გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ჩემი გიტარა მენატრება” | მათე დევიძის საქმე

„არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს. ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, არანაირად არ ვიმსახურებ ამას”, – 21 წლის მათე ცდილობს მოსამართლე დაარწმუნოს, შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. 

2025 წლის 16 იანვარია. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილი უძღვება.

მათეს პატიმრობაში ტოვებენ.

მონებო! მონებო!

არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! – ისმის მღელვარე ხმები სავსე დარბაზში.

„მონები არიან! დადგება დრო, ეგ ბავშვები სუყველანი გამოვლენ და ეგენი დასხდებიან მაგათ ადგილზე, – ხმა უკანკალებს მათეს ბებიას. სასამართლოს ფოიეში ბოლთას სცემს, – სულ ტყუილებს ლაპარაკობენ, სულ ტყუილებს. სად შეუთხზეს ამ ბავშვებს ამდენი ტყუილები”.

მათეს და, ელენე, ბებოს ხელს ხვევს და შენობიდან გაჰყავს.

* * *

2024 წლის 19 ნოემბერია – მათემ და მისმა მეგობრებმა მეორე ღამე გაათიეს კარვებში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციაზეა მოწყობილი.

დილით უნივერსიტეტთან ბევრი პოლიციელი გამოჩნდა, მათ კარვების დაშლა დაიწყეს. ატყდა ჩოჩქოლი და ხმაური. პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა.

ამ დროს მათე 20 წლისაა, კადრებში ჩანს ჭყლეტაში მოყოლილი, პოლიციელებთან დაპირისპირებისას, როცა თავის დაცვას ცდილობს. ყურადღებას უმალ იპყრობს გარეგნობის გამო, უფრო სწორად, გრძელი და გაჩეჩილი თმით.

მათეს და, ელენე, ამ დროს თბილისში, სახლშია. შვილს პოლონეთში სამუშაოდ წასული ემიგრანტი დედა ურეკავს, მათეს ველაპარაკებოდი, უცებ ხმაური ატყდა და გაითიშა, იქნებ დაურეკოო. მათეს ვეღარც ელენე უკავშირდება, 20 წუთში კი ფეისბუქზე, პროტესტის ამსახველ საჯარო ჯგუფ „დაიტოვეში” წერენ, რომ მათე დაკავებულია და მისთვის ადვოკატს ეძებენ.

ასე გაიგო ელენემ ძმის ამბავი და მოახერხა, ორიოდე საათით ეს ამბავი დედისთვისაც დაემალა – დროის მოგებას ცდილობდა, მაგრამ მეტად აღარ გამოუვიდა – ინტერნეტი ფეთქდებოდა მათეს დაკავების კადრებით.

ბიჭი გიტარით

„მათე არის მუსიკოსი, პატარაობიდან იზრდებოდა მუსიკით. ხალხურ საკრავებზე დავდიოთ ერთად. მერე გიტარით დაინტერესდა. დაკვრა მეგობრებმა ასწავლეს, ერთად უკრავდნენ – ბენდი აქვთ, სახელად „მედიატორი”. ისე შეუყვარდა, სულ გიტარით დადიოდა. ჩემთანაც, თბილისში, გიტარით ჩამოვიდა თელავიდან”, – გვიყვება მათეს და, 22 წლის ელენე.

ელენე სტუდენტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მათე თელავში, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. დასთან დაკავებამდე ორი კვირით ადრე ჩამოვიდა, უნივერსიტეტისთვის მომზადება და პარალელურად, რეპეტიციებზე სიარული უნდოდა.

ელენეს და მათეს დედა ერთი წელია, სამუშაოდ პოლონეთშია.

„ორმაგი სადარდებელი მაქვს, მათეს ამბავი ცალკე და დედამისის ცალკე. ისიც ხომ ჩემი შვილია, ისიც ხომ ნერვიულობს”, – ამბობს მათეს და ელენეს ბებო, 65 წლის ეთერ მჭედლიშვილი.

ის ყვარელში, სოფელ შილდაში ცხოვრობს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მათე ბებოსთან ჩავიდა, სოფლის საქმეებში დაეხმარა და დაჰპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა.

„ახლაც მეტირება. მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. მეც თბილისში ვარ, გავდივარ ყოველ დღე და აქციებზე ვდგავარ. ბოლომდე, ბოლომდე ვიბრძოლებ. ვერ წარმომიდგენია მათე ციხეში”, – ამბობს მათეს ბებო. ის და ელენე, მათეს დიდი პლაკატით, ყოველდღე მართლაც აქციაზე დგანან.

„ჩემზე ვუყურე გამოძიებას, TV პირველზე რომ იყო. რაღაცნაირად მეამაყება, მაგრამ რომ მახსენდებით თქვენ, ვითრგუნები ხოლმე… გთხოვთ, მაპატიეთ ასეთი პრობლემების შექმნის გამო”, – წერს მათე ციხიდან თავის დას.

„სასამართლოებზე რომ ვხედავ, მინდა, მივიდე და ჩავიხუტო, მაგრამ არ შემიძლია”, – მეუბნება მათეს ბებია.

მათე ახლა უკვე 21 წლისაა. დაბადების დღე საპატიმროში ჰქონდა. მხნედ გამოიყურება, მაგრამ ვისაც პირველი ფოტოებიდან ახსოვს, ეუცხოება მისი დანახვა – დაკავებისთანავე შეჭრეს თმა.

ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლის კოდექსამდე

მათე ერთადერთია 19 ნოემბერს დაკავებულ დემონსტრანტებს შორის, რომლის წინააღმდეგაც საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა. ის ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. 21 ნოემბერს კი, მაშინ, როდესაც საპატიმრო უნდა დაეტოვებინა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს და საპატიმროში შეაბრუნეს. პროკურატურა მას სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალდების მხარის მტკიცებით, პოლიციელებს: გიორგი ესტატიშვილს, ბიძინა ჟამერაშვილსა და ლევან კოდელაშვილს მათე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“ და დაზიანებები მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათეს 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

დაკავების ვიდეოჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, მათე წვრილ, ჯოხის მსგავს ნივთს უქნევს პოლიციელებს, რომლებსაც ბიჭი ალყაში ჰყავთ მოქცეული. „სამართალდამცავები დასდევდნენ ადამიანებს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. მათე მოექცა ალყაში და როდესაც დაინახა, რომ ამდენი პოლიციელი მისკენ წავიდა, ინსტინქტურად დაიწყო მოგერიება. სამართალდამცავებისგან იცავდა თავს”, – ამბობს მათეს ადვოკატი, ნატო ჯეჯილაშვილი და აზუსტებს, რომ მათეს აღწერით, ხელში მას არა ჯოხი, არამედ მუყაოს გადახვეული ტრანსპარანტი ეჭირა.

სასამართლო ახლა არსებითი განხილვის ეტაპზეა. გამოჰკითხეს ორი პოლიციელი: ბიძინა ჟამერაშვილი და გიორგი ესტატიშვილი. ესტატიშვილმა გამოკითხვისას, პროკურორის კითხვაზე, ამოიცნობდა თუ არა თავის თავს კადრებში, უპასუხა, რომ – ვერ. ესტატიშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ ზურგის არეში ტკივილი იგრძნო, შემობრუნდა და მათე დაინახა ჯოხით ხელში. დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, უბრალოდ დაასკვნა, რომ მათემ დაარტყა.

ადვოკატის თქმით, მოწმეების ჩვენებებში ბევრი შეუსაბამობებია: „რა გამოდის, პოლიციელი, რომელიც მთავარი მოწმეა, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს. ის, წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, ამოსარიცხია მოწმეთა სიიდან. მაშინ ნებისმიერი შეიძლება იყოს ასეთი მოწმე”.

უცნაურია მეორე დაზარალებულის ჩვენებაც:

„ბიძინა ჟამერაშვილმა ასეთი ჩვენება მისცა: მართალია მათემ წინიდან დამარტყა ჯოხი, მაგრამ ტკივილი უკანა მხარეში ვიგრძენი და დაზიანებაც უკან მივიღეო. ეს ხომ შეუძლებელია”, – ამბობს ადვოკატი.

მესამე დაზარალებული ჯერ არ გამოუკითხავთ.

მათეს ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ მათეს სხვების დასანახად სჯიან სასტიკად. 

„დაკავებამდე დედამ დამირეკა, სახლში წადიო, ალბათ, გულმა უგრძნო და მე დებილმა რა ვუთხარი, იცი? „გავიმარჯვებთ სახელოვნად” და ქე ვარ გამომწყვდეული, თითქოს სერიული მკვლელი ვიყო…”, – წერს მათე დას, ელენეს ციხიდან. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა