გლობალური ჩინეთი და საქართველო | გიორგი ქართველიშვილი
05.09.2023 | 10 წუთიანი საკითხავისატვირთო მატარებელი X8155, რომელმაც 2022 წლის შემოდგომაზე პირველად დაფარა ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი სრული განრიგით (10 დღეში), ჩინეთის ქალაქ სიანიდან, გერმანულ პორტ დუისბურგამდე.
...
26-31 ივლისს ქართული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ჩენგდუში და პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმაღლეს ლიდერებთან რამდენიმედღიანი შეხვედრების შედეგად, 31 ივლისს ქვეყნებს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“ გაფორმდა.
ქართული ოცნების ლიდერები ხელშეკრულებას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევად აფასებენ. ზოგისთვის ესაა მკაფიო ანტიამერიკული სვლა და „დემარში დასავლეთის წინააღმდეგ“. სხვები ამ ნაბიჯს პრაგმატული მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის დასაწყისად მიიჩნევენ, განსაკუთრებით ახლა, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში. სხვა ექსპერტები „ერთდროულად სამ სკამზე ჯდომის“ საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას.
ჩინეთ-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულება
ბილატერალური ურთიერთობის ეს ფორმა ჩინეთის პოლიტიკის მკვლევრებისთვის ახალი არ არის. ჩინეთს ამ ტიპის ხელშეკრულება 1993 წლიდან დღემდე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს დადებული. ჩინეთის „გლობალური აღმასვლის“ კვალდაკვალ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვხედავთ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას და კომუნისტური პარტიის ლიდერები, განსაკუთრებით სი ძინპინის მმართველობის პერიოდში (2012 წლიდან დღემდე), აქტიურად იწყებენ ლაპარაკს ჩინეთის პარტნიორების ვრცელი გლობალური ქსელის აუცილებლობაზე. ამ მხრივ, „სტრატეგიული პარტნიორობის“ (战略合作伙伴关系, zhànlüè hézuò huǒbàn guānxì) ფორმატი ცენტრალურია. ეს კი შესაძლოა გულისხმობდეს როგორც საკმაოდ მჭიდრო, ასევე შედარებით სიმბოლური ხასიათის ქვეყანათაშორის ურთიერთობას.
ჩინეთ-საქართველოს ხელშეკრულებაც მეტწილად ზოგადია და ოთხი თემატური განზომილებისაგან შედგება:
- პოლიტიკური;
- ეკონომიკური;
- ხალხთაშორისი და კულტურული;
- საერთაშორისო.
პოლიტიკურ ნაწილში ყურადსაღებია პუნქტი, რომელშიც ნახსენებია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, და რომ „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“. საქართველო, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, აღიარებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და აქვს ოფიციალური ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. თუმცა ჩანაწერში ცალსახად ასიმეტრიაა, რამდენადაც ვერ ვხედავთ კონკრეტულ ფორმულირებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
იმავე თავშია პუნქტი, რომელშიც გვხვდება თანამედროვე ჩინურ დიპლომატიაში ყველასათვის კარგად ნაცნობი ტერმინები და ფორმულირებები: „საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას“. რას გულისხმობს ამ კონკრეტულ კონტექსტში „მოდერნიზაციის ახალი, ჩინური მოდელი“? ცხადია, მცდარი იქნება, ეს მივიჩნიოთ რაიმე მინიშნებად განვითარების ჩინურ მოდელზე (რომელიც ზოგჯერ „პეკინის კონსენსუსის“ სახელითაცაა ცნობილი). ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენს პოლიტიკურ ელიტას რადიკალურად განსხვავებული გზა აქვს არჩეული, როდესაც განვითარების ჩინური მოდელი ნიშნავს ექსპორტზე დამყარებულ ეკონომიკას, მე-20 საუკუნის სოციალისტური ეკონომიკიდან კაპიტალისტურ ეკონომიკაზე გრადუალურ გადასვლას „შოკური თერაპიის“ სანაცვლოდ და ა.შ.
რა შეიძლება იყოს დოკუმენტში ნახსენები ჩინური მოდერნიზაციის მიერ შემოთავაზებული „ახალი არჩევანი“? ამის უკეთ დანახვა სწორედ „გლობალური ჩინეთის“ პრიზმიდანაა შესაძლებელი. მინიშნებას ხელშეკრულებაშივე ვკითხულობთ, რომ საქართველო მიესალმება ჩინეთის სხვადასხვა ამბიციურ საერთაშორისო და ეკონომიკურ ინიციატივას: გლობალური განვითარების, გლობალური უსაფრთხოების და გლობალური ცივილიზაციის, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივებს. ამასთან, ეკონომიკურ ნაწილში დევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ჩინეთი შეისწავლის დაკრედიტების საკითხს საქართველოში „სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად“.
ჩინეთი ბოლო რამდენიმე ათწლეულში განვითარებადი ქვეყნიდან მსოფლიოს ე.წ. „ზესახელმწიფოდ“ იქცა. დასავლეთში მუდმივად გვესმის მსჯელობა „ჩინეთის აღმასვლის“ საკითხთან, აშშ-ჩინეთის „სისტემურ მეტოქეობასთან“ და ნეოლიბერალიზმის ეპოქაში ჩამოყალიბებულ ერთპოლუსიან მსოფლიო წესრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით. დღეს ჩინეთი, როგორც ეკონომიკური პარტნიორი და აშშ-ის გეოპოლიტიკური ალტერნატივა, მსოფლიოს მრავალ რეგიონში (აქ, პირველ რიგში, გლობალურ სამხრეთს ვგულისხმობ) ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რაც მისი მოკავშირეების ფართო ქსელის ჩამოყალიბების საწინდარია.
როგორი იქნება აშშ-ჩინეთის მეტოქეობით განსაზღვრული მსოფლიო წესრიგი?
გულისხმობს თუ არა ეს თანამედროვე „მსოფლიო-სისტემის“ ფუნდამენტურ გადაწყობას? რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ცვლილებებმა არსებულ საერთაშორისო ინსტიტუტებზე და ნორმებზე? კითხვები მრავლადაა და საკმაოდ ფართო ჰორიზონტს მოიცავს, თუმცამსჯელობას კონკრეტულად ჩვენს რეგიონში ჩინეთის ეკონომიკური ინტერესებისა და მის პოლიტეკონომიური საფუძვლების კონტექსტში გავაგრძელებ.
„გლობალური ჩინეთის“ პოლიტეკონომიკა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – სიდიდით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, უახლეს ისტორიაში რიგით მეორე მნიშვნელოვან ტრანზიციულ პერიოდს გადის (1978 წელს დაწყებული ეკონომიკური გარდაქმნების შედეგად სახელმწიფო სოციალიზმიდან „მსოფლიო ფაბრიკად“ გადაქცევის შემდეგ). ამ ეტაპზე, ჩინეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ ეკონომიკური გავლენების შენარჩუნება და გაღრმავება გლობალური მასშტაბით, რამაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩინური ეკონომიკური სასწაული განაპირობა. ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებაზე იდგა.
საექსპორტო სექტორების ხარჯზე გაფართოებულმა სავალუტო რეზერვებმა ახალი სესხებისა და ინვესტიციების საშუალება გაუჩინა ჩინურ სახელმწიფო ბანკებს, ხოლო ინვესტიციების სწრაფი ზრდა საბოლოოდ მთელ რიგ სექტორებში ჭარბწარმოებაში (მაგ. 65% ფოლადის წარმოებაში) და გავალიანებაში გადაიზარდა. სწორედ ეს ჭარბი წარმოებაა ჩინეთიდან ზედმეტი კაპიტალის (surplus capital) ინვესტიციების სახით გადინების ძირითადი მიზეზი – მოქმედების ლოგიკა, რომელიც კაპიტალიზმის ისტორიისათვის უცხო არაა. 2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ექსპორტის წილი ჩინეთის მთლიან შიდა პროდუქტში მკვეთრად მცირდება, ხოლო პარალელურად, იზრდება ვალის შეფარდება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან, რაც „გლობალური ჩინეთის“ გააქტიურებისათვის დამატებით სტიმულს წარმოშობს.
ალბათ, „გლობალური ჩინეთის“ ყველაზე ამბიციური და მასშტაბური გამოხატულება სი ძინპინის „სარტყელისა და გზის ინიციატივაა“ (თავდაპირველად ცნობილი, როგორც „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. ჩინურად: 一带一路, yī dài yī lù). მოკლედ რომ ავხსნათ, ესაა ერთგვარი ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური არხებისა და მეორე მხრივ, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მეგაპროექტი, რომელმაც ჩინეთი კიდევ უფრო ეფექტურად და მჭიდროდ უნდა დააკავშიროს დანარჩენ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი მის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს – დასავლეთის ქვეყნებს. „სარტყელი და გზა“ გულისხმობს რამდენიმე მსხვილ სახმელეთო და საზღვაო მარშრუტს. ეს სტრატეგია სი ძინპინმა პირველად 2013 წელს გააჟღერა, დღეს კი მოიცავს 155 ქვეყანას და ჯამში დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას.
მხარეებმა მოლაპარაკებისას „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობაც განიხილეს და ასევე ახსენეს ე.წ. „შუა დერეფანიც“ – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კონკრეტული მარშრუტი, რომლის განვითარებაც, შესაძლოა, ჩვენს რეგიონში ჩინეთის გეოპოლიტიკური ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს.
„შუა დერეფანი“ და სამხრეთ კავკასია
„შუა დერეფანი“ (უფრო კონკრეტულად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“) შედარებით ახალი, ჩინეთის „სარტყელისა და გზის პროექტში“ მოქცევადი რეგიონული ინიციატივაა. ესაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციონალური ჯაჭვის პროექტი, რომელმაც უმოკლესი სახმელეთო მარშრუტით – ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით, ჩინეთი უნდა დააკავშიროს მისთვის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორებს – ევროპის ქვეყნებს. „სარტყელის და გზის“ ფარგლებში, ჩინეთი ერთდროულად გეგმავს ექვსი ვრცელი სახმელეთო დერეფნის განვითარებას.
გეოგრაფიულად, „შუა დერეფანი“ ერთი მათგანის – „ჩინეთი-ცენტრალური აზია-დასავლეთ აზიის ეკონომიკური დერეფნის“ ერთ-ერთი პოტენციური, ქვე-მარშრუტია. „შუა დერეფანი“ გამორჩეულია იმითაც, რომ ის რუსეთის ტერიტორიას სრულად უვლის გვერდს. საქართველოსა და ჩვენი რეგიონის გაღრმავებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობას (ისევე, როგორც ბოლო პერიოდში გააქტიურებულ, კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგ. ანაკლიის პორტს და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას) ჩინეთთან სწორედ ამ გეოპოლიტიკურ თუ გეოეკონომიკურ კონტექსტში შეიძლება ჰქონდეს დამატებით განსაკუთრებული მნიშვნელობა. ცხადია, ეს პროექტი საჭიროებს მსხვილ ინვესტიციებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვრცელი, ერთიანი და ეფექტური ინფრასტრუქტურული ჯაჭვის შესაქმნელად. ჩინური კაპიტალი კი ასეთი პროექტების მთავარი დამფინანსებელია მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც მას გეოპოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს.
ჩინური კაპიტალი მსოფლიოში: „ვალის ხაფანგი“ თუ რეალური ალტერნატივა?
რა თავისებურება ახასიათებს ჩინურ კაპიტალს მსოფლიოში? 2017-2018 წლიდან მოყოლებული, ვხედავთ ჩინეთის საგარეო სტრატეგიის გაფართოებას და გააქტიურებას მსოფლიოს მასშტაბით. დღეს გლობალური სამხრეთის ქვეყნებში (აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში) ჩინეთის გავლენა იმდენადაა თვალშისაცემი, რომ „აღმავალი ზესახელმწიფოს“ კონცეპტი უაზროდაც შეიძლება მოგვეჩვენოს. მოვლენები სწრაფად ვითარდება, და მთელ რიგ რეგიონებში ჩინეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო მნიშვნელოვან სექტორებში (სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა) ჩინურმა კომპანიებმა დასავლურ მოთამაშეებს გადაასწრეს. რამდენადაც ჩინეთ-საქართველოს ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში სწორედ „ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაკრედიტებაა“ ნახსენები, ვფიქრობ, საჭიროა, შევეხოთ ჩინური სესხების საკითხსაც.
ერთი მხრივ, ჩინური კაპიტალის შესვლა განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელსაყრელი (ზოგჯერ, უალტერნატივოც კი) შესაძლებლობაა, მაგალითად, ადგილობრივი ჩამორჩენილი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ის მრავალი ქვეყნისთვის წარმოადგენს უკვე კარგად ნაცადი, მსოფლიო სავალუტო ფონდის „ვალისა და ქამრების შემოჭერის“ ალტერნატივასაც. მეორე მხრივ, ჩინური ბანკების მიერ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გაცემული სესხები ბევრი ქვეყნისთვის პრობლემური აღმოჩნდა, განსაკუთრებით პანდემიის კრიზისულ პერიოდში. ამის ყველაზე მკაფიო ბოლოდროინდელი მაგალითია შრი ლანკა, რომელსაც, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გავალიანების გამო 2010 წელს გახსნილი ჰამბანტოტას პორტის 99-წლიანი იჯარით გადაცემა მოუწია ჩინური სახელმწიფო კომპანია China Merchants Group-ისათვის, 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ჩამოწერის სანაცვლოდ.
ჩინური კომპანიებისა და ბანკების მსხვილი მევალეები არიან აფრიკის ქვეყნები: კენია, ზამბია, ანგოლა, სამხრეთ აფრიკა, უგანდა. ზოგიერთი მათგანი დეფოლტის ზღვარზეც იმყოფება.
მიუხედავად ამისა, პერიფერიული ქვეყნების გავალიანების პრობლემა ჩინური „ვალის ხაფანგის დიპლომატიით“ არ დაწყებულა და, სავარაუდოდ, არც დასრულდება. მაგალითისთვის, 2018 წლისთვის აფრიკის ქვეყნებში მთლიან ეროვნულ შემოსავალში ვალის წილი 1980-იანი წლების დასაწყისს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 40%-ს შეადგენს, ხოლო პიკი 1990-იან წლებში იყო, 100%-ზე მაღალ ნიშნულზე. ბოლო 30-40-წლიანი სტატისტიკას თუ შევადარებთ, დღეს აფრიკის კონტინენტზე კონკრეტული ძვირი სესხების პრობლემა უფრო იკვეთება, და არა უეცარი და უზარმაზარი რაოდენობის სესხების ნაკადების შემოდინებისა.
აქვე უნდა ვახსენოთ დასავლური მხარეების კრიტიკაც, რომლებიც გამუდმებით აფრთხილებენ აფრიკულ ქვეყნებს, არ აიღონ სესხები ჩინური Exim Bank-ისგან ან Huawei-სგან, თუმცა თავად იშვიათად თუ სთავაზობენ უკეთეს პირობებს.
გლობალურ სამხრეთში ჩინეთის „ვალის ხაფანგზე“ კიდევ უფრო ძველი და კარგად ნაცნობი ტერმინია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის „მტაცებლური დაკრედიტება“ – სესხების დაუსრულებელი ნაკადი „სტრუქტურული გადაწყობის პროგრამების“, უფრო კონკრეტულად კი – „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ მოთხოვნის პარალელურად, რაც განვითარებადი ქვეყნებისათვის ხარჯების ისეთ კრიტიკულ სექტორებში შემცირებას გულისხმობს, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.
განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი კორუფცია და გარიგების პროცესების არადემოკრატიულობა ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, პროცესების გაუმჭვირვალობისა და კაბალური პირობების თვალსაზრისით, ბევრ ჩვენგანს, შესაძლოა, ნამოხვანჰესი გაახსენოს Exim Bank-ის დაფინანსებული კენიის რკინიგზის პროექტის გახმაურებულმა შემთხვევამ, რიცა კენიის მთავრობა, კანონისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარს აცხადებდა ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებაზე, და გასაგებია – რატომაც. ჩინური მხარეების ჩვეული პოზიცია ასეთია:
„ვაკეთებთ იმას, რაზეც თანახმაა მასპინძელი“.
ამას „პასუხისმგებლიანი ინვესტორის“ მიდგომად ვერ ჩავთვლით. არის შემთხვევები, როცა ერთსა და იმავე რეგიონში ორი სრულად იდენტური ინფრასტრუქტურული პროექტიდან ერთს აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს (რომლის მიერ დაფინანსებული პროექტები შესრულებისა და უსაფრთხოების შედარებით მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა), ხოლო მეორეს სხვა ჩინური ფონდი და კომპანია, რამდენადაც ერთ ქვეყანაში ადგილობრივი კანონმდებლობა მაღალ სტანდარტს მოითხოვს (მაგ. შრომითი პირობების, უსაფრთხოების), ხოლო მეორე ქვეყანაში არა. ამ თვალსაზრისით, გარდა საერთაშორისო კაპიტალის შემოვლასთან დაკავშირებული საფრთხეებისა, თითქმის ყველა ამ შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას ადგილზე, რომელიც შინაარსით პოლიტიკურია.
ნებისმიერი წარმომავლობის კაპიტალის მოქმედებას, პირველ რიგში, მისი ფუნდამენტური ლოგიკა აწარმოებს. ეროვნების მიუხედავად, ის უნდა გაფართოვდეს, მას სჭირდება ახალი ბაზრები და ა.შ. თუმცა თუ საკითხს სხვა კუთხით შევხედავთ, მას აქვს ეროვნებაც. ამერიკულ, ჩინურ, რუსულ თუ სხვა კაპიტალს ამოძრავებს შესაბამისი გეოპოლიტიკური მიზნები, აქვს განსხვავებული კულტურულ-ისტორიული ნიადაგი და, ვებერს თუ დავესესხებით – ეთოსი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ მშრომელებისთვის, რომლებიც მას ადგილზე, უშუალოდ ეჩეხებიან.
საქართველო: შესაძლებლობები და საფრთხეები
თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკური და დემოგრაფიული მასშტაბები, მისი ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და დინამიზმი მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს არსებულ გლობალურ წესრიგში და მსოფლიო სისტემის ფუნქციონირების ლოგიკაში. ეს როგორც ჩვენი რეგიონისათვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის – განსაკუთრებით იქ, სადაც „გლობალური ჩინეთის“ მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესი არსებობს – ახალი გამოწვევაა. ჩვენთვის შედარებით ახლო მაგალითია რუსეთის ჩინეთზე არსებული დამოკიდებულების ფონზე ამ უკანასკნელის პოლიტიკური და ეკონომიკური გააქტიურება პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ცენტრალურ აზიაში თუ ჩინეთი უკვე ყველაზე გავლენიან მოთამაშედ იქცა, სამხრეთ კავკასიაში მსგავს შემობრუნებაზე ლაპარაკი ნაჩქარევია. იკვეთება ისიც, თუ რა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სამხრეთ კავკასიას ჩინეთის გლობალურ, უფრო კონკრეტულად კი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფნის გეგმებში. ახლადგაფორმებული „სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“, შესაძლოა, პირველ ნაბიჯებად მივიჩნიოთ, რის ფონზეც ვივარაუდებთ ეკონომიკური, პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების მეტად გაღრმავებას.
ზემოთ მოკლედ შევეხე ჩინური კაპიტალის გლობალური გაფართოების საკითხს. არსებული შესაძლებლობებისა და მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზისას, ჩინეთისა და გლობალური სამხრეთის ურთიერთობის გამოცდილებაც გასათვალისწინებელია. თუ ჩინური კაპიტალი, „გლობალური ჩინეთი“ და მისი „მოდერნიზაციის ახალი მოდელი“ პერიფერიული ქვეყნებისთვის განვითარების შესაძლებლობაა, მას თან ახლავს გამოწვევებიც. თუკი პერიფერიულ ქვეყნებს ნაკლებად აქვთ გლობალურ პროცესებზე გავლენის ბერკეტები, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შემთხვევაში, ადგილობრივი ეკონომიკის „მოდერნიზების“ ამ პოტენციური შესაძლებლობის გამოყენება და შედეგები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე: თუ რამდენად სახალხო და დემოკრატიულია ის, და პირველ რიგში – ემსახურება თუ არა უმრავლესობის ინტერესს ნაცვლად მსხვილი კაპიტალისა (არ აქვს მნიშვნელობა, ის საერთაშორისოა თუ ადგილობრივი). ეს კი, თავის მხრივ, კლასობრივი საკითხია.
ავტორი: გიორგი ქართველიშვილი