
„რომ მეზრუნა ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტზე” | ექიმ გიორგი ახობაძის საქმე
„კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად, ორი საათი არ შევწყვიტე მათი დახმარება”.
„მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო… თქვენ არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტზე მეზრუნა”, – 2025 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულის სკამზე მჯდომი ექიმი, გიორგი ახობაძე ასაბუთებდა იმას, თუ რატომ იყო მის საქმეში არა უბრალოდ გადაცდომები, არამედ – მძიმე დარღვევები. საუბრობდა ვრცლად და შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად. ცდილობდა ემოციის შეკავებას, თუმცა, მწყობრად, დინჯად და გარკვევით წარმოთქმული სიტყვები ხმის ამოღების სურვილს უქრობდა ყველას, მოსამართლესაც და პროკურორსაც.
„მისი [პროკურორის] განხორციელებული მოქმედება ჩემი მხრიდან, შეფასებულია, როგორც მკვლელობა. მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო [მიმართავს პროკურორს]. რატომ? იმიტომ არა, რომ დღეს დედაჩემი ცოცხალი არ არის და საფლავში წევს. თქვენ არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის განმავლობაში გავლილი“.
ამ სხდომამდე 5 დღით ადრე ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა დაკრძალეს. ქალს გადატანილი ინსულტის შემდეგ განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებოდა. იყო პალიატიური პაციენტი და მის მოვლას გიორგი ახობაძე ვერავის ანდობდა. სანამ დააკავებდნენ, დედაზე შინ, ყველა სამედიცინო წესის დაცვით მოწყობილ ოთახში, თვითონ ზრუნავდა.
გიორგი ახობაძე უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყების პირველივე დღეებში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს – ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
აღკვეთის ღონისძიებად გიორგი ახობაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ელის.
სისხლის სამართლის საქმე
2024 წლის 7 დეკემბრის საღამო გიორგი ახობაძემ აქციაზე გაატარა. ნაშუაღამევს, 8 დეკემბრის ადრე დილას, სახლისკენ გზად საკუთარი მანქანით მიმავალი, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს.
პროკურორის მტკიცებით, გიორგი ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პევეპე”.
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი მას თავად პოლიციელებმა ჩაუდეს დაკავებისას.
სასამართლოზე გიორგი ახობაძემ გაიხსენა, რომ დაკავებისას რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა: „მისი [პოლიციელის] ხელი მოთავსდა ჩემ ჯიბეში, ეს რაღაც ნივთიერება, თუ რაღაც, ჩადეს”.
გიორგის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ გიორგის დაკავების პროცესში ბევრი დარღვევა იყო: „საპატრულო პოლიციამ გააჩერა მიმავალი მანქანა, სთხოვეს, რომ იდენტიფიცირების მიზნით გადმოსულიყო. უცებ მივიდა უამრავი პოლიციელი და დაიწყეს მისი ჩხრეკა. არანაირი ოქმი არ ჰქონიათ”.
მისივე თქმით, საქმეში მტკიცებულებებად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. ისინი ამბობენ, რომ ახობაძეს ნარკოტიკი ჰქონდა და ეს ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს.
„ახალი სტანდარტით, როდესაც ჩხრეკა მიმდინარეობს, აუცილებელია ვიდეოგადაღება. ეს ვიდეო საქმეში არ არის. პოლიციელების ჩვენებიდან როგორც ირკვევა, ვიდეოს გადაღება შეუძლებელი იყო. ოქმში წერია, რომ გიორგი სამმა პოლიციელმა დააკავა, – ერთი ჩხრეკდა, ერთი აკავებდა და ერთი ოქმს ავსებდა, ამიტომ არ ჰქონდათ ტექნიკური საშუალება და ფიზიკური რესურსი ვიდეოს გადასაღებად”, – ამბობს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე. თუმცა, დასძენს, რომ გიორგის მეგობრისგან, რომელიც დაკავების დროს მის გვერდით იმყოფებოდა, სხვა გარემოებებია ცნობილი. მეგობარი აზუსტებს, რომ ადგილზე სამზე მეტი პოლიციელი იყო. შესაბამისი მტკიცებულების მოსაპოვებლად, ადვოკატს მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება სურდა, მაგრამ მოსამართლემ განჩინება არ გასცა.
გიორგი ახობაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო აქტიურობისთვის ისჯება. მისი სოციალური ქსელი სავსეა კრიტიკული პოსტებით ხელისუფლების მისამართით. ის ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე აქტიურობდა. ესწრებოდა მარშებსა და დემონსტრაციებს, აქციის მონაწილეებს ასწავლიდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სხეულზე ცრემლმდენი გაზის ან წიწაკის სპრეის მოხვედრისას. ამზადებდა და აქვეყნებდა ვიდეოებს, როგორ ჩაექროთ აქციაზე ნასროლი მხუთავი აირის კაფსულები. ბოლო დღეებში, მეგობართან ერთად ამზადებდა სენდვიჩებს და აქციის მონაწილეებს ურიგებდა. დაკავების საღამოსაც, აქციაზე თავის მომზადებული სენდვიჩები მიიტანა.
გიორგი და დედა
ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გიორგი ახობაძე ბოლო ოცი წლის განმავლობაში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” მუშაობდა. მისი მეგობრები და კოლეგები იხსენებენ, რომ ამ კლინიკაში გიორგი ჯერ კიდევ სტუდენტი მივიდა, სტაჟიორად და შემდეგ სამუშაოდ დარჩა.
მისი დაკავების და დედის გარდაცვალების მძიმე დღეების შემდეგ, სოციალური ქსელები აივსო გიორგის პაციენტების და მათი მშობლების ისტორიებით. ისინი წერდნენ, როგორ გადაარჩინა გიორგიმ უიმედო მდგომარეობაში მყოფი მათი ახლობლები.
2020 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კოვიდის პანდემია იყო, გიორგი ახობაძე კლინიკაშიც მუშაობდა და სახლებშიც დადიოდა იმ პაციენტებთან, ვისაც ექიმის დახმარება სჭირდებოდა. კოვიდითაც დაავადდა, მამასთან ერთად ებრძოდა ვირუსს. მამა, მამა რევაზ ახობაძეც ექიმი იყო – ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ქირურგი.
2022 წელს, გიორგის ჯერ მამა გარდაეცვალა, კოვიდის შემდგომი გართულებებით. მალე დედას დაემართა ინსულტი და გიორგის მთავარი პაციენტი დედა გახდა. ქალმა მოძრაობისა და მეტყველების უნარი დაკარგა, თუმცა გონზე იყო და შვილებს სცნობდა. „მარტში ვიყავი ჩამოსული და ზუსტად ვიცი, წინ რომ ვედექით, მეც და ჩემი შვილიც გვიცნო, ამბობს გიორგის და, მანანა ახობაძე პირს ამოძრავებდა, მაგრამ ლაპარაკი რომ არ გამოსდიოდა, ძალიან განიცდიდა. იცოდა, რომ არასდროს წავიყვანდით სახლიდან, თუ საჭიროება არ დადგებოდა. ეშინოდა, რამე ისეთი არ დაემართოს, სახლიდან წაყვანა რომ მოგვიხდეს”.
გიორგის დაკავების შემდეგ, მისი მეგობრები იძულებული გახდნენ, მძიმე პაციენტი, რომლის ბევრ ხალხთან კონტაქტი სახიფათო იყო, ჰოსპიტალში გადაეყვანათ.
მანანა ახობაძე გვეუბნება: „დარწმუნებული ვარ, რომ დედამ განიცადა გიოს გვერდით არ ყოფნა. მიხვდებოდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა, რადგან იცოდა, გიო არ მიატოვებდა – კლინიკაშიც არ დატოვებდა მარტოს”.
დედა გიორგის დაკავებიდან ერთ თვეში, 2025 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. გიორგის ეს ამბავი მასთან შესულმა მეგობარმა შეატყობინა. დედასთან გამომშვიდობება დაკრძალვის წინა დღეს შეძლო – გლდანის ციხიდან სახლში რამდენიმე საათით მიიყვანეს.
„ჩემი წილი ბოდიში შენ, რომ ვერ შევძელით დედას შენს ხელში დაელია სული, ვერ შევძელით, შენი სითბო გაგეყოლებინა მისთვის…ბოდიში გიო, ბოდიში, რომ ასე მოხდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში პედიატრმა, ლალი ჯანაშიამ გიორგის დედის გარდაცვალების შემდეგ.
გიორგი ახობაძის სიტყვა სასამართლოში
„მისი [პროკურორის] განხორციელებული მოქმედება ჩემი მხრიდან, შეიძლება ეს სუბიექტურია, შეფასებულია, როგორც მკვლელობა. მე შენ გთვლი მკვლელად, ამხანაგო გობეჯიშვილო [მიმართავს პროკურორს, შმაგი გობეჯიშვილს]. რატომ? იმიტომ არა, რომ დღეს დედაჩემი ცოცხალი არ არის და საფლავში წევს.
თქვენ არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის განმავლობაში გავლილი.
კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად ორი საათი არ შევწყვიტე მათი დახმარება.
და თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო, უგრძნობი გადაწყვეტილებით, როცა შეგეძლოთ ეს ყველაფერი სხვანაირად მიგეღოთ, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რომელიც თითოეულ ჩემს პაციენტს აქვს მიღებული.
თქვენ არ მიეცით ქართველ დედას საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა.
მე მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო, დედა ხომ გყავთ? მე მინდა მიხვიდეთ, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ მას, მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ, როგორ შეაფასებდა ასეთ კაცს? მინდა, თქვენი მშობელი რომ პასუხს გაგცემთ, რა კაცია ის ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს, მერე სარკეში ჩაიხედოთ და ეცადოთ, ეს ადამიანი მეორეჯერ თქვენი კარიერის მანძილზე აღარ დაგენახოთ. ამას გისურვებთ. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით და მინდა, კეთილი სურვილით გისურვოთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ თქვენი კარიერა, ის ადამიანი, რომელზეც ახლა მე ვლაპარაკობდი, აღარ დაგენახოთ” – ბრალდებული გიორგი ახობაძე, 23 იანვარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი.
* * *
გიორგი ახობაძე გლდანის ციხეშია. 5 თებერვალს სასამართლოს მისი საქმის არსებითი განხილვა უნდა დაეწყო. მაგრამ პროცესი გადაიდო – მოსამართლე ბიულეტენზე გავიდა.
გიორგის ადვოკატის შუამდგომლობა, შეეცვალათ წინასწარი პატიმრობა სხვა ღონისძიებით, ან შინა პატიმრობით, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა.
გირჩევთ

„ჩემი გიტარა მენატრება” | მათე დევიძის საქმე
24.03.2025