მისტერ ჰოგარტის ტრამპი
07.06.2018 | 12 წუთიანი საკითხავილონდონი
ტეიტის გალერეა. სურათი სურათში. მართკუთხედში ჩახატული ოვალი თვალს ატყუებს. ინგლისელი ფერმწერისა და გრაფიკოსის, უილიამ ჰოგარტის ავტოპორტრეტს დიდხანს ვათვალიერებ. ტილო (მრავალკომპონენტიანი ნახატის ერთ-ერთი ნაწილი), რომელზეც ჰოგარტის პორტრეტია გამოსახული, ძვირფას გამოცემებზეა დაყუდებული. ბრიტანელი ავტორების წიგნებია: მწერლებს შორის გენიოსთა გენიოსი შექსპირი, ვიზიონერი – მილტონი და სატირიკოსებს შორის უდიდესი – სვიფტი. საკუთარი ავტოპორტრეტის სწორედ ამ წიგნებზე მოთავსებით, ჰოგარტი თითქოს გვეუბნება, რომ ადგილობრივი, ინგლისური მასალა მისთვისაც ყოველთვის საყრდენს წარმოადგენს.
თავისი თავი შინაურ ტანსაცმელში დაუხატავს, ტილოსთან ზის და მშვიდი მზერით გვიყურებს. ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც წარმატებას მიღწეულ ადამიანებს. საგულდაგულოდ დახატული პორტრეტია, მუქ ფონზე ბაცი ფერებით და მსუბუქი მონასმებით – ასე გულდასმით სწორედ XVIII საუკუნეში ხატავდნენ. ახლა კი უმეტესობისთვის მიუღწეველია ასე ხატვა, თანამედროვე ადამიანებს დრო აღარ ჰყოფნით. მაშინ კი ტილოზე ფუნჯის პირველი გავლ