
ახლა თოვლიან მთებში უნდა იყოს | ანდრო ჭიჭინაძის საქმე
“საჩვენებლად დაჭერილი ცნობილი ადამიანი” – თეატრისა და კინოს 28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე უსახელოდ მოქმედი რაზმის უფროსს ჰგავს. ეს ასეა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ეკრანიდან თუ სცენიდან სწორედ ანდროს იცნობენ. თუმცა, სინამდვილეში, ის ერთი რიგითია 11-კაციანი ჯგუფიდან, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციების დროს ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
„გთხოვთ, ახლოს გადაიღეთ ეს პოსტერი, ვიცი, რომ ახლა ანდრო გვიყურებს და ვაჩვენო მინდა – მასთან არ შეგვაგზავნინეს”, – თქვა 24 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალიდან დაბრუნებულმა საქართველოს კინოინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ვაშაძემ ტვ პირველის შუადღის გადაცემის სტუდიაში და კამერებისკენ შეატრიალა პოსტერი, რომელზეც დათოვლილი გარემო და წითელქურთუკიანი ანდრო ჩანს.
პოსტერი ეკუთვნის შვიდსერიიან დოკუმენტურ სერიალს, „შვიდი მწვერვალი: გარდასახვის გზას”, რომელიც აღწერს მთავარი გმირის, ანდრო ჭიჭინაძის თავგადასავალს თითოეული მწვერვალის დაპყრობისას. პროექტის პრეზენტაცია ბერლინის ფესტივალზე გაიმართა. ბერლინალეს სტუმრებმა ამ გზითაც შეიტყვეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის შესახებ თბილისში და აქციაზე გასული ხალხის, მათ შორის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების ისტორია.
„ანდრო თავისუფალი რომ იყოს, უკვე გვექნებოდა ტრიუმფის ისტორია”, – წერია კინოპროექტის ბროშურაში. 2025 წლის იანვარში კილიმანჯაროს მწვერვალზე ანდროს ასვლის პროცესი უნდა გადაეღოთ. ანდრო ამბობდა, რომ სიახლეების ძიების ეტაპი აქვს. მთამსვლელობისთვის ემზადებოდა, რადგან ამას შესაბამისი ფიზიკური ძალა და ცოდნა სჭირდება.
პოლიციამ სახლში 5 დეკემბერს მიაკითხა. შინ მისულ ლიკა გუნცაძეს, ანდროს დედას „მთელი ეზო პოლიციელებით გადაშავებული დახვდა, რადგან ანდროს დასაკავებლად მათთან, სახლში ათობით ადამიანი მივიდა”. იხსენებს იმასაც, თუ როგორ ელოდებოდნენ ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლებს, ანდროს დაჭერის კადრები მათ რომ გაევრცელებინათ.
კადრში ჩანს, როგორ ხვდება დედა-შვილი ერთმანეთს ეზოში, სადარბაზოსთან. ანდროს ხმაც ისმის: „დედა, დამშვიდდი!“.
პროკურატურის მტკიცებით, 2024 წლის 29 ნოემბერი რომ თენდებოდა, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობა „ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში” – ეს გამოიხატებოდა ჯოხის სროლაში სამართალდამცველების მიმართულებით, რითიც საფრთხე შეუქმნა „სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”.
ანდროს საქმეში სამი ვიდეოჩანაწერია და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. პირველი ვიდეო ასახავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ერთ მხარეს დგას სპეციალური დანიშნულების რაზმი, ხოლო მეორე მხარეს – აქციის მონაწილეები, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძეა. მეორე ვიდეოში ჩანს, რომ ანდრო ჭიჭინაძე ძირს დაგდებულ საგანს (სავარაუდოდ, პლასტმასის ბოთლს) იღებს და ისვრის სპეცრაზმის მიმართულებით, მაგრამ არ ჩანს საგნის დაცემა. მესამე ვიდეოში კი ვხედავთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე იხრება და იღებს სავარაუდოდ ჯოხს და ისვრის სპეცრაზმელთა მიმართულებით. თუმცა, დაცემის ადგილი არც ამ შემთხვევაში ჩანს. სამაგიეროდ, სამივე ვიდეოში ისმის სპეცრაზმელების შეურაცხმყოფელი შეძახილები და გინება პროტესტის მონაწილეების მისამართით. აშკარაა, რომ ირგვლივ დაძაბულობაა.
ანდრო ჭიჭინაძის საქმე ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ შეისწავლა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არათუ მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ანდროს ქმედებამ ვინმეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მაინც გამოიწვია, არამედ საქმეს დაზარალებული პირიც არ ჰყავს:
„აშკარაა, რომ საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას ერთი მხრივ, საპროტესტო აქციების იმიჯის დასაზიანებლად იყენებს, ვინაიდან მას წარმოაჩენს, როგორც ძალადობრივს, ხოლო, მეორე მხრივ, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პირების რეპრესიებითა და დაპატიმრებით, მათ იყენებს საზოგადოების დაშინების ინსტრუმენტად”.
ანდრო ბოლო თვეების განმავლობაში გამართულ აქციებზე დადიოდა მეგობრებთან ერთად. „მე ვდგავარ ჩემს მეგობრებთან ერთად ევროპული მომავლისთვის და მგონია, რომ აუცილებელია, დღეს ყველა სფერო გაიფიცოს, იმისთვის, რომ ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე“, – ეს ნაწყვეტია 4 დეკემბრის ინტერვიუდან, რომელიც მსახიობთან დაკავების წინა ღამეს რუსთაველის გამზირზე ონლაინ გამოცემა On.ge-ს ჟურნალისტმა ჩაწერა.
თეატრი მართლაც იდგა პროტესტის ავანგარდში, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დაიწყო გაყალბების მასობრივი შემთხვევების გამოვლენისას. არაერთი დასი გაიფიცა და შემდეგ უკვე, როცა „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პროევროპული კურსის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, რუსთაველის გამზირზე დადგა.
ანდროს დაკავების შემდეგ მსახიობებს უკან არ დაუხევიათ. 2025 წლის 23 იანვარს ახალმა თეატრმა დაიწყო ”მანიფესტიც“ – ქუჩის წარმოდგენა, რომელიც სპექტაკლს ”მე გადმოვცურავ ზღვას“ მოქალაქეთა გამოსვლებთან აერთიანებს.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სცენიდან მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობენ. სახელდახელოდ შექმნილი სპექტაკლი პირველად თბილისში, თეატრის წინ გაიმართა, შემდეგ კი დასი რეგიონებში წავიდა. ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ოზურგეთის შემდეგ, წინ კიდევ რამდენიმე გასვლაა.
სცენიდან ყოველ ჯერზე ისმის:
„ბევრი ვართ! ამ დროს ყველას ხომ ვერ დაგვიჭერთ? თავისუფლება ანდროს, თავისუფლება ბიჭებს!“.
პირველ წარმოდგენაზე ანდროს ციხიდან გამოგზავნილი წერილი მისმა კოლეგამ და მეგობარმა, გივიკო ბარათაშვილმა წაიკითხა:
„არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ „თქვენ”, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად… თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში...
…ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით”.
ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან მალევე, „ფეისბუქზე“ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის საზოგადოებას, ფონდ „სიცილით თერაპიის“ სახელით ელაპარაკება. სიცილით თერაპია ევროპაში გავრცელებული პრაქტიკაა, რომლის დროსაც „მკურნალი ჯამბაზები“, ანუ სპეციალურად გადამზადებული მსახიობები ბავშვებს და მოხუცებს ჰოსპისებში სტუმრობენ და მკურნალობის პროცესის შემსუბუქებაში ეხმარებიან. ანდრო ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ეს საქმიანობა მისი, როგორც მსახიობის, ყოველდღიურობის ნაწილია.
ანდრო ჭიჭინაძის პირველი სასამართლო პროცესი 2024 წლის 7 დეკემბერს გაიმართა. ანდროსთან ერთად 5 ბრალდებულის – ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმეებიც განიხილებოდა. ამ სხდომაზე ვერ დასტურდებოდა, რომ ეს პირები ერთმანეთს იცნობდნენ, ადვოკატები ითხოვდნენ პატიმრობის შეფარდების გაუქმებას, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ანდროს მეორე სასამართლო პროცესი 2025 წლის 10 იანვარს დაინიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რადგან ერთად შეიკრიბა ამჯერად უკვე 11 ბრალდებულის მხარდასაჭერად მისული ხალხი. ისინი ვერც სასამართლოს ყველაზე დიდმა, 150-ადგილიანმა დარბაზმა დაიტია და ამიტომ, რვა საათის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობდა სხდომა, სავსე იყო ეზოც. დრო ძალიან ნელა გადიოდა, თუმცა ყველაზე მტანჯველი იყო ის საათზე ოდნავ მეტი დრო, რომელიც სათათბიროდ გასულმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დარბაზს მიღმა დაჰყო.
მან თერთმეტივე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა. როდესაც მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დაიწყო, დარბაზი ისე ახმაურდა, რომ გადაწყვეტილების განმარტებითი ნაწილი აღარავის გაუგია.
გარეთ უკვე ღამე იდგა. სასამართლოს ეზოში გამოსული პატიმრების გულშემატკივრები ვერ იშლებოდნენ, ზოგი ეზოში შეკრებილ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სთხოვდა პასუხს. „რატო იცინი, შენხელა ბიჭი გაუშვეს პატიმრობაში, ადამიანი არ ხარ?“ – ეუბნებოდნენ რამდენიმე ახალგაზრდა პოლიციელს. მართლაც არაფერი იყო სასაცილო. ზოგი ტიროდა, ზოგი ყვიროდა, ზოგს არაფერი შეეძლო, დუმილის გარდა.
ანდროს ზოგიერთმა მეგობარმა მხოლოდ გვიან ღამით მოისმინეს გულდასმით ანდროს იმდღევანდელი სიტყვა:
„გამახსენდა ჯოზეფ კა. – არის ერთი ასეთი პერსონაჟი კაფკასი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის, რა ხდება მის თავს. [კაფკას] ეს რომანი არის გაურკვევლობაზე, აბსურდია. ამ გაურკვევლობის შეგრძნებაზეა. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-მეთქი და აი, რაღაცნაირად, მოხერხდა“.
5 მარტის სხდომაზეც ანდრო აბსურდის შეგრძნებაზე ლაპარაკობდა:
„ვერ ვიგებ, რაზე ვდაობთ. თქვენი ბრალდების მიხედვით, კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა, ეს არის გაუგებარი.
ახლა მეორე: ჯგუფურობას არ სჭირდება ნაცნობობა და ერთმანეთის ცნობაო. ეს ახალი გამოგონება თუ არის, არ ვიცი. როგორ შეიძლება, ჩვენ გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს ერთმანეთთან. ამ გადასარევი ადამიანების ნახევარი გავიცანი პირველ სასამართლოზე, ნახევარი - მეორე სასამართლოზე და რაღაცა ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც „რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ“ ისე, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, პლუს სხვადასხვა დღეს გვედავებით...
მინდა ორი სიტყვა ვთქვა ბოლო დროს სხვადასხვა სახით გამოვლენილ დაშინების მცდელობაზეც, რაც საქართველოში ხდება.
მინდა ვთქვა, რომ ვერავის შეაშინებთ და თუ ვინმეს ეშინია, ეს შიშიც ძალიან ადამიანური რამეა და იმითი ვართ ჩვენ თავისუფლები, რომ ამ შიშებს და სისუსტეებს, გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება“.
გირჩევთ

„ჩემი გიტარა მენატრება” | მათე დევიძის საქმე
24.03.2025