გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ანასტასია ზინოვკინა ანტონ ჩეჩინი არტემ გრიბული

რუსი აქტივისტები ქართულ ციხეში

2025 წლის ივნისიდან სექტემბრის პირველ კვირამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ერთმანეთის მიყოლებით გამოჰქონდათ გამამტყუნებელი განაჩენები. აჩქარების მიზეზი წინასწარი პატიმრობისთვის დასაშვებად მიჩნეული ვადის მოახლოება იყო.

ჯამში ამ პერიოდში 40 ადამიანი გადაასამართლეს და მათგან ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი აქტივისტის, ახობაძე-აბრამოვი-კაციას გარდა, ყველას პატიმრობა მიუსაჯეს; მათი გამართლებით გაჩნდა მოლოდინი, რომ იმავე ბრალდებით დაკავებულ სამ რუს აქტივისტს, ანასტასია ზინოვკინას, ანტონ ჩეჩინსა და არტემ გრიბულსაც სასამართლო გაამართლებდა, მაგრამ ეს ვერსია იმავე დღეებში გაქარწყლდა: ნიკუშა კაციას გათავისუფლების წინა დღეს, 2 სექტემბერს, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ აქტივისტს, რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8,5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

საბოლოოდ, გაამტყუნეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი დარჩენილი აქტივისტიც, ისინიც რუსეთის მოქალაქეები – ანასტასია ზინოვნიკა და არტემ გრიბული. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 12 სექტემბერს მათაც იგივე სასჯელი გამოუცხადა, რაც ჯვებე ნაჭყებიამ - ანტონს. 

რატომ დადგა შერჩევითი სამართალი მაშინ, როდესაც ადვოკატები ამ საქმეების იდენტურ ხელწერასა და ერთი და იმავე ტიპის დარღვევებზე საუბრობდნენ?  

ეს სტატია ალოგიკურ მოვლენებში ლოგიკის ძებნის მცდელობაა, რადგან მრავალწლიანი სასჯელით ქართულ ციხეში დარჩენილი აქტივისტები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას მათი სახელების არდავიწყების მნიშვნელობაზე. წინასწარი პატიმრობის საკნიდან ერთ-ერთ წერილში ანასტასია ასეც წერდა: „თუ ბრძოლას შეწყვეტთ, დაგავიწყდებათ ჩვენი სახელები”.

რუსი სინდისის პატიმრები

ანტონი და არტემი სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდიან. ანასტასია რუსთავის ქალთა მეხუთე კოლონიაშია. 24 სექტემბერს კოლონიიდან გამოგზავნილ წერილში მან საპატიმროს გაუსაძლისი, როგორც თვითონ წერდა, „ამაზრზენი პირობები” აღწერა: 

„...გოგონები, რომლებსაც არავინ ეხმარება, ცხოველებივით ცხოვრობენ. საპნის ერთი ნაჭერი გამოიყენება თმის, სხეულის, წინდების, ტრუსების და ჭურჭლის დასაბანად. თუ საპონი უფრო სწრაფად ამოიწურება, ვიდრე ბადრაგი ახლის მოცემას ინებებს (სამ თვეში ერთხელ), მაშინ ისინი უბრალოდ არ ბანაობენ”.

დაწვრილებით

იმავე დღეს, 24 სექტემბერს წერილი ციხიდან ანტონ ჩეჩინმაც გამოაგზავნა. მას დაბადების დღე ჰქონდა, 27 წლის გახდა. მისთვის სრულიად უცხო ადამიანებს საჯაროდ სწერდა: „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალურად ჩაგვსვა ციხეში რუსეთის სამი მოქალაქე. მათ არ ეგონათ, რომ თქვენ მხარს დაგვიჭერდით. ამასთანავე, მათ უნდოდათ დამტკიცება, თითქოს, რუსეთის მხარეს არ იჭერენ. ხოლო სამი ქართველის გამოშვებით იმის ჩვენება სურდათ, რომ მათი სასამართლოები ობიექტური და სამართლიანია. ეს ასე არ არის!”ანტონი საქართველოში რეპრესიებს გამოექცა. ის პუტინის მოწინააღმდეგე აქტივისტი იყო და რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საქმეც აქვს მოგებული. საქართველოში პროტესტის დაწყებისთანავე ანტონი ქართულ პროტესტშიც ჩაერთო.  

ანასტასიაც, ანტონის მსგავსად, აქტივისტი იყო. ის არაერთხელ დააკავეს რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობისთვის. სოციალურ ქსელებში ამ დაკავების ამსახველი მასალები მრავლად იძებნება, „რამდენჯერმე გადავიღე ანასტასია აქციაზე”, - ამბობს რუსი ფოტოგრაფი ელენა, რომელიც რუსეთის  რეპრესიებს ისრაელში გაექცა. ელენა შიშობს, რომ თუ ანასტასიას რუსეთში დააბრუნებენ, იქ მას სასტიკი სასჯელი ელის. 

არტემმა რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო მობილიზაციის გამო დატოვა. თავდაპირველად ის სომხეთში ჩავიდა. სომხეთში გაიცნო იქ საქართველოდან დროებით ჩასული ანასტასია და შემდეგ თბილისში ერთად დაბრუნდნენ.

დაწვრილებით

ანტონის მსგავსად, არტემმა და ანასტასიამაც აქციებზე სიარული დაიწყეს. ყველაზე კრიზისულ და დაძაბულ ღამეებში რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს ისინი ცხელი სასმელით ამარაგებდნენ.

საერთო ხელწერა

26 წლის ანტონ ჩეჩინი საქართველოს პოლიციამ 2024 წლის 3 დეკემბერს, დილით დააკავა – მისი ქართველი ცოლის, მანანა სამხარაძის სახლის ეზოში. ანტონი სამსახურში მიდიოდა – ყავის სახლში, სადაც მიმტანად მუშაობდა. 

თავიდან, როცა რამდენიმე უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ვერცხლისფერ „შკოდაში” ჩასვეს, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა. მანქანაში ანტონს შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ -  სახეში გააწნეს მისივე სამგზავრო ბარათი. ეუბნებოდნენ, რომ იგი ნარკოტიკებს ასაღებს და „ქართველებს წამლავს”.  ემუქრებოდნენ, რომ ასე რომ უყვარს საქართველო, ახლა მთელი ცხოვრების გატარება ამ ქვეყანაში მოუწევს.

მანქანაში ანტონი ორჯერ გაჩხრიკეს. ჯერ ქურთუკი გახადეს და პოლიციელს გადასცეს. შემდეგ დაუბრუნეს და ჩაცმა სთხოვეს. ამის შემდეგ, მეორე ჩხრეკისას, მის თვალწინ ამოიღეს ქურთუკის ჯიბიდან პაკეტი, რომელიც შემდეგ ნივთმტკიცებად ჩადეს ანტონის საქმეში. ამ ჩხრეკის და დაკავებისას ვიდეო არ გადაუღიათ.

ორი კვირის შემდეგ, 17 დეკემბერს, რუსეთის მოქალაქეები, წყვილი – 31 წლის ანასტასია და 24 წლის არტემი დააკავეს. ისინი საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდნენ პროდუქტების საყიდლად, უკვე სახლში წასვლას აპირებდნენ, ტაქსიც გამოძახებული ჰყავდათ, როცა პოლიციელები მივარდნენ და სხვადასხვა მანქანებში იძულებით ჩასვეს. 

ისინიც, ანტონის მსგავსად, მანქანებში გაჩხრიკეს. თეთრი ფხვნილის შემცველი თითო პაკეტი, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებად ჩადეს, არტემსაც ქურთუკის წინა ჯიბიდან ამოუღეს, ანასტასიას კი – პატარა ხელჩანთიდან. ვიდეოგადაღება არც მათი ჩხრეკისა და დაკავების დროს ყოფილა.  

ამ ორი კვირის შუალედში, 7 დეკემბერს, იგივე ბრალით დააკავეს კიდევ სამი აქტივისტი: გიორგი ახობაძე, ნიკუშა კაცია და თედო აბრამოვი. 

სამივე შემთხვევა თითქმის ერთდროულად მოხდა. 7 დეკემბრის საღამოს თედო აბრამოვი სახლიდან გადიოდა და აქციაზე აპირებდა წასვლას ისევე, როგორც – ნიკუშა კაცია. ორივე მისამართზე პოლიციის ბრიგადები ამ დროს უკვე იცდიდნენ. აქტივისტები წაიყვანეს. იმავე დღის დასასრულს, უფრო სწორად კი, რვა დეკემბრის გამთენიას, აქციიდან სახლში დაბრუნებისას გააჩერეს გიორგი ახობაძე.

ნარკოტიკი, როგორც ნივთმტკიცება, სამივე აქტივისტის შემთხვევაში ე.წ. ჩხრეკისას იპოვეს. გიორგი ახობაძის შემთხვევაში – შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში, ნიკოლოზ კაციასა და თედო აბრამოვს, ოქმების მიხედვით, პაკეტები, თეთრი ნივთიერებით, ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბეში „აღმოუჩინეს”.

თუმცა, ამ აღმოჩენის ამსახველი ვიდეოჩანაწერები არც მათ საქმეში დევს. 

დაკავების და ჩხრეკის ვიდეომტკიცებულების არგადაღება არ არის ერთადერთი, რაც ამ ხუთ საქმეს ერთმანეთს ამსგავსებს. ხელწერის სხვა საგულისხმო ნიუანსებიც თითქმის იდენტურია. 

  • ხუთივე საქმე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ყველა საქმეში არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, პოლიციაში შესული შეტყობინება, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკს ინახავდნენ. ზოგ შემთხვევაში ამ ოპერატიული ინფორმაციის წყარო უცნობია, ზოგ შემთხვევაში – შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის რომელიმე დეტექტივი.
  • ამ ფონზე კიდევ უფრო საეჭვო ხდება საქმეებში ვიდეომტკიცებულების არარსებობა. პოლიცია როცა ამ ექვსი ადამიანის დასაკავებლად მიდიოდა, იცოდა აყვანის ადგილიც და ოპერაციის მიზანიც. შესაბამისად, გადაღებისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. საქმის მასალებში ვიდეოს არარსებობა ახსნილია იმით, რომ დაკავებულები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს, 3-4 პოლიციელი კი თან მათ დაკავებას და თან გადაღებას ვერ შეძლებდნენ. სინამდვილეში, როგორც აქტივისტები ჰყვებოდნენ, მათ დაკავებაში ათობით პოლიციელი იყო ჩართული.  
  • ხუთიდან სამ საქმეში (გათავისუფლებულ აქტივისტთა საქმეებში) არც ნეიტრალური მოწმე არსებობს – ასეთი მოწმე შეიძლება იყოს ნებისმიერი გამვლელი ადამიანი, ვინც ჩხრეკას დაესწრებოდა. პროკურატურა ამბობს, რომ დაკავებისა და ჩხრეკის მომენტში ქუჩაში ასეთი ვერავინ გააჩერეს.

  • თითქმის არცერთი ბრალდებულისთვის არ ჩაუტარებიათ ნარკოლოგიური შემოწმება მათი ადვოკატების დასწრებით (ადვოკატების გარეშე ჩატარებას თავად ბრალდებულები არ თანხმდებოდნენ, რადგან არ ენდობოდნენ); 
  • თითოეულ ამ საქმეში ერთნაირი ხელწერით – ფარულად იღებდნენ დაკავებულებისგან ბიოლოგიურ მასალას, რომელიც შემდეგ ნივთმტკიცებულებებზე დაიტანეს (ხელის გამოსმით პირის ღრუში, ნერწყვის ნიმუშის ასაღებად, იმ მოტივით, რომ ეჭვმიტანილი რამე საგანს ხომ არ მალავდა პირში. ასე მოექცნენ გიორგი ახობაძეს და ანტონ ჩეჩინს. ანდა ბიოლოგიური მასალა აუღეს იღლიიდან შემოწმებისას – ამას ნიკუშა კაცია აღწერს.   
  • არცერთი დაკავებული არ აღიარებს (და არ აღიარებდა) ბრალს, ყველა მათგანი დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს;

სამხილის ჩადება - დაშინებისა და დისკრედიტაციისთვის

„ნარკოტიკების ჩადება” საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა. სასამართლოებისა და ძალოვანი უწყებების არქივებში ასეთი არაერთი საქმე იძებნება. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ პრაქტიკას გადაულახავ პრობლემად აფასებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, რომელმაც შეისწავლა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული აქტივისტების საქმეები, წერს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, თუმცა „სხვა საქმეა, როდესაც ვითომდაც ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის საფარველით მმართველი რეჟიმი სინამდვილეში სხვა ამოცანების გადაჭრას ცდილობს, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, სამართლიანი სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა და პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნა… ასეთ შემთხვევაში ნამდვილი მიზანი … საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია… სამოქალაქო აქტივისტების მიმართ შურისძიება”.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვადასხვა დროს, საქართველოდან ნარკოტიკების შესახებ შვიდი საქმეა შესული. განმცხადებლები სწორედ ნარკოტიკების ჩადებაზე ჩიოდნენ ევროპაში.

ამ საქმეების განხილვისას სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე პრეცედენტული სტანდარტი დაადგინა. მათგან ერთ-ერთი ეხება ჩხრეკას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. სასამართლომ თქვა, რომ ხშირად ასეთი „ოპერატიული ინფორმაციის“ რეალურად არსებობა პროცესის განმავლობაში ვერ დასტურდება ხოლმე. მაგალითად, ეს შეუძლებელია მაშინ, როდესაც შეტყობინების ავტორი ანონიმური პირია და დაცვის მხარეს მისი დაკითხვის საშუალება არ ეძლევა. ამიტომ ასეთი ჩხრეკის ასეთი წესი ეჭვქვეშ აყენებს მოპოვებული მტკიცებულების ნამდვილობას და ითხოვს სხვა მაღალი სტანდარტის ნეიტრალურ მტკიცებულებებს.

ასეთი ტიპის დანაშაულებზე მტკიცებულების მაღალი სტანდარტი აქვს დადგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც. საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც ე.წ. „რეპერების საქმე”) 2020 წლის 25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ასეთ საქმეებში აუცილებლად უნდა არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულება. ასეთი ნეიტრალური მტკიცებულება შეიძლება იყოს (1) ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც პოლიციამ უნდა გადაიღოს და (2) მიუკერძოებელი მოწმის ჩვენება, რომელიც ჩხრეკას დაესწრო.

სასამართლოს აზრით, „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო, მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს”. 

გამამართლებელი განაჩენის საფუძველი

გიორგი ახობაძე, თედო აბრამოვი და ნიკუშა კაცია სასამართლომ სწორედ ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობის გამო გაათავისუფლა. 

„სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“, – ამ ტექსტით, ზუსტად იდენტური განცხადებები გამოაქვეყნა თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახობაძისა და თედო აბრამოვის საქმეებზე.

და მოგვიანებით განაჩენების დასაბუთებაშიც ჩაწერა, რომ „ჩადების” ფაქტს კი არ იზიარებდა, არამედ საქმეში საჭირო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები ვერ დაინახა. მაგალითად, გიორგი ახობაძის განაჩენის დასაბუთებისას მოსამართლემ თქვა, რომ ჩხრეკა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და გამომძიებლებს ჰქონდათ საშუალება, პროცესი ვიდეოზე გადაეღოთ. ანუ, ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა არსებობდა. 

დაკავების დროს ჩხრეკის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები არც ანტონის, ანასტასიასა და არტემის საქმეებში იყო. ანასტასიასა და არტემის საქმეში არსებობდა მათი დაკავების შემდგომ, მათი სახლის ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა (ეს ერთადერთი საქმეა, რომელშიც ასეთი ვიდეომასალა არსებობს) და ასევე, სამივე რუსი აქტივისტის საქმეში ნეიტრალურ მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო თარჯიმნის ჩვენებები.

ამ დეტალებმა, განსაკუთრებით კი თარჯიმნის ფაქტორმა გადაწყვიტა რუსი აქტივისტების ბედი. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია დასაბუთებულ განაჩენებში, თორემ, რამე ლოგიკას, როგორც თავად ამბობენ, ადვოკატები არც ეძებენ და არც სჯერათ, რომ ვინმეს ბედი სასამართლოში, მოსამართლის მიერ, დამოუკიდებლად გადაწყდა. 

არტემისა და ანასტასიას ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი შოთა თუთბერიძე იცავდა. ის ფიქრობს, რომ წინა საქმეებიდან გამომდინარე, არტემისა და ანასტასიას სახლის ჩხრეკით გამომძიებლები შეეცადნენ, შეექმნათ ნეიტრალური ვიდეომტკიცებულება, მაგრამ ვიდეოს ორი პრობლემა აქვს:

„პირველი: ვიდეო იწყება სახლში შესვლიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ. ანუ, პოლიციელებმა უკვე ჩადეს მტკიცებულებები, გააყალბეს, მოხურეს კარი, დგანან ცენტრში და მერე ირთვება ვიდეოკამერა. და მეორე: ამ დაგეგმილ ვიდეოში მაინც გაიპარა შეცდომა – გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ვიდეოში და ოქმშია მოხსენებული, ოპერატორი კადრში შეცდომით აფიქსირებს უცხო ადამიანს – მას, ვინც იქ არ უნდა იმყოფებოდეს. სიტუაცია ასეთია: ჩხრეკის ჩამტარებელი ყველა პირი კადრშია, ოპერატორს შემთხვევით გადააქვს კამერა აბაზანის კარზე, რომელსაც ვიღაც ეჯაჯგურება, აღებს და შემდეგ, უცებ, კამერა ოსტატურად სცილდება კარს”.  

„ნეიტრალური მოწმე” – თარჯიმანი

ნებისმიერი მაღალი სტანდარტის სასამართლო უარს იტყოდა, მტკიცებულებად მიეღო თარჯიმნის ჩვენება, – აცხადებენ ადვოკატები. არადა, ანტონის, ანასტასიას და არტემის საქმეთა მოსამართლეებმა თარჯიმნების ნაამბობი საკმარის მტკიცებულებად მიიჩნიეს. ადვოკატი შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ თარჯიმანი ამ ორ საქმეში სხვა ბუნებრივი საჭიროების გამო გაჩნდა და არა იმიტომ, რომ გამოძიება მაღალი სტანდარტის ნეიტრალური მოწმის პოვნას ცდილობდა. „ადამიანები იყვნენ არაქართველები და სჭირდებოდათ ვიღაც, ვინც გადაუთარგმნიდათ”. 

„ეს დამატებითი მტკიცებულება თავისი არსით უნდა იყოს ნეიტრალური, – გვიხსნის ანტონ ჩეჩინის ადვოკატი, გიორგი ჩხაიძე, – ნეიტრალურობა გულისხმობს მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას”. ამ საქმეთა თარჯიმნები კი მიუკერძოებლად არტემის, ანასტასიას და ანტონის ადვოკატებს რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ წარმოუდგენიათ: 

შორენა ტაბატაძე (ის ანტონისა და ანასტასიას საქმის თარჯიმანი და ნეიტრალური მოწმეა) და ანაიდა საფარიანი (არტემ გრიბულის თარჯიმანი) შპს „ინტელექტ მარკეტის” – იმ სათარჯიმნო ბიუროს თანამშრომლები არიან, რომელიც 2017 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2017-2023 წლებში, 1,5 მილიონი ლარი აქვს მიღებული.  

ამ კომპანიას ახლაც აქვს მიმდინარე ხელშეკრულებები შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან. მაგალითად, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, 2025 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ამ კომპანიას 437 500 ლარს გადაუხდის სათარჯიმნო მომსახურებისთვის. იძებნება ამ კომპანიის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც. 2025 წლის 25 თებერვალს იმავე კომპანიას 100 000 ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ერთ-ერთი პრეტენდენტია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 400 000 ლარიან ტენდერშიც. ეს ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის. 

პრობლემას ქმნის სხვა გარემოებებიც. 

სასამართლო დაკითხვებზე თარჯიმნებმა დაადასტურეს, რომ ისინი მეგობრობენ გამომძიებლებთან. მეტიც, ანტონ ჩეჩინის პროცესზე თარჯიმანი შორენა ტაბატაძე საქმის გამომძიებელმა ემილ კუპრავამ მიიყვანა. ის მთელი პროცესის, დაახლოებით 1.5 საათის განმავლობაში, თარჯიმანს დარბაზის კართან ელოდა და ფანჯრიდან უსმენდა. 

შორენა ტაბატაძემ, ადვოკატის კითხვაზე, რატომ გამოცხადდა სხდომაზე გამომძიებელთან ერთად, თქვა, რომ ის მისი მეგობარი იყო და როგორც მეგობარს სთხოვა, თუ დრო ჰქონდა, გაეყვანა სასამართლოში.

შორენა ტაბატაძე ამ ბიუროში 2019 წლიდან მუშაობს და ადვოკატის კითხვის პასუხად, სასამართლოში თქვა, რომ არც ერთხელ უნახავს, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინოს ვინმესთვის, ან ფიზიკური, ანდა ნარკოტიკული საშუალება ჩაედოს. 

ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხაიძისთვის ასეთი შეფასება მიუკერძოებელი ვერაფრით იქნება, რადგან ითვალისწინებს შორენა ტაბატაძის მჭიდრო კავშირსა და კარგ ნაცნობობას ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებთან. „ეს მთავარი და ყველაზე დიდი საგამოძიებო განყოფილებაა, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს და მისი სიტყვებია, ვციტირებ: „ალბათ, არ დარჩენილა ადამიანი, ვისაც მანდ არ ვიცნობ”.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ თარჯიმნის მოწმედ დაკითხვა, ცხადია, შესაძლებელია, საქმეში ასე ბევრი სხვა პირიც ფიგურირებს ხოლმე, მაგალითად, კითხვებს ექსპერტ-კრიმინალისტებს უსვამენ. ადვოკატებისთვის პრობლემას ქმნის ის, რომ ასეთი პირის ჩვენებას მაღალი სტანდარტის მტკიცებულებად წარმოაჩენენ.

თარჯიმანი ნეიტრალური პირად განმარტა სასამართლომ, – ამბობს გიორგი ჩხაიძე, – და რომ არა მისი, როგორც ნეიტრალური პირის ჩვენება, ასი მოწმე პოლიციელიც რომ გამოსულიყო ანტონის წინააღმდეგ, მაინც ყველა ვარიანტში გაამართლებდნენ.

ციხეში განაჩენის შემდეგ

ანტონის, ანასტასიასა და არტემის ადვოკატები ახლა საქმის გასასაჩივრებლად ემზადებიან. როგორც კი საქმის დასაბუთებული ნაწილი ჩაბარდებათ, საქმეს სააპელაციო სასამართლოში წაიღებენ.

ანტონი სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდის. საკანში მასთან ერთადაა არტემ გრიბულიც და კიდევ ერთი სინდისის პატიმარი, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან მასში მონაწილოებისთვის გასამართლებული სერგეი კუხარჩუკი. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

„ეს, ალბათ, ცოტა უადვილებს ციხის კედლებში გაძლებას”, - ფიქრობს მანანა სამხარაძე, ანტონის მეუღლე. პატიმარი ქმარი ბოლოს 10 სექტემბერს ნახა ხანმოკლე პაემანზე. ანტონთან შესვლა მანანას ხანმოკლე პაემანზე თვეში მხოლოდ ერთხელ, ხანგრძლივ პაემანზე კი წელიწადში ორჯერ შეუძლია. 

„უიმედოდაა და მოწყენილია”, – ამბობს ბოლო შეხვედრის შემდეგ. ანტონს თავის ტვინში კისტურ-ქსოვილოვანი წარმონაქმნი აქვს. ნეიროქირურგმა ედიშერ მაღალაშვილმა სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ ტომოგრაფიის საფუძველზე ოპერაციის ჩატარების რეკომენდაციას გასცემს. 

ბოლო ტომოგრაფია ანტონს 21 სექტემბერს გადაუღეს. ადვოკატმა კვლევის პასუხი გამოითხოვა ციხიდან, მაგრამ პროცედურა იწელება. მანანას არ უნდა, რომ ანტონმა ასეთი მძიმე ოპერაცია და შემდეგ რეაბილიტაცია ციხის პირობებში გადაიტანოს, მაგრამ თუ კისტა იზრდება, გათავისუფლებას ვერ დაელოდებიან და ქირურგიული ჩარევა ციხის პირობებში მოუწევს. 

საბოლოო განაჩენის გამოცხადების დღეს ერთმანეთი ბოლოჯერ ნახეს ანასტასიამ და არტემმა. მანამდე, ცხრა თვის განმავლობაში, სასამართლოს დარბაზი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ხვდებოდნენ, მაგრამ ამ დროსაც, ყოველ სხდომაზე, მათ შორის იჯდა ბადრაგი. 

„ვიცი, რომ ამ პლანეტაზე ვახსოვარ ბევრ ადამიანს, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოში. თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც შორიდან, გამარჯვებისთვის საკმარისი იქნება. ჩემი ისტორია არასდროს უნდა განმეორდეს. მე წამართვეს შესაძლებლობა, რომ გავაჩინო ბავშვი და სიცოცხლე ვაჩუქო ახალ ადამიანს. მე მინდა, რომ ჩემი ბავშვი იყოს – რევოლუცია საქართველოში”,

- თქვა ანასტასია ზინოვკინამ 12 სექტემბერს, თავის საბოლოო სიტყვაში.

იმ დღეს ანასტასიამ ჯანმრთელობის პრობლემებზეც ილაპარაკა. თქვა, რომ ხერხემალი აწუხებს და ამის გამო, ხან მარჯვენა, ხან კი მარცხენა ხელ-ფეხს ვერ გრძნობს. ანასტასია სათანადო მკურნალობას ითხოვს, მისი წერილები კი, როგორც ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, უგზო-უკვლოდ იკარგება. ახლა ადვოკატი აპირებს, თავად მოითხოვოს ანასტასიას გამოკვლევებზე გადაყვანა. 

დაკავებისას ანასტასია ზინოვკინა პოლიციელ ირაკლი მუხათგვერდელის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ანასტასია ამას სულ ახსენებდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. ეს ცალკე საქმე იყო, რომელიც გამოსაძიებლად გადაცემული ჰქონდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაგრამ, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამ უწყების გაუქმების შემდეგ, საქმე თაროზე შემოიდო. არც იქამდე იყო ეს უწყება ქმედითიო, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე და არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში პოლიციელის მიერ დაკავებული ქალის სექსუალური შევიწროების შესახებ საქმეს გამოიძიებენ.

„მეგობრებო, დღეს ციხიდან დარეკა ანასტასია ზინოვკინამ. თავისი თბილი ტანსაცმელი მისცა მალაიზიელ მესაკნეს, რომელსაც აქ არავინ ჰყავს. თავად აცვია პალტო. გვთხოვა თბილი შარვალი და ჯემპრი. ზომა-S ან XS. ასევე სჭირდება თბილი პლედი. იქნებ შეძლოს ვინმემ და ორშაბათს მიიტანოს #5 ქალთა ციხეში?” - დაწერა 28 სექტემბერს სოციალურ ქსელში აქტივისტმა მარინა მესხმა.

მარინას მთავარი საზრუნავი საქართველოს ციხეში მყოფი რუსი და უკრაინელი სინდისის პატიმრები არიან. ანასტასიას მთავარი მეკავშირეც მარინაა – ციხიდან ისინი რუსეთში ვერ რეკავენ. 

ზაფხულში ანასტასიას დედა, სვეტლანა ზინოვკინა, რომელსაც შვილთან ხანგრძლივი პაემანი ჰქონდა დანიშნული, საქართველოში არ შემოუშვეს. მას უთხრეს, რომ დაჯარიმებულთა ბაზაში იყო – თითქოს, საქართველოში, თბილისში, რუსთაველზე, დედების აქციაზე გზა გადაკეტა მაშინ, როცა იმ პერიოდში საქართველოში არ ყოფილა. ესიამ დაკავებული შვილის ნახვა მხოლოდ ერთხელ შეძლო, მის ამბებს ახლა ისიც მარინასგან იგებს. 

„თითქმის ერთი წლის წინ მე ვიხილე მთელი ქვეყნის მომავლის განადგურება. საზიზღარი და სწრაფი განადგურება.ეს ისე ნაცნობი იყო. ისე ჰგავდა იმას, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ხდებოდა ჩემს სამშობლოში. როგორც საქართველოში ათასობით სხვა ადამიანს, მეც არ შემეძლო გულგრილი დავრჩენილიყავი”,

- ეს წერილი ციხიდან 26 სექტემბერს არტემ გრიბულმა გამოაგზავნა. 

არტემის საჯარო მიმართვა და წერილი თითქმის არ გავრცელებულა. მისი ბოლო გზავნილი ციხიდან კი, აღსარებას და მოწოდებას ერთდროულად ჰგავს:

„უკვე ციხეში მჯდომი ვცდილობდი, გამეგო: ვნანობ თუ არა ამას? ვნანობ თუ არა, რომ გამოვედი ათასობით ჩემთვის უცნობი ადამიანის, საერთოდ ჩემთვის უცნობი ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად და ამაში საკუთარი თავისუფლებითა და მომავლით გადავიხადე? არა. ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ არ გავაკეთე ყველაფერი, რაც უნდა გამეკეთებინა. ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი ადამიანების მცემელ „სპეცნაზელს", უბრალოდ ვუყურებდი. ვნანობ, რომ როდესაც ქუჩა გაზით ივსებოდა, მე უკან ვიხევდი. ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი ჩვენკენ მორბენალ „სპეცნაზს", მეშინოდა და გავრბოდი. ვნანობ, რომ როდესაც ვხედავდი უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებებს, არ ვცდილობდი მათ დაცვას. ვნანობ, რომ დავნებდი ჯერ კიდევ რუსთაველზე მისვლამდე. 4 ოქტომბერს ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომებს, რასაც ახლა ვნანობ“, - წერს არტემ გრიბული.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა