
ციხის გაზეთი | ზვიად ცეცხლაძის საქმე
ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.
„მოგესალმებით გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა“, – ეს სარედაქციო სვეტია გაზეთის, რომელიც 19 წლის უკანონო პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში გამოუშვა.
„საკანი 101“ – ჰქვია გაზეთს და მისი პირველი ნომერი 2025 წლის 10 იანვარს გამოვიდა.
ძველ ბათუმში, ზვიად ცეცხლაძის სახლისკენ ქვაფენილიანი გზა მიდის. 10 იანვრის დილაა. სახლში მისი მშობლები არიან და მეორე დღეს თბილისში წასასვლელად ემზადებიან. 11 იანვარს ზვიადის სასამართლო სხდომაა დანიშნული.
ზვიადის ოთახში მის მშობლებს ვესაუბრები, როდესაც ზვიადის ზარი შემოდის ტელეფონზე: „ზურა, ზვიოა? მოდი, მოდი..“. – ეძახის ნარგიზ დავითაძე მეუღლეს.
„რა ხდება მაქეთ?“ – ეკითხება მშობლებს. საუბარი ხანმოკლეა, ორიოდე წუთში თიშავენ. შვილის თხოვნაა, ციხეში შეუგზავნონ წიგნი ზვიად გამსახურდიას შესახებ.
„მხნედ ვარ, ამაყად ვარ, ბრძოლის სულისკვეთებით. რა ხვედრიც გვარგუნა, ამას ვიაზრებთ – საზოგადოებას იმედს არ გავუცრუებთ. ვიბრძვით გამარჯვებამდე“, – ეუბნება მშობლებს ზვიადი.
„თვეში 15 წუთი აქვს საუბრისთვის და ამ წუთებს ანაწილებს. როცა დარეკავს, ცდილობს, სწრაფად ილაპარაკოს და წუთები გამოიზოგოს“, – გვიხსნის ზურა ცეცხლაძე, ზვიადის მამა.
„როცა მისი ზარი შემოდის, მერე ძალა მემატება“, – გვეუბნება ნარგიზ დავითაძე.
ზვიადის ოთახის ერთ კედელზე მსოფლიო რუკის შპალერია გაკრული. რუკაზე ყველა წარწერა „რუსეთი“ გადახაზულია და ლურჯადაა მიწერილი: „Occupant“. „ზვიადის დაკავებამდე არ მეგონა, თუ პატრიოტიზმი და ესეთი რაღაცები ხალხს გააღიზიანებდა“, ამბობს ნარგიზ დავითაძე, – „ზვიადის პატრიოტად გაზრდა „მამამისის ბრალია“. პატარაობისას ზურას გარეშე არ იძინებდა, მამა მომიწვევსო, იძახდა. ზურა ზღაპრების ნაცვლად უყვებოდა ამბებს საქართველოზე. ისრუტავდა ყველაფერს, ძალიან თავისუფალი ბავშვი იყო.
მეოთხე თუ მეხუთე კლასში ლექციებს კითხულობდა ეროვნულობაზე. შექმნა ჯგუფი, ონლაინ და სახლში მოყავდა მისი ტოლები. საქართველოში გვაკლია ეროვნული სულისკვეთებაო. ბევრი ბავშვი აიყოლია“, – იხსენებს ზვიადის დედა.
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ზვიად ცეცხლაძემ 2022 წელს, თავის მეგობრებთან ერთად დააფუძნა მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ორგანიზაცია ბათუმში და შემდეგ უკვე თბილისში, სხვადასხხვა საპროტესტო აქციაში იყო ჩართული.
2024 წლის 19 აპრილის საღამოს თბილისში, „რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე დიდი აქციების დროს, გმირთა მემორიალის წინ ახალგაზრდები შეიკრიბნენ და ფიცი დადეს. მომდევნო დღეებში ფიცის ტექსტი დიდი ვნებათაღელვის და გარჩევის საგანი გახდა საზოგადოებაში. ეს ტექსტი გმირთა მემორიალისკენ მიმავალ გზაზე, სიარულისას დაწერა ზვიად ცეცხლაძემ.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.
ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“. .
„ჩემმა შვილმა თვალი რომ გაახილა, ყველგან ზვიად გამსახურდიას ფოტო დახვდა. ჩვენ ვზრდიდით დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების შესახებ ისტორიით. დრო გავიდა და ვერც კი მივხვდით როგორ გახდა ჩვენზე უფრო ზვიადისტი, ჩვენზე უფრო ეროვნული“, – ამბობს ზურა ცეცხლაძე საკუთარ შვილზე.
ზურას მამა, ზურას ძმა და თავად ზურა ცეცხლაძეც აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში 90-იან წლებში. „ჩვენი ოჯახი ეროვნული მოძრაობის ავანგარდში იყო. 1990 წელს, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, როცა მამაჩემი ჰელსინკის კავშირში გაწევრიანდა. ჩემი უფროსი ძმა ეროვნული გვარდიის წევრი იყო. მე უფრო პოლიტიკაში ვიყავი ჩართული, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოს მასშტაბით იქმნებოდა დაუმორჩილებლობის კომიტეტები, უკანონო რეჟიმისადმი წინააღმდეგობის გასაწევად. აჭარაში დაუმორჩილებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით. სულ ვამბობდი, თუ მეყოლება ბიჭი, ზვიადს დავარქმევ-მეთქი. თუ ორი მეყოლებოდა, იქნებოდნენ ზვიადი და მერაბი. როცა ჩემი მეუღლე დაფეხმძიმდა, გვითხრეს, რომ ტყუპები გველოდებოდა – ორივე ბიჭები. მუცელშივე შევურჩიეთ სახელები. მაგრამ ერთი ცოცხალი ვერ დაიბადა – ის, რომელსაც მერაბი ერქვა. ზვიადი გადარჩა. ასეთი ისტორია აქვს მის სახელს“, – გვიყვება ზურა ცეცხლაძე .
4 დეკემბერი
4 დეკემბერს 19 წლის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. ოფიციალური ბრალის მიხედვით პროკურატურა ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
„სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას ედავება, კანონიერი ხელისუფლების დამხობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას“, – ასე აღწერს თავადაც იურისტი ზურა ცეცხლაძე საკუთარი შვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.
ზვიად ცეცხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. მას ლექციებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც უკითხავდა. ზვიადი კი, დაკავებამდე, შაბათობით, დილით ადრე, ლექტორს თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციას უმართავდა.
ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბრის საღამოს დააკავეს თბილისში. ფეისბუქის პირდაპირი ეთერი, რომელიც მისი საქმის მთავარი მტკიცებულებაა, 30 ნოემბერს ჩაწერა „დაფიონის“ ფეისბუქ გვერდზე. ასევე, ზვიადის საქმეში დევს მისი ნაქირავები ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები. შსს-ს მტკიცებით, ეს იყო ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, რის ქონასაც თავად ზვიად ცეცხლაძე კატეგორიულად უარყოფს. ამიტომ მას ხელი არც მოუწერია ჩხრეკის ოქმზე.
„მოგესალმებით
გლდანის #8
პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა“.
„მხნედ ვარ, ამაყად ვარ, ბრძოლის სულისკვეთებით. ვიბრძვით გამარჯვებამდე”.