფეოდალურ კლასს (მილიარდერებს). დასავლეთში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუციები ძალიან ძლიერია, ავტორიტარიზმმა ღრმად გაიდგა ფესვები. იქ, სადაც ინსტიტუციები ყველაზე გამართულად მუშაობს, მათდამი სკეპტიციზმიც წარმოუდგენლად მაღალია. ფილოსოფოსი ვენდი ბრაუნი ამტკიცებს, რომ ანტიდემოკრატიული და ანტიინსტიტუციური სენტიმენტების პოპულარიზაციის მთავარი ხელშემწყობი ნეოლიბერალიზმია[1]. არაერთი კვლევის მიხედვით, ეკონომიკური უთანასწორობა ინსტიტუციებისადმი უნდობლობისა და პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. შემთხვევითი არ არის, რომ არსებობს დიდი თანაკვეთა ბერნი სანდერსის ამომრჩევლებსა და ტრამპის ამომრჩევლებს შორის. პროტექციონიზმი და ანტი-გლობალისტური სენტიმენტები ძალიან პოპულარულია როგორც MAGA-ს მხარდამჭერებში, ისე პროგრესულ მემარცხენე ამომრჩევლებში. ტრამპი და სანდერსი „ანტი-ისტებლიშმენტ“ ფიგურები არიან, რომლებიც ინსტიტუციებს უპირისპირდებიან და ამერიკელებს კეთილდღეობას ჰპირდებიან (სანდერსი - ჯანდაცვას, მდიდრების დაბეგვრას, ტრამპი კი - „დიფ სთეითის“ მოსპობას და ამერიკაში წარმოების დაბრუნებას).

საქართველოში მრავალწლიანი ნეოლიბერალური პოლიტიკის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების როლი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოირგეს. მარტივად რომ ითქვას, რაც სახელმწიფოს საქმე იყო, NGO-ებს გადაელოცათ. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, უშუალოდ გარემოს დაცვის სამინისტრო არ ატარებს მასშტაბური სამშენებლო პროექტების ბუნებაზე გავლენის შეფასების კვლევებს. ეს კვლევები მეტწილად თვითონ კომპანიამ უნდა ჩაატაროს და სამინისტროს წარუდგინოს. სამინისტროს მანამდე შეუძლია გასცეს მშენებლობის ნებართვა, სანამ პოტენციური საზიანო გავლენა სათანადოდ შეფასდება[2]. ეს პრაქტიკა არაერთხელ გაუკრიტიკებიათ გაეროს მდგრადი განვითარების შეფასებებში. მსგავსად ამისა, საქართველოს უნივერსიტეტებიდან გაქრა ის, რისთვისაც უნივერსიტეტები საერთოდ შეიქმნა – კვლევა. რიგ შემთხვევებში დოქტორანტები სწავლაში ფულს იხდიან და დამატებითი სამსახურის ძიება უწევთ. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული კვლევების უმრავლესობას არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ. ხოლო ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა რეორგანიზაციასაც არასამთავრობოებმა ხელი შეუწყეს (სასამართლო, თვითმმართველობა და ა.შ), გამართულად მაინც ვერ მუშაობს. ეს აშკარა იყო 2000-იან წლებში და მდგომარეობა არც შემდეგ გაუმჯობესებულა.

Carnegie Endowment for International Peace-ის შემაჯამებელ ანგარიშში ნიუ იორკის ევროკავშირის ცენტრის მკვლევარი ჯონ გლენი წერს:

„არც ისე ბევრი ფულით NGO-ებმა დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ასოცირებული ინსტიტუციების შექმნაში. თუმცა მათ [NGO-ს] არ ჰქონიათ რეალური გავლენა იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებენ ეს ინსტიტუციები“.

დღეს უკვე ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართვა კონსულტაციებით, ტრენინგებით და საგანმანათლებლო ბუკლეტებით შეუძლებელია. სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა დამოკიდებულია საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაზე და მოსახლეობის პირდაპირ დაკვეთაზე.

საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ ფორმალურად არსებობს, შესაბამისად, მათი დაპატრონება ავტოკრატებმა ძალიან მარტივად შეძლეს.

გასაკვირი არაა, რომ ერთ დროს ლიბერალურ მემარცხენეობასთან ასოცირებული ფიგურები, მაგალითად POSTV-ის ანალიტიკოსები - გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია, ნიკუშა მარქს ქობულაძე, ზაზა შათირიშვილი და ა.შ. - ყველა „ქართული ოცნების“ გარშემო გაერთიანდა. მათ არ აქვთ დემოკრატიის ჩამოყალიბების იმედი. მათ მიიჩნიეს, რომ დემოკრატია საქართველოში ყოველთვის დარჩება მარკეტინგულ ტერმინად, რომელიც ერთგვარი იარაღი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში. და უნდა აღინიშნოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისინი გულისხმობენ ყველას, ვინც ივანიშვილი არაა. მაშ, ფსონს დებენ კეთილმოსურნე ზე-კაცზე, რომელიც ასკეტურად ცხოვრობს და სტაფილოს წვენს სვამს და რომელსაც გულწრფელად უყვარს საქართველო. ივანიშვილი არ არის ბოროტი, პირიქით, ოცნების არქიტექტორები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი, ივანიშვილის თაოსნობით, ქვეყანას სენისგან კურნავენ.

ივანიშვილი და მისი ინტელიგენცია, ცხადია, ცდება, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. აშკარა არაა რომ ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისთვის მოქმედებს. ის მართლაც მიჩნეულია მესიანურ ფიგურად პარტიის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერების მიერ, არაა აუცილებელი არაგულწრფელობა დავაბრალოთ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ რამდენად საზიანოა ოცნების ქმედებები. „ქართული ოცნება“ ოცნებობს კეთილდღეობის სახელმწიფოზე, რომელიც დაფუძნებულია ივანიშვილის კეთილ ნებაზე და ქვეყნისადმი მოვალეობის შეგრძნებაზე, რომელიც მას, როგორც მეთაურს, აქვს. ივანიშვილმა თავისი ფული, ყველაფერი, რაც კი გააჩნია, მიაბა „ქართუ ფონდს“ და საქართველოს ბიუჯეტს. ამავე პარტიული ლოგიკის მიხედვით, ის ისტუმრებს ჩვენს ვალებს, აფინანსებს მსახიობებს, აშენებს ეკლესიებს, უნივერსიტეტებს, გამოსცემს წიგნებს და, საერთოდ, ის „მოგვხედავს“. „ქართული ოცნების“ ბევრ მხარდამჭერს სწამს, რომ ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია ქვეყანას რამე უშველოს. შეიძლება ივანიშვილის მხარდამჭერებს ირაციონალურობა დავაბრალოთ, თუმცა პოლიტიკური მხარდაჭერა იშვიათად არის განპირობებული რაციონალური მსჯელობით.

ამ ირაციონალურობის კარგი ილუსტრაცია ახლახან ვიხილეთ. ბევრი ამერიკელი მიიჩნევს, რომ USAID კორუმპირებული ორგანიზაციაა და, ბუნებრივია, ისინი თავიანთ მოსაზრებას ფაქტებით ამყარებენ. თუმცა, ყველა ინდივიდუალური ფაქტი მცდარიც რომ აღმოჩნდეს (რაც აღმოჩნდა კიდეც), ტრამპის მხარდამჭერები იმდენად დარწმუნებულნი არიან, რომ პოლიტიკური სისტემა, ე.წ „ისტებლიშმენტი“ კორუმპირებულია, რომ მათი რწმენა არ შეირყევა. ამ რწმენის წყარო, ვფიქრობ, ნეოლიბერალიზმით განპირობებული უთანასწორობა, ადამიანების გაუცხოება, სოციალური მედიაა.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ზოგადად პოლიტიკა იშვიათადაა რაციონალური და ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები იშვიათად იცვლება რაციონალური არგუმენტების შედეგად. ამის ნათელი ილუსტრაციაა ოუჯეი სიმპსონის 1995 წლის სასამართლო პროცესი. ამ დროს ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება იყო, რომ სიმპსონს მკვლელობა უბრალოდ დააბრალეს, რაც დიდწილად ინსტიტუციური რასიზმის ბრალი იყო: კიდევ ერთი შავკანიანი, რომელიც თეთრმა ლიბერალურმა მედიამ ოჯახურ მოძალადედ შერაცხა. ეს შეთქმულების თეორია, რომელიც ოუჯეი სიმპსონის სასამართლო პროცესს ელიტების რასისტულ მიზნებს მიაწერდა, არ იყო მთლიანად ჰაერიდან მოტანილი. პოლიციელები მართლაც იჭერენ უდანაშაულო ადამიანებს და ამერიკის ინსტიტუციებში შეიძლება მართლაც ღრმად არის გამჯდარი რასიზმი. როგორც ჟურნალისტი სემ სმიტი წერს, სიმპსონის ადვოკატების მტკიცება იყო “მითოსური თარგმანი ისტორიებისა, რომლებიც არასდროს გაჟღერებულა. ამბებისა, რომლებიც უნდა გასულიყო CNN-ზე, მაგრამ არ გავიდა. ყველაფერი სიმართლე იყო სახელების, დროების და ადგილების გარდა”[3].

სმიტის სენტიმენტი კარგად აღწერს თანამედროვე პოლიტიკურ უკმაყოფილებას, როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

ავტორიტარიზმის პატერნალიზმი

ზღვარი მემარცხენე და მემარჯვენე აქსელერაციონიზმს შორის ბუნდოვანია. როგორც ფილოსოფოსი კურტის იარვინი (ცნობილი, როგორც მენციუს მოლდბაგი) წერს, წარმატებისთვის ქვეყანას სჭირდება ეროვნული CEO. განა ივანიშვილი ჩვენი ეროვნული CEO არ არის? აღმასრულებელი დირექტორის მსგავსად, ივანიშვილის მოვალეობები ბუნდოვანია და, სხვა CEO-ების მსგავსად, ქვეყნის (კომპანიის) მმართველობა განაწილებულია ადამიანებს შორის, რომლებსაც ივანიშვილი ენდობა. ამ მხრივ ივანიშვილის ავტორიტარიზმი ძალიან ჰგავს კორპორატიულ, სწორხაზოვან დიქტატორულ მმართველობას.

პროპაგანდისტების (ამერიკელი და ქართველი) პატივისცემა და განწყობა პოლიტიკური ლიდერებისადმი, ავტორიტარიზმის პრაქტიკულად დაუფარავი ტრფობა კარგად გამოჩნდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში. ერთ-ერთი მიტინგის დროს ტრამპის გამოსვლამდე ტაკერ კარლსონმა ხალხს მიმართა:

მამა მოდის სახლში და გაბრაზებულია. მამა გაბრაზებულია. ის შურისძიებას არ გეგმავს. მას უყვარს თავისი შვილები. როგორი ურჩები არ უნდა იყვნენ, მას მაინც უყვარს ისინი. იმიტომ, რომ მისი შვილები არიან. მის სახლში ცხოვრობენ. მაგრამ მამა ძალიან განაწყენებულია მათი ქცევით და ამას კარგად დაანახებს.

ახლა, როცა მემარჯვენე ჟურნალისტი პრეზიდენტობის კანდიდატს მამას ეძახის და აშშ-ის მოსახლეობას (ძირითადად, ლიბერალებს) ცელქ ბავშვებს ადარებს, ძალიან საგანგაშოა. უფრო საგანგაშოა გულმხურვალე ტაში, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა. კარლსონი აგრძელებს:

და როცა მამა სახლში მოვა, იცით, რას იტყვის? ცუდი გოგო იყავი. შენ პატარა ცუდი გოგო იყავი და კარგად გაილახები ახლა. და არა, მე ეს შენზე მეტად არ მეტკინება. არა, არ მოგატყუებ. შენ ბევრად უფრო გეტკინება, მაგრამ დაიმსახურე. კარგად გაიტყიპები იმიტომ, რომ ცუდი გოგო იყავი.

მსგავსი პატერნალისტური „ტონით“ გამოირჩევა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც ხელახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ:

“შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, “ქართული ოცნების” ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა:

როგორც დღეს ორმა ადამიანმა, მათ შორის ოკრიბელაშვილმა, აღიარა, მოინანია, გაითავისა, რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან“.

მამა მზადაა გულწრფელ ახალგაზრდას აპატიოს, თუ ის ბოდიშს მოიხდის და თუ აღიარებს, რომ გზა აებნა და აწი დამჯერად მოიქცევა.

ევროკავშირი და საქართველო

კონსერვატიული ტალღა ევროკავშირსაც მოედო. საფრანგეთში ევროსკეპტიკოსი მარი ლე პენის წინააღმდეგ მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა, გერმანიაში კი მეორე ყველაზე დიდი პარტია, AFD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) გახდა, რაც წარმოუდგენელი იყო 5 და 10 წლის წინ. ევროკავშირის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის სათავეში შესაძლოა ევროსკეპტიკური პარტიები ვიხილოთ. ჯერ არ არსებობს რეალური საბუთი იმისა, რომ „კონსერვატიული ტალღა“ შეუქცევადი არ არის. ევროინტეგრაცია გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული კულტურის დანერგვას, რაც ხანგრძლივი, თავისთავად სასარგებლო პროცესია. თუმცა ოცნებას, ევროპაში ზემოთ ხსენებული „კონსერვატიული ტალღის“ მომძლავრების გამო, აქვს ბერკეტი, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ის ნაწილი, რომელზეც ხელი არ მიუწვდებოდა, ახლა დაიქვემდებაროს, იქნება ეს უნივერსიტეტები, კინო, თეატრი თუ კვლევითი ორგანიზაციები.

რა გავლენა აქვს ევროკავშირს „ქართულ ოცნებაზე“? თუ „ოცნების“ წევრები დასანქცირდებიან, შესაძლოა საქართველო ნაკლებად მიმზიდველი გახდეს ევროპელი ინვესტორებისთვის, თუმცა პირდაპირი ინვესტიციები ევროპიდან ისედაც მცირეა და თან წარმოუდგენელია, საქართველოს ემბარგო დაედოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის მხრიდან ალბათ კონკრეტული პირებიც კი არ დასანქცირდებიან. როგორც მიხაილ როთმა 16 იანვრს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა:

ფიზიკური პირების წინააღმდეგ შორს მიმავალი სანქციების შემოსაღებად საჭიროა ერთსულოვნება მინისტრთა საბჭოში. სამწუხაროდ, აქ არსებულ რეჟიმს ჰყავს გარკვეული მოკავშირეები და მეგობრები ევროკავშირში: გერმანიაში პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ორბანი და სამწუხაროდ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.

ახლანდელი მდგომარეობა ევროკავშირში და აშშ-ში „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელია. დანამდვილებით არავინ იცის, რა პოზიცია ექნება ტრამპს, მაგრამ „ქართული ოცნების“ დადებული ფსონი ჯერჯერობით ამართლებს.

ჩინეთის ჩუმი საცეცები

ჩვენი პოლიტიკური კლასი და პერესტროიკის ინტელექტუალები ჩრდილოეთს თვალს ვერ აშორებდნენ, ამასობაში მათ გამოეპარათ, რომ უცხო ქვეყნებიდან ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ ზურგს ჩინეთი უმაგრებს. ადგილობრივი Think Tank-ები ჩინეთს ან საფრთხედ აღიქვამენ, ან უმნიშვნელოდ მიიჩნევენ. თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა“ რაღაცნაირად ორივეს ახერხებს.

სტატიაში „ზღვაში წვეთი ჩინური ინვესტიციები საქართველოში“ - ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა მიანიშნებს, რომ ყველაზე მსხვილი პირდაპირი ინვესტიციები გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და მალტიდან შემოდის. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რომელიმე ქვეყანასთან წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როცა პირდაპირი ინვესტიციები იზრდება და მეტი კომპანია შემოდის ქვეყანაში. ჩინეთის შემთხვევაში უდიდესი ნაწილი იმის, რასაც საქართველოს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებში ხედავთ, თქვენი, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულია. ეს ჩინური კომპანიები ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჩვენი დაკვეთით ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ საერთო მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მთავრობის წარმატებული საქმიანობით დამდგარ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასთან“.

ოდნავ უცნაურია, რომ ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო ლიდერობენ პირდაპირი ინვესტიციებით. თუმცა, ახსნა ასეთია: ამ ქვეყნებშია რეგისტრირებული უმსხვილესი ქართული კომპანიები (რეალურად ოფშორები), რომელთა ინვესტიციები მიჩნეულია „უცხოურად“. მაგალითად, შპს მარსი („კრისტალბეთი“), სილქროუდ გრუფი, თბილისი ენერჯი, ჭიათურმანგანუმ ჯორჯია და ა.შ.

საგულისხმოა ისიც, რომ სტატიის ავტორი არ აღნიშნავს: იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც ჩინური კომპანიები ხელმძღვანელობენ, პოტენციურად უზარმაზარი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. 2017 წლიდან მოყოლებული ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთვის ეკონომიკური ბუმი არ მოუტანია, თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩინეთი დიდ როლს თამაშობს საქართველოს ინფრასტრუქტურის, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში.

ჩინეთთან თანამშრომლობა „ოცნებისთვის“ იმიტომაა მომგებიანი, რომ ის [ჩინეთი] არ ინტერესდება აქაური პოლიტიკური კულტურის რეფორმით, დემოკრატიის და სასამართლოს სტანდარტებით და ა.შ.

ჩინეთისთვის კი საქართველო საინტერესოა Belt and Road Initiative-ის ფარგლებში. საუკეთესო შემთხვევაში საქართველო, ანაკლიის პორტის გავლით, ჩინეთს და ევროკავშირს დააკავშირებს. ამ შუა დერეფანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უკრაინის ომის შემდეგ შეიძინა, რადგან ამჟამად ჩინეთს და ევროპას შორის მთავარი სახმელეთო კავშირი ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსის გავლითაა დამყარებული. რუსეთი არ არის სტაბილური „ტრანზიტული“ ქვეყანა და, ამ გაგებით, საქართველო, შეიძლება ითქვას, უფრო უსაფრთხო ალტერნატივაა. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი ევროკავშირთან ვაჭრობასა და ანაკლიის პორტზეა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ აზერბაიჯანიც და თურქეთიც. საქართველოს მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა კი ჩინეთს ამ ორ ქვეყანასთანაც უმარტივებს სავაჭრო მიმოსვლას.

სამთავრობო პროპაგანდის თანახმად, შორ პერსპექტივაში, როგორც ჩანს „ოცნება“ უშვებს, რომ თუ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყანა იქნება, რუსეთის აგრესიის პერსპექტივა საგრძნობლად შემცირდება.

„ქართული ოცნების“ ჩინეთზე დამყარებული იმედების საილუსტრაციოდ მოვიყვან POSTV-ის ანალიტიკოსის, ნუკრი შოშიაშვილის 2024 წლის 1 ივნისს გაკეთებულკომენტარს:

„რატომ კეთდება ეს [ჩინეთის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და წარმოებაში]? რა ამოცანა აქვს ჩინეთს? ზუსტად ის ამოცანა აქვს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰქონდა ამერიკას ევროპაში. დაახლოებით მარშალის გეგმის მსგავსი პროექტი. ეს არ არის მარტო ეკონომიკური პროექტი, ეს არის დიდი სოციალურ-პოლიტიკური პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის, რაც 70 წლის განმავლობაში იყო ევროპა, სადაც ომი არასდროს მომხდარა, ისეთივე უნდა გახდეს შუა დერეფნის ქვეყნები, მათ შორის კავკასია“.

ჯერჯერობით არავინ იცის, რა მასშტაბებს მიაღწევს Belt and Road Initiative. ექსპორტში ჩინეთის მზარდ ინვესტიციაზე ფსონი შეიძლება შორ პერსპექტივაში თავისთვის არასწორი პოლიტიკა აღმოჩნდეს. თუმცა, ესეც რომ არა, მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორია – ხშირად მიიჩნევენ რომ ჩინეთის მასშტაბური ინვესტიციები კოლონიზატორულ ძალად ევლინება იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკითაც ჩინეთი ინტერესდება. აფრიკის ქვეყნებში ჩინეთის ეს კვალი უკვე ჩანს.

ახლა არ არის ფუჭი ოპტიმიზმის დროჩინეთის მზარდი როლი გლობალურ ეკონომიკაში საქართველოსთან გაფორმებული „სტრატეგიული პარტნიორობის“ გარეშეც იქნებოდა. ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსია იმდენად საგანგაშოა, რომ აშშ-ში ბოლო დროს ეკონომიკა ჩინეთთან კონკურენციაზე გადაეწყო. ეს აშკარაა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების (აშშ-ის ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს Compete with China bill-ს ეძახდნენ.), ისე AI-ის განვითარების კონკურენციის შემთხვევაში. 

უკრაინაში ომისა და ანტი-გლობალისტური ძალების დაწინაურების შემდეგ საქართველოს რეალური ალტერნატივები გამოუჩნდა. „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის გარემოცვის მიზანია, ივანიშვილი აქციონ ქვეყნის კეთილშობილ მმართველად. მათ ეს ნაწილობრივ იმიტომ გამოსდით, რომ ის ძალა, რომელიც ოპონირებას უნდა უწევდეს მთავრობას, ჩარჩენილია მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის ეპოქაში (ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ისე კი ალბათ ბერლინის კედლის დაცემის პერიოდში).

ავტორიტარიზმს „ქართული ოცნების“ ბევრი ამომრჩეველი მთავრობის სუსტ წერტილად სულ არ განიხილავს. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ის კონსერვატიულ პარტიაზე და სხვა ახალ „კონსერვატორ“ ავტოკრატებზე. გლობალურად გავრცელებულია უნდობლობა „სისტემისადმი“. ვერავინ გეტყვით, ზუსტად რა არის ეს სისტემა, ან „დიფ სთეითი“, ან „გლობალური ომის პარტია“, თუმცა ეს ცნებები ძალიან რელევანტური მეტაფორებია ბევრი ადამიანისთვის. აქსელერაციონისტური მთავრობები ამ სენტიმენტით სარგებლობენ და ამავე სენტიმენტს აღვივებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კორუმპირებულია და ყველაფერი უნდა დაიწვას, რომ ახლიდან დავიწყოთ. ეს დამოკიდებულება საკმაოდ ახალია და ის ახლებურ რეაგირებას საჭიროებს, თუ გვინდა რომ დემოკრატიას შანსი ჰქონდეს. 

„ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი და აქვს ხედვა, რომელსაც მიჰყვება, დაჟინებული, ხშირად შემზარავი ნაბიჯებით. გლობალური „გეოპოლიტიკით“ არ აიხსნება წამებისა და სასტიკი დარბევის ის ფაქტები, რომლებიც ბოლო თვეებში მიმდინარე პროტესტის ფონზე ვიხილეთ. აშკარაა, რომ ოცნება ცდილობს დაშინებით და ძალადობით ჩაახშოს პროტესტი. „ქართული ოცნება“ არ გაჩერდება მანამ, სანამ ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტი მისი კონტროლის ქვეშ არ მოექცევა. „ოცნების“ საგარეო ვექტორის ცვლილების შედეგად, საზოგადოების ნაწილი აქტიურად ეძებს ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებს და დემოკრატია 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებზე მისვლამდე არ დაჰყავს. თუ რამე იმედი არსებობს, რომ საქართველო არ იქცევა პოტენციურად გამოუსწორებელ ავტორიტარულ რეჟიმად, მხოლოდ ამ ხალხშია. გარდა იმისა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტები ვიხილეთ, ნელ-ნელა ჩნდება წინააღმდეგობის კერები და პოლიტიკური ცნობიერების მქონე საზოგადოება, თუმცა აშკარაა, რომ მომავალი ბრძოლები დემოკრატიისთვის ბევრად რთული იქნება.

______________________________

[1] Brown, Wendy. Undoing the Demos: Neoliberalism’s Stealth Revolution, გვ.17-46
[2] https://unece.org, გვ.27-29
[3] Walker, Jesse. “United States of Paranoia”, გვ. 21-34 HarperCollins Publishers, 2014.

ილუსტრაცია: ელენე გოშაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა