მოქალაქე ტრამპი და ვარდის კოკორი
29.06.20161999 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მაისამდე, თეთრი სახლის დასავლეთი ფრთიდან ამერიკის შეერთებული შტატები ბარტლეტის ადმინისტრაციამ მართა. კეთილ, განათლებულ, თავდადებულ საჯარო მოხელეებს ხალხზე, ქვეყანასა და მსოფლიოზე ზრუნვის, უფრო მეტიც, ზნეობის მაგალითს თავად პრეზიდენტი აძლევდა; მეზობლები და მეგობრები მთელ ამერიკაში, საღამოობით იკრიბებოდნენ და კოლექტიურად უყურებდნენ სცენარისტ არონ სორკინის პოლიტიკურ-ცხოვრებისეულ ტელედრამას ‒ სერიებს The West Wing. ალბათ თვალებიც ანთებული ჰქონდათ... იმედით.
მოგვიანებით, 2012 წელს სატელევიზიო თეთრ სახლში შონდა რაიმსის წყალობით, პრეზიდენტად ფიცჯერალდ გრანტი მოვიდა; თავადაც არ იცოდა, რომ ეს არჩევნების გაყალბებით შეძლო. არსად წასულა, დღემდე იქ არის; მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება აქვს და მრავალ სკანდალშია გახვეული.
2013 წელს ანდერვუდების აღმასვლა დაიწყო. კლერი და ფრენსისი ყველაფერზე და ყველაფრის მიღმა მიდიან, ოღონდ კი მათი ბანქოს კარტებით ნაგები ძალაუფლების ხუხულა, მათი თეთრი სახლი, არ ჩამოინგრეს.
2017 წელს, რეალურ თეთრ სახლს, შესაძლოა სატელევიზო რეალითი შოუს „შეგირდის“ ყოფილი ოსტატი, მილიარდერი დონალდ ტრამპი დაეპატრონოს. თანაც, სულ მცირე, 4 წლით.
2016 წლის შემოდგომაზე, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ის საკუთარი ბრენდის ახალ სასტუმროს გახსნის დედაქალაქში, თეთრი სახლის მიმდებარედ ძველი ფოსტის რესტავრირებულ შენობაში. ეს თეთრ სახლთან ასე მიახლოების პირველი შემთხვევა იქნება ნიუიორკელი უძრავი ქონების მაგნატისთვის, რომელიც ახლა უკვე სულ რაღაც 5 ბლოკის დისტანციიდან დააკვირდება მისთვის ყველაზე სასურველ უძრავ ქონებას ვაშინგტონში – პენსილვანიის გამზირზე 1800 წელს აშენებულ ცნობილ სახლს.
1988 წლიდან ის 4-ჯერ შეეთამაშა პრეზიდენტობის, 3-ჯერ კი – ნიუ იორკის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობის იდეას, შექმნა მოლოდინი, იტივტივა ზედაპირზე, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, სატელევიზიო ეკრანებზე და ბოლოს თავი გაანება.
ასე ეგონათ ერთი წლის წინაც; ფიქრობდნენ, გაერთობოდა, მოსწყინდებოდა და ახალ გასართობს ნახავდა.
ნურას უკაცრავად!
ვაშინგტონის ისტებლიშმენტის, პოლიტიკური თამაშების კანონებისა თუ, უბრალოდ, საყოველთაო ლოგიკის საწინააღმდეგოდ, დღეს ის მილიონობით ამერიკელ ამომრჩეველს აღაგზნებს; ამ მილიონებისთვის ვულგარულობა მიმზიდველი გახადა, პოლიტკორექტულობა – მიუღებელი, ქაოსი – სასურველი, მჭევრმეტყველება – გამოუსადეგარი.
ამ მილიონებისთვის ტრამპი ის კოლექტიური შუათითია, რომელსაც ამომრჩეველი ისტებლიშმენტს უჩვენებს. მისი მხარდამჭერი ამბობს, რომ ტრამპი ნაღდია, გულწრფელი, არ იწვრთნება და არ თამაშობს;
ის გადაშენების პირას მყოფი სახეობის, მწირად განათლებული და თეთრი, საშუალო კლასის ამბოხების ლიდერია; სასოწარკვეთილთა მაამებელი; ალფა მამრი, ამერიკა რომ უყვარს; ჯეი გეტსბია; სტივ ჯობსია; სხვა კანდიდატებს შორის მხოლოდ მან ააშენა ის, რასაც შეიძლება ხელით შეეხო; იმდენად აროგანტულია, რომ დაცემას ვერ აიტანს, და ამიტომაც არ დაეცემა სხვათა თვალწინ; მუსლიმებს და ემიგრანტებს თავის ადგილს მიუჩენს; მსოფლიოს შეეშვება და ამერიკას მიხედავს; დღეს ერთს იტყვის, ხვალ – სხვას და წარბს არ შეიხრის: ის ხომ გარიგებების დიდოსტატია; მუსოლინის ციტირებს; ჰიტლერის სიტყვები მისას ჰგავს; მტკიცე ხელი აქვს. „პატარა მარკო“, „რობო-რუბიო“, თავის მოკლე თითებზე აალაპარაკა. სატელევიზიო პრაიმტაიმში უპასუხა, ნურც ჩემი ფალანგების სიგრძეზე იდარდებ და – ნურც ჩემს გენიტალიებზეო.
ის, ვინც რესპუბლიკელების მხსნელი უნდა გამხდარიყო, მისსავე მშობლიურ შტატში, ფლორიდაში, მიწაზე დაანარცხა; ვერავინ მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ნიუორკელი ლიბერალი კიდევ უფრო მარჯვნივ და გაცილებით ახლოს ევანგელისტებთან, ვიდრე კიდევ ერთი წარმოშობით კუბელი, კანადაში დაბადებული, საკუთარი პარტიის წინააღმდეგ ამხედრებული ულტრაკონსერვატორი ტედ კრუზი.
„მატყუარა ტედი“ ჯერ კიდევ იბრძვის; ბრძოლის ველზე რჩება ოჰაიოს გუბერნატორი ჯონ კასიჩიც; მას მეტსახელიც კი არ მიაკერა ტრამპმა – მხოლოდ მის მშობლიურ ოჰაიოს შტატში დამარცხდა, ისე კი კონკურენტად არც მიიჩნევს.
რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტი მათემატიკურ განტოლებებს ადგენს, მანდატებს ითვლის, ეგებ ყრილობამდე ისე მიაღწიონ, ტრამპს წინასწარი არჩევნების შედეგად ხმების აბსოლუტური უმრავლესობის დაგროვების საშუალება არ მისცენ, მაგრამ ტრამპმა უკვე დაამტკიცა, რომ მათემატიკური პარადოქსია. ახლა ირწმუნება, ყრილობამ თუ არ მომცა მანდატი და საპრეზიდენტო ნომინაცია, ამომრჩეველთა ამბოხება დაიწყებაო.
წინასწარ ტკბება ჰილარისთან ორთაბრძოლის წარმოდგენით; ჯერ რბილად უტევს: არც ხერხემალი აქვს, არც ენერგია და არც არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო, ქალბატონ კლინტონს. ყოფილი სახელმწიფო მდივნის იმეილების სკანდალზე ლაპარაკობს; ყველა გამოკითხვის ჯამური შედეგით, კლინტონი-ტრამპის შერკინებაში კლინტონი იგებს და თუ ასე მოხდა, 1952 წლის შემდეგ პირველად, დემოკრატები მესამე ვადით დარჩებიან თეთრ სახლში; რესპუბლიკელებმა კი შესაძლოა კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობაც დაკარგონ.
ტრამპი კონსერვატორების ნიადაგზე დამყნობილი ახალი და ტოქსიკური ხილია;
არ აქვს მნიშვნელობა, ბოლოს გაიმარჯვებს თუ არა, ვინც გახდება პრეზიდენტი, ტრამპის წყალობით, განსხვავებული ამერიკა დარჩება სამართავად: ტაბუახსნილად ფაშისტური, რასისტული და დამატებით, ახალგაზრდა ლიბერალების ფავორიტის, თვითაღიარებული სოციალ-დემოკრატის ბერნი სანდერსის ულტრამემარცხენე იდეებით გაჯერებული.
ტრამპს ეს არ აღელვებს; ის პრეზიდენტობისთვის ისე იბრძვის, თითქოს მსოფლიო ორთაბრძოლების გასართობი ინდუსტრიის რინგზე იყოს. დამატებითი და სათუთი მიზეზიც აქვს თეთრ სახლში მოსახვედრად: თმა. მისი თმა ითხოვს, მუშაობდეს იმავე შენობაში, სადაც ცხოვრობს. როგორც 2004 წელს, ერთ-ერთ წიგნში, „როგორ უნდა გავმდიდრდეთ“, დაწერა:
„მიზეზი, რის გამოც ჩემი თმა ყოველთვის ასეთი მოწესრიგებულია, ისაა, რომ გარემოს ზემოქმედებას ნაკლებად განიცდის: ვცხოვრობ შენობაში, სადაც ვმუშაობ; ლიფტით ვეშვები ჩემი საძინებლიდან ჩემს ოფისამდე; დანარჩენ დროს ჩემს ლიმუზინში ვატარებ; ან საკუთარ თვითმფრინავში; ან ჩემს ვერტმფრენში; ან ჩემს კლუბში, პალმ ბიჩზე ფლორიდაში. და თუ ისე მოხდა, რომ გოლფს ვთამაშობ, მაშინ თმას გოლფის ქუდი იცავს“.
ასეთი გაზიარებები მრავლად არის იმ 14 წიგნში, რომელიც ტრამპმა 1987 წლიდან დღემდე გამოსცა. ამბობს, რომ მისი პირველი წიგნი, ბიბლიის შემდეგ ყველაზე პოპულარულია.
ტრამპის ბიბლიოგრაფია მისი ბიოგრაფიის ერთგვარ ილუსტრაციადაც გამოდგება:
> გარიგების ხელოვნება The Art of the Deal 1987
> გადარჩენა მწვერვალზე Trump: Surviving at the Top 1990
> დაბრუნების ხელოვნება The Art of the Comeback 1997
> ამერიკა, რომელსაც ვიმსახურებთ The America We Deserve 2000
> გზა მწვერვალამდე The Way to the Top 2004
> როგორ გავმდიდრდეთ How to Get Rich 2004
> იფიქრე მილიარდერივით Think Like a Billionaire 2005
> იფიქრე მასშტაბურად და დედა უტირე Think Big and Kick Ass 2007
> არასდროს დანებდე: ყველაზე დიდი გამოწვევები წარმატებად გადავაქციე Never Give Up 2008
> იფიქრე ჩემპიონივით Think Like a Champion 2010
> დროა გავხდეთ უდრეკი: დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე Time To Get Tough 2011
> მიდასის შეხება Midas Touch 2011
> საუკეთესო რჩევა, უძრავი ქონების შესახებ რაც მიმიღია The Best Real Estate Advice I Ever Received 2012
> ხეიბარი ამერიკა 2015 Crippled America
ამ წიგნებიდან შეიტყობთ, როგორ გარდაიქმნა ადამიანი ბრენდად. ბერძნული მითოლოგიის მიდასივითაა – რასაც ეხება, ყველაფერს ტრამპად აქცევს: შენობებს, კლუბებს, თვითმფრინავებს; კომპიუტერულ თამაშებს; უნივერსიტეტს, სამოდელო სააგენტოს, საქონლის სტეიკებს; არაყს; სუნამოების ხაზს და კიდევ რას აღარ.
ცხადია, ეს მარკეტინგული სტრატეგიაა. „გარიგების ხელოვნებაში“ აღწერს, როგორ დაიწყო: ატლანტიკ სიტიში კაზინოების მშენებლობისას, ერთსა და იმავე მანქანებს და ბულდოზერებს აქეთ-იქეთ დააქანებდა, ინვესტორთა საბჭოს წევრებს რომ მოჩვენებოდათ, თითქოს გაცხოველებული მუშაობა მიდის. არქიტექტორს სთხოვდა, ნახაზები ისე გაეფორმებინა, რომ ინვესტორს პროექტი ძალიან ძვირადღირებული ჰგონებოდა. შესაძლოა ამიტომაც, მისი კაზინოების ბიზნესს „პოტიომკინის სოფელი“ უწოდეს.
აღიარებს, რომ ადამიანების ფანტაზიას აკმაყოფილებს; წიგნებში ხშირად ახსენებს აურას და ამბობს, რომ აღქმა არის რეალობა. შესაბამისად, თვითონაც აღიქვამს, რომ მისი ქონება 3-დან 6 მილიარდამდეა და ფიქრობს, რომ ეს არის რეალობა; სასამართლოშიც კი უჩივლა ერთ-ერთ ავტორს, რომელმაც ტრამპის ქონება 250 მილიონად შეაფასა.
როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ეკითხებიან, პასუხობს, რომ ჯობს არც კი გაამხილოს, რა დღეში ჩააგდებს, მაგალითად, „ისლამურ რესპუბლიკას“.
ფიქრობს, რომ თვითონაა საუკეთესო რამ, რაც ათწლეულების განმავლობაში რესპუბლკურ პარტიას „დამართნია“. და რა თქმა უნდა დასცინის, დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს ყველას: მის მსოფლიოს – გასუქების გამო; ერთვარსკვლავიან გენერალს – ერთი ვარსკვლავის გამო; პოლ მაკარტნის, კაცმა არ იცის, რის გამო; ჟურნალისტს – ხეიბრობის გამო; სენატორ მაკკეინს, იმიტომ, რომ ტყვედ ჩავარდა; მეგან კელის – მენსტრუალური ციკლის და როუზი ო’დონელს – სქელი გავის გამო.
თავად, ყველაფერი ყველაზე ლამაზი და მშვენიერი აქვს: იახტა, თითები, კედელი, რომლის აშენებასაც მექსიკის საზღვარზე აპირებს და, რა თქმა უნდა, ცოლ(ებ)ი – ჩეხი მოდელი ივანა, მსახიობი ჯორჯიის შტატიდან მარლა და ამჟამინდელი მეუღლე, სლოვენიელი მოდელი მელანია.
ტრამპის საყვარელი კინოპერსონაჟი მოქალაქე კეინია. როდესაც ჰკითხეს, რა იქნებოდა ერთი რჩევა, რომელსაც კეინს მისცემდა, ქალის გამოცვლა ურჩია.
ამბობს, რომ „ვარდის კოკორი“ ამ ფილმის მთავარი ამოუხსნელი და იდუმალი ფრაზაა; სხვა ფრაზას ასეთი ძალა არ ექნებოდა; აზუსტებს, რომ სევდიანი ადამიანის ბავშვობაში დაბრუნებაზეა ორსონ უელსის ეს ფილმი; იმის შესახებ, რომ რამდენიც არ უნდა დააგროვო, არაფერს აქვს ფასი, თუ ბედნიერი არ ხარ. ეს ტრამპისთვის მტკივნეული გააზრებაა. ხოლო იმ თავის წიგნში, ბიბლიის შემდეგ ყველაზე პოპულარული რომაა, წერს:
„ადამიანებს ვერ გააცურებ; ყოველ შემთხვევაში – დიდი ხნით; შეგიძლია აღაგზნო; აღაფრთოვანო; შეიძლება შესანიშნავად წარმოაჩინო თავი და პრესის ყურადღებაც მიიპყრო, მაგრამ თუ საქმე არ გააკეთე, ხალხი ბოლოს აუცილებლად გამოფხიზლდება“.
ორსონ უელსს თავდაპირველად სურდა, რომ ჩარლზ ფოსტერ კეინი ამერიკის პრეზიდენტი გამხდარიყო. მალევე გადაიფიქრა.