გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნიკა კაციას საქმე სინდისის პატიმრები პროტესტი

„მგონია, რომ აბსურდის თეატრში ვარ” | ნიკა კაციას საქმე

აქციებზე დაკავებული 50-ზე მეტი დემონსტრანტიდან გამოძიება ოთხს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. ერთ-ერთია 42 წლის ჟურნალისტი, ნიკა კაცია. ნიკა ამბობს, რომ სამაგალითოდ სჯიან. მაინც არ გავტყდები, – წერს დედას და ძმას.

* * *

„პირველ რიგში, თავისუფლება მზია ამაღლობელს”, – თქვა ნიკა კაციამ 3 თებერვლის პროცესზე, როცა მისი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. და დაამატა, რომ არავის, მისი საქმის პროკურორსაც კი, არ უსურვებს იმას, რაც მის თავს ხდება:

„სულ ვფიქრობდი, შეიძლება თუ არა გამაბოროტოს ბატონი ჭიტაძის [ნუგზარ ჭიტაძე – საქმის პროკურორი]… არ ვუსურვებდი მის შვილს, რომ მოექცნენ ისე უსამართლოდ, როგორც მე მიპირისპირდება დღეს რეჟიმი”.

როგორ დააკავეს ნიკა კაცია

ჟურნალისტი ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბრის საღამოს სახლთან დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა. მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ქუჩაში გაჩხრიკეს. პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

ნიკას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მას 14 გრამი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ნიკა კაცია ამბობს, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ, შეურაცხყოფდნენ, ბილწსიტყვაობდნენ და „რიჟიკას” ეძახდნენ.

„თავიდან მეგონა, რომ ბანდფორმირება დამესხა თავს. მერე იმ შენობაში წამიყვანეს, რომელსაც კრიმპოლის სახელით ვიცნობთ. ენის ბორძიკი დამეწყო ნერვიულობისგან, ამაზეც დამცინოდნენ. მანამდე ენის ბორძიკი არასდროს მქონია.

ქურთუკის გახსნა რომ დაიწყეს და ნახეს საახალწლო ზედა მეცვა, მითხრეს: „რიჟიკა ხარ, ბიჭო?” მითხრეს, ნაბ...ი ხარო.

როცა მივხვდი, რასაც აკეთებდნენ, ვემუდარებოდი, რომ არ „ჩაედოთ”. … თვალები რომ ამიცრემლიანდა, ამაზეც დამცინავი საუბრები დაიწყეს, არ გინდა, ნუ თამაშობო”.

გზაში ეკითხებოდნენ „სად ჰქონდა ფაქტი”, მოსწონდა თუ არა, აქციებზე ქვებს რომ ისროდნენ და, ისევ: „ბოლო ჩემი დაცინვა იყო, – „იი, რიჟიკა”.

„არ მრცხვენია, რომ შემეშინდა, რაც მოხდა, ფილმებშიც არ მინახავს”, – ამბობს ნიკა კაცია.

მის საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. ჰყვება, რომ ჩხრეკისას პოლიციელებმა პირში ხელი ღრმად გამოუსვეს და ასე სცადეს მისი დნმ-ის მოპოვება. ჩხრეკას არ დაასწრეს არც ერთი ნეიტრალური პირი. ადვოკატების შეფასებით, ეს დარღვევაა და დაკავებას უკანონოს ხდის.

ასევე, ერთმანეთს არ ემთხვევა დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ადგილი და დრო. ნიკა კაციას ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა დაკავების შემდეგ წაართვეს ტელეფონი და მის პირად მიმოწერებს კითხულობდნენ.

მან მოიპოვა ტელეფონის ამონაწერი, რომელიც კაციას დაპატიმრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში აქტიური იყო: „არადა, „დალუქული უნდა ყოფილიყო, გვაქვს ეჭვი, რომ პოლიციელები არაკანონიერად იყენებდნენ მას”.

„ნიკუშა ბედნიერი კაცია” –

ვინ არის ნიკა კაცია

ნიკა (ნიკუშა) ბედნიერი კაცია – ასე იცნობენ ნიკას სოციალურ ქსელებში, ასე ეძახიან მეგობრები და ასე აღიქვამს საკუთარ თავსაც. წერილებიც, რომლებსაც ნიკა ციხიდან დედას და ძმას წერს, ამ ხელმოწერით მთავრდება.

ნიკა პროფესიით ჟურნალისტია. გამოვიდა, რომ ბაბუის კვალს გაჰყვა, თორემ, ისე, სულ მეგონა, რომ მსახიობი გახდებოდა, – ამბობს მისი ძმა, ლაშა კაცია. ბაბუა, ზენონ კაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა. იყო რეჟისორი, დოკუმენტური ფილმების ავტორი და მეტყველების პედაგოგი არხის ჟურნალისტებისთვის.

ლაშა იხსენებს, რომ ნიკა ბავშვობიდანვე იდგა სცენაზე – გრიბოედოვის თეატრთან არსებულ ბავშვთა თეატრში თამაშობდა სპექტაკლებს. უყვარდა სიმღერა და ბენდ „ჯაზ ქორალშიც” იყო. „ოქროს ტალღის” კონკურსზეც გაიმარჯვა. მერე ჟურნალისტობა გადაწყვიტა და უნივერსიტეტში ჩააბარა.

ჰქონდა საავტორო გადაცემები. მისი ბოლო სამსახური საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე გადაცემა „ჩვენი პარლამენტი” იყო. „ვასილ მაღლაფერიძემ, არხის მაშინდელმა დირექტორმა, ეს გადაცემა რომ დახურა, ნიკა სამსახურის გარეშე დარჩა. დიდხანს უმუშევარი იყო. ამ ბოლოს თანამშრომლობდა კოალიციასთან „ცვლილებებისთვის”, მათი საარჩევნო კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობდა”, – ამბობს ლაშა კაცია.

დედას, მარინე აფციაურს, ნიკას დაკავების დღე ასე ახსოვს:

„ის დღე იყო, მაკა ჩიხლაძეს რომ დაესხნენ თავს და რომ გვეგონა, კისერი მოსტეხეს. წამოხტა და გავარდა. გვიან გადიოდა აქციებზე, ერთმანეთს ვენაცვლებითო და დილამდე რჩებოდა.

რომ მომიკაკუნეს [პოლიციამ], შუაღამის 1-ის ნახევარი იქნებოდა. პოლიციიდან ვართ, ნიკუშასთან გვინდა გასაუბრებაო. …კარი იყო გაფუჭებული, თუ გარედან დაკეტავდი, შიგნიდან ვერ გააღებდი და პირიქით. ვუმეორებდი, სახლში არ არის და კარს ვერ გავაღებ-მეთქი. ბოლოს, ვუთხარი, ფანჯრიდან შემოდით-მეთქი, გავაღე ფანჯარა და გისოსები გავწიე – პირველ სართულზე ვცხოვრობთ.

არა, ქალბატონო, როგორ გეკადრებათ, აი, ახლა მოვა ნიკუშა და თვითონ გააღებსო. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, ისევ მოვიდნენ, ისევ კაკუნი და, ქალბატონო, შემოვდივართო. ხმა გავიგე უცნაური, გასაღების ხმა. ჩატეხეს”.

მარინა აფციაური იხსენებს, რომ ბევრნი იყვნენ, შავ ფორმებში ჩაცმული, სიბნელეში მათი გარჩევა ჭირდა, არც სპეციალური ნიშნები ჰქონდათ. ზუსტად ახსოვს, რომ მხოლოდ სადარბაზოში ექვსი ადამიანი იყო, სავსე იყო ეზოც. გამომძიებელმა გვიან აცნობა, რომ მისი შვილი ნარკოტიკების გამო დააკავეს.

მარინა ამბობს, რომ ნიკა 17 წლის იყო, ოჯახის რჩენა რომ დააწვა მხრებზე. ათი წლის ძმისთვის მამობაც მას უნდა გაეწია. „გახდა სტუდენტი, დაიწყო მუშაობა. დატანჯა ცხოვრებამ და ბრაზდებოდა, ამას რომ ვამბობდი”.

ნიკას დედა ამბობს, რომ თავიდან დარდობდა, ნიკას რეპუტაციული და მორალური ზიანი რომ მიაყენეს. ახლა ბრაზდება: „გვიან მივხვდი, რის გამო ისჯება. ახლა განრისხებული ვარ, იმიტომ, რომ ჩვენს სიმართლეს ვერ ვამტკიცებთ. მაგრამ თან ვარ ბევრად მხნედ. ნიკა უფრო მხნედ არის, მწერს, მოწყენილი სახე იკრძალებაო. დიდი სოლიდარობა და გამხნევებაა უცხო ადამიანებისგან, ისეთი, როგორც ახლობლებისგანაც არ მიმიღია. ახლობლების ნაწილი კი  გაქრა. თითქოს არაფერი მომხდარა”.

* * *

„სასამართლოზე მოვისმინე ასეთი რამე, რომ კაციას ციხეში ავიწროებენ. სამი დღის მშიერია ბიჭი. საკვები როცა მიდის, მაინცდამაინც კაციაზე რომ არის გაცემა, მაშინ მთავრდება. ჩარიცხულ თანხებს იყენებს მისი მესაკნე ვიღაც, რომელსაც ჰყავს დაჩაგრული და უკონტროლებს თითოეულ ჩეკს“, – ეს ამბავი 23 იანვარს გავრცელდა მედიაში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის, ლელა ახობაძისგან.

საკვებთან დაკავშირებული პრობლემა სახალხო დამცველის აპარატმაც დაადასტურა. მათ კაცია ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, 24 იანვარს მოინახულეს. ომბუდსმენის წარმომადგენელმა თქვა, რომ  კაციას კონკრეტული საჭმელი „რამდენჯერმე არ შეხვდა“.

ნიკა კაციას ძმა, ლაშა ამბობს, რომ ახლა ეს პრობლემები მოგვარდა.

„სადაც შეიყვანეს, იქ იყო საშინელი ანტისანიტარია. დალაგება უნდოდა, ხსნარები და იატაკის ჯოხი მოითხოვა და არ ჰქონდათ, მთელ ციხეში ეძებდნენ. რამდენჯერმე ცივი წყლით მოუწია ბანაობა. ღამე გაყავდათ სადღაც და ესეც იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ტელევიზორი არ ჰქონდა 6 იანვრიდან მოყოლებული და ინფორმაციულ ვაკუუმში იყო”, – ამ დეტალებსაც ჰყვება ლაშა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა